წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების (ხს. 26 დეკემბერს) ძე იყო. გადმოცემით, წმიდანი თან ახლდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა). წმინდანი ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს მართალს ეძახდა. იუდეველთა უხუცესებს შორისაც ნეტარი ისეთი პატივით სარგებლობდა, რომ მღვდელმთავარმა მას ერთადერთს მისცა იერუსალიმის ტაძრის შიდა ნაწილში - წმიდათა წმიდაში შესვლის უფლება, სადაც უფლის რჩეული ლოცვისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე. როცა მაცხოვარმა ცათა სასუფევლის შესახებ ქადაგება დაიწყო, წმიდა იაკობმა ირწმუნა განკაცებული ძე ღვთისა და მის სამოცდაათ რჩეულ მოწაფეთა შორის შეირაცხა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდანი უფლის განსაკუთრებული გამოცხადების ღირსი შეიქნა (1 კორ. 15,7). გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ქრისტიანთა ეკლესიის სვეტად (გალ. 2,9) მიჩნეული მოღვაწე დაადგინეს იერუსალიმის პირველ მღვდელმთავრად. იგი ხელმძღვანელობდა მოციქულთა პირველ კრებას იერუსალიმში, სადაც მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა (საქმე, 15).
წმიდანის ქადაგების გავლენით მრავალი ებრაელი მოექცა ქრისტიანობაზე. ყოველივე ამან შური და გულისწყრომა აღძრა იუდეველ უხუცესებში, რომელთაც უფლის რჩეულის დაღუპვა განიზრახეს. ერთხელ, როცა რომაელი მმართველი იერუსალიმიდან გავიდა, ქრისტეს მტრებმა ისარგებლეს შემთხვევით, მღვდელმთავარი იაკობი ძალით აიყვანეს ტაძრის გუმბათზე და მოსთხოვეს, პასექთან დაკავშირებით შეკრებილი ერის წინაშე უარეყო ქრისტე. მათი მოთხოვნის საპირისპიროდ, წმიდანმა ახოვნად იქადაგა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა. მაშინ მრავალმა იქ მყოფმა ირწმუნა მაცხოვარი, მწიგნობრები და ფარისევლები კი უკვე ნანობდნენ თავიანთ საქციელს: „შევცდით, რომ ყველასგან პატივდებულ მოსაგრეს ასე დავამოწმებინეთ ქრისტე“. ისინი გააფთრებით მიეჭრნენ წმიდა მამას და ძირს ჩამოაგდეს, მიწას დანარცხებული და სასიკვდილოდ დაშავებული წმინდა იაკობი უცებ არ გარდაცვლილა. მან უკანასკნელი ძალების მოკრებით მუხლი მოიყარა და მხურვალედ შესთხოვა უფალს, შეენდო მისი მტრებისათვის. უღმერთოებმა ქვები დააყარეს მარტვილს. ერთი ქვა მას თავში მოხვდა და სიცოცხლე მოუსწრაფა. ეს მოხდა იუდეველთა ომის დაწყებამდე (62-66 წლებს შორის) ცოტა ხნით ადრე, როცა იაკობ მოციქული ოთხმოცდათექვსმეტი წლისა იყო. ნეტარის მოწამეობრივმა სიკვდილმა ებრაელებზე ისეთი დიდი გავლენა იქონია, რომ ეს ომი, მის შემდგომ დაწყებული ბრძოლა რომაელებთან (66-70 წწ) და მათი თანმხლები უბედურებანი ამ ცოდვისათვის სასჯელად მიიჩნიეს.
წმიდა მოციქულ იაკობს ეკუთვნის ახალი აღთქმის კათოლიკე ეპისტოლე. მასვე მიეწერება შექმნა საღვთო ლიტურგიის ტიპიკონისა, რომელიც საფუძვლად დაედო ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. ზოგი ცნობით, წმიდა მოციქულის ნაწილები რომში, თორმეტი მოციქულის ტაძარში ინახება. ზოგი მათგანი 1853 წელს ალექსანდრიელ პატრიარქ იეროთეოსს მოსკოვში გაუგზავნია.
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა, უნდა განვასხვაოთ იაკობ ზებედესა (ხს. 30 აპრილს) და იაკობ ალფესისგან (ხს. 9 ოქტომბერს).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.