წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ცხოვრება

რომის უწმინდური იმპერატორის მაქსიმიანეს დროს ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა სამეფო წარმომავლობის ულამაზესი ქალწული, სახელად ეკატერინე, რომელიც სახელგანთქმული იყო თავისი სიბრძნით. ჯერ კიდევ თვრამეტი წლისამ სრულყოფილეად შეისწავლა ყველა წარმართი მწერლის შემოქმედება, ძველ პოეტთა და ფოლოსოფოსთა - ჰომეროსის, ვირგილიუსის, არისტოტელეს, პლატონისა და სხვათა თხზულებანი. მას შესწავლილი ჰქონდა გამოჩენილ ექიმთა ნაშრომებიც, მაგალითად: ასკლეპიადესი, ჰიპოკრატესი და გალენიოსისა. გარდა ამისა, იცოდა ყოველგვარი ორატორული და დიალექტიკური ხელოვნება, ასევე მრავალი უცხო ენა. ასე რომ, ყველა გაოცებული იყო მისი ცოდნითა და განსწავლულობით. ბევრ მდიდარ და გამოჩენილ ადამიანს სურდა მისი ცოლად შერთვა და ხელის სათხოვნელად დედამისთან მიდიოდა, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, რადგან მაშინ მაქსიმიანეს მიერ მორწმუნეთა სასტიკი დევნა იყო გამოცხადებული. დედა და ნათესავები ხშირად ურჩევდნენ ეკატერინეს, გათხოვილიყო, რათა მისი მამის სამეფო მემკვიდრეობა არ გადასულიყო ვინმე უცხოს ხელში, რათა საბოლოოდ არ დაეკარგათ იგი. მაგრამ ეკატერინეს, როგორც ბრძენ ქალწულს, მტკიცედ გადაეწყვიტა გულში, მთელი ცხოვრება დაეცვა ქალწულობის სიწმინდე. იგი სასტიკი წინააღმდეგი იყო გათხოვებისა, როდესაც ახლობლებმა დაჟინებით დაუწყეს საუბარი ქორწინებაზე, მან უთხრა მათ:

- თუ გსურთ, რომ გავთხოვდე, მაშინ მომინახეთ ისეთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც იქნება მფლობელი იმ ოთხი ნიჭისა, რომლითაც მე, როგორც მოგეხსენებათ, აღვემატები ყველა სხვა ქალწულს, მაშინ მე მას მეუღლედ ავირჩევ. ხოლო ცოლად გავყვე ვინმე ისეთს, რომელიც რაიმეთი ნაკლები და უარესია ჩემზე, არ მსურს. ამრიგად ყველგან მოძებნეთ ისეთი ახალგაზრდა, რომელიც ჩემი შესაფერისი იქნება გვარიშვილობითაც, სიმდიდრითაც, სილამაზითაც და სიბრძნითაც. ისეთი კაცი, რომელსაც რომელიმე აკლია ამ ოთხთაგან, ჩემი ღირსი არ იქნება.

ეკატერინეს სახლეულობა ხედავდა, რომ ასეთი ახალგაზრდის მოძებნა შეუძლებელი იყო და მას მიანიშნებდნენ, რომ მეფის ძენი და სხვა გამოჩენილი მთხოვნელები შეძლებენ გახდნენ უფრო კეთილშობილნი და მდიდარნი, თუკი მასზე დაქორწინდებიან, მაგრამ სიბრძნითა და სილამაზით ვერავინ შეძლებს მასთან გატოლებას. ეკატერინე კი ეუბნებოდა მათ:

- მე მინდა მყავდეს ისეთი ქმარი, რომელიც ჩემი თანასწორი იქნება განსწავლულობით.

ხედავდა რა თავისი ქალიშვილის ურყეობას, დედამ გადაწყვიტა, სხვა საშუალებისთვის მიემართა. ის რჩევის საკითხავად წავიდა თავის სულიერ მამასთან, წმიდა და ღვთისმოსავ კაცთან, რომელიც ქალაქის გარეთ ერთ ფარულ ადგილას ცხოვრობდა, თან მასთან ეკატერინე წაიყვანა. ამ მართალმა კაცმა ქალწულის სილამაზე რომ იხილა და მისი ბრძნული საუბარი მოისმინა, განიზრახა ესწავლებინა მისთვის ზეციური მეუფის, ქრისტეს შეცნობა.

- მე ვიცი, - უთხრა მან, - ერთი მშვენიერი ახალგაზრდა, რომელიც შეუდარებლად აღგემატება შენ ყოველივეში. მისი სილამაზე მზეზე უფრო ნათელია. სიბრძნე მისი მართავს ყველა სულიერ თუ ფიზიკურ ქმნილებას; სიმდიდრე მისი განძისა განფენილია მთელ ქვეყანაზე და არასოდეს მცირდება, პირიქით, გაცემით უფრო და უფრო მრავლდება; ხოლო სიმაღლე მისი წარმოშობისა ენითუთქმელი და მიუწვდომელია. მთელ ქვეყანაზე არავინ არის მისი მსგავსი.

ეკატერინემ იფიქრა, რომ იგი რომელიმე მიწიერ თავადზე ელაპარაკებოდა - შეცბა, სახე შეეცვალა და ბერს ჰკითხა:

- მართალია ყველაფერი, რასაც ლაპარაკობ?

მან მიუგო, რომ ყველაფერი მართალი იყო და თან დაამატა, რომ ის ახალგაზრდა ფლობს კიდევ სხვა უდიდეს სათნოებებს, რომელთა ჩამოთვლა შეუძლებელია. ქალწულმა ჰკითხა:

- ვისი შვილია შენგან შექებული ჭაბუკი?

ბერმა უპასუხა:

- მას არ ჰყავს მამა მიწაზე, არამედ იშვა გამოუთქმელად და ზებუნებრივად პატიოსანი წარმოშობის ერთი წმინდა და უბიწო ქალწულისაგან. იგი ღირსი გახდა ეშვა ასეთი შვილი თავისი უდიდესი სიწმიდისა და უმანკოების გამო; იგი მყოფობს უკვდავად სულითაც და ხორცითაც და ამაღლებულია ცაზე მაღლა, სადაც თაყვანს სცემენ მას ყოველნი წმინდა ანგელოზნი, როგორს დედოფალს ყოველი ქმნილებისას.

ეკატერინემ ჰკითხა:

- შესაძლებელია ნახვა იმ ახალგაზრდისა, რომლის შესახებაც შენ ასეთ მრავალ საოცრებას მაუწყებ?

- თუკი შენ გააკეთებ იმას, რასაც მე გეტყვი, - უპასუხა ბერმა, - მაშინ ღირსი გახდები, იხილო მისი ბრწყინვალე სახე.

ეკატერინემ მიუგო:

- ვხედავ, რომ შენ ხარ კაცი გონიერი და მოძღვარი პატიოსანი, ამიტომ მწამს, რომ სიმართლეს ამბობ. მე მზად ვარ, შევასრულო ყველაფერი, რასაც შენ მიბრძანებ, ოღონდ კი ვიცილო ის, ვისაც შენ ასე განადიდებ.

მაშინ ბერმა მისცა მას ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა ღვთაებრივი ყრმით ხელში.

- აი, სახე ქალწულისა და მისი დედისა, ვის შესახებაც მე მრავალი სასწაული გაუწყე. წაიღე ეს გამოსახულება სახლში, ჩაკეტე შენი ოთახის კარები და მოწიწებით აღავლინე გულმოდგინე ლოცვა ამ ქალწულისადმი, რომელსაც ჰქვია მარიამი; ევედრე მას, რათა ინებოს და გიჩვენოს შენ სახე თავისი ძისა. ვსასოებ, რომ თუ შენ რწმენით ილოცებ მის მიმართ, იგი შეისმენს შენს ვედრებას და ღირსგყოფს, იხილო ის, ვისკენაც მიისწრაფვის შენი გული.

მაშინ ეკატერინემ აიღო წმიდა ხატი, დაბრუნდა სახლში და ღამით განმარტოებულმა თავის ოთახში დაიწყო ლოცვა ისე, როგორც ასწავლა ბერმა. ხანგრძლივი ლოცვის დროს დაღლილობისგან მიეძინა და ჩვენებაში იხილა ზეციური დედოფალი, წმიდა ყრმასთან ერთად იმ სახით, როგორითაც იყო გამოსახული იგი ხატზე, რომელიც გარემოცული იყო კაშკაშა სხივებით. ეკატერინემ ვერ შეძლო შეეხედა მისი სახისთვის, რადგან მან პირი იბრუნა თავისი დედისკენ. ეკატერინე ცდილობდა, შეეხედა და ახლა მეორე მხრიდა მოუარა, მაგრამ ქრისტემ ახლა იქიდან იბრუნდა სახე. ეს განმეორდა სამჯერ, რის შემდეგაც ეკატერინემ გაიგონა, რომ ღვთისმშობელმა უთხრა თავის ძეს:

- შეხედე შვილო ჩემო, შენს მხევალს, ეკატერინეს, როგორი კეთილი და ლამაზია.

ღმრთაებრივმა ყრმამ კი უპასუხა:

- არა, ეს ახალგაზრდა ქალწული ძალზე მოღუშულია და ისეთი უშნოა, რომ მე მისი ცქერა არ შემიძლია.

მაშინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კვლავ მიუგო უფალს:

- განა ეს ქალწული ყველა ფილოსოფოსზე ბრძენი არ არის? განა ის არ აღემატება თავისი გვარიშვილობითა და სიმდიდრით ყველა ქალწულს?

მაგრამ ქრისტემ ამაზე უპასუხა:

- კვლავ გეტყვი, დედაო ჩემო, რომ ეს ქალწული უგუნური, ღარიბი და მდაბალი წარმოშობისაა. და მე მანამდე არ შევხედავ მას, სანამ ის არ შეაქცევს ზურგს თავის უწმინდურობას.

ამაზე უფლის ღმრთივკურთხეულმა დედამ მიუგო მას:

- გევედრები შენ, ჩემო უტკბესო შვილო, ნუ მოიძაგებ შენს ქმნილებას, არამედ გულისხმაუყავ და ასაწავლე რა გააკეთოს, რათა დატკბეს შენი დიდებით და უმზიროს შენს ნათელსა და ნანატრ სახეს, რომლის ხილვაც ყველა ანგელოზს სწადია.

მაშინ ქრისტემ უპასუხა:

- დე წავიდეს იმ ბერთან, რომელმაც მისცა ხატი და შეასრუღოს ის, რასაც უბრძანებს იგი, მაშინ მიხილავს და ჰპოვებს მადლს ჩემს წინაშე.

ეკატერინეს გამოეღვიძა და გაკვირვებული იყო ამ ჩვენებით. როდესაც გათენდა, რამდენიმე მხევალთან ერთად წმიდა ბერის სენაკისკენ გაემართა. მასთან მისული, ფეხებში ჩაუვარდა და ტირილით მოუყვა თავისი ხილვის შესახებ, სთხოვა, ეთქვა, რა უნდა გაეკეთებინა, რათა ეხილა თავის სასურველი სასიძო ქრისტე.

ღირსმა ბერმა დაწვრილებით ასწავლა ყველა საიღუმლო ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოებისა, დაწყებუღი ქვეყნისა და მამამთავარ ადამის შექმნით, დამთავრებული უფალ იესუ ქრისტეს დედამიწაზე მეორედ მოსვლით; ასევე აუწყა მართალთა ენითაუწერელი დიდების შესახებ სამოთხეში და ცოდვილთა დაუსრულებელი ტანჯვის შესახებ გეენიაში. როგორც ბრძენი ქალწული, მოწყურებული ჭეშმარიტებასა და ხსნას, ეკატერინე დაეწაფა ქრისტიანულ სწავლებას, გულით იწამა იესუ ქრისტე და იმავე მოძღვრის მიერ მოინათლა, ამის შემდეგ ბერმა ამცნო, კვლავ ელოცა დიდი მონდომებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე, რათა კიდევ ერთხელ გამოცხადებოდა მას, როგორც პირველ ღამეს.

განიძარცვა ეკატერინემ ძველი კაცი (კოლს. 3,9) და შეიმოსა ახალი სამოსი სულიწმიდით. განახლებული ეკატერინე დაბრუნდა შინ და უჭმელ-უსმელი მთელი ღამე ცხარე ცრემლით ლოცულობდა, სანამ არ მიეძინა. და აი, კვლავ ხედავს ზეციურ დედოფალს ღვთაებრივი ყრმით ხელში. ყრმამ ეკატერინეს მოწყალედ და მშვიდად შეხედა. ღმრთისმშობელმა თავის ძეს ჰკითხა:

- სასურველია შენთვის, ძეო ჩემო, ეს ქალწული?

მაცხოვარმა უპასუხა:

- ძალზე სასურველია, რადგან, ახლა ის ლამაზი და დიდებულია, მდიდარი და ბრძენია, მე მიყვარს იგი და ისეთი სასურველია ჩემთვის, რომ მე მინდა, დავწინდო ჩემს უხრწნელ სძლად.

მაშინ ეკატერინე დავარდა მიწაზე და შესძახა:

- უღირსი ვარ მე, დიდებულო მეუფევ, ვიხილო მეფობა შენი, არამედ ღირს მყავ, ვიყო მხოლოდ მხევალი შენი.

ამ დროს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა ხელი მოჰკიდა ახალგაზრდა ქალწულის მარჯვენა ხელს და თავის ძეს უთხრა:

- უბოძე, შვილო ჩემო, მას დასაწინდი ბეჭედი, ნიშნად შენი წინდობისა მასზე, შეისძლე რათა ღირს ჰყო დამკვიდრებად სასუფეველსა შენსა.

მაშინ ქრისტე მეუფემ ეკატერინეს უბოძა ძვირფასი ბეჭედი და უთხრა:

- აი ახლა გირჩევ შენ უხრწნელ და მარადიულ სასძლოდ. მაშ ასე, დაიცავი დიდი გულმოდგინებით ეს კავშირი და არამც და არამც არ აირჩიო არავითარი მიწიერი სასძლო.

ქრისტეს ამ სიტყვების შემდეგ ხილვა შეწყდა. ქალწულს გამოეღვიძა და ცხადად იხილა მარჯვენა ხელზე საკვირველი ბეჭედი. იმწამსვე ისეთი სიხარული იგრძნო, რომ მისი გული მთლიანად ღმრთაებრივი სიყვარულით აღივსო. ის უკვე არავითარ მიწიერზე აღარ ფიქრობდა, არამედ განუწყვეტლივ, დღითა თუ ღამით ფიქრობდა მხოლოდ თავის საყვარელ სასიძოზე, ის ერთი სურდა მხოლოდ, ცხადშიც და ძილშიც ის ახსოვდა.

მალევე მას შემდეგ, რაც ქრისტიანობაზე მოექცა ეკატერინე, ალექსანდრიაში ჩავიდა უსჯულო მაქსიმიანე. მას სურდა, მოეწყო დღესასწაული და ბრძანა, გარშემო ქალაქებიდან და მხარეებიდან შეკრებილიყვნენ მისი ქვეშევრდომნი მსხვერპლის შესაწირად, რათა სახალხოდ გამოეხატათ პატივისცემა კერპისადმი. მსხვერპლის შესაწირად შეიკრიბა უამრავი ადამიანი, ზოგს ხარი მოჰყავდა, ზოგს ცხვარი, ვისაც ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა - ფრინველები. როდესაც დადგა დღე საძაგელი დღესასწაულისა, მეფემ და დიდებულებმა დაკლეს ასი ცხოველი. მთელი ქალაქი მოიცვა დაკლული ცხოველების ყვირილმა და შეწირული ზვარაკების სიმყრალემ. ყველგან საშინელი სივიწროვე და არეულობა იყო, ჰაერი გაჟღენთილი იყო მყრალი კვამლის სუნით. როცა ეს ამბავი ხდებოდა, ღვთისმოსავ და მშვენიერ ეკატერინეს ადამიანთა ასეთმა მომაკვდინებელმა ცდუნებამ სასტიკად ატკინა გული და შეაწუხა. დასევდიანებული ღვთაებრივი შემართებით აღენთო, თან წაიყვანა რამდენიმე მხევალი და წავიდა ტაძარში, სადაც უგუნურებს მიჰყავდათ შესაწირავი მსხვერპლი. როდესაც კარებში შეჩერდა, ყველამ მისკენ მიმართა მზერა, რადგან იგი არაჩვეულებრივი სილამაზით ბრწყინავდა. მან ბრძანა, ეცნობებინათ მეფისთვის, რომ ძალზე მნიშვნელოვანი სიტყვა აქვს სათქმელი მისთვის. მეფემ იხმო იგი. ეკატერინემ მეფეს შესაფერისი პატივი მიაგო და უთხრა:

- მეფეო, შეიცანი საცდური, რომლითაც დატყვევებული ხარ ეშმაკებისაგან. თქვენ ემსახურებით უგრძნობ და ხრწნად კერპებს. უდიდესი სირცხვილია, იყო იმდენად ბრმა, რომ ეთაყვანებოდე ასეთ საძაგლობას. დაუჯერე თუნდაც შენს ბრძენ დიოდორეს, რომელიც ამბობს, რომ თქვენი ღმერთები ოდესღაც იყვნენ ადამიანები. მაგრამ მათ მიერ სიცოცხლეში ჩადენილი რამდენიმე საქმისთვის ადამიანებმა აუგეს ძეგლები და ქანდაკეგებები. მომავალმა თაობებმა არ იცოდნენ აზრი თავისი წინაპრებისა, რომლებმაც მხოლოდ მოსაგონებლად დაუდგეს მათ ეს ძეგლები და ფიქრობდნენ, რომ თავად ძეგლს შეეფერება კეთილმსახურება და დაუწყეს თაყვანისცემა, როგორც ღმერთებს. გამოჩენილი პლუტარქე უკადრისობდა ამ ღმერთებს და ეზიზღებოდა ისინი. დაუჯერე, მეფეო, ამ შენს მასწავლებლებს და ნუ იქნები მიზეზი ამდენი ადამიანის სულის დაღუპვისა, რისთვისაც თავს დაიტეხ მარადიულ ტანჯვას. შეიცანი ერთი ჭეშმარიტი ღმერთი მარადიული, დაუსაბამო და უკვდავი, რომელმაც უკანასკნელ ჟამს ხორცი შეიმოსა ჩვენივე ხსნისათვის. მას უპყრია მთელი სამყარო, მისით მეფობენ მეფენი და იმართებიან ქვეყნები. მისი ერთი სიტყვით შეიქმნა ყოველივე და იცავს ყველაფერს თავის ყოფიერებაში. ეს ყოვლად ძლიერი და მოწყალე ღმერთი არ მოითხოვს იმგვარ მსხვერპლს, თქვენ რომ სწირავთ, არამედ მოითხოვთ მხოლოდ იმას, რომ დავიცვათ მისი მცნებები მტკიცედ და შეურყევლად.

ამის მოსმენამ ძლიერ განარისხა მეფე, თავიდან მდუმარედ უსმენდა, შემდეგ კი, პასუხი რომ ვერ გასცა, უთხრა:

- დაგვტოვე ამ დღეებში, რომ მსხვერპლშეწირვა აღვასრულოთ, ხოლო შემდეგ ჩვენ მოვისმენთ შენს საუბარს.

საზიზღარი დღესასწაულის დასრულებისთანავე მეფემ ბრძანა, მოეყვანათ ეკატერინე და უთხრა:

- გვითხარი, ქალწულო, ვინ ხარ და გაიმეორე ის სიტყვები, რომელსაც ამბობდი ცოტა ხნის წინათ.

- მე ვარ სამეფო ასული, - უპასუხა წმინდანმა - სახელად მქვია ეკატერინე. უწინ მე დიდი სიყვარულით ვმეცადინეობდი სხვადასხვა მეცნიერებაში: შევისწავლე რიტორთა თხზულებები, ფილოსოფია, გეომეტრია, ახლა ამ ყველაფერს არაფრად ვაგდებ, როგორც ამაოსა და უსარგებლო საქმეს, გავხდი სძალი უფალ ქრისტესი, რომელმაც თავის წინასწარმეტყველ ესაიას პირით თქვა: „წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისხმის-ყოფა გულისხმიერთა დავფარო“ (ეს. 29,14).

მეფე გააოცა მისმა არაჩვეულებრივმა სილამაზემ, საუბარმა და გონიერებამ, მიხვდა, რომ დამარცხდებოდა მასთან პაექრობაში, ამიტომ უთხრა:

- არ ეკადრება მეფეს ქალთან კამათი. შევკრებ მე ფილოსოფოსებს შენთან სასაუბროდ და შენ მიხვდები არარაობას შენი აზრებისას და ერწმუნები ჩვენს სწავლებას.

ამის შემდეგ მეფემ მცველები დაუყენა წმიდა ქალწულს, თვითონ კი მისდამი დაქვემდებარებულ ყველა ქალაქში წერილები დააგზავნა ბრძენ ფილოსოფოსთა შესაკრებად. შეიკრიბა მახვილი გონებით და მჭევრმეტყველებით გამორჩეული ორმოცდაათამდე ადამიანი. მეფემ მათ ასეთი სიტყვებით მიმართა:

- გულმოდგინედ და ყურადღებით მოემზადეთ სახელოვანი პაექრობისთვის ერთ ქალწულთან, ისე, რომ შეძლოთ მისი დამარცხება. არ მოეკიდოთ აგდებულად იმას, რომ საუბარი მოგიწევთ ახალგაზრდა ქალწულთან, არამედ ყველაფერი იღონეთ თქვენი მხრიდან, გამოიჩინეთ დიდი სიბრძნე, თითქოს მამაც ბრძენ ორატორს ერკინებოდეთ, იმიტომ, რომ როგორც მე გამოვცადე, იგი თვით დიდ პლატონსაც აღემატება. თუ გაიმარჯვებთ, დიდ ჯილდოს მიიღებთ, თუ დამარცხდებით, ეს იქნება თქვენთვის სირცხვილი და მოგელით წამებით სიკვდილი.

ამ სიტყვებზე მეფეს ერთმა სახელგანთქმულმა და განსწავლულმა მჭევრმეტყველმა უპასუხა:

- ნუ შიშობ, მეფეო, ჩვენი მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს არაჩვეულებრივად გონიერი, მაგრამ როგორც ქალი, ის არ შეიძლება ფლობდეს სიბრძნეს სრულყოფილი სისავსით და იყოს სრულიად დახელოვნებული მაღალფარდოვან საუბრებში; ბრძანე, მხოლოდ წარმოდგეს ჩვენს წინაშე და შენ ნახავ, რომ ის როგორც კი დაინახავს ასეთ სიმრავლეს ფილოსოფოსებისას და ორატორებისას, მაშინვე გაწბილდება.

მოისმინა რა ფილოსოფოსის ეს ნატრაბახევი, მეფე დაწყნარდა და გამხიარულდა, იმედოვნებდა, რომ ამპარტავანი სწავლულნი გაიმარჯვებდნენ ღვთაებრივი სიბრძნით სავსე ქალწულზე. მან იმწამსვე ბრძანა მისი მოყვანა. შეიკრიბა აურაცხელი ხალხი წმიდა ეკატერინესა და სწავლულთა მოსასმენად. მაგრამ სანამ წარგზავნილნი მოასწრებდნენ წმიდა ეკატერინესთან მისვლას, მას ზეციდან გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი და უთხრა:

- ნუ გეშინია, ქალწულო უფლისაო! უფალი შენს სიბრძნეს კიდევ მეტ სიბრძნეს შემატებს და შენ გაიმარჯვებ ორმოცდაათ მჭევრმეტყველთან პაექრობაში. არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვა მრავალნიც ირწმუნებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს შენი ძალით და მიიღებენ მოწამეობრივ გვირგვინს.

ეს თქვა და ანგელოზი გაშორდა.

ამ დროს ეკატერინესთან მივიდნენ მეფის წარგზავნილები, ის ყველას დასანახად მიიყვანეს მეფესთან და ფილოსოფოსებთან, მაშინვე იმ თვითდაჯერებულმა ფილოსოფოსმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტრაბახობდა, ქედმაღლურად მიმართა წმიდა ეკატერინეს.

- ეს შენ ხარ, ასეთი კადნიერებით და უგუნურებით რომ ძრახავ ჩვენს ღმერთებს?

- მე ვარ, - მშვიდად უპასუხა წმიდანმა, - მაგრამ არა კადნიერებით და უგუნურებით, არამედ თავმდაბლობითა და ჭეშმარიტების სიყვარულით ვამბობ, რომ თქვენი ღმერთები არარაობანი არიან.

ფილოსოფსმა მიუგო:

- უდიდესი პოეტები უწოდებენ მათ მაღალ ღმერთებს, რომელთაგანაც მიგიღია სიბრძნე და გიგემია სიტკბო ნიჭიერებისა, შენ კი როგორ ბედავ, წარმოთქვა მათზე გმობა?

- მე არა თქვენი ღმერთებისგან, - უპასუხა ეკატერინემ, - არამედ ჩემი ერთი ჭეშმარიტი ღმერთისგან მივიღე სიბრძნე. ის თვით არის სიბრძნე და ცხოვრება. ვისაც ეშინია და იცავს მის ღმრთაებრივ ბრძანებებს, ის არის ჭეშმარიტი ფილოსოფოსი. თქვენი ღმერთების საქმენი კი ღირსია სიცილისა და გაკიცხვისა, სავსეა საცდურებით. მითხარი, შენ დიდ პოეტთაგან ვინ უწოდებს მათ ღმერთებს?

- ბრძენი ჰომეროსი, - უპასუხა ფილოსოფოსმა, - მიმართავს ლოცვით ზევსს და ამბობს: „სახელოვანი ზევსი, დიდებული ღმერთი და სხვა უკვდავი ღმერთები“. არავინ ძველ ბერძენთაგან არა მარტო არ უწოდებდა და არ იცნობდა მას ღმერთად, არამედ არც კი იცოდნენ მის შესახებ.

წმიდა ეკატერინემ უპასუხა:

- მაგრამ განა თქვენივე ჰომეროსი სხვა ადგილას შენს დიდ ღმერთ ზევსზე არ ამბობს, რომ ის იყო ცბიერი, ცრუ და მატყუარა და რომ სხვა ღმერთებს - ჰერას, პოსეიდონს და ათინას სურდათ მისი შებოჭვა, მაგრამ მან მოასწრო, გაიქცა და დაიმალა? ამის მსავსი საქციელი, რომელიც აღძრავს სიძულვილს თქვენი ღმერთებისადმი, მრავლად არის აღწერილი თქვენსავე წიგნებში. რადგანაც შენ თქვი, რომ არც ერთი ძველი მასწავლებელთაგანი არ ცნობდა ჯვარცმულს ღმერთად - თუმცა საჭირო არ არის ბევრი გამოკვლევა იმის დასადასტურებლად, რომ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, მიუწვდომელი, ენითგამოუთქმელი შემოქმედი ცისა და მიწის, მზისა და მთვარის და მთელი კაცობრიობისა, მაგრამ უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მე მოვიტან მოწმობას თქვენივე წიგნებიდან. მოისმინე, რას ამბობს თქვენი ბრძენი სიბილა მის ღმრთაებრივ განხორციელებასა და ჯვარცმაზე: „უკანასკნელ ჟამს, მოვა ვინმე ამ მიწაზე, მიიღებს სხეულს გარეშე ცოდვისა. უსაზღვრო ძლევამოსილი ღმრთაებრივობით შემუსრავს ხრწნად, უკურნებელ ვნებებს, შეშურდებათ მისი ურწმუნო ადამიანებს და დაკიდებენ მაღალ ადგილას, როგორც სიკვდილდამსახურებულს“. გაიხსენე ასევე თქვენი ბრძენო აპოლინიოსი, რომელმაც არა თავისი ნებით აღიარა ქრისტე ღმერთად, არამედ იძულებულმა მისი ღმრთაებრივი ძალით:

„ერთხელ, - ამბობს ის, - მაიძულა ზეციერმა, მეღიარებინა იგი. ის არის ნათელი სამ-ბრწყინვალე. წამებული ღმერთი, მაგრამ ეწამა არა როგორც ღმერთჲ, არამედ როგორც კაცი, რადგან მასში არის ერთიც და მეორეც: მოკვდა სხეულით, მაგრამ უცხო დარჩა ხრწნილებისათვის. და ეს ადამიანი, რომელამც მტარვალთაგან ყველაფერი დაითმინა - ჯვარცმა, დამცირება, საფლავად დადება - არის ღმერთი“. ეს თქვა აპოლონიუსმა ჭეშმარიტ ღმერთზე, რომელიც ერთარსი და თანადაუსაბამოა მამისა, ის არის საწყისი, საფუძველი და სათავე ყოველივე ქმნილი სიკეთისა; „მან სამყარო არა არსიდან არსობაში მოიყვანა და მართავს მას. მამის ერთარსი ჩვენთვის განკაცდა, იცხოვრა მიწაზე, მოძღვრავდა, ასწავლიდა და კეთილს უყოფდა ადამიანებს. შემდეგ ჩვენ უღირსთათვის მოიკლა, რათა გავეთავისუფლებინეთ ძველი მსჯავრისაგან და მოენიჭებინა უწინდელი ნეტარება. ამგვარად, მან კვლავ გაგვიღო სამოთხის კარი, რომელიც ჩვენვე გადავკეტეთ ცოდვით დაცემით. სამი დღის შემდეგ აღდგა, ამაღლდა ზეცად, საიდანაც გარდამოხდა და სულიწმიდა მოუვლინა თავის მოწაფეებს. ისინი მოეფინენ მთელ ქვეყანაზე და იქადაგეს მისი ღმერთობა, რომლის რწმენაც შენც გმართებს, ფილოსოფოსო, რათა შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც მოწყალებითა და კაცთმოყვარებით მოუწოდებს ყველა ცოდვილს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მათე 11,28). ამრიგად, დაუჯერე თუნდაც შენს მასწავლებლებს - პლატონს, სიბილას, აპოლონიუსს, რომლებიც სრულიად ცხადად და ნათლად, თუმცა თავისივე ნების წინააღმდეგ, ცნობდნენ ქრისტე ღმერთს.

ეს და კიდევ ბევრი რამ უთხრა ბრძენმა ეკატერინემ და განაცვიფრა ფილოსოფოსი, რომელსაც ისღა დარჩენოდა, გაჩუმებულიყო. რადგან არ შესწევდა ძალა, რომ რაიმე ეთქვა საპასუხოდ. მეფე ხედავდა მის დამარცხებას და ბრძანა, სხვებს დაეწყოთ საუბარი წმიდა ქალწულთან, მაგრამ მათაც უარი თქვეს:

- ჩვენ არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ჭეშმარიტებას. რადგან თუ ჩვენ შორის ყველაზე განსწავლული დუმს დამარცხებული, მაშინ ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ?

განრისხებულმა მეფემ ბრძანა, გაეჩაღებინათ ცეცხლი შუა ქალაქში და იქ დაეწვათ ყველა ფილოსოფოსი და მჭევრმეტყველი. მოისმინეს რა მათ მეფის ასეთი განაჩენი, ფეხებში ჩაუცვივდნენ ეკატერინეს და სთხოვეს, ელოცა, ჭეშმარიტი ღმერთის წინაშე, რათა ეპატიებინა მათთვის უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები და ღირსი გაეხადა ნათლობის, მიენიჭებინა მადლი სულისა წმიდისა.

წმიდანმა კი აღვსილმა სიხარულით უთხრა მათ:

წმინდა ეკატერინეს მონასტერი სინას მთაზე

- ჭეშმარიტად ნეტარნი და ბედნიერნი ხართ, რადგან დაუტევეთ სიბნელე და შეიცანით ნათელი ჭეშმარიტი, მოიძაგეთ მოკვდავი მიწიერი მეფე და შეუდექით უკვდავ ზეციურ მეფეს. მტკიცე იმედი გქონდეთ მისი მოწყალებისა და გწამდეთ, რომ ცეცხლი, რომლითაც გაშინებენ უწმინდურნი, თქვენთვის იქნება ნათლობის წყალი და კიბე ზეცად აღმყვანებელი. ამ ცეცხლში თქვენ განიწმინდებით სულისა და სხეულის ყოველგვარი ბიწისაგან და დიდებული მეუფის წინაშე წარსდგებით ნათელნი და წმიდანი, როგორც ვარსკვლავები და შეუერთდებით მის ძვირფას მეგობართა წრეს. - ეს თქვა ეკატერინემ და თითოეულ მათგანს ჯვარი გადასახა, ისინიც სიხარულით გაემართნენ სატანჯველისკენ.

ამის შემდეგ წმიდა ეკატერინემ ქრისტიანობაზე მოაქცია დედოფალი ავგუსტა, მთავარსარდალი პორფირი და ორასი მხედარი, ყველა მათგანმა მოწამეობრივად დაასრულა ცხოვრება. ბოლოს კი დადგა მისი ჯერიც. ხანგრძლივი და საშინელი წამებით რომ ვერაფერი მოუხერხეს, მეფემ ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქალწულისთვის. აღსასრულის წინ წმიდა ეკატერინემ შემდეგი ლოცვა წარმოთქვა:

- უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო! მადლობელი ვარ შენი, რომ მოთმინების ლოდზე დასდევ ფერხნი ჩემნი და წარმართე სვლანი ჩემნი. აწ გამომიწოდე უწმიდესი ხელნი შენნი ოდესღაც ჯვარზე მიმსჭვალული და მიიღე ჩემი სული, მსხვერპლად მოძღვნილი შენი სიყვარულისთვის. გაიხსენე, უფალო, რომ მე ხორცი და სისხლი ვარ და არ დაუშვა, რომ სასტიკმა განმკითხველებმა საშინელ სამსჯავროზე უმეცრებაში ჩადენილი ჩემი ცოდვები წარმოაჩინონ. არამედ განბანე ისინი სისხლით, რომელსაც დავსთხევ შენთვის და ქმენ, რომ ეს სხეული, შენი გულისთვის ტანჯვისგან ნაიარევი და მახვილით განკვეთილი, იყოს უხილავი ჩემი მტრებისა და მდევნელებისაგან. მოხედე, უფალო, შენი სიმაღლიდან დამსწრე ადამიანებს და გაუნათე გონება შენივე შეცნობისათვის, მიუტევე მათ, რომლებიც ჩემი მეოხებით მოუხმობენ შენ წმიდა სახელს და აღავსე სიკეთით, რათა ყველანი უგალობდნენ შენს დიდებას უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვის დამთავრებისას წმიდანმა ჯალათს მიმართა, აღესრულებინა განაჩენი.

მაშინ ჯალათმა მოჰკვეთა პატიოსანი თავი ეკატერინეს და ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად რძემ გადმოსჩქეფა. მისი პატიოსანი ნაწილები კი, როგორც იქ მყოფმა მორწმუნეებმა იხილეს, იმწამსვე აიტაცეს წმიდა ანგელოზებმა და გადაიტანეს სინას მთაზე სადიდებლად ქრისტე ღმერთისა, რომელიც თანა მამით და სულიწმიდითურთ ერთ ღვთაებად სუფევს უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თარგმნა მელანია შანავა-ვეფხვაძემ

 

სავედრებელი ლოცვა წმინდა ეკატერინეს მიმართ

ჰოი, წმიდაო ეკატერინე, ქალწულო და მოწამეო, ჭეშმარიტო სძალო ქრისტესო! გვედრით შენ, მრჩობლისა მადლისა მეოხებითა, მითვე წინასწარ აღგჭურვა რა სიძემან შენმან, უტკბილესმა იესუმ, ვითარცა მტანჯველის საცთურთა შემარცხვენელმან, სიბრძნითა შენითა ორმეოცდაათი რიტორის მძლეველმა და ზეციური მოძღვრებით მათმა დამრწყულებელმა, ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლისაკენ წარმართე სვლაი მათი, ეგრეცე ჩვენთვის გამოითხოვე ღმრთაებრივი სიბრძნეი ესე, რაითა ჯოჯოხეთის მტანჯველისა ხრიკთა დამარღვეველნი, სოფლიურ და ხორციელ საცდურთა მომძულებელნი, ღირს ვიქმნეთ ღმრთაებრივი დიდებისა და ჩვენი წმიდა, მართლმადიდებელი სარწმუნოების გასავრცელებლად, მის ღირსეულ ჭურჭლად ქცეულნი, ზეციურ კარავსა შინა, შენთანა ვაქებდეთ და ვადიდებდეთ უფალსა და მეუფესა ჩვენსა, იესუ ქრისტეს, უკუნითი უკუნისამე, ამინ!