გიორგი მერჩულე

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

74

- უფალო ჩემო, იესუ ქრისტე ღმერთო, უწინარეს ქვეყანად მოსლვისა შენისა სოფელსა შინა იყავ და აწ ცათა ზედა მყოფი ღმრთეებისა ძალისა ნათლითა ჩვენ თანა ხარ შეწევნად ჩვენდა. შენ, უფალო, მოწყალებით მომიძეღვ მე ქვეყანათა ამათ სამთა თანა მოყვასთა კეთილთა მღდელთა წმიდათა სიკვდიდმდე მარადის დაუყუდნებელად შენდამი შემწირველთა მსხვერპლთა მათ უსისხლოთა წმიდათა და მრავალთა სულთა ნავთსაყუდელ ჰყვენ იგინი. და შემდგომად სიკვდილისა მათისა, ღირს ჰყვენ უოხჭნოდ მსახურებად ზეცისა საკურთხეველსა ანგელოზთა თანა წმიდათა. და აწ ჩემ მიერ აღაორძინენ ნებისმყოფელნი შენნი, ქრისტე, რამეთუ ტალანტი სიბრძნისაჲ, რომელ სიყრმით ჩემითგან მომეც, განვამრავლე იგი, ვითარცა მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა შენთა. და აწ წინაშე შენსა არიან მოწაფენი სასუფეველისანი. აკურთხენ, ქრისტე, ვითარცა აკურთხენ წმიდანი მოციქულნი და დაიცვენ ჟამთა უკუანაჲსთა მომავალნი შვილნი ჩემნი, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა ნებასა შინა შენსა, და წყალობაჲ ყავ ყოველთათვის ქრისტეანეთა მართლაღმსაარებელთა შენთა, უფალო!

და მერმე შატბერდსა ჯვარი დასწერა და ჰრქვა:

- კეთილად აღორძნდი შატბერდო, და შეიმკვე მადლითა და განძლიერდი ძალითა ღმრთისაჲთა, რაჲთა ნაყოფი მსხვერპლთა შენთაჲ ჟამად-ჟამად უბიწოჲ შესწირო უფლისა. რამეთუ მე აწ, ესერა, მშვიდობასა დაგიტევებ შენ და არღარა იხილო პირი ჩემი ხორციელად, ვიდრე უფლისა დიდებით მოსლვადმდე. აწ დაღაცათუ ხორცითა განგეშორები, ხოლო სულითა მარადის შენ თანა ვარ შეწევნად შენდა.

მაშინ მწარითა ცრემლითა ტიროდეს მკვიდრნი შატბერდისანი სიტყვისა მისთვის, ვითარმედ ხორციელად არღარა ხილვად უც მოძღვარი თვისი.

ხოლო წმიდამან მან ჰრქვა მათ:

- შვილნო, სულისა სიბრძნითა გულისა ტკივილთა სძლეთ. და ნუ შეძრწუნდებინ გონებაჲ თქვენი. რამეთუ მე ესრეთ აღგითქვამ: არაჲ დაგაკლოს თქვენ ქრისტემან აქა და საუკუნესა მას, უკეთუ ეგნეთ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს ჩემგან პირველთა წმიდათა მამათა შეწირული მონაზონებისა წესი. და ეგრეთვე ვამცნებ შემდგომითი შემდგომად შვილთა ჩემთა, რაჲთა დაიმარხონ წმიდაჲ ესე მოძღვრებაჲ. და უკეთუ ჟამმან ჭირისაგან წესი ცვალოს, რომელ სულისა ფრიად არა სავნებელ იყოს, შენდობაჲ იყავნ ჟამსა მას და არა სამარადისოდ, არცა შვებისა მრავლისა მიდევნებითა, რომლისათვის თქმულ არს, ვითარმედ - არარაჲ ეგრეთ განარისხებს ღმერთსა, ვითარ მეტი შუებაჲო. ხოლო მე რაჟამს ღირს ვიქმნე მისლვად უფლისა, ვევედრო თქვენთვის, რამეთუ ფრიად განმისუენეთ მე. და რამეთუ აწ ხორცთა შინა ყოფასა ჩემსა თავისა ჩემისა და თქვენთვის ვილოცავ, ხოლო ოდეს განვთავისუფლდე საწუთროჲსა ამისგან, ვესავ ქრისტესა, ვითარმედ მოუკლებელად იყოს ვედრებაჲ ჩემი თქვენთვის მისსა მიმართ და ყოველთა სარწმუნოებით მვედრებელთათვის და შვილთა ჩემთათვის, რაჲთა პოონ ღმრთისა მიერ წყალობაჲ და შეწევნაჲ სრულიად სიხარულად საუკუნოდ.

და ვითარცა სიტყვანი ესე დაასრულნა, მაშინ ამბორს უყო ძმათა მათ შატბერდელთა ცრემლითა სავსეთა და ფრიადითა ვედრებითა დაარწმუნა უკუნქცევაჲ თვისად ადგილად და თვით წარჰყვა ძმათა მათ ხანძთელთა.

ხოლო სწორი სასყიდელი მიიღეს ღმრთისაგან, რომელთა წარიყვანეს იგი და რომელნი იქცეს, რამეთუ სარწმუნოებაჲ და სიყვარული მამისა და მოძღვრისა თვისისაჲ სწორად აქვნდა მათ ყოველთა.

ხოლო რაჟამს შატბერდით ხანძთად მოვიდა ნეტარი გრიგოლ, განიხარეს ხანძთასა თანა მახლობელთა მათ უდაბნოთა. და მოვიდოდეს ძმანი ყოვლით კერძო ხილვად წმიდისა მის და მიაქვნდა კურთხევაჲ და ლოცვაჲ მისგან და სიხარულითა სავსენი წარვიდიან ადგილად თვისად. რამეთუ დიდებაჲ ხანძთისაჲ აღმაღლდა საუკუნოჲთა და საცნაურითა სამკაულითა, იქმნა რაჲ განმზადებულ შრომათაგან მაშვრალთა მათ ნაწილთათვის განსასვენებელ უკუნისამდე.

მას ჟამსა განიხარა ნეტარმან მამამან გრიგოლ, რამეთუ კეთილსა შინა იხილა მონასტერი თვისი და ფრიად მადლით აკურთხა წინამძღვარი იგი სარწმუნოჲ მამაჲ ეპიფანე და ძმანი ყოველნი მორჩილნი მისნი.

75

მაშინ ევედრებოდა ნეტარსა მას მღდელი ვინმე დაყუდებით მყოფი, რაჲთა იშენოს ეგვტერი ჟამისსაწირავად სენაკსა თვისსა. ხოლო წმიდამან მან ჰრქვა:

- კრებულისა ძმათა შორის საქმე ეგე უწესო არს. უკეთუ შენ აღაშენო ეგვტერი, ყოველთა ძმათა აღაშენონ. და რაჟამს დეკანოზმან ჟამსა ჰრეკოს ჟამისწირვისათვის, დიდსა ეკლესიასა მღდელი ძნიად პოოს. და სხვაჲცა მრავალი არს მას შინა სულისა სავნებელი და არა თუ სარგებელი, და მე არა ვეწამები მას.

76

ამისა შემდგომად უბრძანა დიდსა ზენონს:

- ძმაო, შთავიდეთ ვენახად, რომელ არს გზასა თანა ოპიზისასა, - რამეთუ ჟამი იყო სთვლისაჲ.

და შთავიდეს ორნივე ზოგად ვენახსა მას შენებულსა მისსა კეთილად ნაყოფიერსა. და ჟამსა მას შინა მოვიდა სანატრელი მამაჲ მაკარი ოპიზელი ხილვად მოძღვრისა თვისისა მამისა გრიგოლისა. და ვითარცა-იგი ფრიად განიხარეს და სურვიელად მოიკითხნეს ურთიერთას. და რამეთუ იყო ჟამი პურისჭამისაჲ, პურად ხოლო დასხდეს. და შემდგომად პურისჭამისა, განიზრახეს მუნ დადგომაჲ ვიდრე ხვალისადმდე.

ხოლო მამამან მაკარი უბნობასა შინა იკითხა ნეტარისა გრიგოლისგან ესრეთ:

- უკეთუ მწვალებელთა შვილი მოიქცეოდის მართლმორწმუნედ, ნათლისღებაჲ უხმსა ანუ არა?

ჰრქვა მას წმიდამან მან:

- მოციქული ძმა მტყუვრად მათ სახელსდებს, რომელთაცა დრკუთა მათ მოძღვართა მათთა სახელი ჰრქვიან. ხოლო ჭეშმარიტთა მორწმუნეთაგან წმიდათა მოციქულთა სახელისდებაჲ არა თავს იდვა პავლე, არამედ აბრალებს და ეტყვის: „რაჲსათვის წვალებანი არიან თქვენ შორის, რამეთუ კაცად-კაცადი თქვენი იტყვის: „მე პავლესი ვარ“, და შემდგომი ამისი. ხოლო მართლმადიდებელთა ყოველთა ქრისტეანე უწოდა. და აწ დაღაცათუ მწვალებელთათვის წერილიცა აჩინებს რომელთამე ნათლისცემასა და რომელთამე არა. ხოლო მე ამას ვიტყვი: ვითარცა ყოველთა უწყით, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა შვილთა მწვალებელი მღდელი ვერ მოჰნათლავს, დაღაცათუ უნათლავი მოკვდებოდის, რამეთუ ნათელი არა არს მათ თანა. და უნათლავისა სიკვდილი უმჯობეს არს ვიდრე უშჯულოებაჲ შჯულისა გარდასლვითა. ეგრეთვე ჯერ და სამართალ არს ნათლისცემაჲ შვილსა ყოველთა მწვალებელთასა. დაღაცათუ წვალებაჲ მათი თვის-თვისად იხილვების, არამედ ურთიერთას განთხზულ არს საცთურებით, მსგავსად მელთა მათ, რომელთაჲ კუდი კუდსა შეუკიცვა საფსონ და ლამპრები ყოველთა კუდებსა გამოაბა, რამეთუ სახე იყვნეს იგინი ყოველთა მწვალებელთა, რომელთაჲცა უკანაჲსკნელ საყოფელი მათი ცეცხლი არს საუკუნოჲ. რამეთუ უცხოქმნულ არიან წმიდისაგან დედისა ჩვენისა მხოლოჲსა კათოლიკე სამოციქულოჲსა ეკლესიისა. სცთებიან საშოჲთგან, რომელ საგონებელ არს მათთვის მეორედ შობა, და იტყვიან სიცრუესა, რამეთუ მარადის ნაცილსა ქადაგებენ და ცილსა წამებენ შეჩვენებულნი იგი წმიდათა მამათა ჩვენთა მოძღვართა მიერ. და უკეთუ კვალად შვილნი მწვალებელთანი კრებასა ჰლამოდიან, არღარა წეს არს მათთვის, არამედ კრძალვაჲ და ყოვლადვე სიტყვისა არა წარმოღებაჲ მათ თანა კრებისათვის. და რამეთუ მორწმუნესა, რომელსა სასწაულისა საქმე ვერ ძალ უც, ურწმუნოთა თანა სიტყვისგებაჲ არა უხმს. და ოდეს მწვალებელთა ყოველთა ჰრქვიან ერთი სახელი - მწვალებელ, ცთომაჲცა მათი ერთად შემტკიცებულ არს მტერისა მიერ. ამისთვის ყოველთაჲ ნათლისცემაჲ ჯერ არს, რაჲთა ცილობისა იჭვი დაჰხსნდეს და ერთად იყოს სიხარული სრული ჭეშმარიტთა ქრისტეჲს სამწყსოთა.

და ესევითარი სიტყვაჲ მრავალი ბრძანა ნეტარმან გრიგოლ. ხოლო მამამან მაკარი ჰრქვა:

- ჭეშმარიტად სამართალ არს ბრძანებაჲ შენი წმიდაო მამაო. არამედ მაუწყე ცხადად წმიდისა სამებისათვის სიტყვაჲ ღირსი სიტყვისმგებელთა მიმართ.

ხოლო მან ჰრქვა:

- ისწავე ესაიაჲსგან, რამეთუ სერაბინთაგან ისწავა სწორი პატივი წმიდისა სამებისაჲ, რომელნიცა დაუდუმებელად ხმობენ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“. ხოლო გრიგოლ ღმრთისმეტყველი იტყვის სამებისა სამგვამოვნებისათვის: რაჟამს იყვნენ სამნი სანთელნი სახლსა შინა, ვერ ეგების განყოფაჲ ნათლისა მათისაჲ და ვერცაღა კვალად შერევნაჲ მათი. ესე არს სარწმუნოებაჲ წმიდისა სამებისაჲ. და „განძსა“ წერილ არს ყოველი ჭეშმარიტებით და ამას იტყვის, რამეთუ მამაჲ ძესა არცა თუ თვალისა წამითა არა უხუცეს არს. აწ ვითარცა გვისწავიეს სიბრძნე წმიდათა წიგნთაგან, კმა არს მოძღვრად შენდა ყოვლით-კერძო.

ხოლო ნეტარმან მაკარი ჰრქვა მას:

- წმიდაო მამაო, ვითარცა პირველ ხატი მონაზონებისაჲ ხელითა შენითა მომცა უფალმან, აწ ეგრეთვე სულიერი სწავლაჲ პირითა შენითა მომანიჭოს ზღუდედ ჩემდა უკუნისამდე.

და ვითარცა შემწუხრდა, ერთსა შინა სახლსა იყვნეს სამნივე იგი ღმრთისა კაცნი და წართქუნეს წესისაებრ ფსალმუნნი. ხოლო მაკარის ჰრულოდა და სარეცელსა ზედა მიეძინა.

77

მაშინ ნეტარი იგი მამაჲ გრიგოლ და ზენონ სიტყვითა მდაბლითა ფსალმუნებდეს. და მადლმან საღმრთომან განაბრწყინვა იგინი ნათლითა დიდებისაჲთა და სახლი იგი ბნელი ვითარცა მზისა მცხინვარებამან განანათლა. და ვითარცა განეღვიძა მამასა მაკარის, თქვა:

- ვითარ საკვირველად იხილვებიან წმიდანი ესე!

ჰრქვა მას მამამან გრიგოლ:

- ძმაო მაკარი, რაჲსა გიკვირს ხილვაჲ ესე, არა გასმიესა წერილისაჲ: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა“?

და ესრეთ იხარებდეს სამნივე იგი სამებისა წმიდისა მადიდებელნი და წართქვნეს ცისკრისა საგალობელნი.

და ვითარცა განთენა მშვიდობისა სადგურთა მათ, ურთიერთას მშვიდობაჲ დაუტევეს და წარვიდა მამაჲ მაკარი ოპიზად. ხოლო მამაჲ გრიგოლ და ზენონ აღვიდეს თვისად მონასტრადვე.

და რამეთუ ესე ზენონ მიწევნულ იყო სათნოებათა მოძღვრისა თვისისათა, რომლისათვისცა იტყოდეს კაცნი შემდგომად ნეტარისა გრიგოლის გარდაცვალებისა, ვითარმედ:

- ზენონ არს ზღუდე მტკიცე კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთაჲ.

78

ხოლო ნეტარსა მამასა ჩვენსა გრიგოლს გულმან უთქვა განსლვაჲ ხორცთაგან და ღმრთისა მისლვაჲ და აუწყა უფალმან აღსრულებაჲ ნებისა მისისაჲ, ვითარცა თქვა დავით: „ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ ყოს უფალმან, ლოცვანი მათნი ისმინნეს და აცხოვნნეს იგინი“.

მაშინ უბრძანა ძმათა თვისთა შესაქმე კერეონთა სანთელთაჲ შესაწირავად გარემო ყოველთა მათ მახლობელთა უდაბნოთა, რომელ არიან ოპიზაჲ და ფრთენი მისნი - ბერთაჲ და მახლობელნი მისნი - მიძნაძოროჲ და წყაროჲსთავი თანამკვიდრით მათითურთ. ხოლო შატბერდი დაღაცათუ სხვათა მათ უდაბნოთა მცირედ შორავს, არამედ განუყოფელად თანამოძმე არს მათი ერისა მის ღმრთისა სიკეთითა და ყოვლითავე საღმრთოჲსა მოძღვრებისა წესითა და კანონითა მონაზონებისა შჯულისდებისაჲთა და ყოვლითავე კეთილისა საქმითა სწორად პატივცემულ არს ღმრთისა მიერ და კაცთაგან, რამეთუ არს იგი სიქადულ ყოვლადვე მახლობელთა მონასტერთა.

მათ ყოველთა უდაბნოთა თანა წარსცა კერეონები და შეუთვალა დღე იგი, რომელსა აღანთნენ და ლოცვა ყონ მისთვის.

79

ხოლო მათ გულისხმა-ყვეს ჟამი იგი მიცვალებისა მისისაჲ ამიერ სოფლით. რამეთუ ვითარცა მიცვალებასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა მოიწია გუნდი წმიდათა მოციქულთაჲ კიდეთაგან ქვეყანისათა, ეგრეთვე წმიდანი მამანი შემოკრბეს ჟამსა მას დროჲსა დღისა მისისასა პატივად ნეტარისა მის მოხუცებულისა და რაჲთა იკურთხნენ მის მიერ.

ხოლო იგი სიხარულითა აღივსო ხილვითა მათითა და ქრისტესმიერითა კურთხევითა აკურთხნა ყოველნი და ჰრქვა მათ:

- მოგეცინ უფალმან შრომისა თქვენისა სასყიდელი, რომელმანცა ბრძანა: „უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და მოხვედით ჩემდა“. რამეთუ მე აწ, ესერა, ხორცთა საპყრობილით განვალ და უძლურებისაგან განვთავისუფლდები მადლითა ღმრთისაჲთა, რომელმანცა ჯვარითა სიკვდილი დათრგუნა და ავაზაკისა თანა ყოველთა მორწმუნეთა წმიდაჲ ჯვარი თვისი მიანიჭა წინამძღვრად და ანგელოზთა თანა წმიდათა ნიშად ქრისტეანობისა ბეჭედი იგი სამეუფოჲ, რომელიცა აქვს სულსა მორწმუნეთა კაცთასა საფარველად სამარადისოდ და საცხოვრებელად.

მაშინ ჰრქვეს ყოველთა მათ მამათა ნეტარსა გრიგოლს:

- წმიდაო ღმრთისაო, ბრძანებათა მათებრ ქრისტეჲსთა ნეტარებისა საქმეთა მათ სამკვიდრებელო, ნებსით გლახაკო სულითა მით სიმდაბლისაჲთა სასუფეველისა დამკვიდრებისათვის, მგლოვარეო გულითა საუკუნოდ ნუგეშინისცემისათვის, მშვიდო გონებითა, სამოთხისა სიკეთესა მომლოდებელო, სიმართლისათვის მშიერო და წყურიელო და ტკბილსა მას საზრდელსა ქვეყანასა მოუკლებელსა ღირსქმნულო, მოწყალეო გლახაკთაო, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობაჲ ღმრთისაჲ! წმიდაო გულითა და სულითა შენითა, ყოვლადვე ღმრთისმხილველო, მშვიდობისმოქმედო ძმათა შორის და მშვიდობასა წმიდათა ანგელოზთასა მიწევნულო შვილ ღმრთისა წოდებითა, დევნათა და ჭირთა ღმრთისათვის თავსმდებელო ქრისტეს თანა მკვიდრყოფისათვის, ყვედრებულთათვის ქრისტეჲსთვის ნავთსადგურო და მზრუნველო ცხორებისათვის ჩვენისა სამარადისოსა მას ცხორებასა! შენ გიხაროდენ და მხიარულ იყავ, რამეთუ სასყიდელი შენი დიდ არს ცათა შინა, რამეთუ შენ, მსგავსად მოციქულისა პავლეს მართლისა, ღვაწლი კეთილი მოგიღვაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული. ამიერითგან მიგელის სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მოგანიჭოს მეუფემან შრომათა წილ შენთა წმიდათა. არამედ ნუ დამივიწყებ ჩვენ, სულიერად შვილთა შენთა, მი-რაჲ-იწიო წინაშე პირსა სახიერისა, მოწყალისა და მწყალობელისა ტკბილისა უფლისასა. მომიხსენენ სამწყსონნი შენნი და ნუ დაიდუმებ მოღვაწებასა ჩვენთვის ქრისტეს მიმართ. რამეთუ ყოვლადვე ძალ გიც შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი ლოცვათა შენთა ესვენ და მეოხებასა შენსა მოივლტიან.

ხოლო წმიდამან მან ჰრქვა მათ:

- დალცათუ თავი ჩემი განუმზადე უფალსა და სიყრმითგან ჩემით მსგავსად ძალისა ვშვერ, ხოლო უფროჲს არს პატივი სიტყვათა თქვენთაჲ, ქრისტესმსახურნო მამანო. არამედ ღმერთი გულსმოდგინებასა ეძიებს კაცთაგან და მიანიჭებს ნაცვალად სასუფეველსა მორჩილთა მისთა. და მეცა მომმადლოს მკვიდრ ყოფაჲ ნებისმყოფელთა თანა მისთა ლოცვითა თქვენ ყოველთაჲთა. ხოლო თქვენ გეხსენენ კრძალულებაჲ ჩემი მოთმინებით მონაზონებისა მიმართ, რომელიცა იხილეთ, ვინაჲთგან დავემკვიდრე თქვენ შორის, ვიდრე აქამომდე, რამეთუ ესრეთ ჯერ არს ძიებაჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ. და ჩემთვის ლოცვასა ჰყოფდით, რაჲთა მომეცეს მადლი წინაშე ღმრთისა შეწევნად თქვენდა, შემწეთა ჩემთა, უფლისა მიერ.

80

მაშინ ჰრქვა ხანძთას შინა მყოფთა ძმათა:

- შვილნო, რომელი მცნებაჲ პირველითგან გესმა ჩემგან, სულისა თქვენისა საცხორებელად დაიმარხეთ და ჰყოფდით მარადის სახსენებელსა ჩემსა. და მე უკეთუ ვპოვო კადნიერებაჲ წინაშე ქრისტეჲსა, უხვებაჲ კეთილთა მისთაჲ არა დაგაკლდეს ორსავე სოფელსა. ხოლო ამას გამცნებ აწ ჯვარითა ქრისტეჲსითა, რაჲთა ხორცნი ჩემნი დაჰმარხნეთ ძმათა ჩემთა თანა, რამეთუ არა უმჯობეს ვარ ძმათა ჩემთა სათნოებათა მოგებითა. ამისთვის ყოველთა გევედრები, ნუსადა დამივიწყებთ ლოცვასა თქვენსა ღმრთისა მიმართ ყოვლადვე მლოცველსა თქვენსა და აწ ვედრებისა შემწირველსა თქვენთვის ქრისტეს მიმართ საუკუნოდ. მომიხსენეთ მარადის ლოცვითა და ჟამისწირვითა სიკვდილით უცხოქმნული თქვენგან. იხილოთ რაჲ ადგილი მწირობისა ამის მკვიდრობისა ჩემისაჲ, რამეთუ, აჰა ესერა, ვიდრე ჟამადმდე კვალად წოდებისა ხორცნი ჩემნი მიიქცევიან მიწად, ხოლო სული ჩემი შეიწყნაროს უფალმან.

81

და ამათ რაჲ სიტყვათა იტყოდა ნეტარი გრიგოლ, მაშინ ნათლითა მიუწდომელითა შეიმკო შვენიერად ხილვაჲ მისი ბრწყინვალედ ქრისტეჲს მიერ. რამეთუ ბანაკი ანგელოზთა უფლისათაჲ გარემოადგა მას და პატიოსანთა საკმეველთა სულნელებამან აღავსო ყოველი იგი ერი კრებული მამათაჲ. და რამეთუ აქვნდა ჩვეულებაჲ ზეცისა წმიდათა მთავრობათა ხილვისაჲ სულსა მას მართალსა, და აწ მათგანვე სიხარულისა ხმაჲ ესმა ესე:

- ნუ გეშინინ მოსლვად ჩვენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქვეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა, ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ.

ხოლო ესე სიტყვანი ესმოდეს რომელთამე მოწაფეთა მისთა, არამედ ხილვაჲ იგი დიდებული ყოველთა იხილეს.

მაშინ ნეტარმან მან სრულიად განიხარა მიუმძლავრებელი იგი სიხარული და ჯვარი დასწერა თვისსა მას მონასტერსა და ძმანი თვისნი აკურთხნა საუკუნოჲთა კურთხევითა ყოველთა თანა ქრისტეს მორწმუნეთა და თქვა:

- მეუფეო ქრისტე, ვინაჲთგან თვით თავადმან ივნე და გამოიცადე, ძალ გიც მათდაცა შეწევნად, რომელნი-იგი გამოიცადებოდიან მახეთაგან და საცთურთა მტერისათა. რამეთუ ქრისტეანეთა შემწე შენ ხარ, უფალო, დაიფარენ მარჯვენითა შენითა მოსავნი წმიდისა სახელისა შენისანი და ბოროტისაგან იხსნენ და მიეც მათ სიხარული უოხჭნოჲ. ხოლო მე, მონაჲ შენი, მაცხოვნე სასუფეველსა შენსა და წყალობით მომიხსენე სუფევითა შენითა!

82

და ესრეთ შეჰვედრა სული უფალსა და შეერთო ანგელოზთა კრებულსა, რამეთუ უხორცონი ანგელოზნი და სულნი კაცთანი ერთბუნება არიან და სულსა კაცისასა აქვს მეტყველებაჲ ანგელოზებრი. დაღაცათუ ხორციელთა ენათა დაცხრომისათვის იტყვის დავით: „მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მათნი“, - არამედ იგივე იტყვის წმიდათა სულებისათვის, ვითარმედ: „იქადიან წმიდანი დიდებითა, იხარებენ სახსენებელსა ზედა მათსა“ და მეოხებასა ჰყოფენ ქრისტეს მიმართ მადიდებელთა მათთათვის.

რამეთუ ვიდრე განშჯადმდე ცოცხალთა და მკვდართა იღვწიან მვედრებელთა ხორციელთა კაცთათვის მორწმუნეთა და მოელიან სრულსა მას სიხარულსა და მხიარულებასა აღთქმისაებრ მეუფისა მათისა, რაჟამს დიდებისაგან უდიდებულესსა დიდებასა დაემკვიდრნენ უფლისა დიდებით მოსვლასა.

ხოლო რჩეულთა შეკრებაჲ ოთხთაგან ქართა ცისათა კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე ცისა ესე არს, რამეთუ ქარითა, ვითარცა ეტლითა, შეკრიბნეს ქრისტემან წმიდანი თვისნი წინაშე მისსა სიხარულად და შვებად საუკუნოდ, ოდეს იგი თითოეული მათი ნაშრომსა თვისსა უჩვენებდეს უფალსა და ნაცვალად მიაქვნდეს სიმდიდრე დაულევნელი.

83

მაშინ, ნეტარო მამაო, ახალი იგი ქრისტეჲს მოწამე იოვანე სანატრელი, ხანძთით იერუსალემად მიწევნული და სარკინოზთა ხელითა ბაღდადს ქრისტეჲსთვის მოკლული და სასწაულითა ბრწყინვალე, იხარებდეს რჩეულთა თანა შვილთა შენთა, რაჟამს წარუდგინებდე მათ ქრისტესა. მას ჟამსა რაჲმე იყოს ჩვენ უდებთათვის ნუგეშინისცემა, რომელნი წოდებულ ვართ შენდა მოწაფედ? რამეთუ განხმელ არს სიყვარული ურთიერთას და ყოველი კეთილისა საქმე შემცირებულ არს და დაკლებულებაჲ აღორძინებულ!

არამედ შემდგომად ღმრთისა მოწყალებათა და ყოველთა წმიდათა მეოხებისა ლოცვათა შენთა მიმართ არს სასოებაჲ ჩვენი, წმიდაო მამაო. შეიწირე სარწმუნოებაჲ ჩვენი, ღირსო, რამეთუ შენ უწყი სიყვარული ჩვენი. დაღაცათუ არა გვიხილავ ხორციელად, ნუ დამივიწყებ ჩვენ, არამედ იყავნ მადლი შენი შემწე ჩვენდა, წმიდათა უდაბნოთა შინა დამკვიდრებულთა და ყოვლისა ერისა, რაჲთა ვიპოვნეთ შენ თანა სიხარულისა მის წარუვალისა ცხორებასა.

აწ საყვარელნო ქრისტეჲს მორწმუნენო, ჩვენცა გვიღირს ყოველთა გულსმოდგინებაჲ მსგავსად ძალისა საქმედ კეთილისა მოწყალებასა თანა ღმრთისასა და წმიდათა მეოხებასა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ ცოდვათა შენდობასა და დიდსა წყალობასა საუკუნოდ.

84

ხოლო იყო გარდაცვალებაჲ ნეტარისა მამისა ჩვენისა გრიგოლისი რიცხვსა წელიწადთა მისთასა ას და მეორესა წელსა, ქრონიკონსა ოთხმეოცდაერთსა. არამედ გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხორებაჲ ესე მისი შემდგომად ოთხმეოცდაათისა წლისა, დასაბამითგან გარდასრულთა წელთა ექუს ათას ხუთას ორმეოცდამეათოთხმეტესა წელსა, იერუსალემს პატრიაქობასა აგათონისსა, მცხეთას კათალიკოზობასა მიქელისსა, ქართველთა ზედა მთავრობასა აშოტ კურაპალატისასა, ძისა ადარნერსე ქართველთა მეფისასა, აფხაზთა ზედა მეფობასა გიორგისსა, ძისა კოსტანტი მეფისასა, ერისთავთა ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა ადარნერსე მეფისასა, მაგისტროსობასა ადარნერსესსა, ძისა ბაგრატ მაგისტროსისასა, ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა დავით მამფლისასა. ქრისტემან დიდებაჲ უოხჭნოჲ მათ ყოველთა მიანიჭენ!

ხოლო ჟამსავე მას იყო ანჩს ეპისკოპოსი მაკარი და ნეტარისა მამისა გრიგოლის შენებულთა მათ მონასტერთა იყვნეს მამასახლისნი ნათესავით დიდთა აზნაურთა შვილნი, ხანძთას - მამაჲ თევდორე, დისწული მცხვედაჲსაჲ, და შატბერდს - მამაჲ გრიგოლ, ძე ლიპარიტისი, სახელითა დიდისა მამისა გრიგოლისითა შემკობილი. ქრისტემან სრულიად შეამკვენ მადლითა მისითა და განამართლენ წინაშე მისსა საუკუნოდ!

ხოლო ხანძთისა წინამძღვრისა და იოვანე - ძმისა მისისა - და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა, - სამთავე ამათ ერთად გულსმოდგინებითა დაიწერა ხანძთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე. ქრისტემან წიგნსა მას ცხოველთასა დაწერენ იგინი და სრულიად წყალობა ყავნ ყოველთა მორწმუნეთათვის, რაჲთა გულისხმა ყონ საღმრთოჲ ნიჭი ქვეყანისაჲცა ზეცისასა თანა.

რამეთუ ეკლესიასა შინა ერთი წიგნისმკითხველი მცირეთა მსმენელთა და მრავალთათვის სწორად კმა არნ. და ეგრეთვე, უკეთუ ერთი იკურთხევინ, ანუ მრავალნი, მაკურთხეველი იგი ერთი კმა არნ. რამეთუ მოუკლებელ არიან კეთილნი იგი ქრისტეჲსნი ჩვენდა მომართ ღა მადლი წმიდათა მეოხებისაჲ.

85

რომლისათვისცა დღეს ხსენებაჲ ნეტარისა მამისა გრიგოლისი იყავნ მარადის ჩვენდა სასო და შესავედრებელ სულისა და ხორცთა და ყოველთა მართალთა შორის დასსა მას მონაზონთა ერისთავისა მამისა ჩვენისა დიდისა ანტონისსა ნათელსა შინა დაუღამებელსა, ვითარცა თქვა სოლომონ: „ნათელი მართალთა ზედა მარადის“. და კვალად იტყვის: „ხოლო სულნი მართალთანი ხელთა შინა ღმრთისათა ცხოველ არიან“ და განათებულ მზისა მისგან სიმართლისა ცათა დაუტევნელისა და ქალწულისა საშოსა დატევნულისა გამოუთქუმელად და ჩვენდა ცხორებად გამობრწყინვებულისა ნათლისა მის დაუსაბამოჲსა - ქრისტეჲს ღმრთისა ჩვენისა. რამეთუ არაჲ შეუძლებელ არს მის წინაშე, რომელმანცა მისცა ქმნულსა თვისსა მზისთვალსა ამას ესევითარი ბრწყინვალებაჲ, რომელ ყოველსა ხილულსა მიეფინების და განანათლებს ნათლითა მისითა. და მანვე ყოვლისა შემძლებელმან ღმერთმან მისცა მადლი ხელმწიფებისაჲ ყოველთა წმიდათა მისთა და ჩვენთვის ვედრებასა ჰყოფენ მოუკლებელად მისსა მიმართ. ამისთვისცა ხსენებაჲ მათი ქებით აღესრულების და დღესასწაულისა მათისა შემამკობელთა ჰფარვენ მარადის და განანათლებენ სულთა მათთა და მადლსა მიანიჭებენ ყოველთა მორწმუნეთა, ვინაჲთგან ძალ უც შეწევნაჲ სარწმუნოებით მვედრებელთა მათ თითოეულსა მათგანსა და მარადის მეოხ არიან ჩვენთვის წინაშე წმიდისა სამებისა, დამბადებელისა ყოველთაჲსა, რომლისაჲ არს ძლიერებაჲ, დიდებაჲ და დიდად შვენიერებაჲ და სუფევაჲ დაუსაბამოჲ და დაუსრულებელი და მისსა შვენის პატივი და ქებით თაყვანისცემაჲ ჟამთა უკუნისამდე და მერმეთა მათ საუკუნეთა, ამენ.

86

პირველ ყოფილი ესე სასწაული გვესმა ბერთაგან ჩვენთა, ვითარმედ ჟამსა მამისა გრიგოლის მოწაფისასა ხანძთას ეპიფანეს მამობისასა იყო ვინმე კაცი მდიდარი ანჭკორას და სახელი მისი წერტა, და აწ რომელ წერტაჲსნი ჰრქვიან, თხათა მისთა სადგური ყოფილ არს. და მას ესვა ასული, შობითგან ყრუჲ და უტყვი, ხოლო ჰასაკითა მრთელი. და ვითარ ათცამეტისა წლისაჲ იყო ქალი იგი, დედასა მისსა ჩვენებით ძილსა შინა გამოეცხადა ღირსი ეპიფანე და ჰრქვა:

- ხანძთას ჟამისწირვასა ჩემსა ხვალე მოავლინე კაცი და ხელთა ჩემ, ეპიფანესთა, ნაბანი მოვსცე შენდა და ასვი იგი ასულსა შენსა და სცხე თავსა მისსა და განკურნოს იგი ქრისტემან ვნებათა მისთაგან მადლითა ყოველთა წმიდათაჲთა.

ხოლო მორწმუნემან მან დედაკაცმან არა აუწყა ქმარსა თვისსა ჩვენებაჲ იგი, რამეთუ მას ჟამსა კაცი იგი მონაზონთათვის მკსინვარედ იყო, და იდუმალ წარავლინა კაცი. ხოლო ნეტარმან ეპიფანე უფლისა მიერ იცოდა, რაჲ-იგი ყოფად იყო, და მისცა კაცსა მას ხელთა თვისთა ნაბანი. და მი-რაჲ-იწია, დედაკაცმან მან სარწმუნოებითა მტკიცითა სცხო ევლოგიაჲ იგი უსისხლოჲსა მსხვერპლისაჲ ღირსად შემწირველისა მღდელისაჲ ასულსა თვისსა. ხოლო მას დაეძინა სამ დღე და სამ ღამე. და რაჟამს განეღვიძა, თქვა:

- დიდებაჲ ღმერთსა, დიდებაჲ წმიდასა სამებასა, რომელმან ლოცვითა ნეტარისა მამისა ეპიფანესითა განმკურნა და მიხსნა მე ეშმაკისაგან!

და ვითარცა იხილა სასწაული ესე წერტა, მამამან მისმან, განკვირვებული სიხარულითა სავსე წარვიდა ხანძთად. და ვითარ საჩინოსა უდაბნოჲსასა მიიწია, ხმამაღლად ტიროდა პირველისა მის წარმდებებისა მისისათვის. მაშინ მამამან ეპიფანე სიხარულით და ნუგეშინის ცემით მოიკითხა და ფრიად პატივ სცა ძალისაებრ. ხოლო წერტა დიადი შესაწირავი მიუძღვანა და შეწირა წინაშე წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისსა და ჰმადლობდა ქრისტესა საკვირველთმოქმედსა და მონასა მისსა ეპიფანეს, რომლისა ლოცვითა სრულიად სიხარული მიეფინა. ხოლო ასული იგი მისი კეთილად ცხონდა ამას საწუთროსა და საუკუნოდ. და ჩვენთვისცა უფალმან სრულიად წყალობა ყავნ ოხითა ყოველთა წმიდათა მისთაჲთა.

87

ხანძთას მკვიდრი გაბრიელ მოძღვარი, ფრიად მოღვაწე, ნეტარი წმიდაჲ მამაჲ გვითხრობდა იგი მამისა ბასილისსა, ვითარმედ მრავალთა წელთა მამასახლისობასა მისსა ხანძთას, ესე იყო კანონი მისი:

- ოდეს შინა არნ, ტრაპეზისაგან კიდე საზრდელსა არარას მიიღებდა, არცა ჭამადსა, არცა სასმელსა. ხოლო ჟამსა სნეულებისა მისისასა, რომლითა გარდაიცვალა წინამძღვრობასა შინა მისსა, მრქვა: - შვილო გაბრიელ, საოსტიგნით ცხელი საჭმელი კორკოტისაჲ მომართვი. - და მაშინ არა ეგბო, სხვაჲ შევაგბე და მივართვი, რამეთუ მრავალთა დღეთა არარაჲსა გემოჲ ეხილვა. და ვითარ ცნა, ვითარმედ მას დღესა საეროდ იგი საჭმელი არა ყოფილ არს, მაშინ, რომელი-იგი მიმეღო, შფოთით დასთხია და რისხვით მრქუა მე: - რად სცეთ, საწყალო, და მე მაცთუნებ? - ხოლო მე შიშით შევინდვე და ვჰკითხე მიზეზი ფრიად მოგინებისაჲ. ხოლო მან მრქვა: - შვილო, სიჭაბუკესა ჩემსა მამისა გრიგოლის სახედარსა ვხედევდი და მამასა ჩემთვის ხორციელსა საურავსა ვაწყინებდი. ხოლო მას ღმრთისა კაცისა წინაჲსწარმეტყველებისა მადლი აქვნდა ქრისტესგან და ესრეთ მიბრძანა: - ბასილი, მოკლედ შენ ხანძთას მამასახლისად დასდგები, და აწ რომელსა იურვი, მერე ვითარი გინდეს სამოსელი და საგებელი, გაქვნდეს. ხოლო მოხუცებული, სულიერად მამაჲ შენი, აწვე გამცნებ და ჯვარითა ქრისტესითა ჯვარსა დაგწერ: ოდეს ესე სიტყვაჲ ჩემი საქმით იქმნას, ხანძთას შინა რაჲ იყო, ყოველსა ხორცთა საღვაწსა ტრაპეზსა დაშჯერდი, სხვაგან რაჲ იყო - იგი პატივი შენ ხორცთა შვებად გეყოფისო. და აწ მრავალთა წელიწადთა ჩემსა მამასახლისობასა კანონი მამისა ჩემისაჲ საქმით აღმისრულებიეს. ხოლო შენ სიკვდილისა ჩემისა ჟამსა ურჩებისა პატიჟსა შთამაგდებდი, ამისთვის განვრისხენ შენ ზედა. - და მე კვალადცა შეუვრდი და დამიკვირდა ფრიადი იგი მოთმინებაჲ მისი. ხოლო მამამან ბასილი მაკურთხა ყოვლითა კურთხევითა და მრქუვა: - კურთხეულ იყავ უფლისა მიერ შენ და ყოველი ერი მართლმორწმუნე ოხითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა და წმიდისა გიორგისითა და ყოველთა წმიდათაჲთა. ამენ.

„ქართული მწერლობა“, ტომი I, თბილისი, 1987 წ.