ღირსი გერასიმე ათონელი პელოპონესის სოფელ ტრიკალაში დაიბადა. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მან კუნძულ ზაკინს მიაშურა სამოღვაწეოდ. წმიდა მთაზე გერასიმე ათონელ მოსაგრეებს დაემოწაფა; შემდგომ ბერების კურთხევით იერუსალიმში გაემგზავრა უფლის საფლავის თაყვანსაცემად, მოილოცა სინას მთის, ანტიოქიის, დამასკოს, ალექსანდრიის, ეგვიპტის წმიდა ადგილები და კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა. აქ იერუსალიმის პატრიარქმა გერმანე II-მ (1534-1579) წმიდანი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი ხუცესად დაასხა ხელი.
მიუხედავად სამღვდელო ხარისხისა, ღირსი გერასიმე განდეგილის ცხოვრებით მოღვაწეობდა. ბოლოს წმიდანმა პატრიარქისაგან მდუმარების ღვაწლზე აიღო კურთხევა და ზაკინზე განმარტოვდა. აქ ნეტარმა ხუთი წელი დაჰყო მარტოდმარტო, მისი საკვები მხოლოდ მცენარეულობა იყო. ამის შემდეგ ზეგარდამო შთაგონებით გერასიმე კეთალონიის კუნძულზე გადავიდა და ომალში, მის მიერ აღდგენილ ტაძართან დედათა მონასტერი დააარსა. ღირსი მამა აქ ოცდაათი წელი მოღვაწეობდა. წმიდა ცხოვრებისათვის მას სნეულთა კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიემადლა. უფლის რჩეულს რამდენიმე დღით ადრე ეუწყა თავისი აღსასრულის შესახებ, დალოცა მონაზვნები და მშვიდობით მიიცვალა 1579 წლის 15 აგვისტოს, სამოცდათერთმეტი წლის ასაკში. ორი წლის შემდეგ მისი ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. სიწმიდე კეთილსურნელებას აფრქვევდა და სნეულებს კურნავდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.