ხატმწერი: შოთა ცინცაძე |
V საუკუნე სასანიდური ირანის ძლიერების ხანა იყო. ამ დროს ირანი გადაჭიმული იყო ინდოეთიდან სირია-პალესტინამდე და სამხრეთ-კავკასიიდან სპარსეთის ყურემდე. ზემძლავრი იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიაც, რომელიც აკონტროლებდა ბალკანეთს, ეგვიპტეს, მცირე აზიასა და პალესტინას. ორივე იმპერია ისწრაფოდა იბერიის ხელში ჩასაგდებად. ბიზანტიის იმპერატორიცა და ირანის შაჰინშაჰიც ყოველმხრივ ცდილობდნენ იბერიის შიდა-პოლიტიკური სირთულეები სათავისოდ გამოეყენებინათ.
ამიტომაც იბერიის სამეფოში გამარჯვება ქრისტიანობისა, რომელიც IV ს-ის I ნახევარში სახელმწიფო სარწმუნოებად იქმნა გამოცხადებული და რომლის განმტკიცებასაც ხელს უწყობს იბერიის ხელისუფლება IV საუკუნის შემდეგ, გამომდინარეობდა ქართული ეროვნული პოლიტიკიდან, მიზნად ისახავდა ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას, ირანის შემოტევიდან თავდაცვას, ხოლო სპარსეთის მთავრობა თავის მოვალეობად სთვლიდა, რომ ცეცხლთაყვანისმცემლობისთვის(ეს წარმართული სარწმუნოება დედამიწისა, ცეცხლისა და წყლის გაღმერთებაზე იყო დამყარებული: ამ ოთხ სტიქიონს იგი წმინდად სთვლიდა. მაზდეანურ ტაძრებში, საკურთხევლის წინ, ჩაუქრობლად ენთო კოცონი, რასაც მორწმუნენი სასოებით ემსახურებოდნენ. მაზდეანებს მღვდელმსახურნიც ჰყავდათ, რომელთაც „მოგვებს“-ს ეძახდნენ, ხოლო მოგვების მღვდელმთავარს „მოგპეტი“ ანუ „მობედან-მობედი“-ი ერქვა, ცეცხლთაყვანისმცემლობა სპარსელების ეროვნულ სარწმუნოებად ითვლებოდა და უზენაესი პატივისცემა და სახელმწიფოში ძლიერი გავლენა სასანელთა გვარეულობის შაჰინ-შაჰების დროს ჰქონდა) ყოველგვარი მფარველობა გაეწია კავკასიაში.
V ს-ის დასაწყისში, მირიან მეფის შვილთაშვილის შვილი მეფე „მირდატ, ძე ვარაზ ბაკურისა, მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა“. იგი ბიზანტიას ებრძოდა კლარჯეთისთვის, და ამავე დროს ირანს ხარკის მიცემა შეუწყვიტა. ირანის შაჰმა, იეზდიგერდ I-მა (399-420 წ.წ.) მირდატის დასასჯელად ჯარი გამოგზავნა, გარდაბანთან ბრძოლაში ქარ-თველობა დამარცხდა, ხოლო მირდატი, ტყვედ ჩავარდა. მირდატს სჯულის შეცვლა მოთხოვეს, მაგრამ ვერ გატეხეს, ნატანჯი მეფე საპყრობილეში აღესრულა (საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხეს. ხს. 8(21) ივლისი). სპარსელებმა დაიპყრეს საქართველო და განრყვნეს ეკლესიები, ხოლო ქართველებმა გადამალეს ჯვრები და ყოველ ეკლესიაში ცეცლისმსახურმა სპარსელებმა აღაგზნეს ცეცხლი.
იბერიის მეფეთა ოჯახი კახეთის ხევში დარჩა. სამი წლის შემდეგ აღმოსავლეთიდან მტრის შემოსევის გამო სპარსთა მეფემ იბერიისთვის ვეღარ მოიცალა. ამით ისარგებლეს აზნაურებმა და მცხეთაში მეფედ თრდატის ძე - არჩილი დასვეს (სპარსთაგან დატყვევებული მეფე მირადატის ძმისწული). არჩილ მეფემ ცოლად საბერძნეთის მეფის ნათესავი, მარიამი მოიყვანა და ბერძენთა დახმარებით და პატიოსანი ჯვრის წარძღვანებით სპარსელებს ბრძოლა გამოუცხადა. ჯვარ-ხატები გამოაჩინა და ეკლესიები კვლავ განაშვენა და მოკაზმა, ხოლო ცეცხლმსახურნი მოსრნა და ქართლის საზღვრებიდან გააძევა. სპარსთა მეფის ერისთავმა, რომელიც ერისთავობდა რანსა და მოვაკანს და არჩილის გამეფებამდე ქართლსაც განაგებდა, შეკრიბა „სპანი რანისა და მოვაკანისა და ადარბადაგანისა“ და გაემართა არჩილის წინააღმდეგ საბრძოლველად. უფალს მინდობილი არჩილ მეფე ქართლისა და რანისა საზღვარზე, მდინარე ბერდუჯზე მიეგება, და პატიოსანი ჯვრის ძალით დახოცა და დაატყვევა მტერი. „შევიდა რანს, მოტყუენა და მოვიდა შინა განმარჯუებული“. შემდგომ ქართლში გაგზავნა ქადაგნი და ყველა ქრისტიანობაში განამტკიცა. ქართველმა ერმა მადლობა შესწირა ღმერთს და ეკლესიები განაახლა. არჩილ მეფემ ააშენა მცხეთაში სტეფან-წმინდის ეკლესია, არაგვის კარზე, მისივე აშენებულ მტკიცე საბრძოლო კოშკებთან.
არჩილს ჰყავდა ძე - მირდატი, რომელიც მასავით ღმრთისმსახური, „ქუელი და შემმართებელი“ იყო. მამის მსგავსად მირდატ VIII მხნედ ებრძოდა სპარსელებს. შედიოდა და აოხრებდა რანსა და მოვაკანს, რადგანაც სპარსთა მეფე იმ დროს ებრძოდა ინდოელებს, სინდებს და აბაშებს და არ შეეძლო დიდი სპის საქართველოში გამოგზავნა, ხოლო რანის, მოვაკანისა და ადარბადაგანის სპას ქართველები ამარცხებდნენ და რანსა და მოვაკანს იპყრობდნენ.
იმ დროს რანის (ბარდავის) ერისთავი იყო მაზდეანი ცეცხლთაყვანისმცემელი ბარზაბოდი, ის წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა ქართველებს და ციხე-ქალაქებს ამაგრებდა, ხოლო რანში შესული ქართველები შებრძოლებისას მის ლაშქარს მუდამ ამარცხებდნენ. ბარზაბოდს ჰყავდა ასული „ქმნულკეთილი და შუენიერი“, რომელსაც ერქვა საგდუხტი. ესმა მირდატს მისი სიმშვენიერე და „ტრფიალ იქმნა მას ზედა“. ამისთვის ინება მშვიდობის ჩამოგდება რანსა და ქართლს შორის და უთხრა მამამისს: მომგვარე ცოლად საგდუხტი, ასული ბარზაბოდასი, რადგან ჯერჯერობით ჩვენ ვჯობნით მათ, მაგრამ, რომ მოიცალოს სპარსთა მეფემ და შური იძიოს, ჩვენ საზღვრებს და ეკლესიებს მოაოხრებსო. მათთან დამოყვრებით კი განქარდება მტრობა ჩვენ შორის და ქრისტიანობაც განმტკიცდება, რადგან უსმენს სპარსთა მეფე ბარზაბოდს და ქართველის გულში ეჭვი და გმობა ვეღარ შევა „მძლავრებისათჳს სპარსთასა“. მიუხედავად იმისა, რომ არჩილს არ სურდა მაზდეანებთან დამოყვრება, შვილს უარი ვეღარ უთხრა და სთხოვა ბარზაბოდს ასული თავისი ძისათვის. ბარზაბოდმა დიდად გაიხარა, რადგან მოოხრებული იყო მისი ქვეყანა და „შესჭირვებოდა“. მან ითხოვა „ფიცი და აღთქმა მშვიდობისათჳს. და მისცეს ფიცი, და მოსცა მან ასული თჳსი ზითვითა დიდითა“. მოიყვანეს მცხეთას და გადაიხადეს დიდი ქორწილი. არჩილმა მისცა მირდატს სამშვილდე, თავისი საერისთავოებით და იქ დამკვიდრდნენ ახლადდაქორწინებული მირდტი და საგდუხტი.
საგდუხტ დედოფალი დაინტერესდა ქრისტეს სჯულით და ქმარმაც მოუყვანა სჯულის მეცნიერნი. მათ უთარგმნეს სახარება და აუხსნეს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი იყო ქრისტე, რომელიც განკაცდა კაცთა ხსნისათვის. მაშინ საგდუხტმა უარყო ცეცხლისმსახურება, მოინათლა, შეიქმნა მორწმუნე და აღაშენა სამშვილდის სიონი.
არჩილის მეფობისას გარდაიცვალა სამი ეპისკოპოსი: იონა, გრიგოლი და ბასილი. ბასილის შემდგომ ეპისკოპოსად დასვა მობიდანი, წარმოშობით სპარსი, რომელიც „აჩუენებდა მართლმადიდებლობას“, თუმცაღა იყო უსჯულო მოგვი (როგორც ჩანს მთავარეპისკოპოსი მობიდანი მანი-ქეველი იყო, რადგან მხოლოდ მანიქაველობას ჰქონდა მაზდეანობის მოძღვრება შეთვისებული. მხოლოდ იქ იყო ქრისტიანული და „მოგვობის“ ელემენტები შეერთებული) და ყოველგვარი ქართულ-ქრისტიანულის ფარული მოძულე, მაგრამ მეფის შიშით ფრთხილობდა და ფარულად წერდა და ავრცელებდა მაცთურ სწავლებებს, რომელიც დაწვა მისმა შემდგომმა ჭეშმარიტმა ეპისკოპოსმა მიქაელმა.
არჩილ მეფემ თავისი ცხოვრება აღასრულა ყოვლად წმინდა სამების განდიდებასა და ეკლესიების შენებაში, გაამრავლა მღვდელნი და ეკლესიისა მსახურნი და მშვიდობით მიიცვალა 434 წელს.
არჩილის შემდეგ გამეფდა მისი ძე მირდატი და მეფობდა იგი, ვითარცა მამამისი. დედოფალმა საგდუხტმა შვა ასული და უწოდეს ხუარამზე, ოთხი წლის შემდეგ კი შვა ძე (442 წ.) და უწოდა მას სახელი სპარსულად ვარან-ხუასრო-თანგი, ხოლო ქართულად ეწოდა ვახტანგი. დიდი სიხარულითა აღივსნეს მეფე-დედოფალი და მახარობელნი აფრინეს ერისთავებთან. დიდძალი ოქრო-ვერცხლი და საქონელი უწყალობეს გლახაკებს და მადლობა შეწირეს ღმერთს ლოცვითა და ღამისთევითა „დღეთა მრავალთა“. მეფემ წარჩინებულები სასახლეში მიიწვია და დიდი ზეიმი მოაწყო.
პატარა ვახტანგი აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტს მიაბარეს. მეექვსე წელს საგდუხტმა შვა ასული, რომელსაც მირანდუხტი უწოდეს. მას კასპის სპასალარი ზრდიდა. მეორე წელს მოკვდა მირდატ მეფე და დარჩა ვახტანგი შვიდი წლის ყრმა.
სწორედ იმ ხანებში იეზდიგერ II-მ (439-457) იბერიიდან, სომხეთიდან და ალბანეთიდან წარჩინებული ერისმთავრები დაიბარა და მაზდეანობის მიღება უბრძანა. მათ შორის იყო ქვემო ქართლის ანუ გუგარეთის პიტიახში (ერისმთავარი) არშუშა (ვარსქენ პიტიახშის მამა) და სომხეთის სპარაპეტი ვარდან მამიკონიანი (წმ. შუშანიკის მამა). ყოყმანისა და ურთიერთმოლაპარკების შემდეგ მათ ფორმალურად უარყვეს ქრისტიანობა და ზოროასტრიზმი მიიღეს, რათა თავისი ქვეყნები აოხრებისაგან ეხსნათ. ამის შემდეგ შაჰმა არშუშა (ქართული და სომხური წყაროების ცნობით იგი ყოფილა კაცი „ჭკვიანი, ეკლესიის მოამაგე და ქართული კულტურის დამფასებელი) ერთხანს მძევლად დაიტოვა, ხოლო დანარჩენები უკან დააბრუნა და თან მოგვები გააყოლა (ლაზარ ფარპეცის ცნობით, გამაზდეანებულ კავკასიელ დიდგვაროვნებს, შაჰმა სამშობლოში ცეცხლის მსახურები გააყოლა: სომხეთში - 700-ზე მეტი, ქართლსა და ალბანეთში კი - 300-300 მოგვი). ეკონომიკურმა, უფლებრივმა და სარწმუნოებრივმა შევიწროებამ სომხები მოთმინებიდან გამოიყვანა. სპარსეთიდან დაბრუნებულმა ვარდანმა ვერ აიტანა მოგვთა სომხეთში დაწყებული პარპაში და სათავეში ჩაუდგა ირანის წინააღმდეგ დიდ აჯანყებას, რომელსაც სახალხო ხასიათი ჰქონდა (450-451). 451 წლის 21 მაისს ავარაირის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. აჯანყებულები დამარცხდნენ, ხოლო ვარდან მამიკონიანი მოკლეს [მამიკონიანები წარმოშობით ჭანები ანუ ლაზები იყვნენ. ჭანეთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. მამიკონიანელები ფლობდნენ ვრცელ ტერიტორიას ტაოსა და ტარონში. IV ს-დან მემკვიდრეობით ეჭირათ სომხეთის უმაღლესი მთავარსარდალის - სპარაპეტის სახელო. ფავსტოს ბიზანტიელის საისტორიო თხზულებაში მანუელ მამიკონიანი შემდეგი სიტყვებით მიმართავს სომხეთის მეფეს ვარაზდატს (374-377 წ.წ.): „ჩვენ არასოდეს არ ვყოფილვართ თქვენი მსახურნი, არამედ ვიყავით თქვენი ამხანაგნი, და იქნებ თქვენზე მეტად სახელოვანნიც, რადგან ჩვენნი წინაპარნი იყვნენ მეფენი ჭენისტანში (აქ იგულისხმება ჭანთა ქვეყანა) - მაგრამ ძმათა შორის განხეთქილების გამო, რის შედეგადაც მოხდა დიდი სისხლის ღვრა, ჩვენ დავტოვეთ სამშობლო და მოვედით აქ (თქვენს კარზე) მშვიდობის საძებნელად“. ტაოს ეს ნაწილი, რომელიც სომხეთთან იყო დაკავშირებული, საქართველომ დაიბრუნა VII-IX ს-თა მიჯნაზე. VIII ს-ის უკანასკნელ მეოთხედში, მესხეთის მფლობელის ადარნასე მთავრის დროს. ისტორიული ჭანეთის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი - სოფელი სარფი და მისი მიმდებარე რეგიონი შედის საქართველოს შემადგენლობაში.)
დაქვრივებულ საგდუხტ დედოფალს შეეშინდა, რომ მამამისს, ბარზაბოდს შური არ ეძია მისი მამამთილისა და ქმრის ნამოქმედარისთვის. შვილები სპასპეტსა და სხვა ერისთავებს ჩააბარა და მამას ბარდავში ეახლა. მუხლმოდრეკილმა და თავმოხდილმა მამის ფეხები ცრემლით დაალტო და შეწყალება სთხოვა, რომ ქართლში არ შემოჭრილიყო და ქრისტეს რჯული არ წარეწყმიდა, ხოლო მისი შვილი ტახტზე დაეტოვებინა და სპარსთა მეფესთან ეშუამდგომლა. მისთვის კი ცეცხლთაყვანისმცემლობის დატევება შეენდო და არ დაეძალებინა ქრისტეს ჭეშმარიტი რჯულის უარყოფა.
ქართველთა ბოროტის ყოფისათვის განმზადებულმა ბარზაბოდმა შეიწყალა თავისი ასული: აღარ აიძულა სჯულის დატევება და ყველა მისი თხოვა აღასრულა, მაგრამ დიდი სამაგიერო საფასურით: მცხეთაში ჩემგან წარმოგზავნილი ცეცხლმსახური მოგვები უნდა დასხდნენო და ხალხმაც თავისი ნებით აირჩიოს სჯულიო - ვისაც სურს ქრისტიანად დარჩეს, ვისაც უნდა მაზდეანობა მიიღოსო. დედოფალს სხვა გზა აღარ ჰქონდა და დათანხმდა.
ბარზაბოდმა მცხეთაში გამოგზავნა ცეცხლისმსახურები და დასხდენ ისინი მცხეთას, იმ ადგილს ეწოდა მოგვთა. მათი უმაღლესი ქურუმი იყო ბინაქარ, რომელიც „ასწავებდა ქართველთა სჯულსა თჳსსა“. თუმცა წარჩინებულთაგანი ვერავინ აცდუნა, მხოლოდ უბრალო ერი „მიიქცა... ცეცხლისმსახურებასა“. ქართლში მაზდეანობის ცეცხლი აგიზგიზდა. საგდუხტ დედოფალი წუხდა, მაგრამ გაძლიერებულ სპარსთა შიშით ვერაფერს ბედავდა. ამიტომ ცეცხლთაყვანისმცემლობა თანდათან გაძლიერდა და წარმართობამ კვლავ წამოყო თავი (მცხეთის გარეთუბნის „მოგვთუბნის“ გარდა მათი სამლოცველოები სხვაგანაც გაჩნდა. მაგ. ჯუანშერის ცნობით ნიქოზში თურმე ყოფილა „საგზებელი ცეცხლისაჲ“, ხოლო კახეთის ერთ კუთხეში „ხევსა მას ლოპოტისასა“ ნოსორამდე „იყუნეს სოფლისა მის კაცნი წყლისა და ცეცხლისა მსახურნი“ (ცხ. ვახტანგისი).
გამოხდა მცირე ხანი და მოკვდა რანის ერისთავი ბარზაბოდი. შაჰმა მის ნაცვლად დაადგინა მისი ძე, ვარაზ-ბაკური,საგდუხტ დედოფლის ძმა, ხოლო გარდაცვლილი საურმაგ სპასპეტის (ვახტანგის „მამამძუძე“), ნაცვლად დაადგინა ჯუანშერ სპასპეტი.
საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და ახლად გარდაცვლილი მობიდანის ნაცვლად საბერძნეთიდან გამოიწვია მღვდელი მიქაელი და ზემო ეკლესიის ეპისკოპოსად დაადგინა. ეპისკოპოსი მიქაელი წინაღუდგა ბინქარან მაცთურს და ყველა წარჩინებული ქართველი და ერის უმრავლესობა მართალ სარწმუნოებაში განამტკიცა, მაგრამ ქართველთა მცირე ნაწილი ცეცხლმსახურებაზე მაინც მიიქცა, რადგან სპარსელთა პოლიტიკა მძლავრობდა მცხეთაში.
უფლისწული ვახტანგი ათი წლის რომ შესრულდა, ჩრდილოეთიდან ქართლში ოსთა (იგულისხმება ჰუნები, ალანები და სხვადასხვა ჩრდილოეთის ტომები) ურიცხვი ლაშქარი შემოიჭრა. მათ მოაოხრეს ქართლი მტკვრის თავიდან ხუნანამდე, მაგრამ ციხე-ქალაქები ვერ აიღეს, კასპის გარდა. ქალაქი კასპი კი შემუსრეს და სამი წლის მირანდუხტი, ვახტანგის და, მოიტაცეს. ამ დროს დარჩათ აუოხრებელი „ხევნი ქართლისანი: კახეთი, კლარჯეთი და ეგრისი“. აქედან გადავიდნენ რანსა და მოვაკანს, აიკლეს, იავარყვეს და დარუბანდის გზით ისევ ოსეთში დაბრუნდნენ. ბიზანტიელებმაც შემოუტიეს დასავლეთიდან. მათ ადრე კლარჯეთიც მიითვისეს, ამჯერად კი იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები, ეგრისს შემოესივნენ და ციხე-გოჯამდე მოაღწიეს.
შეიქმნა გლოვა და წუხილი ყოველთა ქართველთა და იტყოდნენ: „განვამრავლეთ ცოდვა ღმრთისა მიმართ და არა კეთილად ვიპყართ სჯული ქრისტესი და წესი იოვანეს მცნებისა. სამართლიანად მოაწია ღმერთმა ეს რისხვა ჩუენზე, რადგან მიგვცა ჩვენ წარსატყვევნელად უცხო ერს, ხოლო ჩვენი საზღვარი კი ბერძნებმა მიიტაცესო.
ვახტანგი კი იზრდებოდა და მიქაელ ეპისკოპოსისაგან სწავლობდა უფლის მცნებებს. მან სიყრმითგანვე შეიყვარა ქრისტეს სჯული და ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ქართლი შებილწული იყო ცეცხლმსახურთა მიერ, ხოლო საზღვრები მიტაცებული.
ვახტანგი თხუთმეტი წლისა რომ გახდა, მოუხმო ქართლის ყველა წარჩინებულს და ქალაქში შეკრიბა. თვითონ გაამზადა ერთი სახლი, დაბრძანდა მაღალ ტახტზე, ჯუანშერ სპასპეტი და ორივე ეპისკოპოსიც ტახტზე დაბრძანდნენ. ერისთავები სელებზე დასხდნენ, ხოლო ათასისთავები, ასისთავები და დიდებულები ფეხზე იდგნენ. მაშინ „მეფემან, ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან, და ვითარცა აღზრდილმა ფილოსოფოსთა თანა“, ჴელმწიფურითა სიტყჳთა მიმართა მათ: მეფეზე და ერზე მაშინ მოიწევა განსაცდელი და ჭირი ღმრთისაგან ცოდვათა გამო, როცა მორწმუნენი ღმრთისმსახურებას მოაკლებენ და მცნებებს დაარღვევენ. კეთილი მამა წვრთნის შვილს კეთილ საქმეებში, ხოლო თუ შვილი არ აღასრულებს მამისგან ნასწავლ საქმეებს, „გუემს მამა იგი გუემითა და სწავლითა, რაჲთა ისწაოს ყოველი კეთილი და იქმნას სახმარ კეთილისა, ეგრეთვე გვწურთნა ჩვენ ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან. ამისთჳს გჳჴმს ჩუენ, რაჲთა ვმადლობდეთ მოწყალებათა მისთა“. იქ დამსწრეებს გაუკვირდათ ჯერ კიდევ ყრმა უფლისწულის ასეთი ბრძნული სიტყვა და უფალს მადლობა შესწირეს. ვახტანგმა კი დიდებულებს მიმართა: „ისმინეთ ჴმისა ჩემისა; დაღაცათუ ყრმა ვარ და არა გინახავს ჩემგან კეთილი, არამედ მამათა ჩემთაგან გინახვან დიდნი კეთილნი და დიდებანი თქუენ, რომელნი დადგინებულ ხართ მთა-ვრობასა ზედა. და აწ თუ გვაცოცხლებს ღმერთი, მოგუხდენ კეთილნი და დიდებანი, რომელნი არა გეხილნეს მამათა ჩემთაგან“. ხოლო ჩვენზე სამართლიანად მოწევნული განსაცდელი, ჩათვალეთ, როგორც ჩემზე მოწევნული და არა თქვენზე. მე კი არ დავითმენ ოსებისაგან შეურაცყოფას, არამედ „სასოებითა და მინდობითა ღმრთისაჲთა, სამებისა ერთარსებისა დაუსაბამოსათა, და წარძღვანებითა ჯუარისა მის პატიოსნისათა, რომელი მოცემულ არს წინამძღვრად საჭურველად გულითა მოსავთა მისთა, ვიძიოთ შური ოვსთა ზედა“. ეს რომ სპარსთა და ბერძენთა მეფეთაგან მოგვსვლოდა, კიდევ მოვითმენდით, მაგრამ იმის მოთმენა, რაც ჩვენ მოგვაწიეს ოსებმა, არ შეიძლება, სიკვდილი ჯობს ჩვენთვისაო..
საპასუხოდ ჯუანშერ სპასპეტმა გრძელი სიტყვით მიმართა მეფეს და უთხრა: ჭეშმარიტად ბრძანე, რომ ჩვენი ცოდვების გამო სამართლიანად დაგვსაჯა ღმერთმან, რადგან განვამრავლეთ ცოდვები და მადლობაც კი გვიღირს ქართლის მკვიდრთ მის მიმართ, რომ უარესი არ მოგვაწია და შენ წინაპრებზე უფრო ახოვანი და ყველაფრით სრულყოფილი, გმირი ნებროთის მსგავსი, ჩვენს წინამძღვრად და ჭირთა ჩვენთა განსაქარვებლად გამოგაჩინა. ხუთი წელია რაც ასეთ გაჭირვებაში ვართ ჩავარდნილი ოსებისაგან, შენ კი ყრმა იყავი და არ შეგეძლო ლაშქრის მხედართმთავრობა და წინამძღვრობა, და მეფობისა განგება. ამიერითგან კი სიბრძნით, ძალით, სიმჴნითა და აგებულებით სრულყოფილი ხარ და ძალგიძს მეფობა, მაგრამ მხედრობისათვის მაინც მცირეწლოვანი ხარ. „სიბრძნითა შენითა და კითხვითა დედისა შენისაჲთა“ გამოირჩიე ერთი ვინმე ჩვენთაგანი ლაშქრის წინამძღვრად და ჩვენ ვიქნებით შენი მორჩილი ისევე, როგორც ვემორჩილებოდით მამაშენს და შეწევნითა „სამებისა, ღმრთისა ერთარსებისათა წარვიდეთ და ვიძიოთ შური“, ხოლო შენ იყავ შინ და იმეფე. თუ ჩვენი ცოდვებისთვის დავმარცხდებით ოსთაგან, შენ და სამეფო გადარჩებით, ხოლო თუ შენ დამარცხდები ჩვენი ცოდვებისათვის, სრულიად განადგურდება ჩვენი ქვეყანა, რადგანაც შენ ვერავინ შეგცვლისო. ჯუანშერს სხვა დიდებულებიც დაეთანხმნენ. მაგრამ ვახტანგმა უპასუხა: მადლიერი ვარ ერთგულებისათვის, მაგრამ მე არ გეთანხმებით, რადგანაც, მას შემდეგ, რაც ეს განსაცდელი მოიწია ჩვენზე, „ყოველნი დღენი მწუხარებასა შინა დამიყოფიან, ვითარცა მყოფსა ბნელსა შინა. და სიბრალული დისა ჩემისა განლევს გულსა ჩემსა, ვითარცა მახჳლი ცეცხლისა“ და სიკვდილი მირჩევნია ასეთ სიცოცხლეს. ამიტომაც „მინდობითა ღმრთისაჲთა და წინამძღურობითა ჯუარისა მის პატიოსნისათა თავითა ჩემითა წარვალ, და ვესავ მრავალმოწყალებათა მისთა, - არა გამწიროს და მომცეს ძლევაჲ“. ვეღარავინ აღუდგა წინ მამაც ჭაბუკს და შეჰღაღადეს: „ცხონდი, მეფეო, უკუნისამდე! იქმნეს განზრახვაჲ შენი, ღმერთმან დამბადებელმან მოავლინენ ანგელოზი მისი ძალად შენდა, და დასცენ ყოველნი მტერნი შენნი, და დაამტკიცენ მეფობაჲ შენი“. გადაწყვიტეს ოსეთში გალა-შქრება. ყველა თავის მამულისაკენ გაემართა და დაიწყო საომრად მომზადება.
ვახტანგ მეფემ ლაშქრის შეკრება ბრძანა და დახმარება ბიძამისს - რანის ერისთავს ვარაზ-ბაკურსაც სთხოვა. ისიც სიხარულით შეჰპირდა, რადგან მისი ქვეყანაც ააოხრეს ოსებმა. სულ მალე შეიკრიბა ქართლის სპა - ასი ათასი მხედარი და სამოცი ათასი ქვეითი და დაბანაკდა არაგვის ორსავე ნაპირზე: მუხრანსა და ხერკში. ვარაზ-ბაკურმაც გამოგზავნა თორმეტი ათასი მხედარი. ჭაბუკმა მეფემ მოინახულა ლაშქარი და სიხარულით აღივსო, რადგან მოეწონა „სიმრავლითა, ცხენკეთილობით და მოკაზმულობითა, და იხილნა ყოველნი იგი მხიარულად და აზარვით, რამეთუ სავსენი იყვნენ შურითა ოვსთაჲთა“. უფალს მადლობა შეწირა, და მცხეთაში დაბრუნებულმა ერთი კვირა ლოცვასა, მარხვასა და ღამისთევაში გალია, შემდეგ გლახაკებს მოწყალება დაურიგა, სამეფოს განმგებლად დედა - საგდუხტი და უფროსი და - ხუარამზე დატოვა და ასეთი ანდერძი დაწერა: ცოცხალი თუ ვერ დავბრუნდები, მაშინ ჩემი და, ხვარამზე ცოლად შეირთოს მამაჩემის ნათესავმა მირიანმა და ის გამეფდესო. (ვახტანგი და მისი დები იყვნენ პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის შთამომავლები ბაქარის შტოდან, ხოლო მირიანი და გრიგოლი იყვნენ მეფე მირიანის შთამომავლები რევის შტოდან. მათ ეკუთვნოდათ კუხეთი და ცხოვრობდნენ რუსთავის ციხე-ქალაქში.) ანდერძი საიდუმლოდ დედას გადასცა და თიანეთს გაემგზავრა. იქ შეუერთდნენ კავკასიელი მეფეებიც ორმოცდაათი ათასი მხედრით. 16 წლის მეფემ ქრისტეს სახელით განვლო დარიალის კარი და ოსეთში შევიდა.
შეშფოთებულმა ოსეთის მეფეებმა შეკრიბეს მხედრობა, ხაზარებისაგა-ნაც მიიღეს დახმარება და მიეგებნენ მდინარესთან, რომელი გაივლის დარიალს და ჩაივლის ოსეთის ველს. ამ მდინარესაც არაგვი ჰქვია, რადგან ერთი მთისაგან გამოდის ორივე: ქართლის არაგვი და ოსეთის არაგვი. ორივე ლაშქარმა მდინარის აქეთ და იქით ნაპირზე დაიბანაკა. ეს ნაპირები კი „ქარაფნი იყუნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირთა მდინარისათა და განეკრძალნეს ერთმანეთისაგან, და დაიცვნეს გზანი ქარაფთანი და დადგეს ეგრეთ შჳდ დღე“. პირველ შვიდ დღეს ერთმანეთს ბუმბერაზები ებრძოდნენ მდინარის ნაპირებზე. ხაზარებს ყავდათ ერთი გოლიათი კაცი - თარხან ხაზარი. გამოვიდა იგი და თქვა: „გეტყჳ თქვენ, ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინცა არს თქვენ შორის უძლიერესი, გამოვიდეს ბრძოლად ჩემდა“. ვახტანგის ლაშქარში იყო ერთი სპარსი, ფარსმან-ფარუხი, რომელსაც მრავალი ლომი ყავდა შეპყრობილი შიშველი ხელით. ის გავიდა თარხანთან საბრძოლველად და პირველსავე შებრძოლებაში გაუპო თავი თარხან ხაზარმა. დამწუხრდა ვახტანგი და მისი ლაშქარი, რადგან აღარავინ დარჩა მსგავსი ფარსმან-ფარუხისა. ის დღე დაღამდა, წმინდა მეფე კარავში შევიდა, ლოცვად დადგა და ცრემლითა ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნას. და უფალს მინდობილმა გადაწყვიტა თარხანთან შებრძოლება, „რამეთუ უშიშ იყო, ვითარცა უხორცოჲ და იმედი ჰქონდა ღმრთისაგან და ძალისა თჳსისაგან“.როგორც კი ინათა, გამოვიდა თარხანი მდინარის ნაპირთან და „აყუედრებდა კუალად, და ითხოვდა მუქარასა, და არავინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მბრძოლი მისი“. მაშინ ჭაბუკმა მეფემ უთხრა თავის სპას: „არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისად და სიმჴნისა ჩემისად, არამედ მინდობითა ღმრთისა დაუსაბამოჲსათა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისაჲთა განვალ თჳთ-ბრძოლად თარხანისა“. წარჩინებულებს გაუკვირდათ და ყველაფერი იღონეს, რომ მეფეს გადაეფიქრებინა ბრძოლა, რადგან „ყრმაჲ იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდილებაჲ მისი“. მაგრამ იგი თავის გადაწყვეტილებაში უდრეკი იყო. ვახტანგ მეფე ცხენიდან ჩამოხდა, მიწაზე დაემხო და თაყვანის-სცა ღმერთს, შემდეგ კი ხელაღპყრობით შეღაღადა: „ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მონათა შენთაო! შენ იყავ მწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და დაეც უსჯულო ისი, და არცხვინე მგმობართა შენთა; რამეთუ არა ძალისა ჩემისად მინდობილი ვარ, არამედ მოწყალებისა შენისად“. შემდეგ „აღჯდა ტაიჭსა თჳსსა“ და თავის სპას მიმართა: „ევედრებოდით ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით“. წავიდა ჭაბუკი მეფე საბრძოლველად, ხოლო შეძრწუნებული და მწუხარებით აღსავსე ლაშქარი თავ-თავის სჯულზე ევედრებოდა ღმერთს.
მეფე ვახტანგი მდინარის ნაპირს მიადგა და „აქუნდა ჴელთ ოროლნი (ლახვარი)“. მოხედა თარხანმა და უთხრა: მე გოლიათებთან და გმირებთან მებრძოლი ვარ და არა ყმაწვილებთან, მაგრამ შენთვის თავს დავიმდაბლებო. „აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას“, და პირველსავე შებრძოლებაში დასცა ვახტანგმა ოროლი სარტყელზე. ვერ დაფარა საჭურველმა და გააპო შუაზე და მოკლა. სიხარულითა აღვსილმა ქართველებმა საშინელი ხმით შეჰყვირეს და მადლობა შეწირეს ღმერთს, ხოლო ვახტანგი მაშინვე ცხენიდან ჩამოხტა და მიწაზე დაემხო, თაყვანის-სცა ღმერთს და თქვა: კურთხეულ ხარ, შენ, უფალო, რომელმან მოავლინე ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი; შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინი ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლი დავრდომილი“. მოჰკვეთა თავი თარხანს, „აღჯდა და წარვიდა ლაშქართა თჳსთა თანა, და ყოველთა მათ სპათა ჴმითა აღწევნულითა შეასხეს ქება ვახტანგს და მადლობდეს ღმერთსა“.
მეორე დღეს გამოვიდა სხვა ბუმბერაზი გოლიათი ოსთა ლაშქრიდან, სახელად ბაყათარი. მისი მშვილდის სიგრძე იყო თორმეტი მტკაველი, ხოლო მისი ისარი იყო ექვსი მტკაველი. მოადგა ბაყათარი მდინარის ნაპირს და დაიძახა: მეფეო ვახტანგ, ნუ გაამაყდები თარხანის მოკვლისათვის, რადგან იგი გოლიათებში არ ითვლებოდა და ამიტომაც მოიკლა ყმაწვილის მიერ. თუ გამოხვალ ჩემს წინააღმდეგ, ნახავ როგორია ფიცხელი ბრძოლა, რომელსაც ვეღარ გადაურჩები, ხოლო თუ შენი მებრძოლთაგანი გამოვა, ამისთვისაც მზად ვარო. მაშინ ასე უპასუხა ვახტანგმა ბაყათარს: „არა ძალითა ჩემითა ვსძლე თარხანს, არამედ ძალითა დამბადებელისა ჩემისათა. და არა მეშინის მე შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან, რამეთუ ძალი ქრისტესი ჩემ თანა, და ჯუარი მისი პატიოსანი საჭურველ ჩემდა“. შემდეგ „აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნისა, და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკუედა მახვილი“, მივიდა მდინარესთან და ბაყათარს გასძახა: მე არ გამოვალ მდინარეში, რადგან მეფე ვარ, და არ მოვეახლები ოსთა ლაშქარს, არამედ შენ გამოდი და მომეახლეო. ბაყათარ ოსმა აასრულა მისი სიტყვა და უთხრა: მე კი გამოვალ შენი მკვლელი და შენ უკან დაიწიეო. მეფემ უკან დაიწია. გამოვიდა ბაყათარი და დაიწყო ისრის სროლა, ხოლო ვახტანგი „სიფიცხლითა თუალთაჲთა, და სიმახვილითა გონებისაჲთა, და სიკისკასითა ტაიჭისა მისისაჲთა ირიდებდა ისარსა... უხლდებოდა და სიმარჯვით მიეახლებოდა“: აქედან და იქიდან იყო ბუკისა და დაფდაფების ცემა და სპათაგან მაღალი ხმით ყვირილი, „რომლითა იძრვოდა მთანი და ბორცვნი“. ორი ისრის მეტი ვერ მოახვედრა ბაყათარმა ვახტანგის ფარს. ბაყათარმა ისარი ვახტანგის ცხენს მოახვედრა და ვიდრე ცხენი დაეცემოდა, ვახტანგი „მიუხდა ზედა და უხეთქნა ჴრმალი მჴარსა ბაყათარისსა, და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე“. მაშინღა დაეცა ცხენი ვახტანგისი და სწრაფად მიჰყო ხელი და შეიპყრო ცხენი ბაყათარისი. შემდგომ მიწაზე დაემხო და თაყვანის სცა უფალს და მადლობა შესწირა. დაჯდა ბაყათარის ცხენზე, თავის ლაშქარს მიუახლოვდა და შესძახა: „მჴნე იყუენით და განსძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს“.
ქართველთა ლაშქარი გაემართა საბრძოლველად. წინ „ცხენთორნოსანი და ჯაჭუჩაბალახოსანნი“ (თოროსნები ანუ მძიმედ შეჯავშნული ცხენოსნები), უკან ქვეითნი და შემდგომ კვლავ მხედართა (მსუბუქი ცხენოსნები) სიმრავლე, ხოლო ოსები ქარაფზე გადმოდგნენ და ისარი წვიმასავით დაუშინეს. ვახტანგ I რჩეული მხედრებით („გვარდიით“) წინ უძღოდა ლაშქარს, შეუძახებდა, აძლიერებდა და ნუგეშინისცემდა. მაშინ „ცხენთორნოსანთა“ აღვლეს გზა ქარაფისა და მას მიყვნენ ქვეითნი და სიმრავლე მხედართა. დაიწყო ძლიერი ბრძოლა. ჭაბუკი მეფე ლომივით იბრძოდა და მისი ბრდღვინვა დიდ მანძილზე ისმოდა. ვახტანგი თუ მარჯვნივ იბრძოდა, ოსები მარცხნივ ძრწოდენ, და თუ მარცხნივ იბრძოდა, მარჯვნივ ძრწოდენ. მას თან ახლდა ორი მხედარი: არტავაზ ძუძუმტე, ძე საურმაგ სპასპეტისა და ბივრიტიან სეფეწული და „იგინიცა იბრძოდეს მჴნედ“. მაშინ სძლიეს ალან-ოსებს, მოსრეს, დაატყვევეს და გააქციეს მათი ლაშქარი, ხოლო უმრავლესი მათგანი ცოცხლად შეიპყრეს იმ ქართველთა უკან გამოხსნისათვის, რომელნიც მანამდე ჰყავდათ დატყვევებული ოსებს. ქართველთა ლაშქარი ბანაკში დაბრუნდა, მხედრებმა სამი დღე დაისვენეს, შემდეგ კი ოსეთს შეესიენ, მათი ქალაქები შემუსრეს და „აღიღეს ტყვე და ნატყუენავი ურიცხვი“. ვახტანგ მეფე შევიდა და „მოტყუენა“ ოსეთის მოსაზღვრე ჯიქეთი, რომელნიც მრავალი წლის შემდგომ იმ ადგილებიდან თურქებმა განდევნეს. შემდეგ დაბრუნდა ოსეთში და კავკასიის ციხე-სიმაგრეებში თავშეფარებული ოსთა მეფეები დაიზავა. მაშინ ოსებმა მცირეწლოვანი დის ნაცვლად ვახტანგს 30.000 რჩეული მებრძოლი მოსთხოვეს. მისცა ვახტანგმა და ათი წლის მირანდუხტი დაიბრუნა, ხოლო ქართველი ტყვეები ერთი ერთზე გაცვალა ოს ტყვეებზე, მძევლები აიყვანა და მათ მაგივრადაც 30.000 ტყვე დაუბრუნა. სულ გამოიხსნა 350.000 ქართველი ტყვე და თვითონ დარჩა 650.000 ათასი ტყვე ოსებისა და ჯიქების გარდა. და ეს ყველაფერი აღასრულა ოთხ თვეში.
ვახტანგმა I-მა დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები ციხე-სიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა და შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნეები ჩააყენა. ამიერიდან ჩრდილოეთიდან ამ გზით ვერავინ გამოივლიდა. საეკლესიო მატიანეში“ ამ ძეგლის უცნობ ავტორს ნათქვამი აქვს: „დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და აღაშენა მას ზედა გოდოლი და დააყენა მას ზედა მცველნი მახლობელნი მის ადგილისანი და უწოდა კარად დარიალ[ან]ისანი და აწ თვინიერ ბრაძანებისა მეფისა ვერჴელეწიფების გამოსლვაჲ ოვსთა და ყივჩაღთა“ (კავკასიონის გადასასვლელები საერთოდ ირანელებს ეჭირათ, მაგრამ ხანდახან ჩრდილოეთიდან შემოჭრილი მოთარეშეები იკავებდნენ ხოლმე მათ. სავარაუდოდ, ვახტანგმა სწორედ ასეთი ვითარებით ისარგებლა, ვითომცდა გაანთავისუფლა ეს გადასასვლელები და თვითონ დაიკავა ისინი). 16 წლის მეფემ დაამარცხა და კავკასიონის ქედს გადაღმა განდევნა ბარბაროსები და სიცოცხლის ბოლომდე აღარ გაუხსნია დარიალი (სხვათა წაქეზებით, თუ სამხედრო ნავარდისა და ძარცვა-გლეჯვის სურვილით, „ჰუნების“ სახელით ცნობილი ჩრდილო-კავკასიელთა თარეშის სარბიელად მრავალგზის ქცეულა იბერია. ამიტომ პოლიტიკურსა და სამხედრო წინდახედულობას იბერიის ჩრდილოეთის საზღვრის განმაგრება უნდა ეკარნახა. უკვე სტრაბონის დროს საქართველოს კარი მართლაც გამაგრებული ყოფილა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და ჩრდილოეთიდან მოულოდნელი შემოსევისაგან უზრუნველსაყოფად საზღვრის დასაცა-ვად საჭირო ხაზის უფრო წინ წამოწევა აუცილებელი გამხდარა. ამ სამხედრო და პოლიტიკური გეგმის განსახორციელება ვახტანგ I-მა შეძლო).
ამ ლაშქრობათა გამო ხალხმა ვახტანგ მეფეს „იალბუზის გმირი“ უწოდა და მარად დაუვიწყარი ლექსიც უძღვნა: „ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, / ციდა ჩამოესმა რეკა; / იალბუზზე ფეხი შედგა, / დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“. ამ ლაშქრობის შედეგად ევროპულ-ბარბაროსულ ფეოდალიზაციას გადაურჩა ქართული კულტურა.
ჭაბუკმა მეფემ სპარსთა ლაშქარი და კავკასიანთა მეფენი დიდად დასაჩუქრებულნი გაუშვა, ხოლო მირანდუხტი და დატყვევებული ოსები დარიალის გზით ქართლს წარმოგზავნა. თვითონ ქართლის დიდი ლაშქრით აფხაზეთში გადავიდა (მძლავრ იმპერიათა ინტერესების არეალში მოქცეულ ზღვისპირეთში ადრიდანვე ბერძნულ-რომაული გარნიზონები იდგა), და უშიშად იწყო ბრძოლა აფხაზეთის ციხე-სიმაგრეებისთვის. იმ ხანებში ბერძენთა იმპერატორი ლეონ I (457-474) სპარსელებს ებრძოდა და აფხაზეთისათვის არ ეცალა. მან ვერ შეძლო იქ ლაშქრის გამოგზავნა და ვახტანგმა სამ წელიწადში დაიბრუნა აფხაზეთის ციხე-სიმაგრეები ციხე-გოჯამდე და გამარჯვებული დაბრუნდა „ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას“. სიხარულით შეეგებნენ ჭაბუკ მეფეს დედა, დები და ქალაქის მკვიდრნი, ფეხქვეშ სამოსელი დაუფინეს და „აყრიდეს თავსა დრამასა და დრაჰკანსა, და აღწევნულითა ჴმითა შეასხმიდეს ქებასა; რამეთუ არარომელსა მეფესა ექმნა ეგევითარი ძლიერი წყობაჲ“. ვახტანგმა მადლობა შეწირა უფალს, მოწყალება გასცა და ომში გამოჩენილი მამაცობისთვის მრავალი დაასაჩუქრა. თავის ბიძას - ვარაზ-ბაკურს დიდი ძღვენი უბოძა ნატყვენავი ალაფიდან: ათასი მონა, ათასი გახედნილი ცხენი და ათასიც გაუხედნავი ცხენი, ხოლო - ჰორმიზდ III-ეს (457-459) ბინაქარის ხელით ათი ათასი მონა, ამდენივე გახედნილი და გაუხედნავი ცხენი გაუგზავნა და ასული სთხოვა ცოლად. მანაც სიხარულით მიათხოვა ასული - ბალენდუხტ, „სომხითი და „ყოველნი მეფენი კავკასიანნი“ მზითვად მოსცა და მოსწერა: „ყოველთა მეფეთა მეფისა მიმართ, ვარან-ხუასრო-თანგისა, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა“ და დახმარება მოსთხოვა ბიზანტიელებთან ბრძოლაში. ეს იმას ნიშნავდა. რომ სპარსთა მბრძნებელი „კანონიერად“ ცნობდა ქართველი მეფის ფაქტიურ სიუზერენობას კავკასიელ მმართველებზე. მაშინ მეფე ვახტანგი იყო 20 წლისა და „იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქაჲ და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მხართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა“. ვახტანგმა „ჯეროვანი“ ქორწილი გადაიხადა და შეუდგა მშვიდობიან ცხოვრებას.
სპარსეთის შაჰის ასულ ბალენდუხტს თან წამოაყოლეს გამზრდელი (მამამძუძე ანუ ლალა) რაჟდენი (რაჟდენ ანუ სრაზდინ არის არაბული სახელი და ნიშნავს სარწმუნოების მნათობს). იგი იყო წარჩინებული და დიდებული წარმოშობის სპარსი, მეფის კართან დაახლოებულ პირთა შორის დიდად გამორჩეული, სჯულით ცეცხლის მოსავი და მზისა და მთოვარის მსახური, „რომელსაცა არწმუნეს (ანდეს) ასული მეფისა აღსაზრდელად“. მაშინ სპარსელებსაც ქართველების მსგავსად ასეთი წესი ჰქონდათ, რომ აღმზრდელს მამა მძუძეს უწოდებდენ და დიდ პატივსა სცემდენ „ვითარცა მთავართა და დიდებულთა თჳსთა“. ვახტანგ მეფემაც დიდად პატივს-სცა ცოლის აღმზრდელს, „სახელნი და აგარაკნი“ მიანიჭა და ძალიან დაიახლოვა და „თანამზრახველ ყო იგი“, არა მხოლოდ თავისი დიდებული წარმომავლობის გამო, არამედ „სიკეთისა და სათნოებისა მისისა ღირსებისათვის“, რადგან ჯერ კიდევ ცეცხლთაყვანისმცემელი ნათელღებულებზე ღირსეულად ცხოვრობდა. ამიტომ ყველას ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით კი მეფეს. ნახა რა ქრისტიანული ცხოვრების წესი, მეფის მტკიცე სარწმუნოება და ქართველთა სჯული, რაჟდენის გული აღივსო ქრისტეს სიყვარულით, ცეცხლებრ აღეგზნო ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის და მოინათლა, რის შემდეგაც უფრო მეტად წარემატა სათნოებებში: ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდა, საღმრთო წერილსა და სჯულის ქადაგებებს ისმენდა და წმინდანთა ცხოვრებებს ეცნობოდა. იგი განსაკუთრებით მოწამეთა ღვაწლს გამოიკვლევდა, და ნატრიდა მათ ცხოვრებას.
ბალენდუხტ დედოფალმა უშვა ვახტანგს ძე და ასული (ტყუპი) და მშობიარობას გადაყვა. ვახტანგმა ძეს უწოდა დაჩი ანუ დარჩილი.
აღმოსავლეთ საქართველოს, იბერიის დედაქალაქად უძველეს დროს, როგორც ვიცით, მცხეთა იყო. ვახტაგ მეფემ ისურვა ახალი დედაქალაქის აშენება სოფელ (ან დაბა) „ტფილისის“ ადგილას (არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება ახ. წ. IV ს-ის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV ს-ის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიაზხშის რეზიდენცია გახდა. V ს-ის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა). ლეგენდის თანახმად, ჭაბუკი ვახტანგ გორგასალი თავისი ამალით სანადიროდ ბრძანებულა ტფილისის უღრან ტყეებში (458 წ). ანაზდად ხოხობი აფრენიათ მონადირეებს. მეფემ მიმინო დაადევნა. გადაიკარგა ორივე ფრინველი. კარგახნის ძებნის შემდეგ მონადირენი წაადგნენ უცნაურ სურათს: მეტეხის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა მხარეს, მიწის გულიდან აღმომდინარე წყაროში ეყარა ორივე ფრინველი. სწორედ ამ წყაროსთან წამოსწევია მიმინო ხოხობს და ორივენი შიგ ჩაცვენილან და კიდევაც ჩაფუფქულან, - წყარო ცხელი იყო, სურნელოვანი და ოხშივრიანი (სხვა გადმოცემის მიხედვით ვახტანგ გორგასალს ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებების და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო ვახტანგმა ტყეების გაჩეხვა და ქალაქის გაშენება ბრძანა. სახელიც თვითონ დაუდგინა „ტფილ“ წყაროთაგან ნაწარმოები - „ტფილისი“(აქაური დასახლების ძველი სახელი). მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „ტფილისი“ - „ტფილი“ მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა და აბანოთუბანი ეწოდა
წმინდა ვახტანგმა „ტფილისი“ სამ ნაწილად დაჰყო, პირველი კალა (თუმცა კალაზე ციხე IV ს-ში აშენებულა), ანუ კალოუბანი, მდებარეობდა ქალაქის ბჭის ჩრდილო-დასავლეთით მიდამოებში (კალა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაბლობს და ნარიყალას ციხის დასავლეთით სოლოლაკის ქედის ჩრდილო ფერდობზე გაშენდა, და მდინარის დინების მიხედვით გაიყო ორ ნაწილად, ზემო და ქვემო კალად. ამ უბანს თავიდანვე ჰქონდა შემორტყმული გალავანი. ისტორიული ქალაქის დასავლეთის საზღვარს დღევანდელი დადიანის ქუჩის ადგილად არსებული ქალაქის გალავანი წარმოადგენდა, რომელიც XIX ს-ში დაანგრიეს). მეორე ნაწილი - „ტფილისი“, ტერიტორია, სადაც თბილი გოგირდოვანი წყაროები ამოდიოდა; მესამე - ისანი, დღესდღეობით ავლაბარი, მტკვრის მარცხენა სანაპირო. სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ დასავლეთით - თაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ-დასავლეთით კი - წავკისისწყალი (შემდგომში თბილისი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისი თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა (ბიზანტიის იმპერია და სპარსეთი) სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისდამი. VI ს-ის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის).
ვახტანგ მეფეს „ტფილისი“, პატარა იერუსალიმად ჰქონდა ჩაფიქრებული. ამიტომაც გვაქვს აქ უძველესი, იმ სახელის მქონე ეკლესიები, რომლებიც იერუსალიმში იყო: თაბორის, ფერისცვალების, ღმრთისმშობლის, და ბეთლემისა. პ. იოსელიანის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა მომავალი დედაქალაქის სულიერ საძირკველად, იერუსალიმის მსგავსად, ოთხი ეკლესიის ადგილი მონიშნა: გეთსემანია - მეტეხის კლდე, გოლგოთა - წმინდა ჯვრის ეკლესიის ადგილი (ჯვრის მამა), ბეთლემი - ნარიყალას კლდოვანი ფერდი და სიონი - მდინარე მტკვრის მარჯვენა კბოდე (V ს-ის 60-იან წლებს უკავშირდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე თბილისის სიონი იყო). ამ დროიდან მაცხოვრის, წმ. ჯვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრები საქართველოს დედაქალაქის სულიერ ზღუდედ აღიმართნენ (კლდისუბნის ეკლესიაში არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გამოაჩინა ვახტანგ გორგასლის დროინდელი ეკლესიის ნაშთები). ასე ჩაუყარა საფუძველი თბილისს ვახტანგ გორგასალმა (მან აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად) და ისტორიკოს მოსე ჯანაშვილის ცნობით, მისი მფარველობა შეავედრა მიქაელ მთავარანგელოზს, რადგან პირველი საკათედრო ტაძარი მეფეს წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე აუგია. ეს ტაძარი 1398 წ. საძირკვლამდე დაანგრია თემურ ლენგმა. თუ რამხელა იყო იგი, მიუთითებს ის ფაქტი, რომ მისი ნარჩენებისაგან სამი ეკლესია აიგო: იოანე ნათლისმცემლისა, ხარებისა და წმინდა გიორგის სახელობის კარის ეკლესია (ეს ეკლესია აიგო ამ საკათედრო ტაძრის ადგილზე). წმინდა ვახტანგი არა მარტო აშენებდა ეკლესია-მონასტრებს, არამედ სწავლა-განათლებაზეც ზრუნავდა და ყოველ მონასტერთან სკოლას მართავდა, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო-წერილს, საქართველოს ისტორიასა და ზოგ უცხო ენასაც.
სპარსთა მეფის დასახმარებლად და ბერძენთაგან მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნების იმედით ვახტანგმა ბიზანტიელებთან საბრძოლველად „მოუწოდა სპათა თჳსთა“ და 200.000-იანი ლაშქრით, რომელსაც შეუერთდა ბიძამისი, რანის ერისთავი ვარაზ-ბაკური, „ადარბადაგანისა, რანისა და მოვაკანთა“ 200.000-იანი ლაშქრით, სომხეთის გავლით გაემართა საბერძნეთისაკენ. სომხეთში შეუერთდნენ ერისთავები ლაშქრით და მიადგნენ ციხე-ქალაქსა კარახპოლას (იგივე „კარინი“//„თეოდოსიუპოლი“ - დღ. ქალაქი „ერზრუმი“ თურქეთში), მაგრამ ვერ დაიპყრეს. მაშინ იქ ორი ერისთავი დატოვეს 12.000 მხედრით. წავიდა ვახტანგი პონტოს და გზად მოაოხრა სამი ქალაქი: ანძორეთი, ეკლეცი (ქ. ერზინჯანი თურქეთში) და „დასტერი“. მიადგნენ „პონტო-ქალაქსა დიდსა ზღჳს კიდესა“ (დღ. ქალაქი „ტრაბზონი“ თურქეთში), ალყა შემოარტყეს და ებრძოდნენ სამი თვე. სპარსელთა მარბიელი ლაშქარი კონსტანტინეს ქალაქამდე (ქალაქი „კონსტანტინე“, იგივე (ტელლა) - ჩრდ. მესოპოტამიიაში, სირიული ოსროენის აღმოსავლეთ პერიფერიაზე მდებარეობდა. „ედესის ქრონიკაში“ (VI ს) დაცული ერთ-ერთი ცნობით - ახ. წ. 350 წელს იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ვაჟმა კონსტანტინემ „ააშენა ქალაქი ტელლა“, რის გამოც მისი სახელი დაერქვა ქალაქს) ჩადიოდა, გამხეცებული მეომრები ეკლესიებს აოხრებდნენ და მის მსახურებს ხოცავდნენ. ეს რომ ვახტანგ მეფემ შეიტყო, ძლიერ დამწუხრდა და სომხებსა და სპარსელებს ამცნო, რომ ღმრთისმსახურნი კი არ დაეხოცათ, არამედ დაეტყვევებინათ და უთხრა მათ: მამაჩემის დიდი პაპა მეფე მირიანი, როდესაც თავის ძმისწულს, სპარსთა მეფეს გაჰყვა საბერძნეთში საბრძოლველად, მაშინაც ასე ხოცავდნენ ეკლესიის მსახურებსა და მონაზვნებს და სამარცხვინოდ დამარცხდნენ, და იმ დროიდან ბერძნებმა, ჩვენ ქართველებს, წაგვართვეს მიწები პონტოს (შავი) ზღვის აღმოსავლეთით, და ერთმანეთს შეებრძოლენ ანძიანძორში (ნაზიანზში), სადაც ამჟამად არის საფლავი დიდი მოძღვრისა გრიგოლისა (ღმრთისმეტყველისა) და აქედან უკუნიქცნენ ჩვენი მეფენი. ნუთუ არ გსმენიათ ის სასწაული, როდესაც კონსტანტინე მეფეს ზეცაში ჯუარი გამოუჩნდა და ჯვრის წარძღვანებით სძლია მოწინააღმდეგეს. შემდეგ ვახტანგმა სომხებს შეახსენა თავისი ეკლესიის ისტორია და უთხრა: თქუენ, სომხეთის მკვიდრთა არშაკუნიანთა, და პიტიახშთა ბივრიტიანთა არ გახსოვთ გრიგორ პართეველის საქმეები? როდესაც მისი მოწინააღმდეგე თრდატ მეფე არშაკუნიანი ტახად გადაიქცა, გრიგორმა მოაქცია იგი, განკურნა და „მიერითგან იქცა იგი მუშაკ ეკლესიათა და ეკლესია დიდი აღაშენა თრდატ ზურგითა თჳსითა“. ვახტანგმა ყველას მოუთხრო შინაარსი ნებროთის იმ წიგნისა, რომელიც დაფარულად ჰქონდათ ქართველ მეფეებს და რომლის გათვალიწინებითაც შეიწყნარა მეფე მირიანმა „სახარებაჲ ქრისტჱსი ნინოჲს მიერ“. და ასე მიმართა თავის მოლაშქრეებს: „ხოლო თქუენ, მკვიდრნო ქართლისანო! „რომელთა იხილეთ სასწაულნი, რომელნი ქმნა ნინო“, ნუთუ გგონიათ, რომ ბერძნები გაწირა ღმერთმან? ჩვენი ქვეყნის უმეტესი ნაწილიც მათ მიერ არ არის მიტაცებული და მათთავე ქვეყანასა შეერთებული? „აწ უკუე ყოველნი ნათესავნი უფალსა ღმერთსა მსახურებდით და დასცხერით ვნებათაგან ეკლესიისათა... ხოლო ჩუენ ვართ სჯულსა ზედა ბერძენთასა აღმსარებელ ქრისტჱსა, რომელ არს ღმერთი ჭეშმარიტი ყოველთა“. ეს რომ წარმოსთქვა, ტყვეები გაათავისუფლა და ეკლესიის მსახურებსა და მოწესეთ (სამღვდელოებას) შეუთვალა, რომ სამალავებიდან გამოსულიყვნენ. მაშინ გამოვიდა „ქუაბთაგან და მთათაგან“ მრავალი მღვდელი, დიაკონი, ბერი და მონაზონი და მათთან იყო ორი კაცი: პეტრე მღვდელი, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც მისი საფლავის ეკლესიაში მღვდლობდა (453-456 წლებში პეტრე მღვდელი იყო კაბადოკია-ქალკედონში) და სამოელ მონაზონი. ისინი წარუდგნენ ვახტანგს ტყვეთა განთავისუფლებისათვის და ღმრთისმსახურთა შეწყალებისათვის მადლობის გადასახდელად, და როცა ლოცვა წარმოსთქვეს, სათნო-ეყო მეფეს და უბრძანა შემოსვლა ყოველთა ტყვეთა და მოწესეთა. უძლურთა სახედრები მისცა, ხოლო ჭაბუკთა სამ-სამი დრაჰკანი და გაისტუმრა. პეტრე მღვდელი და სამოელ დიაკონი თავისთან დაიტოვა და ჰკითხა: სათნო-ეყო ღმერთს რაც გავაკეთე, როდესაც ეკლესიები დავიცავი და ტყვეები გავათავისუფლეო? - პეტრემ უპასუხა: სიმართლე გითხრა, თუ სიცრუით ქება-დიდება მოგიძღვნაო? - მეფემ უთხრა: მხილებას არ დავეძებ, ოღონდაც სივრუეს განვეშოროო. მაშინ პეტრემ მტკიცედ მიუგო: ეკლესიანი ხორცთანი უფრო მეტია უფლის წინაშე, ვიდრე ქვის ეკლესიები, რომელნიც როდესმე დაირღვევიან და ამავე ქვებით კვლავ ააშენებენ, ხოლო ეკლესიანი ხორცთანი როცა დაირღვევიან, ვერავინ შეძლებს მათ განკურნებას, ვერც მკურნალი და ვერც მეფე, და შენ და შენს მოლაშქრეებს რამდენი მართალი კაცი მოგიკლავთ! მე მსურს შენი აღდგინება, რათა არ იყო იმ კაცთა მსგავსი, რომელნიც მარჯვენით აგებენ, ხოლო მარცხენით აღღვევენ და არც ისეთი, რომელნიც პირით აკურთხებენ და გულით სწყევლიან და აგინებენ. არამედ იყო როგორც კეთილხსენებული მეფეები, რომლებმაც დაიპყრეს სოფელი და არც სასუფეველს განეშორნენ: დავითი, სოლომონი და კონსტანტინე. ამიერიდან მოგაგოს ღმერთმა თუ არ შეინანებ. „მნებავს გამართლება თავისა ჩემისა - უპასუხა მეფემ - ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე უმსჯავროებასა ჩემსა“. მაშინ უთხრა მამა პეტრემ - არა უმეცრებამ აღგძრა „ძეთა ზედა ღმრთისათა“ საბრძოლველად, არამედ ნათესავთა შენთა მისაშველებლად აღიძარ, მაგრამ შენ იცი, რომ ბერძენნი ღმრთის ნათესავნი არიან იმ აღთქმის გამო, „რაჟამს უწოდა მათ შჳლად ღმრთისა და მოსცა მათ ბეჭედი, რომლითა შემუსრა ჯოჯოხეთი და არს იგი ჯუარი?. რქუა მეფემან: აწ რაჲ გნებავს შენ?“. პეტრემ უპასუხა: მნებავს, რათა შენ მიერ აღგზნებული ეს ცეცხლი შენვე დაშრიტო და იყო მეგობარი კეისრისა, როგორც დღემდე იყავი სპარსელებისა. მაშინ ვახტანგმა უთხრა ღმრთისმსახურებს: მნებავს, რომ ამ ღამეს თქვენი ლოცვის ძალით მეჩვენოს ჩემი და კეისრის შეკრება და რომ ჩვენს შორის სიყვარულის დამყარებაზე უნდა იყოს მსჯელობა, რათა ვცნო მე, რომ ქრისტეს სურს შენ მიერ ჩემდამი შემოთავაზებულიო. პეტრე მღვდელი შეშფოთდა და უთხრა: კაცნი ვართ ცოდვილნი და გვეშინია, რომ ასეთი თხოვნა კადნიერებად და სილაღედ არ ჩაგვითვალოს უფალმა, რადგან ასეთი ლოცვა ხელეწიფება მხოლოდ „ქუეყანისა ანგელოზებსა და ზეცისა კაცებს“ - დაყუდებულ, რჩეულ ბერებს და დრო მომეცი, რომ წავიდე და ვევედრო მათ და უთხრა შენი ბრძანება, რათა მათი ლოცვით აღესრულოს შენი განზრახული. სამოელი კი შეეკამათა: სიმდაბლე კარგია, პეტრე, მაგრამ შეიძლება ამით დაბრკოლდეს მცირედ მორწმუნენი. შენ, მეფეო, შენი სარწმუნოებით შეგვეწიე და ღმერთმან გამოაჩინოს შენი ნება. მეფემ ილოცა და დაწვა. როგორც კი მიერულა, წარმოუდგა წმინდა ნინო და უთხრა: აღდეგ, მეფეო, და მოკრძალებით მიეგებე, რადგანაც ორი მეფე: ზეცისა და ქვეყანისა მოვიდენ შენთან. და როდესაც მიიხედა, დაინახა ქალაქ კონსტანტინოპოლში მდგარი ორი ტახტი. ერთ ტახტზე დაბრძანებული იყო საჭურველით აღჭურვილი გჳრგჳნოსანი ჭაბუკი და მეორეზე სპეტაკ სამოსში შემოსილი მოხუცებული, რომელსაც თავზე ედგა არა ოქროს, არამედ ნათლის გვირგვინი, ხოლო ფეხებთან ეჯდა წმინდა ნინო. ვახტანგის მარჯვენა ხელი კი ეპყრა პეტრე მღვდელს და მარცხენა ხელი სამოელ მონაზონს. მაშინ თქვა სამოელმა: „შეუვრდი პირველად დიდსა მას მთავარსა ზეცისასა გრიგოლის“. როდესაც ვახტანგმა თაყვანისცა, წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყუელმა მკაცრად უთხრა: ეს რა ბოროტება ჩაიდინე, კაცო, რამეთუ მოაოხრე ჩემი ბანაკი, მხეცებს შეაჭამე ჩემი საცხოვარი. ეგ ორნი რომ არა, რომლებიც გვერდით გიდგანან და ეს სათნო დედაკაცი, რომელიც მარად იღვწის მარიამთან ერთად თქვენთვის - შურს ვიძიებდი შენზე ისე, როგორც შენს წინაპრებზე, რომლებიც ცეცხლს თაყვანისცემდენ და „არა ბრწყინვალებასა განმანათლებელსა ყოველთასა“. და ეპისკოპოსმა ხელი გაუწოდა ვახტანგს. მეფემაც ამბორს უყო. მაშინ ხელი მოჰკიდა ნათლის გვირგვინს წმ. გრიგოლმა და ისეთივე გვირგვინი მისცა ვახტანგს და უთხრა: დაადგი ეგ პეტრეს. აიღო პეტრემ თავის გვირგვინზე მომცრო გვრგვინი და დაადგა სამოელს. წმ. ნინომ უთხრა ვახტანგს: ახლა მიდი მეფესთან და მიიღე შენი საბოძვარიო. ვახტანგი მივიდა გჳრგჳნოსან მეფესთან, ეამბორნენ ერთმანეთს და მანაც ადგილი მისცა ტახტზე თავის გვერდით. მისცა ბეჭედი თავისი ხელიდან, რომელსაც ჰქონდა ფრიად ნათელი თვალი და უთხრა: თუ გნებავს გვირგვინი, აღუთქვი მას, ვინც ჩვენს წინ დგას, რომ შეებრძოლები მის მტრებს და მიიღე მისგან გვირგვინი. მოიხედა ვახტანგმა და იხილა ჯვარი, რომელსაც ფრთებზე ჰქონდა გვირგვინი, ჯვრის ხილვამ შეაძრწუნა და დადუმდა. აღდგა წმინდა ნინო, გაიხედა პეტრესა და სამოელისკენ და ერთხმად თქვეს: ჩვენ ვართ თავსმდები, რომ ყველაზე უფრო მეტად შეასრულებსო. მაშინ მეფემ აიღო ჯვარისაგან გვირგვინი და ვახტანგს დაადგა. უკან გამოსვლისას შეეხმიანა ეპისკოპოსი სამგზის: ვახტანგ, ვახტანგ! უმეტესად მორწმუნე იქნები შენ სპარსთა შორის. შემდეგ მეორედ მიმართა: აშენდებიან შენგან ეკლესიები და განეწესებიან ეპისკოპოსები და ეპისკოპოსთა მთავარი, ხოლო მესამედ უთხრა: წამების გვირგვინსაც მიიღებო. გამოვიდა ვახტანგი და უხმო ძილშივე მამა პეტრესა და სამოელს, და მოუთხრობდა ჩვენებას, ხოლო ისინი უხსნიდნენ: ტახტზე, რომელი იხილე, ნათლის გვირგვინოსანი, არის დიდი მოძღვარი გრიგოლ ღმრთისმეტყველი და რაც მომეცა მისი გვირგვინისაგან, ის იყო, რომ მომეცა ეპისკოპოსთა მთავრობა, ხოლო რაც მივეცი ჩვენი გვირგვინისაგან სამოელს, ის არის, რომ ჩემგან მიეცემა ეპისკოპოსობა. ოქროს გვირგვინოსანი კი იყო კეისარი. ბეჭედი, რომელიც მოგცა, ის არის, რომ თავის ასულს მოგცემს ცოლად და ყოველი საზღვარი ქართლისა, მისგან მიტაცებული, დაგიბრუნდება. გვირგვინი, რომელიც ჯვარისაგან მოგეცა, ის არის, რომ დიდ ღვაწლს გადაიხდი ჯვრის შეწევნით, ხოლო ჩვენი მოძღვარი სამგზის რომ შეგეხმიანა, სამი სიმდიდრე მოითხოვა შენთვის ღმრთისაგან და შენ მიერ დაემტკიცება ქართლს ჭეშმარიტება კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან, სძლევ შენს მტრებს შენს აღსრულებამდე, ხოლო აღსრულებისას წამების გვირგვინს მიიღებ ბრძოლისას და მტრებს ხელში არ ჩაუვარდები. ყოველივე აღსრულდება შენს სიბერემდე და დაუძლურებამდეო. როგორც კი გაიღვიძა, ვახტანგ მეფემ მადლობა შეწირა ღმერთს, პეტრესა და სამოელს მოუხმო და ჰკითხა: რა იხილეთ? ხოლო მათ უთხრეს: ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით ვიდექით, როდესაც შენ ტახტზე დაბრძანებული კეისრისა და გრიგოლ ღმრთისმეტყველის წინაშე წარსდეგი, თქვენი განმანათლებელი ნინო კი ამშვიდებდა განრისხებულ მოძღვარსო. მაშინ უთხრა მეფემ მათ: დადუმდით, წმინდანებო, ჩემთან ერთად გიხილავთ ყოველივე. აწ რა უყოთ ამ ქალაქს, ან რა უყოთ ამდენ ტყვეს? სწრაფად აცნობეთ კეისარს, რომ სპარსთა მეფე წამოსულია ჯაზირეთიდან, გამოიარა ფილისტიმი და კუალში უდგას კეისარს, რომელმაც მოაოხრა სპარსთა ქვეყანა, სპარსთა მეფემ კი ვერ სძლია მას. როდესაც კეისარმა შეიტყო, რომ ჩვენ მოვედით სპარსელების დასახმარებლად, გამოეშურა ჩვენთან საბრძოლველად. ახლა კი სპარსთა მეფე მოდის ჩვენს დასახმარებლად, რომელიც სომხეთისა და ქართლის ლაშქარზე უმრავლესია. არავინ არის ჩვენ შორის ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელიც დანერგა ჩუენმა დიდმა მამამ მირიანმა, ანდა თრდატმა, დედით ნათესავმა ჩემმა. ამათი (სპარსთა) სარწმუნოება კი ვიცით, რომ სავსე არის საცთურით. ჩემი გამოცხადების ამბავი რომ შეიტყოს, ბიძაჩემი ძალიან განრისხდება და ერთმანეთთან შებრძოლების შემთხვევაში გავხდებით ყველას დასაცინიო. ამისთვის ასე ვქნათ: როდესაც დესპანი მოვა და კეისრის მოსვლას მაუწყებს, ჩვენ უკან განვდგებით. მასაც ვაუწყოთ, როდესაც მოგვიახლოვდება ჩვენ კეისარი, მაშინ „ვითარცა იზრახოს სიწმიდემან შენმან, ეგრეთ ვყოთ და არცა ერთი ტყუეთა მისთაგანი დააკლდეს“.
პეტრე მღვდელი სასწრაფოდ კეისართან წავიდა, ხოლო სამოელ მონაზონი ვახტანგ მეფესთან დარჩა. მეორე დღეს, როდესაც დესპანი მოვიდა და მეფეს აუწყა, რომ ბერძენთა ლაშქარი კონსტანტინეპოლში შემოვიდა, მან ბიძამისი და სხვა მოკავშირეები შეკრიბა და უთხრა: ბერძნებს მრავალრიცხოვანი სპა ჰყავთ, ბრძოლისას მარჯვე არიან და ზღვაზე ნავებით ბრძოლაშიც გამოცდილნი. „ესერა შევიდნენ ისინი სპარსეთს, ქვეყანასა გმირთა და გოლიათთასა, და მათ ვერ უძლეს წყობად“. მეშინია, არ მოვიდნენ ზღვით, გზა არ მოგვიჭრან და არ ამოგვხოცონ, როგორც ბაკში შეწყვდეული. ავყაროთ ლაშქარი და ზღვის სამხრეთით დავიბანაკოთ, რათა გვქონდეს გზა ჭირისა და ლხინისა. მაშინ მოხსნეს ქალაქს ალყა და დაიბანაკეს იქიდან ხუთი დღის სავალზე, სპერის სიახლოვეს. სიკვდილს მიწევნულმა ქალაქის მკვიდრთა სამადლობელოდ ძღვენი: ათასი ლიტრა ოქრო და ხუთასი თავი სტავრა გაუგზავნეს მეფე ვახტანგს და გავიდნენ სავაჭროდ და სხვა საჭიროებისათვის.
პეტრე მღვდელი კი ლეონ კეისართან მივიდა და ყველაფერი უამბო, მანაც ფრიად გაიხარა და რაც ჩვენებაში იხილეს, ყველაფრის ნება დართო, შემდეგ უკან წარმოავლინა, და მეფე ვახტანგს ფიცით აღუთქვა, რომ მისი მეფობის თანასწორად ჩათვლიდა, თუ გაერთიანდებოდენ, რადგან ამ შემთხვევაში სპარსელებს ადვილად დაამარცხებდნენ. მაგრამ სანამ პეტრე კეისარს ეახლებოდა, მანამდე წარმოავლინა კეისარმა თავის დისწული, ძლიერი სპასპეტი პოლიკარპოს ლოღოთელი, და ხუთასი ხომალდი ხუთას-ხუთასი ჯარისკაცით და უბრძანა, რათა მიახლოვებოდენ ვახტანგის სპას და დამდგარიყვნენ უბრძოლველად. ვახტანგთან ფარულად დაზავებული კეისარი გამოემართა პონტოს გზით 800.000 კაცით და როცა მოვიდა ზღვით მოსული სპა, სპარსელებს უნდოდათ მათ წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო ვახტანგი აჩერებდათ „საღმრთო ჩვენებისა გამო“.
კეისრის მოციქულები და პეტრე მღვდელი ვახტანგ მეფესთან რომ მოვი-დნენ, საიდუმლო სათქმელიც ჰქონდათ და საყოველთაოდ სათქმელიც. სხვათა გასაგონად უთხრეს: მეფეო, ნუ ილტვი, რათა სპარსნი, რომელიც შენთან არიან და სპარსეთში შესვლის დროს გადაგვირჩნენ, ახლა უნდა ამოვწყვიტოთო. ხოლო საიდუმლოდ მოართვეს მას ჯვარი, გვირგვინი და ძვირფასი შესამოსელი და შემოუთვალა, რომ თუ შეკავშირდებოდნენ, მისცემდა თუხარისს და ქართლის საზღვრებს. მაშინ სხვათა დასანახად შეუთვალა ვახტანგმა კეისარს: ჩვენ სხვა საქმისათვის არ მოვსულვართ აქ, არამედ შენთან ბრძოლისათვის, ხოლო შენ თუ არ მოხვალ აქ, ჩვენ წამოვალთ კონსტანტინოპოლზეო. ფარულად კი ეს შეუთვალა: რაც არ შვენის შენს ღმრთისმოყვარებას და რასაც შენ არ ჩაიდენ, სხვასაც ნუ უბიძგებო, რადგან ღალატი არ არის პატიოსანი კაცის ხელობაო. თუ ახლა მოგცემ შენ დასამარცხებლად სპარსელებს, ჩემი სახელი ხომ გაცრუვდება? და ზოგიერთ მათგანს ჩვენზე უმეტესი სარწმუნოება და სიყვარული აქვს ქრისტესი, მაგრამ შიშისათვის მათისა ვერ განა-ცხადებენ. შენ ბრძანე, რომ ჩვენი საქმე მშვიდობით დავასრულოთო და იმის შემდეგ რაც ეს საქმე გადაწყდება, უფრო უმჯობესად მოგემხრობი სპარსელთა წინააღმდეგ. ახლა თქვენი ლაშქარი განლაღებულია მოპოვებული გამარჯვებებით, სპარსნი კი სულაც არ არიან შეშინებულნი, არამედ ბრძოლა და შურისძიება სურთ თქვენზე და სისხლი სწყურიათ. ამიტომაც შენი ლაშქარი თუ გადმოვა საბრძოლველად მე უბრალო ვარ ამ საქმეშიო. შემდგომ დესპანებად გაგზავნა ვარაზ-მიჰრი, „მამამძუძისა მისისა ძმაჲ“ და სამოელ მონაზონი. კეისარი კი როდესაც პონტოს მივიდა, პონტოელები გამოეგებნენ, აქებდენ ვახტანგს, რადგან ალყა მოხსნა და სასიკვდილოდ არ გაწირა ისინი. ამ დროს მივიდნენ ვახტანგის დესპანები და მიართვეს კეისარს ძღვენი: მუშკი, ანბარი და ალვა.
იმ ხანად ვახტანგის მეომრები საალაფოდ იყვნენ გასულები და „მიეტევნეს მათ მკვირცხლნი ბერძენნი, და მათ თანა შეკრებულნი ჴევთა და ქალაქთა მჴედარნი, ვითარ სამასი ათასი“. ვახტანგ მეფე კი აჩერებდა სპათა მათ მეალაფეთა და უშლიდა ბრძოლაში ჩაბმას, სანამ არ მოვარდა რანისა ერისთავი, დედამისის ძმა, ვარაზ-ბაკური, ჯვარცმულს შეურაცხყოფდა და ვახტანგს რისხვით ეტყოდა : ჰოჲ, გველო და ასპიტთა ნათესავო! არ იცი, რომ მამაშენის დედა ბერძენი იყო? გძლია შენ ბუნებამან მამის-დედეულმან შენმან, რადგან „სიყვარული ჯვარცმულისა მის კაცისა მომკუდარისა გიპყრიეს და ამიტომ არა გნებავს ბრძოლაჲ, არამედ შეყენება ჩვენი ხელსა ბერძენთასა“. მაშინ ვახტანგმა უპასუხა: „აჰა, შენ და ბერძენნი, და იხილო ძალი ჯვარცმულისა და ცოცხალისა სასოჲსა შენისა (ანუ იმ ცოცხალისაც, ვისი იმედიცა გაქვსო)“. დასცეს საყვირი და საბრძოლველად გავიდნენ სომხები, სპარსნი, და მეფე დარუბანდისა, ხოლო ვახტანგი თავის სპასთან ერთად ბრძოლას შორიდან ადევნებდა თვალს.
შეებნენ სპარსელები ბერძნებს. თვით სპასპეტმა პოლიკარპოსმა მოკლა რანის ერისთავი ვარზ-ბაკური და ამოწყვიტა მისი ლაშქარი. მოკლეს იპაჯიჯ, ლეკთა მეფე, მრავალნი ერისმთავარნი და სძლიეს აღმოსავლეთის ლაშქარს. ამის შემდეგ, ბერძენთა სპასალარი აღარ მოერიდა ვახტანგ მეფესაც და კეისრის უკითხავად იერიში მიიტანა ქართველებზე. ბრძოლის წინ მეფემ ჯვარი მოიტანინა პეტრე მღვდელს და ყველას უბრძანა, მთხვეოდნენ მას, ხოლო „რომელმან არა თაყუანი-სცეს ჯუარსა, მოკუდეს“ - გამოაცხადა. შემდეგ დემეტრე ერისთავსა და ჯუანშერ სპასპეტს უბრძანა მიჰყოლოდნენ მას. მოდიოდა „ყოველი ერი და თაყვანისცემდეს, და დადგებოდეს წინაშე ჯუარსა“, ხოლო ბორზო მოვაკანელმა მთავარმა (მეფემ) თქვა: „არა დაუტეობ ნათელსა შემწუელსა (ცეცხლს), და არა თაყუნისვსცემ ძელსა, რომელი განშუენებული არს ოქროჲთა და ანთრაკითა“. მაშინ დასცა ლახვარი ჯუანშერ სპასპეტმა და „დაეცა მძორი მისი. მიერითგან არღარავინ იკადრა გმობად ჯუარისა“, არამედ ყოველთა (ცეცხლთაყვანისმცემლებმა) თაყვანი-სცეს ჯვარს; და უთხრეს მეფეს: თუ შეგვეწევა ჩვენ ჯვარი, ჯვარცმულის გარდა სხვა ღმერთს აღარ ვაღიარებთო. გადამოხდა მეფე ცხენიდან და თაყვანი-სცა ჯვარს და „ყოველმან ერმან მის თანა“. შემდგომ უფალს შეჰღაღადა: „აჩუენე ძალი შენი ერსა შენსა ურწმუნოსა, რაჲთა მოიყუანე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო, ხოლო მორწმუნენი შენნი, დაღაცათუ მოკუდენ, არამედ ცოცხალ არიან, და ცხოველნი შენნი შენ ცხოველისაგან ძლიერ არიან“. ამ დროს ელვასავით მოიჭრა ბერძენთა ლაშქარი, ხოლო პოლიკარპოსი, „ვითარცა მგელი სისხლითა აღმოსვრილი და ვითარცა ლომი განძჳნებული მოიზახდა და შეურაცხ-ყოფდა სპათა მათ“, და ჯვრის მხილველიც კი არ ივლტოდა მისგან. ეს რომ იხილა მეფე ვახტანგმა, უთხრა თავის ლაშქარს: ვის სურს მასთან შებრძოლება? მაგრამ ვერავინ გაბედა გასვლა. მაშინ ვახტანგმა თქვა: „მომეც ძალი ვითარცა დავითს გოლიათსა ზედა, რადგან ესეც შეურაცხებით მოუხდა ჯუარსა შენსა, რაჟამს იხილა ჯუარი აღმართებული ძალად ჩუენდა“. შემდგომ კი ღაღადყო: „იხილი, ღმერთო, ამპარტავანი და დაამდაბლი; კუალად იხილი ჭირვეული და იჴსენი“. დიდია შენ მიერ მოცემული ძალა, რომლითაც ვსძლევ, მაგრამ მე მეშინია შენი, რადგან „მდაბალთა ჴმანი ისმინნი და შენ გხადი შემწედ ჩემდა“. შემდეგ ამოიღო მახვილი, შეახო ჯვარს, და საბრძოლველად გასულმა მიმართა ბერძენთა სარდალს: ლომი ხარს არ ებრძოლება, რადგან მე მეფე ვარ და შენ ქვეშევრდომი, მაგრამ მე თავს დავიმდაბლებ ჩემი ერისათვის, რათა ჯვრის ძალა საბოლოოდ ირწმუნონო. იმ წამსვე შემოუტია პოლიკარპოსმა და სასტიკად ეკვეთნენ ერთმანეთს. „აღიზახეს ორთავე... ჴმითა საშინელითა, და იყო ჴმაჲ იგი ვითარცა ჴმაჲ ქუხილისაჲ, რომლითა შეიძრა ქვეყანა. დასცა პოლიკარპოსმა მეფის ფარს კაცის მკლავის სიმსხო ლახვარი და მეორე მხარეს გაახედა. ვახტანგმა გაუშვა ფარს ხელი, პირისპირ შეება და ბეჭამდე ხმლით გაუპო თავი. ამის შემდეგ შეტევაზე სწრაფად გადავიდა ქართველთა ლაშქარი, ბერძნები ზღვის სანაპიროზე მიიმწყვდიეს და მრავალნიც მოწყვიდეს. ზოგიერთებმა ნავებით გაქცევა მოახერხეს. იმ დღეს ვახტანგის ლაშქრიდან მოწყდა 43.000 მეომარი და ბერძენთა ლაშქრიდან 72.000 მეომარი, ხოლო ტყვედ აიყვანეს 125.000 მეომარი. უკან რომ დაბრუნდნენ, ბრძოლის ველზე მონახეს ვახტანგის ბიძა, ვარაზ-ბაკური, იგლოვეს, შემურეს საბრითა და მურით და მისი გვამი ბარდავში გააგზავნეს. ბრძოლის შემდეგ ვახტანგმა ლაშქარს მოუწოდა, მოაყვანინა ტყვეები (ქალი და კაცი სულ 780.000) და ნერსე და ადარნასე ერისთავთა ხელით წარუგზავნა პონტოში კეისარს და წერილიც მიწერა: „სიბრძნე ღმრთისაჲ მიუწვდომელ არს და სიბრძნესა კაცთსა და ნებასა სძლევს ნებაჲ ღმრთისაჲ“. მე ვიცი, რომ შენ არ გსურდა ის, რაც ჩაიდინა პოლიკარპოსმა, და არც მე მსურდა ის, რაც ბიძაჩემმა ქმნა, და „ორნივე ესე ძჳრის-მოქმედნი ძჳრმანვე მოინადირა, ხოლო თქუენ (ბერძნები) პირმშონი შვილნი ხართ ღმრთისანი და მარადის მისნი ხართ“. ბიძაჩემის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება მისი მკვლელის მოკვლით დავაამე, ხოლო თქვენ ნუგეშინისგეცით 780.000 კაცის ხსნითო და შეხვედრა სთხოვა.
მეფე ვახტანგისაგან გაგზავნილი დესპანების მისვლამდე ფრიად მწუხარე იყო ლეონ კეისარი, მაგრამ როდესაც მოახსენეს, რომ ძველად დატყვევებულნიცა და ქალაქის მაცხოვრებლებიც ყველა უვნებლად გაუშვაო, გაიხარა, ნავში ჩაჯდა, ზღვის ნაპირზე გამოვიდა და ვახტანგ მეფეს მოუწოდა. ისიც მივიდა და კატეგორიულად მოითხოვა ყველა ქართული მიწა-წყალი, რომელიც აქამდე უკანონოდ ეპყრა ბიზანტიას. იმპერატორი დათანხმდა საქართველოს შეერთებოდა ტაო-კლარჯეთი, ციხე თუხარისი და ტერიტორიები შავი ზღვიდან სამხრეთით არსიანამდე, ძველი პონტოურ-ქართული სამფლობელოები. კეისარმა მხოლოდ აფხაზეთის საკითხზე სცადა შესწორების შეტანა ვახტანგის მოთხოვნაში. კერძოდ, ეგრის წყლიდან (ენგურიდან) კლისურამდე (კელასურამდე) აფხაზთა მიწას ჩემის სახელი ერქვას და, თუ ჩემს ასულს ცოლად შეირთავ, აღნიშნულ მიწებს მზითვად გამოვატანო, ხოლო დანარჩენი აფხაზეთი, კლისურიდან ჯიქეთამდე, ბიზანტიას უნდა დაუბრუნდესო. შეთანხმდნენ და ზავი დაიდო. ვახტანგმა და კეისარმა ლეონმა ერთმანეთს გაუცვალეს ტერიტორიები, კერძოდ, ჯერ კიდევ ვარაზ-ბაქარის დროს საბერძნეთის მიერ მიტაცებული კლარჯეთისა და მის მიმდებარე მიწების დაბრუნებას ვახტანგ მეფე ძალიან ცდილობდა. პონტოში საზავო მოლაპარაკებებისას იბერიას დაუბრუნდა ეს ტერიტორიები, ხოლო საბერძნეთს აფხაზეთი. სამოყვრო პირობაც გარიგდა: ვახტანგი ცოლად შეირთავდა კეისრის ასულს და აფხაზეთის ერთი ნაწილი ეგრისწყლიდან კლისურამდე მზითვის სახით შეუერთდებოდა იბერიას.
წამოვიდა ვახტანგი კლარჯეთის გზით და ლაშქარი გააგზავნა სომხეთის გზით. მივიდა თუხარისში, მოეწონა ციხე და თქვა: „ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე“ და ეს სახელი დაარქვა. გააგრძელა გზა და შუა კლარჯეთში იხილა კლდე და სოფელი, რომელსაც ერქვა არტანუჯი. მოუწოდა არტავაზს, თავის ძუძუმტეს, დაადგინა ერისთავად და უბრძანა არტანუჯის ციხის აგება, ხოლო სადმე სამონასტრე ადგილზე ეკლესიის აშენება, და მათ მიერ საბერძნეთში ნანახი მონასტრების ყაიდაზე მოწყობა. თან დაამატა: თუ სპარსელები გვძლევენ, თავს აქ შევაფარებთო. არტავაზმა ააშენა არტანუჯის ციხე, ოპიზის მონასტერი და სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობნისა და ახიზისა. განაახლა ახიზის ძველი ციხე და რომელსაც დიდი ქვაბული მიუმატა სადგომად და თავშესაფრად.
მცხეთაში მისულ გორგასალს დიდი ზარ-ზეიმით დახვდა სატახტო ქალაქი. ერი და ბერი ღმერთს მადლობდა მისი მშვიდობიანი დაბრუნებისათვის. მანაც უხვად დაასაჩუქრა თავისი ერი.
სპარსეთის მეფე ჰორმიზდ III ჩრდილოეთ სირიაში იდგა და მოუთმენელად ელოდა კონსტანტინოპოლის იმპერატორისა და ქართველი მეფის შეხვედრის შედეგს. მას იმედი ჰქონდა, რომ დაზავება არ შედგებოდა, ქართველები და ბიზანტიელები ერთმანეთს შეაწყდებოდნენ, და ამით სპარსეთს გააძლიერებდნენ, ხოლო როდესაც მათი შეკავშირება შეიტყო, ჯავრით აღვსილი აიყარა, და სატახტო ქალაქ ქტესიფონში დაბრუნდა, სადაც, ჰუნების დახმარებით მოკლა თავისმა ძმამ, პეროზმა. სპარსეთის სამეფოს სასანიდთა დინასტიის მეჩვიდმეტე მეფე პეროზ I (459-484), დაეპატრონა. თავისი გამეფებიდან ცოტა ხნის შემდეგ პეროზმა ომი დაიწყო შუა აზიაში, ხოლო ქართველებზე ჯავრის საყრელად 3 წელი ემზადებოდა.
დაქვრივებულმა ვახტანგ მეფემ ვერც კეისრის ასულის ცოლად მოყვანისათვის მოიცალა და ვერც კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა, რადგან ბერძენთა შემოჭრას მოელოდა და მათთან საბრძოლველად ემზადებოდა. ამაგრებდა ძველსა და აგებდა ახალ ციხესიმაგრეებს, სჭედდა იარაღს, წვრთნიდა ლაშქარს, ამზადებდა ერს მტრის დასახვე-დრად. პირველ რიგში საპყრობილეში შეაგდო ბინაქარ-მაცთური და მოსრა და ქართლიდან განდევნა ცეცხლის თაყვანისმცემელნი (ადრექრისტიანულ ხანაში სპარსელთა ბატონობამ თბილისს თავისი კვალი დაამჩნია. ქართლის დედაქალაქში მართლმადიდებლური ტაძრების გვერდით მაზდეანთა ბომონი თანაარსებობდა. კლდისუბანში (გომის ქუჩა #3), აქამდეა შემორჩენილი ათეშგა („ათეშგაჰ - ცეცხლის ადგილი), ცეცხლის საგზებელი).
სპარსთა ურიცხვ მხედრობას წინ მოუძღოდა ახალგაზრდა შაჰინშაჰი პეროზი, მეგზურად ჰყავდათ ბინქარ მაცთური, რომელსაც მცხეთის საპყრობილედან გაქცევა მოეხერხებინა, თუმცა ქართლის საზღვარს, რომ მოუახლოვდნენ, მოულოდნელად მოკვდა.
ვახტანგ მეფემ სასწრაფოდ შეუთვალა კეისარს: „აჰა, ის დღე, რომელიც აღგითქვი, რომ სპარსელებს შემოვამწყვდევდი შენს ხელში. მოვიყვანე ისინი ქართლის შუა საზღვარზე 300.000 მხედრით. სპარსთა მეფე ფიქრობდა თავისი სპის განმრავლებას სომხეთისა და კავკასიის მეფეებისაგან, მაგრამ მათ ვერ გაბედეს მასთან შეერთება, რადგან ზოგიერთ მათგანს ჯვარცმულის სასოება ჰქონდა. ზოგიერთი კი ეშმაკმა შეაცდინა (დარუბანდელი მეფეები). მე აღვასრულე ჩემი აღთქმა და სადაც კი ვიპოვე ცეცხლის სახლი, დავშრიტე და მათი მოგვები და მზირები სატანჯველს მივეცი, ეპისკოპოსად დავსვი სარწმუნო კაცი. მაცთური ბინაქარი კი საპყრობილეში შევაგდე, მაგრამ სიკვდილის შიშით გაიპარა და სპარსელები მოიყვანა ქართლში. სასწრაფოდ გამოგზავნე შენი სპა, რათა აქ დასცეს ჯვრის ყველა მტერი, და შენც განთავისუფლდე მტერთაგან, რადგან თუ ჩვენ დავმარცხდებით, გაძლიერდებიან და შენს საზღვრებშიც შემოვლენ“ო. კეისარს არ ეცალა, რადგან ომი ჰქონდა ვანდალებთან, რომელიც მისი საზღვაო ძალების სრული განადგურებით დასრულდა.
ვახტანგმა გააძლიერა ქალაქების ციხეები, და რჩეულ მებრძოლებთან, 100.000 მხედართან და 100.000 ქვეითთან ერთად დაიბანაკა „დიღმიდან ქართლის კარამდე“ (არმაზამდე). მეფე და ჯუანშერ სპასპეტი დადგა მცხეთაში, ხოლო ნასრა და მირდატი დატოვა სომხითისა და ქართლის სპით არმაზში. „მაშინ მოვიდნენ სპარსნი და აღავსეს ქართლი სპითა სიმრავლითა და გარე მოიცვეს მცხეთა“. სპარსთა ლაშქარი რამდენიმე ნაწილად დაიყო და დაიბანაკეს ავჭალაში, ზოგნი ნაქულბაქევს, ზოგნი „ცხენისტერფის“ (დიდუბის) ქვემოთ და შიდა ქართლს. ერთმანეთს ებრძოდნენ არმაზსა და მცხეთაში ოთხი თვე და „იყო მათ შორის ბუმბერაზთა კუეთებანი“. რიცხვით სამჯერ მეტნი იყვნენ სპარსელები. ხან სპარსელები ჯობნიდენ და ხან ქართველები. ვახტანგ მეფეს ოქროს მუზარადი ეხურა, რომელზეც წინ მგელი და უკან ლომი იყო გამოსახული, ხოლო ბრძოლისას იქ გაჩნდებოდა, სადაც ქართველებს უჭირდათ და მედგრად იბრძოდა. ამიტომ „მგლისთავა“ გოლიათის დანახვაზე, ძრწოლაშემოსილნი გარბოდნენ სპარსნი და ერთმანეთს აფრთხილებდნენ: „დურ აზ გორგასლან“, რაც ნიშნავს „მოერიდეთ თავსა მგლისასა“. ასე დაიბადა სახელგანთქმული თიკუნი დიდი ქართველი ხელმწიფისა - „გორგა-სლანი“, ანუ „მგლისთავა“.
ვახტანგ მეფის ცოლის აღმზრდელი წარმოშობით სპარსი და გაქრისტიანებული რაჟდენი სხვა ქართველებზე უფრო მხურვალედ იბრძოდა ქრისტეს სიყვარულისათვის, „რამეთუ იყოცა წმიდაჲ ესე ახოვან წყობათა შინა და გამოცდილ და რჩეული მებრძოლი... და მოკლნა მრავლნი გოლიათნი“ და გამარჯვებული უვნებლად მობრუნდა. ერთ დღესაც კვლავ გავიდა საბრძოლველად არმაზიდან და ბრძოლაში ჩაება, მაგრამ სპარსნი მარადჟამს უთვალთვალებდნენ და სურდათ მისი ცოცხლად შეპყრობა, რადგან ძალიან უმძიმდათ მისგან მამა-პაპათა სჯულის დატევება და ქრისტიანობის მიღება (განკარგულება დევნის შესახებ განსაკუთრებით იმ ქრისტიანებს შეეხებოდათ, რომელნიც წინათ ცეცხლთაყვანისმცემელნი იყვნენ და შემდეგ გაქრისტიანდნენ). მაშინ სპარსელებმა წარმოგზავნეს მრავალი მებრძოლი და ყველა გზა მოუჭრეს, ხოლო გზათა სივიწროვის გამო პირი-სპირ ვეღარ შეებრძოლა და შეიპყრეს. როცა სპარსთა მეფეს შეკრული რაჟდენი მიუყვანეს, დიდად გაიხარა და მიმართა: გიხაროდენ, მხნეო რაჟდენ, მშვიდობა შენდა, სად იყავი ამდენი ხანი? რისთვის თქვი უარი შენი წინაპრების სარწმუნოებაზე და შეუდეგ უცხო სჯულს, რომელიც შენთვის მშობლებს არ უსწავლებიათ, ხოლო ბრწყინვალე მზის, ცეცხლისა და სხვა მნათობების ნაცვლად მსახურებ ჯვარცმულ კაცს, რომელიც ჰურიებმა მოაკვდინეს და შენ იგი ღმერთად შეგირაცხავს. თუ ეს ესე არ არის? ჭეშმარიტად ესეა, მეფეო, როგორც შენ თქვი, მიუგო წმინდა რაჟდენმა, რადგან ქრისტიანი ვარ, დამიტევებია მამეული უღმრთოება და თაყვანს აღარა ვცემ „ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა კაცთათჳს სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმა ქმნა ცანი და ქვეყანა“. ამის შემდგომ წმ. რაჟდენმა წარმართ მეფეს აუხსნა ქრისტეს განკაცების, ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების საიდუმლო. მეფე განრისხდა, მაგრამ გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რადგან ეგონა სიმდიდრითა და პატივით ვაცდუნებო და თავისთან მეგობრობა და კიდევ უფრო გამდიდრება შესთავაზა. მაგრამ როცა ვერ გატეხა, უფრო მეტად განრისხდა და უწყალოდ ისე აცემინა, რომ კბილები სრულიად ჩაუმსხვრიეს, ხოლო პირი სისხლით აევსო, მაგრამ იგი მადლობას სწირავდა უფალს, რომ მისი სახელისათვის ღირს იქმნა ასეთ გვემას და წამებას. შემდეგ ტანსაცმელი შემოაძარცვეს და წამახვილებულ ქვებზე ათრიეს, კვერთხით უმოწყალოდ ცემეს და ხელ-ფეხ შეკრული ბნელ საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც უმეტესი მხურვალებით მადლობდა უფალს. მაშინ მივიდნენ პეროზ მეფესთან მის მხარეს გადასული ქართველი დიდებულები და „მოახსენებდეს სიკეთესა მისსა, და სიბრძნესა და სიქველესა მისსა“ და სთხოვეს: ცოტა ხანს თავის სახლში გაუშვი, იქნებ შეებრალოს თავის ახლობლები და დაემორჩილოს შენს ბრძანებას და სიკვდილსაც გადაურჩეს, რადგან გული გვტკივა მაგისთვის, ხოლო შენ როცა გვეტყვი, მაშინ დავაბრუნებთ უკანო. დიდი ვედრების შემდეგ, ისმინა მძლავრმან, გაათავისუფლა საპყრობილიდან, გადასცა მათ და ამცნო, რათა მალევე დაებრუნებინათ. რაჟდენს არ უნდოდა წასვლა და თქვა: ეს არის ეშმაკის ბრძოლა ჩემზე, რომ წინამდებარე ღვაწლი ამაცილოს და წმინდანებისათვის აღთქმული საშვებელი და კეთილი ამარიდოსო.
წმინდა რაჟდენი პირველად მეფე ვახტანგის სანახავად მივიდა. ღმრთისმოყვარე მეფემ დიდად გაიხარა, წინ მიეგება, მხურვალედ ეამბორა ქრისტესთვის შემუსვრილ თვალებზე და სახეზე, და სიყვარულით მოიკითხა. ნატრიდა და ეტყოდა: „ნეტარ ხარ შენ, მჴნეო რაჟდენ, და სამგზის სანატრელ არს ღუაწლი შენი, რომელ სახელისათვის უფლისა თავს ისხენ ესე ვითარნი ვნებანი, რამეთუ საწერტელნი ქრისტჱსნი ხორცთა შინა შენთა გიტვირთავს. და ესრეთ განაძლიერებდა და ახოვან ჰყოფდა უმეტესთა ღუაწლთა მიმართ და ითხოვდა მისგან, რაჲთა მეოხ ექმნას წინშე ღმრთისა“. ამის შემდეგ რაჟდენმა თავისი ოჯახიც მოინახულა, „ხოლო მათ მხილველთა მისთა და სიხარულითა უზომოჲთა აღვსებულთა მადლობა შესწირეს ღმერთს“, რადგან აღარ ელოდნენ მის ხილვას, ეამბორებოდენ ხელ-ფეხზე და ეტყოდენ: ჰოი! სანატრელო რაჟდენ, აღარ ველოდით შენს ხილვას, რადგან მკვდარი გვეგონე. ახლა რახან ცოცხალი გნახეთ, აღარ მიგვატოვო. მას კი არ სურდა მათთან ამ საკითხზე საუბარი. მაშინ ეშმაკის ჩაგონებით მისმა ცოლმა, პირველი დედის ევას მსგავსად წუთიერი ცხოვრების სიტკბოებით სცადა მისი დაყოლიება, მაგრამ მოისმინა რა მეუღლის ზრახვა, რაჟდენმა გულისწყრომით შეხედა და შერისხა, შემდეგ მყისვე გამოვიდა და განეშორა მათ, ხოლო ისინი დამწუხრდნენ და მოჰყვნენ ტირილსა და მწარე გოდებას. მაშინ წმინდა რაჟდენი თავისი ნებით გაემართა, როგორც დასაკლავი კრავი და როდესაც გზაში მის წასაყვანად წამოოსული მხედრები შემოხვდნენ, მათ ვერ იცნეს, რადგან ცემისა და შეურაცყოფისაგან დასივებული და შეცვლილი იყო და ჰკითხეს, თუ სად მოძებნონ რაჟდენი, ხოლო მან მიუგო, რომ ის იყო, ვისაც ეძებდნენ. მაშინ შეიპყრეს, ჯოხებით ცემეს, შეკრეს, წინ გაიგდეს და მეფეს მიჰგვარეს. იხილა რა მძლავრმან, რომ ამანაც არ იმოქმედა, უწყალოდ აცემინა და შეკრული სოფელ წრომში ბანაკად მდგარ ერთ-ერთ მარზპანს გაუგზავნა, თან ამცნო, რომ როგორმე ქრისტესგან განშორება ეიძულებინა, და თუ შეისმენდა, დიდი პატივი უნდა მიეგო, ხოლო თუ არ დაუჯერებდა, მწარე სიკვდილით უნდა მოეკლა. როდესაც წმინდა რაჟდენი შეკრული ჩაიყვანეს წრომში, გაიხარა მარზპანმა, ვინაიდან სმენოდა „სიკეთე და ახოვნება მისი“, მოიკითხა და ტკბილი სიტყვებით სცადა ახოვანი მოწამის დათანხმება ქრისტეს უარყოფაზე, მაგრამ მისი სიმტკიცე ვერ გატეხა. მაშინ გულისწყრომით აღივსო, და უბრძანა უწყალოდ ეცემათ თავსა და პირში. კვალად შემუსრეს და დალეწეს მისი „კბილნი და ღაწუნი მისნი“, „ხოლო იგი მადლობასა აღუარებდა ღმერთსა და იხარებდა სულითა მსგავსებისათვის ქრისტეს ვნებათასა“. მაშინ წაიყვანეს და მწარე ტკივილებით მოცული საპყრობილეში შეაგდეს, მაგრამ ყველაფერს მადლობით მოითმენდა, ხოლო მეუფე ქრისტე შეუწევნელად არ ტოვებდა თავის მონას, არც განშო-რდებოდა, არამედ საპყრობილეში ხშირად გამოუჩნდებოდა, ნუგეშინისცემდა და განაძლიერებდა და „წმიდა იგი უახოვნეს იქმნებოდა და უმხურვალეს წინა მდებარისა ღუაწლისა მიმართ“. არა მცირედი ხნის შემდეგ წმინდა რაჟდენი საპყრობილიდან გამოიყვანეს, როგორც პირველად, ისევე ახლაც ქრისტეს უარყოფასა და დიდ პატივსა და სიმდიდრეს სთავაზობდნენ, მაგრამ ახოვანი და გონებითა ყოვლად უშიშარი მათ სიტყვებს არც კი ისმენდა და უმძვინვარესი სატანჯველების მისაღებად სიმხნით ემზადებოდა. მაშინ წარეკვეთათ მისი გარდაქცევის იმედი, რამეთუ „ყოველი ღონე დაელია მძლავრთა მათ უღმრთოთა. ბრძანეს ძელის მოტანა, რათა მასზე გაეკრათ სამგზის სანატრელი იგი, რადგან თქვეს უსჯულოებმა, ვინაიდან ჯვარზე გაკრულის მიმართ აქვს სასოება, ღირსია ესეც ძელზე აღესრულოსო; ბორკილები დახსნეს, ჯვართან მიიყვანეს, ზედ ჯვარსახოვნად განმართეს და სამი დიდი სამსჭვალით მიაჭედეს - თითო თითო ხელისგულზე, ერთიც ურთიერთგარდათხმულ ფეხებზე. მერე მოიყვანეს ხუთი ძვირის მოქმედი ავაზაკი, აღმართეს ძელები და მასთან ერთად ჩამოჰკიდეს, და „შორის მათსა ნეტარი იგი, ვითარცა ჩუენი იესო, შორის ავაზაკთასა ჯუარცმული“. დაამწკრივეს მოისარნი აქეთ და იქით და იწყეს სროლად. ისროდენ, ვითარცა გამძვინვარებულნი მხეცნი და არა პირმეტყველნი კაცნი, რადგან მათ მიერ გატყორცნილნი ისარნი წმინდა რაჟდენის ხორცში მრავალგზის ესობოდა და „ძლიერი წყლულებაჲ მოაწიეს მასზედა. და ესრეთ დაწერტილი და დაგუმერილნი ძელზედ დამოკიდებულად იხილვებოდა“ და სასიკვდილოდ განწირულმა ხმა-ჰყო: „ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულთა ჩემთა“ და ესრე განუტევა სული და აღესრულა. მაშინ აქაც მოხდა იმის მსგავსი, რაც ქრისტეს ჯვარცმისას მოხდა: ჩამობნელდა და წყვდიადი ჩამოწვა შუადღისას და ამოვარდა ისეთი სასტიკი ქარი, რომ იქ შეკრებილნი გაფანტა. ისინიც დარბოდნენ და დამალვას ცდილობდნენ. მცველნი კი, რომელთაც დავალებული ჰქონდა უსჯულო მთავრისაგან, რომ მისი გვამი ქრისტიანებისთვის არ მიეცათ, და არც დაეფლათ, არამედ ფრინველსა და მხეცისთვის უნდა შეეჭმევინებინათ, როდესაც საშინელი ქარი ამოვარდა და ჩამობნელდა, ვეღარეს იქ გაჩერება. მაშინ მოვიდნენ წრომში მცხოვრები მორწმუნენი და მღვდელი, შიშითა და მოკრძალებით აიღეს მრავალ-მოღვაწე რაჟდენის გვამი და დაკრძალეს ფარულ ადგილზე.
ოთხი თვის შემდეგ კეისარმა ლეონ I-მა ძღვენი გამოუგზავნა ვახტანგს და მოსწერა: მე ბრძოლაში ვარ ჩაბმული და შენ ლეონ პატრიკს გიგზავნი 80.000 მხედრით და თუ დაგჭირდა სხვასაც მოგახმარო. ბერძენთა მხედართმთავარი ლეონი უკვე ჯავახეთში იყო შემოსული, როცა პეროზ შაჰმა ამის შესახებ შეიტყო, და ვახტანგს აუწყა: რისთვის ვწყვეტთ ერთმანეთს? ძმები ვართ, ნებროთის შთამომავლები, დავდგეთ ჩვენი მამების სიყვარულზე და თითოეული ჩვენთაგანი „სათნოსა სულისა თჳსისასა ჰმსახურებდეს“. მოეწონა ვახტანგს და მის დიდებულებს პეროზის შემონათვალი და მოციქულის პირით უთხრა: გიხილავს შენ ჯვრის ძალა, რადგან ჯვარცმულის გამოჩენამდე ყველანი ხარკს გაძლევდით, ხოლო მისი გამოჩენის შემდეგ გძლიეს მისმა თაყვანისმცემლებმა და შენი მოხარკე ბერძნები იქით გებრძვიან და მოაოხრეს „სამსახურებელნი ცეცხლისანი“. ახლა თუ შეგვებრძოლები ქრისტეს სარწმუნოებისათვის, ჩვენც ისე მოვკვდებით მისთვის, როგორც იგი მოკვდა ჩვენთვის, და იგი აღგვადგენს ჩვენ, მაგრამ თუ შენ აღასრულებ შენ სიტყვას და შეეგუები, რომ ჩვენი ღმერთი ქრისტეა, მამას და ბატონს გიწოდებ შენ. პეროზ შაჰმა ვახტანგს დიდი ძღვენი და ანთრაკის გვირგვინი გაუგზავნა და შეხვედრა სთხოვა. შეხვდა ორი მეფე ერთმანეთს და აღთქმა დადეს, რომ თავ-თავის სჯულზე დარჩებოდნენ. უძღვნა ვახტანგმა პეროზს მრავალი საჩუქარი და ლეონ პატრიკის რჩევით კეისართან დაზავება სთხოვა. პეროზს არ ესიამოვნა და უთხრა: შენთან მშვიდობა იმიტომ დავამყარე, რომ ერთად შევბრძოლებოდით ბერძნებს, რადგან აქა მყავს ხაზართა მეფის დესპანი და ვაპირებდი ხაზართა დახმარებასო. ახლა კი შევასრულებ შენ თხოვნას, მაგრამ ჩვენგან წარტაცებული ტერიტორიები დაგვიბრუნოსო. ბერძენთა მხარე დათანხმდა, დაზავდნენ და საზღვრებიც განაჩინეს. სპარსთა მეფემ უკან წაიღო ჯაზირის ხუთი ქალაქი და სიკილიის ნახევარი, ხოლო ბერძნებს მისცა ფილისტიმი იერუსალიმთან ერთად და თქვა: „ქალაქი რჯულისა თქუენისა არის იერუსალიმი“. ქართველთა სამფლობელო საზღვრებად ცნო მდინარე არაქსი და კასპის ზღვის დასავლეთი სანაპირო. ამის გარდა მოსცა გორგასალს სამი ათასი ლიტრი ალვა, ხუთასი ლიტრი ამბრი, ხუთასი ლიტრი მუშკი, სამი ათასი ტაიჭი ცხენი, ძვირფასი სამოსელი ათასი და სხვა მრავალი. მეორე დღეს კაცი გაუგზავნა ვახტანგ მეფეს და შეუთვალა: ბერძნებთან დაზავების გამო მოხუცებულნი განგვირისხდნენ, რადგან ეგონათ, რომ ჩვენ საბერძნეთს გავანადგურებდით, ჩვენ კი ორი სამეფო მივეცით. ამიტომ გთხოვ: შენი და ცოლად მომათხოვე, შენ კი ჩემს ქვეყანაში წამომყევი, შენი ნათესავები მოინახულე და აბაშთა და ელამთა, ჰინდოთა და სინდთა წინააღმდეგ ბრძოლაშიც მომეხმარე, რადგან მათ დაამდაბლეს ჩემი მეფობა, ხოლო როცა სპარსეთში ჩავალთ, მოხუცებულებსა და მირზაპანთ დაელაპარაკე და დააცხვრე მათი მრისხანება „ბერძნებსა ზედა“. მხოლოდ შენ მჭირდები, შენი ლაშქარი აქ დატოვეო. ვახტანგს ძალიან გაუჭირდა მისი მოთხოვნების შესრულება, მაგრამ ლეონ ბერძენთა სარდალმა უთხრა: ბერძენთა მეფეებზე დიდი სიკეთე გაქვს შენ გაკეთებული ბერძნებისთვის, რადგან შენ დაიფარე პონტო შემუსრვისაგან, შენ გაათავისუფლე 780.000 ბერძენი, ახლა კი შენგან მიეცათ ჯაზირა და ფილისტიმი, რომელსაც ვერც ერთი ბერძენთა მეფე ძალით ვერ დაიბრუნებ-და. მართალია შაჰი, თუ მას არ გაჰყვები, თავისი ერი უძლურად და უსუსურად ჩათვლისო. მე მოგცემ 10.000 შეჭურვილ მხედარს და ჯაზირას შემოგიერთდები ძლიერი სპითო. ვახტანგს და მის წარჩინებულებს მოეწონათ ლეონის განზრახული. მაშინ მისცა ვახტანგმა თავის და - მირანდუხტი ცოლად სპარსთა მეფეს (ხუარამზე სომეხთა პიტიახშზე იყო დაწინდული). შემდგომ მოიყვანა თავისი ძე - დაჩი, რომელიც ხუთი წლისა იყო, გვირგვინი დაადგა და მეფედ აკურთხა. დატოვა მასთან თავისი შვიდი წარჩინებული: ჯუანშერ სპასპეტი - შიდა ქართლისა და ყოველთა ერისთავთა მპყრობელი და დემეტრე - ერისთავი კახეთისა და კუხეთისა; გრიგოლი - ჰერეთის ერისთავი; ნერსანარი - ხუნანის ერისთავი; ადარნასე - სამშვილდის ერისთავი; სამნაღირი - შიგა ეგრისისა და სვანეთის ერისთავი; ბაკური - მარგვისა და თაკუერის ერისთავი (როგორც ჩანს, ვახტანგ გორგასლის მიერ იბერიის გაძლიერებით, ლაზეთის სამეფოს დასუსტებულა, რადგან III-IV ს.ს.-ში, ლაზეთის (ეგრისის) სამეფოს შემადგენლობაში მოქცეული ეგრისისა და სვანეთის, აგრეთვე „მარგვეთისა და თაკვერის“ სამთავროები აქ კვლავ იბერიის სამთავროს შემადგენლობაშია). ამათ შეავედრა თავისი ძე, დაჩი, უბრძანა უჯარმის აშენება და მასში დაჩის გაზრდა, რის გამოც დაჩის უჯარმელს უწოდებენ (უჯარმა - სოფელი საგარეჯოს რაიონში. გარე კახეთში, მდებარეობს ივრის მარჯვენა ნაპირზე. საგარეჯოდან 22 კმ-ია. უჯარმის ციხე-ქალაქი III-IV ს-თა მიჯნაზე აუგია მეფე ასფაგურს, ხოლო IV ს-ში მეფე მიარიანს თავისი ძე რევისათვის საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი მიუცია, ხოლო რეზიდენციად უჯარმა).
ვახტანგ გორგასალმა თან იახლა არტავაზი - კლარჯეთის ერისთავი; ნასარ - წუნდის ერისთავი; „ბივრიტიანი სეფე-წული“ - სამცხის ერისთავი (ბივრიტი - საგვრეულო სახლია ბაგრატიონთა სახლისა, სამცხის ერისთავთა სახლი ბაგრატიონთა გვარეულობას ეკუთვნოდა) და დიდი ეჯიბი საურმაგი და „მათ თანა ათი ათასი მხედარი ლაშქრისა მისისა დარჩეული“. ლეონ ანთიპატმა დატოვა თავისი ლაშქრიდან 10.000 ბერძენი მხედარი და შაჰთან წავიდა. ვახტანგმა კლარჯეთის ერისთავი არტავაზი გააყოლა კეისართან და თან ის ძღვენი გაატანა, რაც შაჰმა უბოძა მას, მხოლოდ სტავრები და ტაიჭები დაიტოვა თავისთვის, ხოლო არტავაზს უბრძანა, ლეონთან ერთად მოსულიყო ჯაზირაში.
„შეევედრნენ ვახტანგს დედაჲ - საგდუხტი, და დაჲ - ხუარამზე, რათა თან წაეყვანათ იერუსალიმში სალოცავად“. ვახტანგი დათანხმდა, წაიყვანა ისინი და პეროზთან ერთად ადარბადაგანის გზით წავიდა იერუსალიმისკენ. პეროზ მეფე ანტიოქიაში გაჩერდა, ხოლო ვახტანგი თავის თანმხლები პირებითურთ იერუსალიმში შევიდა. მათ ილოცეს წმინდა აღდგომის ტაძარში, მოილოცეს ყოველი წმინდა ადგილი, და დიდი შესაწირავი შეწირეს. იერუსალიმში ვახტანგმა ააშენა ჯვრის მონასტერი და ამ წმინდა ადგილის დასამტკიცებლად დიდად იღვაწა (გადმოცემის მიხედვით, პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი წმინდა ნინოს რჩევით კონსტანტინოპოლში ჩასულა და მეფე კონსტანტინე უნახავს, შემდეგ იერუსალიმში ჩაბრძანებულა, „ჯვრის მონასტრის ადგილი შეუძენია (მეორე ვერსიით ეს წმინდა ადგილი კონსტანტინე კეისარმა აჩუქა მეფე მირიანს), რადგან ეს იყო ის ადგილი სადაც ლოთმა სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი დარგო იმის ნიშნად, თუ გაიხარებდა, ცოდვაც მიეტევებოდა. და ჰოჲ, სასწაული, სამივე ხე ერთ დიდ ხედ აღმოცენდა. ეს ხე მოჭრა სოლომონმა იერუსალიმში ტაძრის მშენებლობისას, მაგრამ, არ გამოადგათ და „მდებარე იყო კაცთა საჯდომად გარე“, ხოლო უფლის ჯვარცმისას უფალი მასზე აცვეს ჯვარს). მას ჯვრის მონასტრის დასაცავად პატარა გარნიზონი დაუტოვებია. „და მცველნი ქალაქისა იერუსალიმისანი და მჴედარნი, რომელიცა ვახტანგს განუწესებია მუნ, მუნ დასახლებულან, ენა შეცვლიათ არაბულად, და იგინი ქართველნი არიან გარემოს იერუსალიმისა არაბნი და ევფრათასა არაბნიცა. აწ არაბნი იერუსალიმისანი ქართველნი არიან“-ო, - წერს 1757-1758 წლებში წერს მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი თავის „მიმოსვლაში“ (იხ. პროზა. ტ.V). მათ დროთა განმავლობაში დაუკარგავს ენა, ზოგიერთს კი სარწმუნოებაც, თუმცა ისინი თავიანთ თავს გურჯებს უწოდებდნენ და საოცრად განსხვა-ვდებოდნენ ადგილობრივი არაბებისგან. მხოლოდ მათ ჰქონდათ მონასტრის მინდვრებისა და ვენახების დამუშავების უფლება. შემოსავლის მესამედს კი მონასტერს სწირავდნენ. ისინი მონასტრის მახლობლად დაბა „მალხაში“ ცხოვრობდნენ. პალესტინის ომის დროს კი შორს გადაასახლეს და გაფანტეს.
იერუსალიმის ჯვრის მონასტერს თავისი სახსრებით ინახავდა თბილისში, წმინდა ვახტანგ მეფის მიერ აგებული ტაძარი, რომელსაც თავიდან „გოლგოთა“ რქმევია, ჯვრის მონასტრის მამობილად ქცევის შემდეგ კი მისთვის „ჯვრის მამა“ უწოდებიათ (1039-1059 წლებში მონასტერი განაახლა ბერმა პროხორემ ბაგრატ მეფის სახსრებით, შემდეგში რამდენჯერმე შეაკეთეს ცალკეული კედლები, სახურავი თუ მთელი მონასტერი). ასე ჰქვია ამ ტაძარს დღესაც (XVII ს-ის ბოლოს, პალესტინაში მდებარე სხვა ქართული ეკლესია-მონასტრების მსგავსად, ჯვრის მონასტერიც იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში შევიდა. იქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა. ბერძნები ყველანაირად ცდილობდნენ მიეჩქმალათ ჯვრის მონასტრის კავშირი ქართულ კულტურასთან, ასევე დაემალათ იქ ქართველთა მოღვაწეობის ფაქტები. მათ საგანგებოდ გადაღებეს ქართული ფრესკები. მონასტრის მთავარ კედელზე დახატული ყოფილა სამი ქართველი მეფე. ტიმოთე გაბაშვილმა არა მხოლოდ ნახა მეფეთა სურათები, არამედ მათი ზუსტი პირებიც გადმოაღებინა და ჩაურთო თავის ავტობიოგრაფიულ ხელნაწერში. სურათების პირებს აქვთ წარწერები: „ღირსი მირიან, პირველი კეთილმორწმუნე მეფე საქართველოჲსა, ხოსროიანი“; „სახელოანი დიდი ჴელმწიფე ვახტანგ გურგასლან, მპყრობელი და მეფე საქართველოჲსა და იერუსალიმისა, ხოსროიანი“; „ბაგრატ კურაპალატი, მეფე საქართველოჲსა, დავითიანი, აღმაშენებელი ქუთათისისა საყდრისა“. ა. ცაგარელის ცნობით ქართველ მეფეთა გამოსახულების ზემოთ იყო ქართული წარწერა, რომელიც დაზიანების გამო მხოლოდ ნაწილობრივ იკითხებოდა: „ქ. მირიან... კონსტანტინე... მეფემ ეს ჯვარი... მოვიდეს... და დაიჭირა იერუსალიმი და ააშენა ესე ჯვარი“).
იერუსალიმიდან ვახტანგ გორგასალი და მისი ამალა წავიდნენ ქალაქ ანტიოქიაში, სადაც მათ პეროზ შაჰი ელოდათ. აქ მათ შემოუერთდნენ ლეონი და არტავაზი 20.000 რჩეული ლაშქრით და პეროზსა და ვახტანგს მოართვეს უდიდესი ძღვენი, ხოლო ლეონს ნაბრძანები ჰქონდა კეისრისგან, რომ ვახტანგ მეფის ბრძანებას უნდა დამორჩილებოდა. შეიკრიბა ვახტანგის ბრძანების ქვეშ 50.000 რჩეული ქართველი, ბერძენი და სომეხი მხედარი. მაშინ სპარსთა შაჰმა უთხრა ვახტანგს: „ვინაიდან დედაშენმა და შენმა დამ ამხელა გზა გამოიარეს და ასე დაშვრნენ, ბარემ ისინიც თან წავიყვანოთ სპარსეთში და ერთობით გავიხაროთ ჩემი და მირანდუხტის ბედნიერებით, მერე თუ ინებონ წასვლა ქართლში, წავიდნენ რანის გზით, და თუ უნდათ დაგელოდონ ქალაქ ურაჰში. მოეწონა ვახტანგს ეს აზრი და ყველანი ერთად გაემგზავრნენ სპარსეთის სატახტო ქალაქ ქტისეფონში, რომელიც ზეიმით შეხვდა ქართველ ხელმწიფეს. სპარსეთის შაჰმა მაცნე გააგზავნა სპარსელ წარჩინებულებთან და ყველაფერი ამცნო. მათაც გაიხარეს, რადგან „ეგზნებოდეს ბრძოლისათვის ჰინდოთა, სინდელთა, აბაშთა და ჯორჯანთა-თვის“. მივიდნენ ბაღდადს და მიეგებნენ სპარსეთის წარჩინებულები დიდი სიხარულით. გადაიხადეს სპარსთა მეფისა და ვახტანგის დისა სამეფო ქორწილი, რის შემდეგაც პეროზმა საგდუხტი და ხუარამზეც დაასაჩუქრა და დიდი პატივით ქალაქ ურაჰში წარგზავნა, სადაც უნდა დალოდებოდნენ ვახტანგს. „დიდ პატივს სცემდა ერი სპარსეთისაჲ ვახტანგს, ვითარცა პეროზს, მეფესა მათსა, და მერმე წარემართნეს მტერთა ზედა“ (465 წ.).
პირველად მივიდნენ ჯორჯანეთს (გურგანს), წარმოტყვენეს და იქ სპარსელები დაასახლეს, ხოლო ჯორჯანელები დაბეგრეს. შემდეგ შევიდნენ ინდოეთში და შესვლისთანავე იქ ბუმბერაზთა მრავალი ბრძოლა ჩაატარეს. პირისპირ ბრძოლაში ვახტანგმა მოკლა თხუთმეტი ბუმბერაზი, „რომელთაც მოეკლათ მრავალნი ბუმბერაზნი სპარსთანი“. ინდოეთში სამი წელი იბრძოდნენ, მაგრამ გამაგრებული ციხე-ქალაქები ვერ აიღეს. მაშინ ხარკი აიღეს ინდოეთის მეფისაგან და სინდეთში გადავიდნენ. სინდთა მეფემ ერი ციხე-ქალაქებში გადაანაწილა და სადაც მოთარეშე მტერს დაინახავდნენ, გამოუხტებოდნენ და ხოცავდნენ. სპარსთა ლაშქარი ძალიან დაზიანდა, ვახტანგის სპას კი ქრისტეს წყალობით არაფერი დაშავებია, და მტერს ყოველთვის სძლევდა. სიმჴნითა და სიმამაცით თავი გამოიჩინეს ვახტანგის თანმხლებმა ოთხმა დიდებულმა და ლეონ ბერძენმა, რადგან მათ დასცეს მრავალი მხნედ მებრძოლი ბუმბერაზი. სინდთა მეფე იმყოფებოდა ქალაქ სინდიას. მაშინ ყოველნი შეერთდნენ და მივიდნენ სინდიას და „მუნ მოხუდეს ბრძოლანი ძლიერნი“. ყოველ დღე გამოდიოდა თვით სინდთა მეფე, რომელიც იყო მხნე, გოლიათი და მამაცი, გამოყავდა სხვა ბუმბერაზი მებრძოლები და ებრძოდნენ სპარსელებს. ხან ერთი მხარე სჯობნიდა და ხან მეორე. სინდთა მეფემ პირისპირ ბრძოლაში სათითაოდ ყველა დაამარცხა და მრავალი დღის განმავლობაში ერთხელაც ვერ შეხვდნენ ის და ვახტანგი ბრძოლაში ერთმანეთს. სინდთა მეფემ ველზე, ქალაქის კარებთან, ღრმა სამალავი გაათხრევინა, გამოსასვლელი გზაც დაუტოვა და შიგ ათი რჩეული მხედარი დამალა, ხოლო დილაადრიანად ერთი ბუმბერაზი გამოგზავნა, რათა მეფე ვახტანგი დაგებულ ხაფანგში შეეტყუებინა. იმ დღეს ქალაქის კარს ვახტანგ მეფე იცავდა. მივიდა ეს ბუმბერაზი და ვახტანგთან პირისპირ შერკინება ითხოვა, მაგრამ საურმაგ ეჯიბმა უყვირა: არა ხარ შენ ღირსი მეფესთან ბრძოლისა, არამედ ჩვენ შევებრძოლოთ ერთმანეთს, როგორც თანასწორნიო, და შეუ-ტია. მაშინ სინდელი ბუმბერაზი გაიქცა, ჩვეულებისაებრ საურმაგიც გაეკიდა, და როცა დამალულ მხედრებს გასცდა, ისინი თხრილიდან ამოვიდნენ, მაშინ ის გაქცეულიც უკან მობრუნდა და საურმაგმა ის მოკლა, მაგრამ მოულოდნელად გამოჩენილმა მხედრებმა ერთობლივად შეუტიეს და მოკლეს (ეს გააკეთეს ვახტანგ მეფის მოსაკლავად, მაგრამ ღმერთმა დაიფარა). განაწყენებული და განრისხებული ვახტანგი და მისი სამი წარჩინებულნი: არტავაზ, ბივრიტიანი და ნასარი, ლეონ ბერძენთან ერთად შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ სინდელები გაიქცნენ და ქალაქში შეასწრეს. დამწუხრებული ვახტანგი მობრუნდა და ისე გლოვობდა საურმაგის ცხედართან, როგორც საყვარელი ძმის დამკარგავი, „რამეთუ თანაშეზრდილ იყო მისი, ძმისწული მამამძუძისა მისისა, არტავაზის მამისა, ერთგული, მისანდობელი და ქუელი“. მაშინ სინდთა მეფე გადმოდგა ქალაქის კარზე და ხმამაღლა გადასძახა ვახტანგს: მეფეო ვახტანგ, მსგავსი ხარ შენ უგუნური ყვავისა, რომელმაც იპოვა არწივისაგან დაწყლულებული და დაგლეჯილი ქორი, რომელსაც აფრენა არ შეეძლო და სიკვდილს იყო მიახლოებული. ყვავმა არ ქმნა ისე, როგორც ყვავების წესია, არამედ შეიწყალა ის ქორი. დატოვა გამოსაკვებად თავის ბუდეში, მარად აჭმევდა მკალსა და გველს, რამეთუ სხვისი შეპყრობა არ შეეძლო და მით აცოცხლებდა ქორს. როცა ქორს ფრთები გაეზარდა, თქვა თავის გონებაში: „აი, მრავალი დღის მანძილზე ვარსებობდი მკალისა და გველის ჭამით და არ მომეცა ჩემი დედისა და მამის ძალა, რამეთუ მკალით ვერ გავძლიერდები, რომ შევძლო ფრინველთა მიწევა და მათი შეჭმით არსებობა. სჯობს შევიპყრო ის ყვავი, ჩემი გამზრდელი, შევჭამო და ორი დღე დავისვენო: მომეცემა ძალა, და დავიწყებ წესისაებრ ნადირობას, მსგავსად ჩემი წინაპრებისა“. აღასრულა ეს, შეიპყრო ყვავი და შეჭამა. ამის შემდეგ დაიწყო ნადირობა დიდ და სწრაფ ფრინველებზე. არ შეაქეს ყვავი თავის მოწყალებისთვის, არამედ უგუნურად და თავისმკვლელად ჩათვალეს. არც ქორს დააყვედრეს უწყალოება და კეთილისუხსენებლობა, რადგან ეს არის გვარი და წესი ქორისა. სპარსელები, რომლებიც აქამდე და ამის შემდეგაც ჯვარისმსახურთა მტრები არიან, ამჟამად, უღონობის გამო, ლიქნით სიყვარულს გაჩვენებენ და როგორც კი დრო მიეცემათ, კეთილს აღარ გაიხსენებენ და უწყალონი იქმნებიან. ეს მრავალჯერ უქმნიათ, როგორც წიგნებიდან ვიცით. შენ კი მათ აძლიერებ, რომ შემდგომ შენ და შენი ქვეყანაც წარგწყმიდონ და დასაღუპად დაიპყრონ ყოველნი ჯვრისმსახურნიო. ვახტანგმა უპასუხა: „შენ გეგონა სიბრძნით თქვი, მაგრამ შენი სიტყვები სიცრუით არიან აღსავსე... ჩემი აქ მოსვლით პირველ რიგში გამოვიხსენი იერუსალიმი - წმინდა ქალაქი, სადაც დადგმულა ფეხი ჩვენი უფლისა იესო ქრისტესი და სადაც აღასრულა ყოველივე ჩვენი სულების ხსნისათვის. შემდგომ კი ყოველი საქრისტიანო დავიხსენი მოოხრებისაგან. თუმცა ჩემი ქვეყანა ჩვენი ლაშქრის სიმხნითა და ქრისტეს ძალით დაცული იყო, მაგრამ ბერძნები ვერ იცლიდნენ მათთვის და ვერც ეწინააღმდეგებოდენ, ხოლო ქრისტიანებს კი ასეთი წესი გვაქვს, რომ ერთი მოყვასისათვისაც კი სული უნდა დავდოთ. მე კი უამრავი სული ვიხსენ აქ მოსვლით, და ეს გავაკეთე მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთმან შეიწიროს ჩემი ეს მსახურება და აღმისუბუქოს ცოდვანი. შენ რომ თქვი: გაძლიერდებიან სპარსელები და ქრისტიანებს გადაემტერებიანო, მე ქრისტეს შეწევნით დავიხსენი ქრისტიანები დიდი ჭირისაგან ამ ჟამს და ამის შემდეგ „დამბადებელმა ღმერთმა წყალობა ყოს მოსავთა მისთა ზედა“. მე აქ იმიტომ მოვყევი სპარსელებს, რომ ისინი ჩემი ნათესავები არიან, და შემდგომად იმისთვისაც, რომ მართალია ჭეშმარიტი რჯული არა აქვთ სპარსელებს, მაგრამ მათ დამბადებელი ღმერთი მაინც იციან და სწამთ სულიერი ცხოვრება, ხოლო თქვენ სრულიად უმეცარნი ხართ ღმრთისანი და უგულისხმონი, ვითარცა ცხენი და ჯორი. ამ ქვეყნიური ცხოვრების სწორად შეფასებაც არ შეგიძლია და აქებ ქორს, რომელმაც თავისი გამზრდელი ყვავი შეჭამა, აქებ მის ნაქმნარს, ხოლო ჩვენი ბუნება ასეთია, რომ ჩვენი კეთილისმყოფელისათვის დავდვათ ჩვენი სული, რათა მოვიგოთ მადლი ღმრთისაგან და ვპოვოთ საუკუნო ცხოვრება და თუ მოვკუდებით, უკუდავნივე ვიქნებით და სიკუდილის მიერ საუკუნო ცხოვრებაში გარდავიცვლებით“. სინდთა მეფემ მიუგო: „შენ ხომ სთქვი, რომ თუ ჩემი ღმერთის სახელისათვის მოვკვდები, სიკვდილიდან ცხოვრებად მივიცვლებიო, მაშინ გამოდი ჩემთან საბრძოლველად, რათა ჩემს მიერ გარდაიცვალო დღეს სიკვდილისაგან ცხოვრებად, „რამეთუ წარჩინებული შენი წარმოგივლენია წინამორბედად შენდა (იგულისხმა საურმაგ ეჯიბი), რაჲთა განგიმზადოს სადგური შენი“. ვახტანგმა უპასუხა: „ახლანდელი სიკვდილი არ მიმაჩნია სიხარულად, რადგან ცოდვილი ვარ, და ღმერთის მცნება სრულიად არ აღმისრულებია. ჩემი ცოდვები სრულიად არ აღმიხოცია სინანულით, მაგრამ ქრისტეს ძალით არ მეშინია სიკვდილის, რადგან ის არის ჩემი მფარველი და დაცული ვარ სრულებით, ხოლო მრავალმოწყალე ღმერთი, „მრავლითა ძალითა მის-მიერითა“ თავისი მონის ანუ ჩემი ხელით მოგკლავს შენ, მის მგობელს და შენი სული წავა გარესკნელის ბნელში და უშრეტ ცეცხლში“-ო. როცა სინდთა მეფე გამოვიდა, ვახტანგმა თავის თანმხლებთ ასე მიმართა: ღმერთს ევედრეთ და ზურგი გამიმაგრეთო, და საბრძოლველად გავიდა. ორივეს ჰქონდა ლახვარი (შუბი). მაშინ შეებრძოლენ ერთმანეთს. სინდთა მეფემ შეუტია, მაგრამ ვახტანგი „სიმჴნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა“ განერიდა და თვითონ აძგერა შუბი მარცხენა ბეჭში. ვერ დაიფარა სინდთა მეფე საჭურველმა და მძიმედ დაიჭრა, და როცა ცხენიდან ჩამოვარდა, ფეხით დაითრია ვახტანგმა და სპარსთა მეფესთან მიიყვანა. სპარსთა ლაშქარმა მაღალი ხმით ქება შეასხა ვახტანგს, ხოლო სპარსთა მეფე და მისი წარჩინებულები დიდი სიხარულით აღივსნენ და დიდი ძღვენიც მიართვეს მას. სპარსთა მეფემ მოიყვანა მკურნალნი და თავზე დაახვია სინდთა მეფეს, ხოლო სინდელებმა მეფის მაგივრად მისი ძე აამაღლეს. მაშინ ვახტანგმა სპარსთა მეფეს ურჩია რომ, სინდთა მეფე გაეთავისუფლებინა, ხარკი აეღო და მძევლები აეყვანა. მასაც მოეწონა ვახტანგის რჩევა, სინდთა მეფე გაუშვა და მისგან ორჯერ მეტი ხარკი აიღო, ვიდრე ინდოელებისგან, მისი ორი შვილი მძევლად აიყვანა, და აღებული ხარკი მთლიანად ვახტანგს მისცა. სინდთა მეფე კი დიდი სიყვარულით დაემოყვრა ვახტანგს, პირველად იმისათვის, რომ როცა მის ხელში ჩავარდა, მან არ მოკლა და ცოცხალი მიიყვანა სპარსთა მეფესთან. შემდგომ კი იმისათვის, რომ მისი რჩევის შედეგად გათავისუფლდა ტყვეობისაგან. ამიტომ უძღვნა მას „ძღუენი მიუწვდომელი დიდძალი“.
პეროზ შაჰმა და ვახტანგ მეფემ დატოვეს სინდეთი იქ შესვლიდან მეოთხე წელს, ისე რომ არ მოუოხრებიათ მისი ქალაქები და მივიდნენ მოსაზღვრე აბაშეთში. აბაშნი ცხოვრობდენ ისეთ ქვეყანაში, რომელიც შემოსაზღვრული იყო წყლითა და ლერწმით, სადაც ვერც ნავი და ვერც ოთხფეხი ვერ გაივლიდა. მაშინ წყალი გადაუკეტეს და ლერწმოვანი გადაუწვეს და ასე დაიპყრეს. სპარსთა მეფემ აბაშნი ორად გაყო, ნახევარი იქვე დატოვა, ხოლო ნახევარი თან წამოიყვანა (ათასი ოჯახი), და სხვადასხვა ადგილებზე ჩაასახლა. ესენი არიან ქურთები. შაჰმა მეფე ვახტანგს შესთავაზა ცოლად შეერთო მისი ნათესავი, მაგრამ მან უარი უთხრა: არა მაქვს უფლება ორი ცოლის ყოლისაო, რადგან ერთი ცოლი უკვე მყავს - კეისრის ასულიო. პეროზს ეწყინა, მაგრამ აღარაფერი თქვა.
სპარსეთში შესვლიდან მერვე წელს დაბრუნდა უკან ვახტანგი გორგასალი და მივიდა ქალაქ ურაჰში, სადაც მშვიდობით დახვდნენ დედა და და, და წამოვიდნენ სამშობლოში, ხოლო ბიზანტიის კეისართან მოციქული წარგზავნა ცოლის წამოსაყვანად და სთხოვა პეტრე კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსის გამოგზავნაც. შემოვიდა ვახტანგი ქართლში და მიეგებნენ მას მისი ძე დაჩი, ყველა სპასალარი და მათთან ერთად ეპისკოპოსები და მიქაელ მთავარეპისკოპოსი, რომელსაც ქვეყნის უზენაესი მღვდელმთავრის ადგილი ვახტანგის სპარსეთში ყოფნის ჟამს დაუკავებია, მაგრამ ვახტანგმა მიქაელი არ მიიჩნია კათალიკოსად აღსაყდრებისათვის შესაფერის კანდიდატურად. მიქაელ მთავრეპისკოპოსმა, როცა შეიტყო, რომ ვახტანგმა დესპანები გაგზავნა კათალიკოსისა და ეპიკოპოსების მოსაყვანად, ძალიან განრისხდა. ისტორიკოსის სიტყვით მიქაელმა, თავისი გაბოროტების ნამდვილი მიზეზების მაგიერ, სხვა რამე დაიხვია ხელზე და იწყო ამბოხებად და მიზეზობად და მეფეს შეუთვალა: „შენ დაგიტევებიეს ქრისტე და ცეცხლსა ესავ“, ქრისტიანობა უარგიყვია და გამაზდეანებულხარო. ვახტანგს ეს ბრალდება უარუყვია, მაგრამ მიქაელს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, და „ჰგონებდა, რომელ შფოთითა დააცადოს საქმე იგი და მოსვლა მათი“ და იქამდე გაკადნიერდა, რომ დაწყევლა „მეფე და სპანი მისნი“-ო. ისტორიკოსის ცნობით ვახტანგმა თქვა: „დაღაცათუ უბრალო ვართ, სიმდაბლე ჯერ-არს ჩუენგანო“ და გამწვავებული ურთიერთობის გამოსასწორებლად პირადად თვითონ „მივიდა მეფე და გარდახდა სახედარსა, რათამცა შეემთხვია ფერხთა ეპისკოპოზისათა“, მაგრამ მიქაელმა ჯუანშერის გადმოცემით „განძრა... ფერხი და მიამთხვია პირსა მეფისასა და შემუსრა კბილი“ (ქოშის ქუსლი პირში ჩაარტყა და კბილი ჩაუმტვრია). ვახტანგს თავი შეუკავებია და გაკვირვებულს უთქვამს: „სილაღე ესე ამპარტავნებისაჲ არს საცთური ეშმაკისაჲ;“ თუ ჩვენი ცოდვების სიმრავლემ განგარისხა, მაინც არა გაქვს შენ ნება ბოროტის გაკეთებისა, არამედ უნდა შეუნდო, როგორც იტყვის სახარება: „არა დაშრიტო პატრუქი მგზებარე, არცა განსტეხო ლერწამი დაჩეჩქვილი“. შენი სივერაგე მაშინ გამოჩნდა „რაჟამს გესმა უმთავრესისა შენისა ქართლად მოყვანება და აღეგზენ შურითა ბოროტად, ვითარცა იუდა პეტრესითა“, ვერცხლის მოყვარე ხარ შენ, რადგან შენც ქრისტეს მეგვადრუცე (ყულაბის მფლობელი) ხარ. ახლა გაგაგზავნი შენ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და როგორც წესია, იგი განგიკითხავსო.
საქართველოში მონოფიზიტობის (V ს-ის შუა ხანებში ალექსანდრიაში წარმოიშვა ახალი მიმდინარეობა, მონოფიზიტობა. მონოფიზიტები ქრისტეს ბუნებას უარყოფდნენ და მასში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო მონოფიზიტობა (ერთბუნებიანობა) და აღიარა ქრისტეში ღვთაებრივისა და ადამიანურის განუყოფელობა - დიოფიზიტობა (ორბუნებიანობა). მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიები სირიაში, პალესტინაში და სომხეთში მონოფიზიტური გახდა, რასაც ხელს უწყობდა სპარსეთის იმპერიაც) გავრცელების პირველ მოწინააღმდეგედ სწორედ მიქაელ მთავარეპისკოპოსი ითვლებოდა, რადგან ყოველგვარ მწვალებლობას თავგამოდებით ებრძოდა, მაგრამ მეფის შინ არყოფნის პირობებში, როგორც ჩანს იგი შიდა ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეთაურად ჩამოყალიბდა (ეკლესიის ზოგიერთი იერარქი გადაიქცა ძლიერ მიწათმოქმედად და აღარ აპირებდა მეფისადმი დამორჩილებას).
საეკლესიო კანონებზე (დიდი სჯულის კანონი) დაყრდნობით ვახტანგმა კონსტანტინოპოლში განსასჯელად გაგზავნა მიქაელი და თავისი კბილიც გაატანა, თან პეტრე ეპისკოპოზი და სამოელ მონაზონი და კიდევ თორმეტი სხვა სამღვდელო პირი წარუვლენია კათალიკოსად და ეპისკოპოზებად საკურთხევლად. როცა მიქაელ ეპისკოპოზი მიიყვანეს კონსტანტინოპოლში, პატრიარქმა უსაყვედურა: რადგან შენ მიერ დაითხია სისხლი, აღარა ხარ ღირსი წირვის ჩატარებისა, ხოლო მეფის შეურაცხყოფისათვის სიკვდილიც კი გეკუთვნისო, და სიცოცხლის ბოლომდე ექსორიაში გაგზავნა (გადაასახლა) მღვიძარეთა მონასტერში.
ბიზანტიის კეისარმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა სასწრაფოდ გააგზავნეს ანტიოქიის პატრიარქთან პეტრე და სამოელი („ქართლი“, ანუ იმდროინდელი საქართველო ძველთაგანვე კანონით ანტიოქიაზე იყო დამოკიდებული, რადგან კონსტანტინოპოლის დაარსებამდე ანტიოქია იმპერიის უმთავრესი ქალაქი იყო აღმოსავლეთში, ამიტომ მისი ეკლესია გაძლიერდა. უმნიშვნელო ქალაქის ბიზანტიონის ადგილზე 330 წელს დაარსებული კონტანტინოპოლის ეკლესიას 381 წელს გამართულმა II მსოფლიო კრებამ იმპერიის აღმოსავლეთში მდებარე ეკლესიათა შორის I ადგილი მიაკუთვნა, მაგრამ კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს IV ს-ში ქალაქის გარდა არ ჰქონდა თავისი საეპარქიო ტერიტორიაც კი. გარკვეული დროის შემდეგ კი მიიერთა მრავალი დიოცეზი) და მისწერეს ყოველი საქმე დიდი ვახტანგ მეფისა, და სთხოვეს, ესენი კურთხევის შემდეგ კონსტანტინოპოლში დააბრუნე, რათა ჩვენ განძითა და სხვა საჭირო ნივთებით კვლავ საქართველოში გავამგზავროთო. ანტიოქიელმა პატრიარქმა პეტრე კათალიკოსად აკურთხა, ხოლო სამოელ მონაზონი და ვახტანგის მიერ წარგზავნილი თორმეტნი მონაზონი, ეპისკოპოსებად. ეს ნიშნავდა, რომ ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა, ხოლო მცხეთის ეპესკოპოსი აღყვანილ იქმნა კათალიკოსის პატივში (ვახუშტის ქართლის კათალიკოსის ხელდასხმის თარიღად დასახელებული აქვს 473 წელი). კონსტანტინოპოლში დაბრუნებულებს კი კეისარმა მიანიჭა დიდძალი განძი და თავისი ასული ელენე, ვახტანგის საცოლე, მათთან ერთად საქართველოში გამოისტუმრა, ხოლო მზითევში ეგრისწყლის იქით ქვეყანაც დაუბრუნა. სომხითის (შუა საუკუნეების სამშვილდისა და ხუნანის საერისთავოების სახელწოდება, ისტორიულად გაჩიანისა და გარდაბნის ტერიტორიები) საზღვრამდე ისინი დიდმა ლაშქარმა მოაცილა, სადაც წინ შეეგება მეფე, საბერძნეთის ლაშქარი უკან გაბრუნდა, ხოლო ვახტანგ გორგასალი მცხეთაში მივიდა და დიდი ქორწილი გადაიხადა, თავისი უფროსი და - ხვარამზე კი ცოლად მისცა სომხეთის პიტიახშს ბაკურს.
V ს-ის II ნახევარში, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, ქართულ ეკლესიაში მრავალი ეპისკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავროს და ქვემო სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480 წლამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა, იქვე დასუეს პეტრე კათალიკოსად (კათალიკოსი იყო პატრიარქის რანგისა და მას „მამამთავარი“ ეწოდებოდა. უფლებრივი მდგმარეობით ქართლის კათალიკოსი მიაჩნდათ ბიზანტიაში ამ დროს მოქმედი პატრიარქების ტოლად), ხოლო სამოელი მცხეთაშივე დასვა ეპისკოპოსად „საეპისკოპოში“. (რეფორმის შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. მცხეთის საეპისკოპოსოს მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა).
წმინდა მეფემ რამდენიმე ახალი საეპისკოპოსო დააარსა (V ს-ის შუა წლებისათვის ქართლის ეკლესიას ყავდა 21 ეპისკოპოზი, ხოლო ერთ-ერთი წყაროთი დასტურდება, რომ VI ს-ის დამდეგისთვის მათი რიცხვი 33-ს შეადგენდა,VII ს-ის დამდეგს კი 35-ს) და ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსები იქ დასვა: კლარჯეთს, ახიზის ეკლესიაში, სხვანი კი დასვა: ჯავახეთს - წუნდაში; ერუშეთს (საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი IV ს-ში სწორედ ერუშეთში ააგეს) - არტაანში (ეს მის მიერ ახლად შემოერთებული ძირძველი მიწები იყო); მანგლისში; ბოლნისში; რუსთავში; ნინოწმინდაში - უჯარმის კართან, რომელიც მანვე აღაშენა; ერთი მისსავე აშენებულ ჭერემში და იქ დააარსა ქალაქი მისგანვე აშენებულ ორ ეკლესიას შორის (ჭერემი კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. 1984 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭერემში ვახტანგ გორგასლის სასახლის კომპლექსის ნანგრევები აღმოაჩინა. აქვე დღემდეა შემორჩენილი V ს-ის თელეთის წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკა და ამავე საუკუნის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია); ერთი ჟალეთში ანუ ჩელეთში („შუა სოფელში“), ერთი ხორნაბუ-ჯში და ერთი აგარაკში, რომელიც ხუნანის პირდაპირაა(თუმცა VI ს-ის II ნახევრამდე კათალიკოსები ისევ საბერძნეთიდან მოჰყავდათ, მხოლოდ VI-ს-ის შუა 30-იან წლებში დაადგინეს პირველი ქართველი კათალიკოსი საბა I, ხოლო VIII ს-ის 60-იან წლებში ქართველი მღვდელმთავრები განთავისუფლდნენ ანტიოქიიდან კურთხევის მიღების აუცილებლობისაგან. 1012 წლიდან კი საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მიიღო კათალიკოს-პატრიარქის წოდება, რაც გულისხმობდა მის კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის და ანტიოქიის პატრიარქებთან გათანასწორებას. პირველი პატრიარქი ქართული ეკლესიისა იყო მელქისედეკ I (1010-1033 წ.წ.)]. სამღვდელმთავრო კათედრების დაფუძნების შემდეგ, წმინდა ვახტანგმა ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობა გააჩაღა.
„იქმნა დაწყნარებაჲ და მშჳდობაჲ“ და ვახტანგ მეფემ დაიწყო რაჟდენის წმინდა ნაწილების მოძიება, რადგან ფარულად იყო დაკრძალული ერთი მღვდლის მიერ წრომში და მის გარდა არავინ იცოდა საფლავი. არც მოწამეს უნდოდა, რომ მისი მრავალმოღვაწე გვამი დაფარული ყოფილიყო და ერთ ღამეს „ბრწყინვალებითა შემოსილი“ ეჩვენა ამ მღვდელს და უთხრა: ხუცესო, აღდეგ და ნუღარ ყოვნდები, რადგან მეფეს სურს ჩემი ნაწილების ხილვა და პატივისცემა; წადი და აუწყე სად გაქვს დაფლული და სადაც თვითონ ინებებს, იქ დაკრძალოსო. შიშითა და სიხარულით აღვსილი ხუცესი მყის ეახლა მეფეს და ყველაფერი ზედმიწევნით აუწყა. იგიც გამოუთქმელი სიხარულით აივსო და მადლობა შესწირა ყოვლად ძლიერ ღმერთსა და სანატრელ მოწამეს. მსწრაფლ იხმო თავის სამეფოს ეპისკოპოსნი და სამღვდელონი და წარავლინა ისინი სოფელ წრომს, სადაც დაკრძალული იყო „მრავალ მოღუაწე იგი გუამი ღუაწლით შემოსილისა მის მოწამისა“. როდესაც წრომს მივიდნენ და სამარხიდან ამოიღეს წმინდა ნაწილები, „მიუთხრობელი სურნელება გადაეფინა და აღავსო ყოველი იგი ადგილი. აღიღეს მუნით და წარმოემართნეს გალობითა და ფსალმუნებითა, სანთელთა და კეროანთა (კელაპტართა) სიმრავლითა და საკმეველთა სურნელებითა და წაიღეს ნიქოზს, საეპისკოპოსოსა მას ეკლესიასა, მისვე მეფისა ვახტანგისა მიერ აშენებულსა“.
სცნეს რა მეფემ და დედოფალმა, როგორც მათ ღმრთისმსახურებას ჰშუენოდა, შორს მიეგებნენ, მხურვალედ ამბორს უყოფდენ და შიშით მიემთხვეოდენ „მთავართა და დიდებულთა თჳსთა თანა და ქუეითნი ფრხივ თანა ჰყვებოდეს ცხედარსა მას წმიდისასა და უგალობდენ „დიდებაო ახლის ნერგის ეკლესიისაო, ჭეშმარიტად მნათობო სარწმუნოებისაო, პირველ-მოწამეო რაჟდენ! შენ მიერ იხარებს წყობა ქართველთა ეკლესიისა“. შემდეგ ნიქოზს მივიდნენ და იქ დაკრძალეს „დიდითა დიდებითა და პატივითა სამ-გზის სანატრელი მისი გვამი“, ხოლო დღესასწაული დაუდგინეს 3 აგვისტოს (ახ. სტ. 16 აგვისტო), მისი წამების დღეს. წმინდა პირველმოწამე რაჟდენის საპატივცემულოდ, მის სახელზე ვახტანგ გორგასალმა ერთი ეკლესია უჯარმის ციხეში ააშენა და ერთიც სამგორად წოდებულ უჯარმის ველზე. ამის შემდეგ ააშენა ეკლესია ნიქოზში, ცეცხლის საგზებელთან და დასვა იქ ეპისკოპოსი დვალეთისა, ოსეთისა და გლოლთა. ვახტანგმა იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი ნიქოზის საკათედრო ტაძარში დააბრძანა. (XIII ს-ში თამარ მეფის ასულმა რუსუდანმა წმინდა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა და ძვირფასი თვლებით შეამკო. ჯვარზე წარწერა იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანების ისტორიას ეხებოდა. წმ. ჯვარი საუკუნეთა მანძილზე ნიქოზის საკათედრო ტაძარში იყო აღმართული და მის შესახებ ცნობილი იყო მრავალ ქვეყანაში. XVIII ს-ის ბოლოს, ქართველთა დიდი შეჭირვების ჟამს, 1788 წელს, როდესაც ნიქოზში ათანასე მღვდელმთავრობდა, წმინდა ჯვარი დაიკარგა).
ბერძენი ცოლისაგან ვახტანგ გორგასალს შეეძინა სამი ძე და ორი ასული. თავის პირმშო ძეს და ტახტის მემკვიდრეს - დაჩის საუფლისწულო მამულად გადასცა ქალაქი ჭერემი, ნეკრესი და კამბეჩოვანი, და ასევე მთელი ქვეყანა მტკვრის აღმოსავლეთით. დაჩი ხორნაბუჯში დაჯდა და გახდა მფარველი ამ მხარისა. ვახტანგმა გაასრულა თავისი ახალი სამეფო სამყოფელი უჯარმა „აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა“ და იქ დაბრძანდა.
მოუპოვა რა ქართულ ეკლესიას დამოუკიდებლობა, ვახტანგმა ჩათვალა, რომ პატარა ხის ეკლესია უკვე აღარ შეესაბამებოდა თჳთმყოფადი ეკლესიის ავტორიტეტს, რის გამოც, მისი ბრძანებით, 499 წელს დაიწყეს დიდი ზომის სამნავიანი ქვის ბაზილიკის აგება (XI ს-ის დამდეგისთვის საჭირო გამხდარა მისი გადაკეთება. გორგასლისეული სვეტიცხოვლის საფუძვლიანი მშენებლობა 1010 წელს მელქისედეკ კათალიკოსის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. ტაძრის აგება დამთავრდა 1029 წ). ვახტანგმა მის მიერ ხელახლა აშენებულ „ქვემო ეკლესიას“, რომელიც ქართველთათვის „დედაჲ ყოველთა ეკლესია-თაჲ გახდა“, წმინდა სიონი უწოდა და იერუსალიმის წმინდა სიონის დარად მოციქულთა სახელობისად გამოაცხადა.
80-იანი წლების დასაწყისში ირანელებს განსაკუთრებით გაურთულდათ მდგომარეობა შუა აზიაში (476 წელს, II ლაშქრობაში ჰეფთალელьმა ჰუნებьმა სასტიკად დაამარცხეს ირანელები. პეროზ შაჰმა მთელი თავისი ჯარი დაკარგა, თვითონ კი ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან განთავისუფლება მან შეძლო მხოლოდ ზენონ კეისრის შუამავლობით, უზარმაზარი გამოსასყიდის გადახდით და თავისი ვაჟის, კავადის, მძევლად დატოვებით. კავადს ორ წელიწადს მოუხდა ჰეფთალებთან ყოფნა, სანამ პეროზი მთლიანად არ გადაიხდიდა გამოსასყიდს.). ამით ისარგებლა ვახტანგ გორგასალმა და აჯანყებისათვის მზადებას შეუდგა. ამისთვის საჭირო იყო ქართლში სამეფო ხელისუფლების განმტკიცება, ორგული დიდაზნაურების დასჯა და ირანის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მოკავშირეების შეძენა. ბიზანტიას ირანისთვის ამ პერიოდში არ ეცალა. იმპერია ძლივს ახერხებდა ბარბაროსებისაგან თავისი მიწების დაცვას. (476 წელს ბარბაროსებმა რომი აიღეს, დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. თავის მხრივ, ბიზანტიის საიმპერატორო კარზეც არ სუფევდა სიმშვიდე: 475 წლის იანვრიდან 476 წლის აგვისტოს ბოლომდე საიმპერატორო ტახტი ხელთ იგდო მონოფიზიტობის ქომაგმა ბასილისკმა, რომელმაც ანტიოქიის პატრიარქის უფლებებში აღადგინა პეტრე ფულონი, მაგრამ როგორც კი ზენონმა დაიბრუნა საიმპერატორო ტახტი, მონოფიზიტი პეტრე ფულონი გადააყენა პატრიარქობიდან). ირანელებს კი მოკავშირეები ჰყავდათ ქვეყნის შიგნითაც. ისენი იყვნენ ის დიდაზნაურები, რომლებიც ქართლის განმტკიცება-გაძლიერების მოწინააღმდეგენი იყვნენ. ქვემო ქართლის პიტიახში (ჰერეთის მმარველ ერისთავს სპარსული სამოხელეო სახელი „პიტი-ახში“ ერქვა) ვარსქენი ერთ-ერთი მათგანი იყო. ვახტანგმა ვარსქენი შეიპყრო და 482 წელს სიკვდილით დასაჯა. ეს კი სპარსეთის ბატონობის წინააღმდეგ ამბოხების წინამორბედი იყო.
აჯანყება ფაქტიურად ვარსქენის მოკვლით დაიწყო, მაგრამ დრო კარგად იყო შერჩეული, რადგან ანტიირანული აჯანყება უკვე დაწყებული იყო ალბანეთშიც და სომხეთშიც. ამას ემატებოდა ისიც, რომ ირანელებს ამიერკავკასიაში ცოტა ჯარები ჰყოლიათ, რადგან ისინი აღმოსავლეთში ჰყავდათ გაყვანილი. ვახტანგ გორგასალმა სპარსეთის წინააღმდეგ მზადება დაიწყო. მას იმედი ჰქონდა ჰუნების გადმოყვანისაც (უძველესი დროიდან მოყოლებული საქართველოს იმიერკავკასიაში მცხოვრებ ერებთან ჰქონდა კავშირი, თუმცა „ჰუნნების“ მეშველი ჯარის დახმარებაზე დაყრდნობა სახიფათო იყო, რადგან მათი პოლიტიკური მომხრეობა მეტად ცვალებადი ყოფილა).
ცნობამ გორგასლის აჯანყებაზე დიდი აღფრთოვანება გამოიწვია სომეხთა თავკაცებში, რომლებიც იმ დროს ძალით იყვნენ გაყვანილები აჯანყებული ალბანელებს წინააღმდეგ საბრძოლველად. განსაკუთრებით დიდ იმედს აძლევდა სომხებს ცნობა ვახტანგის ჰუნებთან კავშირისა და თვით ვახტანგის პიროვნება, რომელიც უკვე ცნობილი იყო, როგორც მამაცი და ჭკვიანი მეომარი. სომხებმა ითათბირეს და გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ აჯანყებული ქართველებისათვის, თუმცა სომეხ დიდებულებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულთაგანს, ვაჰან მამიკონიანს არ გაუზიარებია ვახტანგ გორგასლის ანტისპარსული აჯანყებით გამხნევებული სომეხი დიდებულების პოზიცია, რადგან მათი იმედი არ ჰქონდა (როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ვაჰან მამიკონიანის შიში არ იყო უსაფუძვლო). საბოლოოდ ვაჰანი მაინც დაიყოლიეს და იბერიასთან ერთად სომხეთშიც დაიწყეს აჯანყებისათვის მზადება.
აჯანყების პირველ წელს ვახტანგს, ეტყობა, მოუხერხებია ირანელების ქართლიდან განდევნა, მაგრამ მან ვერაფრით მიიღო ჰუნთაგან შეპირებული დახმარება. მას მხოლოდ 300 კაცი მოუვიდა. V ს-ის სომეხ ისტორიკოსს ლაზარ ფარპეცს ნაჩვენები აქვს, როგორ აწუხებდათ ეს ამბავი სომხებს და თუ როგორ დაჟინებით თხოვდნენ მას გაეგზავნა სომხეთში ჰუნების ჯარი. შემდეგ წელს (383) ირანელებმა უფრო მტკიცედ მოჰკიდეს ხელი აჯანყებულებთან ბრძოლის საქმეს და გაზაფხულზე ქართლში მიჰრანის სარდლობით დიდი ლაშქარი გამოგზავნეს. ვახტანგმა დაინახა, რომ ირანელებს ვერ გაუმკლავდებოდა და თავისი ლაშქრით ქართლის საზღვრის მახლობლად სომხეთის მთებს მიაშურა. იქიდან დახმა-რება სთხოვა სომხებს და თან აცნობა, რომ ჰუნების მაშველ ჯარსაც მოელოდა. ვახტანგის დესპანის მისვლისთანავე ვაჰან მამიკონიანი სომეხთა მთელი ჯარით სასწრაფოდ ქართველთა დასახმარებლად გაემართა და კანგარის მთებში დაბანაკდა.
მეფე ვახტანგი სწრაფი და გაბედული მოქმედების მომხრე იყო. მას ეშინოდა, რომ ირანელები ქართლის შიდა რაიონებში შეიჭრებოდნენ და იქაურობას ააოხრებდნენ. ვაჰან მამიკონიანი და სხვა სომეხი სარდლები კი ფრთხილობდნენ. მათ აშინებდათ ირანელთა ჯარის მრავალრიცხოვნება. ჰუნების გარეშე ბრძოლის დაწყება სომხებს მიზანშეწონილად არ მიაჩნდათ და ამჯობინებდნენ მთებში დარჩენას, სადაც ირანელები ვერ გამოიყენებდნენ თავის რიცხობრივ უპირატესობას. ლაზარ ფარპეცი გადმოგვცემს, რომ აჯანყებულ სომეხთა ჯარში არ იყო ერთიანობა, მრავალი შიშით მონაწილეობდა აჯანყებაში და პირველსავე შემთხვევაში მზად იყო აჯანყებისათვის ეღალატა და ირანელთა მხარეს გადასულიყო.
ვახტანგ მეფემ თავისი მაინც გაიტანა და მიუხედავად ზაფხულის სიცხისა და ზოგიერთი სომეხი დიდებულის წინააღმდეგობისა, აჯა-ნყებულთა ლაშქარი ჭარმანაინის (გარდაბნის) ველზე ჩასულა და მტკვრის პირზე დაბანაკებულა. რამდენიმე დღის შემდეგ, იქვე, ოღონდ მტკვრის გაღმა დაბანაკდა ირანელთა ლაშქარიც. ღამით სომეხთა ბანაკიდან მრავალი მოღალატე საიდუმლოდ დაკავშირებია მტერს, ჩვენი ნებით კი არ მოვსულვართ, ვაჰანმა ძალით მოგვიყვანა, მაგრამ ბრძოლის ველს მივატოვებთ და სხვებასაც თან გავიყოლებთო. მეორე დღეს სომეხ-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი ბრძოლის ველზე გავიდა. ვახტანგი უკანასკნელ წუთამდე ამხნევებდა და არწმუნებდა სომეხ სარდლებს, გამარჯვება ჰუნების გარეშეც შესაძლებელიაო. სომეხმა სარდლებმა ჯარი საბრძოლველად განალაგეს, მაგრამ ასეთი მერყეობა, რა თქმა უნდა უარყოფით გავლენას მოახდენდა ბრძოლის შედეგზე. ქართველთა ლაშქარი წმინდა ვახტანგ მეფის მეთაურობით მარცხენა ფრთაზე განლაგდა, ცენტრში და მარჯვენა ფრთაზე სომხები იდგნენ. თავიდან ბრძოლის სასწორი აჯანყებულთა სასარგებლოდ გადაიხარა, მაგრამ მოღალატეებმა თავისი დანაპირები შეასრულეს, მიატოვეს ბრძოლის ველი, და არევ-დარევა შეიტანეს მებრძოლთა რიგებში. ლაშქარი შედრკა და გაიქცა. ირანელები დაედევნენ გაქცეულებს და ბევრი დახოცეს, ბევრიც ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ თავის გამარჯვება მაინც ვერ მიიყვანეს ბოლომდე, რადგან მათი სარდალი მიჰრანი იმავე წლის სექტემბერში ირანში გაიწვიეს. 484 წლის გაზაფხულზე, სომხეთში დიდი ლაშქრით შევიდა სპარსთა სარდალი ზარმიჰრ ჰაზარავუხტი. ბასიანში მყოფ ჰაზარავუხტს მიუვიდა შაჰის ბრძანება, გადასულიყო ქართლში, რათა „ქართლის მეფე ვახტანგი ან მოეკლა, ანდა იმ ქვეყნიდან გაედევნა“. თვით ირანის შაჰი პეროზი კი ჰეფთალებთან საომრად წავიდა (III ლაშქრობა). ჰაზარავუხტმა მაშინვე აასრულა შაჰის ბრძანება, გადავიდა ქართლში და შეკრიბა ადგილობრივი დიდებულები, რომლებიც თავიდანვე მხარს არ უჭერდნენ ვახტანგს. მათ მიემხრნნენ ბევრი ისეთნიც, რომელნიც თავდაპირველად ვახტანგ მეფის მხარეზე იყვნენ და სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობდნენ, მაგრამ როდესაც ჰაზარავუ-ხტმა შაჰის წყალობა და ჯილდო აღუთქვა, თავის ქვეყანასა და მეფეს გადაუდგნენ და უღალატეს. ჰაზარავუხტმა მათგან რაზმიც კი შეადგინა. ამით შემხედვარე ვახტანგ გორგასალი დროებით ეგრისს (სამეგრელოს) გადაიხიზნა, მაგრამ ამ დროს ირანიდან მოვიდა პეროზისა და ირანელთა ჯარის დაღუპვის ამბავი (ირანელთა III ლაშქრობა შუა აზიაში 484 წ. პეროზ მეფის ჯარის განადგურებითა და თვით მისი და მისი ვაჟიშვილების სიკვდილით დასრულდა). შეშინებულმა ჰაზარავუხტმა ქართლში დარჩენა ვეღარ გაბედა და სასწრაფოდ ირანში გაბრუნდა. სპარსეთის სამეფო ტახტზე პეროზის ძმა ვალლარში აიყვანეს, მაგრამ დიდხანს არ უმეფია; 488 წ. იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და მის მაგიერ პეროზის ვაჟი კავადი I (488-531) დასვეს.
ირანელები უაღრესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. შუა აზიაში დამარცხებამ ისინი აიძულა ზოგი რამ დაეთმოთ აჯანყებულთათვის. სომეხთა მთხოვნით, ირანელებმა პირობა დადეს შეეწყვიტათ ქრისტიანობის დევნა, არ დაერღვიათ ადგილობრივი ტრადიციები და მნიშვნელოვანი საქმეები თვითონ შაჰს გაერჩია. ირანელებმა გამოაც-ხადეს, რომ ისინი არ ადანაშაულებდნენ აჯანყებულებს, რადგან აჯანყება თვით პეროზის ძალმომრეობამ გამოიწვიაო. შემდგომ, 485 წ. აჯანყებულთა მეთაური ვაჰან მამიკონიანი (ვარდანის ძმა) სომხეთის მარზპანად დანიშნეს. ირანელები ალბანელების წინაშეც წასულან დათმო-ბაზე და მეფობა აღუდგენიათ. ვახტანგიც უფლის ნებითა და შეწევნით მშვიდად განაგებდა ივერიას, ეწეოდა აღშენებლობით საქმიანობას: ააშენა და დააარსა მრავალი ციხე-კოშკი და ეკლესია-მონასტერი. (საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად წმინდა მეფე ვახტანგს მიაწერს: „ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯობესიაო და მუნითგან ეწოდება სამთავისი“ (იოანე ბატონიშვილი). სამთავისის საეპისკოპოსო კათედრის არსებობა დასტურდება დვინის 506 წლის საეკლესიო კრების აქტებში. რუისის საკათედრო ტაძრი ვახტანგ გორგასალს აუშენებია და 13 ასურელ მამათაგანს, თადეოზ სტეფანწმინდელს განუახლებია. ურბნისის საკათედრო ტაძარიც V-VI სს-ის მიჯნაზე აუგიათ, ხოლო 13 ასურელ მამათაგან თათეს სტეფანწმინდელს განუახლებია).
496 წ. კავად შაჰს შეთქმულება მოუწყვეს, შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს, ხოლო მის ადგილზე მეფედ მისი ძმა ჯამასპი (496-498 წ.წ) დასვეს ირანის ტახტზე. კავადმა ცოლის დახმარებით თავი დაიხსნა, ჰუნებთან გაიქცა და მათი მეფის ასული მეორე ცოლად შეირთო, ჰუნების ჯარით სპარსეთს დაბრუნდა და სამეფო ისევ დაუბრუნა (498-531 წ.წ.). მეფეყოფილ ძმას, ჯამასპს, თვალები დათხარა, ხოლო დანარჩენ მოწინააღმდეგეებს თავები დააყრევინა. კავადი ჰუნებთან ვალში იყო, სამხედრო დახმარებისათვის ფული უნდა გადაეხადა ჰუნთა ხელმწიფისთვის, მაგრამ ხანგრძლივი ომებისა და შინაურ აშლილობათა წყალობით, ქტესიფონის სახელმწიფო ხაზინა დაცარიელებული იყო. მაშინ კავადმა ბიზანტიის იმპერატორს ანასტასი I-ს (491-518 წ.წ.) ფულადი სესხი სთხოვა, მაგრამ კეისარმა უარი შემოუთვალა. 502 წელს შეურაცხყოფილმა შაჰმა ბიზანტიას ომი გამოუცხადა და ვახტანგ გორგასალს შემოუთვალა: საბერძნეთს ვაპირებო გალაშქრებას, მაგრამ ჩემმა ბრძენმა მრჩეველებმა მირჩიეს, ვახტანგ მეფის გარეშე არ გაბედო ასეთი დიდი ომის წამოწყებაო, მათივე რჩევით შენთან მოვდივარ, რათა წინ წარმიძღვე და შენი თავკაცობით შევიდეთ საბერძნეთში. თან გთხოვ, შენი ერთ-ერთი შენი ასული ცოლად მომეცი „რათა ვიყო მე, ვითარცა ერთი შვილთა შენთაგანი“-ო. მეფე ამ დროს ქალაქ თბილისს აშენებდა - „ტფილისი“ სწრაფად შენდებოდა, მტკიცდებო-და და მოსახლეობით ივსებოდა, მაგრამ ვახტანგ მეფემ მაინც ვერ მოასწრო ახალი სატახტო ქალაქის დასრულება და მასში სატახტო ქალაქის გადატანა. ამას მისი შვილი და მემკვიდრე, დაჩი უჯარმელი განასრულებს გამეფების შემდეგ. როცა ვახტანგს შაჰის შემონათვალი გადასცეს, მწარედ აღმოხდა: „ამისთჳს იტყვიან: მჭედელო, ალესე შენი მახვილი, რათა მსწრაფლ განგგმიროს შენ“. მაშინ 60 წელს მიღწეულმა ვახტანგ გორგასალმა ასე შეუთვალა შაჰს: პირველად გაემზადე ჩვენთან საბრძოლველად და შემდეგ შედი საბერძნეთში, რადგან ის გამარჯვებანი რაც მათ ჩვენთან ერთად ქმნეს, ჯვარცმულის ძალით იქმნა. და „აწ ცხოვრება ჩუენი იყავნ სასოებითა ჯუარცმულისაჲთა“. და მაშინვე საომარ სამზადისს შეუდგა: ციხე-სიმაგრენი საომრად გაამზადა, და მოსახლეობას აცნობა, რომ სოფლები და სუსტად გამაგრებული ქალაქები დაეტოვებინათ და თავი კავკასიონის მიუვალ მთებისა და კახეთის უღრან ტყე-მაღნარებისთვის შეეფარებინათ. მეფე დაჩი და მისი დისწული კახეთში გადავიდნენ და დადგნენ ლოპოტის ხევში, ხოლო ვახტანგ მეფის ცოლ-შვილი უჯარმის ხევში შევიდა და იქ დაბინავდა. წინა ციხეში თვითონ ვახტანგი დადგა, მასთან იყვნენ ჯუანშერი და ადარნასე, ხოლო მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ სამი ერისთავი გაგზავნა: დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი. მალემსრბოლი კონსტანტინოპოლისკენაც მიჰქროდა მაშველ ძალთა ჩამოსაყვანად.
იმავე 502 წლის ზაფხულში სპარსელთა ურიცხვი ლაშქარი, თვითონ შაჰინშაჰ კავადისა და უფლისწული ბარტამის ხელმძღვანელობით კალიასავით შემოესია ივრის ხეობას, რუსთავსა და სამგორს, შემუსრა ქალაქი კამბეჩოვანი, ჭერმის ციხე და ველისციხე და იორზე დაბანაკდა. ქართველთა ლაშქარი დადგა ველზე, ციხე-ქალაქის გარშემო, რომელსაც ჰქვია დარფაკა და მზად იყო საბრძოლველად. კვლავ არ ჩანდნენ ბიზანტიელნი. გამობრძანდა ვახტანგ მეფე, უკან კათალიკოსი პეტრე გამოჰყვა და ჯარი და მეფე დალოცა. მეფემ კი სალაშქრო სიტყვა ბრძანა და ჯარი გაამხნევა. შეიბნენ იორის პირზე, და სამი დღე იბრძოდნენ. ორივე მხრიდან ურიცხვი სპა დაეცა. მაშინ ვახტანგმა უხმო პეტრე კათალიკოსს და უთხრა: იცოდე, რომ გვებრძვიან არა ხარკის მიცემისათვის. არამედ ქრისტეს დატევებისათვის. მე განზრახული მაქვს ასე: საუკუნო ცხოვრებისათვის უმჯობესი არის ქრისტეს სახელზე სიკვდილი, რათა აღთქმული სასუფეველი გვქონდეს მათთან, რომელთაც უთხრა: „რომელიც წარიწყმედს თავის თავს ჩემთვის, ის იპოვის მას“. მაშინ პეტრე კათალიკოსმა უთხრა: თუ არ იბრძოლებ სამკვდრო-სასიცოცხლოდ, მაშინ არა მარტო საქართველო გაირყვნება მტრის მიერ. არამედ იერუსალიმიც, რომელიც არის მშობელი „ყოველთა შჳლთა ნათლისა-თა“-ო. მეფემ მიუგო: დადექი წმინდა რაჟდენის ეკლესიაში, რომელიც „რაბათსა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს“; ვეჭვობ, რომ უჯარმის გარშემო ქალაქებს სძლიონ, რადგან მტკიცე და ძლიერი ზღუდენი აქ ავაშენეთ. კათალიკოსმაც აღასრულა მისი რჩევა და სხვა ეპისკოპოსებიც იქ შეკრიბა. ქართველთა ლაშქარში იყო 240.000 მებრძოლი, ხოლო სპარსელებისაში - 740.000. ვახტანგ გორგასალმა ლაშქარი სამად გაჰყო და კლდის მხრიდან მიაგზავნა ქვეითნი. ერთ მხარეს მიავლინა პიტიახშები და სპასპეტი, და სადაც სპარსთა მეფე იყო, იქ თვით მეფე ვახტანგი მივიდა 100.000 მეომრით. ცისკარისას ვახტანგ გორგასალმა თავის ლაშქარს გამოუცხადა: ყოველი კაცი, რომელიც სიკვდილს გადაურჩება და მტრის თავს ან ხელს არ გამოიტანს ბრძოლიდან, ჩვენს მიერ მოკვდებაო. შემდეგ თავს დაესხა სპარსელებს, ბრძოლით მივიდა სპარსთა შაჰინშაჰის პალატამდე, შევიდა მის კარავში, და მართალია მან ცხენზე შეასწრო და გაიქცა, მაგრამ მისი ძე ბარტამი მოკლა და თავი მოჰკვეთა. ჯუანშერის სიტყვით ბრძოლის დროს, ერთმა სპარსელმა სცა ისარი ვახტანგს მკერდში, მაგრამ მან ბრძოლა განაგრძო და იღლიაში ისარნაკრავი და მკერდდაკოდილი იბრძოდა ისევ გორგასლურად, ისევ ელავდა ოქროვანი მგელ-ლომი თორმეტბრჭალიანი ბუმბერაზის თავზე. ქართველებმა შუადღემდე სძლიეს მტერს.
თედო ჟორდანიას მიერ გამოქვეყნებული „საეკლესიო მატიანე“-ს ცნობით ვახტანგ გორგასალი შინაგანმცემლობისა და ღალატის მსხვერპლი გამხდარა: „მოიკლა იგი სპარსთა ბრძოლასა შინა (სპარსელების მიერ მოსყიდული) მონა-ყოფილისაგან მისისა, რამეთუ იცოდა განახევი ჯაჭვისაჲ იღლიასა ქუეშე და მით მოიკლა და ქრისტჱსთჳს იწამა ქრისტჱსმოყუარე იგი მეფე და შემდგომად მისა მოიწივნეს ქართველთა ზედა დიდნი ჭირნი“-ო.
სპარსთა ლაშქარმა დაკარგა 150.000 მეომარი, ხოლო ქართველებმა 28.000 მეომარი. წარმოტყვენეს ასი ათასი ცხენი (ერთ-ერთი თქმულება მოგვითხრობს, რომ ვახტანგ გორგასლის წინამძღოლობით ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა შემოსეული სპარსელები. ბევრი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას. გამარჯვებულებმა დაღუპული თანამოლაშქრენი სამ საფლავში ჩააწვინეს და შემდეგ ყოველმა მეომარმა თითო მუჭა მიწა მიაყარა მათ. აქედან წარმოიშვა სამი გორა და მათ შორის მდებარე ველს ეწოდა სამგორი). გაქცეული და თავლაფდასხმული კავადი დადგა რუსთავ-ბოსტანქალაქში. ამასობაში კი დამძიმდა ვახტანგის წყლულება, რადგან ისარს ფილტვში შეუღწევია. სულით უდრეკმა ქართლის სპასალარებს უბრძანა, რომ ადგილზე დარჩენილიყვნენ და თავისი ფეხით წავიდა უჯარმას. უსაზღვრო იყო სპარსთა სიხარული, როცა ვახტანგ მეფის ჯანმრთელობის გაუარესება შეიტყვეს და ამით გათამამებულებმა „ტფილისი“ და არმაზი მოაოხრეს. მცხეთა ვერ დაიპყრეს, მაგრამ რომელიც ზღუდის გარეთ იყო, მოაოხრეს, „რომელი-იგი მუხნარით და არაგუსა ხერთვისსა იყო“.
იმ ჟამად მოვიდა კეისარი სპერში, რათა ქართლში შესულიყო, და როცა გაიგო ვახტანგის დაჭრის ამბავი, კარნუ ქალაქში დადგა. კავადიც იქ მივიდა და შეიბნენ კარნიფორას, მაგრამ ვერ სძლიეს ერთმანეთს, თუმცა ორივე მხარემ დაკარგა მრავალი მეომარი, დადგა სისხლის მდინარე, რის გამოც ეწოდა იმ ადგილს კარნიფორა, რაც ნიშნავს სისხლის მუცელს („502 წ. შემოდგომას კავად მეფემ ბიზანტიის წინააღმდეგ ომი დაიწყო და თეოდოსიუპოლისი (კარინი, არზრუმი) აიღო. 502 წ. დამდეგს მან შუამდინარის სანაპიროს მთავრი ქალაქი ამადაც, სამი თვის ბრძოლის შემდეგ, შინაგანმცემლობის წყალობით ხელში ჩაიგდო. ეს გამანადგურებელი და ორივე მხარისათვის ძალზე მომქანცველი ომი 506 წ. ზავით დამთავრდა, რომლის პირობათა მიხედვით ისევ წინანდელი მდგომარეობა იქნა აღდგენილი. ჯუანშერის აღწერილობიდან ჩანს, რომ ვახტანგის წინააღმდეგ სპარსთა გამოლაშქრება ბიზანტიელებთან ომის დაწყებამდე, ან დასაწყისშივე უნდა მომხდარიყო).
წმინდა ვახტანგი მიხვდა, რომ კვდებოდა, მოუხმო კათალიკოსს, თავის ცოლ-შვილსა და ყველა წარჩინებულს, და უთხრა: მე მივდივარ ჩემი ღმერთის წინაშე, და ვმადლობ მის სახელს, „რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რაჲთა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდით ქრისტჱსთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ“. შემდეგ მიმართა ყველა წარჩინებულს: თქვენ, ქართლისა მკვიდრნო, მოიხსენეთ ჩემი სიკეთე, რადგან პირველად ჩემი სახლიდან (სამეფო ოჯახიდან) მიიღეთ საუკუნო ნათელი, ხოლო მე ხორციელი დიდებით განგადიდეთ თქვენ. ჩემ ნათესავებსა და ჩემს შთამომავლებს ნუ შეურაცხყოფთ და ბერძენთა სიყვარულს ნუ მიატოვებთ. თავის ძეს დაჩის კი უთხრა: შენ ხარ ჩემი პირმშო შვილი, შენთვის მომიცია ჩემი მეფობის გვირგვინი, ხოლო შენ უმცროს ძმებს, ლეონსა და მირდატს ვაძლევ ტაშისკარიდან და წუნდიდან, სომხეთამდე და საბერძნეთამდე, ხოლო აფხაზეთის საზღვარი, ეგრისწყალსა და კლისურას შუა, შენი ძმების დედისა არისო. შემდეგ მოუხმო წუნდის ერისთავს არტავაზს და ოძრხის ერისთავს ბივრიტიანს და მათ ჩააბარა თავისი ცოლი ელენე და მისი შვილები, ლეონი და მირდატი. და სამივენი ერისთავებს შეავედრა ცრემლით, ხოლო შემდეგ სული და სამშობლო ლოცვით შეჰვედრა უფალს.
ქართველი ერისათვის ეს იყო სასჯელის დღე. უბრალო ხალხიცა და წარჩინებულებიც თავში იცემდნენ და ნაცარს იყრიდნენ. ხმამაღალი ტირილისა და გოდებისაგან ქვეყანა იძვროდა. მორწმუნე ერი შენატროდა მეფეს, რადგანაც ქრისტესათვის მოიკლა. „გარდიცვალა მჴნე და მოწამეობისა ღირსი ვახტანგ გორგასალი „უჯარმაში, დაკრძალეს მცხეთას, საკათალიკოსო ეკლესიაში, სვეტთან, „რომელშიც არის ღმრთივაღმართული სვეტისაგან დაპყრობით“ - წერს მემატიანე.
ვახტანგ გორგასალი ყოფილა მეტად ჭკვიანი, წინდახედული, გამჭრიახი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე და გულადი მეომარი და მხედართმთავარი. მასზე ცალკე საისტორიო თხზულებაც კი დაიწერა, რომლის ავტორად ითვლება XI ს-ის ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერ ჯუანშერიანი. „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, მას მიეკუთვნება ამ კრებულში შესული V-VIII საუკუნეების ამსახველი თხზულება ვახტანგ გორგსალის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით. ისტორიკოსი უდიდესი ქება-დიდებით ამკობს სახელოვან მეფეს. ჯუანშერი თავის თხზულების შედგენისას, როგორც ჩანს იყენებდა ძველ წყაროებსაც და შესაძლოა ვახტანგ გორგასლის თანამედროვესაც.
არსენ კათალიკოსის (1218-1227) სიტყვით მეფე ვახტანგი ძალიან მაღალი ტანის კაცი ყოფილა. მეფის სამხედრო იარაღი და სამოსელი თურმე არსენის დროსაც კი ინახებოდა. იგი ამბობს: ვახტანგ მეფე იყო „ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი (2,40მь) და აწცა რომე არა აბჯარი და სამოსელი მისი, მისგან უფროს საცნაურ არს“ მეფის გოლიათური სიმაღლეო. იმავე ავტორის მოწმობით, ვახტანგ გორგასალი დასაფლავებული ყოფილა მისგანვე აგებულ მცხეთის დიდებულ სიონში, თვით ეკლესიაში, წინაშე სუეტსა ცხოველსა და მისსა ზედა საფლავსა წერილ არს ხატი მისი სწორი ჰასაკისა მისისა“-ო. ე.ი, საფლავის ქვაზე მისი გამოსახულება ყოფილა გამოყვანილი იმავ ზომისა, რა ზომისაც დიდებული გვირგვინოსანი ყოფილა, - ეს ალბათ მისი საფლავის ქვის ძეგლი იქნებოდა. საუკუნეთა მანძილზე ქართველნი და მათი მტერ-მოყვარენი გაოცებულნი შესცქეროდნენ იქვე, სვეტიცხოველში გამოფენილ უზარმაზარ სამოსელსა და საჭურველს, ხოლო ქართულ სახელმწიფოს დროშას საუკუნეთა მანძილზე „ვახტანგიანსა“ და „გორგასლიანსაც“ უწოდებდნენ.
ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესეს ძვ. წ 30/XI; ახ. წ 13/XII).
დაჯდა ქართლის ტახტზე მისი ძე დარჩილი ანუ დაჩი (502-514 წ.წ), ხოლო ვახტანგის ცოლი და ორი უმცროსი ძე წაიყვანა სამმა ერისთავმა, დაიჭირეს ქართლის დასავლეთი, რომელიც მისცა მათ ვახტანგმა. ზაფხულობით ქალაქ წუნდაში იყვნენ და ზამთრობით ოძრხეში. მათ ეწოდათ არა მეფეები, არამედ ერისთავთა მთავრები და იყვნენ მეფე დაჩის მორჩილების ქვეშ.
დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს-ის დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა, ხოლო უძველესი დროიდან ქართველთა დედაქალაქი მცხეთა საეკლესიო ქალაქად, ცენტრად გამოცხადდა. დაიწყო ქართლის შენებაც, რადგან მოოხრებული იყო ქართლის ყველა ხევი, გარდა კახეთისა, კლარჯეთისა და ეგრისის ხევებისა.
მეფე დაჩის ზეობისას თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის ეკლესია (სავარაუდოდ მისი საფუძველი ვახტანგ გორგასალს ჩაუყრია. ამ ეკლესიას ანჩისხატი ეწოდა XVIII ს-ში, როდესაც აქ გადმოასვენეს ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩის მონასტრიდან.).
ვახტანგის ბერძენი ცოლის შვილებიდან მოკვდა ლეონი. მირდატს რომელსაც შეევაჭრა მეფე დაჩი, და ტერიტორიები გაუცვალა. მეფემ აიღო ის ქვეყანა, რომელიც მოქცეული იყო ეგრისწყალსა და კლისურას შორის, ეს იყო მირდატის დედულეთი საზღვარი საბერძნეთის სამფლობელოსთან. მის ნაცვლად მისცა ჯავახეთი ფარავნიდან მტკვრამდე. დაიჭირა მირდატმა ქვეყანა ფარავნიდან და ტაშისკარიდან, ვიდრე სპერის ზღვამდე და იქ ერისთავობდა და მორჩილი იყო მეფე დაჩისა. მირდატი ქრისტიანული აღმშენებლობით იყო დაკავებული. მისგან აგებულ ტაძართა შორის გამოირჩევა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.
ამის შემდეგ დაჩის დიდხანს აღარ უცოცხლია. 515 წელს გამეფდა დაჩის ძე ბაკურ II, მაგრამ იმავე წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი ძე ფარსმანი V (515-523 წ.წ). ვახტანგის შემდგომ აქამდე ეს მეფეები მშვიდობით ცხოვრობდნენ და მირდატის შთამომავლები ემორჩილებოდნენ დაჩისას. ფარსმანის მეფობისას მოვიდნენ სპარსელები კავად შაჰის წინამძღოლობით, მოაოხრეს ქართლი და რანი. ვინაიდან ბერძნები მოუცლელები იყვნენ: თავიანთი ქვეყნის დასავლეთში მტრებს ებრძოდნენ, არ შეეძლოთ ქართველთა შეწევნა და სპარსთა წინააღმდეგ გამოსვლა. ქართველთა მეფემ ითხოვა სპარსთა შაჰისაგან, ეკლესიები არ მოეოხრებინა და ქრისტეს სჯული არ აეკრძალა. შაჰმა შეისმინა მისი თხოვნა და ეკლესიებს აღარ შეეხო, და როცა ფარსმანმა დაუწერა მორჩილებისა და მსახურების აღთქმა, უკან წავიდა. ამის შემდეგ გაიყვნენ ვახტანგის შთამომავლები: დაჩის შტო ემორჩილებოდა სპარსელებს (დაჩის შთამომავალი იყო VII ს-ის I ნახევარში ქართლის მთავრად წოდებული სტეფანოზ II- და მისი ძე წმინდა მოწამე მეფე არჩილი), მირდატისა კი დარჩნენ ბერძნების მორჩილებაში.
VI საუკუნის I ნახევარში, ირანის შაჰმა ხოსრო I-მა დაიპყრო და შეიერთა იბერიის (ქართლის) სამეფო. მან საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია, რომელსაც ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული ჰქონდა, ირანის პროვინციად აქცია. მემატიანის თქმით, „დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ“, რაც 532 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დადებულმა საზავო ხელშეკრულებამაც დააკანონა. იბერიასы ამიერიდან ირანელი მარზპანები განაგებდნენ. 571-572 წლებში ამიერკავკასია ანტიირანულმა აჯანყებამ მოიცვა. ქართლშიც დამოუკიდებელი მმართველობა აღდგა ეს იყო ერისმთავრობის ინსტიტუტი. პირველი ერისმთავარი იყო გუარამ I კურაპალატი, ბაგრატიონი.
საქართველოს ისტორიის მთელი ეს ხანა სპარსეთსა და ბიზანტიას შორის გამწვავებულ ბრძოლასა და ქიშპობაში დაილია. ეს მედგარი მტრობა და სისხლის ღვრა მხოლოდ გარეშე შემოჭრილმა ძალამ, გამაჰმადიანებულმა (მაჰმადიანობა, მუსულმანობა წარმოიშვა ჩვენი წელთაღრიცხვით VII ს-ის I ნახევარში) არაბობამ მოსპო. VII ს-ის 40-იან წლებში არაბებმა მთელი სპარსეთი დაიპყრეს და მეფობა გააუქმეს (არაბთა მიერ ირანის დაპყრობის და სასანიანთა დაცემის (651 წ.) შემდეგ სპარსეთის მოსახლეობამ მიიღო ახალი რელიგია ისლამი).
საქართველოში არაბთა ლაშქრობათა შედეგად კიდევ უფრო დასუსტდა ერთ დროს სახელოვანი ქართული სამეფო დინასტია ხოსროიანთა (წმ. ვახტანგ გორგასლის შთამომავლებისა). არაბებმა დაიპყრეს თბილისი და საამიროს ცენტრად ააქციეს. გამაჰმადიანდა „მრავალი ერი“. ძველი სამეფო დინასტიის თანდათანობითი გაქრობის კვალდაკვალ ყურადღების ცენტრში მოექცა ბაგრატიონთა სახლი, რომელსაც ჩვენი მემატიანეები და გრიგოლ ხანძთელიც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებს უწოდებდნენ.
ჩვენი დიდი მეფის, ჭეშმარიტი სარწმუნოების თავდადებული დამცველის საპატივსაცემოდ 1980-1983 წლებში სიონზე მიშენებული ეგუტერი მის სახელზე აკურთხეს, ხოლო 1990 წელს საქართველოს წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული რუსთავის ეპარქიის გულში - ქალაქ რუსთავში - აგებულიყო მისი სახელობის საკათედრო ტაძარი.
2001 წლის 25 მარტს მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მიუნხენში დაარსდა წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. იგი საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. წმინდა მეფის მიერ დაფუძნებულ თბილისში მის სახელზე პირველი ეკლესია ისნის რაიონის მერვე ლეგიონის დასახლებაში, წულუკიძის ქუჩაზე აიგო (გაიხსნა 2008 წლის 13 დეკემბერს წმინდა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს). მისივე სახელობის ტაძრები შენდება ვარკეთილში, დიდი დიღმის III მიკრორაიონში და ქ. ბორჯომში.
ჩვენ კი შევთხოვოთ წმინდა მეფეს: ჵ, ყოველთა ქართველთა მამაო, კურთხეულო, ზეგარდამო ღმრთისა მიერ გჳრგჳნოსანო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასლანო! ევედრე მჴსნელსა ჩუენსა, სრულიად განაქარვნეს მწვალებელთა მზაკუვარებანი და ურთიერთმტერობისაგან იჴსნეს მართლმორწმუნენი ერნი, რაჲთა, რომელნი ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან ჴორცითა და სისხლითა თჳსითა მოგჳყიდნა, სიყუარულითა და მშჳდობით ვცხონდებოდეთ, და სამ-წმიდა-არსობისა გალობითა მარადის ღმერთსა ვადიდებდეთ.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი