წმიდა აღმსარებელი პოპლია (პუბლია), ანტიოქიელი დიაკონისა ადრე დაქვრივდა, რის შემდეგაც მთელ ძალებს ვაჟიშვილის, იოანეს ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზრდას ახმარდა. მოგვიანებით იოანეს ხუცესად დაასხეს ხელი, პოპლია კი კეთილგონიერებისა და მოსაგრე ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. მან თავის ირგვლივ შემოიკრიბა დედები, რომლებსაც ცხოვრების ღვთისმსახურებისთვის მიძღვნა ჰქონდათ გადაწყვეტილი და საკუთარ სახლში მონასტერი მოაწყო. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას პოპლიამ და მისმა დებმა ამხილეს უსჯულო ხელისუფალი. როცა იმპერატორმა პოპლიას სახლის წინ ჩაიარა, დედებმა ხმამაღლა დაიწყეს კერპთაყვანისმცემლობის მამხილებელი 113-ე ფსალმუნის გალობა, რისთვისაც იულიანეს ბრძანებით მხცოვანი დიაკონისა სასტიკად გვემეს. ამის შემდეგ ნეტარს დიდხანს არ უცოცხლია: მალე მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.