გიორგი მერჩულე

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

7

- ჟამსა ამას უცხოებისა და უპოვარებისა ჩვენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩვენ თანა ხარ განმმზადებელი ჩვენთვის ადგილსა ამას კეთილსა განსასვენებელსა ნებისა შენისასა, რომელსა შინა მარადის ვედრებასა შევსწირავთ მოსალოდებელისა მისთვის დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა შენისასა, ღმერთო! რაჟამს იგი საშინელებათა ზარი და საყვარისა ოხრაჲ შეაძრწუნებდეს დაბადებულთა ყოველთა, რამეთუ უქადაგებდეს ცოდვილთა სატანჯველთა მათ დაუსრულებელთა, ხოლო მართალთა ახარებდეს ცხორებასა დაუსრულებელსა, მაშინ ეტყებდენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი ამისთვის, რამეთუ მიეცემოდიან ყოველნი ბრალეულნი გვემათა და საარებათა, ხოლო მართალნი მათთვის იგლოვდენ, რამეთუ არს უბიწოთაცა შეძრწუნება ზარი შენი, რომლისაგან მე ვძრწი, რამეთუ განუმზადებელ ვარ არა თუ უმეცრებისა აჩრდილთა შეყენებული, არამედ უდებებისა მედგრობათაგან ძლეული ვხმობ სულთქმით: რაჟამს მოიწიოს დახსნაჲ გვამთაჲ და მხილებაჲ ცოდვათაჲ და კვლად განახლებაჲ და შეერთებაჲ სულისა და ხორცთაჲ, რომელთამე ცხორებად საუკუნოდ და რომელთამე სატანჯველად საუკუნოდ, მაშინ ვინაჲ იყოს ჩემდა ხსნა ბრალთა პატიჟისაგან? რამეთუ არა მომიგიეს მე საქმეჲ, რომლითამცა უბრალო ვიპოვე წინაშე საყდართა შენთა, ქრისტე! არამედ ვედრებითა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა მარადის ქალწულისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, უფალო მოწყალეო და სახიერო მეუფეო, წყალობა ყავ და მაცხოვნენ ჩვენ რჩეულთა შენთა თანა, რაჲთა მათ თანავე მიგცემდეთ შენ საუკუნოდ დიდებასა, ამენ.

ამისსა შემდგომად იწყო მან ხანძთისა შენებაჲ. და უბრძანა ძმათა მათ დავითის გალობისა მუხლთა ამათ წართქმაჲ: „წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე, თესლით თესლამდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა, რამეთუ სთქუ: სოფელი წყალობით აღეშენოს“. „და ველნი შენნი აღივდნენ სიპოხითა. განჰპოხო შენ შვენიერებაჲ უდაბნოსაჲ და სიხარული ბორცვთა შეიმოსონ და ღელეთა განამრავლონ იფქლი ღმრთისმსახურებისაჲ. ღაღადებდენ და გალობდენ“ პირნი ჩვენნი ესრეთ: „მოგვხედენ მონათა შენთა, უფალო, და ქმნულსა ხელთა შენთასა! წარუძეღუ ძეთა მათთა! იყავნ ნათელი შენ - უფლისა ღმრთისა ჩვენისაჲ ჩვენ ზედა! საქმენი ხელთა ჩვენთანი წარჰმართენ ჩვენ ზედა, უფალო, და ქმნული ხელთა ჩვენთაჲ წარგვიმართე“, „რამეთუ უდაბნოთა ამათ და მთათა აღვიზილენით თვალნი ჩვენნი, ვინაჲ მოხვედ შეწევნად ჩვენდა“. „ჭეშმარიტად შეწევნა არს ჩვენდა სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქვეყანაჲ და ყოველნი დაბადებულნი“.

და ერთობით ჯვარი დასწერეს ადგილსა მას და იწყეს საქმედ სენაკებისათვის ქვეყანისა დავაკებად, რამეთუ კლდეჲ იგი ხანძთისაჲ უფიცხლეს არს უფროჲს ყოველთა მათ კლარჯეთისა უდაბნოთა. და შრომითა დიდითა ქმნეს ადგილი იგი. რამეთუ არა აქვნდა მათ ცული და წერაქვი, არცა სხვაჲ ეგევითარი სახმარი, არამედ ოპიზელთა მამათა მოსცეს ყოველი, რომელი იპოვა ხელთა მათთა, და თანაშემწე იქმნნეს ყოვლითა სახმარითა და ხორცთა საღვაწითა. რამეთუ მას ჟამსა სხვაჲ მონასტერი არა შენ იყო მათ ქვეყანათა თვინიერ ოპიზისა და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათვის მათ ქვეყანათაჲსა, რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქვეყანათა მცირენი იპოვებოდეს დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ.

ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ პირველად აღაშენა ძელისა ეკლესიაჲ და შემდგომად საყუდელი თვისი და თითო სენაკები ძმათა მათთვის მცირეჲ და ერთი სენაკი საოსტიგნედ დიდი.

და დღითი დღე აღორძნდებოდეს ძმანი, რამეთუ შეეძინებოდეს უფალსა მუშაკნი მეათერთმეტისა ჟამისანი მოქმედად ჭეშმარიტსა მას ვენახსა და თანაზიარ იქმნებოდეს პირველთა მათ მართალთა და მონაწილე წმიდათა მოწამეთა, მხნდებოდეს რაჲ ღვაწლსა მას მონაზონებისასა მსგავსად წმდიათა მოწამეთა და უფროჲს მათსა, რამეთუ მარტვილნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესენი ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათვის ქრისტესისა, ვითარცა დავით იტყვის: „შენთვის მოსწყდებით ჩვენ მარადღე“, და პავლე იტყვის: „მარადღე ქრისტესთვის მოვკვდები“. უკეთუმცა არა იყო დაუცხრომელი ბრძოლაჲ წმიდათაჲ, არამცა მოიხსენეს ბრძოლაჲ იგი სიკვდილად მარადღე. „რამეთუ ხორცთა გული უთქვამს სულისათვის და სულსა ხორცთათვის და ესე მხდომნი არიან ურთიერთას“, - სიტყვისაებრ მოციქულისა, რამეთუ „რაჲ სულისა აღმოფშვინვა - მადლი იქმნების, და რაჲ სულისა აღმოფშვინვა - ბრალი იქმნების ჩვენ შორის“. ამისთვისცა ანგელოზ მხდომ სახელ სდებს პავლე გონებასა კაცთასა და ვითარცა თავისა თვისისათვის ქადაგებს, ეგრეთვე ყოველთათვის იტყვის, რამეთუ ოდესმე წმიდათა ანგელოზთა გონებაჲ პოვის ჩვენ შორის და ოდესმე - ეშმაკთაჲ. ამისთვისცა ქრისტემან უბრძანა პეტრე მოციქულსა - არა თუ შვიდგზის ოდენ შეუნდო ძმათა დღესა შინა, არამედ სამეოცდაათჯერ შვიდგზისო.

და ამათ ესევითართა ვნებათა, დაფარულთა და ცხადთა მხდომისა ღონეთა ძლიერად ეწყვებოდეს ღირსნი ესე მამანი, მოთმინენი მრავალსახეთა ჭირთა და მწუხარებათა ქრისტესთვის.

8

მას ჟამსა ნეტარი იგი ბერი ხვედიოს მოხუცებული იყო ფრიად და მიახლებულ ხორცთა განსლვად. მაშინ მივიდა მამაჲ ჩვენი წმიდაჲ გრიგოლ და ძმანიცა, რომელნი იყვნეს მის თანა, ხილვად ბერისა. და ვითარცა მოიკითხეს, ჰრქვეს:

- გვაკურთხენ, წმიდაო მამაო, რამეთუ აწ მიხვალ უფლისა.

ხოლო მან ჰრქვა:

- ღმერთი მშვიდობისა, სიყვარულისა და კაცთმოყვარებისაჲ იყავნ თქვენ თანა ყოვლადვე. არამედ ჩემთვის ლოცვა ყავთ, წმიდანო მამანო, რამეთუ მივალ დღეს ბანაკსა უცხოსა და ღმრთისა საყდართა საშინელთა!

ხოლო მათ ჰრქვეს:

- არა ხარ უცხო ბანაკსა მას წმიდათა ანგელოზთასა, რომელთა თანა სულითა მარადის იხარებ წინაშე ქრისტესა, არამედ ნუ დამივიწყებ ჩვენ ადგილსა შენისა წმიდისა მკვიდრთა და ნერგთა მადლისა შენისათა.

და მან ჰრქვა მათ:

- ხელთა ღმრთისათა შევჰვედრებ სულსა ჩემსა და ხელთა თქვენთა ხორცთა ჩემთა. ხოლო ნებითა ღმრთისაჲთა ერთად იყოს სიხარული ჩვენი საუკუნოდ.

და დაიძინა ნეტარმან ბერმან და ტკბილ-ეყო მას ჰრული მისი და ადგილი იგი აღივსო სულნელებითა და ანგელოზთა წმიდათა გალობითა, რომელთა წარიყვანეს იგი სიხარულით წინაშე ქრისტესა. ხოლო მამამან გრიგოლ და ძმათა წამოიყვანეს ძლევითშემოსილი გვამი მისი და გალობითა წმიდითა დაჰმარხეს იგი საფლავსა შინა. და მადლი მისცეს ქრისტესა ნებისმყოფელთა მისთა ძლევისა მომცემელსა და გვირგვინოსანმყოფელსა.

მაშინ ნებითა ღმრთისაჲთა განმრავლდებოდეს ძმანი ქრისტეს მსახურნი. ხოლო მამაჲ გრიგოლ არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა, არამედ პირველად გამოცადის ყოველსა ზედა კეთილსა საქმესა და, უკეთუ იპოვის გულითა უმანკოჲ, უზაკველი და უდრტვინველად სიმდაბლით მორჩილი წადიერად ყოველსა ზედა კეთილსა საქმესა, იგი შეიწყნარის სიხარულით. ამისთვისცა ყოველნი მოწაფენი მისნი კეთილ იყვნეს ფრიად და ღირსად შემწყნარებელ სათნოებათა მისთა წმიდათა. და ემსგავსებოდეს მოძღვარსა კეთილსა, ვითარცა მოძღვარი მათი ემსგავსებოდა ქრისტესა, რომელიცა იტყვის: „კმა არს მოწაფისა მის, იყოს თუ ვითარცა მოძღვარი თვისი“.

და ესრეთ კეთილად ცხონდებოდეს ისინი სულიერად, ხოლო ხორციელად დიდსა იწროებასა იყვნეს.

9

და მათ ჟამთა მფლობელი იყო ამათ ქვეყანათა ღმრთისმსახური ხელმწიფეჲ დიდი ბაგრატუნიანი - აშოტ კურაპალატი, კეთილად მორწმუნეჲ, რომლისა გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ ვიდრე უკუნისამდე ჟამთა. და ხელმწიფისა მის წინაშე და შვილთა მისთა, დიდებულთა მათ ხელმწიფეთა, წინაშე შეუსწავლელ იყო წმიდაჲ გრიგოლ.

ხოლო იყო ვინმე აზნაური დიდებული წინაშე აშოტ კურაპალატისა და ერქვა მას სახელი გაბრიელ დაფანჩული, და აწ ნათესავთა მისთა ჰრქვიან დაფანჩულნი. ესე აზნაური შემკულ იყო ყოვლითა სისრულითა და სიმდიდრითა, სიბრძნითა, ჰასაკითა და ახოვნებითა, და ყოველსა ზედა საქმესა განმარჯვებითა და კეთილადმორწმუნეობითა ქებულ იყო.

ამას აქვნდეს ზოგნი სოფელნი მახლობელად ვანსა ნეტარისა გრიგილისსა, რომელმანცა მოწაფეთა თვისთა უპოვარებაჲ იხილა რაჲ, მიიწია ნებითა ღმრთისაჲთა სახლსა გაბრიელ დაფანჩლისასა. ხოლო იგი შინა არა დახვდა, არამედ ღმრთისმოყვარეჲ მეუღლეჲ მისი მარიამ სარწმუნოებით მოეგება მამასა ჩვენსა გრიგოლს და ჯეროვნად პატივ სცა და მრავლითა კეთილითა განუტევა. და თანა კაცნი წარმოიყვანნა შესასწავლელად და ჰრქვა:

- წმიდაო მამაო, ამათ კაცთა ასწავე გზაჲ მონასტრისა შენისაჲ და საღვაწი სულიერთა შვილთა შენთაჲ უზრუნველ იყოს შენგან, რამეთუ არა დაგაკლდეს სახლისაგან ჩვენისა, არამედ წმიდათა შინა ლოცვათა თქვენთა ხსენებულ გვეყვენით უფალი ჩემი გაბრიელ და მე, მხევალი შენი, და შვილნი ჩვენნი.

და ესრეთ სიხარულით მივიდა მონასტრად თვისა მამაჲ გრიგოლ და განიხარეს ძმათა მათ ფრიად, რამეთუ ღმერთმან პატივ სცის მადიდებელთა თვისთა.

ხოლო რაჟამს მოიწია სახედ თვისა გაბრიელ მთავარი, მაშინ აუწყა ღმრთისმოყვარემან მეუღლემან მისმან ნეტარისა მამისა გრიგოლის მოსვლაჲ და ვითარ-იგი მან სიხარულით განუტევა. და ვითარცა ესმა ესე დიდებულსა მას აზნაურსა, მადლი შეწირა ღმრთისა წმიდისა მის შესვლისათვის სახლსა თვისსა და აკურთხა მეუღლეჲ თვისი. და მსწრაფლ ხოლო დაწერა წიგნი ვედრებისაჲ და წარავლინნა კაცნი კეთილნი, რაჲთა კვალადცა ბრძანოს სახლსა მისსა. ხოლო მამაჲ ჩვენი ნეტარი გრიგოლ მორჩილ იქმნა სიტყვათა მისთა და წარჰყვა კაცთა მათ მოვლინებულთა.

და ვითარცა ესმა მისლვაჲ მის ნეტარისაჲ, აღდგა და მიეგება წინა გაბრიელ, აზნაური მეფისაჲ, და თაყვანი სცა სიხარულით და ამბორს უყოფდა წადიერად ხელთა მისთა წმიდასა მას. და წარიყვანა პატივით სახედ თვისა და მრავალთა დღეთა განუსვენა. და წარმოუდგინნა წინაშე მისსა ოთხნი იგი ძენი თვისნი, ყოვლად კეთილნი და ყოვლითავე მსგავსნი გაბრიელ მამისა მათისანი: პატრიკ, გვარამ, არშუშა და აბულასათ. და ჰრქვა ნეტარსა გრიგოლს:

- წმიდაო ღმრთისაო, აკურთხენ ესენი წმიდათა ხელთა შენთა დასხმითა. ვითარცა ისრაელ იოსების ძენი აკურთხნა, ეგრეთვე შენ ყოველნი შვილნი ჩვენნი აკურთხენ ჩვენ - მშობელთა მათთა თანა!

და ვითარცა იხილა წმიდამან მან ფრიადი სარწმუნოებაჲ კურთხეულთა მათ მეუღლეთა და შვილთა მათთაჲ, მაშინ აღდგა სიხარულისა ცრემლითა სავსეჲ და აღიპყრნა წმიდანი ხელნი თვისნი ცისა მიმართ და ჰრქვა:

- უფალო! საუკუნითგანთა წმიდათა შენთა მორწმუნენი შენნი, რომელნიცა იკურთხნიან, სიტყვაჲ მათი საქმით აღასრული. აწცა, უფალო, მოხედე ლოცვასა ჩემსა, გლახაკისა მონისა შენისასა და ლოცვითა ყოველთა წმიდათა შენთაჲთა აკურთხენ მშობელნი შვილითურთ და შვილნი მშობელთა თანა, კეთილად მორწმუნენი ესე და მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი. ვითარცა აკურთხე სახლი ნოვე მართლისაჲ და აბრაჰამ მამათმთავრისაჲ და ყოველთა ნებისმყოფელთა შენთაჲ, ღმერთო დიდებისაო, იგივე კურთხევაჲ საუკუნოჲ დაამკვიდრე ამათ შორის და უხვად მიანიჭე კეთილი ქვეყანისაჲ დღეგრძელებასა შინა და კეთილი ზეცისაჲ დაუსრულებელი, და ჩვენთვის წყალობაჲ ყავ. ამენ.

და ჯვარი დასწერა ყოველთა და დაჯდა. მასინ გაბრიელ ჰრქვა წმიდასა მას:

- ქრისტემან საქმით დაამტკიცენ სიტყვაჲ ბაგეთა შენთაჲ, ღირსო მამაო, და ჩვენ მოგვეცინ უფალმან გულსმოდგინედ მსახურებაჲ სიწმიდისა შენისაჲ, რაჲთა სიტყვაჲ იგი მოციქულისაჲ ჩვენ შორის აღესრულოს, ვითარმედ - „თქვენი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისაჲ და მათი ნამეტნავი თქვენისა ნაკლულევანებისაჲ“. აწ ჩვენ თანა არს ხორციელი კეთილი და თქვენ თანა არს სულიერი კეთილი, და ესე შევზავნეთ ურთიერთას. თქვენ მონაწილე გვყვენით წმიდათა ლოცვათა თქვენთა ცხორებას ამას და შემდგომად სიკვდილისა, და ძვალნი ჩვენნი ღირს ყვენით დასხმად წმიდათა თანა ძვალთა თქვენთა, და ლოცვაჲ ჩვენთვის უკუნისამდე განაწესეთ მონასტერსა თქვენსა. და ჩვენ აღგითქვამთ ცხორებასა ჩვენსა და ცხორებსა შვილთა ჩვენთასა, შვილითი შვილადმდე თანაგვაც თქვენი ღვწაჲ და მონასტრისა თქვენისაჲ ჟამთა უკუნისამდე. არამედ, წმიდაო მამაო, სავანე კეთილი, ადგილი დედათათვის სამკვიდრებელად გამონახეთ, რაჲთა ესე მცნებაჲ იყოს ჩვენ შორის ნათესავისა ჩემისა: უკეთუ მოწესე მამაკაცი იყოს, სამკვიდრებელად მისა ხანძთაჲ იყოს, და უკეთუ ერისა ჩემისა მოწესეჲ დედაკაცი იყოს, მუნ დაემკვიდროს, რომელიცა შენ გამოაჩინო ქვეყანასა ამას ადგილი შენ მიერ კურთხეული. და ვითარცა მიცვალებულთა მამათათვის ხანძთაჲ განმიწესებია, ეგრეთვე იყოს სამარხავი მიცვალებულთა დედათაჲ აწ შენებულსა მას.

ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ძიება ყო გულსმოდგინედ და პოვა ადგილი კეთილი გუნათლეს მახლობლად, ჯვარი დასწერა და მუნ აღაშენეს მონასტერი დედათაჲ, რომელსა აწ ჰრქვიან გუნათლის ვანი. და ჟამისმწირველი მღდელი ვანისა მისთვის ხანძთითა განაწესა ნეტარმან გრიგოლ ვედრებიდა გაბრიელისითა. ამისთვისცა, მსგავსად აღთქმისა, ხანძთას შინა ელოცვების ყოველთა დაფანჩულთა ვიდრე დღეინდელად დღემდე.

10

ხოლო გაბრიელ, დიდებულმან აზნაურმან, ფრიადითა კეთილითა წარმოგზავნა მამაჲ გრიგოლ და მოსცნა კირითხურონი და ნივთი ყოველი ქვითკირისა ეკლესიისა საშენებელად და ესრეთ მოვიდა მამაჲ გრიგოლ თვისსა ვანსა. და განიხარეს მოწაფეთა მისთა, მადლი მისცეს ქრისტესა და ულოცვიდეს მოღვაწეთა მათ.

ხოლო ნეტარმან გრიგოლ ადგილი იგი საეკლესიოჲ დაავაკა. და ვითარ დაიწყებდა ეკლესიასა, ესე ლოცვაჲ ცრემლით წართქვა:

- ქრისტე ღმერთო! ხორცშესხმისა შენისა განგებულებაჲ ღმრთაებრ აჩვენე შენთა დიდებულთა და შიშით ჰმსახურეს მეუფებასა შენსა - წინაჲსწარმეტყველთა წინაჲსწარ უწყებითა, მოციქულთა ქადაგებითა, მოწამეთა ჭეშმარიტითა აღსარებითა და ღირსთა წმიდათა სოფლისა კრებათა და მეუდაბნოეთა მამათა მარადის დიდებითა სახელისა შენისა წმიდისაჲთა. და ესე ოთხ კერძო კრებული საღმრთოჲ წმიდათა ყოველთა გარემოდგომილი ზღუდისსახედ უძრავისა სიმტკიცე ექმნნეს წმიდათა შენთა ეკლესიათა. რამეთუ შენ, თვით სიბრძნემან იშენე თავისა თვისისა სახლი სიწმიდისაჲ შესავედრებელად ერთა მორწმუნეთა და რამეთუ წმიდასა ეკლესიასა სახელსდევ გვამად შენდა. და წმიდასა შენსა სახელსა ზედა და სახელსა წმიდათა შენთასა შეუძრველად აღაშენენ და დაამტკიცენ წმიდანი ეკლესიანი. ამისთვის უწოდე ეკლესიად წმიდათა ყოველთა, რაჲთა შემდგომად სიკვდილისა მათისა ნაცვალად მათთა ეკლესიანი აქვნდინ სიმტკიცედ და სიქადულად შენთა სამწყსოთა, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა, ვიდრემდის კვალად მოხვიდე დიდებით წმიდათა თანა. შენ, უფალო, აწცა აკურთხე ადგილი ესე წმიდისა შენისა ეკლესიისა სამკვიდრებელი მადლითა შენითა და წმიდათა შენთა ოხითა, რაჲთა ღირს ვიქმნე გლახაკი შენი სრულიად აღშენებად ამისა სახელსა ზედა და უძლეველსა სარწმუნოებასა დიდისა მოწამისა შენისა გიორგი ჯვარითა მოქადულისა, ახოვნისა და სახელოვნად განთქმულისა ბრწყინვალედ შორის წმიდათა შენთა მარტვილთა და მოწამეთა, რომლნიცა ხორცნი მახვილითა დაიჭრებოდეს, ხოლო სარწმუნოებაჲ არა განიკვეთებოდა. ხოლო მათ ყოველთა უმეტეს იპოვა სიმხნითა წმიდაჲ გიორგი და მრავლით ჟამითგან უშჯულოთაგან ზარგანხდილთა ქრისტეანეთა ასწავა სიმხნეჲ ძლიერი, მხიარულებით რაჲ მოითმინნსა მრავალაფერნი სატანჯველნი და ძლევითშემოსილი იდიდა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ამისთვისცა ანგელოზთა თანა წმიდათა განიხარეს მოწამეთა ნეტართა სრულებაჲ ღვაწლთა მისთაჲ, რამეთუ მან მისცა ქრისტემან ძლევაჲ ყოველთა მტერთაჲ და აწ ნაწილთა და სახელსა მისსა, და მეოხებაჲ მისი მფარავს ყოველთა მადიდებელთა მისთა მარადის და უკუნისამდე.

და ჯვარი დასწერა ადგილსა წმიდასა ეკლესიისასა და იწყეს შენებად. და ესრეთ კეთილად განსრულად ძველი იგი ეკლესიაჲ ხანძთისაჲ შეწევნითა ქრისტესითა და მეოხებითა წმიდისა გიორგისითა და ლოცვითა ნეტარისა მამისა გრიგოლისითა, ხოლო ხორციელად მოღვაწებითა დიდებულისა გაბრიელ მთავრისაჲთა და ყოველთა მართლმორწმუნეთაჲთა.

მას ჟამსა ყოველთა მათ წმიდათა უდაბნოთა შინა იწყეს წმიდათა მამათა მონასტრებისა შენებად და წმიდათა ეკლესიათა, და ესრეთ განმრავლდეს მსახურნი წმიდისა სამებისანი და მარადის მადიდებელნი.

11

ხოლო სანატრელი და სასწაულთა მიერ შემკული დედაჲ ფებრონია მოიწია სამცხით და დაემკვიდრა მერეს შინა. და ღირსად ცხორებისა და სულიერად განგებისა მისისა არა იყო საზღვარ. და საღმრთოჲთა სიყვარულითა წმიდითა ერთზრახვა და მეგობარ იყვნეს ფრიად ნეტარნი ესე ღმრთისა კაცნი - დედაჲ ფებრონია და მამაჲ გრიგოლ. და ხუცესი მერისაჲ ხანძთით არნ.

ამისა შემდგომად ღმრთისმსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერისმთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოებაჲ და უქმსა უდაბნოსა მონასტრისა შენებაჲ და მოწაფეთა მისთა სათნოებაჲ და მოწაფეთაგანვე ცნობაჲ დიდებულებისაჲ წმიდისა მის მშობელთაჲ. ესე ყოველი ვითარცა გულისხმა ყო კეთილად მსახურმან კურაპალატმან აშოტ, მსწრაფლ ხოლო დაწერა ებისტოლეჲ ხელითა თვისითა და კაცი ერთი კეთილი წინაშემდგომელთაგანი და ერთი გაბრიელის მსახურთაგანი მსწრაფლ წარმოავლინნა მამისა გრიგოლის წინაშე.

და ვითარცა წარიკითხა წიგნი კურაპალატისაჲ პატივით მოწერილი წოდებისაჲ, ნეტარმან მამამან და კაცთა მათგანცა, ცნა ყოველი, მუნქვესვე წარვიდა ხელმწიფისა მის წინაშე, და მი-რაჲ-იწია პალატად, მოეგებნეს ძენი კურაპალატისანი.

და ვითარ მივიდა კარსა ტაძრისა მათისასა, მაშინ კურაპალატი ზე აღდგა და წინამიეგება ნეტარსა მამასა გრიგოლს. და დიდითა სიმდაბლითა მოიკითხეს ერთმანერთი და დასხდეს. ხოლო კურაპალატმან ჰრქვა:

- ღმრთისამიერი კურთხევაჲ პირითა შენითა იყავნ ჩვენ ყოველთა ზედა, წმიდაო.

და მან თქვა:

- გაკურთხენინ ყოველნი პირმან ქრისტესმან და ყოველთა წმიდათამან, რამეთუ ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყვაჲ ესე: „სადა არს პატივი მთავრობისაჲ, მუნ არს მსგავსებაჲ ღმრთეებისაჲ“. რამეთუ თქვენ, ხელმწიფენი, უფალ გყვნა ღმერთმან ქვეყანისა განგებასა, ვითარცა გულისხმა ვჰყოფთ კეთილის ყოფასა ღმრთისასა ჩვენდა მომართ მეფობითა შენითა. და ვითარცა-იგი აბრაჰამისთვის უფალი იტყვის, ვითარმედ - „აბრაჰამსა სწადოდა ხილვაჲ ნათლისა ჩემისაჲ, იხილა და განიხარა“, მსგავსად აბრაჰამისა მეცა, გლახაკსა, მწადოდა ხილვაჲ თაყვანისცემაჲ თქვენი და აწ სიხარულითა სავსე ვარ და ძღვნად შევსწირავ ლოცვასა. ქრისტემან უმეტესად დიდებით დაიცევინ მეფობაჲ შენი დიდებასა შინა და სიხარულსა და საუკუნოჲ დიდებაჲ ზეცისა მთავრობათა თანა დაგიმკვიდრენ კეთილთა თანა შვილთა.

მაშინ კურაპალატმან ჰრქვა მამასა გრიგოლს:

- მეფეთა ისრაელისათა ჟამად-ჟამად წინაჲსწარმეტყველი აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მათა და ზღუდედ შჯულისა, და შესაწევნელად მორწმუნეთა და სამხილებელად ურწმუნოთა. ეგრეთვე ჟამთა ჩვენთა შენ გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად და რაჲთა მარადის იღვწიდე ჩვენთვის წმიდითა ლოცვითა შენითა წინაშე ქრისტესა და წმიდათა მისთა.

ხოლო მან ჰრქვა:

- დავით წინაჲსწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე.

ამისა შემდგომად კაცმან მან მოციქულმან წარმოთქვა ქებაჲ ხანძთისაჲ, ვითარმედ:

- კეთილ არს უდაბნოჲ იგი მზისა მცხინვარებითა და ჰაერისა შეზავებითა ყოვლით კერძო. და აქვს მას წყაროჲ მდიდრად გამომდინარეჲ, შვენიერი, გრილი და ჰამოჲ. და მაღნართა სიმრავლეჲ ურიცხვი და მცირედი რაჲმე სხვაჲცა ნუგეშინის საცემელი ძალისაებრ მის უდაბნოჲსა, ხოლო სათესავი ყანაჲ და სათიბელი ქვეყანაჲ რაჲთურთით არა არს, არცა იქმნების ღირღოლოვანთა მათ ფიცხელთა მწვერვალთა მათ ღადოთაჲსა.

ესე ვითარცა ესმა დიდებულსა კურაპალატსა, შეწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნესე და ბაგრატ და გვარამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა სახმარი მონასტერსა მისსა უხმდა, ყოველი უხვებით.

და ვითარცა ადგილნი იგი მოითვალნა და კურთხევაჲ მიანიჭა კურაპალატსა და ძეთა მისთა ნეტარმან გრიგოლ, მაშინ მრავლისა კეთილისა ნაყოფითა სავსეჲ მოვიდა ხანძთად, მონასტრად თვისა, და ახარა ძმათა ყოველი იგი განმარჯვებაჲ მადლითა ქრისტესითა და ოხითა წმიდისა გიორგისითა. ხოლო მათ უხაროდა და ულოცვიდეს სარწმუნოებით შემომწირველთა და ჰმადლობდეს ქრისტესა კეთილის მყოფელსა.

12

და ვითარცა ხორციელად შეემატებოდა, ეგრეთვე სულიერად შეეძინებოდა რიცხვსა მას წმიდათა კაცთასა. რამეთუ მას ჟამსა მოვიდეს მამაჲ ეპიფანე და მღდელი მატოი ქართლით და დიდი ზენონ სამცხით. რამეთუ ეპიფანე და მატოი პირველვე მეგობარ იყვნეს ამის წმიდისა და სახელსა მისსა მოვიდეს ხანძთად.

ხოლო ზენონ შვილი იყო საჩინოჲსა ვისიმე კაცისაჲ სამცხეს და ღმრთისმსახურებით აღზრდილ იყო და სიწმიდით იქცეოდა. რამეთუ საღმრთოჲ შიში მკვიდრ იყო მის შორის. და სწადოდა მონაზონებაჲ აღთქმისაებრ აღთქმისა მმარხველთაჲსა. და ვითარცა აღესრულნეს მშობელნი მისნი, მონაგები მათი დაუტევეს ზენონს და დასა მისსა, რომელიცა იყო სახლსა შინა მის თანა. და ზენონ გულს ეტყოდა, რაჲთამცა მამული და დედული მონაგები დასა თვისსა დაუტევა ნებისაებრ მისისა და თვითმცა იქმნა მონაზონ უცხოებასა შინა.

და ვითარ ამას განიზრახვიდა ზენონ, დაჲ იგი მისი ეშმაკისა განმარჯვებითა შეაცთუნა ვინმე უკეთურმან კაცმან და ღამე ყოველ წარვიდის შავშეთს. ხოლო ზენონ, ვითარცა ცნა, შეიჭურა საჭურველითა მარტოდ და ამხედრდა ცხენსა და დევნა უყო. და ვითარ დიდი ქვეყანაჲ ვლო, თქვა გულსა თვისსა, ვითარმედ: „ვარ მე ჭაბუკ სახელოვან და რომელსა ვსდევ, ფრიად შეურაცხ არს. დაღაცათუ ვეწიო და მოვკლა, საბრხე არს სულისა ჩემისაჲ, და უკეთუ ცუდად უკუნვიქცე სახედ ჩემდა, სირცხვილ არს ჩემდა. არამედ აღთქმაჲ მონაზონებისაჲ აწ აღუსრულო უფალსა“.

და ახოვან იქმნა ნეტარი ესე, რამეთუ მონაგებთა დატევებაჲ სისხლთა დათხევასა ემსგავსების. და დაიწერა ჯვარი ხორცთა თვისთა და წარემართა საღმრთოსა მას გზასა და მიიწია წინაშე დედისა ფებრონიაჲსა მერეს, რამეთუ იყო იგი სახლისა მისისაჲ. და ნებითა ღმრთისაჲთა მუნ იყო მამაჲ გრიგოლ. და დედამან ფებრონია შეაწყნარა წმიდასა მას უმანკოჲ იგი კრავი მწყემსსა მას კეთილსა, რომელმანცა მოიყვანა ხანძთად, ადგილსა მას მწვანვილსა ღმრთისა მადლისასა დაამკვიდრა და წყალთა ზედა განსასვენებელთა სულისა წმიდისათა გამოზარდა იგი.

ესე ნეტარი ზენონ მიიწია მოხუცებულებასა და ვიდრე აღსასრულამდე არა განეშორა ხანძთასა ჭეშმარიტად სულიერი შვილი, მსგავსი მამისაჲ, კეთილი მოწაფეჲ, ნაცვალი მოძღვრისაჲ, ნეტარი, სათნოებათა საუნჯეჲ, მონაზონებისა წესი წმიდაჲ, კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდეჲ, სულთა უკეთურთა მაოტებელი. რამეთუ ცხორებასა მისსა და ცხორებასა მოძღვრისა მისისასა ვერ იკადრებდა ეშმაკი დაცემად კაცთა წმიდათა ამათ შინა ადგილთა.

ესე ახოვანი შემდგომად მიცვალებისა მეოხი არს ჩვენი საუკუნოდ უფლისა მიმართ მოყვასთა მისთა თანა, რომელნი იყვნეს მსგავსნი მისნი, მოწაფენი მამისა გრიგოლისნი, ღირსნი და სასწაულთა მოქმედნი, მოთმინებისა სვეტნი შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემელად სვეტნი ცათანი.

გაგრძელება...