ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება. VIII-X საუკუნეებში, როცა არაბთა ბატონობის გამო ქართლში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარი იყო, რწმენა - მინავლებული, ეროვნული თვითშეგნება - დაქვეითებული, არაბთა შემოსევებისგან და ქოლერის ეპიდემიისგან გაუდაბურებული და გაუკაცრიელებული ტაო-კლარჯეთი ეკლესია-მონასტრებით გადაიფარა. „ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატურისტები და ოქრომჭედელნი“ (წმ. ექვთიმე თაყაიშვილი). იწერებოდა აგიოგრაფიული ნაწარმოებები, ორიგინალური საგალობლებით ივსებოდა ლიტურგიკული კრებულები, ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები... ამ პერიოდის ლიტერატურული ძეგლები იმდენადაა გამსჭვალული ეროვნულ-ქართული ხასიათითა და სულით, რომ ამ ხანას ჩვენი მწერლობის ეროვნული ხანა ეწოდა...
ცნობები ტაო-კლარჯეთში მოღვაწე დედათა და მამათა შესახებ შემოგვინახა წმ. გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ“. გიორგი მერჩულე ხანძთის უდაბნოში მოღვაწეობდა X საუკუნეში. მისი ზედწოდება - მერჩულე - რჯულის მცოდნეს, ღვთისმეტყველს უნდა ნიშნავდეს.
გიორგი მერჩულე გვაწვდის ცნობას წმიდა ნერსე III კათოლიკოსის შესახებ. ნერსე ეროვნებით სომეხი იყო. იგი აღიარებდა მართლმადიდებლურ (დიოფიზიტურ) მრწამსს და მოღვაწეობდა ქართველი მამების გვერდით (VI-VII საუკუნეებში ტაო-კლარჯეთისთვის თავი შეუფარებიათ სამშობლოდან დევნილ დიოფიზიტ სომხებს). წმიდა ნერსემ VII საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა იშხნის ტაძარს და იქვე მოღვაწეობდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით.
წმიდა ილარიონ კათოლიკოსი „მამაი და მაშენებელი წყაროსთავისაჲ“. სიწმიდისა და სიბრძნის გამო არჩეულ იქნა ქართლის კათოლიკოსად. ამ ხარისხში წმიდანის მოღვაწეობა მოიცავს პერიოდს დაახლოებით IX ს-ის 50-იანი წლების ბოლოდან 860 წლამდე. ქართლის კათოლიკოსთა სიაში წმიდა ილარიონი მოხსენიებულია გაბრიელ II-ის (დაახლოებით IX ს-ის 30-50-იანი წლები) შემდეგ და წმიდა არსენ I დიდის (დაახ. 860-887 წწ.) წინ.
წმიდა სტეფანე მტბევარი ტბეთის პირველი ეპისკოპოსი იყო. იგი ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი და ჰაგიოგრაფი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი. მის კალამს ეკუთვნის ორიგინალური თხზულება „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“.
წმიდა ზაქარია ანჩელი ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით, იგი წმიდა მეფსალმუნე დავითის მსგავსად ბავშვობიდანვე მწყემსის ლაღი და მკაცრი ცხოვრების წესით იზრდებოდა. წმიდანი ბავშვური გულწრფელობით შემოიკრებდა თავის თანატოლებს და საოცარი სიზუსტით იმეორებდა ეკლესია-მონასტრებში ნანახ და გაგონილ ღვთისმსახურთა მოქმედებებსა და სიტყვებს. ერთხელ მის ასეთი ბავშვურ თამაშობას შეესწრო ანჩელი ეპისკოპოსი, რომელმაც ყრმა ზაქარიას თავზე „ზეცით მოწევნული“ ნათლის სვეტი იხილა. ღვთის მინიშნებით სრულწლოვანებას მიღწეული წმიდანი მალე მთელი საძმოს მოძღვარი გახდა. მისი ლოცვით უამრავი სასწაული აღესრულებოდა: მან ლოცვით შეაჩერა კედელს მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი, განდევნა მონასტრის ბაღ-ვენახს შესეული ფრინველები და კალიები, შემუსრა ორი საშინელი გველი, რომლის შიშით ძმები ვენახში ვეღარ მიდიოდნენ სამუშოად. ასეთი სიწმიდით გამორჩეული წმიდა ზაქარია მღვდელმთვარად იქნა დადგენილი ანჩის კათედრაზე.
წმიდა მაკარი ანჩელს წმიდა გრიგოლ ხანძთელის მიცვალების ჟამს, 861 წელს ეპყრა ანჩის კათედრა.
წმიდა ეზრა ანჩელი - „დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილი“ - X საუკუნის მოღვაწე იყო.
წმიდა საბა იშხნელი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და მისი ერთ-ერთი პირველი თანამზრახველი იყო. მან ხელმეორედ ააშენა წმიდა ნერსე კათოლიკოსის მიერ იშხანში აგებული ეკლესია, რომელიც უკვე დანგრეული იყო და მისი ეპისკოპოსი გახდა. წმიდა საბამ მტკიცე და შეუვალი ტონით დაანახა მეფე ბაგრატ კურაპალატს მიწიერ და ზეციურ მეუფებათა ურთიერთდამოკიდებულება, და ქრისტეს მეუფების უპირატესობა ყოველგვარ ამქვეყნიურ მეუფებაზე. „დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთა. შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთა; შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნო მეუფე...“
წმიდა საბამ გულწრფელი თავმდაბლობითა და კრძალვით უმასპინძლა იშხნის ეკლესიის დასათვალიერებლად ჩასულ წმიდა გრიგოლსა და მეფე ბაგრატ კურაპალატს. მან წმიდა გრიგოლი თავის საეპისკოპოსო ტახტზე დასვა და თვითონ გვერდით მიუჯდა.
წმიდა იოანე - „ახალი იგი ქრისტეს მოწამე... სანატრელი“ - მოღვაწეობდა ხანძთის მონასტერში, იგი იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად; ქალაქ ბაღდადში სარკინოზებმა შეიპყრეს და წამებით აიძულეს ქრისტიანობის უარყოფა, მაგრამ მან სისხლის დათხევით დაამტკიცა მაცხოვრის სარწმუნოების ერთგულება.
წმიდა თეოდორე, ნეძვის მაშენებელი და წმიდა ქრისტეფორე, კვირიკეთის მაშენებელი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის სულიერი შვილები, მისი პირველი თანამზრახველნი და თანამდგომნი, მოძღვართან ერთად მოღვაწეობდნენ ჯერ ოპიზაში, შემდეგ კი ხანძთაში. წმიდა მამებმა გადაწყვიტეს საქართველოს დასავლეთ კუთხეში, აფხაზეთში წასვლა და იქ სამონასტრო ცხოვრების აღორძინება. გზად, სამცხეში მათ ადგილობრივმა აზნაურმა მირიანმა აღსაზრდელად მიაბარა უსაყვარელის შვილი, ექვსი წლის არსენი (შემდგომში ქართლის კათოლიკოსი არსენი დიდი; ხს. 25 სექტემბერს).
წმიდა გრიგოლ ხანძთელმა გადაწყვიტა, უკან დაებრუნებინა თეოდორე და ქრისტეფორე და თვითანაც აფხაზეთს გაემგზავრა. გზაში მან დაიმოწაფა ყრმა ეფრემი (შედგომში - აწყურის სასწაულთმოქმედი მღვდელმთავარი; ხს. 17 აპრილს). წმიდა გრიგოლმა ეფრემი და არსენი ხანძთაში დაბრუნებულ თეოდორესა და ქრისტეფორეს ჩააბარა აღსაზრდელად, თან პირობაც ჩამოართვა, რომ ყრმების აღზრდამდე ისინი ხანძთიდან არ წავიდოდნენ.
როდესაც ეფრემი და არსენი გაიზარდნენ „სრული სიბრძნითა“, წმიდა მამებმა დატოვეს ხანძთის უდაბნო და დააარსეს ნეძვისა და კვირიკეთის ცნობილი მონასტრები, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდნენ.
წმიდა ამბა გიორგი, ამონა, პეტრე და მაკარი მოღვაწეობდნენ ოპიზის უდაბნოში. ბერმონაზონთა სულიერი გამოცდილების გასაზიარებლად წმიდა გრიგოლ ხანძთელი რამდენიმე ძმასთან ერთად ოპიზის უდაბნოში წავიდა, სადაც მან ორი წელი გაატარა. იმ დროს ოპიზის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს წინამძღვრობდა წმიდა ამბა გიორგი, რომელიც სავანის მესამე იღუმენი იყო წმიდა ანდრიასა და წმიდა სამუელის შემდეგ. ამბა გიორგიმ „საღმრთოითა ცნობითა“ გულისხმაჰყო „ღირსებისა მათისა მადლი და შეიწყნარნა იგინი სიხარულით არა ვითარცა მოწაფენი, არამედ ვითარცა უზეშთაესნი მისა, რამეთუ პატივი ზეგარდამო ღმრთისა მიერ მონიჭებად იყო მათდა“. სწორედ ამ ნეტარი ოპიზელი მამების წმიდა ცხოვრებაზე დაკვირვებით განიმტკიცა წმიდა გრიგოლმა ლოცვის, მარხვის, სიმდაბლისა და სიმშვიდის სათნოებანი. ისტორიას შემორჩა 913 წელს ოპიზის უდაბნოში გადაწერილი წმიდა სახარება.
IX საუკუნის მეორე ნახევარში ზარზმაში წმიდა სერაპიონ ზარზმელმა (ხს. 29 ოქტომბერს) დააარსა ზარზმის ცნობილი მონასტერი. ამ მონასტერში გაბრწყინდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით წმიდა სერაპიონის ძმისშვილი წმიდა ბასილ ზარზმელი, ავტორი „სეაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა“. წმიდა ბასილიმ შემოგვინახა ცნობები ამ მონასტერში მოღვაწე სხვა მამების შესახებაც.
წმიდა გიორგი - „კაცი კეთილითა სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა“, წმიდა სერაპიონის შემდეგ წინამძღვრობდა ზარზმის სავანეს. წმიდა გიორგის შეენაცვლა წმიდა მიქაელი, რომელმაც წმიდა სერაპიონის წინასწარმეტყველებისაებ, დაიწყო მეორე ტაძრის მშენებლობა ზარზმაში. ეს საქმე განასრულა ზარზმის მომდევნო წინამძღვარმა - წმიდა პავლემ, „კაცმა, წამებულმა ყოვლისა მიერ ერისა“.
წმიდა ხვედიოსი, „კაცი მართალი და წმიდა“, დაყუდებული ბერი იყო და ხანძთის სანახებში მოღვაწეობდა. მას საღმრთო გამოცხადებით წინასწარ ეუწყა ხანძთაში წმიდა გრიგოლის ჩასვლის შესახებ და სიხარულით შეიწყნარა მასთან მისული ძმათა კრებული. წმიდა ხვედიოსმა დალოცა და თვითონაც ლოცვა-კურთხევა ითხოვა წმიდა გრიგოლ ხანძთელისაგან, თან ისურვა, ცალკე გამოქვაბულში განეგრძო ცხოვრება, რომ მარტომყოფობის აღთქმა არ დაერღვია. წმიდა ხვედიოსის გარდაცვალების შემდეგ მისი მღვიმე საოცარი კეთილსურნელებით აივსო.
წმიდა ეპიფანე წმიდა გრიგოლ ხანძთელის სულიერი შვილი იყო. სასწაულთქმედებითა და სიმტკიცით შემკული მამა უდიდესი მორჩილებით და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. მის წმიდა ლოცვას სნეულებისაგან სასიკვდილოდ განწირული მრავალი ადამიანი განუკურნავს. ეპიფანეს სიწმიდესა და მორჩილებაში მრავალჯერ დარწმუნებული წმიდა გრიგოლ ხანძთელი ძმებს მოუწოდებდა, ენახათ „სიმდაბლე საქმით სრული ეპიფანესი“.
წმიდა მატო მოღვაწეობდა ხანძთის უდაბნოში. მერეს დედათა მონასტრის წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ იგი ორმოცი წლის განმავლობაში წინამძღვრობდა ამ მონასტერს და „ექმნა ყოველთა სახე კეთილისა“. მის სიწმინდეზე და ასკეტიზმზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამ ხნის განმავლობაში მას დედებთან ერთად არასდროს უჭამია პური და არც არაფერი გამოურთმევია მათთვის უშუალოდ ხელიდან ხელში; ღრმად მოხუცებულმა და დასნეულებულმა წმიდანმა თავი აარიდა დედების ხელით მსახურებას, მამათა მონასტერში მოღვაწე თავის ნათესავს სთხოვა, თან წაეყვანა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
წმიდა ზენონი სამცხელი დიდგვაროვნის შვილი იყო. მას, სიყრმიდანვე ღვთისმსახურებით აღზრდილს, მონაზვნობა ჰქონია გადაწყვეტილი. განზრახვის შესრულებამდე ცოტა ხნით ადრე ერთმა „უკეთურმან კაცმან“ მისი და მოიტაცა. ცხენზე ამხედრებული და შეიარაღებული ზენონი გამოუდგა დის გამტაცებელს, მაგრამ გზაზე მტანჯველმა ფიქრებმა შეიპყრო: „მე ვარ ჭაბუკ სახელოვან და რომელსა ვსდევ, ფრიად შეურაცხ არს“. რომ დავეწიო და მოვკლა, სულს წარვიწყმედ, უკან რომ დავბრუნდე, ესეც სირცხვილიაო, და გადაწყვიტა: „აღთქუმა მონაზონებისა აწ აღვუსრულო უფალსა“. შემდგომში იგი წმიდა გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე გახდა.
„სათნოებათა საუნჯე, მონაზონებისა წესი წმიდა, კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდე“ - წმიდა ზენონი ღრმა მოხუცებულობაში აღესრულა.
ხანძთის წინამძღვარი, მამა იოანე - ცნობილია იმით, რომ მან დაასრულა თავისი წინამორბედის, „ნათესავით აზნაურის“, მამა არსენის მიერ დაწყებული ხანძთის ახალი ეკლესიის მშენებლობა. „ორნივე ესე ხანძთას მამობასა შინა აღესრულნეს“.
წმიდა ბასილი ხანძთელი გრიგოლ ხანძთელის დედის მსახური ქალის შვილი იყო. გრიგოლს მისთვის წინასწარ განუცხადებია, რომ იგი ხანძთის წინამძღვარი გახდებოდა.
წმიდა თეოდორე და მისი ძმა წმიდა იოანე ერთად მოღვაწეობდნენ ხანძთის მონასტერში. წმიდა თეოდორე მონასტრის წინამძღვარი იყო, სწორედ ამ წმიდა მამებს ახსენებს წმიდა გიორგი მერჩულე თავისი ცნობილი თხზულების - „წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ თანაავტორებად, თუმცა, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ისინი იყვნენ არა უშუალოდ თხზულების თანაავტორნი, არამედ ამ წმიდა საქმის მაკურთხეველნი და ხელმშემწყობნი.
ამავე მონასტერში მოღვაწეობდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით ცნობილი ბერი გაბრიელი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა მონასტერში მცხოვრებ სნეულ და მოხუცებულ ბერებს. წმიდა გაბრიელი ყველას მოუთხრობდა მისთვის ცნობილი მამების მოღვაწეობის შესახებ და მოუწოდებდა, მტკიცედ დაეცვათ მონასტერში ცხოვრების მამათა მიერ დადგენილი წესები.
წმიდა დიმიტრიოსი - ნეტარი დედის, წმიდა ფებრონიას გაზრდილი იყო. იგი წმიდა მამა გრიგოლ ხანძთელს დაემოწაფა და ეს „ქრისტეშემოსილი“ შვილი გრიგოლ ხანძთელისა „შერაცხილ იყო პირველთა თანა მოწაფეთა მისთა“. იგი იხსენიება იმ წმიდა მამების გვერდით, „რომელთაგან მრავალნი უდიდესსა საზომსა მონაზონებისასა მიწევნულ იყვნენ და სასწაულნი დიდნი მათ მიერ იქმნებოდეს ხორცთა შინა ყოფასა მათსა და შემდგომად სიკვდილისა მათისა“. წმიდა დიმიტრიოსი იერუსალიმის სიწმიდეების მოსალოცად გაემგზავრა და იქ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან წერილი მისწერა წმიდა ფებრონიას და წმიდა გრიგოლ ხანძთელს.
წმიდა არსენი და მაკარი - „კეთილნი მონაზონნი, სრული სიბრძნით და სასწაულთა მოქმედნი“ წმიდა ეფრემ მაწყვერელის (ხს. 17 აპრილს) ნათესავები იყვნენ. ისინი იერუსალიმის საბაწმიდის მონასტერში მოღვაწეობდნენ და მუდმივი კავშირი ჰქონდათ ხანძთელ ბერებთან. წმიდა არსენი და მაკარი ხშირად წერდნენ წერილებს ხანძთაში მოღვაწე მამებს - მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ ქრისტესმიერი სიყვარული და დედაეკლესიისა და სამშობლოს თავდადებული მსახურება.
„დიდი შიო საკვირველთმოქმედი, რომელი, ვითარცა მთიები განთიადისა, ბრწყინვიდა ქვეყანასა ქართლისასა“, ბასილ ზარზმელის ცნობით იგი წმიდა მიქელ პარეხელის (ხს. 27 მაისს) მოძღვარი იყო.
წმიდა ბასილი და მარკელაოზი „სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა“ წმიდა მიქელ პარეხელის მოწაფეები იყვნენ. მამა ბასილი, რომელიც წმიდა მიქელის შემდეგაც „პარეხთა მკვიდრი იყო“, მოძღვრის სიახლოვეს დაუკრძალავთ. სარწმუნოებით მისულებს წმიდა საფლავებიდან კურნება მიემადლებათ.
წმიდა დავითი - „წმიდათა უხორცოთა“ მსგავსი დიდი და სანატრელი მამა, „მაშენებელი მონასტერთა“, მიძნაძორის სავანეს წინამძღვრობდა. იგი იყო სულიერი მოძღვარი წმიდა ილარიონ კათოლიკოსისა.
წმიდა იაკობი - „მრავალფერი მადლით“ შემკული X საუკუნის დიდი მამა, თავდაპირველად შატბერდში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მიძნაძორის ხევში დამკვიდრდა და „ბრწყინვიდა... ვითარცა მთიები შორის ვარსკვლავთა“.
„დიდი სოფრონ, სანატრელი მამაი, შატბერდის ეკლესიისა განახლებით აღმაშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი“, ცნობილი საეკლესიო მწერალი იყო. სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია მისმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ. წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღმწერელი წმიდა გიორგი მერჩილე მას იმ ბრძენ და სრულ მამათა რიცხვს მიაკუთვნებს, რომელთაგან ელოდა იგი „ცხოვრებისა ამის დაწერად“. ამავე მონასტერში მოღვაწეობდა წმიდა გრიგოლ შატბერდელიც. საბედნიეროდ, დროთა ავბედითობას გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია ამ მონასტერში შესრულებულმა და გადაწერილმა X ს-ის ისეთმა წერილობითმა ძეგლებმა, როგორიცაა: შატბერდის კრებული, უდაბნოს მრავალთავი, ჰადიშის, ჯრუჭისა და პარხალის სახარებების სახელით ცნობილი ხელნაწერები.
წმიდა ზაქარიამ ააგო ბერეთელთის ცნობილი მონასტერი და სათავე დაუდო შემდეგომში აქ მცხოვრები წმიდა მამების სიწმიდითა და სიბრძნით მოღვაწეობას.
წმიდა ილარიონ პარეხელს, ამ წმიდა და ღმერთშემოსილ მამას, წმიდა გიორგი მერჩულე იხსენიებს, როგორც მისი დროის ერთ-ერთ თვალსაჩინო მწერალსა და საეკლესიო მოღვაწეს.
წმიდა ილარიონი, უბისის მამასახლისი, დიდხანს მოღვაწეობდა იერუსალიმის საბაწმიდას ქართველთა მონასტერში. მოხუცებულობაში წმიდა მამა საქართველოში ჩამოვიდა და ხანძთის მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. უაღრესად წიგნიერ და განათლებულ წმიდა ილარიონს დაევალა უბისის ეკლესიის აშენება და იქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.
წმიდა ფებრონია მოღვაწეობდა სამცხეში, მერეს დედათა მონასტერში. წმიდა ფებრონიასა და წმიდა გრიგოლ ხანძთელს საღმრთო სიყვარული და გულითადი მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან.
წმიდა ფებრონიას სიწმიდესა და სიბრძნეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წმიდა მამათა კრებული „თვინიერ დედისა ფებრონიას განზრახვისა“ საქმესა არა ხელ-ჰყოფდა. წმიდა ფებრონიას ჩააბარა წმიდა გრიგოლ ხანძთელმა მეფე აშოტ კურაპალატის (წმიდა მოწამის; ხს. 29 იანვარს) სახლიდან ძალით წამოყვანილი ქალი, რომლის მიმართაც მეფეს „გარდარეული სიყვარული“ ჰქონდა. წმიდა ფებრონიამ შეძლო, მეფისთვის მტკიცე უარი ეთქვა დედაკაცის სასახლეში დაბრუნებაზე. ცნობილია, რომ წმიდა ფებრონიას ზეციური ანგელოზები აუწყებდნენ ღვთის ნებას.
წმიდა ფებრონიასთან ერთად მოღვაწეობდა წმიდა თემისტია, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მერეს დედათა მონასტერში მწირველ მღვდელ წმიდა მატოს. როგორც თვითონ წმიდა თემისტია აღნიშნავდა, ისეთი მოკრძალებული იყო მათი უმრავლესობა, რომ წმიდა მატოს უშუალოდ მისი ხელიდან საცეცხლურიც კი არ მიუღია არასდროს.
მერეს დედათა მონასტერში დაყუდებით მოღვაწეობდა წმიდა ანატოლე („რომელსა უწოდეს ანტონიოს“). ზეციურ უხორცო ძალთა მსგავსი ცხოვრებით გაბრწყინებულ წმიდა დედას ხშირად ეცხადებოდნენ ანგელოზები. სანატრელ დედებს თემისტიასა და ანატოლეს ანგელოზთაგან ეუწყათ მათი მოძღვრის, წმიდა მატოს ამქვეყნიდან განსვლაც.
წმიდა დედათა დასში ასევე გამორჩეული სიწმიდითა და სიმდაბლით მოღვაწეობდა წმიდა ანასტასია. იგი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, შემორჩენილია მისი საერო სახელი - ბევრელი. იგი მეფე ადარნასეს ცოლი იყო და, როგორც დედოფალი, უაღრესად შეეწეოდა მერეს დედათა მონასტერს. მეფე ადარნასეს მიერ დედოფლის უკანონოდ მოძულების შემდეგ ბევრელი დედათა მონასტერში მივიდა და იქ აღიკვეცა ანასტასიას სახელით.
წმიდა ანასტასია მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს აღასრულებდა, მარადჟამ ძაძა ემოსა, თავისი ხელით აზიდებოდა შეშას ტყიდან და გამუდმებით ლოცულობდა.
წმიდა ანასტასიას ყოფილი მეუღლე, მეფე ადარნასე მოულოდნელად დასნეულდა. მან მოციქულები გაგზავნა ფერსათის მონასტერში, სადაც იმ დროს წმიდა ანასტასია მოღვაწეობდა და შენდობა ითხოვა წმიდანისაგან. წმიდა ანასტასიამ ილოცა დასნეულებული მეფისათვის: „ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ხორცით“, რის შემდეგაც ადარნასე „მსწრაფლ ხოლო განიკურნა“.
სიწმიდითა და სიმდაბლით გაბრწყინებული წმიდა ანასტასია სიცოცხლის ბოლომდე ფერსათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. სიცოცხლეში სასწაულთქმედებით ცნობილი წმიდანი მიცვალების შემგომაც სასწაულებით განაბრწყინა ღმერთმა, მის საფლავთან განიკურნენ მისი დასნეულებული შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი, რამაც დასაბამი მისცა სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილთა განკურნებას წმიდა ანასტასიას საფლავთან.
ამ წმიდა მამათა და დედათა სისხლით და ოფლით ფაპოხილი ტაო-კლარჯეთის მიწა - საქართველოს უძველესი, ისტორიული ტერიტორია, რომელიც დღესაც ქართველებითაა დასახლებული, 1921 წლიდან (კომუნისტური რეჟიმის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ) თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში იმყოფება; საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კუთვნილი საეპისკოპოსო კათედრები და ეკლესია-მონასტრები ხშირად სომხეთის კუთვნილებად ცხადდება, მაგრამ ისტორიული სინამდვილის უგულებელყოფა შეუძლებელია.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ აღადგინა და თავის იურისდიქციაში ნომინალურად გამოაცხადა ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია; ზემოჩამოთვლილი წმიდანების სახით კი მოხდა ტაო-კლარჯეთში მოღვაწე, „დიდი სულიერებით, სასწაულთქმედებით, მონასტერთა აღმშენებლობით“ გამორჩეულ ღირს მამათა და დედათა კანონიზაცია.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.