ღირსი პელაგია ედესელმა ეპისკოპოსმა ნონემ (ხს. ყველიერის შაბათს) მოაქცია ქრისტიანობაზე. ნათლისღებამდე იგი პალესტინის ანტიოქიის მოცეკვავეებს ხელმძღვანელობდა, ძალიან მდიდარი იყო და თავაშვებულად ცხოვრობდა.
ერთხელ მდიდრულად ჩაცმულმა პელაგიამ ჭაბუკებისა და ყმაწვილქალების გუნდთან ერთად ჩაიარა ტაძრის წინ, რომლის კარებთანაც მღვდელმთავარი ნონე იჯდა და ხალხს მოძღვრავდა. მორწმუნეებმა თვალი აარიდეს ქალაქში ცნობილ მეძავს, ნონე კი დიდხანს გასცქეროდა მას. წმიდანმა შემოკრებილებს მიანიშნა იმაზე, თუ როგორ გულმოდგინედ ზრუნავდა ეს ქალი საკუთარ გარეგნობაზე და სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე, თან მწუხარედ დაამატა, ჩვენ, ქრისტიანები ნაკლებად ვესწრაფვით ჩვენი სულების სინანულის ცრემლებით განბანას და სათნოებებით შემკობასო.
ნონემ შეიცნო პელაგიას სულის სიმაღლე და შემდგომ თავის სენაკში დიდხანს ლოცულობდა წარწყმედისაგან მის დასახსნელად.
მეორე დღეს, როცა მღვდელმთავარი ამბიონიდან საშინელ სამსჯავროსა და ცოდვილთა და მართალთა სულების საუკუნო მისაგებელზე ქადაგებდა, ტაძარში პელაგია შევიდა. ნონეს სიტყვებმა ნეტარი ღვთის შიშით აღავსო, გულშემუსვრილი და აცრემლებული მიეახლა მას და ნათლისღება სთხოვა. მონანულის გულწრფელობაში დარწმუნებულმა ეპისკოპოსმა მონათლა პელაგია და თან იმ საცთურებისა და ბრძოლების შესახებაც ესაუბრა რომელიც წინ ელოდება სიწმინდისაკენ მიმავალ ყოველ ადამიანს.
ღამით დემონი წარსდგა პელაგიას წინაშე და ცდილობდა, იგი უწინდელი ცხოვრებისკენ მიბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ წმიდანმა ილოცა, პირჯვარი გადაისახა და ეშმაკიც გაქრა. ნეტარმა დედამ მთელი თავისი ქონება შეკრიბა და მღვდელმთავარს მიუტანა, ამ უკანასკნელმა კი ურჩია, საუნჯე გლახაკებისთვის დაერიგებინა: „გონივრულად დაიხარჯოს ავად მოხვეჭილი“. ამის შემდეგ პელაგიამ იერუსალიმს მიაშურა და ელეონის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი დაყუდებით მოღვაწეობდა ბერი პელაგიუსის სახელით და მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 457 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.