იმ ხანებში ღმრთის ნებით, მამა გრიგოლის კურთხევითა და კურაპალატის თანხმობით, მამა საბა იშხნის ეპისკოპოსად დადგინდა. ამ დროიდან მოყოლებული, იშხანი აღორძინდა და იქცა სულიერი განათლებისა და მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად.
შატბერდი |
დიდად პატივცემული იყო მამა გრიგოლი ღმრთისაგან, ყველა ემორჩილებოდა მის სიტყვას, განსაკუთრებით კი სამეფო ოჯახი. ერთხელ, როდესაც სამივე ძმა ერთად იმყოფებოდა, მამა გრიგოლმა შესთავაზა კლარჯეთის მონასტრების მონახულება. პირველად მივიდნენ შატბერდში, შემდეგ ჯმერკს, ბერთას და დაბას. მეფემ და მთავრებმა დიდძალი შესაწირავი გაუნაწილეს მონასტრებს და ნეტარი მამების ლოცვა-კურთხევით, დიდი მადლიც მოიხვეჭეს. შემდეგ მივიდნენ ოპიზას, ილოცეს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ხოლო იქიდან წარემართნენ ხანძთას და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაც მოილოცეს. მამა გრიგოლმა მონასტრების წინამძღვრებიც თან იახლა. კურაპალატმა და დიდებულებმა იხილეს, რომ ხანძთელი ბერები უმკაცრესი ბერ-მონაზვნური წესით ცხოვრობდნენ, ხოლო ადგილი კი მეტად მწირი და უნაყოფო იყო, ძალიან გაუკვირდათ და უმეტესი შესაწირი მიანიჭეს მას. აქვე მოიწია ღირსი და სასწაულთმოქმედი ზაქარია ანჩელი ეპისკოპოსი და მონასტრების მაშენებელი მიძნაძორელი დიდი მამა - სანატრელი დავითი და მისი მოწაფეები - ნეტარი ილარიონი, მამა და მაშენებელი წყაროსთავისა, რომელიც შემდეგ გახდა მცხეთის კათოლიკოსი და ნეტარი მამა ზაქარია - ბარეთელთის მაშენებელი. წმინდა მამები პატივისცემით მოიკითხეს მეფემ და დიდებულებმა და დიდად გაიხარეს, ვინაიდან მათგან ისმენდნენ საღმრთო მოძღვრებებს და უთხრეს: წმინდა მამებო, როდესაც გიხილეთ თქვენ, სრულიად დაგვავიწყდა, რომ მიწაზე ვიმყოფებით, არამედ გვგონია, რომ ზეცაში ვართ წმინდანების გუნდთან დამკვიდრებულიო, და სთხოვეს მეოხება ღმრთის წინაშე.
წმინდა მამებმა ლოცვით განამტკიცეს ხელისუფალნი და მრავალი სამოძღვრო სიტყვითაც შეაგონეს ისინი, ხოლო ამის შემდეგ ანჩის ეპისკოპოსთან ერთად განიზრახეს მამა გრიგოლის კლარჯეთის უდაბნოთა არქიმანდრიტად [8] დადგინება და მეფეს მოახსენეს. დიდი თხოვნის შემდეგ, ნეტარი მამა დაითანხმეს და იგიც გარდაცვალებამდე კეთილად განაგებდა კლარჯეთის სავანეებს.
მეფემ მოილოცა მოძნაძორი, წყაროსთავი და ბარეთელთი, სადაც უხვი შესაწირავი გასცა და იქ მოღვაწე წმინდა მამებისაგან ლოცვა-კურთხევაც მიიღო. ადარნერსე ხელმწიფემ თავისი ძე გურგენი მოანათვლინა მამა გრიგოლს, ხოლო მეფე ბაგრატ I-ის ძე დავითიც ნეტარი მამის მონათლული იყო.
შემდგომში გურგენ კურაპალატის (881-891 წ.წ.) შვილმა, ერისთავთ-ერისთავმა აშოტ კუხმა (896-918 წ.წ.) ხანძთის ახალი ქვითკირის ეკლესია წამოიწყო და დიდი საფასეც შესწირა. იმ ხანებში ხანძთის წინამძღვარი იყო წარმოშობით დიდგვაროვანი არსენი. მისი სურვილით დაიწყეს ახალი ქვითკირის ეკლესიის აშენება „ფიცხელსა მას კლდესა ზედა“. დიდი შრომითა და ქვითკირის მოშველიებით დაავაკეს და გაამზადეს „ადგილი საფუძველისა“ (ხელოვნური მოედანი შექმნეს) ეკლესიის ასაშენებლად. ეკლესია დიდი სიბრძნითა და ხელოვნებით ააშენა ხუროთმოძღვარმა ამონამ. ქვა და კირი შორი გზიდან, დიდი წვალებით ზურგით მოჰქონდათ. 918 წ. გარდაიცვალა ღმრთისმსახური ერისთავთ-ერისთავი აშოტ კუხი და დამარხეს ხანძთას, ხოლო ეკლესია დაასრულა მისმა ძმისშვილმა გურგენმა, რომელიც ბიძის სიკვდილის შემდეგ დაჯდა ერისთავთ-ერისთავად (918-941 წ.წ.).
მამა გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობის ამბავი განითქვა მთელ საქართველოში და მიაღწია ქართლს. შეიტყო დედამისმაც, რომელიც უკვე ასაკს იყო მიტანებული, გულით გაიხარა და მადლობა შესწირა ღმერთს, ვინაიდან მის გარდა სხვა შვილი არა ჰყავდა, რადგან გრიგოლის შობის შემდეგ წმინდად ცხოვრობდა ლოცვასა და მარხვაში. დიდმა სიხარულმა მას სრულიად დაავიწყა შვილის განშორებით გადატანილი მწუხარება, სწრაფად გაეშურა სახედრით, თან იახლა მსახურები და მივიდა მერეს მონასტერში, სადაც დედა თებრონიამ სიხარულით მიიღო და მამა გრიგოლსაც აუწყა. იგიც სწრაფად მივიდა დედასთან, ქრისტეს სახელით დალოცა და მიესალმა, ხოლო შემდეგ კი შენდობა სთხოვა ფარულად განშორებისათვის. ნეტარმა გრიგოლმა წესისამებრ წარმართა დედის ცხოვრება და დააბინავა მერეში, სადაც გაატარა კიდეც სიცოცხლის დარჩენილი წლები. ამასთანავე მის თანმხლებ პირებზეც იზრუნა, დედის ერთი მსახურთაგანი გაათხოვა და მამა ბასილი, ხანძთის მამასახლისი, მისგან იშვა.
ტაო-კლარჯეთი |
იმ ხანებში, როდესაც არსენი და ეფრემი ყრმობის ასაკიდან გამოვიდნენ და სიბრძნით აღივსნენ, მამებმა თევდორემ და ქრისტეფორემ, რომელთაც ჩააბარა მამა გრიგოლმა ყრმები აღსაზრდელად, გადაწყვიტეს ხანძთიდან წასვლა, რადგან ღმერთი უხილავად მოუწოდებდა მონასტრების ასაშენებლად. მათ ღამით ფარულად დატოვეს ხანძთა და რამდენიმე ძმასთან ერთად გაემართნენ ქართლისაკენ. ნეტარ გრიგოლს ეუწყა უფლისაგან, რომ ხელი არ შეეშალა მათთვის კეთილ საქმეში და თანადგომაც გაეწია. ამ მიზნით მოძებნა ისინი სამცხეში და გაჰყვა მათ სამონასტრო ადგილების მოსანახად. წმინდა მამებმა მოინახულეს სამცხისა და ქართლის უდაბნოთა მიდამოები და შეარჩიეს სამონასტრო ადგილები და ორივეგან ააშენეს სენაკები. მამა თევდორეს სამყოფელს უწოდეს ნეძვი, (ნეძვი - მდებარეობს ბორჯომის რაიონში, მდინარე ნეძვის-ხევის მახლობლად.), ხოლო მამა ქრისტეფორეს სამყოფელს - კვირიკეწმიდა. დროებით მოწაფეები იქ დატოვეს, თვითონ კი დაბრუნდნენ ხანძთაში. მამა გრიგოლმა ბერებს აუხსნა, რომ როგორც ხორციელი მშობელი უნაწილებს თავის მონაგებს შვილებს, ასევე ხანძთა სულიერი მშობელი იყო ყველასათვის და როგორც იშხნის მონასტერში გაგზავნეს მოღვაწე ძმები, ასევე საჭირო იყო ახლადმშენებარე მონასტრებიც ხანძთელი გამოცდილი ბერების თანადგომით აღორძინებულიყო. როდესაც სიტყვა დაასრულა, უბრძანა ყველას შეკრება და ხანძთისათვის გადაარჩია ცამეტი უხუცესი ბერი, დანარჩენი ბერები კი გაჰყო სამ ნაწილად: შატბერდში, ნეძვში და კვირიკეწმიდაში წარსაგზავნად. გრიგოლმა ეფრემი მიანიჭა თევდორეს, ხოლო არსენი მასთან დარჩა. მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ ყველა უხმოდ ემორჩილებოდა სულიერ მოძღვარს და არავინ ცდილობდა ადგილის ამორჩევას. ამის შემდეგ ნეტარი მამები წინ წარუძღვნენ ძმებს და მიიყვანეს ნეძვსა და კვირიკეწმინდაში, სადაც აკურთხეს ადგილები ეკლესიებისათვის და საფუძველიც ჩაასხეს, ხოლო მამა გრიგოლი მხარში ედგა მათ ახალმშენებლობაში. როდესაც ნეტარი მამა ხანძთაში ბრუნდებოდა, დალოცა და ჯვარი გადასახა მონასტერს, ხოლო ძმებმა ცრემლით გააცილეს საყვარელი მამა და მოძღვარი. ამის შემდეგ ნეტარი მამა მონაცვლეობით მოღვაწეობდა ხანძთასა და შატბერდში და საღმრთო მოძღვრებით განსწავლიდა თავის მოწაფეებს. „წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა სრულიად წელიწადისა განგებითა მოძღვარ იყო განუკითხველად და ყოველთა დღესასწაულთა განგებაჲ კეთილად იცოდა, რამეთუ რომელიცა დაესწავა, დაუვიწყებლად ახსოვდა“. მას ჰქონდა სასიამოვნო და ტკბილი ხმა, ხოლო მისი მეხსიერება საკვირველი იყო, რადგან ახალი და ძველი აღთქმა ზეპირად იცოდა, ამავე დროს წმინდა მამათა მოძღვრებებს უწიგნოდ ქადაგებდა, რაც ადამიანურ ბუნებას დიდად აღემატებოდა. მისი სიბრძნის მდინარით არა მარტო ხანძთა და შატბერდი ირწყვებოდა, არამედ „ყოველნი უდაბნონი კლარჯეთისანი“. მასთან მიდიოდნენ მონასტრების წინამძღვრები სულიერი რჩევების მისაღებად. მისი ბიოგრაფის, გიორგი მერჩულის სიტყვები - „აწ არს ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწადო იადგარი, [9] რომლისა სიტყვანი ფრიად კეთილ არიან“. გვაფიქრებინებს, რომ ეს იადგარი სულიწმიდის შეწევნით წმინდა გრიგოლს შეუთხზავს. მართალია ჩვენამდე ვერ მოაღწია ამ იადგარმა, მაგრამ სავარაუდოა, რომ მიქაელ მოდრეკილის იადგარში, რომელიცშედგენილია 978-988 წ.წ. მისი მრავალი საგალობელიც არის შესული.
ვინაიდან მამა გრიგოლის სიწმინდე დიდ პატივისცემას იმსახურებდა ხელმწიფეთა შორის, მათ მრავალჯერ გადაწყვიტეს მისი ეპისკოპოსად კურთხევა, მაგრამ მან არ ინება და განუმარტა, რომ ღმრთის დიდების საყდარნი, უდაბნოს წმინდა ეკლესიანი ნაკლულევანნი არაფრით იყვნენ საეპისკოპოსო საყდართა დიდებისაგან, და როგორც ებრაელებს ერთი ქალაქი მიეცათ კაცისმკვლელთა თავშესაფრად, ასევე წმინდა უდაბნოები (იგულისხმება სავანეები) ამქვეყნიური შფოთისაგან განსარიდებელი მყუდრო ნავსაყუდელიაო, დაარწმუნა წმ. გრიგოლმა მეფე და დიდებულები. იმ ხანად მერეს დედათა მონასტერში გარდაიცვალა მამა გრიგოლის მიერ მივლინებული ჩინებული და პატიოსანი მღვდელი, რამაც საგონებელში ჩააგდო დედა ფებრონია. მამა გრიგოლმა მის მაგივრად გააგზავნა წმინდა მატო, რომელიც თავს არა თვლიდა მღვდლობის პატივის ღირსად, მაგრამ სულიერი მამის ურჩება ვერ გაბედა და დათანხმდა. ორმოცი წელი იყო ღირსი მატო მერეს დედათა მონასტერში მღვდლად და უქმი სიტყვა და უსარგებლო პასუხი არავის მოუსმენია მისგან. მან მიაღწია უბიწოებას არა მხოლოდ ხორცით, არამედ სიტყვით, სასმენელითა და თვალით. მერეს დეკანოზი, ღმრთისმოყვარე თემესტია ამბობდა, ორმოცი წელი „დეკანოზობასა ჩემსა და მატოს მღდლობასა“, საცეცხლური ჩემი ხელიდან არ აუღიაო. მოუკლებელმა ლოცვამ, წყურვილმა, შიმშილმა, უძილობამ, ზედგომამ და მუხლთადრეკამ დააუძლურა მისი ხორცი, გააძლიერა სული და მრავალი სასწაულიც აღასრულა. ხოლო როდესაც ვეღარ შეძლო თავის მომსახურება, ნათესავები და მეგობრები დაიბარა ბერთას მონასტრიდან და გაჰყვა მათ, რადგან არ სურდა, რომ დედები მომსახურებოდნენ. დედები ძლიერ დამწუხრდნენ სულიერ მამასთან განშორების გამო. წასვლის წინ მოძღვარმა მათ ჯვარი გადასახა და დალოცა, ხოლო, როდესაც ნეტარი მატო ბერთას მონასტრის გზას დააყენეს, მცირე ხნის შემდეგ ისე მოძლიერდა, რომ თავისი ფეხით შესძლო ბერთას მონასტერში მისვლა, სადაც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა და წარსდგა „წინაშე უფლისა მხნე, ახოვანი მოღვაწე ქრისტესი და მეოხ არს ჩვენთვის უკუნისამდე“. მისი გარდაცვალებისას ერთდროულად ჰქონდათ ხილვა დედა თემესტია დეკანოზს და ანატოლე დაყუდებულს. ორივე შუაღამისას მივიდა ეკლესიაში და მიუთხრეს ერთმანეთს, რომ იხილეს წმინდა ანგელოზების კრებული და მათ შორის გამოუთქმელი დიდებითა და გალობით ზეცაში აღმავალი წმინდა მატო. ცოტა ხანში ბერთას მონასტრიდან მოვიდა მონაზონი და დედებს წმინდა მამის გარდაცვალება აცნობა, ხოლო ისინი სიხარულით აღვსილნი ადიდებდნენ საკვირველთმოქმედ ღმერთს.
მამა გრიგოლის სულიერი შვილი მიქაელ პარეხელი წარმოშობით შავშეთიდან, სოფელ ნორგიალიდან იყო. იგი თავდაპირველად ბერად შედგა მიძნაძორის მონასტერში, შემდეგ კი გადავიდა ხანძთაში, სადაც დაემოწაფა კიდეც წმინდა ბერს უფრო გვიან მიქაელმა განიზრახა შემდგარიყო მეუდაბნოე მარტოდმყოფად, რაც აღასრულა და განმარტოებული ცხოვრება დაიწყო პარეხში, რომელიც იმ დროს მიტოვებული იყო ერთხელ, როდესაც მამა მიქაელი თავის სენაკისაგან მოშორებით მაღალ კლდეზე იდგა, გაკადნიერდა ბელიარი (ეშმაკი) და ძირს გადმოაგდო, მაგრამ უფალმა იესო ქრისტემ უვნებელად დაიცვა იგი. მაშინ მიხვდა მამა მიქაელი, თუ რა ბრძოლა ელოდა მომავალში და მოწაფე მიავლინა თავის სულიერ მოძღვართან და აუწყა ბოროტ სულთაგან აღძრული განსაცდელი. წმ მამა მაშინვე მივიდა სულიერი შვილის დასახმარებლად და გასამხნევებლად, თავისი ხელით შექმნა ძლევის მომცემელი ქრისტეს ბეჭედი, ხის ორი ჯვარი, მის დასაცავად და მტრის განსადევნად და სენაკისაგან მოშორებით აქეთ და იქით აღმართა, საზღვარი განუწესა და უთხრა: უშიშრად იყავი წმინდა სამების შეწევნითა და პატიოსანი ჯვრის ძალით, ხოლო თუ გადახვალ საზღვარს, პირველზე უარესი განსაცდელი შეგემთხვევაო. შემდეგ ილოცეს და მამა გრიგოლი დაბრუნდა ხანძთაში ნეტარმა მიქაელმა კი მოიპოვა სრული განსვენება, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი და არ მიენდო თავის თავს, როგორც სწერია „ძმაჲ ძმისა შემწუ, ვითარცა ზღუდეა დაუცემელი“. იაკობ მოციქული კი იტყვის „ერთი ერთისათვის ილოცევდით, რათა განიკურნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად“ მამა მიქაელმა პარეხში გაატარა მთელი სიცოცხლე. მის შემდეგ პარეხში დამკვიდრდა ბერი ბასილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე იქვე მოღვაწეობდა.
მამა გრიგოლის აღზრდილი მარადმოსახსენებელი ღირსი მამები, არსენი და ეფრემი, ღმრთის ნებით მწყემსმთავრებად დადგინდნენ. მათ დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთისა და სულიერი მოძღვრისა. დიდი ეფრემი არსენიზე მრავალი წლით ადრე შეიქმნა აწყურის ეპისკოპოსად, ხოლო დიდი არსენი მცხეთას, ქრისტეს კვართის სამკვიდრებელში, ქართლის კათალიკოსად დადგინდა.
მიუხედავად საქართველოს მეფე-კურაპალატის ბაგრატის ძმისა და თანამმართველის, გვარამ დიდი [10] მამფალის წინააღმდეგობისა, სამცხის მთავარმა მირიან II-მ რამდენიმე ეპისკოპოსის თანადგომითა და კურთხევით ქართლის კათალიკოსად დაადგინა თავისი შვილი არსენი. ქართლის ეპისკოპოსები აღშფოთნენ და ეფრემიც მიემხრო მათ, რადგან სიმართლე ეპისკოპოსების მხარეს იყო. დიდმა გვარამ მამფალმა, რომელიც ცუდად იყო განწყობილი მირიანის მიმართ, მოინდომა არსენ კათალიკოსის გადაყენება და ამ მიზნით მოიწვია სრულიად ქართლის (იბერიის) საეკლესიო კრება ჯავახეთში (845-850 წ.წ.). კრებაზე მამა გრიგოლისა და კლარჯეთის უდაბნოს მამების მისვლამდე ეპისკოპოსებმა იმსჯელეს არსენის შესახებ. ერუშნელმა ეპისკოპოსმა კი თქვა, როდესაც მოვა უდაბნოთა ვარსკვლავი, მაშინ გადაწყდება ეს საქმეო, ხოლო, როდესაც ჰკითხეს, თუ ვის გულისხმობდა, უპასუხა, გრიგოლ არქიმანდრიტს, ხანძთისა და შატბერდის მაშენებელსო. ერთმა ეპისკოპოსმა მოურიდებლად წარმოსთქვა: „იგი არს ვარსკვლავი მნათობი?“ მაშინ ყველამ ერთხმად მიუგო, რომ ჭეშმარიტად მამა გრიგოლი იყო მოძღვრების ნათლითა განმანათლებელი და სულიწმინდით შემკული. ამ დროს გამოჩნდა სახედრით მომავალი წმინდა გრიგოლი. ის მართლაც საკვირველი სანახავი იყო. უბრალო სამოსი, რომელიც მას ემოსა, უბრწყინვალესი ნათლით იყო გაცისკროვნებული, ხოლო მის თავზე კუნკული ისე ბრწყინავდა, როგორც ფასდაუდებელი, პატიოსანი თვალმარგალიტით შემკული გვირგვინი. როდესაც ეპისკოპოსებმა იხილეს მისი ღმრთაებრივი დიდება, ყველა მოწიწებით მიეგება. ამ დროს მივიდა ეფრემ მაწყვერელიც. პირველად მოიკითხა თავისი მოძღვარი და შემდეგ ეპისკოპოსები. ნეტარმა მამამ ფარულად სთხოვა მას, რომ ხელი არ შეეშალა თავისი სულიერი ძმისათვის, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ განრისხებულმა მამამ წყრომით მიუგო: უკეთუ ამას ჩაიდენ ეფრემ, მე უარმყავი, ვითა არა შენი მოძღვარიო. ნეტარი ეფრემი სულიერი მამის სიტყვებზე ატირდა და შეჰპირდა, რომ დაემორჩილებოდა მას. მამა გრიგოლმა უთხრა მას, ეფრემ საყვარელო, უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა, შენ იცი, რომ ღმრთისაგან ნაბრძანებია არსენის კათალიკოსობა, მაგრამ მამამისის აჩქარებამ საყვედრებელი გახადა. შენ მე დამიჯერე, რადგან განრისხებული კაცი ღმრთის სიმართლეს ვერ შეიცნობს, ხოლო თუ რამე დანაშაული მიუძღვის არსენს, ჩემზედ იყოსო.
გვარამ მამფალმა, როდესაც გაიგო ნეტარი მამების მისვლა, წინ მიეგება სიხარულით და მდაბლად მოიკითხა. როდესაც ყველანი შეიკრიბნენ, გვარამმა მიმართა მათ, წმინდა მამებო, ეპისკოპოსებო და მეუდაბნოენო, ყველამ იცით კანონი, რომელიც არა ბრძანებს ეპისკოპოსისა და კათალიკოსის ძალმომრეობით დადგენასო და მრავალი გამკილავი სიტყვაც წარმოსთქვა და ელოდა მათგან პასუხს, მაგრამ, ყველას მზერა მამა გრიგოლისა და ეფრემ ეპისკოპოსისაკენ იყო მიპყრობილი. ნეტარმა ეფრემმა განაცხადა, სადაც მამა გრიგოლია, მე იქ ვერ გავბედავ ლაპარაკსო. მაშინ მამა გრიგოლმა წარმოსთქვა, სჯობდა პირველად ეპისკოპოსებს ებრძანებინათ, ხოლო აწ ასე ვიტყვიო: ქრისტეს ჭეშმარიტო სამწყსოვ, ისმინეთ მოხუცებული ბერისა, რადგან „არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაათა არს კათალიკოზი“. დაე, მისმა გამკილავებმა შეინანონ, რომ შერცხვენილნი არ იყვნენ ამ ქვეყნადაც და სამარადისოდაცო. თუმცა გვარამ მამფალი ბრძენი და ღმრთისმსახური იყო, მაგრამ მართალი კაცის მხილებამ ძალიან შეაშფოთა, რადგან „ნებაჲ სიბრძნესა სძლევდა და შური პატივსა არა ჰრიდებდა“. დიდი ხანი არ მენახა მამა გრიგოლი, მაგრამ გაგონილი მქონდა, რომ მისი ბრძენთაგან გამოუკვლეველი სიბრძნე სიბერისაგან შეცვლილი არისო და ეხლა მოსმენილი თვალითაც ვიხილეო, წარმოსთქვა გესლიანად და მრავალი სჯულის სამოძღვრო სიტყვაც განმარტა, რაც ერისკაცს არ შეეფერებოდა. მაშინ ნეტარმა გრიგოლმა უთხრა: ჰოჲ, ხელმწიფეო, რად განრისხდები ჭეშმარიტებისა მსმენელი? შენ იცი, რომ წმინდა მამათა შეკრებებს მეფენიც ესწრებოდნენ, მაგრამ მათთან ერთად სჯულის მოძღვრებაზე კი არ მსჯელობდნენ, არამედ სჯულის გამოძიებას ეკითხებოდნენ და მათგან სწავლობდნენ ღმრთის მცნებებსა და სწამდათ მათი სიტყვისა. და როგორც წმ. მოციქულებისა და ღირსი მღვდელთმოძღვრების განსაზღვრებულ კანონებშია ნაბრძანები, ერისკაცი ეპისკოპოსებისა და წინამძღვრების მოსაგვარებელ საქმეებს არ უნდა განაგებდეს, რაც სჯულისა და მღვდელთმოძღვრების შეურაცხყოფა არის. ხოლო მე, შენი სიტყვებით, გვარამ, ვარ სიბერისაგან ბუნებაშეცვლილი, მაგრამ როდესაც ღმრთის სამართალი განგსჯის, მაშინ მიხვდები შენს შეცოდებებსო. გვარამ მამაფალი შეძრწუნდა და ეპისკოპოსებს სთხოვა, გამოეთქვათ თავისი აზრი. მათ უპასუხეს, რომ ქრისტესმიერმა სასწაულმა დაადუმა მათი ენა, რადგანაც იხილეს მამა გრიგოლის შემოსვლის დროს მიუწვდომელი ღმრთაებრივი ნათელი. შეშინებულმა მეფემ ნეტარ მამას შეჰღაღადა „წმიდაო ღმრთისაო, შემინდევ, რამეთუ დაგაბრკოლე“, ხოლო მან უპასუხა „ქრისტემ შეგინდოს ცოდვები“-ო. კრების შემდეგ გვარამმა ყველანი პურობაზე მიიწვია, სადაც ღვინით გამხიარულებულ გვარამს ეპისკოპოსებმა უთხრეს, ეს მხილება არსენისათვის საჭირო იყო და კარგია, რომ ქრისტიანობის პატივი მშვიდობიანად აღვასრულეთ, ამიერიდან არსენი არის ქართლის კათალიკოსი, ყველას სულიერი მამა და თავდაპირველი ეჭვი დამცხრალიაო, რაზედაც გვარამიც დაეთანხა მათ. ხოლო არსენს, რომელიც კრებას არ ესწრებოღა, აუწყეს, რომ მისმა მოძღვარმა, გრიგოლიმ დაამტკიცა შენი კათალიკოსობაო, და მანაც დიდად გაიხარა. ეფრემ მაწყვერელმა თავისი სულიერი მამის მცნებისამებრ კვლავ განაახლა სიყვარული და მეგობრობა არსენ კათალიკოსთან. დიდი არსენი 27 წელი იყო კათალიკოსად და ქართლის ეკლესიებსაც მრავალი სიხარული მიჰფინა. ასევე ეფრემ მაწყვერელმაც, მრავალი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას. პირველი საუკუნეებიდანვე მირონი იერუსალიმიდან ჩამოჰქონდათ აღმოსავლეთის კათალიკოსებს. ეფრემმა კი იერუსალიმის პატრიარქის ნებართვით მირონის კურთხევა მცხეთაში დააწესა. „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. სულიწმინდით გაბრწყინებული ეფრემ მაწყვერელი 40 წელი ეპისკოპოსობდა. კაცთაგან ფარულად ჩადენილ ცოდვებს ცხადად ჩადენილივით ამხელდა, სასიკვდილოდ განწირულებს სიტყვით კურნავდა, ხოლო ურჩებს სასჯელს მიაგებდა და ასევე მრავალ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა. მადლით აღვსილი მოხუცებული ეპისკოპოსი ეფრემი მიიცვალა უფლისა მიმართ და მორწმუნეთათვის მეოხ-არს უკუნისამდე.
ერთხელ ნეტარი გრიგოლი იმყოფებოდა თავის სენაკში, სადაც არასოდეს ცეცხლი და კანდელი არ დანთებულა. განთიადისას მნათემ იხილა მამა გრიგოლის სამყოფელიდან გამომავალი ნათელი, ეგონა სენაკი იწვოდა და სასწრაფოდ შეატყობინა დეკანოზს, რომელმაც უთხრა: შვილო ნუ გეშინია, ეგ არ არის შემწველი ცეცხლი, არამედ ღმრთის სულია, განმანათლებელიო. რადგან მას მრავალჯერ ენახა მზესავით მბრწყინავი წმინდა მამა სენაკში ხელაღპყრობით მლოცველი, რომლის სხეულიდანაც ჯვრის სახედ გამოდიოდა სინათლის სხივები. ერთხელ, ზამთარში ხანძთის მონასტრის ძმები ყინულზე ძელებს აცურებდნენ და ერთ მოხუცებულ ძმას გაუფრთხილებლობის გამო მოცურებული ძელი უნდა დასცემოდა. შეშინებულმა ბერმა ხმამაღლა დაიძახა: „მამაო, შემეწიე“. მამა გრიგოლიმ ჯვარი გადასახა ძელს და წარმოსთქვა: „სახელითა ქრისტესითა, დადექ ძელო!“ და მისმა სიტყვამ, როგორც უძრავი კლდე, ისე გააჩერა ყინულზე დაქანებული უზარმაზარი ძელი. გახარებული ძმები ადიდებდნენ ღმერთს და აქებდნენ საკვირველთმოქმედ ბერს. წმინდა მამა უფლის მადლით სნეულებსაც კურნავდა. იგი იყო მაგალითი და მტკიცე დამცველი ზნეობისა და მეფეთა მხილებასაც არ ერიდებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მეფის არასწორი ქმედება ერისათვის დამღუპველი იყო. როდესაც აშოტ კურაპალატმა თავის სასახლეში სიძვის დიაცი მიიყვანა, „რომლისა თანა იმრუშებდა“, მამა გრიგოლი დიდად შეწუხდა. მან მკაცრად გაკიცხა მეფე და როდესაც იგი სასახლეში არ იმყოფებოდა, დედაკაცი დაარწმუნა, რომ მიეტოვებინა მეფე და მერეს მონასტერში დედა ფებრონიას ჩააბარა. როცა აშოტ კურაპალატი სასახლეში მივიდა და დედაკაცი იქ აღარ დახვდა, დაივიწყა თავმოყვარეობა და მერეს მონასტერში მივიდა მის წამოსაყვანად, ხოლო როდესაც დედა ფებრონიასაგან უარი მიიღო, გამწარებულმა წარმოსთქვა, ნეტავი იმ კაცს, რომელიც აღარ არის ცოცხალიო, და სწრაფად დატოვა მონასტერი, რადგანაც მამხილებლად ჰქონდა თავისი გონება. როდესაც მეფეს ხორციელი ვნება განეშორა და მიხვდა თავისი შეცოდების სიღრმეს, უხაროდა, რომ ამქვეყნიური ძლიერებით შემოსილი ხელმწიფე, სძლიეს სულიერად ძლიერმა ადამიანებმა - მამა გრიგოლმა და დედა ფებრონიამ, აქებდა მათ და უფალს ადიდებდა. იმ ხანებში ჩვეულება ჰქონდათ უდაბნოთა წინამძღვარ მამებს, რომ დედა ფებრონიას გარეშე არც ერთ მნიშვნელოვან საქმეს არ გადაწყვეტავდნენ. ხშირად უნახავთ მამა გრიგოლი და დედა ფებრონია განმარტოებულად მოსაუბრენი. ერთხელ, მათ მახლობლად მონაზონმა ჩაიარა და მოესმა რამდენიმე სიტყვა, მეტის მოსმენა კი ვეღარ იკადრა. წმინდა მამა ეკითხსებოდა ნეტარ ფებრონიას: „რაჲ გრქუა შენ ანგელოზმან? - რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის“.
აშოტ კურაპალატის ძეს, ადარნერსე ხელმწიფესაც საშინელი ვნება შეამთხვია ეშმაკმა. მეძავმა ქალმა, რომელთანაც იგი მრუშობდა, მის მეუღლეს, აფხაზეთის მეფის ასულს მრუშობაში დასდო ბრალი. (ადარნერსეს მეუღლე, ბევრეულისი იყო ასული მეფე დემეტრე II ძმის - ბაგრატ უფლისწულისა). ადარნერსე ხელმწიფემ მშობლებთან გაგზავნა დედოფალი და სხვა შეირთო ცოლად. მამა გრიგოლმა მრავალჯერ ამხილა იგი და როდესაც მისი თხოვნა არ შეისმინა, უწინასწარმეტყველა რომ ის და მისი მომავალი შვილები დასნეულდებოდნენ და არ განიკურნებოდნენ, სანამ უსამართლოდ განდევნილი დედოფლისაგან შენდობას არ მიიღებდნენ. მეძავი დედაკაცი კი საშინლად დაისჯებოდა. ცოტა ხანში სრულიად ჯანმრთელ ადარნერსეს ნეკრესის ქარი დაემართა და საშინლად იტანჯებოდა. მან კაცი გააგზავნა დედოფალთან შენდობის სათხოვნელად დედოფალი ბევრეულისი კი ანასტასიას სახელით დიდსქემოსანი მონაზონი გამხდარიყო (ხს. 5 ოქტომბერი). მან ქრისტეს სახელით შეუნდო ყოფილ მეუღლეს, რის შემდეგაც ადარნერსე განიკურნა. მრავალი წლის შემდეგ კი, მისი შვილები, გურგენი და სუმბატიც დასნეულდნენ. საგლახაკოდ შემოსილი შვილები მამამ სასწრაფოდ უკვე გარდაცვლილი დედოფლის საფლავზე წარგზავნა. როდესაც ყრმებმა ილოცეს და შენდობა გამოსთხოვეს ნეტარ დედას, სრულიად განიკურნენ. შემასმენელი მეძავი დედაკაცი კი ეშმაკეული შეიქმნა და მრავალი განსაცდელი შეემთხვა თავისი უკეთური საქმეების გამო. იგი ცრემლითა და გოდებით მივიდა დედა ფებრონიასთან და სთხოვდა, რათა მამა გრიგოლს შეეწყალებინა. დედა ფებრონიამ წერილი მისწერა წმინდა ბერს და ევედრებოდა საბრალო დედაკაცის შეწყალებას, მაგრამ მან არ შეისმინა მისი თხოვნა და შეუთვალა, რომ ძალიან მძიმე ცოდვა ჰქონდა ჩადენილი და სიცოცხლეში არ ეპატიებოდა, რადგან მართალ ქალს მეძავის სახელი განუთქვა და განაშორა თავის მეუღლეს, ამასთანავე მართალი კაცის სისხლიც მასზეა და თავისი უკეთური საქმეების გამო სიკვდილამდე უნდა იტანჯოსო. დედა ფებრონიაც დაეთანხმა მის გადაწყვეტილებას, როგორც წინასწარმეტყველმა თქვა: „სულები წინასწარმეტყველთა, წინასწარმეტყველთა დაემორჩილებიანო“. მან როგორც შესძლო ანუგეშა სასოწარკვეთილი ქალი, რომელიც სიკვდილამდე მერეში იმყოფებოდა და „ბოროტოა გვემათა შინა იყო“, ხოლო გონება კი ნათელი ჰქონდა. როდესაც გარდაიცვალა, დედა ფებრონიას ბრძანებით მონაზვნების მახლობლად დაკრძალეს, რათა ცოდვილი მართალთა სიახლოვით განმართლებულიყო, მაგრამ უფალმა დიდი სასწაული მოახდინა, მისი გვამი სამჯერ იხილეს აკლდემის გარეთ გამოძევებული. ღრმადმოხუცებულმა დედა ფებრონიამ წერილით შეატყობინა მამა გრიგოლს ეს ამბავი და სთხოვა, შეენდო დედაკაცისათვის. წმინდა მამამ წერილი მისწერა გარდაცვლილ მონაზვნებს: ქრისტეს მოყვარენო დედანო, მძინარენო ხორცითა და მღვიძარენო სულითა, აწ გევედრებით საწყალი დადაკაცისათვის, „ითხოვეთ ქრისტესაგან ბრალთა მისთა შენდობაჲ და ღირს ყვენით ძვალნი მისნი ძვალთა თანა თქვენთა და სული მისი სულისა თქვენისა თანა“. როდესაც წაუკითხეს მამა გრიგოლის წერილი მიცვალებულ მონაზვნებს და დედა ფებრონიას დანაბარებიც აუწყეს, მაშინღა მიიღეს ღირსმა დედებმა მკვდარი დედაკაცი და აღარ განაგდეს. მამა გრიგოლი იყო სიცოცხლეშიც მისი მამხილებელი და სიკვდილის შემდეგაც ღმრთისაგან შენდობა ისევ მან მოუპოვა საბრალო დედაკაცს, რომელსაც ძლიერ შეეწია თავისი სინანულიც.
წმინდა გრიგოლი იყო არა მარტო ადამიანების, არამედ ცხოველების მყუდრო ნავთსაყუდელიც. ერთხელ, მთაში ყოფნის დროს, მონადირეებისაგან დამფრთხალმა ირემმა ძმებს შორის გაიარა, მივიდა წმინდა ბერთან და თავი ხელზე დაადო, თითქოს შველას ითხოვდა მისგან. ნეტარმა მამამ წარმოსთქვა: „სახელითა ქრისტესითა ვერ გავნონ მტერთა ამათ შენთა, ნუ გეშინინ“. მონადირეები, რომელთაც ეს საკვირველება იხილეს, ადიდებდნენ ღმერთს, მივიდნენ წმინდა მამასთან და დალოცვა სთხოვეს. ბერმა ჯვარი გადასახა მათ, ირმის ნაცვლად კი სხვა სანოვაგე მისცა და მშვიდობით გაისტუმრა.
იმავე ხანებში სენაკში მყოფ ნეტარ მამასთან სირბილით შეცვივდა მონადირეებისაგან გამოქცეული ოთხი თხა. მამა გრიგოლი მიხვდა მიზეზს და ანუგეშა ისინი, მონადირეები მშვიდობით გაისტუმრა, თხებიც გამოკვება და გაუშვა.
მამა ბასილს ჭაბუკობისას კისერზე ძირმაგარა გამოუვიდა და საშინლად იტანჯებოდა. მამა გრიგოლმა ძლიერად დაჰკრა ხელი მტკივან ადგილზე და სრულიად განკურნა იგი, ხოლო ამ სასწაულის მხილველნი ადიდებდნენ ღმერთს და აქებდნენ მას.
მას შემდეგ, რაც კლარჯეთის დიდებული უდაბნო აღორძინდა, მათი მღვდლები და დიაკვნები ანჩელი ეპისკოპოსისაგან იკურთხებოდნენ. ანჩის საეპისკოპოსოს მრავალი სასწაულთმოქმედი წინამძღოლი ჰყავდა. ერთ-ერთი მათ შორის იყო მამა ზაქარია, რომელმაც მრავალი სასწაული აღასრულა. მონასტრის ახლოს დაფერდებულ ადგილას ეკიდა დიდი ლოდი, რომელიც ხშირად იძვროდა, რის გამოც მონაზვნებს ეშინოდათ სენაკში შესვლა. ერთხელ მამა ზაქარიამ მათ უთხრა, რომ ამ ლოდს ხვალ სხვა ადგილზე იხილავთო და მოხდა სასწაული. ისე აღსრულდა მისი ნათქვამი, ქვის შეძვრის ხმაც არ გაუგიათ მამებს. ხოლო, როდესაც ანჩის საზღვრებს კალია შემოესია. ნეტარმა ეპისკოპოსმა ზაქარიამ წინ კვერთხი მიაგება და უფალმა მისი მადლითა და მეოხებით მოსრა ურიცხვი კალია, რომელიც მზის სინათლესაც კი აბნელებდა. საღმრთო მადლის სუფევა კი ყრმა ზაქარიაზე ასე განცხადდა: ერთხელ, როდესაც ცხვრებს მწყემსავდა კლარჯეთის სანახებში, როგორც მღვდელმა, შესაწირავი გაამზადა წმინდა ჯვრის წინაშე და სხვა ბავშვებთან ერთად გალობდა „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა, ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ ღმერთსა“ და „უფალო შეგჳწყალენს“-აც მრავალგზის გალობდნენ. ამ დროს გზად ვინმე ანჩელ ეპისკოპოსს გამოუვლია და ყრმის თავზე უხილავს ცად აღწევნილი ნათლის სვეტი. ამ სასწაულის მნახველ ეპისკოპოსს ყრმა ზაქარია თან წაუყვანია და ტბის მონასტრის დეკანოზისათვის ჩაუბარებია აღსაზრდელად.
სათნო ეპისკოპოსებით იყო განთქმული ანჩის საყდარი. სანამ მას არ დაეპატრონა საჰაკ ამირის ძის მიერ აღზრდილი უკეთური ცქირი. მან, როდესაც იხილა ანჩის ეპისკოპოსი გარდაცვლილი, მოითხოვა აშოტ კურაპალატისაგან ანჩის საყდარი. მრავალი მცდელობის შემდეგ, ძალადობით დაეპატრონა მას და ბოროტებას ბოროტება შესძინა. კლარჯეთის მეუდაბნოე მამები, განსაკუთრებით კი მამა გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ მის უწესო საქციელს. უკეთურმა და ამპარტავნებისაგან დაბრმავებულმა ცქირმა კი ერთი უბადრუკი, ურცხვი და მშვილდოსნობაში გაწაფული ანჩელი კაცი მოისყიდა მამა გრიგოლის მოსაკლავად, რისთვისაც 300 კგ. ფეტვსა და 5 თხას დაჰპირდა. როდესაც აგარაკიდან ხანძთაში მიმავალი მამა გრიგოლი შვილდ-ისრით შეიარაღებულმა ჩასაფრებულმა მკვლელმა იხილა, ძრწოლამ შეიპყრო, რადგან, წმინდა ბერს, რომელიც ეფრემ ასურის თქმულ საკითხავებს ზეპირად აღმოიტყოდა და სულიწმიდის მადლით საღმრთო ხილვები ჰქონდა, ცამდე აღწეული ბრწყინვალე ნათლის სვეტი ჰფარავდა და თავზე ცისარტყელას მსგავსად ჯვარი ედგა. ამ დიდების მხილველი უბადრუკი კაცი ძრწოლამ შეიპყრო, მკლავი გაუშეშდა და ზარდაცემული ძირს დაეცა. მან აღიარა დანაშაული და პატიება ითხოვა ბერისაგან, რომელმაც შეუნდო და განჰკურნა იგი. გაბოროტებულმა ცქირმა ამ ამბის გაგების შემდეგ მრავალი ბოროტება შეამთხვია ნეტარ გრიგოლს და სხვა წმინდა მამებს. მამა გრიგოლის ბრძანებით, ყველაფერი აცნობეს აშოტ კურაპალატსა და ქართლის კათალიკოსს, რომელმაც ღირსეული ეპისკოპოსები გამოგზავნა კრებაზე დასასწრებად; სასწაულთმოქმედმა მეუდაბნოე მამებმა, ანჩის საყდრის მრევლმა და დედა ფებრონიამ ამხილეს ცქირის უსჯულოება და განჰკვეთეს. იგი დედა ფებრონიამ და მამა გრიგოლმა შემოსილი საკურთხევლიდან ჩამოიყვანეს, განძარცვეს და ეკლესიიდან გააძევეს. პატივაყრილი ცქირი თბილისში ჩავიდა საჰაკ-ამირასთან და მისი დახმარებით ხელახლა დაეპატრონა ანჩის საყდარს. მან გადაწყვიტა შური ეძია მამა გრიგოლზე. შეკრიბა ანჩელი ერისკაცები და გააგზავნა ხანძთის მონასტრის დასანგრევად. მზის ამოსვლისას მისულ ხალხს, მამა გრიგოლმა სთხოვა შუადღემდე დრო მიეცათ, სალოცავად. ისინიც დათანხმდნენ, რადგან მრავალჯერ ენახათ მის მიერ აღსრულებული სასწაულები. ნეტარი ბერის ვედრება ისმინა უფალმა და წმინდა ანგელოზის მიერ აუწყა, რომ საღმრთო შურისძიება ეწეოდა მათ მტერს და მალე მოვიდოდა ამბავი მისი სიკვდილისა. გახარებული მამა გრიგოლი ეკლესიიდან გამოვიდა და უთხრა ტაძრის დასანგრევად მისულ ხალხს, ნუღარ გეშინიათ თქვენი ბოროტი მომავლინებელისა, რადგან უფალმა რისხვით მოკლა იგიო. ამ დროს მოვიდა კიდეც კაცი, რომელმაც აუწყა მათ: „ნუღარ იკადრებთ დარღვევად დიდებულსა ხანძთასა, რამეთუ დამარღვეველი მაგისი მოკვდა“-ო. როდესაც ხალხი გააგზავნა ხანძთაში, ცქირი ანჩელ წმინდა მღვდელთან ერთად წავიდა ქორთაში, სადაც განძი ჰქონდა ჩამარხული და უნდოდა იმის თან წაღება. გზაში ჭამეს და როდესაც მიერულა, თავისი უკეთური საქმეებისა და ხანძთელი მამების ბოროტისყოფისათვის საშინელი ჩვენება იხილა, ხოლო მასთან ერთად მყოფ მღვდელს უფალმა გამოუცხადა ცქირის ბოროტად სიკვდილი. მაშინ მღვდელმა სასწრაფრდ გააგზავნა მოწაფე ხანძთაში და წინასწარ აცნობა ცქირის სიკვდილი. ხოლო, როდესაც ისინი ქორთაში მივიდნენ, ცქირი მოკვდა და დაფლეს უპატიოდ.
დიდებული და სასწაულთმოქმედი მამა გრიგოლი იყო სტუმართმოყვარე და გლახაკთა განმკითხველი. დღე და ღამე თავისი ხელით შრომობდა, ვითარცა იტყვის მოციქული პავლე „რომელი არა შვრებოდის, ნუცაღა ჭამ“-ო. იგი ღრმად მოხუცდა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი იყო. სახის ფერი არ შესცვლია და არ დაუძლურებულა, რადგან მისი განმაძლიერებელი იყო ქრისტე. ნეტარი მამა მეტწილად შატბერდში იმყოფებოდა, რადგან სხვა მონასტრებში მამასახლისები დაედგინა და ისინი ზრუნავდნენ ძმებზე, ხოლო რაც უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე იყო, მას აცნობებდნენ და ღმრთისაგან მინიჭებული სიბრძნით, რომელიც მუდამ მასთან იყო დავანებული, განაგებდა. როდესაც ხანძთელი ბერები მიხვდნენ, რომ მოახლოვებული იყო მათი სულიერი მამის აღსასრული, ვისაც სიარული შეეძლო, ყველანი გაეშურნენ შატბერდში და სთხოვეს ხანძთაში დაბრუნება, რომელიც მისი შრომისა და ღვაწლის პირველნაყოფი იყო. შატბერდელ ბერებს გაუძნელდათ სულიერ მამასთან განშორება, მაგრამ სიმართლე ხანძთელთა მხარეს იყო და უარი ვერ უთხრეს. მამა გრიგოლმა შატბერდვლ ძმებს მოუწოდა და განუწესა, რომ ამ ორ მონასტერს შორის სამარადისოდ ყოფილიყო სულიერი ერთობა და სიყვარული. ერთმანეთი თუ გეყვარებათ, ამით შეიტყობს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართო - დამოძღვრა ბერმა და სხვა მრავალი დარიგებაც მისცა თავის სულიერ შვილებს, შემდეგ შევიდა ეკლესიაში, ცრემლმორეულმა ილოცა, ამბორისყოფით დაემშვიდობა ძმებს და გაემართა ხანძთისაკენ. გზად შემაღლებულ ადგილზე შეჩერდა, დიდება შესწირა ღმერთს და წარმოსთქვა: კეთილად აღორძინდი, შატბერდო, შეიმკე მადლითა და განძლიერდი ძალითა ღმრთისათა, რამეთუ, მე აწ, ესერა მშვიდობასა დაგიტოვებ შენ და აღარ იხილო პირი ჩემი ხორციელად, ვიდრე უფლის დიდებით მოსვლამდეო და გზა გააგრძელა. მამა გრიგოლის ხანძთაში დაბრუნებას სიხარულით შეხვდნენ ახლომდებარე უდაბნოების მკვიდრნიც. ბერები ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მის სანახავად და სიხარულით აღვსილებს მისი ლოცვა-კურთხევა მიჰქონდათ თან. გაიხარა მამა გრიგოლმაც, როცა თავისი მონასტერი აღორძინებული იხილა და აკურთხა წინამძღვარი მამა ეპიფანე და მონასტრის ძმები.
წინასწარ შეიცნო ნეტარმა სიკვდილთან მიახლოვებისა და ღმერთთან მისვლის დრო. მან უდაბნოს ყველა სავანეში ცვილის კელაპტრები დააგზავნა და შეუთვალა ის დრო, როცა უნდა აენთოთ და ელოცათ მისთვის, ხოლო, როდესაც ის დღე დადგა, როგორც ღმრთისმშობლის მიძინებისას მიიწივნენ წმინდა მოციქულები, ასევე ნეტარი მამის სენაკშიც, დათქმულ დროს მის პატივსაცემად და კურთხევის მისაღებად შემოიკრიბნენ წმინდა მამები. ძმებმა მრავალი საქებარი სიტყვა უძღვნეს სულიერ მამას. ასევე მანაც მრავალგზის დამოძღვრა ისინი: შვილებო, რომელი მცნებაც თავიდანვე მოგეცით თქვენი სულის საცხოვნებელად, აღასრულეთ იგი და მარად მომიხსენეთ ლოცვითა და ჟამისწირვითა, „რამეთუ აჰა, ესერა ვიდრე ჟამამდე კუალად წოდებისა ჴორცნი ჩემნი მიიქცევიან მიწად, ხოლო სული ჩემი შეიწყნაროს უფალმან“. ამ სიტყვებს როდესაც ამბობდა, მიუწვდომელი ნათელი დაადგა და პატიოსანი საკმეველის კეთილსურნელებამ აავსო მისი სამყოფელი და ანგელოზთა ბანაკი გარე მოადგა მას. და ვინაიდან მას ჩვეულება ჰქონდა ზეციურ წმინდა ანგელოზთა ხილვისა, მათგანვე ესმა სიხარულის ხმა „ნუ გეშინინ მოსვლად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტჱსო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა გიწესს მეუფჱ ცათაჲ ქრისტჱ. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა, ნეტარსა მას დიდებასა დამკვდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“. ეს სიტყვები ესმოდა ზოგიერთ მის მოწაფესაც, ხოლო დიდებული ხილვა ყველამ იხილა. მაშინ ნეტარმა გრიგოლმა გაიხარა დიდი სიხარულით, ჯვარი გადასახა მონასტერს, თავისი მოწაფეები და ქრისტიანები საუკუნო კურთხევით აკურთხა, შეავედრა უფალ იესო ქრისტეს და შესთხოვა: „მეუფეო ქრისტე, მე, მონაჲ შენი, მაცხოვნე სასუფეველსა შენსა და წყალობით მომიხსენე სუფევითა შენითა“. შეავედრა სული უფალს და შეუერთდა ანგელოზთა კრებულს. სიბრძნით განსრულებული, კეთილად განმგებელი მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი ღირსი გრიგოლი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში, 861 წ. 5 ოქტომბერს. წმინდანის ნეშტი, საკუთარი ანდერძისამებრ დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, სულიერ ძმებს შორის, ხოლო მისი ნეტარი სული დაემკვიდრა „ნათელსა შინა დაუღამებელსა“, როგორც იტყვის ბრძენი სოლომონი „სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისაჲთა ცხოველ არიან“.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
[1] - ნერსე II ერისმთავარი იყო ძე ადარნასე ერისმთავრისა და კურაპალატისა, ერისმთავრობდა VIII ს. II ნახევარში 781 წლამდე. იგი იყო ეროვნული პოლიტიკის გამტარებელი და ამიტომაც რამდენჯერმა განიცადა ტყვეობა და დევნა არაბთაგან. გრიგოლი იყო ნერსეს ცოლის ძმისშვილი.
[2] - იგულისხმება ბერძნული ენა და მწიგნობრობა, ასევე სირიული და არაბული.
[3] - კლარჯეთი - მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მდინარე ჭოროხის ქვემო წელზე, არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.
[4] - საისტორიო წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ქართველი ბაგრატიონები, ვიდრე ისინი გახდებოდნენ ქართლის ანუ იბერიის ერისმთავარნი და შემდეგ მეფენი, ადრე ყოფილან მესხეთის მხარეთა მთავრები და მათი რეზიდენცია იყო კლარჯეთში, ამის გამო ამ სამფლობელოს „კლარჯეთის სახლი“ ეწოდა. ბაგრატიონები პიტიახშის ხარისხს ატარებდნენ.
[5] - იშხნის ძველი ეკლესია VII ს. ააშენა ნერსე იშხნელმა. ხოლო საბას მიერ დაწყებული იშხნის სავანის აღდგენაში და მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო აშოტის ძემ - მეფე ბაგრატ I კურაპალატმა.
[6] - ტიტული „მამფალი“ იგივეა, რაც ირანული ტერმინი „პიტიახში“ - ანუ იგივე „სეფე-წული“. მამფალი სამეფო გვარეულობიდან ინიშნებოდა.
[7] - საჰაკ ამირა ისმაილის ძე - თბილისის ამირა 831-853 წ.წ. იგი ეურჩებოდა ხალიფას. მის დასასჯელად გამოგზავნილმა ბუთა-თურქმა 853 წ. თბილისი ააოხრა და ამირა სიკვდილით დასაჯა.
[8] - არქიმანდრიტი - მონასტრის წინამძღვარი.
[9] - საწელიწადო იადგარი - ეკლესიაში წირვა-ლოცვის დროს მთელი წლის მანძილზე გამოსაყენებელი ლიტრუგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილი იყო ქრისტიანული დღესასწაულების საგალობლები და აგრეთვე წმინდანების ხსენების დღეს შესასრულებელი საგალობლები.
[10] - გვარამისთვის „დიდი“ უწოდებიათ იმის გამო, რომ იგი ყოფილა შეურიგებელი მებრძოლი არაბთა მფლობელობის წინააღმდეგ და ფაქტიური ხელმძღვანელი ანტიარაბული ფრონტისა, როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში.