გიორგი მერჩულე

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

49

ხოლო შატბერდისა მამათა შორის ფრიად იყვნეს შემდგომითი შემდგომად მონაზონებისა სიმხნითა რჩეულ და რომელნიმე წინაჲსწარმეტყველებისა მადლითა ბრწყინვალე სხვათა მათებრ უდაბნოთა ჟამითი ჟამად წმიდათა კაცთა გამობრწყინვებითა, რომელთა შორის ჟამთა ჩვენთა ბრწყინვიდა ხევსა მას მიძნაძოროჲსასა დიდი იაკობ, ვითარცა მთიები შორის ვარსკულავთა, ზეშთა სიტყვისა ჩვენისა შემკობილი მრავალფერითა მადლითა მოყვასთა თანა საღმრთოთა.

არამედ წიგნისა ამის განგრძობისათვის მათ ყოველთა თანაწარვჰხედ და მივედ სასწაულთა ნეტარისა მამისა ჩვენისა გრიგოლისთა, რომელნიცა ვისწავენ სარწმუნოთაგან კაცთა. ხოლო ყოველი ვერ შეუძლე აღწერად უმეცრებისა გზითა, რამეთუ ვჰგონებდ ცხორებისა ამის დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩვენთა: დიდი სოფრონ, სანატრელი მამაჲ, შატბერდისა ეკლესიისა განახლებით აღმაშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი, და ღმერთშემოსილი მამაჲ ილარიონ პარეხელი, და ქრისტეს მღდელთმოძღვარნი ღირსნი გიორგი მაწყვერელი ეპისკოპოსი და სტეფანე მტბევარი ეპისკოპოსი პირველი და სხვანი მსგავსნი მათნი. და ვითარცა მათ ნეტართა დაიძინეს, მაშინღა რეცა განმეღვიძა უცებსა ამას და ფრიად ცოდვილსა ხელყოფად და აღწერად ცხორებაჲ და სასწაულნი ესე, რომელ აწ გესმნენ.

50

რამეთუ ოდესმე იყო ნეტარი გრიგოლ თვისსა მას საყუდელსა სენაკსა. და სენაკსა მას შინა ცეცხლი არაოდეს აღგზებულ იყო, არცა კანდელი აღნთებულ იყო, და არცა სხვათა ძმათასა. და ჟამსა ცისკრისასა დეკანოზმან ჰრქვა მნათესა:

- მივედ მამისა და ისმინე, სძინავს-ძი ანუ ჰღვიძავს?

და ვითარცა მივიდა, იხილა ბრწყინვალებაჲ, დიდძალი შინაჲთ გამო სენაკსა მას. მსწრაფლ მორბიოდა და ხმა-ყო, ვითარმედ:

- ცეცხლი აღდებულ არს სენაკსა შინა მამისასა!

ჰრქვა მას დეკანოზმან:

- დუმენ, შვილო, და ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისაჲ განმანათლებელი.

რამეთუ მრავალგზის ეხილვა დეკანოზსა მას ხილვაჲ იგი დიდებული. და მი-ხოლო-ვიდა სენაკად და შთახედნა კედლისა ნაპრალსა და იხილა წმიდაჲ იგი ხელგანპყრობით და გუამით მისით გამოვიდოდეს ნათლისა ისარნი ჯვარისსახედ. და დიდებითა შემკულ იყო იგი და ესრეთ ბრწყინვიდა, ვითარცა მზეჲ. ხოლო დეკანოზი იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და მყოვარ ჟამ დააცადა ჟამისრეკაჲ, ვიდრემდის შეიცვალა სახილავი იგი.

51

და კვალად ოდესმე ჟამსა ყინელისასა ძმანი ტყესა მას ხანძთისასა შთამოჰყრიდეს ძელსა, და მათ თანა იყო ნეტარი გრიგოლ, მდგომარე ადგილსა საჩინოსა. და ძმაჲ ვინმე მოხუცებული ძნელსა ადგილსა ძელისა სავალსა განვიდოდა, და ძმათა მათ სხვათა უმეცრად ძელი ფრიად დიდი განუტევეს. და ვითარცა იხილა ძმამან მან ძელი იგი მძაფრიად მიმავალი, შეშინდა ფრიად და სივლტოლაჲ მისგან წარწყმდა. ხმა-ყო დიდითა ხმითა:

- მამაო, შემეწიე!

ხოლო მან ჯვარი დასწერა ძელსა მას და ჰრქვა:

- სახელითა ქრისტეჲსითა დადეგ, ძელო!

და სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა მყინვარსა ზედა მოქანებული საშინელად. და უბრძანა ძმასა მას გულდებულად განსლვაჲ.

და ვითარცა იხილეს სასწაული ესე, დაუკვირდა ძმათა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.

52

ამისა შემდგომად ესე ნეტარი იყო ოდესმე მახლობელად შატბერდისა. და სარწმუნოებით მო-ვინმე-ვიდა მისა დედაკაცი, რომელსა აქვნდა ხელთა ძეჲ თვისი მცირე ვითარ ორისა წლისაჲ, რომლისა ხელნი და ფერხნი მტერისაგან მიხმულ იყვნეს და პირი გარემიქცეულ იყო. ესე მოვიდა მრავლითა ცრემლითა და ძეჲ თვისი დააგდო წინაშე ფერხთა მის წმიდისათა და ჰრქვა ესრეთ:

- წმიდაო ღმრთისაო, კაცთაგან განწირულისა ამისთვის წყალობა ყავ, რამეთუ შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტი!

და იხილა რაჲ წმიდამან მან ფრიადი გოდებაჲ მისი, შეეწყალა. და იწყეს ცრემლთა მისთა დინებად, რომელნიცა სახმილ მხდომსა ექმნნეს, რამეთუ კაცთაგან უხილავად შესწვიდეს მძლავრსა მას უკეთურსა ეშმაკსა ლოცვანი გრიგოლისნი და განიოტებდეს მას.

მაშინ თქვა:

- სახელი ქრისტეჲსი განგხდის, ეშმაკო! განეშორე უკუნისამდე ჩჩვილისა ამისგან უმანკოჲსა!

და ჯვარი დასწერა და მუნთქვესვე ივლტოდა სული იგი ბოროტი და განიკურნა ყრმაჲ იგი სრულიად. და მშობელი მისი სიხარულით ჰმადლობდა ღმერთსა და წმიდასა მას. და მხიარულნი წარვიდეს სახიდ თვისა, და ყრმაჲ იგი კეთილად ცხოვნდა სრულიად.

53

და კვალად სხვაჲ ვინმე იყო დედაკაცი სისხლისდინებითა გვემული მრავალთა ჟამთა. მას ესმა სასწაული ესე და მივიდა გულსმოდგინედ წმიდისა მის. და ვერ შემძლებელ იყო თვისსა მას სენსა საანჯმნო ყოფად, არამედ მდუმრიად სულთქმით დაალტობდა ფერხთა მისთა ცრემლითა და ითხოვდა კურნებასა. ხოლო ძმანი იგი მცირედ განეშორნეს წამისყოფითა ამის წმიდისაჲთა, რამეთუ ცნა სულითა ვნებაჲ იგი დაფარული და მისცა მარჯვენე თვისი, რაჲთა შეიმთხვიოს. და მან ყო ეგრეთ, და მასვე ჟამსა განიკურნა უძლურებისა მისგან. და წარვიდა სიხარულით სახედ თვისა და ადიდებდა ღმერთსა.

54

რამეთუ კეთილი სათნოებაჲ. ნეტარისა მამისა გრიგოლისი საკვირველებითა სავსე არს. რამეთუ მახლობელად შატბერდისა იყო ვინმე კაცი მდაბიოჲ და ესვა მას ცოლი და ესხნეს შვილნი და აქვნდა ფრიად მონაგები. და სიხარულსა შინა იყო ცხორებაჲ მათი, რამეთუ კეთილად მორწმუნე იყვნეს იგინი. ხოლო დედაკაცსა მას უმჯობესისა მისისათვის უძლურებაჲ შეემთხვია, რაჲთა მართლისა მის კაცისა ხელითა ქრისტემან განკურნოს და მხდომი სირცხვილეული განაქიქოს, რომელმანცა მანქანებითა მისითა ხელთა მისთა ათნივე თითნი ნებთა მისთა ზედა დაჰკრნა და ძლიერად ჰგვემდა ტეხითა ბოროტითა.

მას ჟამსა საღმრთომან ცნობამან გულისხმა უყო ნეტარისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და მსწრაფლ ხოლო დედაკაცმან მან თანაწარიყვანა ერთი ძეჲ თვისი და მიიწია წინაშე ნეტარისა მის. ხოლო ნებითა ღმრთისაჲთა იყო წმიდაჲ აგარაკსა ერთსა შატბერდისასა. და იწყო ვედრებად მისა მრავლითა ცრემლითა და გოდებითა უძლურებისა მისთვის, რომელი შეემთხვია მას. და ვითარცა იხილა სარწმუნოებაჲ და ცრემლნი მისნი, შეეწყალა იგი ფრიად.

მაშინ უბრძანა ერთსა მღდელთაგანსა წარსლვაჲ ეკლესიად და მოღებად ევლოგიაჲ, ზეთი კანდლისა მისგან, რომელიცა უკვდავად ენთებინ წინაშე ხატსა წმიდისა ღმრთისმშობლისასა. და თვით დადგა ხელგანპყრობით ლოცვად წინაშე ღმრთისა სულთქმითა დაუდუმებელითა და ცრემლითა წყაროებრ მდინარითა, ვიდრე მოსლვამდე მღდელისა მის. და რაჟამს მოიღო ზეთი იგი კანდლისაჲ მის, მოუწოდა დედაკაცსა მას და ხელთა მისთა ჯვარი დასწერა, და ზეთი იგი ჯვარის სახედ სცხო სახელითა წმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა და თქვა:

- იქმნენინ განკურნებულ ხელნი შენნი!

და მუნთქვესვე განემართნეს ყოველნი იგი თითნი მისნი და ყოვლადვე არღარა იპოვა ვნებაჲ მის თანა, რამეთუ მავნებელი იგი ეშმაკი ზარგანხდილი ივლტოდა ლოცვათაგან ნეტარისა გრიგოლისთა. და ესრეთ სიხარულით წარვიდა სახიდ თვისად და ადიდებდა ქრისტესა ღმერთსა.

და კვალად დედაკაცმან მან წარიყვანა ქმარი და შვილნი თვისნი და ფრიადი შესაწირავი მიუძღუანა წმიდასა მას. და ყოველთა მიიღეს კურთხევაჲ და წარვიდეს მხიარულნი სასწაულისა მქადაგებელნი შორის მრავალთა.

55

ხოლო ჟამთა ამის წმიდისათა ხელმწიფემან აშოტ კურაპალატმან დაიპყრნა მრავალნი ქვეყანანი და აღაშენა ციხე არტანუჯისაჲ საცხორებელად დედუფლისა, მეუღლისა თვისისა. და მას შინა კეთილად ცხოვნდებოდა მრავალთა წელიწადთა.

ხოლო აცთუნა მტერმან ხელმწიფე იგი და მოიყვანა მან დედაკაცი სიძვისაჲ ციხესა მას შინა, რომლისა თანა იმრუშებდა, რამეთუ ეშმაკი ტრფიალებისაჲ ფრიად აზრზენდა. რომელსა პირველ არა აქვნდა ეგევითარი ჩვეულებაჲ, არამედ ძლეულ იქმნა ბოროტითა მით ცოდვითა.

და ვითარცა ესმა ნეტარსა გრიგოლს საქმე იგი სულისა განმხრწნელი, შეწუხნა ფრიად. და აუწყა წმიდასა გრიგოლს, დიდსა მას მოხუცებულსა, რომელი მკვიდრ იყო ეკლესიათა, რამეთუ იყო იგი სასწაულთა მოქმედ და პატივცემულ ღმრთისა და კაცთაგან. და განზრახვითა მისითა ამხილა პირისპირ ხელმწიფესა მას. ხოლო მან აღუთქვა ცოდვისა მის განტევებაჲ, და დედაკაცისა მის წარგზავნაჲ, ვინაჲცა მოეყვანა იგი. და ვერ დაამტკიცა თვისი ბრძანებაჲ, რამეთუ დაემონა გულისთქმასა.

ხოლო ნეტარმან გრიგოლ პოვა ჟამი მარჯვე. ოდესცა კურაპალატი შორს იყო არტანუჯსა, დღესა ერთსა შატბერდით წარვიდა და მიიწია მიმწუხრი ძირსა მას ციხისასა. და კაცი მიუვლინა დედაკაცსა მას ჭამადისა თხოვად და მუნ დადგომისა მიზეზი შეუთვალა. ხოლო მან სიხარულითა დიდითა განიხარა და მრავალფერი სანოვაგე წარსცა წმიდისა მისთვის და მოწაფეთა მისთა. და ვითარცა განთენა, კვალად მიუვლინა კაცი, რაჲთა მივიდეს ხილვად მისა. მაშინ უფროჲსად განმხიარულებული მსწრაფლ მოვიდა წმიდისა მის ორთა თანა მხევალთა თვისთა, რაჲთამცა ღირს იქმნა ჯვარსა ნეტარისა მის კაცისასა. ხოლო მან არა დასწერა ჯვარი, არამედ უბრძანა განშორებულად დაჯდომაჲ. და მოწაფენი კიდე-რე განდგეს წამისყოფითა მოძღვრისა თვისისაჲთა და ეგრეთვე მსახურნი იგი დედანი, რამეთუ წმიდისა მის შიში ყოველთა ზედა მიფენილ იყო. მაშინ ჰრქვა მას ნეტარმან გრიგოლ:

- ჰოჲ საწყალობელო! რაჲსათვის შორის ცოლ-ქმართა შთაჭრილ ხარ წარსაწყმედელად შენდა საუკუნოდ ბოროტითა მით ცოდვითა, რომლითა დამონებულ ხარ ეშმაკისადა და ცუდითა რაჲთმე მიზეზითა საფრხე ქმნულ ხარ დიდისა ხელმწიფისადა?

ხოლო მან ცრემლით ჰრქვა:

- წმიდაო ღმრთისაო, მე თავსა ჩემსა ზედა ვერ თავისუფალ ვარ, ვინაჲთგან გარდარეული სიყვარული აქვს ჩემდა მომართ კურაპალატსა, და აწ არაჲ უწყი, თუ რაჲ ვყო, რამეთუ ბრძანებამან სიტყვათა შენთამან შემაძრწუნა ფრიად.

ხოლო წმიდამან მან ჰრქვა:

- შვილო, იქმენ სრულიად მორჩილ სიტყვათა ჩემ გლახაკისათა, და მე თავსმდებ გექმნე ქრისტეს მიმართ, რაჲთა მან თავადმან ყოველნი ბრალნი შენნი შეგინდვნეს.

და მან ჰრქვა:

- წმიდაო მამაო, ხელთა შენთა ვარ! უმჯობესი სულისა ჩემისაჲ იზრუნე.

მაშინღა ჯვარი დასწერა და აკურთხა ლოცვითა და შეჭურა მადლითა და მისცა თვისთა ხამლთა საბელი, რაჲთა სარტყლად შეირტყას. და მან ყო ეგრეთ.

და წმიდამან მან ჰრქვა:

- შვილო ჩემო, დღეს იქმნა ცხორებაჲ სულისა შენისაჲ, რამეთუ სანატრელისა დედისა ფებრონიაჲს წინაშე მიგიყვანებ შენ.

და მან განიხარა ფრიად. ხოლო ნეტარმან გრიგოლ უბრძანა მხევალთა მათ მისთა წარსლვაჲ ციხედვე და დედაკაცსა მას ჰრქვა:

- შვილო ჩემო, წარემართე და ვიდოდე წინაშე ჩვენსა!

და ესრეთ მოიყვანა იგი მერეს, რამეთუ პირველვე განზრახვაჲ ნეტარისა დედისაჲ თანა იყო. და შეჰვედრა იგი მას და ჰრქვა:

- იღვაწე ესე, ჯერისაებრ იღვაწე, და რაჟამს ძიებაყოს კურაპალატმან, რამეთუ ჰხედავ გულსა ამისსა შემუსრვილსა.

ხოლო მან თქვა:

- ქრისტემან კეთილად იზრუნოს მხევლისა თვისისათვს, რომელიცა პოვა შენ მიერ, ღირსო მამაო.

და მრავალჟამ მარტოდ უბნობდეს ნეტარნი ესე.

და ესრეთ იყო ჩვეულებაჲცა მის ჟამისა წინამძღვართა მამათჲა, რამეთუ თვინიერ დედისა ფებრონიაჲს განზრახვისა საქმე არაჲ ხელყვიან.

ხოლო დათაგანი ვინმე მახლობელად მათსა წარჰვლიდა და ესმა ერთი სიტყვაჲ, ხოლო სხვასა ვერღარა იკადრა სმენად. რამეთუ წმიდამან გრიგოლ ჰრქვა ნეტარსა ფებრონიას, ვითარმედ:

- რაჲ გრქუა შენ ანგელოზმან?

რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის.

ხოლო რაჟამს მიიწია კურაპალატი ციხედ, იკითხა ხოლო დედაკაცი იგი და ვითარ არა პოვა, ფრიად შეიურვა, გულისხმა ყო რაჲ ყოველი იგი ყოფილი საქმე. და რამეთუ არა ღონითა რაჲთმე კაცობრივითა მახეთაჲთა იყო ტრფიალ მისა მიმართ ხელმწიფე იგი, არამედ ეშმაკისა მანქანებითა ესოდენ ძლეულ იყო, რომელ თავმოთნეობაჲ დაავიწყდა და მსწრაფლ ხოლო მოვიდა მერეს. ხოლო ნეტარმან ფებრონია დამალა დედაკაცი იგი.

და ვითარ ილოცა კურაპალატმან ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და მიიღო ლოცვაჲ დედისა ფებრონიაჲსი, მაშინ იწყო სიტყვად:

- უწყი-მეა, დედაო, რაჲსათვის მოვედ აწ?

ხოლო მან ჰქრუა:

- უფალმან იცის, რაჲსათვის ჰბრძანე აქა.

და მან ჰრქვა:

- ამის მიზეზისათვის იქმნა მოსლვაჲ ჩემი, რამეთუ სახლისა ჩვენისა მეჭურჭლე ქალი იყო და ყოველი მონაგები ჩვენი ხელთა მისთა იყო, და მამასა გრიგოლს აქა წარმოუყვანებია და ფრიადი დაგვაკლდა საფასეთა ჩვენთაგანი. აწ უბრძანე, რომელ ერთხელ ციხედ მოვიდეს და ყოველი მოგვითვალოს და კვალად თქვენდავე მოვიდეს, ვითარცა უნდეს.

ხოლო ფებრონია ჰრქვა მას მკუეთრ:

- მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

ესე რაჲ ესმა კურაპალატსა, სირცხვილეულ იქმნა მართლმხილებისა მისგან კდემული და მყოვარ ჟამ დადუმნა, ვითარცა ძლეული, რამეთუ ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლეს, შეჭურვილთა მათ საღმრთოჲთა შურითა.

ხოლო შეურვებულმან კურაპალატმან გულისა შეჭირვებისაგან თქვა:

- ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არსო.

და მსწრაფლ ხოლო აღდგა და წარვიდოდა.

მაშინ ნეტარი ფებრონია დაწყნარებულითა სულითა აყენებდა, რაჲთამცა ისტუმრა იგი, და არა დაემორჩილა, რამეთუ მამხილებელად აქვნდა თვისი გონებაჲ და ვნებაჲ რაჲ ხორცთმოყუარებისაჲ განეშორა და აუგი თვისი გულისხმა ყო. ხოლო სულითა იხარებდა, სიბრძნემან რაჲ წარიოტა სულმოკლებაჲ იგი მავნებელი და აქებდა წმიდათა მათ მძლავრებასა, უფროჲს ხოლო ძლევისა მომცემელსა ღმერთსა.

და სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქვნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გვირგვინოსანმყოფელთაჲ.

56

არამედ ადარნერსე ხელმწიფესა უფროჲსი ვნებაჲ შეამთხვია მტერმან, რომელიცა იყო ძე აშოტ კურაპალატისაჲ. რამეთუ შესმენითა მეძვისა ქალისაჲთა, რომლისა თანა იმრუშებდა იგი, უსამართლოდ განიშორა სიცრუითა სიძვისაჲთა სარწმუნოჲ ცოლი თვისი და წარგზავნა ქვეყანად თვისად აფხაზეთად, ვინაჲცა მოეყვანა იგი.

ხოლო ქრისტემან მონასა თვისსა, გრიგოლს, გამოუცხადა ყოველი იგი უსამართლოებაჲ, რომელიცა შეამთხვიეს უბრალოსა მას დედუფალსა. ამისთვისცა მრავალგზის მხილებაჲ მიაწია ნეტარმან გრიგოლ ადარნერეს ზედა. არამედ ხელმწიფე იგი ცუდითა თავმოთნეობითა იძლია და მხილებაჲ მართლისა მის კაცისაჲ არა თავს იდვა, არამედ შესძინა ძვირი ძვირსა ზედა თვისსა და სხვაჲ ცოლი შეირთო.

მაშინ მამამან გრიგოლ უწინაჲსწარმეტყველა ბრალთა მათთვის, რაჲ-იგი შემთხვევად იყო მისდა მიშვებითა ღმრთისაჲთა. და ჰრქვა ესრეთ:

- არა სმენისათვის სიტყვათა ჩემ გლახაკისათა, მიეცე ბოროტთა სენთა, და რომელ აწ ძენი გესხნენ, იგვემნენ ეშმაკთაგან, და ვერ განიკურნო შენ და ვერცა შვილნი იგი შენნი, ვიდრე არა შეინდოთ დედუფლისა მისგან, უსამართლოდ გაპატიჟებულისა მხევლისა მის ღმრთისა. დაღაცათუ ხორცთაგან განვიდეს იგი, არამედ საფლავთაგან მისთა შე-ვე-ინდონ შვილთა შენთა. ხოლო შემასმენელი იგი მეძავი ადრე განაქიქოს ქრისტემან უფროჲს ყოველთა ცთომილთაჲსა ლირწად წარმდებებისა მისისათვის და უკეთურებისა.

ხოლო ადარნერსე სიტყვათაგან ნეტარისა გრიგოლისთა ფრიად შეშინდა და შეუვრდა წმიდასა მას. ხოლო მან აღადგინა და ჰრქვა:

- ქრისტემან შენდობაჲ ბრალთაჲ მოგეცინ შენ, არამედ ესე უწყოდე: თქმული ჩემი აღესრულოს ჟამსა თვისსა, რაჲთა გულისხმა ყონ ყოველთა ნაყოფი ურჩებისაჲ.

და შემდგომად მცირედთა დღეთასა შეემთხვია ადარნერსეს სენი ტეხისაჲ წრდიალი, რომელსა ჰრქვიან ნიკრისი, და ტკივილთა მათგან იგვემებოდა მწარედ, რამეთუ მუნ ჟამადმდე ყოვლად უვნებელ იყო იგი. და მსწრაფლ ხოლო წარავლინა კაცი კეთილი, რომელსა ერქუა კუპრა, წინაშე დედუფლისა მის შენდობისა თხოვად.

და ვითარ მიიწია მოციქული იგი ადარნერსესი ფერსათს, სადაცა არს აწ საფლავი მისი, და იხილა დედუფალი იგი თვისი დიდსა შინა მონაზონებასა, რომელიცა იყო ასული ბაგრატ შაროელისა ხელმწიფისაჲ, რამეთუ სამოსლად მისა იყო შეურაცხი ჩოხაჲ და ემოსა მას წმიდაჲ სქემაჲ და ტვირთი დიდი შეშისაჲ ეკიდა და სახიდ თვისად მიაქვნდა სანატრელსა მას, რომელსა პირველ სახელი ეწოდა ბევრელი და მერმე ანასტასია, რამეთუ მან სრულიად სირცხვილეულ ყო ეშმაკი. და აწ კურნებასა ჰპოვებენ მორწმუნენი მადლითა მისითა, მი-რაჲ-აქვს მიწაჲ ევლოგიად საფლავთაგან მისთა.

ესე რაჲ იხილა კაცმან მან მოციქულმან, იცნა და შეუვრდა ადარნერსეს მაგიერ და ჰრქვა:

- ქრისტეჲს ნებისმყოფელო, გევედრების, შეიწყალე უფალი ჩემი სამართლად ღმრთისაგან განპატიჟებული შენ ძლით და ნუ სწყევ მას, არამედ შეუნდვენ დიდნი ბრალნი მისნი!

ხოლო მან ჰრქვა:

- გეფიცები ქრისტესა, არაოდეს აღმოსრულ არს წყევაჲ პირსა ჩემსა და არცა მას ვსწყევ. ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ხორცით.

და მსწრაფლ ხოლო განიკურნა ადარნერსე, რამეთუ კაცმან მან მოციქულმან დაისწავა ჟამი იგი, ოდესცა ულოცა უფალსა მისსა და, მო-რაჲ- ვიდა, პოვა იგი ყოვლად უვნებელი და სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა.

არამედ შემდგომად წელიწადთა არამრავალთა ადარნერსე ხელმწიფესა რაჲ ესხნეს ძენი, გურგენ კურაპალატი და სუმბატ, მტერისაგან ფრიად იტანჯებოდეს. და მსწრაფლ ხოლო წარავლინნა იგინი ფერსათს სამოსლითა საგლახაკოჲთა და შესაწირავითა სახელმწიფოჲთა ლოცვად საფლავსა მას სანატრელისა დედუფლისასა, რამეთუ გარდაცვალებულ იყო იგი. და ჟამს ილოცეს, სრულიად განიკურნნეს სიტყვისაებრ ნეტარისა გრიგოლისა და სიხარულით წარვიდეს სახიდ თვისა და ადიდებდეს ქრისტესა, ღმერთსა ყოველთასა.

57

ხოლო დედაკაცი იგი შემასმენელი, ბოროტად ეშმაკეულ იქმნა და განცოფნა, და სხვანიცა განსაცდელნი მიიწინეს მის ზედა საქმეთაებრ მისთა უკეთურთა. და ესრეთ იყო საშინელ და ზარისასახდელ ხილვაჲ მისი და სმენაჲ სიტყვათა მისთაჲ. და ვითარ მოეგო გონებასა, მაშინ მივიდა წინაშე დედისა ფებრონიაჲსსა საწყალობელი იგი და შეუვრდა მას ცრემლით და აღუარებდა ყოველთა ბრალთა და ევედრებოდა გოდებით, რაჲთა უხვაიშნოს მამისა გრიგოლისაგან. ხოლო მან მიწერა წიგნი ვედრებით და ნეტარმან მან არა ისმინა, არამედ მიჰრქვა:

- უძვირესნი განსაცდელნი აღიძრნენ მაგას ზედა ამისთვის, რამეთუ საცთურ ექმნა ეგე ღმრთისმსახურსა ხელმწიფესა და სარწმუნოჲ ცოლი მისი განაშორა, რამეთუ განთქვა სახელი მისი, ვითარცა მეძვისაჲ, და კვალად სისხლი უბრალოჲსა ჭაბუკისაჲ დასთხია. აწ მსგავსად უჯეროებისა საქმეთა მიეგოს მაგას ვიდრე სიკვდილადმდე.

ხოლო ნეტარმან ფებრონია თქვა:

- ჭეშმარიტ არს საბჭოჲ მამისა გრიგოლისი.

რამეთუ არა ჰმძლავრა მან წმიდასა მას, ვითარცა თქვა მოციქულმან - სულები წინაჲსწარმეტყველთაჲ წინაჲსწარმეტყველთა დაემორჩილენო. არამედ ვითარ შეჰგვანდა, ნეგეშინის სცა სასოწარკვეთილსა მას, რამეთუ სავსე იყო იგი სიბრძნითა ორისავე ცხორებისაჲთა და სასწაულნი დიდნი იხილვებოდეს მის მიერ და რომელთაგანმე მოწაფეთა მისთა და აწ სარწმუნოებით მვედრებელთა კურნებასა აღმოუცენებენ საფლავნი მათნი.

ხოლო დედაკაცი იგი ვიდრე სიკვდილამდე დაადგრა მერეს შინა, რამეთუ დაღაცათუ ბოროტთა გუემათა შინა იყო, ხოლო გონებაჲ მისი ცოცხლად ეგო. და რაჟამს მოკვდა იგი, ბრძანა დედამან ფებრონია მახლობელად დათა მათ ქრისტეს ნებისმყოფელთა დამარხვაჲ მისი, რაჲთა დიდად ბრალეული იგი უბრალოთა მათ განამართლონ წინაშე ქრისტეჲსა.

ხოლო უფალმან აჩვენა სასწაული, რამეთუ დამარხვასა სხვათა მიცვალებულთასა სამ-გზის იპოვა შინაგან კარსა აკელდამისასა მდებარე. და არღა იკადრეს აღებად გვამი იგი ცოდვილისა მის დედაკაცისაჲ, არამედ მაშინღა აუწყეს ყოველი ნეტარსა ფებრონიას, რამეთუ მოხუცებულ იყო ფრიად და შესვენებულთა დამარხვასა ვერ ძალ ედვა მისლვა. ხოლო მან თქვა:

- ჯერ არს უწყებად ესე ნეტარსა გრიგოლს, რამეთუ იგი არს წინამძღვარი საქმისაჲ ამის.

და მიწერა ეპისტოლე პატივით ესრეთ:

58

„წყალობა ყავნ უფალმან ჩვენ ზედა წმიდითა ჯვარითა და შეწევნითა ღირსთა ლოცვათა შენთაჲთა, ქრისტეშემოსილო მამაო გრიგოლ, ყოვლადვე მონაწილეო ლოცვასა თანა ჩემ გლახაკისასა.

შენ, წმიდაო ღმრთისა კაცო, საფრხე მხდომთა მრავალსახე სიბოროტით შეგიმზადეს, ვითარ მახეჲ მონადირეთა, და იწყეს წყობად შენდა უწყინოდ, რამეთუ სივერაგით გბრძოდეს საუცრად სიმძაფრითა სასტიკითა ხილვითა, ვითარცა გუნდი მხედართაჲ, და ოდესმე ვითარცა სიმრავლე მხეცთა მძვინვარეთაჲ მრავალ-გზის საშინელად ჩვენებითა. და ესრეთ შენთვის აღძრეს ღვაწლთა ღელვაჲ უჩინოჲ და საჩინოჲ. არამედ მათ ყოველთა სძლო სიმდაბლემან სიწმიდითა შემკობილმან გვამსა შენსა დანერგულმან, და ცეცხლებრმან სულმან შენმან მართალმან შეწვნა მტერნი იგი მავნებელნი, უხილავნი და ხილულნი. ხოლო ამის მადლისათვის ძალ არს შენდა ძალი ღმათისაჲ, რამეთუ წმიდათა ანგელოზთა მსგავსებაჲ გაქვს სიწმიდე, რომელ არს სამძალი ძლევისაჲ, შეზღუდვილი სამარადისოთა ლოცვითა და მარხვითა და ფრიადი მუხლთმოდრეკაჲ შემწირველი ცრემლთა წმიდათაჲ უძილთაგან თვალთა შენთა და მღვიძარისაგან სულისა შენისა.

შენ, წმიდაო მღდელო, ეკლესიად წოდებულთა შორის მართალთა განსუენებულო, საღმრთოო მოძღვარო, მორწმუნეთა სიმტკიცეო, ხელმწიფეთა თვალუხვავად მამხილებელო და განმსწავლელო კვერთხითა სწავლისაჲთა, რომლისათვისცა სიტყვანი შენნი წინაჲსწარმეტყველებრ აღესრულებიან კაცთა შორის!

არამედ აწ ჟამი არს შენდობისაჲ. ყავ წყალობაჲ განწირულისა მისთვის დედაკაცისა, ვითარცა შვენის სიწმიდესა შენსა. რამეთუ ნეშტი სიტყვაჲ ჩემი გეუწყოს წიგნის მიმღებელისაგან. და ყოვლადვე შეწევნა ყავ ჩემთვის აქა და საუკუნესა მას, ამენ“.

და რაჟამს აღმოიკითხა წიგნი ფებრონიაჲსი ნეტარმან გრიგოლ და ყოველი გულისხმა ყო, ცრემლით მადლი მისცა ქრისტესა და დაწერა ეპისტოლე დათა მათ შესვენებულთა მიმართ ესრეთსახედ:

59

„ქრისტეს მოყვარენო, წესთა მათ ამის სოფლისათა მოკლესა შინა დროსა სიყრმითგან თქვენით ვიდრე სიკვდილადმდე მძლექმნულნო ქრისტეჲსთვის სიტყვისაებრ მოციქულისა: „რამეთუ მოჰკვედით და ცხორებაჲ თქვენი დაფარულ არს ქრისტეჲთურთ ღმრთისა თანა“. რაჟამს გამოცხადნეს ცხორებაჲ იგი ჩვენი, მაშინ თქვენცა გამოსცხადნეთ დიდებითა საუკუნოჲსა მერმისაჲთა. თქვენ, ბრძენთაგან ნეტარნო და უვიცთაგან უცნაურნო, უოხჭნოსა სიმდიდრესა კეთილთაებრ ვაჭართა საწუთროჲთა მომსყიდელნო, ხოლო აწ მძინარენო ხორცითა და მღვიძარენო სულითა, მკვდრად შერაცხილნო მკვდართაგან და უკუნისამდე ცხოველნო ქრისტეჲსგან ტაძრითა მით სულისაჲთა, ქვეყანისა ცად შემცვალებელნო, ქალწულებისა ყვავილნო, მიმსგავსებულნო დედასა ღმრთისასა, მხიარულნო მის წინაშე, საუკუნოდ დიდებულსა მას მოსლვასა ძისა მისისასა მომლოდებელნო!

თქვენ, უძლურებისაგან უცვალებელსა ძალსა მიწევნულნო და შემდგომად სიკვდილისა ყოვლადვე შემძლებელნო მიცემად ორსა სახესა მისაგებელსა ქცევათაებრ კაცთაჲსა, ვითარცა-ესე აწ ვიხილეთ თქვენმიერი სამართალი საშჯელი, რომლისათვისცა მე, გლახაკი გრიგოლ, და დედაჲ ფებრონია, მადლიერ ვართ თანაშეწევნასა თქვენსა.

და აწ გევედრებით, საწყალობელისა მაგისთვის დედაკაცისა ითხოეთ ქრისტეჲსგან ბრალთა მისთა შენდობაჲ და ღირს ყვენით ძვალნი მისნი ძვალთა თანა თქვენთა და სული მისი სულისა თქვენისა თანა. და უფროჲს ხოლო იღვაწეთ უფლისა მეორედ მოსლვასა, რამეთუ გაქვს მადლი შეწევნად მორწმუნეთა და მოელით დაუსრულებელსა დიდებასა და გამოუთქმელსა სიხარულსა, რომელსაცა მიწევნად ხართ. არამედ მეოხებაჲ თქვენი მარადის შემწე მეყავნ ჩვენ, რაჲთა ჩვენცა ღირს ვიქმნნეთ სანატრელსა მას ცხორებასა მერმესა საუკუნესა, ამენ“.

და რაჟამს აღმოუკითხეს წიგნი იგი ნეტარისა გრიგოლისი მიცვალებულთა მათ დათა და სიტყვითცა ბრძანებაჲ დედისა ფებრონიაჲსი აუწყეს-ვე, მაშინღა მიიღეს მკვდარი იგი თვისსა მას პირველსა ადგილსა, სადაცა სამგზის დადებულ იყო. და არღარა იცვალა მიერ დღითგან, რამეთუ ნეტარი მამაჲ გრიგოლ მიზეზ ექმნა პირველ ცოდვათა მხილებასა და მერმე ლხინებასა და შენდობასა. და სინანულიცა ფრიადი შემწე ექმნა ცოდვილსა მას წინაშე ღმრთისა, რომელსა არა ჰნებავს სიკვდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული. ხოლო გულისხმისმყოფელთა დაუკვირდა და ადიდებდეს ღმერთსა.

გაგრძელება...