ღირსმოწამე ანასტასია რომაელი, ერთი ცნობით - იმპერატორ დეკიუსის (249-251), სხვა წყაროს მოწმობით კი - ვალერიანეს (253-260) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი სამი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ობოლზე ზრუნვა ერთმა კეთილმსახურმა დიაკონისამ, სოფიამ იტვირთა და იგი ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ქალაქის თავმა პრობოსმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ანასტასია. ქრისტეს ტარიგი, რომელსაც თავისმა გამზრდელმა და მოძღვარმა მოწამეობრივ ღვაწლზე მისცა კურთხევა, მშვიდად შეხვდა შეიარაღებულ მეომრებს. პრობოსმა წმიდანის სიყმაწვილე და მომხიბლველობა რომ იხილა, თავდაპირველად ლიქნით სცადა მისი გადაბირება: „რატომ ღუპავ შენს ყმაწვილქალობას, რად გაურბიხარ შვება-სიამოვნებას? რა მოსაგებელია ჯვარცმულისთვის ტანჯვა და სიკვდილი? ჩვენს ღმერთებს ეცი თაყვანი და ღირსეულ ქმარსაც შეიძენ, დიდებასაც და პატივსაც“. ანასტასიამ მტკიცედ მიუგო: „ჩემი სიძე, ჩემი საუნჯე, ცხოვრება და სიხარული - იესო ქრისტეა. ტანჯვის შიშით ვერ განმაშორებ უფალს!“ დაიწყო ღვთის რჩეულის სასტიკი ტანჯვა: მარტვილის არაადამიანური წამებისა და აბუჩად აგდების მოწმე ხალხი აღშფოთებამ მოიცვა, ქალაქის თავი იძულებული გახადა, შეეწყვიტა ანასტასიას ტანჯვა და მისთვის თავის მოკვეთის ბრძანება გასცა. ნეტარის ცხედარი ქალაქგარეთ დააგდეს მხეცების საჯიჯგნად, მაგრამ უფალმა არ დაუშვა სიწმიდის შეურაცხყოფა: ზეგარდამო მინიშნებით წმინდა ანასტასიას აღმზრდელმა სოფიამ მიაკვლია მოწამის ნეშტს და ორი სხვა ქრისტიანის დახმარებით მიწას მიაბარა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.