წმიდა სტეფანე მილიუტინი, სერბეთის მეფე, ძმა მისი დრაგუტინი და დედა მათი ელენე. წმიდა სტეფანე სერბეთის სამეფო ტახტზე ავიდა 1275 წელს და 1320 წლამდე ბრძნულად განაგებდა ქვეყანას. წმიდა სტეფანეს მეფის ტახტი ნებაყოფლობით გადასცა მისმა უფროსმა ძმამ დრაგუტინმა, რომელმაც სამეფო მოღვაწეობას ბერული ცხოვრება არჩია და ფარულად მოღვაწეობდა მის მიერ გათხრილ ორმოში. მათი წმიდა დედა ელენე ლოცვითა და დედობრივი რჩევებით შეეწეოდა ხორციელი დიდებისა და სულიერი აღმაფრენის მწვერვალზე მდგომ წმინდა შვილებს.
დედამ და შვილებმა, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი იღვაწეს ერეტიკოსი ბოგომოლების ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისთვის. წმიდა დრაგუტინი გარდაიცვალა 1316 წლის 2 მარტს.
წმიდა მეფე სტეფანე მილიუტინი სიტყვითა და საქმით ახოვნად იცავდა მართლმადიდებელ სერბებს მრავალრიცხოვანი მტრებისაგან. ყოვლადსახიერი უფლის სამადლობლად მან ააგო ორმოცზე მეტი ტაძარი, მრავალი მონასტერი და დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარი განსაკუთრებით ათონის სავანეებზე ზრუნავდა. წმიდა სტეფანე გარდაიცვალა 1320 წლის 29 ოქტომბერს. ორი წლის შემდეგ აღესრულა ნეტარის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება.
წმიდა ელენემ, უფლის სათნომყოფელი ძეების კეთილმსახურმა დედამ, მეუღლის სიკვდილის შემდეგ საღვთო საქმეებისთვის გადადო თავი, სიკვდილის წინ მონაზვნად აღიკვეცა და 1306 წლის 8 თებერვალს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.