კეთილმსახური მეფის, წმინდა თამარის (ხს. 1 მაისს და მენელსაცხებლე დედათა კვირას) გარდაცვალების შემდეგ (1213 წ) ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქრისტიანულ საქართველოს. ამ დროიდან სრულიად საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ერთიანი სახელმწიფოს მეფეთ-მეფე შეიქმნა გიორგი IV, ზედსახელად ლაშა. „ლაშა აფსართა ენითა ბრწყინვალესა და მანათობელს ნიშნავს“ - აღნიშნავს „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მინაწერი.
ლაშა-გიორგი დაიბადა 1192 წელს და თამარის სიცოცხლეშივე, დავით სოსლანის სიკვდილის შემდეგ (1207 წ), იქნა დასმული მის თანამოსაყდრედ, როდესაც ის ჯერ კიდევ 12 წლისა იყო, ხოლო სრულწლოვანების მიღწევისთანავე 1209 წელს დედამ მას ფორმალურად დაუთმო ტახტი და თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. 1210 წლიდან ლაშა-გიორგის სახელზე ფულიც კი იჭრებოდა, მაგრამ მის მიერ ერთპიროვნულად და სრულფასოვნად ტახტის მფლობელობა მხოლოდ წმინდა თამარის სიკვდილის შემდეგ იწყება.
ჭაბუკი მეფის გამოუცდელობის იმედით მისი გამეფებისთანავე მოხარკეები აიშალნენ და საქართველოსთვის ხარკის გადახდაზე უარი განაცხადეს, მაგრამ მეფე გიორგიმ განდგომილნი ხმლის ძალით კვლავ შემოიმტკიცა და მტერიც და მოყვარეც დაარწმუნა, რომ კავკასიელთა „იმპერიის“ ტახტზე კვლავაც ძლიერი და გაუტეხავი ქართველი, გორგასლიან-დავითიან-თამარიანი იჯდა. ევროპაში ლეგენდარული თამარის ვაჟზე, როგორც „ახალ ალექსანდრე მაკედონელზე“, „ქრისტიანობის უბრწყინვალეს რაინდზე“ ალაპარაკდნენ.
რაინდული სულისკვეთებითა და პატიოსნებით უხვად დაჯილდოებულ ლაშა-გიორგის ორივე მშობლისაგან უხვად დაჰყოლოდა სიტურფე. სახილველად იყო საოცრად სახიერი და მომხიბლავი, ტანად - კენარი, ახოვანი, ძალღონითა და ლაზათით სავსე. იყო „ლომი ძალითა და უმანკო გონებითა“, უებრო მოისარი და მახვილოსანი, ცხენოსანი გულოვანი, მოჯირითე და მოასპარეზე, ჭეშმარიტი რაინდი - უშიშარი და შემართული ბრძოლებში. უსაზღვრო გულკეთილობა და გულუხვობა დაჰყოლოდა დედისაგან. მისმა გულმა არ იცოდა რა იყო შური. ყველა უყვარდა და ყველას სიკეთე ახარებდა, დამწუხრებულთ ამხნევებდა, უქონელთ ხელგაშლილად ასაჩუქრებდა და განიკითხავდა. იყო მიუკერძოებელი „ბჭე და მოსამართლე“, „მშვიდი და განურისხებელი ბუნებითა“. „შვიდთა სამეფოთა“ მეფეთ-მეფეს თავის სიცოცხლეში მათრახი ერთხელაც არავისთვის მოუქნევია. მაგრამ, ცოტა ხანში მხნე, ახოვანი და ძლიერი მეფე გახდა ლაღი, ამპარტავანი, თავხედი და თვითბუნება, განსხვავებით მისი დიდი პაპის - დავით აღმაშენებლისგან, რომელიც საქართველოს დიდებისთვის არა რაინდობას და მხედრობას სცემდა თაყვანს, არამედ ჭეშმარიტ უფალს. ისიც მიდიოდა მხედრული გზით - ხმლითა და ფარით ხელში, მაგრამ მეფე დავითი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ირჩევდა ხმალს, რისთვისაც შემდგომ სინანულის გალობით უფალს პატიებას სთხოვდა. ჭაბუკი მეფის რაინდულ სულს კი მხოლოდ ჭეშმარიტად ადამიანური პატივმოყვარეობა ასაზრდოებდა, პატივმოყვარეობა, რომელიც ანტიკური ხანის რაინდული ეპოსის გმირებს გააჩნდათ. გიორგი-ლაშას ხასიათის შეცვლის მიზეზი ცოდვებისაკენ მიდრეკა ყოფილა, რაც საზოგადოდ ქართველ მეფეთა სახლისათვის უცხო იყო.
ერთხელაც კახეთში, ველისციხეში, ერთ-ერთი აზნაურის სახლში ყოფნისას მას გლეხის ცოლი (დანიშნული) მოეწონა. მან არ გაითვალისწინა ის, რომ ქალი უკვე გათხოვილი იყო, ხოლო მეფეს ასეთი უღირსი საქციელი არ ეკადრებოდა, დაავლო იმ ქალს ხელი და სამეფო კარზე მიიყვანა, მაგრამ დიდებულებმა ნება არ დართეს ქვეშევრდომი საქართველოს დედოფალად გამოეცხადებინა. ამასობაში ქალი დაორსულდა და შვა ძე - დავითი „ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა მე დედამან ჩემმან“. დავით VII ულუს (1247-1270) მემატიანე „დიდთა განსაცდელთა მეფეს“ უწოდებს.
„რატომ აქცევს მემატიანე განსაკუთრებულ ყურადღებას ლაშა-გიორგის ცოდვების აღწერას? იმიტომ, რომ ისინი საუკუნეთა მანძილზე საქართველოს უბედურების საბაბად ქცეულა. ლაშას უკანონო ძე - დავითი, მონღოლებმა გაამეფეს, თავის მხრივ რუსუდანმაც გაამეფა თავისი ვაჟი. ამან საქართველოში ორმეფობა დაბადა, რასაც შემდეგ ქვეყნის გაყოფა და მრავალი, ენით აუწერელი უბედურება მოჰყვა შედეგად, ლაშა-გიორგის ცოდვა მთელმა ერმა ზღო საუკუნეთა მანძილზე. სწორედ ამას სჭვრეტდა წინასწარ ეკლესია და მოუწოდებდა მეფეს - მოეშალა სიავენი. უკანონობამ უკანონობა დაჰბადა, უწესობამ - უწესობა (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე - საქ. სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. III.).
გიორგი-ლაშამ არ ინება კანონიერი ცოლის მოყვანა, რაც ძალზე აღონებდა დიდებულებს და ეკლესიას. ამ მიზეზით შეიკრიბნენ კათალიკოსები (ქართლისა და აფხაზეთისა), ვაზირები და ეპისკოპოსები და ამხილეს, მაგრამ მეფემ არც კი მოუსმინა მათ. მაშინ უმაღლესმა სამღვდელოებამ და დიდგვაროვნებმა არ დათმეს და კათალიკოს-პატრიარქის ეპიფანეს თაოსნობით წაართვეს მას უკანონო ცოლი და ველისციხეში, თავის კანონიერ ქმართან წარგზავნეს (სხვა ცნობით ქალი დარდისაგან გარდაიცვალა). ამის შემდეგაც არ იქორწინა მეფემ და ბოროტი ჩვევებიც არ მოიშალა, რის გამოც კათალიკოსები, დიდი თავადები და თვით ივანე ათაბაგიც სამეფო კარს განეშორნენ. ამით ისარგებლა ლაშამ, სანატრელი დედის სახელმოხვეჭილი ვეზირები გადააყენა, მათ მაგივრად თანამოასაკენი შეყარა და მათთან ერთად განსცხრებოდა. განისვენებდა ნადირობითა და მსმურთა თანა მიდრკა სიბოროტისადმი, ვითარცა წერილ არს ისრაილთათვის „დასხდა ერი იგი ჭამად და სმად, და აღდგეს სიმღერად“. უსჯულოება მეფისა კი ერს ჭირივით გადაედება, ხელმწიფის ღრმა სარწმუნოება კი ერსაც კრძალვით აღავსებს. ეგრეთვე იქმნა ნათესავსაცა ამას შინა ქართველთასა, რამეთუ განძღეს და იშუებდეს და მიდრკეს სიძვათა შინა და მთვრალობათა“.
1204 წელს მოხდა უდიდესი კატასტროფა ბიზანტიის ისტორიაში: ამ წელს ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინეპოლი (კონსტანტინეპოლი არასოდეს არ აღებულა მისი დაარსებიდან, IV საუკუნიდან, ვიდრე იმ დრომდე) და დაარსეს ლათინთა (დასავლეთ- ევროპელთა) სახელწიფო, ცენტრით კონსტანტინეპოლში, რომლის არსებობამ გასტანა 57 წელი, ბიზანტიის სახელმწიფოს ხელისუფლება კი გადავიდა მცირე აზიაში და დამკვიდრდა დასავლეთ ანატოლიაში, ცენტრით ქალაქ ნიკეაში. მხოლოდ 1261 წელს შესძლეს ბერძნებმა კონსტანტინეპოლის დაბრუნება და ბიზანტიის სახელმწიფოს აღდგენა.
ბიზანტიის იმპერიის დაკნინება-დასუსტების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო, რომლის საზღვრებში XII ს-ის პირველ მეოთხედში გაერთიანდა კავკასიის მთავარი ნაწილი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, თანდათან განმტკიცდა და გაძლიერდა და თამარის ეპოქაში დაიჭირა ბიზანტიის ადგილი.
XIII ს-ში (1220 წლისათვის) ტერიტორია სრულიად საქართველოსი შეადგენდა 246. 178. კვ. კმ-ს, ხოლო მოსახლეობა 8. 950. 000 მცხოვრებს. აქედან საკუთრივ საქართველოს სახელმწიფო შეიცავდა ტერიტორიას - 227. 427 კვ. კმ-ს, ხოლო მოსახლეობა 8. 250. 000 მცხოვრებს. ტრაპიზონის სამეფო კი, რომელმაც ტერიტორიული ცვლილებები განიცადა და ჩამოყალიბდა, როგორც ქართული სახელმწიფო ქართულ მხარეთა საზღვრებში შეიცავდა 18. 751 კვ. კმ-ს, მოსახლეობა კი 700. 000 მცხოვრებს.
XIII ს-ის პირველ მეოთხედში საქართველო „ჯვაროსნად“ ამხედრებული ევროპისთვის, ანტიმუსლიმანური ძალების წინააღმდეგ მდგარ ერთადერთ საიმედო ბურჯსა და დამცველს წარმოადგენდა აღმოსავლეთში. და აი, 1219 წელს მოვიდა ეპისტოლე ევროპიდან - რომის პაპი ჰონორიუს III ქართველთა მეფეთ-მეფეს სთხოვდა თავისი მხედრობით დაძრულიყო იერუსალიმისაკენ მიმავალ ჯვაროსნებთან შესაერთებლად. ლაშა-გიორგიმ, თავისი რაინდული ბუნებიდან გამომდინარე, უდიდესი სიხარულით მიიღო ეს მიწვევა და დაუყოვნებლივ „ჯვაროსნული ომისთვის“ მზადებას შეუდგა, მაგრამ სრულებით მოულოდნელად თვით საქართველოს საზღვრებს მანამდე უცნობი მტერი მოადგა და ამ გარემოებამ საქმეთა მიმდინარეობას სულ სხვა მიმართულება მისცა.
კარზე მომდგარი მტრები მონღოლები იყვნენ, რომელთა ვინაობა, არათუ მაშინდელი საქართველოსთვის, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის მცხოვრებთათვისაც კი უცნობი იყო, რადგან მონღოლები შორეული ქვეყნებიდან დაიძრნენ და მხოლოდ რამდენიმე ათეული წელი იყო, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ.
XIII ს-ის დამდეგიდან ჩინგიზ-ხანის მეთაურობით მონღოლთა გაერთიანებულმა სახელმწიფომ (ყველა თვისტომის გაერთიანების შემდეგ, იგი იქცა მათ უზენაეს მბრძანებლად - ყაენად) მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი აზიასა და ევროპაში - ჩრდ. ჩინეთი, კორეა, ცენტრალური აზია, შუა აზია, ირანი, ავღანეთი და სხვა ქვეყნები დაიმორჩილა. დასავლეთით ისინი მიუახლოვდნენ ევროპის ცენტრებს - „ვიდრე ბორღართა და სერბეთამდე“. მონღოლებმა (მონღოლთა სამეფოს მოსახლეობა ძირითადად შედგებოდა სამი რასისაგან: თვითონ მონღოლების, თათრების ანუ თურქებისა და ჩინელებისაგან) ყოველივეს მუსრი გაავლეს (თუმცა ფაქტია, რომ ასეთმა უძლიერესმა სახელმწიფომ ვერ შეძლო საქართველოს სრულიად დაპყრობა, უფრო მეტიც, მან ვერ შეძლო ქართული სახელწიფოებრიობის გაუქმებაც კი. ქართულმა სახელმწიფომ მონღოლთა ძლევამოსილი მსვლელობა ლიხის მთასთან შეაჩერა. დასავლეთ საქართველოს დაპყრობა მონღოლებმა ვერ შეძლეს, ამიტომაც სამეფო ცენტრი იქ იქნა გადატანილი).
როდესაც მოხუცმა ხვარაზმ-შაჰ მუჰამმედმა შეიტყო მონღოლთა მოახლოება, ექვსასი ათასი კაცით გაემართა ჩინგიზ ხანთან საბრძოლველად, მაგრამ დამარცხდა და მცირე რაზმით მონღოლთა ალყაში აღმოჩნდა. როცა ეს ამბავი მისმა ვაჟმა სულთანმა ჯალალედინმა (ჯალალ ად-დინმა) შეიტყო, რომელიც იყო „კაცი მხნე, ქველი, შემმართი, უშიში, ვითარცა უხორცო, ძალითა საჩინო, წყობათა შინა უცხო“, მცირეოდენი რაზმით მიიჭრა, მამა გამოიხსნა და მასთან ერთად ღაზნაში გაიქცა ახალი ლაშქრის შესაგროვებლად და მონღოლების მრისხანე მბრძანებელთან კვლავ შესაბრძოლებლად. როდესაც ჩინგიზ ხანმა ჯალალედინის გაქცევა შეიტყო, ორი სარდალი, ჯებე და სუბუდაი, ღაზნასა, ღარჯისტანსა, ზაბულსა და ქაბულში 30000 ცხენოსანი ჯარითურთ დასაზვერავად და გზების შესაკრავად წარგზავნა. ისინი ხვარაზმშაჰს კვალდაკვალ სდევდნენ და, იმისდა მიხედვით, როგორც თანდათან ჯალალედინი უფროდაუფრო დასავლეთით ერანისკენ და ერანის მიწაწყალზე, ლამობდა ფეხის მოკიდებასა და გამაგრებას, მონღოლებიც იმავე გზით მოჰყვებოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ. „განვლეს თურანი, ჯეონი, ხუარასანი, ერაყი, ადარბადაგანი, და მოიწივნეს განძას, და ვინც წინაღუდგა, ყველას სძლიეს. მონღოლთა სარდლები, დავალების ასრულების შემდეგ, ისევ მონღოლეთში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამიტომ მათ პირი კვლავ ჩრდილოეთისკენ იბრუნეს და ჩრდილოეთს ერანს, ადარბადაგანამდე რომ მიაღწიეს, რანისა და შირვანის მიწა-წყალსაც მიადგნენ, რაც საქართველოს საზღვრების გადმოლახვას უდრიდა, რადგან აღნიშნული ქვეყნები საქართველოს სახელმწიფოს ყმადნაფიც სამფლობელოებს წარმოადგენდა. 1220 წ. ცალთვალა მონღოლთ სარდალ - სუბუდაი-ბაჰადურს და ჯებე-ნოინს 20000 მხედრით საქართველოს საზღვარი გადმოულახავს. ეს ისე მოულოდნელად მომხდარა, რომ ქართველთა მონაპირე 10000 კაცისაგან შემდგარ ჯარს წინ მომავალი უცხო მტრისთვის მხოლოდ დადევნებაღა შესძლებია.
როდესაც ვარამ გაგელმა და ივანე ათაბაგმა აცნობეს მეფეს „უცხოისა ნათესავისა მოსლვა, უცხოითა ენითა, ოხრებად სომხითისად“, მან ოთხმოცდაათი ათასი მხედარი შეკრიბა და მონღოლ-თათართა წინააღმდეგ საბრძოლველად წარემართა. მეფეს ივანე ათაბაგი, მისი ძმისწული შანშე მანდატურთუხუცესი და ვარამ გაგელიც შეუერთდნენ დიდი ლაშქრით. მტერი ბერდუჯის წყლის პირას იყი დაბანაკებული. „იქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ მოიწია რისხვა ზეგარდამო უშჯულოებათა და ცოდვათა ჩუენთათვის“ - ღაღადებს ჟამთააღმწერელი.
ქართველთა ლაშქარი დამარცხდა და საგრძნობლად დაზარალდა, ხოლო მეფე მონღოლური ისრით დაიჭრა და იოანე ათაბაგთან ერთად გაქცევით უშველა თავს. ასეთი გამარჯვების შემდგომ მონღოლებმა, გზების ვიწროობისა და ტყით დაბურულობის გამო დადევნება ვეღარ გაბედეს და უკუნ გაბრუნდნენ. ლტოლვილი და დამწუხრებული მეფე კი, რომლის ცოდვების გამოც ისჯებოდა მისი სამეფო, თბილისში დაბრუნდა და იარებს იშუშებდა, მაგრამ ნაადრევად წამოდგა ფეხზე და საომარ მზადებას შეუდგა.
ერთი წლის შემდეგ სუბუდაი-ბაჰადური და ჯებე-ნოინი ორმაგად გაზრდილი ლაშქრით (თურქმენთა, ირანელთა და ქურთთა ლაშქარიც შეჰმატებოდათ), სამშვილდემდე მივიდნენ, მაგრამ, შეიტყეს თუ არა თავისი ჯაშუშებისაგან, რომ ქართველებს მათთან საბრძოლველად ჯარი უკვე მზად ჰყავდათ, უკანვე გაბრუნდნენ და დარუბანდისკენ გაემართნენ. მათ ვერც შარვანშა აღუდგა წინ და ვერც დარუბანდელნი. დარუბანდის კარიც გახსნეს და ყივჩაღებიც დაამარცხეს. და ესე დაუსვენებლად, უსაჭურვლოდ, უხმლოდ, მხოლოდ მშვილდის იმედით, საშინელ გზებზე დაუჭედელი ცხენით გადათქერეს ჩრდილო კავკასია, ყირიმს უწიეს და რუსთა ლაშქარი გაანადგურეს. შემდეგ უკან მობრუნდნენ და კვლავ ჩინგიზ ხანის წინაშე წარდგნენ ყარაყურუმს. მან კი სასწრაფოდ გაგზავნა ერთ-ერთი შვილი ხვარასნისკენ, ჯალალედინ სულთნის საძებნელად. შვიდჯერ შეებნენ მონღოლები ჯალალედინს და შვიდჯერვე სძლიეს. „ჯალალდინ სულტანი ხუარასნისა და უფროის ხუარამზმა და მეფე ყოვლისა სპარსეთისა“ დედაწულიანად აიყარა და ასორმოცი ათასი კაცით მონღოლებს განერიდა.
საქართველოში მონღოლთა გამოჩენა და გაცლა შემთხვევით და უმნიშვნელო მოვლენად მიუჩნევიათ. ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანეს მათი სახელიც კი არა აქვს მოხსენებული, ხოლო ამ ამბიდან 3 წლის შემდგომაც, რუსუდანი და იოანე მხარგრძელი რომის პაპს ჰონორიუსს სწერდნენ, რომ მონღოლები ქრისტიანები გვეგონნენ, მაგრამ ცუდი ქრისტიანები გამოდგნენნო, თუმცა ქრისტიანობასთან მათ რწმენას საერთო არაფერი ჰქონდა. ისინი წარმართები იყვნენ, შამანობის მიმდევარნი.
ლაშა-გიორგიმ კი დამარცხების ჯავრი გულიდან მალე გადაიყარა და თავის დის, რუსუდანის გათხოვებისათვის მზადებას შეუდგა; სხვადასხვა მთხოვნელთა შორის მან უმჯობესად შარვანშაჰი ცნო და ბაგავანში ნიშნობის წესის აღსანიშნავად 10 დღიანი პურობაც გამართა. სწორედ იქ ყოფნის დროს მეფეს ჭრილობა გაურთულდა და გრძნობა დაჰკარგა. გონს მოსულმა დიდებულებსა და დარბაზის ერს რუსუდანი და დავითი (უკანონო შვილი) შეავედრა, ხოლო ტახტი და უფლისწული რუსუდანს ჩააბარა, და ანდერძად დაუტოვა, როცა დავითი სრულწლოვანებას მიაღწევს, მეფედ დაადგინეთო (თუმცა რუსუდანმა „დაივიწყა შიში ღმრთისა და ანდერძი ძმისა და ფიცი“). 1222 წლის 18 იანვარს მეფე გარდაიცვალა. მისი ცხედარი ჯერ თბილისში წაასვენეს, შემდეგ კი გელათს და სამეფო საძვალე-სამარტვილეში დაკრძალეს.
ლაშა-გიორგის მოულოდნელი სიკვდილისა და გლოვის წესის გამო ქორწილი გადაიდო, ხოლო რუსუდანის გამეფების შემდეგ, შირვანშაჰის მის ქმრად მოყვანაც ჩაშლილა. დარბაზის ერსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაუწყვეტიათ, რომ რუსუდანისთვის ქმრად რუმის სულთნის, არზრუმის მფლობელის, თოღრილ-შაჰის ძე მოღის-ედინი შეერთოთ, რომელიც მძევლად იმყოფებოდა სამეფო კარზე. სხვა ღირსებებთან ერთად ის გარეგნობითაც მშვენიერი იყო და რუსუდანიც ისე გაგიჟებით უყვარდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დადებული პირობა, წინასწარ მაჰმადიანობა უარეყო და გაქრისტიანებულიყო, უყოყმანოდ მიიღო. 1223 წ. ქორწილი შედგა. რუსუდანს ჯერ ქალი - თამარი შეეძინა, შემდეგ კი ვაჟი - დავითი.
ლაშა-გიორგის გარდაცვალებისა და რუსუდანის გამეფების შემდეგ სამი წლის განმავლობაში საქართველო წვრილ-წვრილ ბრძოლებში იყო გართული. რუსუდანს მაშინდელი საერთაშორისო მდგომარეობის მთელი საშიშროება სრულებით არ ესმოდა და „ჩუეულებითა წესსა ძმისა მისისასა ვიდოდა. ამიტომ „ქუეყანაი საქართველოისა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყუარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი, ვითარცა იტყვის წინაისწარმეტყუელი: ვაი მათდა რომელნი კუალსა ბალამისსა შეუდგეს და საქმეს სოდომელთასა იქმან“. ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი მოუვლინა.
„სახელმწიფო საქმეებში სრულებით გამოუცდელსა და პასუხსაგები მოვალეობისთვის შეუფერებელს, სახელოვანი დედისგან მხოლოდ სილამაზე ჰქონდა გამოყოლილი, ვიდრე მაღალი გონებრივი და ზნეობრივი თვისებები. საქართველოს კი ეხლა წინანდელზე უფრო ძლიერი ნებისყოფის მქონე პიროვნება, შორსგამჭვრეტელი და გამოცდილი პოლიტიკოსი სჭირდებოდა, რომელიც შინაურობაშიცა და საგარეო პოლიტიკაშიც დინჯი წინდახედულობით იმოქმედებდა. დიდგვარიან აზნაურებსაც თავის ადგილს მიუჩენდა და კარზე მომდგარ განსაცდელსაც სათანადოდ მომზადებული დახვდებოდა“ - წერს ივანე ჯავახიშვილი.
დასავლეთისკენ მსრბოლ ჯალალედინს დაწვრილებითი ცნობები ჰქონდა ქართველთა საუკუნოვანი უძლეველობისა და აზიაში მათი პირველობის შესახებ. მონღოლთაგან ძლეულს იმედი ჰქონდა ქართველების დამარცხებით (მუსულმანთა დამანგრეველ-დამამცირებელი ქვეყნის) შელახულ სახელს აღიდგენდა. ამ მიზნით ჯალალედინმა ერანში ფეხის მოკიდება და გამაგრება სცადა და მოიწადინა თავი ყველა მაჰმადიანის მფარველად და სპარსელთა ძლევამოსილების განმაახლებლად მოეჩვენებინა. მან გადმოიბირა ზოგიერთი მახლობელი აღმოსავლეთისა და საქართველოს ყმადნაფიცი მუსლიმანური სამფლობელოების მმართველები და მათგან დახმარებაც მიიღო.
ლაშა გიორგის სიკვდილიდან მესამე წელს ჯალალედინმა ადარბადაგანს (ადერბეჯანს) მიაღწია, „ქუეყანად მხარგრძელთა“. ჯერ კიდევ მოხუცმა მუჰამმედმა სცადა ადარბადაგანის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა, მაგრამ მონღოლთაგან დევნილს სიკვდილმა მოუსწრო. ჯალალედინი კი სამხრეთ ადარბადაგანში ნაწილობრივ მომაგრდა და საქართველოს მთავრობას მუქარითა და ქადილით სავსე მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ნებაყოფლობით დამორჩილებას თხოულობდა. საქართველოს მთავარსარდლობა იოანე მხარგრძელის მეთაურობით ჯალალედინს არაფრად აგდებდა. ეტყობა მათ თავიანთი თავი დავით აღმაშენებლისა და თამარის დროინდელი ხანის მსგავსად, წინანდებურად მახლობელ აღმოსავლეთში პირობების მოკარნახე, უძლეველ ბატონ-პატრონად მიაჩნდათ, რის გამოც, პოლიტიკური სიფხიზლე და სამხედრო სიფრთხილის აუცილებლობის შეგნებაც მოდუნებული ჰქონდათ. ამავე მიზეზით საომარი სამზადისიც მათ საკმარისი სიძლიერითა და სისწრაფით არ უწარმოებიათ.
ჯალალედინმა კი უმალ მოქმედება დაიწყო. იგი 1225 წ. შემოდგომას დაიძრა და მრავალრიცხოვანი, კარგად შეიარაღებული ლაშქრით გადმოლახა საქართველოს საზღვარი, დვინის სანახებს შეესია და მის აოხრებას მიჰყო ხელი. იწყეს „ხოცად და მოსრვად ქრისტიანეთა. ესრეთ უწყალოდ მოსრვიდეს, რომელ არცა თუ დედათა და ჩჩვილთა ყრმათა რიდებდეს“.
ამის შემდგომ ქართველებმა მზადება დაიწყეს, მაგრამ ჯალალედინი დიდი სისწრაფით მოქმედებდა. იგი მაღლობზე მდებარე გარნისის მიდამოებს მიადგა და თავისი ლაშქრით გარნისის დაბლობში დაბანაკდა. რუსუდანმა მხედართმთავრად მოხუცებული ივანე ათაბაგი დაადგინა. თუმცა ქართველთა მთავარსარდლობა არ ჩქარობდა და საქმეს აჭიანურებდა, მაგრამ ჯალალედინმა უმალ იერიში მიიტანა.
ივანე ათაბაგმა მოწინავე რაზმის მეთაურობა სიმამაცითა და მხნეობით გამორჩეულ ორ ძმას, შალვა და ივანე ახალციხელებს დაავალა. თვითონ კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად. უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი მოწინავე ლაშქარი ურიცხვ მტერს. ექვსი ათასი ქართველი იბრძოდა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ. თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, და ამაოდ ითხოვდნენ მაშველ ჯარს, მაგრამ „არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“, - წერს ჟამთააღმწერელი. ქართველები დამარცხდნენ. ამ სასტიკ და უაღრესად სისხლისმღვრელ ბრძოლაში ივანე ახალციხელი და ოთხი ათასი ქართველი მოკლეს, შალვა მანდატურთუხუცესი კი ტყვედ ჩაიგდეს და ერთი წლის შემდეგ წამებით ამოხადეს სული (ხს. 17 ივნისს). ივანე ათაბაგი კი ძირითადი ლაშქრით უბრძოლველად (სამარცხვინოდ) გაშორდა ბრძოლის ველს, ბიჯნისს გაემართა და საიმედოდ ჩაიკეტა, სადაც ორი წლის შემდგომ მოკვდა კიდეც, მხედარმთავრად მისი ძე ავაგი დანიშნეს და ამირსპასალარობაც უბოძეს.
გარნისის აღების შემდეგ, ჯალალედინმა ქალაქი დვინი აიღო და ეს მდიდარი სავაჭრო ცენტრი მთლიანად გაძარცვა. რაკი დვინი დაპყრობილი ჰქონდა, ჯალალედინი საქართველოს დედაქალაქისკენ გამოეშურა, მაგრამ თავრეჟიდან ცნობა მოუვიდა სამხრეთ ადარბადაგანში მოსალოდნელი შეთქმულების შესახებ. მან საქართველოს უკვე დაკავებულ მიწა-წყალზე თავის ლაშქრის ერთი ნაწილი დასტოვა და ქვეყნის რბევა დაავალა, თვითონ კი ლაშქრის მეორე ნაწილით შეთქმულების ჩასახშობად გაემგზავრა.
თავრიჟში ყოფნისას ჯალალედინს მთელი გულისყური საქართველოსკენ ჰქონდა. მან გადაწყვიტა მტრული მოქმედება აღმოსავლეთის მხრიდანაც დაეწყო და ამ მიზნით განძა და მისი სანახები დაიპყრო და ააოხრა. როდესაც ჯალალედინმა შეთქმულება სისხლში ჩაახშო, თავრიჟიდან ისევ თბილისისკენ გამოემგზავრა. მან ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: „აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოხრდეს სამეფოი თქუენი“. ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა, რომ არც კი მოესმინა მისთვის“. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი ჯალალედინს აცნობა. სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა. როდესაც რუსუდანმა ხვარაზმელთა მოახლოების ამბავი შეიტყო, თბილისისა და ისნის ციხის მცველებად ლაშქარი დატოვა და სათავეში ბოცო ჯაყელის ძენი, მემნა და ბოცო ჩაუყენა, თვითონ კი თავისი შვილებით - თამარითა და დავითით (რომელიც საქართველოს ისტორიაში ცნობილია, როგორც დავით VI ნარინი (1247-1293). დასავლეთ საქართველოს მიაშურა და ქუთაისის სასახლეში დასახლდა, მისი ქმარი - არზრუმელი უფლისწული კი თბილისში დარჩა.
ჯალალედინი მტკვრის მარჯვენა ნაპირს გამოჰყვა და თბილისის ახლოს დასცა ბანაკი. სპარსელებმა და ხვარაზმელებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს. ბრძოლის პირველ დღეს ქართველებმა დაჯაბნეს მტერი „ბრწყინვალე ძლევაი აჩუენეს ქართველთა“, მაგრამ ისევ ღალატის გზით უნდა მისცემოდა უწყალო მტრის ხელს საქართველოს დედაქალაქი! თბილისში მცხოვრები მუსლიმები შეთქმულან ქალაქის დასამხობად. იმ ღამეს ვითომცდა ქრისტიანმა სპარსელებმა ღალატით „განძის“ კარი გაუღეს მტერს. „იყუნეს უკუე ქალაქსა შინა ტფილისს კაცნი მკვიდრნი ნათესავით სპარსნი, თუ უკუე ჩემებით ქრისტე ქმნილნი“. წერს ანტონ კათალიკოსი. ქალაქში მტრის მოულოდნელმა გამოჩენამ ქალაქის მცველნი დააბნია. აბჯრის ასხმაც ვერ მოასწრო მემნამ ისე გაუპო შინაგანმცემელმა სპარსმა უმუზარადო თავი. ქართველებსა და სპარსელებს შორის გაჩაღდა შინა ომი. ქალაქის დამცველები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ „უღმრთონი იგი სპარსნი, მკვიდრნი ტფილისს შინა“, რომლებიც მანამდე ქართველთა მოყვარედ აცხადებდნენ თავს, მტრის მხარეზე გადავიდნენ და ხვარაზმელებთან ერთად ატყვევებდნენ და ხოცავდენ თანა-მოქალაქეებს. მოღალატეთა შორის რუსუდანის ქმარი - რუმის სულთნის, არზრუმის მფლობელის, თოღრილ-შაჰის ძე მოღის-ედინიც იყო. იგი თბილისის დაცემის შემდეგ ჯალალედინს წარსდგომია და ისევ ისე გამაჰმადიანებულა. მასაც, რასაკვირველია მაჰმადიანობისაგან განდგომა უპატიებია და უხვადაც დაუსაჩუქრებია.
1226 წ. 9 მარტს მტერი დედა-ქალაქში შემოიჭრა. ქალაქის მცველებმა ისნის ციხეს შეაფარეს თავი და მტრით გარემოცულნი იქიდან აგრძელებდნენ ბრძოლას. საქართველოს მთავარსარდლობას ისანში ჩაკეტილ მეციხოვნეთა მდგომარეობა უიმედოდ მიუჩნევია. რუსუდანმა (რომლის ცოდვათა გამოც, უდარდელობასა და დროსტარებას რომ მიეცა, მის სამეფოს ღმრთის მფარველობა მოაკლდა და დაისაჯა) მათ ციხის დატოვება უბრძანა, თუმცა მეციხოვნეები ამის სასტიკი წინააღმდეგები ყოფილან. ბოცომ ჯალალედინს დანებების პირობების შესახებ მოსალაპარაკებლად მოციქულები მიუგზავნა. ზამთრის დიდი სიმკაცრით გაჭირვებაში მყოფმა ჯალალედინმა ისნის ციხისთავის საზავო პირობები მიიღო და მეციხოვნეთ გზა გაუხსნა. ამიერიდან საქართველოს დედაქალაქი მთლიანად ჯალალედინს ჩაუვარდა ხელში.
მაშინ მოიწია რისხვა ღმრთისა. მომხდურები და უკეთური შინაგანმცემლები უფრო გათამამდნენ და „საშინელითა აღსპობითა მოსწყუედდეს ბერთა, მოხუცთა, ჭაბუკთა, ყრმათა, და ჩჩვილთა, მამრთა და მდედრთა, განურჩევლად“. „ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა? - კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ უსაშინელეს სისხლიან დღეზე, „ჩჩვილნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაციან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარმოსცვი ვიან და რომელსამე ტვინი დაეთხიის“... სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარენ დახოცილები, ცხენის ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკლავდნენ. თბილისის ქუჩები, ხრამები და ხნარცვები გვამებით აივსო, ხოლო უმრავლესი მტკვარს მიჰქონდა.
„ჰოი სალმობიერი ღაღადი და დიდი ღაღადი! ცრემლთა, ყვირილთა და ზახილთა და ვაებათა საზარელთა ხმათაგან იძრვოდა ქალაქი ყოველი, რამეთუ უმრავლესი ერი ვითა ცხოვარი შეკრიბეს და კუალად ხედვიდეს ზოგნი საყუარელთა შვილთა, ზოგნი - ძმათა და მამათა, ცოლნი - ქმართა, და ქმარნი ცოლთა უპატიოდ მკუდარ მდებარეთა, ცხენთა მიერ დათრგუნვილთა და ფოლოცთა შინა ძაღლთა მიერ ზიდულთა და არცა თუ დაფლვასა მიწასა შინა ღირს ჰყოფდეს“.
ჯალალედინის ბრძანებით ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, პატიოსანი სამსხვერპლონი შეურაცხყვეს, სიწმინდეები შეაგინეს, ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები „ეკლესიათა შინა თვით ხატთა და ჯუართავე თანა“ შემუსრეს, მონაზვნები და მორჩილები დაატყვევეს და წამებით მოკლეს, ქალწულები შეაგინეს, მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა „უკეთური იგი სული მისი“ და „განზრახვითა ეშმაკისაითა“ მოიგონა სხვა სიბოროტეც: იკადრა და სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა, ზედ თავისი „ბილწი საჯდომელი“ დააშენებინა და გრძელი ასასვლელი ხიდიც გაადებინა. ესეც არ იკმარა და ყველა დატყვევებულის გამაჰმადიანება განიზრახა. ამ მიზნით სიონის ტაძრიდან მოა-ტანინა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე „პირაღმართ“ დაადებინა და ტყვეებს „დათრგუნვაი პატიოსანთა ხატთაი და სჯულის დატევებაი“ უბრძანა, ხოლო ვინც არ აღასრულებდა, თავის მოკვეთა ელოდა.
„არა მცირედი იყო მაშინ სიმრავლეი ტყუეთაი“, რადგან იმ ხანებში ქალაქი სამ ნაწილად იყოფოდა - ისანი, თფილისი და კალა - და თვითეულ ნაწილში მრავალი ათასი კაცი ცხოვრობდა. მაგრამ ქალაქის მცხოვრებთა გარდა თბილისს, „ვითარცა უმტკიცესსა ციხესა“ საშიშროების დროს, თავს აფარებდა ახლო-მახლო მდებარე სოფლების მოსახლეობაც.
ჯალალედინის ხელქვეითებმა ურიცხვი ქრისტიანი ხიდის თავში დააყენეს და გამოუცხადეს: ჩუენ მეფეს სურს, რომ ქრისტე უარჰყოთ და მისი სჯული დაუტეოთ, ხოლო ხიდზე დადებული ხატები დანერწყვოთ და ფეხის დადებით შეურაცხჰყოთ. ვინც შეასრულებს სულთნის ბრძანებას, გათავისუფლდება და დასაჩუქრდება, ხოლო ვინც ეურჩება, „აჰა, მახვილნი ხელთა შინა ლაშქართა ჩუენთასა“ და უეჭველად უთაოდ დარჩებაო. მაშინ ზოგიერთმა სულმოკლე ქრისტიანმა სიკვდილის შიშით ღმერთი დაივიწყა და თავის დამბადებელს განუდგა, ხოლო მრავალმა მათგანმა მხნედ მიუგო მტარვალთ: ღმრთის მადლით ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ, ქრისტეს პატიოსანი სისხლით მოსყიდულები და ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული აქამომდე ერთი ღმერთის - ცხოველსმყოფელი სამების სახელის მქადაგებლები. რომლის მიერაც გვშობეს ჩვენმა მშობლებმა ამ ქრისტიანულ ქალაქში და აქვე მოვინათლეთ, ხოლო „სიმრავლემან ცოდვათამან, რომლითაცა ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ (დანიელი 3, 27. 30.) და მცნებათა ღმრთისათა არა ვისმინეთ და არცა დავიცუენეთ და არცა ვჰყავთ, ვითარ იგი მამცნო ჩუენ ღმერთმან, რაითა კეთილ იქმნეს ჩუენდა (31.) და ყოველნი ესე მოაწივნა ჩუენ ზედა მაღალმან და ყოველნი, რაოდენიცა გვიყუნა, მართლითა მით მსჯავრითა გვიყუნა მისთა (32.), რამეთუ მიგუცნა ჩუენ ხელთა თქუნ მტერთა უსჯულოთა, ფიცხელთა, და განდგომილთა და მეფისა ცრუისა და უუსჯულოესისა, უფროის ყოვლისა ქუეყანისა“. და თუმცა შერცხვენილები, დამდაბლებულები და შემცირებულები ვართ ჩვენი ცოდვების გამო, შემუსრვილი და დამდაბლებული გულით შევსწირავთ თავს „ღმრთისა მიმართ მამისა და უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა მოტევებისათვის ცოდვათა ჩუენთასა, რომელნიც ვქმნენით ქალაქსა ამას შინა და სიწმიდენი ამისნი შევაგინენით“. და როგორც შევაგინეთ ჩვენი ქალაქი თავისი სიწმიდეებით, ასევე უნდა განსწმინდოს ღმერთმან ჩვენი სისხლით. არ უარვჰყოფთ ჩვენ ქრისტეს, ჩვენს შემოქმედსა და უფალს, არამედ ყოველნი მისი სახელისათვის მოვკვდებით. არც მის პატიოსან ხატს შეურაცხვყოფთ, რომელიც წმინდა ანგელოზების მიერ პატივ-იცემების. „აჰა ქედნი ჩუენნი ეცით ძლიერად“. და უფალს შეჰღაღადეს: „უფალო იესუ ქრისტევ, ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, შეგვიწყალენ ჩუენ და შეგვეწიენ და წარმართე ჰსრბაი ესე ჩუენი, შენთვის სიკუდილისა მიმართ და მიითუალენ სულნი ჩუენნი, ხელთა შინა შენთა“, ხოლო დანარჩენები მიუგებდნენ: „ამინ“.
ნაცნობ-მეგობრები და მეზობლები ერთმანეთს ამხნევებდნენ: „მე უკუე აღვიარებ ძესა ღმრთისასა განხორციელებულსა და განკაცებულსა, ღმერთად შემოქმედად ყოვლისა თანა მამით და სულით წმიდითურთ და მწყურის მისთვის, რაითა შევსვა სასუმელი სიკუდილისა, რაითა მისთანა ვსუფევდე საუკუნოდ“, ხოლო შიშით განლეულებს მოუწოდებდნენ: „ჰოი! საწყალობელნო და უბადრუკნო, თანა მოქალაქენო, ნუ დააკლებთ თავთა თქუენთა გურგვინისა მისგან, რომელიცა ესერა წინა-გვიძს მოღებად, დაითმინეთ ჩუენთანა სიკუდილი ქრისტესთვის, რაითა ერთად ღირს ვიქმნეთ შესლვად სიწმიდესა მას შინა, სადა იგი წინა-მორბედად ჩუენთვის შევიდა იესუ, ღმერთ-მამაკაცი იგი, მღდელი და მეფეი“. შემდეგ მტარვალებს მიმართეს: ნუღა აყოვნებთ თქვენდამი ბრძანე-ბულის აღსრულებას, რადგან ჩუენ ყველანი ქრისტიანები ვართ და გვწამს ცხოველსმყოვფელი სამებისა და მზად ვართ მისთვის მოვკვდეთ. არც ჩუენს შემოქმედს უარვჰყოფთ, რომელმაც დაგვბადა, და არც ჩუენი უფლის იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის ხორცით ივნო, და მისი უხრწნელი დედის წმინდა და პატიოსან ხატებს შეურაცხვყოფთ, არამედ ძრწოლით თაყვანის-ვსცემთ.
ხვარასნელები ხიდის მოაჯირის გასწვრივ გაშიშვლებული მახვილებით ხელში ჩამწკრივდნენ, ხოლო დატყვევებული ქრისტიანები რიგრიგობით უნდა გადასულიყვნენ ხიდზე და ქრისტეს უარყოფის ნიშნად ჯერ უნდა დაენერწყვათ და მერე ფეხი დაედგათ ხატებზე, იმ ხატებზე, რომლებსაც მთელი თავისი ცხოვრება მოკრძალებული ამბორით თაყვანისსცემდნენ და რომელთა წინ ბავშვობიდან მხურვალედ ლოცულობდნენ. ტყვეთა უმრავლესობამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, წმინდა ხატები კი არ შეურაცხ-ყო, არამედ მდაბლად თაყუანი-სცა და სიკვდილის წინ უფალს სული შეავედრა.
უსჯულო ჯალალედინი კი სიონზე დაშენებულ „ბილწ საჯდომზე“ იჯდა და იქიდან დასცქეროდა, როგორ დაუნდობელად ჩეხავდნენ მისი მებრძოლები ქრისტეანებს, ზოგი მახვილით, ზოგიც ხმლით, ზოგიც შუბითა და დანით, და ხიდიდან ყრიდნენ მკვდრებსა და დაჭრილებს. ხატები წამებულთა სისხლით დაიფარა, ხოლო მტკვარი გვამებით ისე ამოივსო, რომ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასლვა ფეხის დაუსველებლად შეიძლებოდა.
ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს პატიოსანი ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მტკვარს, და ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს და მის დედაქალაქს - თბილისს.
რომელ ერს ჰყავს ერთ დღეში სარწმუნოებისთვის თავდადებული ასი ათასი მოწამე? ან განა მრავალია ისეთი ქალაქი, ერთ დღეში თავისი მოსახლეობით მიწიერიდან ზეციურ ქალაქად გადაიქცეს და ასი ათასი წმინდანი შეჰმატოს ზეციური იერუსალიმის წმინდანთა საკრებულოს? „აჰა, მადლი ქრისტეისი განსაცვიფრებელი, აჰა, სარწმუნოებაი ჭეშმარიტი სამაგალითო, აჰა, ერთობაი ერისა სანატრელი“... და ვინ იყვნენ ისინი - ასი ათასი მოწამენი? - „სახელები მათი აღიწერა ცათა შინა - დიდ-დიდნი თავადნი და აზნაურნი, სრულიად კრებული სამღვდელოთა, მდიდარნი და გლახაკნი, მხედართმთავარნი და მხედარნი. დიდნი და მცირედნი, ყრმანი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი, რომელთაც უმჯობეს ირჩიეს სიკვდილი ქრისტესთვის, ვიდრე სიცოცხლე - „ვინ მამა იყო შვილებისა და ვინ დედაი თვისთა ნაშობთა და მრავლითა სალმობითა აღზრდილთა, ვინ ქმარი იყო საყუარელისა ცოლისა და ვინ ცოლი იყო თავისი ქმრისა, ვინ ძმაი იყო საყვარელთა დათა და ძმათა და ან ვინ დაი იყო სატრფიალოისა ძმებისა. ვინ იყო მწყალობელი ბატონი ერთგულისა ყმისა და ვინ ყმაი იყო საიმედოისა ბატონისა, ვინ იყო სარწმუნო მეგობარი ტკბილისა მეგობრობისა და ან ვინ ქველისმოქმედი იყო წყალობისა ღირსი“. .
თბილისის დაპყრობა ჯალალედინისთვის უდიდესი გამარჯვება იყო. ამ ამბავმა მას დიდი სახელი მოუხვეჭა, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს უძლეველობას დიდი ზიანი მიაყენა. ჯალალედინმა თბილისი მთლიანად გააძარცვინა. მისივე განკარგულებით ყველა მდივან-მწიგნობარნი დილიდან საღამომდე ხელში ჩაგდებული უამრავი სახელმწიფო სიმდიდრის აღნუსხვას აწარმოებდნენ და მაინც, ჯალალედინის კარის ისტორიკოსის სიტყვით, დაკისრებულ სამუშაოს ვერ ასდიოდნენ.
ხვარაზმელებმა „მოაოხრეს რა თფილისი, იწყეს რბევად, ტყუენვად, ხოცად და კლვად სომხითისა, და კამბეჩიანისა, და იორისპირთა, ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს და არტაანს, ზოგი სამცხეს და ტაოს, კარნიფორას და ანისის მიმდგომთა“. ჯალალედინის საომარ მოქმედებას ყველაზე მეტად თვით საქართველოს სამხედრო ხელისუფლების დაქსაქსულობა უწყობდა ხელს. ისინი თავ-თავის ციხეში გამოიკეტნენ და მხოლოდ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.
ხვარაზმშაჰის ლაშქრის თავაშვებულობამ, ბრალიანის და უბრალოს მხეცურმა ხოცვა-ჟლეტამა და თვით მაჰმადიანი მოსახლეობის შეუბრალებელმა დაბეგვრამა და ძარცვამ, ყველას თვალი აუხილა და საქართველოს ყმადნაფიცობა და მფარველობა მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანებისთვის უკვე სანატრელი გახდა, ჯალალედინისადმი კი ყველგან მტრული დამოკიდებულება განმტკიცდა. ამიტომაც, როდესაც მან ქალაქ ხლათის აღება გადაწყვიტა, ხლათის მოსახლეობამ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია.
ხვარაზმელთა ერთი წლის მბრძანებლობა თბილისში საკმარისი აღმოჩნდა, რომ თბილისელ მაჰმადიანებს თავისი მოღალატური საქციელი სანანებლად გახდომოდათ და საქართველოს მთავრობას საიდუმლოდ აცნობეს ქალაქში დატოვებული მეციხოვნე ლაშქრის სიმცირე. ვერც არზრუმელმა უფლისწულმა (რუსუდანის ქმარმა) გაუძლო ხვარაზმშაჰის თავგასულობას, თბილისიდან გამოიპარა, მაჰმადიანობა კვლავ უარყო და დედაქალაქში იმ დროს არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობას დაწვრილებითი ცნობები მიაწოდა. მათაც სასწრაფოდ თბილისისკენ ჯარი გაგზავნეს და 1226 წ. დამლევს მტრისაგან გაათავისუფლეს. ჯალალედინმა შეიტყო რა ეს ამბავი, ხლათს თავი გაანება და მთელი თავისი ლაშქრით თბილისისკენ გამოეშურა. ქართველებს შებრძოლება მიზანშეწონილად არ მიუჩნევიათ, და ხვარაზმშაჰი-სთვის თბილისში გამაგრების საშუალება რომ მოესპოთ, 1227 წ. დამდეგს ქალაქი დაუცლიათ და თვითონვე გადაუწვავთ. ჯალალედინის თავაშვებული ნავარდით თავმობეზრებულმა რუმის, შამისა და შაჰარმენის სამფლობელოების მესვეურებმა საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება დაიწყეს, მაგრამ ჯალალედინმა კვლავ დაასწრო და სანამ მოკავშირეები მზადებას დაასრულებდნენ, 1227-1228 წ.წ. მიჯნაზე მთელი თავისი ლაშქრით ქართველთა 40000-იან ლაშქარს ბოლნისის ჩრდილოეთით შეებრძოლა და დაამარცხა. 1229 წ. ჯალალედინმა ხლათიც აიღო, მაგრამ ეს მისი უკანასკნელი გამარჯვება იყო, რადგან მონღოლებს ხვარაზმშაჰის სრულიად განადგურების წადილი არ განელებოდათ. 1230 წ. აგვისტოში ჯალალედინს ამბავი მოუვიდა, რომ მონღოლები სპარსეთის სამხრეთ ადარბადაგანს უახლოვდებოდნენ. იგი სასწრაფოდ აიყარა და მარაღაში მივიდა, შემდეგ კი ყველა თანამებრძოლისაგან მიტოვებული, მონღოლთა ლაშქრისაგან თავის დასაღწევად ბასიანის მთებში გაიქცა, მაგრამ იქ 1231 წლის 17 აგვისტოს ქურთმა მწყემსმა მძინარე მოკლა და გაძარცვა. ასე საწყალობლად, ღმრთისაგან და კაცთაგან მივიწყებულმა დაასრულა სიცოცხლე.
სიონის ტაძარში კი დღესაც აღესრულება წირვა-ლოცვა, ასი ათასი მოწამის ხსენების ადგილზე განზრახულია მათი სახელობის ტაძრის აგება (ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აშენდა დიდ დიღომშიც) ხოლო თბილისის განაპირა ეკლესია-მონასტრებში დაბრძანდება „ათთა ბევრთა მოწამეთა“ - თბილისის მფარველთა დიდებული ხატი, რათა საქართველოს დედაქალაქი დაიფაროს ყოველგვარი განსაცდელისგან.
გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა