წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი იუდეაში მსახურობდა და პროკურატორ პონტოელი პილატეს ხელქვეითი იყო. მაცხოვრის ჯვარცმის დროს რაზმი, რომელსაც რომაელი მეომარი ლონგინოზი მეთაურობდა, გოლგოთის ირგვლივ, თვით ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა საგუშაგოზე. მან თავის მეომრებთან ერთად იხილა უფლის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი წამები და მიცვალების შემდეგ აღსრულებული სასწაულები. ამ მოვლენებმა შეძრა მეომრის სული. მან ირწმუნა ქრისტე და სახალხოდ აღიარა, რომ „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე“ (მთ. 27,54) (საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ლონგინოზი ის მხედარი იყო, რომელმაც გვერდში ლახვარი უგმირა მაცხოვარს და ჭრილობიდან გარდამოსული სისხლითა და წყლით სნეული თვალის კურნება მიემადლა).
მაცხოვრის დაკრძალვის შემდეგ ლონგინოზი თავისი რაზმით უფლის საფლავს იცავდა. აქ ისინი, ღვთის ნებით, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მოწმეები შეიქნენ. იუდეველებმა მცველები მოისყიდეს და აიძულეს ეთქვათ, რომ ქრისტეს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარესო, მაგრამ ლონგინოზი და მისი ორი თანამებრძოლი უღმრთოების ოქროს არ დახარბდნენ.
მეომრები მოციქულთა ხელით მოინათლნენ და სამხედრო სამსახური დატოვეს. ლონგინოზმა თავის სამშობლოს, კაბადოკიას მიაშურა სახარების ქადაგებით. უფლის რჩეული მხედრებიც მას თან გაჰყვნენ. იუდეაში მომხდარი დიდი მოვლენების უშუალო მოწმეების მხურვალე ქადაგებამ შეძრა კაბადოკიელები. ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში ქრისტიანობა საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა. ეს რომ შეიტყვეს, იუდეველმა უხუცესებმა პილატე დაარწმუნეს, ლონგინოზისა და მისი თანამოსაგრეების დასახოცად მეომართა რაზმი გაეგზავნა. ყოფილი ასისთავი თავად მიეგება მხედრებს და შინ მიიწვია. ტრაპეზის დროს სტუმრებმა, რომელთაც არ იცოდნენ, ვის სახლში იმყოფებოდნენ, ჩამოსვლის მიზანი გააცხადეს. ლონგინოზმა და მისმა თანამებრძოლებმაც არ დამალეს თავიანთი ვინაობა და გაოცებულ მეომრებს სთხოვეს, შეესრულებინათ დავალება. მხედრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმიდანები და გაქცევა შესთავაზეს, მაგრამ ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებულმა უფლის რჩეულებმა უარი განაცხადეს. მაშინ წმიდა მოწამეებს თავები მოჰკვეთეს.
მარტვილთა ცხედრები დაკრძალეს იქ, სადაც თავად ითხოვეს, მოჭრილი თავები კი პილატეს გაუგზავნეს. უსჯულო თვითმპყრობლის ბრძანებით ისინი ქალაქის გალავანს გარეთ, ნაგავსაყარში მოისროლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ იერუსალიმში ერთი ბრმა ქალი ჩავიდა სიწმიდეთა თაყვანსაცემად. მას ძილში ლონგინოზ ასისთავი გამოეცხადა და უბრძანა, მისი თავი მოეძებნა და დაეკრძალა. უსინათლო ნაგავსაყრელთან მიიყვანეს. როცა იგი სიწმიდეს შეეხო, თვალები აეხილა. ღვთისადმი მადლიერების გრძნობით აღვსილმა კეთილმსახურმა დედაკაცმა პატიოსანი თავი კრძალვით წაასვენა კაბადოკიაში და მიწას მიაბარა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.