მას ჟამსა ბაგრატ კურაპალატმან, ნებითა ღმრთისაჲთა და ნებითა ძმათა თვისთაჲთა და ბრძანებითა ბერძენთა მეფისაჲთა მოიღო კურაპალატობაჲ ნაცვალად აშოტ კურაპალატისა, მამისა თვისისა, რამეთუ მიეცა მას ფლობაჲ ხელმწიფებისაჲ ზეგარდამო. და ძმანი მისნი ყოველნი კეთილნი და დიდებულნი ხელმწიფენი - ადარნერსე უხუცესი, და გვარამ მრწემი - მშუვალესა მას ძმასა მორჩილ ექმნნეს საღმრთოჲსა ძმობისა სიყვარულითა, რამეთუ ერთზრახვა, ერთსულ და ერთნება იყვნეს იგინი.
ხოლო ბაგრატ უმთავრეს მათსა იყო სიბრძნითა, სახითა, და სიქველითა და ყოვლითა ღმრთისმსახურებისა სისრულითა. რამეთუ მსგავსი იყო წინაჲსწარმეტყველისა დავითისი და ნეტარისა ბაგრატ მოციქულისა და მღდელმოწამისა, მოწფისა წმიდისა პეტრე მოციქულისაჲ, ყოვლითავე კეთილად-მსახურებითა. და მადლითა ქრისტეჲსითა განდიდნა მეფობაჲ სამთა მათ ძმათა ხელმწიფეთაჲ. რამეთუ შეწევნითა ღმრთისაჲთა ხრმლითა მათითა დაიპყრნეს ფრიადნი ქვეყანანი და განიოტნეს აგარის ნათესავნი.
ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ მიიწია წინაშე დიდებულისა ბაგრატ კურაპალატისა და ჯერისაებრ შესხმაჲ კურაპალატობისაჲ მიულოცა. ხოლო ქებაჲ იგი შესხმისაჲ, ჟამისა მის ბრძენთა მიერ შეუცავი, ფრიად სთნდა კეთილად მსახურსა კურაპალატსა და ჰრქვა მას:
- ჰოჲ წმიდაო მამაო, ღმერთმან შეგამკო სიბრძნითა, ჰასაკითა და სულითა წმიდითა ხსნისა ზღუდედ ჩვენდა, შუამდგომელად შორის სიკვდილისა და ცხორებისა, რომლითაცა ვრცელ იქმენ ყოველსა ამას ქვეყანასა თანა ზრუნვითა და საღმრთოჲთა მოღვაწებითა შენითა. ხოლო მე თანამაც სიყვარული და პატივი მამობისა შენისაჲ. აწ ბრძანენ სიწმიდემან შენმან მეფობისა ჩვენისაგან მსახურებაჲ ღირსებისა შენისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიერ მონაწილე ხარ ჩვენ თანა, შვილთა აშოტ კურაპალატისათა.
ხოლო წმიდამან მან ჰრქვა:
- კეთილად მსახურო მეფეო, უმეტეს და უფროჲს კეთილად მსახურისა მამისა შენისა ფრთეთაგან საუფლოჲსა ჯვარისათა შეცვულო! მარჯვენაჲ დამბადებლისაჲ და წმიდათა ოხაჲ მარადის გფარავს და მცველი იგი დაუძინებელი ყოვლადვე მცველ არს შენდა, და ნათელი დაუღამებელი უძღვის მეფობასა შენსა და არა სახმარ არს მისსა ბრწყინვალებაჲ სანთლისაჲ, გარნა მრუმეთათვის ხოლო. არამედ მე გულს-მოდგინედ ლოცვაჲ შენი მიპყრიეს, რაჲთა არა მოგაკლდეს კეთილი საქმე მეფობისა მიზეზთაგან. არამედ აწ ამას ვითხოვ შენგან: არს აშოტ კურაპალატისა შეწირული აგარაკი ხანძთას და იქმნების კეთილად მონასტრად. უკეთუ მიბრძანოს მეფობამან შენმან, აღვაშენო სადიდებელად ღმრთისა და საცხორებელად სულისა შენისა. და ვიდრე ეგოს ცაჲ და ქვეყანაჲ, ეგოს მას შინა ლოცვაჲ შენთვის!
მაშინ სიხარულით უბრძანა ბაგრატ კურაპალატმან შენებაჲ მისი და მისცა ყოველივე სახმარი საშენებელად.
და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაჲ გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლთა მისთა მდინარითა ირწყვოდა ადგილი იგი, იტყოდა რაჲ ლოცვასა ამას:
- მეუფებითა სუფევისა შენისაჲთა, ღმერთო, უშრომელად დაჰბადენ დაბადებულნი ყოველნი და ხელმწიფებით განმგებელ ხარ ყოველთა ქმნულთა შენთა, რამეთუ ცათა შემოქმედი და ანგელოზთა დამბადებელი და ქვეყანისა დამამტკიცებელი და ზღვათა დამამყარებელი და წვლილადთაცა საქმეთა მოქმედვე ხარ, ვითარცა თქვა დავით: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი“. აწ, უფალო, იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ლოცვისა ჩვენისასა და აკურთხე ადგილი ესე მადლითა შენითა და აღაშენე მონასტერი განსასვენებელად სიწმიდისა სამკვიდრებელთა შენთა და მოეც ამას სახელი კეთილად სახელოვანი შორის თესლებსა მრავალსა სადიდებელად შენდა, ყოველთა მეუფეო, უხილავად შეწევნითა ძლიერისა მკლავისა შენისაჲთა, და განანათლე ნათლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა და წმიდათა ყოველთაჲთა დაიცევ უკუნისამდე ჟამთა, ამენ.
და ჯვარი დასწერა ადგილსა მას ჩინებულსა. და იწყეს საქმედ ეკლესიისა და სენაკებსაცა.
და ესრეთ დღითი დღე აღორძნდებოდა იგი კეთილად. და იქმნა ღელე გლოვის მტერთა მათ უხილავთა და ხილულთა, ხოლო ნავთსადგურ ცხორების ქრისტეს სამწყსოთა მეფეთა და მთავართა და ყოვლისა ერისა ქრისტეანეთა მართლმორწმუნეთაჲსა. მსგავსად ხანძთისა ღმრთისა მიერ ზეგარდამო ჩინებულისა, ეგრეთვე შატბერდი აღეშენა საღმრთოჲთა შეწევნითა და ლოცვითა ნეტარისა მის კაცისაჲთა, რომელმანცა შეაერთნა ორნივე იგი უდაბნონი ერთად შენაწევრებულნი და შემტკიცებულნი ძმობრივსა ზედა სიყვარულსა ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე.
ამისა შემდგომად უწოდა კურაპალატმან წმიდასა მას. და ვითარცა მიიწია მის წინაშე, ყოველი აუწყა კეთილად განმარჯვებაჲ მონასტრისაჲ მის ქრისტეს მიერ. მაშინ უბრძანა ადგილნი მარჯვენი აგარაკად შატბერდსა და ყოველი, რაჲცა უხმდა, მისცა მისთვის სრულიად საშენებელად.
მას ჟამსა ნეტარსა გრიგოლს გულმან უთქვა ხსენებაჲ საბან იშხნელისაჲ და აუწყა ყოველი პირველ ყოფილი ღმრთისმსახურსა კურაპალატსა. ხოლო მას ვითარცა ესმა, ფრიად განიხარა და მსწრაფლ დაწერა წიგნი და წარავლინნა კაცნი კეთილნი და პატივით უწოდა მას.
ხოლო მივლინებულნი იგი მოვიდეს და აუწყეს კურაპალატსა, ვითარმედ - არა ჰნებავს კაცსა მას ღმრთისასა მოსლვაჲ აქა. მაშინ ბრძანა კურაპალატმან გზათა იშხნისათა საქმე, რამეთუ მახლობელად იყო ჟამსა მას. და ჰრქვა ნეტარსა მამასა გრიგოლს:
- განუგებელად ვქმენ, რამეთუ წიგნი არა მიწერად გეც. აწ ვითარ წეს არს, მიუწერე.
და თვით კვალად დაწერა წიგნი სხვაჲ და წიგნიცა მამისა გრიგოლისი წარსცა. ხოლო ნეტარი საბან დაემორჩილა მეორედ ბრძანებასა კურაპალატისასა და უფროჲს ხოლო - წიგნსა მამისასა.
და მივიდა მათდა სასურველი იგი კაცი ღმრთისაჲ მოსურნეთა მათ თანა. ხოლო კურაპალატი წინამიეგება და პატივით მოიკითხა. და მან კურთხევით ულოცა და ვითარ დასხდეს, ჰრქვა კურაპალატმან წმიდასა მას:
- ჯერ არს ხელმწიფეთა მორჩილებაჲ, რაჲსათვის არა მოხვედ პირველსა წოდებასა, წმიდაო მამაო?
ხოლო მან ჰრქვა:
- დიდებულო მეფეო, შენ ქვეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე - ზეცისა და ქვეყანისა და ქუესკნელთაჲ; შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - ყოველთა დაბადებულთაჲ; შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - საუკუნოჲ მეუფეჲ და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამოჲ, დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი მეუფეჲ ანგელოზთა და კაცთაჲ. და უფროჲს შენსა ჯერ არს სმენაჲ სიტყვათა მისთაჲ, რომელმანცა ბრძანა, ვითარმედ - ვერვის ხელეწიფების მონებაჲ ორთა უფალთაჲ. არამედ აწ სიტყვითა ძმისა და მოძღვრისა ჩვენისა გრიგოლისითა მოვედ წინაშე შენსა.
ხოლო კურაპალატმან ჰრქვა:
- სამართლ არს სიტყვაჲ შენი, წმიდაო, არამედ უმჯობეს არს განათლებაჲ სულთა მრავალთაჲ სასანთლესა ზედა განბრწყინვებითა შენ - ბრწყინვალისა სანთლისაჲთა, ვითარცა ჰრქვა ქრისტემან მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ - ვითარცა მცხინვარებაჲ მზისაჲ განანათლებს ცასა ქვეშე მყოფთა, „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა“.
ამისა შემდგომად კურაპალატი მივიდა იშხანს და ნეტარნი იგი კაცნი - მამაჲ გრიგოლ და მამაჲ საბა თანა. და ფრიად შეუყვარდა კურაპალატსა ადგილი იგი.
არამედ რაჲსაღა განვაგრძობ სიტყვათა? ნებითა ღმრთისაჲთა იქმნა საბა ებისკოპოს იშხანსა ზედა, ნეტარისა ნერსე კათალიკოზისა აღშენებულსა კათოლიკე ეკლესიასა და საყდარსა მისსა, რომელი წელიწადთა მრავალთა დაქვრივებულ იყო. აწ კვალად იქმნა სულიერი ქორწილი და მეორედ აღეშენა ამის ნეტარისა მიერ, ხოლო ხორციელად - მოღვაწებითა ღმრთისმსახურთა მათ მეფეთაჲთა.
და რაჟამს მამაჲ გრიგოლ სტუმრად მიიწიის იშხანს, ეპისკოპოსმან საყდარსა იგი დასვის და თვით თანადაჯდის, რამეთუ არა თავს იდვის ურჩებაჲ ნეტარისა გრიგოლისი, ვინაჲთგან მოძღვარ და უზეშთაეს იგი იყო. და ესრეთ წარემართა იშხანი კეთილად ვიდრე აქამომდე და უკუნისამდე.
არამედ აწ კვალად პირველსავე სიტყვასა მივიდეთ.
რამეთუ ნეტარი მამაჲ ჩვენი გრიგოლ პიტივცემულ იყო ზეგარდამო ღმრთისა მიერ. და ჟამთა მისთა არავინ ურჩ იყო სიტყვათა მისთა, უფროჲს ხოლო ხელმწიფენი მის ჟამისანი. ხოლო იყო ჟამი, რომელსა ერთგან იყვნეს ძმანი იგი დიდებულნი და ნეტარმან მან გულსმოდგინედ მოახსენა, რაჲთამცა ბრძანეს და იხილნეს მისნი იგი შენებულნი მონასტერნი და ყოველნი კლარჯეთისა უდაბნონი. ხოლო მათ ისმინეს მოხსენებაჲ წმიდისაჲ მის, რომელიცა წინა წარმოუძღვა მთავართა მათ.
და პირველად მიიყვანნა შატბერდს. და ფრიად შეუყვარდა ადგილი იგი და შეწირეს მრავალი შესაწირავი ხელმწიფეთა და აზნაურთა და ყოველმან ერმან. მაშინ მოღვაწედ შატბერდისა გამოჩნდეს დიდებულნი აზნაურნი.
და რაჟამს წარმოვიდეს შატბერდით ხელმწიფენი იგი და ნეტარი გრიგოლ წინაუძღოდა მათ, მაშინ მოვიდა ზაქარია ანჩელი ეპისკოპოსი, ღირსი და სასწაულთა მოქმედი, და პატივით მოიკითხეს ხელმწიფეთა მათ და თანაწარმოიყვანეს. და მოიწინეს ჯმერკს და ბერთას წმიდისა ღმრთისმშობელისა ეკლესიათა და დაბას წმიდისა მოწამისა გიორგის ეკლესიასა. ხოლო დოლისყანა მონასტრად უკანაჲს იქმნა.
და მოილოცნეს წმიდანი ადგილნი და ფრიადი განუყვეს განსაყოფელი, რამეთუ სამთა მათ ხელმწიფეთა აქვნდეს დიდნი შესაწირავნი. და მიიღეს მადლი ლოცვითა ამათ ნეტართა მამათაჲთა.
და მოიწინეს ოპიზას და განმხიარულდეს მადლითა ნათლისმცემელისაჲთა და ლოცვითა ნეტართა მათ კაცთაჲთა. და აჩვენეს მოღვაწებაჲ ძლიერი შესაწირავთა მიცემითა. და წარემართნეს ხანძთად. ხოლო ნეტარმან გრიგოლ წინამძღვარნი იგი მონასტერთანი თანაწარმოიყვანნა მის თანა და მოვიდეს ხანძთად საყოფელსა დიდისა მოწამისა გიორგისა. და უმეტეს განკვირდა გონებაჲ ხელმწიფეთაჲ მათ, რაჟამს იხილნეს მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი უფიცხლესსა მონაზონებისა კანონსა, რამეთუ იყვნეს იგინი, ვითარცა ზეცისა ანგელოზნი. და პირველად მტერთა ძლევისა საჭურველი მიიღეს ოხითა წმიდისა გიორგისითა და შემდგომად ლოცვითა მათ სანატრელთაჲთა, ხორცითა სულთა თანა განათლდეს. რამეთუ იხილეს ადგილიცა იგი ნაყოფთაგან უღვაწი, უფროჲსი მიანიჭეს კეთილთა მათგან შესაწირავი.
და ჟამსა მასვე მოიწია წინამძღვარი მიძნაძოროჲსაჲ დიდი მამაჲ სანატრელი დავით, მაშენებელი მონასტერთაჲ, და მოწაფენი მისნი, ნეტარნი - ილარიონ, მამაჲ და მაშენებელი წყაროჲსთავისაჲ, რომელიცა კათალიკოზ იქმნა მცხეთას, და მამაჲ ზაქარია, მაშენებელი ბარეთელთისაჲ, წინამიგებებად ხელმწიფეთა მათ.
და ვითარცა იხილეს მფლობელთა მათ შეკრებაჲ იგი წმიდათა მამათაჲ, იყვნეს რაჲ მსგავს წმიდათა უხორცოთა, განიხარეს, რამეთუ ესმოდეს მათგან მოძღვრებანი საღმრთოჲსა მცნებისანი, რომლისათვისცა თქუეს დიდთა მათ ხელმწიფეთა:
- წმიდანო მამანო, ვინაჲთგან გიხილენით თქვენ, დაგვავიწყდა მებრ თუ ქვეყანასა ზედა ვართ ჩვენ, არამედ ვჰგონებთ, ვითარმედ ზეცას წმიდათა ბანაკსა დამკვიდრებულ ვართ. რამეთუ თქვენ სულითა მარადის წინაშე ღმრთისა მდგომარე ხართ და სადაცა არიან საყოფელნი თქვენნი, მუნცა არიან გულნი თქვენნი. არამედ იყავნ მეოხებაჲ თქვენი ჩვენ ზედა აქა და საუკუნესა!
ხოლო წმიდათა მათ ფრიადითა ლოცვითა შეჭურნეს და აკურთხნეს ხელმწიფენი იგი და ჰრქვეს:
- ღმრთისმსახურნო მეფენო, ჭეშმარიტად გულნი თქვენნი ხელთა შინა ღმრთისათა არიან, რომელმანცა ჩვენ, გლახაკთა, გულსა ნუგეშინის სცა პირითა თქვენითა და კეთილთა თქვენთა უხვად მონიჭებითა. და თქვენ მოგცა უფალმან დანერგვაჲ უკვდავთა ხელმწიფეთა წმიდათა ეკლესიათა მოკვდავითა მეფობითა. და შეწევნაჲცა მათი უხილავად საჭურველ ყო თქვენდა უფროჲს ხილულთა საჭურველთა და უმრავლეს ბევრთა მხედართა. და ესე უწყოდეთ, რამეთუ სულიერად განწყობილნი ლაშქარნი თქვენნი ესე წმიდანი - უდაბნოთა მამანი არიან ხორციელად განწესებულთა ლაშქართა თქვენთა სიმტკიცენი და საჭურველნი ყოველთა მორწმუნეთა მეფეთანი მწყობრთა შინა წყობისათა. თქვენ უმეტესად ამისთვის, რამეთუ მეფობისა სიმაღლესა თანა გაქვს თქვენ ქრისტეჲს მიმსგავსებული სიმდაბლე და მოღვაწებაჲ წმიდათა ეკლესიათაჲ და ნუგეშინისცემაჲ გლახაკთაჲ და ყოვლისა ერისა სიმართლით განკითხვაჲ სიტყვისაებრ უფლისა, ვითარმედ - ნუ თვალ-ხმით შჯით, არამედ საშჯელი სამართალი საჯეთო, რაჲთა ქვეყანისა ამის მეფობასა თანა მოიღოთ ზეცისაცა მეუფესა თანა მკვიდრობაჲ უოხჭნოჲ; და მოგეცინ ქრისტემან დიდებაჲ სრული ზეცისა და ქვეყანისაჲ, რაჲთა სიტკბოებით მოხსენებაჲ ჩვენი არაოდეს უდებ ჰყოთ ვანისმყოფთა ამათთვის. გულისხმა ყავთ, ვითარცა-იგი აბრაჰამ მამათმთავარმან და დავით წინაჲსწარმეტყველმან სწორად მეჰომეთა მისცა ნატყვენავთა მათგან ნაწილი, ეგრეთვე კეთილთაგან თქვენთა გლახაკნი და ეკლესიანი ნაწილეულ არიედ მარადის, ვითარცა ლევიტელთათვის უფალი ბრძანებს - ნაწილი მათი მე ვარო. ეგრეთცა გლახაკთა ნაწილი თქვენ მიერ განწესებულ არს, რაჲთა ნაცვალად უფალი მოიგოთ სასოდ ორისავე ცხორებისა, რამეთუ გლახაკთა არაჲ აქვს თვინიერ ღმრთისა სახიერისა მოწყალებაჲ.
ამისა შემდგომად მამისა გრიგოლისთვის ზრახვა ყვეს ეპისკოპოსისა მის თანა წმიდათა მამათა, რაჲთა დაადგინონ გრიგოლ არქიმანდრიტად ყოველთა კლარჯეთისა უდაბნოთა ზედა და მოახსენეს ხელმწიფეთა მათ. ხოლო მათ ფრიად განიხარეს და ერთობით დიდითა დაპატიჟებითა მოღვაწებისა მის საქმედ დაადგინეს. და მრავალთა წელიწადთა ვიდრე გარდაცვალებამდე განაგებდა წმიდათა მათ მამათა წესსა კეთილად.
ხოლო ხელმწიფეთა მათ მოილოცნეს მიძნაძოროჲ, წყაროჲსთავი, და ბარეთელთაჲ და ადგილნი მათნი, და მუნცა მისცეს შესაწირავი და მიიღეს მადლი წმიდათა მათ ეკლესიათაგან და ნეტართა მამათა ღირსთა და წმიდათა მოღვაწეთაგან. და ყოველთა მათ უდაბნოთა ზღვარნიცა გან-ვე-უთვისნეს. და წარსლვასა მათსა თანაწარიყვანეს ნეტარი გრიგოლ. და ადარნერსე ხელმწიფემან ძე თვისი გურგენ ნათლითა მისცა მას. და რამეთუ ბაგრატ კურაპალატისა ძე, დავით კურაპალატი, ნეტარისა მამისა გრიგოლისვე აქმული იყო, ორნი ესე ხელმწიფენი - დავით კურაპალატი და გურგენ კურაპალატი - რომლისათვისცა გარდაცვალებისა ჟამსა ანდერძ ეყო გურგენ კურაპალატსა, ვითარმედ: „ნათლისმამისა ჩემისა ძვალთა მახლობელად დამდევით ფერხთა თანა მისთა და სხვათა მათ მამათა ძვალნი ჩემ ზედა დაუსვენენით“, რომელ ყვესცა ეგრეთ. არამედ შემდგომად გურგენ კურაპალატისა ძემან მისმან, აშოტ ერისთავთა ერისთავმან, ხანძთას ახალი ეკლესიაჲ დაიწყო წადიერად და ურიცხვი შესაწირავი გარდაჰმატა მას.
ხოლო იყო ჟამსა მას ხანძთას წინამძღვრად მამაჲ არსენი, ნათესავით აზნაური. ამისითა განზრახვითა იქმნა დაწყებაჲ ახლისა მის და შვენიერისა ეკლესიისაჲ ფიცხელსა მას კლდესა ზედა, რომელიცა ფრიადითა შრომითა და ქვითკირითა მყარითა მრავალთა ჟამთა დაავაკეს და ესრეთ შეჰრაცხეს შემზადებაჲ ადგილისაჲ მის, ვითარმცა სრულიად აღეშენა. არამედ აკურთხენ ქრისტემან ამონა, სიბრძნით სრულიად მაშენებელი, და შემწენი ყოველნი, რომელთაგან კეთილად განემარჯვებოდა შენებაჲ ეკლესიისაჲ მის. ხოლო ქვაჲ და კირი ფრიად შორით მოაქვნდა ძნელთა მათ გზათა კაცთა ზურგითა. და ყოველი სასწორითა იწონებოდა, რამეთუ იყიდდეს მაშენებელნი იგი.
მას ჟამსა გარდაიცვალა ღმრთისმსახური იგი ხელმწიფე, წმიდათა ეკლესიათა მაშენებელი და მონაგებთა შემწირველი და გლახაკთა მოღვაწე, და დაემარხა ხანძთას არსენის გზითა და ძისა მისისა მცხვედისაჲთა. არამედ მამაჲ არსენი და ჯიბრილისა ძმაჲ, სანატრელი იოვანე, ახლისა ეკლესიისა განმასრულებელი, ორნივე ესე ხანძთას მამობასა შინა აღესრულნეს. ქრისტემან განსვენებაჲ მიეცინ მათ!
ხოლო გურგენ, ძმისწული აშოტისი, დიდი იგი ხელმწიფეჲ ფრიადთა ნათესავთაჲ, ღმრთისა მიერ დაჯდა ერისთავთა ერისთვად და მან განასრულა ეკლესიაჲ იგი ახალი ხანძთისაჲ, და მის თანა - ყოველთა დიდებულთა ხელმწიფეთა და აზნაურთა და ყოველმან ერმან მორწმუნეთამან. და უფალმან კეთილი მოუკლებელი მიეცინ ყოველთავე!
არამედ აწ კვალად ნეშტი იგი პირველი განვაახლოთ.
რამეთუ რაჟამს-იგი განდიდნა სახელი ნეტარისა მამისა გრიგოლისი და მიიწია ქართლად და ესმა სანატრელსა დედასა მისსა დიდებულებაჲ ძისა თვისისაჲ, რამეთუ იყო იგი ცოცხალ და მიწევნულ მოხუცებულებასა, მას ჟამსა განმხიარულდა სულითა და განძლიერდა ხორცითა და მადლი შეწირა ქრისტეჲსა, რომელმან კეთილი სახარება ასმინა ძისა მასისაჲ ყოვლად-კეთილისაჲ, ხორციელად სიქადულისაჲ და სულისა მისისა გვირგვინოსანმყოფელისაჲ. რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ესუა შვილად და თვინიერ მისისა შობისა მამაკაცი არღარა იცოდა, არამედ სიწმიდით დადგრომილ იყო ლოცვასა შინა და მარხვასა და მარადის შიშსა ღმრთისასა.
ხოლო გული მისი იგლოვდა ძისა თვისისა განშორებისათვის, არამედ სიხარულისა ხმამან განამტკიცა და მიცვალებულთა მისთათვის, რომელ გულისკლებაჲ აქვნდა, დაავიწყდა ამით ნუგეშინისცემითა, და მსწრაფლ ხოლო წარმოვიდა სახედრითა. და თანაიყვნეს მსახურნი მისნი, მამანი და დედანი.
და მოიწია დედისა ფებრონიაჲსსა მერეს. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა და მსწრაფლ ხოლო აუწყა წიგნითა ნეტარსა გრიგოლს. ხოლო წმიდაჲ იგი, ძე უბიწოჲ, მალიად მივიდა დედისა წინაშე მორწმუნისა და თაყვანი სცა მას და ქრისტესმიერი კურთხევაჲ და მშვიდობაჲ მისცა. ხოლო იგი სიხარულითა მოეგება ძესა თვისსა, ამბორს უყოფდა და ეტყოდა:
- შვილო ჩემო ტკბილო, გიხილე, რომლისათვისცა მსუროდა, რამეთუ ხილვითა შენითა განმეშორნეს ყოველნი იგი პირველნი ტკივილნი, - და მრავალფერითა სიტყვითა განგრძობილად იყო უბნობაჲ მათი.
ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქვა:
- შენდობა იყავნ ჩემდა შენ მიერ, დედაო ჩემო, არამედ არა ნებითა ჩემითა განგეშორე, გარნა ნებასა ღმრთისასა ესრეთ სათნო უჩნდა, ვითარცა აწ იქმნა. ხოლო შენ ცხორებასა ამას წუთსა არა გაკლდა ხორცელად და სულიერად, ვიდრე აქამომდე. არამედ აწ თანამაც მოღვაწებაჲ შენი სულიერად და ხორციელად მცნებისაებრ უფლისა, რომელსა ბრძანებს პატივისათვის მშობელთაჲსა. და სიბრძნესა წერილ არს: „შვილო, მიაგე მშობელთა შენთა, რაჲ-იგი მოგაგეს, რამეთუ თვინიერ მათსა შენმცა არა იყავ“. და კვალად იტყვის: „საგმობელ არს, რომელმან შეურაცხყოს მამაჲ თვისი, და წყეულ არს უფლისაგან, რომელმან განაწყოს გული დედასა“, რამეთუ „კურთხევამან მამისამან და დედისამან დაამტკიცნის სახლნი უკუნისამდე, ხოლო წყევამან მათმან აღჰფხვრნის სრულიად“. და პავლე ესრეთვე მრავალგზის ამცნებს მშობელთა პატივისცემასა ყოველთა. და აწ ესე სიტყვანი და მსგავსნი ამათნი გვესმიან ღმრთივსულიერთაგან წიგნთა სასწავლებლად მორწმუნეთა. ხოლო მე, მადლითა ღმრთისაჲთა, კურთხევაჲ შენი დავიმვიდრო, ვითარცა შვილმან მშობლისა მოყვარემან, მორჩილებით მსგავსად ძალისა, ნებისაებრ გულისა შენისა.
და ფრიად ნუგეშიანს სცა მას ნეტარმან მან ღმრთისა კაცმან და აღაშენა ფრიად სანატრელი იგი მოხუცებული. და მან პირველად აკურთხა ღმერთი და მერმე ძე იგი თვისი და თანამოსრულნი იგი სახლეულნი თვისნი შეჰვედრნა და ჰრქვა:
- ჩემდა მსგავსად ესენი გვედიან, შვილო, რომელთა გულსმოდგინედ მსახურებაჲ ჩემი თავს იდვეს.
ხოლო წმიდამან მან ჰრქვა:
- მოციქული იტყვის: „უკეთუ ვინმე თვისთა და უფროჲს სახლეულთა არა იღვწიდეს, ეგევითარსა მას სარწმუნოებაჲ უვარ უყოფიეს და არს იგი ურწმუნოთა უძვირეს“. ხოლო მე თანამაც, დედაო, ბრძანებისა შენისა სმენაჲ და ზრუნვაჲ ყოველთა ამათ შენთა საურავთაჲ.
და ვითარცა ჯერ იყო, დაიურვნა ყოველნი კეთილად.
მაშინ ნეტარმან დედამან ფებრონია ჰრქვა მოხუცებულსა მას სარწმუნოსა:
- ღმრთისმოყუარეო დედაო, შვილისა შენისა და ძმისა ჩემისა გრიგოლის თანა მე ვარ აწ შვილი შენი. და არა დაგაკლდეს ჩვენგან მსახურებაჲ ყოვლადვე, რამეთუ გხედავ შენ ვითარცა ანნა წინაჲსწარმეტყველსა, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისაგან უფლისა დღე და ღამე ლოცვითა და მარხვითა. ეგრეცა შენ მცნებათა ღმრთისათა დამტკიცებული ჰგიე მარადის და ნაყოფისაგან საცნაურ არს სიკეთე ხისაჲ.
ხოლო იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და წმიდათა მათ.
მაშინ ნეტარმან გრიგოლ ჯერისებრ განაგო ცხორებაჲ დედისა თვისისაჲ და მისთანათაჲ მათ. და მსახურსა ვისმე დედაკაცსა დედისა თვისისასა ქმარი უსვა, და ბასილი, მამაჲ ხანძთელი, მისგან იშვა, რომელიცა ფრიადთა წელიწადთა წინამძღვრობდა ხანძთას კეთილად ვიდრე სიკვდიდმდე და მისლვად მისა წინაშე უფლისა.
არამედ შემდგომად ჟამთა მრავალთა სანატრელი მშობელი მამისა გრიგოლისი გარდაიცვალა მერეს შინა და მივიდა უფლისა, რომლისაცა სუროდა. ხოლო ნეტარმან გრიგოლი დაიღვაწა სული მისი და დიდებაჲ შეწირა ღმრთისა, რომელმანცა მიჰმადლა მას კეთილად მსახურებაჲ დედისა თვისისაჲ და სრულიად კურთხევაჲ მისგან მიიღო.