ხსენება სასწაულისა ხატისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ბეირუთში. მეშვიდე მსოფლიო კრების (787 წ.) მეოთხე სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად მოიშველია წმიდა ათანასეს სიტყვა ქალაქ ბიროში (დღევანდელ ბეირუთში) მომხდარი სასწაულის შესახებ.
ამ ქალაქში იუდეველთა სინაგოგის მახლობლად ერთი ქრისტიანი ცხოვრობდა. შემდეგ იგი სხვაგან გადასახლდა და ძველ ბინაში იესო ქრისტეს ხატი დატოვა. იუდეველს, რომელიც აქ დამკვიდრდა, ხატი არ შეუმჩნევია, მაგრამ სტუმრად მოსულმა ებრაელმა შენიშნა იგი, შერისხა მეგობარი და სინაგოგაში დაასმინა. იუდეველებმა ხატი ჩამოხსნეს კედლიდან და გმობა დაუწყეს: „როგორც ოდესღაც ჩვენმა მამებმა აგინეს მას, ჩვენც ისევე ვაგინებთ“, - იძახდნენ ისინი, ანერწყვავდნენ ხატზე გამოსახულ მაცხოვარს, შოლტს სცემდნენ, ლანძღავდნენ. ხელებსა და ფეხებში ლურსმნები ჩააჭედეს, თავში კვერთხი ჩაარტყეს, ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი მიადეს ბაგეებთან. ბოლოს ლახვარიც მოიტანეს და ერთმა იუდეველმა გვერდში უგმირა უფალს. გაკვეთილი ხატიდან უეცრად სისხლმა და წყალმა გადმოხეთქა. ამ სასწაულის მხილველმა რაბინებმა თქვეს: „იესო ქრისტეს მიმდევრები ამტკიცებენ, თითქოს იგი სნეულებს კურნავდა. წავიღოთ სინაგოგაში ეს სისხლი და წყალი, ავადმყოფებს ვცხოთ და ვნახავთ, მართალია თუ არა, რასაც ამბობენ“.
საკვირველების შესახებ რომ შეიტყვეს, სხვადასხვა სნეულებით გატანჯული ბეირუთელები გაეშურნენ სიწმიდისკენ: ზოგი მოჰყავდათ, სხვებს - მოასვენებდნენ, ხატიდან გადმოსული სისხლის ცხებით კი ყველანი იკურნებოდნენ. გაოცებულმა იუდეველმა მღვდელმსახურებმა და მთელმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე. „დიდება შენდა, ქრისტე, ჩვენი მამების ხელით ჯვარცმულო და ჩვენგანაც ჯვარცმულო შენი ხატის სახით. დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, ამდენი საკვირველების მოქმედო! ჩვენ გვწამს შენი. იყავ მოწყალე და შეგვივედრე!“ ლოცულობდა გაოგნებული ხალხი. ებრაელები ბეირუთის ეპისკოპოსთან მივიდნენ, აჩვენეს საკვირველთმოქმედი ხატი, მისგან გადმოსული სისხლი და წყალი და თავიანთი დანაშაულიც აღიარეს. მღვდელმთავარმა შემცოდეთა გულწრფელი სინანული რომ იხილა, შეივრდომა ისინი, კათაკმევლებად დაადგინა და ხანგრძლივი მზადების შემდეგ მონათლა. სინაგოგა მაცხოვრის სახელობის ტაძრად აკურთხეს. ებრაელთა თხოვნით ბეირუთის სხვა სინაგოგებიც მართლმადიდებლურ ტაძრებად გადაკეთდა და წმიდა მოწამეთა სახელებზე ეკურთხა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.