წმიდა ტერტიოსი იკონიის მეორე ეპისკოპოსი იყო (წმიდა მოციქულ სოსიპატრეს შემდეგ). აქ მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე და ბოლოს მოწამეობრივად აღესრულა. წმიდა ტერტიოსს პავლე მოციქული ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,22). წმიდა მარკოზი, იგივე იოანე (საქმე 12,12), ბარნაბას ძმისწული, აპოლონიადის ეპისკოპოსი იყო (კოლ. 4,10). წმიდა იოსტოსი, ბარსაბად წოდებული, იოსებ დამწინდველის ძე (საქმე, 1,23) ელეფთეროპოლის (სამხრეთ პალესტინა) ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული და იქვე პოვა მოწამეობრივი აღსასრული. წმიდა არტემონი (ტიტ. 3,12) ქალაქ ლუსტრის (ლიკაონია) ეპისკოპოსი იყო. დაუცხრომელი ღვაწლის შემდეგ მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.