წმიდა მოწამენი: კიკილია (ცეცილია), ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე. წმიდა მოწამე კიკილია მდიდარი და დიდებული წარმართების ასული, სიყმაწვილეშივე შეუდგა ქრისტეს. მდიდრული ტანსაცმლის ქვეშ წმინდანს ჯვალოს სამოსი ეცვა. მშობლებმა გადაწყვიტეს, ქალწული დიდებული წარმართის, ვალერიანესთვის მიეთხოვებინათ. წმიდანმა ვერ გაბედა მშობლების ნებას წინ აღდგომოდა, მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მისი საქმრო ქრისტიანობაზე მოექცია, თავად მას კი უბიწოების დამარხვაში შესწეოდა.
წმიდანმა ვალერიანე ეპისკოპოს ურბანოსთან მისვლაზე დაიყოლია, რომელიც ქრისტიანთა დევნის გამო მღვიმეს აფარებდა თავს. ბრძენი მოძღვრის ქადაგების გავლენით წმიდა ქალწულის წარმართმა საქმრომ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და თავისი ძმა, ტიბურტიც მოაქცია მაცხოვრის სარწმუნოებაზე.
როცა მმართველმა ამაქმა ამის შესახებ შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ და სამსჯავროზე წარედგინათ წმიდა ძმები. მან ველერიანესა და ტიბურტის ქრისტეს უარყოფა და წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც მათ უარით უპასუხეს. მაშინ მოწამეები სასტიკად გვემეს. წამების დროს ვალერიანე ქრისტიანებს მოუწოდებდა, სატანჯველების არ შეშინებოდათ და მტკიცედ დაეცვათ ქრისტეს სარწმუნოება.
მმართველმა, რომელსაც სურდა, რომ ხალხი წმიდა აღმსარებლის ქადაგების ზემოქმედებისთვის განერიდებინა, ბრძანა, მოწამეები ქალაქგარეთ დაესაჯათ სიკვდილით. მეომართა რაზმს, რომელსაც უკანასკნელ გზაზე მიმავალი უფლის რჩეულების დაცვა დაევალა, მაქსიმე წინამძღვრობდა. იგი გააოცა მარტვილების სიმტკიცემ და ჰკითხა მათ, რატომ არ ეშინოდათ სიკვდილის. წმიდანებმა მიუგეს, რომ ისინი დროებით ცხოვრებას მარადიული ცხოვრებისთვის თმობდნენ. მაქსიმეს აღეძრა სურვილი, უფრო საფუძვლიანად გასცნობოდა ქრისტიანთა სწავლებას. წმიდა ძმების ქადაგების შემდეგ მაქსიმემ მთელი სახლეულით აღიარა ქრისტე.
მეორე დღეს ვალერიანესა და ტიბურტის თავი მოჰკვეთეს, მაქსიმემ საჯაროდ განაცხადა, რომ ისიც ქრისტიანი იყო, ამგვარი კადნიერებისთვის იგი სულის ამოხდომამდე სცემეს (+230).
მმართველს სურდა, სიკვდილით დასჯილთა ქონება მიეთვისებინა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ წმიდა კიკილიას უკვე გლახაკებისთვის დაერიგებინა ყველაფერი და თავისი ქადაგებით ოთხასი კაცი მოექცია ქრისტიანობაზე, მისი სიკვდილით დასჯაც ბრძანა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.