წმიდა მოწამენი: კლავდიოსი, ასტერიოსი, ნეონი და თეონილა, ღვიძლი და-ძმანი, 285 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ კილიკიაში.
მამის სიკვდილის შემდეგ დედინაცვალმა, რომელსაც არ სურდა მათთან ქონების გაყოფა, ქრისტიანთა მდევნელებს გადასცა უფლის რჩეულები. კილიკიის მმართველი, ლისიუსი დიდხანს აწამებდა წმიდანებს და კერპების თაყვანისცემას ითხოვდა მათგან. მაცხოვრის სარწმუნოების ერთგული ძმები: კლავდიოსი, ასტერიოსი და ნეონი საშინელი სატანჯველების შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს და ჯვარს აცვეს, მათი და - კეთილმსახური ქვრივი თეონილა კი მარგილებს შორის გაჭიმეს, ქამრებით სცემეს, მუცელზე ცხელი ნახშირი დააყარეს. ამ სასტიკი წამების დროს გარდაცვლილი მოწამის ნეშტი ბოლოს ტომარაში ჩააგდეს და ზღვაში დანთქეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.