ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი დაიბადა სირიის ქალაქ ემესაში, V საუკუნეში. ემესიდან ნეტარი კონსტანტინოპოლში გადავიდა და წმიდა სოფიას ტაძარში მნათედ დაიწყო მსახურება. წმიდანი უწიგნური იყო, მედავითნეობა და გალობა არ შეეძლო, მაგრამ საოცარი კეთილმსახურებით ცხოვრობდა. ამის გამო მან პატრიარქ ექვთიმეს ყურადღება და კეთილგანწყობა დაიმსახურა, რამაც სხვა ღვთისმსახურები შურით აღავსო. ერთხელ, ქრისტეშობის წინა საღამოს, როცა ტაძარში იმპერატორიც ბრძანდებოდა, მგალობლებმა რომანოზი ძალით აიყვანეს ამბიონზე და გალობა აიძულეს, შემდეგ კი სიცილი დააყარეს. რა თქმა უნდა, წმიდა რომანოზის გალობა არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, რამაც ყველაზე მეტად თვით წმიდანს ატკინა გული. ღვთისმსახურების ბოლოს წმიდა რომანოზი ქვითინით დაემხო ღვთის-მშობლის ხატის წინაშე და მხურვალედ ილოცა. იმავე ღამით ნეტარს ძილში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, გრაგნილი (ბერძნულად - კონდაკიონი) გაუწოდა და უბრძანა, შეეჭამა. ასე მიემადლა მას ზეგარდამო გულისხმისყოფა და საგალობლების შექმნისა და შესრულების ნიჭი. იმავე დღეს, ღამისთევის ლოცვებზე წმიდანმა საკვირველი ხმით იგალობა თავისი პირველი საგალობელი ღვთისმშობლის მიერ გამოცხადებით მიცემული კონდაკიდან: „დღეს ქალწული უზესთაესს შობს“. რომანოზის სხვა საგალობლებსაც კონდაკები უწოდეს. ნეტარს ეკუთვნის პირველი იკოსებიც - საგალობლები, რომლებსაც მღვიძარების ჟამს თხზავდა თავის ვანში (ბერძნულად - იკოსში).
დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფლის რჩეულს დიაკვნად დაასხეს ხელი და გალობის მასწავლებლად დაადგინეს. მან შექმნა ათასამდე საგალობელი, რომელთაგან ბევრი დღესაც ჩართულია ღვთისმსახურებაში. ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი 556 წელს გარდაიცვალა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.