მღვდელმოწამე კვიპრიანე და წმიდა მოწამენი იუსტინა და თეოქტისტე ნიკომიდიაში აღესრულნენ 304 წელს.
წმიდა კვიპრიანე დაიბადა ანტიოქიაში. წარმართმა მშობლებმა იგი ადრეული სიყმაწვილიდანვე ცრუღმერთებს შესწირეს მსახურად. შვიდიდან ოცდაათ წლამდე ნეტარი წარმართობის უდიდეს ცენტრებში: ოლიმპოს მთაზე, არგოსში, ტავროპოლში, მემფისში და ბაბილონში ეუფლებოდა მოგვობის ხელოვნებას, ბოლოს კი, წარმართულ ფილოსოფიასა და ჯადოქრობაში ღრმად განსწავლული, ოლიმპოზე ქურუმად აკურთხეს. კვიპრიანემ ისეთი კადნიერება მოიპოვა ბოროტი სულების წინაშე, რომ ისინი ცხადად ემსახურებოდნენ მას.
ანტიოქიაში დაბრუნებული მოგვი წარმართებმა მთავარ ქურუმად დაადგინეს. იგი ყველას აოცებდა სტიქიათა დამორჩილების, სენთა და წყლულებათა გავრცელებისა და სხვადასხვა ჯადოსნური წამლების გაკეთების უნარით. დიდმა ქურუმმა მრავალი ადამიანის სული დაღუპა ჯადოქრობასა და ეშმაკთა მსახურებაში განსწავლით.
იმავე ქალაქში ცხოვრობდა ქრისტიანი ქალწული იუსტინა. მას ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ერთხელ წმიდანს ყმაწვილმა აღლადოსმა ცოლობა სთხოვა, რაზეც მან უარით უპასუხა. ჭაბუკმა უკან არ დაიხია - კვიპრიანეს მიმართა და ევედრა, გრძნეულებით აღეძრა ასულში საპასუხო გრძნობა. მოგვს ცდა არ დაუკლია, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან წმიდა მოწამე დემონის მანქანებას ლოცვითა და მარხვით ერეოდა. ქურუმი ქალწულთან ავხორცი გულისთქმების გასაღვივებლად ეშმაკებს გზავნიდა, მაგრამ იუსტინა ჯვრის ნიშით და მხურვალე ლოცვით უკუაქცევდა მომხდურებს. ჯადოსნობის ძალით სახეცვლილი კვიპრიანე თავადაც რამდენჯერმე მიეახლა ქრისტეს სასძლოს საცდუნებლად, მტკიცე სარწმუნოებით შემოზღუდული მარტვილი კი ურყევი რჩებოდა. განრისხებულმა კვიპრიანემ შავი ჭირი შეჰყარა წმიდა ქალწულის ოჯახსა და მთელ ქალაქს, მაგრამ აქაც იძლია ნეტარის ლოცვით. მაშინ კვიპრიანემ ცხადად შეიგრძნო თავისი დაცემის სიღრმე და მათი არარაობა, ვისაც მსახურებდა. „თუ ჯვრის აჩრდილისაც კი გეშინია და ქრისტეს სახელის ხსენებაზეც კი ძრწი, რასა იქმ მაშინ, როცა თავად ქრისტე გამოვა შენს წინააღმდეგ“? _ ჰკითხა მან სატანას. იმავ წამს დემონი ეკვეთა მის უარმყოფელს, გვემდა და ცდილობდა, დაეხრჩო. კვიპრიანემ კი პირჯვარი გადაისახა, მაცხოვარს მოუხმო შემწედ და საკუთარ თავზე პირველად გამოსცადა ჭეშმარიტი ღვთის ძლევამოსილება. ჯოჯოხეთის ბნელი ძალების ოცდაათწლიანი მსახურების შემდგომ სინანულით განწმენდილი კვიპრიანე ქრისტეს შეუდგა: ეპისკოპოს ანთიმოზის კურთხევით საჯარო აღსარება წარმოთქვა და შუაგულ ქალაქში დაწვა შორეული გამოქვაბულიდან ჩამოტანილი თავისი ჯადოქრული წიგნები. ნეტარის სინანული ისეთი გულწრფელი იყო, რომ ნათლისღებიდან მეშვიდე დღეს მედავითნედ დაადგინეს, მეოცე დღეს - იპოდიაკვნად, ოცდამეათე დღეს - დიაკვნად, ერთი წლის შემდეგ კი - მღვდლად. მალე კვიპრიანეს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი. მღვდელმოწამემ იმდენი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე, რომ მის ეპარქიაში კერპთაყვანისმცემელი არავინ დარჩა. როცა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა წამოიწყო, ეპისკოპოსი კვიპრიანე და იღუმენია იუსტინა შეიპყრეს, ნიკომიდიაში ჩაიყვანეს და სასტიკი წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. წმიდათა მარტვილობის მხილველმა მხედარმა თეოქტისტემ ირწმუნა მაცხოვარი, აშკარად აღიარა თავი ქრისტიანად და უფლის რჩეულებთან ერთად სიკვდილით დაისაჯა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.