ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს მეუდაბნოე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამაის ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს ნეტარი ანდრია. კონსტანტინე კოპრონიმმა წმიდანი სასახლეში დაიბარა. აქ მეუდაბნოე ახოვნად აღუდგა წინ იმპერატორს, რომელიც აბუჩად იგდებდა ხატთაყვანისმცემლებს, სხვათა შორის, მან აღნიშნა: თუ მათ, ვინც შესაფერ პატივს არ მიაგებს მეფის ქანდაკებასა და გამოსახულებებს, სიკვდილით სჯიან, ქრისტეს გამოსახულებათა თაყვანისცემის აკრძალვა მით უფრო შეუწყნარებელია ღვთისთვის. განრისხებული თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა მამა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. მის საკანში შეიკრიბნენ მართლმორწმუნეები, რომელთაც უფლის რჩეული ამხნევებდა და მოუწოდებდა, მტკიცედ დაემარხათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეს რომ შეიტყო, იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ წმიდა ანდრია. იგი ქალაქის ქუჩების გავლით გაუყენეს გზას სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ. გზად წმიდანი ლოცულობდა, უსჯულოები კი დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ, ბოლოს, ერთი მწვალებელი მიეჭრა და ნაჯახით მოკლა (+767 წ.).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.