წმიდა მოწამე კვირიაკე, იერუსალიმელი პატრიარქი, წარმოშობით ებრაელი იყო და სახელად იუდა ერქვა. ის იყო ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც იცოდა, თუ სად იყო დაფლული უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი. მის გულში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს - ერთგულება იუდეური ცრუმსოფლმხედველობისა და ეჭვი იმისა, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო ის აღთქმული მესია, რომელიც ებრაელებმა ჯვარს აცვეს.
როდესაც დედოფალი ელენე იერუსალიმში ჩავიდა უფლის ჯვრისა და სხვა სიწმიდეების მოსაძებნად (იხ. 14 სექტემბრის საკითხავი), იუდამ შეკრიბა თანატომელები და გააფრთხილა: „უწყი, რამეთუ ძიებაჲ ეგულების ძელისა მის, რომელსა იესუ ჯვარს-აცუეს მამათა ჩუენთა. ეკრძალენით ნუუკუე აღ-ვინმე-იაროთ; უკუეთუ არა, ნანდჳლვე დაიჴსნეს მამათა ჩუენთა მოცემული იგი შჩული, რამეთუ ზაქეოს, მამის მამამან ჩემმან, ამცნო მამასა ჩემსა სიმონს და ჰრქუა, და მამამან ჩემმან მე მამცნო და მრქუა: „ეკრძალე, შვილო ჩემო, რაჟამს ძიებაჲ იყოს ძელისაჲ მის, რომელსა ზედა მესია ჯუარს-ეცუა. გამოუჩინე იგი პირველ ვიდრე გუემად შენდამდე, რამეთუ არღარა ებრაელთა ნაშობნი მეფობდნენ, არამედ მიერითგან მათი მეუფებაჲ იყოს, რომელნი ჯუარ-ცუმულსა თაყუანის-სცემდენ, რამეთუ იგი იყოს მეუფჱ უკუნისამდე - ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“.
მალე დედოფალმა ელენემ იუდეველი უხუცესები თავისთან დაიბარა. ებრაელებმა ითათბირეს და გადაწყვიტეს, დედოფლისთვის არ ეთქვათ საიდუმლო, მაგრამ მასთან წარდგომისას შეშინდნენ და იუდაზე მიუთითეს: „ესე კაცი მართლისა წინასწარმეტყუელისა ძჱ არს და შჯული ჭეშმარიტი იცის. გევედრებით, დედოფალო, ნებაჲ გულისა შენისაჲ ამან აღგისრულოს“. დედოფალმა ელენემ ყველანი გაათავისუფლა, იუდას კი მიმართა: „უკუეთუ გნებავს ცხორებაჲ ქუეყანისაჲცა და ზეცისაჲცა, მითხარ, სადა დამალულ არს ჯუარი“. თავდაპირველად იუდა უარზე იდგა: ორასი წლის წინ მომხდარი ამბის შესახებ ჩვენ რა უნდა ვუწყოდეთო. ელენემ მისი ჯურღმულში ჩაგდება ბრძანა და ერთი კვირა აშიმშილა. განმარტოებით ყოფნამ კიდევ უფრო გაამწვავა იუდას ეჭვები. მან გადაწყვიტა, იუდეველთა ღმერთისთვის მიენდო ყველაფერი და დახმარება აღუთქვა უფლის რჩეულს. იუდამ დანამდვილებით თავადაც არ იცოდა ზუსტად, სად იყო დაკრძალული სიწმიდე. იგი ჯერ ნაგავსაყარად ქცეულ, შემდეგ კი საკერპო ნაგებობებით დაფარულ გოლგოთას მიუახლოვდა და ცისა და ქვეყნის შემოქმედ ღმერთს შეჰღაღადა: „თუ გნებავს, გამოგჳცხადე ჩუენ დაფარული იგი ფასი და ყავ ადგილსა ამას კუამლი სულნელებისაჲ აღმოსლვად ქრისტჱსი, რამეთუ იგი არს მეუფჱ იესუ ქრისტე უკუნისამდე. ამინ“. როცა მან ლოცვა დაასრულა, ის ადგილი, სადაც სიწმიდე იყო დაფარული, შეიძრა და საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ. მაშინ იუდამ ირწმუნა ჯვარცმული უფალი, ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა: „ჭეშმარიტად, ქრისტე, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისაჲ“. მან საკუთარი ხელით გათხარა მიწა და ცხოველმყოფელი ჯვრის და მის მიერ მკვდრის აღდგინების მხილველი შეიქნა. განრისხებულმა ეშმაკმა ღაღად-ჰყო: „ჵ, იუდა, რაჲ ესე ჰყავ? პირველისა მის იუდაჲსგან ერი ვაცოდვე და აწ ამის იუდაჲსგან ვიდევნები. აწ ვპოვო მეცა შენთჳს, რაჲ ვყო: „აღვადგინო სხუაჲ მეფეჱ, რომელმან უვარ-ყოფად გცეს ჯუარ-ცუმული და ჩემსა ნებასა იქმოდის და მიგცეს შენ ძჳრ-ძჳრთა მათ სატანჯველთა, და გუემით უვარ-ჰყო ჯუარ-ცუმული იგი“.
ნათლისღების შემდეგ იუდას კვირიაკე უწოდეს. შემდგომ წმიდა ცხოვრებისათვის იგი იერუსალიმის პატრიარქად იქნა დადგენილი. 363 წელს, ქრისტიანთა მძვინვარე მდევნელის, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობაში, მან სისხლის დათხევით დაამოწმა თავისი ერთგულება მაცხოვრისადმი: როცა ნეტარმა კერპების თაყვანისცემაზე უარი განაცხადა, უღმერთოებმა მას გამლღვალი კალა ჩაასხეს პირში, გახურებულ რკინის სარეცელზე გააწვინეს, მდუღარე ქვაბში ჩააგდეს და, ბოლოს, მახვილით აჩეხეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.