წმიდა დიდმოწამე არტემი, ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337, ხს. 21 მაისს), შემდეგ კი - მისი ძისა და მემკვიდრის, კონსტანციუსის (337-361) ზეობისას. ერთგული სამსახურისა და გამბედაობისათვის წმიდანს ხშირად აჯილდოებდნენ, ბოლოს კი ეგვიპტის მეფისნაცვლადაც დანიშნეს. ამ ძალაუფლებაში ნეტარმა არტემიმ ბევრი იღვაწა ეგვიპტეში ქრისტიანობის განსამტკიცებლად.
ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე (361-363). განდგომილი, რომელსაც იმპერიაში წარმართობის აღორძინება სურდა. მან შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. იგი დაუნდობლად გზავნიდა სასიკვდილოდ ასობით ქრისტიანს. ანტიოქიაში უსჯულომ ბრძანა, ეწამებინათ სიწმიდით განთქმული მღვდელმთავრები, ევგენი და მაკარი. ქალაქში ჩასული არტემი შეესწრო მათ მარტვილობას და საჯაროდ ამხილა იულიანე უღმრთოებასა და სისასტიკეში. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ისიც ჯალათებს გადასცა. წამების შემდეგ არტემი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მარტვილი ლოცულობდა, მის წინაშე თავად ქრისტე წარდგა ანგელოსთა დასის თანხლებით და უთხრა: „მხნე იყავნ, არტემი! მე შენ თანა ვარ. უკვე გიმზადებ გვირგვინს დიდებისა, რამეთუ ვითარცა შენ მაღიარე წინაშე კაცთა, მეც აღგიარო წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. მხნე იყავნ და გიხაროდენ - ჩემ თანა იყო სამოთხესა“.
ნეტარი მოთმინებით იტანდა ტანჯვას. მან იულიანეს უწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანების მიმართ ჩადენილი ბოროტებისთვის მალე დაისჯებოდა. ამან კიდევ უფრო გაამხეცა თვითმპყრობელი და მარტვილის წამება გააძლიერა, მაგრამ როცა იხილა, რომ წმიდა არტემის მოსადრეკად ყოველი ღონე ამაო იყო, მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.
ქრისტიანებმა დიდმოწამის ნეშტი მიწას მიაბარეს. წმიდა არტემის სიკვდილის შემდეგ მისი წინასწარმეტყველება იულიანეს მოახლოებული აღსასრულის შესახებ ახდა: განდგომილი იმპერატორი ანტიოქიიდან გავიდა სპარსელებთან საბრძოლველად. ქალაქ ქტეზიფონის მახლობლად მას შეხვდა ერთი მოხუცი სპარსელი, რომელმაც თანამემამულეთა გაყიდვა და მეგზურობის გაწევა აღუთქვა. იულიანე მიენდო მოხუცს, ამ უკანასკნელმა კი იგი მხედრობითურთ კარმანიტის უდაბნოს გაუვალ ადგილებში შეიყვანა, სადაც არც წყალი იპოვებოდა და არც საზრდელი. შიმშილითა და წყურვილით გათანგულ და განახევრებულ ლაშქარს მტერმა სასტიკი დამარცხება აგემა. თავად იმპერატორსაც ღვთივმოვლენილი სასჯელი ეწია: უჩინარმა ხელმა გულში უჩინარი იარაღი უგმირა. იულიანემ მძიმედ ამოიოხრა და წარმოთქვა: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“
მწვალებელი იმპერატორის მიცვალების შემდეგ წმიდა დიდმოწამე არტემის ნეშტი პატივით გადააბრძანეს ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.