მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი ათენის არეოპაგის - უზენაესი სამსჯავროს წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე, მონათლა, შემდეგ კი ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მოციქულთა თავის აღსრულების შემდეგ ნეტარი დიონისე რუსტიკე ხუცესთან და ელეფთერ დიაკონთან ერთად დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. 96 წელს გალიაში, ქალაქ ლიუტეციუსში (პარიზის ძველი სახელწოდება) წმიდანები შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს.
ჩვენამდე მოაღწია დიონისე არეოპაგელის თხზულებებმა, რომელთაც განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის.
წმიდა დიონისე 4 იანვარსაც იხსენიება (უფრო ვრცლად მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.