რომის იმპერიაში, უკეთური მაქსიმიანეს მეფობის დროს (დაახ. 307 წ.), ეგვიპტის მთავარ ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი მხედარი, სახელად უარი. იგი კერპთაყვანისმცემლების შიშით გარკვეულ დრომდე მალავდა თავის ქრისტიანობას, მაგრამ შემდგომში ყველას წინაშე განაცხადა თავისი რწმენა.
იმ დროისათვის მაქსიმიანემ წამოიწყო ქრისტიანთა დევნა და მთელს თავის სამფლობელოში გასცა ბრძანება, დაეხოცათ ყველა ქრისტიანი, რომლებიც უარს იტყოდნენ, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. მიაღწია ამ ბრძანებამ ეგვიპტემდეც და უმოწყალოდ იღვრებოდა მრავალი მორწმუნის უდანაშაულო სისხლი. ამ დროს უარი ღამღამობით, მცველების მოსყიდვით შედიოდა საპყრობილეებში, ამბორს უყოფდა წმიდა მოწამეთა ბორკილებს, ჰბანდა ჭრილობებს, მიჰქონდა საკვები და სთხოვდა შუამდგომლობას ღვთის წინაშე.
ერთხელ, უდაბნოში შეიპყრეს შვიდი ქრისტიანი, რომლებიც ასწავლიდნენ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და მიჰგვარეს ეგვიპტის მბრძანებელს. დაკითხვისა და წამების შემდეგ, როცა ისინი მტარვალის ბრძანებით ჩაყარეს საპყრობილეში, უარი თავის ჩვეულებისამებრ ღამით მივიდა მათთან, გაუხსნა ხელ-ფეხი, ამბორს უყოფდა მათ და მიუგებდა: „ნეტარ ხართ თქვენ, ერთგულნო და კეთილნო მონანო ღვთისანო, რომელთაც გეგულებათ შესვლა უფლისა თქვენის სიხარულში, რამეთუ მტკიცედ იდექით სისხლის დათხევამდე. ნეტარ ხართ თქვენ კეთილნო მოღვაწენო, რომელთათვისაც უზენაესის ხელით მზადდება გვირგვინი, რამეთუ „მოთმინებით გალიეთ თქვენს წინაშე მდებარე სარბიელი. დილისათვის, როგორც მე დანამდვილებით ვიცი. დასრულდება თქვენი ტანჯვა. ნეტარ ხართ თქვენ ჭირთადამთმენელნო ქრისტესთვის, რომელთათვისაც ღიაა ცათა სასუფეველი, რამეთუ ჩვენთვის ტანჯულ ქრისტესთან „ერთად ევნებით, რათა მასთან ერთად იდიდოთ. გევედრებით წმიდანო ღვთისანო - ევედრეთ ჩემთვის უფალს, რათა მოიღოს მოწყალება, რამეთუ მსურს თქვენსავით ვეწამო მისთვის, მაგრამ ჩემი სისუსტის გამო მეშინია იმ ტანჯვისა, რომელიც თქვენ გიტვირთავთ“.
წმიდანებმა კი მიუგეს: „ვერვინ მიაღწევს სრულყოფილებას, თუკი ექნება შიში გულში, ვერვინ მოიმკის თუ არ დასთესს, ვერვინ მოიგებს გვირგვინს, თუ არ ეწამება. გახსოვდეს სახარების სიტყვები „ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას, მამის ჩემის ზეციერის წინაშე“. თუ გეშინია წუთიერი ტანჯვისა, ვერ გადაურჩები საუკუნო ტანჯვას. თუ გეშინია აღიარო იგი მიწაზე, ვერ შესძლებ იხილო იგი ზეცაში. მოდი ძმაო, და ვიდოდე ჩვენთან ერთად ტანჯვის გზით უფლისათვის, რომელიც ხედავს ჩვენს საქმეს; ევნე ჩვენთან ერთად, რამეთუ სხვა ასეთ ძმობას ვეღარ იხილავ მალე“. ამ სიტყვებით გამხნევებული უარი, აენთო ღვთისადმი სიყვარულით, და მზად იყო ყოველგვარი განსაცდელისათვის. მთელი ღამე გაატარა მან მოწამეებთან ერთად.
დილით მცველებმა მიჰგვარეს ისინი ეგვიპტის მრძანებელს. რადგან ერთი მოწამე მიყენებული ჭრილობებისაგან უკვე აღსრულებულიყო, კითხვაზე, თუ სად იყო მეშვიდე ქრისტიანი, საღმრთო შურით აღვსილი წმიდა უარი უშიშრად წარსდგა მტარვალთა წინაშე და მიუგო: „მეშვიდე მე ვარ, რადგან ერთი უკვე წარუდგა ქრისტეს - და მე დამტოვა თავისი წამების მემკვიდრედ, და ამიტომაც, რაც მას ემართა შენთვის, მე მზად ვარ გადაგიხადო, მსურს მის მაგივრად ვეწამო, რამეთუ ქრისტიანი ვარ“.
ამ სიტყვების მოსმენით განრისხებულმა მბრძანებელმა, ბრალი დასდო წმიდა მოწამეთ, რომ ეს მათ მოხიბლეს და შეაცდინეს უარი და მუქარით ეუბნებოდა: „ამ წამს ნაკუწებად ვაქცევ თქვენს სხეულებს, თუ თაყვანს არ სცემთ ეგვიპტის ღმერთებს“. წმიდანები კი მიუგებდნენ: „ჩვენ უარვყოფთ ღმერთებს, რომელთაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა“. ნეტარი უარი კი მბრძანებლის უფრო მეტად განსარისხებლად ამბობდა: „უგუნური უგუნურად ლაპარაკობს“, - ამბობს წინასწარმეტყველი ესაია. აჰა შენს წინაშეა მათი სხეულნი - ჰქმენი რაც გნებავს“.
გაცოფებული მტანჯველის ბრძანებით იქვე დაიწყეს უარის სასტიკი წამება. რკინის ბრჭყალებითა და დანებით ჭრიდნენ მის სხეულს, შემდეგ ლურსმნებით ხეზე თავდაღმა მიაკრეს და დაუწყეს ტყავის გაძრობა, ხოლო მუცელზე იმდენი სცემეს ჯოხით, სანამ შიგნეულეობა გარეთ არ გადმოუცვივდა. ამის შემხედვარე წმიდა მოწამენი გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს და უარს ამხნევებდნენ: „მტკიცედ სდექ უარი, რამეთუ ქრისტე დგას შენს გვერდით და უხილავად გეხმარება“. უარმა უპასუხა: „ჭეშმარიტად ვიგრძენი შეწევნა მეუფისა, რამეთუ არარად მიღირს წამება“.
ხუთი საათის შეუბრალებელი წამების შემდეგ უარის წმიდა და მართალი სული უფალს ჩაბარდა. მტანჯველები კი, რომელთაც უარი ცოცხალი ეგონათ, განაგრძობდნენ მის წამებას. შემდეგ მისი სხეული ქალაქგარეთ ძაღლების შესაჭმელად დააგდეს იმ ადგილას, სადაც საქონლის გვამებს ჰყრიდნენ.
ერთი კეთილმორწმუნე ქალი სახელად კლეოპატრა, წარმოშობით პალესტინიდან, რომლის ქმარიც მხედართმთავარი იყო ეგივპტეში და რომელსაც ჰყავდა ვაჟი, ჯერ კიდეც ყმაწვილი იოანე, - შორიდან მწუხარებით ადევნებდა თვალს წმიდა უარის ტანჯვას. ღამით, მან ფარულად წამოიღო მოწამის გვამი და თავის სახლში დაკრძალა. მეორე დღეს დანარჩენ წმიდა მოწამეებს თავი მოჰკვეთეს.
გავიდა რამდენიმე წელიწადი. ქრისტიანთა დევნა მიწყნარდა და კლეოპატრამ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პალესტინაში, ამასთან მოინდომა წმიდა უარის ნეშტის თან წაღება. ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა მოქცეულიყო შემდეგნაირად: ეგვიპტის მბრძანებლისაგან გამოეთხოვა ნებართვა, რომ მისი ქმარი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს, გადაესვენებინა სამშობლოში. მიიღო რა თანხმობა, თავისი ქმრის მაგივრად წაასვენა წმიდა უარის ნეშტი და დაკრძალა სოფელ ედრაში, თაბორის მახლობლად, თავისი წინაპრების გვერდით. ყოველ დღე იგი მიდიოდა უარის საფლავთან, აკმევდა საკმეველს და აღანთებდა სანთლებს. მისი მაგალითით მრავალმა ქრისტიანმა დაიწყო ამ წმიდა საფლავთან მისვლა, თან მიჰყავდათ სნეულნი, რომლებიც წმიდა უარის ლოცვით იკურნებოდნენ. მთელს ახლომახლო სოფლებში გავრცელდა წმიდა უარის დიდება. ხედავდა რა, რომ მრავალი ქრისტიანი მიდიოდა წმიდანის საფლავთან სალოცავად, კლეოპატრამ გადაწყვიტა ტაძრის აგება და შეუდგა კიდევ საქმეს. იმ დროისათვის მისი ვაჟი იოანე 17 წლის ყმაწვილი იყო და დედამ ჩაარიცხვინა იგი მეფის მხედრობაში, მაგრამ გადაწყვიტა ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე არ გაეშვა იმპერატორის სამსახურში. როცა დამთავრდა ტაძრის შენება, კლეოპატრამ მოუწოდა ეპისკოპოსებს, მღვდლებს, მლოცველებს და დიდი ზეიმით აკურთხეს ტაძარი. წმიდა უარის ნეშტი შეაბრძანეს ტაძარში და დაკრძალეს ტრაპეზის ქვეშ. კლეოპატრა მუხლმოყრილი ევედრებოდა წმიდა უარს შემდეგი სიტყვებით: - „გევედრები შენ, ჭირთადამთმენელო ქრისტესო, გამომითხოვე უფლისაგან ის, რაც სათნო იქნება მისთვის და სასარგებლო ჩემთვის და ჩემი ერთადერთი შვილისათვის, მე არ მაქვს სხვა სათხოვარი, გარდა იმისა, რაც ღმერთს სურს ჩვენთვის, მან თვითონ იცის რა არის ჩვენთვის საჭირო და დაე აღსრულდეს ჩვენზედა მისი კეთილი ნება“. ლიტურგიის აღსრულების შემდეგ მან გადაიხადა დიდი ნადიმი ყველა იქ მყოფთათვის და თავის ვაჟთან ერთად ემსახურებოდა სტუმრებს. როცა ყველა სტუმარი წავიდა, კლეოპატრამ დაინახა, რომ მისი შვილი უეცრად ავად გამხდარიყო. ყმაწვილი ცხელებისგან იწვოდა. ამის დამნახავმა დედამ თქვა: „ვფიცავ უფალს, რომ ერთ ლუკმასაც არ ჩავიდებ პირში, სანამ არ ვნახავ, რით დამთავრდება ჩემი შვილის ავადმყოფობა“. შუაღამისას ყრმა გარდაიცვალა. ამ მოულოდნელი უბედურებით თავზარდაცემულმა დედამ ტირილით მიირბინა წმიდა უარის საფლავთან და შეჰღაღადა:
- „ასე გადამიხადე სამაგიერო ჩემი სამსახურისთვის ღვთის სათნომყოფელო? ასე დამეხმარე, მაშინ როცა მე უგულებელვყავ საკუთარი ქმარი და შენზე ვამყარებდი მთელს იმედებს? შენ დაუშვი, რომ მომკვდარიყო ჩემი ერთადერთი შვილი, დაღუპე ჩემი იმედი, წამართვი ჩემი თვალის ჩინი. ვინღა მიპატრონებს სიბერეში? ვინღა დამიხუჭავს თვალებს? ვინღა მომაყრის მიწას? უმჯობესი იყო მე მოვმკვდარიყავი ვიდრე ნაადრევი ყვავილივით მოწყვეტილი ჩემი შვილი მენახა. აღმიდგინე ჩემი შვილი, როგორც ოდესღაც ელისემ სამარიტელს, თუ არა და მეც წამიყვანე აქედან, რამეთუ გამიმწარდა სიცოცხლე დარდისაგან“. დიდი მწუხარებისა და უკიდურესი დაღლილობისაგან გათანგულ ქალს ცოტა ხანს ჩასთვლიმა წმიდანის საფლავთან. ძილში გამოეცხადა მას წმიდა უარი, რომელსაც ხელჩაკიდებული ეჭირა მისი ვაჟი. ორივენი გაბრწყინებულნი იყვნენ როგორც მზე, მათი სამოსი იყო თოვლზე უთეთრესი, წელზე ერტყათ ოქროს ქამრები და თავზე ედგათ გამოუთქმელი სილამაზის ოქროს გვირგვინები. ნეტარი კლეოპატრა ფეხებში ჩაუვარდა მათ, მაგრამ წმიდა უარმა ააყენა და უთხრა: - „ჰოი, დედაკაცო, რისთვის მემდური მე? ნუთუ გგონია, რომ დავივიწყე შენი სამსახური ეგვიპტეში. ან იქნებ გგონია, ვერაფერს ვგრძნობდი, როცა აიღე ჩემი სხეული საქონლის გვამებიდან და შენს ოთახში დაასვენე. განა მე ყოველთვის არ ვისმენ შენს ლოცვას და ვევედრები უფალს შენთვის? და უპირველეს ყოვლისა მე შევავავედრე უფალს შენი ახლობლები, რომლებთანაც დამასვენე აკლდამაში. ახლა კი, მე წავიყვანე შენი ვაჟი ზეციური მეფის სამსახურისათვის. ყოვლად მოწყალე უფალმა თავისი გამოუთქმელი მოწყალებით ინება და შენი შვილი მიღებულ იქნა მის ზეციურ მხედრობაში. თუ გსურს, წაიყვანე უკან და გააგზავნე მიწიერი და დროებითი მეფის სამსახურში, რადგან ვხედავ, რომ არ გინდა ემსახუროს ზეციურ და მარადიულ მეფეს“. ყრმა კი მოეხვია წმიდა უარს და უთხრა: ნუ ბატონო ჩემო, ნუ დაუჯერებ დედაჩემს, ნუ დამაბრუნებ სიცრუითა და ყოველგვარი უსამართლობით აღსავსე სოფელში, რომელსაც შენი მეოხებით თავი დავაღწიე. ნუ მომაკლებ, მამაო, შენსა და წმიდანების სიახლოვეს. შემდეგ მიუბრუნდა დედამისს და უთხრა: „რისთვის სტირი, დედაო ჩემო? მე მომეცა უფლება ანგელოზებთან და ზეციურ მხედრობასთან ერთად ვემსახურო უფალს, შენ კი ითხოვ, რომ მომაკლონ ამ დიდებას“. ნეტარმა კლეოპატრამ დაინახა რა, რომ მისი შვილი შემოსილია ანგელოზთა სამოსელში, შეევედრა მათ: „მეც წამიყვანეთ, რათა თქვენთან ერთად ვიყო“, მაგრამ წმიდა უარმა მიუგო: „მანდ, მიწაზე ყოფნისას შენ მაინც ჩვენთან ხარ. წადი მშვიდობით და როცა ინებებს უფალი, მოვალთ და წაგიყვანთ“. ამ სიტყვებზე ორივენი უჩინარნი გახდნენ.
გამოღვიძებულმა კლეპატრამ კი გულში გამოუთქმელი სიხარული იგრძნო. მოუხმო მღვდლებს და მათთან ერთად პატივით დაკრძალა თავისი შვილი წმიდა უარის გვერდით, უკვე არა გლოვით, არამედ უფლისმიერი სიხარულით. შემდეგ მან გაყიდა მთელი თავისი ქონება და ამა სოფელს განშორებული ცხოვრობდა წმიდა უარის ეკლესიაში დღედაღამ უფლის სამსახურში. ყოველ კვრია დღეს, ლოცვის დროს, ეცხადებოდნენ მას წმიდა უარი და მისი შვილი ბრწყინვალე ნათლით მოსილნი. შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ ნეტარი კლეოპატრა წარსდგა უფლის წინაშე. მისი სხეული დაკრძალეს მისი შვილის გვერდით, ხოლო მისი სული კი წმიდა უართან და წმიდა იოანესთან ერთად მარადის მეოხ არს ჩვენთვის ღვთის წინაშე, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.