ნიკოლოზ გულაბერისძე

საკითხავი სვეტიცხოველისაჲ

ავტორის შესახებ

ნიკოლოზ გულაბერისძე იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე XII საუკუნის II ნახევარში. მის შესახებ საისტორიო წყაროებში ცნობები ძალზე მწირადაა შემონახული. თავის წარმომავლობას ნიკოლოზ კათოლიკოსი გვამცნობს თავისსავე თხზულებაში - „საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისაჲ“, რომელშიც სვეტიცხოვლის ერთ-ერთი სასწაულის აღწერაში მან შეიტანა ზოგიერთი მონაცემი თავისი ბიოგრაფიიდან; მას ავტობიოგრაფიის გადმოცემის მიზადასახულობა არ ჰქონია; ეპიზოდის მიზანი სასწაულის ასახვა იყო, თუ როგორ გადარჩნენ ნიკოლოზი და მისი თანამგზავრი ცხოველი სვეტის სასწაულებრივი წინამძღოლობით. კერძოდ, მწერალმა აღწერა, რომ იგი იყო კახეთიდან და მისი ბიძა, მამისძმა სვიმონი, პატრიარქად კურთხევამდე არმაზში წმიდა საბას მონასტერში მოღვაწეობდა. სვიმონი, როგორც ჩანს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გამხდარა ნიკოლოზის სიყრმის წლებში; ნიკოლოზი სწორედ ამ თავის ბიძასთან მიდიოდა კახეთიდან არმაზში. სასწაულში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ გაიყვანა არმაზს მიმავალი ნიკოლოზ გულაბერისძე ზეცად აღწეულმა ცხოველმა სვეტმა სოფელ წიწამურთან („სოფელსა მას მახლობელსა არაგჳსასა წიწამურს“) ადიდებული არაგვის ერთი ნაპირიდან მეორეზე თავის თანმხლებ პირთან ერთად, რომელიც ღვინით დატვირთულ ცხენს მიუძღოდა. ჩანს, ბიძა-ძმისწულს თბილი, სულიერი ურთიერთობები ჰქონდათ.

ნიკოლოზი კათოლიკოსი ყოფილა გიორგი მესამისა (1156-1184) და ბურდუხან დედოფლის ზეობის ჟამს. თამარის ისტორიკოსი მიუთითებს, რომ ნიკოლოზ გულაბერისძე უსათნოესი და ღვთაებრივი თვისებების მქონე პიროვნება ყოფილა.

1177-1178 წლებში ნიკოლოზ გულაბერისძე კათალიკოსობიდან გადადგა, რის შესახებაც ბასილი ეზოსმოძღვარმა აღნიშნა: „რომელსა სიმდაბლისა ძლითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან“. ნიკოლოზის კათოლიკოსობიდან გადადგომა რეგრესული მოვლენა იყო საქართველოს საეკლესიო და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან მის შემდგომ საკათალიკოსო ტახტს დაეუფლა მიქაელ მირიანის ძე, რომელმაც მიიტაცა რამდენიმე უმთავრესი სახელმწიფო სახელო, რაც თამარის ისტორიკოსმა „მოვერაგებად“ შეაფასა.

კათალიკოსობიდან გადადგომის შემდეგ ნიკოლოზის საქმიანობა დაუკავშირდა ათონის ქართველთა მონასტერს, სადაც იგი 1178 წელს ჩასულა. კათოლიკოსყოფილს იერუსალიმს წასვლა ჰქონია განზრახული, მაგრამ ათონზე მომხდარი ტრაგიკული ამბის გაგების შემდეგ განზრახვა შეუცვლია და ათონისაკენ გამგზავრებულა. ივირონის მონასტრის ხელნაწერები მოწმობენ, რომ ამ წელს ათონზე ქართველთა მონასტერს დიდი უბედურება ეწვია, ხანძარი გაჩნდა და გადაიწვა კელინები. ქართველი დიდებულები ძლიერ შეწუხებულან და შესაწირავები უხვად გაუგზავნიათ მონასტრებისა და სხვა შენობათა შესაკეთებლად.

ათონზე ჩასული ნიკოლოზ გულაბერისძე მყისვე მხარში ამოუდგა ივირონის მაშინდელ წინამძღვარს - მამა პავლეს და მასთან ერთად იზრუნა მონასტრის გადასარჩენად. მართლაც, მამა პავლესა და ნიკოლოზ გულაბერისძის თანამოღვაწეობის შედეგად აღორძინდა ქართველთა სიამაყე - ივირონის მონასტერი. მამა პავლესა და ნიკოლოზ გულაბერისძის ერთობლივი მოღვაწეობის, მათი საქმიანობის მჭიდრო კავშირის შესახებ მოგვითხრობს მამა პავლეს მიერ ნიკოლოზისათვის განწესებული აღაპი, რომელიც არის ძირითადი წყარო ათონზე ნიკოლოზის მოღვაწეობის შესახებ. მან აღადგინა „მთავარანგელოზთა ეკლესია მოხატვით, გამოჭიქვით, დაჭრელებით, გალავნის ერთ-ერთი კუთხე კოშკად („ბურღოდ“) „აღამაღლა“. მანვე შეადგინა თამარ მეფის სახელზე დადებული აღაპი.

ათონიდან ნიკოლოზი იერუსალიმს წასულა, 1182 ან 1183 წელს, სადაც ერთი-ორი წელი დარჩა და საიდანაც 1184 წელს ახალგაზრდა თამარ მეფის თხოვნით დაბრუნდა, რომელმაც გამეფების პირველსავე წელს გარს შემოიკრიბა ერთგული და სანდო პიროვნებები, მათ შორის ნიკოლოზ გულაბერისძე. ამასთან დაკავშირებით „ქართლის ცხოვრებაში“, თამარის ორსავე ისტორიაში, დაცულია ცნობა თამარ მეფის მიერ ნიკოლოზ გულაბერისძის იერუსალიმიდან გამოხმობის თაობაზე, რათა საეკლესიო ცხოვრებაში რეფორმა გაეტარებინა. დავიმოწმებთ ამ მონაკვეთს საისტორიო თხზულებიდან: „პირველად აღმოუწოდა წმიდით ქალაქით იერუსალემით ნიკოლაოზს გულაბერისძესა, რომელსა სიმდაბლისა ძლითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან. ესე რა მოიყვანა, შემოკრიბნა ყოველნი სამეფოსა თჳსისა მღდელთმოძღუარნი, მონაზონნი და მეუდაბნოენი, კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთონი და მოსწრაფე იყო, რაჲთა მართლმადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი აღმოფხურნეს სამეფოსაგან თჳსისა, რომელი-ესე ადრე განემარჯუა სასოებისა კეთილისა მქონებელსა. ხოლო შემო-რაჲ-კრიბეს ორისავე სამთავროსა ეპისკოპოსნი, რომელთა პირად აქუნდა ზემო-მოჴსენებული ნიკოლაოს, მსგავსი სეხნისა თჳსისა, და ანტონი ქუთათელი საღირის-ძე, დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყჳთ. მიეგებოდა მათ თამარ დიდითა სიმდაბლითა, ვითარცა კაცი და არა მეფე, ვითარ ანგელოზთა და არა კაცთა. შეკრიბნა ყოველნი ერთსა სადგურსა და დასხნა საყდრებითა, ხოლო თჳთ დაჯდა შორის მათსა მარტოდ და არა მეფობით“... კრების ოფიციალურ მიზეზად სარწმუნოებრივი საკითხები იყო დასახელებული. აქ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნიკოლოზ გულაბერისძის წმიდა ნიკოლოზთან შედარება, რაც ისტორიკოსს მისი ხასიათისა და ბუნების საჩვენებლად სჭირდება. ნიკოლოზსა და ანტონს ისტორიკოსმა უწოდა „პირმეტყუვლნი მთიებნი“, ხოლო სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს - „ცის ვარსკვლავთა კრებული“.

ნიკოლოზ გულაბერისძე წარმოჩენილია სამეფო იდეოლოგიის მომხრე და ცხოვრებაში მის გამტარებელ პიროვნებად, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და კათალიკოსობა დათმო მას შემდეგ, რაც თვით მეფე გიორგი მესამე სასტიკად და მკაცრად გაუსწორდა თავის ერთადერთ ძმისწულს დემეტრე/დემნა უფლისწულს. ჩანს, რომ გიორგი მესამის მიერ უფლისწულის დასჯის ფორმებს არ იზიარებდა, მიუხედავად ამისა, ნიკოლოზი მაშინვე დაბრუნდა საქართველოში, როგორც კი თამარმა, ტახტზე ასვლისთანავე, მოუხმო მას. ცხადია, ეს სარწმუნოებრივთან ერთად მის სახელმწიფოებრივ თვალთახედვასა და პოლიტიკურ გამჭრიახობაზე მეტყველებს.

ნიკოლოზ გულაბერისძეს საქართველოში იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ დაუწერია თავისი პომილეტიკური და პიმნოგრაფიული თხზულებები, რომლებიც უფლის კვართის, ცხოველი სვეტისა და საქართველოს უმთავრესი ტაძრის თემას ასახავენ და მათ ეძღვნება. მისი ორიგინალური თხზულებები გვიანდვლი ხელნაწერებითაა შემონახული და ემჩნევათ რედაქტორის ხელი. ამას ადასტურებს „საკითხავის“ ხელნაწერებს დართული მინაწერიც, რომელშიც აღნიშნულია დომენტი კათალიკოსის მიერ ტექსტის აღდგენის ფაქტი. ნიკოლოზ გულაბერისძის თხზულებები ეროვნული ცნობიერების განვითარების მაღალ საფეხურს ასახავენ. მათში ქართველი ერისათვის მნიშვნელოვანი კულტუროლოგიური საკითხია აღძრული. „საკითხავი“ არის შესხმა უფლის კვართისა, ცხოველი სვეტისა და მთავარი ეკლესიისა. იგი მოგვითხრობს უფლის კვართის დაფლვის ადგილას სვეტიცხოვლის ტაძრის აგების ამბებს, რაც მის სათაურშივეა არეკლილი. აქ სამი სიწმინდეა ერთდროულად გამოტანილი, სვეტი ცხოველი, საუფლო კვართი და კათოლიკე ეკლესია; აგრეთვე, წმიდა ნინოს მიერ საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებისა და გავრცელების, მეფე-დედოფლისა და ქართველი ერის მოქცევის ამბებს. ცხადია, ჟანრული სპეციფიკიდან გამომდინარე, საგალობლებში თხრობა არ გვხვდება. ამაღლებული და მჭევრმეტყველური სტილით შესრულებულ საგალობლებში ღმერთთან ერთად შექებულია ღვთისმშობელი, უფლის კვართი, ცხოველი სვეტი, „საზეპურო ერის“ მთავარი ეკლესია. საგალობლებში, ისევე როგორც მისსავე „საკითხავში“, წარმოჩენილია საქართველოს განმანათლებლის, წმიდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობის მნიშვნელობა ქართველი ერისათვის.

ნიკოლოზ გულაბერისძეს ბერძნულიდან უთარგმნია წმიდა მაქსიმე აღმსარებლის თხზულებები.

ნიკოლოზ გულაბერისძე ღირსეული მწყემსმთავარი იყო თავისი სამწყსოსი. იგი აქტიურ სასულიერო და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, წერდა ორიგინალურ თხზულებებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს იდეოლოგიით იყო გამსჭვალული, და თარგმნიდა საღვთისმეტყველო თხზულებებს. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ორიგინალური პომილეტიკისა და ჰიმნოგრაფიის ისტორიაში, საღვთისმეტყველო ლიტერატურის გამდიდრებაში ქართული თარგმანებით.

 

თთუესა ოკდონბერსა ა, საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ,
კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისაჲ

საჭირო უკუე ვიდრემე იქმნა ჩუენდა, ჵ ღმრთისმოყუარენო, პირველ გარდასრულთა ამათ მრავალრიცხუედთა წელთა დუმილით თანაწარჴდასა აწღა სადმე მოჴსენებად და განფრთხობად, რამეთუ უდებებითა თანაწარმჴდელთა შემკობისათჳს კათოლიკე ეკლესიისა და ყოვლადწმიდისა საუფლოჲსა კუართისა და მას ზედა ღმრთივაღმართებულისა სუეტისა ცხოველისა დღესასწაულსა არა ვიდრემე უკუე ჯეროვან ვჰგონე მიცემად დავიწყებისა, რამეთუ უკუეთუ არათუ მთავარნი, საყუარელნო, და ჴელმწიფებასა შინანი და დიდ-დიდთაგანნი ვინმე, გარნა მდაბიურნიცა და მსახურნი, ვინაჲთგან ფრიად ღუაწლმრავლობენ დღესასწაულობისათჳს შვილთა თჳსთასა და ნამეტნაობითაცა აჩუენებენ შემსგავსებულსა ძალისასა გულსმოდგინებასა, რაჟამს ჴორციელებრთა უკუე ქორწინებათა და სიხარულთა აღასრულებდენ, რაოდენ უფროისღა და უმეტეს საჭიროდ სათანადო არს ჩუენდა ბრწყინვალედ შემკობად დღესასწაულსა წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა{სა} და მას შინა ღმრთივაღმართებულისა ცხოველისა სუეტისასა, რომელი-იგი ლამპრად ბრწყინვალედ და ელვად ცეცხლისად ეგზების სამარადისოდ ნათელმყოფელად ყოველთა ნათელთა უზეშთაესსა მას ნათელსა კუართსა ზედა მჴსნელისა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელსაცა ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გუამი წმიდისა ცეცხლისა მის ღმრთეებისაჲ, რამეთუ წმიდაჲ კათოლიკე ეკლესიაჲ და კუართი უფლისაი და მჴსნელისა ჩუენისაჲ და სუეტი განმაცხოველებელი, არა უკუე ვიდრემე ერთკერძოთა და ჴორციელებრთა სიხარულთა და ნუგეშინისცემათა მომატყუებელ გუექმნების ჩუენ, ვითარცა-იგი შვილნი მშობელთაგან და მშობელნი შვილთაგან და ძმანი ძმათაგან ურთიერთას მიიღებენ, არამედ მრჩობლთა უკუე და ზოგადთა სიხარულთა მოგუანიჭებენ აქათა ვიდრე ყოფადთათჳს და მერმეთა გებადთათჳს უოხჭნოთა, რამეთუ სამნი ესე, სამებისა წმიდისა მსახეებელნი - კათოლიკე ეკლესიაჲ, კუართი უფლისაი და სუეტი ცხოველი საუნჯესა უკუდავმყოფელსა გჳნაყოფებენ, მიჰრონსა წმიდასა ღმერთმყოფელსა და ნათელმყოფელსა გვიწყაროებენ და სანოვაგედ წმიდად უკუდავებისად გუაგემებენ, კედართაგან სიბნელისათა გამოჴსნილთა ნათელცისკროვან-გუყოფენ, ჴორციელებრთა სენთაგან უკუე და საეშმაკოთა ოცნებათა და მანქანებათაგან მცუელ და მფარველ გუექმნებიან და საუკუნესა ცხორებასა სასუფეველისა მკჳდრობისასა მოგუატყუებენ ჩუენ. და ვინათთგან უკუე ესე ესრეთ (არს), რაჲმცა უკუე გინა ვითარმცა ანუ რაბამი ღირსი ჯერისაებრ დღესასწაული და შესხმაჲ შევჰმზადეთ და მოვიპოვეთ ნაცვალისსაგებელად კათოლიკე ეკლესიისა, კუართისა საუფლოჲსა და სუეტისა წმიდისა და ცხოველისა, მიზეზთა მათ სულთა ჩუენთა ცხოვნებისათჳს, რამეთუ ტრფიალებით ვიდრემე მეძიებელნი საწუთოჲსა ყოფადთათვს მრავალსახესა რასმე მეცადინეობენ გამოძიებასა არა უკუე ვიდრემე უცთომელობით მჭჳრობელნი გზასა ჭეშმარიტებისასა, რამეთუ რაჟამს მიმომსტურობით მიმხედველნი განიცდიდენ დაბადებულთა, არღარა უკუე გულისქმა-ჰყოფენ დამბადებელი დამბადებელსა სიტყჳსა მისებრ, ვითარმედ დამბადებელი დაბადებულთა მიერ საცნაურ იქმნებისო (შდრ. მათე, 12,33; ლუკა, 6,44), რამეთუ რაჟამს ვხედვიდეთ შუენიერებასა არსთასა, არა უკუე ეგოდენ განკჳრვებულ ვიქმნებით, რაოდენ ღირს არს განკჳრვებისა. რამეთუ ვინ-მე გინა რომელმან-მე ენამან გამოთქუას ცისა იგი შუენიერებაჲ, რაჟამს ვარსკულავებითა ფერად-ფერადითა შემკობილობდეს ორთა მათ მთავართა შორის მნათობთასა, აელვებულთა შორის ცისა და ქუეყანისა და მათ მიერ შეერთებითა ცეცხლებრ მგზებარეცა იგი სამყაროჲ განკჳრვებით ჰკრთებოდის, რომელთა სხივნი ელვებრ განტევებულობენ კიდით-კიდედმდე ქუეყანისა ამათ თანა კუალად ქუეყნიერნიცა იგი ფერად-ფერადნი მცენარენი ყუავილთა და ნერგთანი, შინაურთა და ველურთანი, რომელნიმე საგემებელად, ხოლო რომელნიმე სასურნე[ლე]ბელად, დამატკბობელად სასათა და სულნელმყოფელად საყნოსელთა შეუმზადებიან ყოვლისა სიბრძნით განმგებელსა. დიდებაჲ სახიერებასა ღმრთაებისა მისისასა, ხოლო სხვისა ყოვლისა დამტეობელმან ერთისა მხოლოდ ვიდრემე მოვიხსენოთ.

რამეთუ იხილეთ-ღა ერთისა მის მრავალთა თანაჲსა ნერგისაჲ, რომელ არს ვაშლი, თუ რაჲსა საკვრველებასა საცნაურ-ჰყოფს რამეთუ რაჟამს რეცა დამბადებელისა მისისა წმიდისა სამებისა სახესა დაგჳსახვიდეს, ერთად, რაჟამს სიტურფესა ზედა შუენიერებისასა განგუაკჳრვებდეს, და მეორედ, გემოისხილვითა სასათა დაგჳტკბობდეს; ხოლო მესამედ, სურნელებისა ყნოსითა სულთა შუებულჰყოფდეს და უტვ იგი უენოითა ბაგითა ჩუენ მიერ დამბადებელსა ჴმამაღლად აკურთხევდეს ვის არა უკჳრდეს კაცთმოყუარებითი ეგე სიბრძნჱ და განგებულებაჲ შენი, მეუფეო და ღმერთო ყოველთაო. ხოლო არა ვიდრემე შეუძლებელ ვჰგონე უმეცრებისა ჩუენისაგან თითოეულისა ჴელოვნებითისა ნასიბრძნისა წარმოჩენით საცნაურქმნაჲ, უკუეთუმცა არა იძულებულ ქმნილ ვიყავ ფრიადისა აღწერილისა მიძღვნომობითა (?!) შეშინებისა ძლით.

არამედ უკუე შემძლებელსა და სიბრძნით განმხილველსა მას ყოველთასა მიუტეოთ ძალი წულილადად მეტყუელებისაჲ, რომელისა დარწმუნებულ არს საცნაურქმნაჲ ბუნებისა დაბადებულთაჲსა; ესე იგი არს: დიდი და ყოვლადქებული ბრძენთა შორის საკჳრველი ბასილი, რამეთუ ნამდჳლვე მისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ ბუნება ექმნა დაბადებულთა ნებაჲ დამბადებელისაჲ. რომელმან თითოეულად მოწურილებით წარმოაჩინნა და გამოაცხადნა ზეცისა და ქუეყანისანი ხილულნი და უხილავნი, არა ვიდრემე ცისა და ქუეყანისა შორის მყოფნი, არამედ ქუესკნელსა და ზესკნელსა და უფსკრულთაცა შინანი; რამეთუ რაჟამს ვინ წინა-დაიდვას და ჴელად მიიღოს წიგნი იგი „ექუსთა დღეთაჲ“, მის მიერ ნასიბრძნი, ყოვლად განკჳრვებულ იქმნების კაცობრივი ბუნებაჲ განღმრთობილობასა მის ზედა კაცისა მას ყოვლადსაკჳრველისა[სა] არარაჲ უკუე საკჳრველ.

ჵ საყუარელნო უკუეთუ მცირედ წარტაცებითა სადავეთაჲთა იძულებულ გუყვნა ჩუენ მიზეზმან ცხადყოფისამან, თუ რომლისა უკუე მიზეზისათჳს საჭირო იქმნა ჩუენდა წარმოთქმაჲ პირველჴსენებულთა მათ სიტყუათაჲ, რამეთუ უკუეთუ არსთა ამისთჳს დაუდგრომელად წარმდინარეთა ნივთთა, რომელნი ცხორებისა ჩუენისა წარმავალობასა გამოგჳსახვენ და საცნაურ-გჳყოფენ, ესრეთ იკჳრვებიან და უფროისღა დამბადებელი მათი ესრეთ იდიდების და იკურთხეეის მათ მიერ ჩუენგან; მაშა უკუე რაიმცაღა ვინ შეუძლო გამოთქუმად სულიერებრითა მათ და საღმრთოდ განკუთვნილთათჳს, რომელნიცა საუკუნოდ გებადობენ; რომელთათჳს ღმერთი მოხარულობს, ესე იგი არიან ეკლესიანი წმიდანი, რომელთა საყდარ ღმრთისაჲ ეწოდების მათ შინა მარადის მკჳდრყოფისათჳს ღმრთისა, რომელთა შინა პირველი და დასაბამი თავი ცხორებისა ჩუენისაჲ დაიწყების - აღბეჭდვაჲ ნათლითა ქრისტეს მიერითა, რომლითაცა გამოისახვის ჭეშმარიტებაჲ ქრისტიანობისაჲ და ემბაზსა შინა ნათლისასა წარრღუნითა ცოდვათა ჩუენთაჲთა დაინთქმის და შეიმუსრვის ძალი სამოელისი და შემდგომად ამისსა მათ შინავე მოიგების წარმართებაჲ და კეთილად სლვაი ცხორებისა ამის განხრწნადისა და წარმავალისა და უძლურებითგანცა ჴორციელთა ჴსნაი ურთიერთარსითა დაცვითა და ვედრებითა ღმრთისა მიმართითა, სიტყჳსა მისებრ იაკობ მოციქულისა, ვითარმედ „ულოცევდითო ურთიერთას, რაჲთა განიკურნნე“ (იაკ. 5,16) და კუალად შემდგომად სიკუდილისაცა მასვე შინა მიიღებენ სულნი მიცვალებულთანი ლხინებასა და შენდობასა ცოდვათასა და ჴსნასა სატანჯველთაგან, ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა ჴორცისა და სისხლისა შეწირვითა და ლოცვითა და ვედრებითა მიმდემითა და მათ შინავე იდიდების სახიერებაჲ ღმრთისაი მორწმუნეთა ერთა მიერ ფსალმუნითა და გალობითა სამარადისოჲთა უხილავად შეერთებითა ზეცისა ძალთაითა.

ხოლო უფროისღა საჭირო უკუე ვჰგონე მათთჳს, რომელნიცა ეკლესიათა მიზეზ გუექმნნეს და უფროჲსღა სულთა ჩუენთა ცხოვნებისა მომატყუებელ წარმოთქმაჲ და მოჴსენებაჲ მათი, რამეთუ ესე ყოველთა უწყით უეჭუელად, რომელნიცა ვჰგიეთ ჭეშმარიტებასა ზედა ქრისტესსა, ვითარმედ წმიდანი მოციქულნი აჩინნა ღმერთმან ყოვლისა სოფლისა მნათობად და სიმტკიცედ ეკლესიათა, და რამეთუ ამით საცნაურ არს, რაჟამს-იგი თვით თავადმან უფალმან უბრძანა თავსა მას მოციქულთასა პეტრეს, ვითარმედ, „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, რომელსა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო“ (მათე, 16,18). ამას უკუე ვინმცა გონებისა უფალი უმეცარ იყო, რომელ ყოველნივე ეკლესიანი წმიდათა მოციქულთა ქადაგებითა და სიტყჳთა აღემართნეს და დაემტკიცნეს ყოველსა სოფელსა შინა.

ხოლო ამიერითგან უკუე საჭირო არს ჩუენდა მოჴსენებად ათორმეტთა თანაჲსა მის მეათცამეტისა ჭეშმარიტისა მოციქულისაჲ, დედისაა მის ჩუენისა ქართველთაჲსა ნინოჲსსა, რაჲთა მცირედ-რაჲმე შემოკლებულად და სულმცირედ ზოგადრე წარმოვაჩინოთ, თუ ვითარ მიზეზ იქმნა ქართლებრთა ამათ აღმოსავლეთისა ეკლესიაჲთა სიმტკიცე და საცნაურმყოფელ ნეტარებით მოჴსენებული იგი დედაკაცი და სულთა ჩუენთა გამომჴსნელ საჴმილისა(?!) მონებისა და ტყუეობისაგან.

ხოლო პირველად ესე საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს უკუე დედაკაცი აჩინა და წარმოავლინა ღმერთმან ჩუენდა მომართ, რომელი-ესე გონიერად ისმინეთ. უკუეთუ ღმერთმან ინებოს გულისჴმისყოფად ჩუენდა, უგუნურთა განმაბრძნობელმან, რამეთუ თქუმულ არს ესე, ვითარცა უწყით ჭეშმარიტი და უცილობელი, ვითარმედ შემდგომად ვნებისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა და აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა მისისა ბრძანებითა უფლისაჲთა კიდეთა ქუეყანისათა წარივლინნეს მოციქულნი ისრად რჩეულად და ელვად ნათლისად თითოეულსა ადგილსა, ვითარცა სული მისცემდა.

მას ჟამსა უკუე ყოვლადსანატრელი იგი და უფროჲსადკურთხეული დედაჲ ღმრთისაჲცა სურვიელ იყო და მეცადინეობდა წარსლვად ქადაგებად ძისა მისისა ღმრთეებისა და გულისთქუმით წადიერ იყო აღმოსავალით კერძოთა მათ წარსლვად შესაბამობისათჳს სახელისა მისისა, ვითარცა თჳთ იწოდების აღმოსავალით მზისა სიმართლისა. ხოლო განმზადებული ამით გულისსიტყჳთა ილოცვიდა რაჲ, ზედაწარმოდგომითა ძემან და ღმერთმან მისმან დააყენა ამის საწადელისაგან მას ჟამსა შინა, ხოლო ვინათგან იგი დედაკაცი იყო ყოვლადსანატრელი და კურთხეული, უზეშთაესი იგი დედათაჲ და მამათაჲ და ზეცისა ძალთაჲცა, ამისთჳსცა უკუე უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რაჟამს ღმერთმან ინება წყალობაჲ და ცხორებაჲ ნათესავისა ჩუენისაჲ, დედაკაცივე წარმოავლინა, ვითარ ვჰგონებ მე, გამოთხოით და ხუაიშნითა დედისა ღმრთისაჲთა ძისა თჳსისა თანა, ვინაჲთგან ნაწილიცა იყო დედისაჲ ღმრთისა; ამისთჳს უფროჲსღა საგონებელ და საეჭუელ არს და ესე არს ერთი ჭეშმარიტი და უეჭუელი მიზეზი.

ხოლო მეორე და უჭეშმარიტესი ესე არს, ვინაჲთგან ყოველთა ნათესავთაჲსა უმძჳნვარესნი და უველურესნი იყვნეს ესე ნათესავნი, ამისთჳსცა დედაკაცი წარმოავლინა, რაჲთა უმეტეს საცნაურ იქმნეს ძალი ღმრთეებისა მისისაჲ და არავისი ენაჲ კადნიერიქმნეს ამაოჲსა მთხზველობისათჳს ცუდისა მეტყუელებად, ვითარმედ სიმჴნემან და სიბრძნით ფილოსოფოსობამან, გინა ენარიტორობამან მის ვისმე მამაკაცისამან დააცხრო ბოროტბორგნეულებაჲ მათი, ამისთჳსცა უკუე ლბილითა მით და ნარნარად მდინარითა წყლისა ნეკტარითა დაშრიტა სიმძაფრე სახუმილისაჲ მკურნალმან მან ჴელოანმან წინააღდგომითა წინააღმდგომთაჲთა, რაჲთა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ მოციქულისა მიმართ თქუმული, აქაცა ჭეშმარიტებდეს, ვითარმედ: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნებისო“ (II კორ. 12,9). და ესე უკუე ამით უჭეშმარიტეს არს, ვითარცა მეცნიერ ვართ, რომელ ძალსა ღმრთეებისა თჳსისასა უძლურთა ზედა საცნაურ-ჰყოფდა მარადის; ამისთჳსცა უსწავლელნი მეთევზურნი და მდაბიორნი გამოირჩინნა და გამოაჩინნა და მათ მიერ მსგავსად ელვისა ცეცხლშემწუელობითთა ისართა ესროდა პირებსა ბრძენთა და ფილოსოფოსთასა და მწყლველ ექმნებოდა გულებსა რიტორთასა, რამეთუ არა ვიდრემე სხჳლბარკალთა მამაკაცისათა სათნო-იჩენს ღმერთი სახიერი [შდრ.: ფს. 146,10], არამედ მოშიშთა სახელისა მისისათა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ „ვის მივხედნეო, გარნა მშჳდსა და მდაბალსა და რომელი ძრწოდეს სიტყუათაგან ჩემთა“ (შდრ. ფს. 146,6; მათე, 11,29); და კუალად, „მსხუერპლ ღმრთისა არს გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხპყოს“ (ფს. 50,19).

და კუალად, ძუელ-ოდესმე გედეონის ზე იგი ისრაიტელთაჲცა ღირს არს ჴსენებისა, რაჟამს ბრძანებითა ზეგარდამოჲთა მრავალრიცხჳსა წილ მბრძოლისა სამასისაჲ ხოლო ამცნო წარყვანებაჲ და მას მხოლოდ მცირედ უძლურსა ერსა ზედა გამოაჩინა და საცნაურ-ყო ძალი ღმრთეებისაა მისისაჲ, ამისთჳსცა უძლურისა ბუნებისა დედაკაცისა მიერ მოალბო ქედფიცხელობაჲ ულმობელთაჲ მათ და უგლიმთა ნათესავთაჲ და არა ვიდრემე ხოლო აქამომდის ოდენ დადგების სიტყუაჲ ჩუენი, მეძიებლობით გამომაცხადებელი ჭეშმარიტებისაა, რამეთუ ვინაჲთგან უკუე დედაკაცისათჳს არს ჴსენებაჲ, უჭეშმარიტეს უკუე ვჰგონე სხუაჲცა საძიებელი ღირსებისათჳს დედათა პატივისა, რამეთუ განმაცხოველებელსა მას აღდგომასა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დედანი ვინმე ღირს იქმნნეს ზეშთა ნეტარებისა დიდსა პატივსა ხარებისასა. ამისთჳს უკუე დაიყავნ პირი, ბოროტად და ამაოდ დამაკნინებელ, ქადაგებისა და მოქცევისა ჩუენისათჳს ბუნებისა მიერ დედობრივისა, არამედ უფროისად და უმეტესად ვმოხარულობდეთ-ცა და ვმოქალაქობდეთ მაყუედრებელთა ჩუენთა მიმართ უგუნურების მომზრახთა; ხოლო ვინაჲთგან იძულებით თანა-წარმავლინა ჩუენ ჟამის შესაბამობით მცირედ მოჴსენებითა გამოჩინებად სიტყჳსა ნეტარისა დედაკაცისასა, ამიერითგან უკუე ჟამი არს საქმითცა გამოხატვად გამოსახულსა მას და ზოგადრე ჭეშმარიტებით ჩუენ საცნაურქმნაჲ, მსგავსებისაებრ უძლურებისა ჩუენისა, ჵ საყუარელნო!

რამეთუ უკუეთუ ვინ გამოწულილვით მეძიებლობდეს დასაბამსა და ვინაობასა და სადაობასა ნეტარისა მის ნინოჲსსა, წიგნი იგი ჴელად მიიღენ, აღწერილი მოწურილებით მოთხრობისათჳს ქართველთა ცხორებისათჳს და მისგან გუეუწყოს ყოველივე აღმავსებელად ჩუენისა ნაკლულევანებისაჲ. ხოლო ჩუენ, შესაბამად წმიდისა ამის დღესასწაულისა მხოლოდ აღმავსებელად კმასაყოფელი, რეცა სულმცირედ შემოკლებული თხრობით მოჴსენებაჲ ნინოჲსიცა აღვწეროთ და შემდგომითი-შემდგომად შეუდგინოთ ყოველივე ჯეროანი გამოსაჩინებელი და საცნაურმყოფელი სუეტისა ცხოველისა და კუართისა საუფლოჲსა დიდებულებაჲ, უგუნურებისა ჩუენისაგან შესაძლებელი.

რამეთუ .ვითარცა მოიწია პირველად განგებითა ღმრთისაჲთა კედართა ჯავახეთისათა წმიდაჲ ნინო პირსა დიდისა მის ტბისათა, რომელ არს ფარავნისაჲ, წარმოემართა უკუე მუნითცა გამოცხადებითა ღმრთისაჲთა და შეუდგა მუნით გამომავალსა მდინარისა დიდისა თავსა, რომელ არს ტიგრისი [მტკუარი]. და ეგრეთ მოიწია დედასა მას ქალაქთასა, რომელ არს მცხეთა. და აჰა ესერა ხუალისა დღე ჴმაი იყო ოხრისა და საყჳრისაი ფრიად, რომელსა გამოჰყვა ერი ურიცხჳ მსგავსებისაებრ ცისა ვარსკულავთაჲსა, რომლისა საკჳრველებაჲ საშინელ იყო.

ხოლო ვითარცა გამოვიდა მეფე მირიან საოცრებითა მიუთხრობელითა, ჰკითხა უკუე წმიდამან ნინო დედაკაცსა ვისმე ჰურიასა, ვითარმედ:

- რაჲ უკუე არს სახილავი ესე განსაკრთომელი?

ხოლო მან ჰრქუა მას, ვითარმედ:

- ღმერთი ღმერთთაჲ არმაზ ერსა ამას, რომელ ჰხედავ წინაშე მისსა, მიუწესს.

მყის უკუე შეუდგა წმიდაჲ ნინო და წარვიდა ხილვად; ხოლო წმიდამან ნინო შეისწრაფა პირველად საკერპოსა მას შინა და მდგომარე იყო მახლობელად კერპისა მის და ხედვიდა საკჳრველსა მას ეშმაკთაგან წარტყუენილობასა კაცთასა და ამისთჳს მწარედ სულთქუმით ტიროდა, და ვითარცა მიჰხედნა, იხილა რაჲ, დგა კაცი ერთი სპილენძისაჲ და ტანსა ეცუა ჯაჭჳ ოქროისაჲ და ჩაბალახი მყარი თავსა მისსა; თუალნი ეყარნეს ერთი ზურმუხტისაჲ და მეორე ბივრიტი და ძელთა ეპყრა ძრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვაჲ, და იქცევდა ჴელთა შორის თჳსთა, და ძრწოლით თაყუანის-სცემდეს ყოველნივე იგი ერნი და შიშისაგან შეხებად ვერ იკადრებდიან, და კუალად, სხუაჲ კაცი დგა მარჯუენით მისსა სრულიად ოქროჲსაჲ და სახელი მისი გაცი, და მარცხენით მისსა უდგა სხუაჲ ვეცხლისაჲ, სახელი მისი გაიმ, რომელნი-უკუე-იგიცა ღმრთად უჩნდეს ერსა მას დაბნელებულსა ქართლისასა.

მაშინ უკუე უმეტესადღა ელმოდა და შეიწუებოდეს შინაგანნი ნეტარისა ნინოჲსნი და ტიროდა ფრიად ტყუექმნილობისათჳს ერისა მის უგულისჴმოჲსა; მაშინ უკუე აღიხილნა თუალნი თჳსნი და თქუა:

- უფალო ღმერთო, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი (ფს. 65,3); იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები და ქმნულსა ჴელთა შენთა[სა] ნუ უგულებელს-ჰყოფ (ფს. 137,8); მოიხილე, უფალო, მაღლით შენით წმიდით, იჴსენ მკლავითა შენითა ერი შენი, შეისმინე, უფალო, ლოცვისა ჩემისა და ვედრებისა ჩემისაჲ, ყურადიღე და შთაჰჴადენ კერპნი ესე რისხვითა შენითა ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, რამეთუ არა არს მათ შორის ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ განხრწნეს ერი შენი ავაზაკთა ბოროტთა უხილავთა გამოსტაცენ ესენი ჴელთაგან მგელთა განმრყუნელთასა, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

და ვითარცა აღასრულა ლოცვაჲ ესე წმიდამან ნინო, მყის დასავალით უკუე ჰაერნი და ქარნი სასტიკნი შეიძრნეს და ელვანი და ქუხილნი საცნაურ-ჰყოფდეს რისხვასა ღმრთისასა და მოიღო ქარმან დასავალისამან სული ბოროტი ჯერკუალისა რაჲსამე მყრალისა მაშინ უკუე შიშისა და ზარისა მისგან საშინელებისა ლტოლვილ იქმნა ყოველი კაცი ქალაქად და მეყსეულად მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი მწარე და სასტიკი.

და მოიღო სეტყუაი განსაკჳრვებელად დიდ-დიდები, ლიტრისა სწორი, და კერპნი იგი დააწულილნა და დამუსრნა და უჩინო ყვნა და ვითარცა დაარღჳნა და შთაბნინა კლდეთა მათ ზღუდენი იგი ქარმან სასტიკმან, წმიდაჲ ნინო დაშთა მშჳდობით ადგილსა მასვე, სადა-იგი პირველ შევიდა.

ხოლო დღესა მეორესა გამოვიდა მირიან მეფე ყოვლისა ერისა თანა და ეძიებდეს ღმერთთა მათ მათთა და ვინაჲთგან უკუე ვერ პოვნეს, შიში და ძრწოლაჲ დიდი დაეცა მათ ყოველთა ზედა და განკჳრდეს და ვერარაჲ იცოდეს, რაჲმცა თქუეს გინა ქმნეს. ხოლო მასვე დღესა, რომელსა დასცხრა სეტყუაჲ იგი და ქარი სასტიკი, გამოვიდა წმიდაჲ ნინო კლდისა მისგან ნაპრალისა და ჰპოა თუალი იგი ბივრიტი, აღიღო და წარმოვიდა წინა კერძო დასასრულსა კლდისა მის ცხჳრისასა, სადა ყოფილ იყო ძუელ ციხე. და მუნ დგა ხე ერთი ბრინჯისაი შუენიერი და ფრიად მაღალი და რტომრავალი, სადა-იგი ყოფილ იყო ბარტამ მეფისა საგრილი და განსასუენებელი; მოვიდა უკუე ქუეშე ხესა მას და გამოსახა სახე ჯუარისაჲ და ილოცვიდა მუნ ექუს დღე და ჰმადლობდა ღმერთსა და ევედრებოდა, რაჲთა მოხედნეს წყალობით ერსა მას შეცთომილსა, და იჴსნეს ეშმაკისა საცთურთაგან.

ამისა შემდგომად წარმოვიდა მუნით და მოვიდა ქალაქად კარსა სამოთხისასა, რომელი იყო მეფისაჲ. და შევიდა სახლსა სამოთხის მცუელისასა. ხოლო იხილა რაჲ დედაკაცმან ვინმე, სახელით ანასტო, მეყსეულად აღდგა და მოეხჳა და შეიტკბო სიყუარულით, ვითარცა მეცნიერი, და დაჰბანნა ფერჴნი და სცხო ზეთი და მიართუა საზრდელი და იყო მის თანა ცხრა თუე. ესე უკუე ანასტო და ქმარი მისი იყვნეს უშვილო და ზრუნვიდეს ფრიად. იხილა უკუე წმიდამან ნინო ჩუენებასა შინა, რამეთუ მოვიდა კაცი ნათლისფერი და ჰრქუა:

- შევედ უკუე სამოთხესა მაგას ნაძუთა ქუეშე, რომელ არს ბაბილოჲ, მცირჱ მიწაჲ უკუე აღიღე მის ადგილისაგან, შეაჭამე კაცთა მაგათ და უეჭუელად მიეცეს შვილი.

ხოლო წმიდამან ნინო ბრძანებისაებრ ჩუენებისა მის ესრეთ ყო და ჰრქუა მათ:

- სახელითა და ძალითა ქრისტჱს ღმრთისა დაუსაბამოჲსაჲთა, რომელი თანამოსაყდრე არს მამისა და სულისა წმიდისა და ჴსნისათჳს ჩუენისა განკაცნა, ჯუარს ეცუა და დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ამაღლდა დიდებით და დაჯდა მარჯუენით მამისა და კუალად მოსლვად არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა; მან უკუე თავადმან მოგანიჭოს გულისჴმისყოფაჲ კეთილი.

და ვითარცა ესე თქუა, აუწყა გზაჲ ჭეშმარიტებისა და მეცნიერებისაჲ. მაშინ უკუე კეთილთა მათ მეუღლეთა აღიარეს ქრისტე ღმრთად ჭეშმარიტად და დაემოწაფნეს ფარულად. ხოლო წმიდამან და ნეტარმან ნინო ქალაქისა ზღუდეთა გარეგნით პოვნა მცირედნი რაჲმე მაყუალნი და მათ შინა შეიმზადა საყოფელი ვრცელთა პალატთა წილ, ნამდჳლვე მოწაფემან მან ჭეშმარიტმან მისმან, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ:

- მელთა ჴურელები უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი; ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს (მათე, 8,20; ლუკა, 9,58).

და რაჲ უკუე საკჳრველ არს, უკუეთუ არცა ამას ნეტარსა უცხოსა დედაკაცსა აქუნდა, ხოლო მას მცირესა უნდოსა საყოფელსა შინა შეიმზადა ჯუარი ნასხლევისაჲ და აღმართა იგი წინაშე მისსა და მარადის ილოცავნ ნეტარი იგი დღე და ღამე დაუცხრომელად. და განკჳრვებულ იყვნეს მეუღლენი იგი სამარადისოსა მას ლოცვასა და მარხვასა მისსა ზედა და ღუაწლთა და შრომათა დაუცადებელთა, რამეთუ მხოლოდ იგინი ოდენ იყვნეს მისსა მიმავალ და მსახურ ფარულად.

მრავალგზის უკუე მოვიდის ჰურიათა შორის წმიდაჲ ნინო ძიებისათჳს საუფლოჲსა მის კუართისა, რამეთუ იერუსალიმითვე მეცნიერ იყო მცხეთას წარმოღებისათჳს. და გულსმოდგინედ გამოიკულევდა და იწულილვიდა, რაჲთამცა რათ საცნაურ ექმნას სადაობაჲ კუართისაჲ. ხოლო პოვა პურიაა ერთი, სახელით აბიათარ, და უქადაგა მას და ასულსა მისსა სიდონიას და ჰრწმენა მათ ორთავე უფალი იესუ ქრისტე ძედ ღმრთისად ცხოველისად და ღმრთად ჭეშმარიტად. და დაემოწაფნეს იგინიცა თჳნიერ ნათლისღებისა, რამეთუ მაშინ უკუე ჯერეთ მღდელისაგან უღონო იყვნეს.

ხოლო შემდგომად ამისსა სხუანიცა ექუსნი დედანი დაემოწაფნეს ჰურიანი, და იყვნეს ყოველნი ფარულად მისა მოწაფე. ხოლო წმიდაჲ ნინო ჰყოფდა კურნებათა და ძალთა დიდ-დიდთა სახელითა იესუ ქრისტჱსითა; გარნა ჯერეთცა არა ვიდრემე ცხად-ჰყოფდა, ვინაჲთგან ვერ შემძლებელ იყვნეს საზრდელისა მტკიცისა მიღებასა, ვერცა თუ სმისა შემწყნარებელნი [შდრ.: ებრ 5,12], არამედ რეცა მიზეზითა წამალთაჲთა ჰკურნებდა და ესრეთ იქცეოდა ქალაქსა მას შინა სამ წელ.

 

მოთხრობა აბიათარ მღდელისაგან კუართისათჳს საუფლოჲსა, თუ ვითარ მოგუენიჭა

იტყოდა უკუე აბიათარ მღდელი, ვითარმედ:

რომელი წერილთაგან უწყი და მამის დედისა ჩემისაგან სმენილ არს სასმენელთა ჩემთა, რომელი მათ ასმიოდა მამისაგან თჳსისა, მეცა უკუე გამოვაცხადო და ვთქუა ჭეშმარიტი და უეჭუელი, რამეთუ რაჟამს-იგი მეფობდა იერუსალიმს ჰეროდე, გუესმა უკუე, ვითარმედ იერუსალიმი სპარსთა დაიპყრესო; ამისთჳს უკუე იქმნა გლოვაჲ და წუხილი ფრიადი ჰურიათა შორის ქართველთა მცხეთელთა მკვდრთა, ბუდელთა მღდელთა, კოდისწყაროელთა მწიგნობართა და სუბის-კანანელთა თარგმანთა; ესე უკუე ყოველნი აღიძრნეს სივლტოლად.

ხოლო შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია უკუე სხუაჲ ღაღადისი ნუგეშინისცემისაჲ, ვითარმედ სპარსნი არა ვიდრემე დაპყრობად ხოლო მოვიდეს იერუსალიმსა, არამედ მოგუნი მეფენი მოვიდეს ძღუნითა სამეუფოთაჲ, რამეთუ ოქროჲ, მური და გუნდრუკი აქუნდა და ყრმასა ვისმე ეძიებდეს, შობილსა მისა დავითისსა. ხოლო ვითარცა პოეს დედაკაცი მცირესა რასმე ქუაბსა შინა, მხოლოჲ მხოლოჲსა ყრმისა თჳსისა შობილისა თანა, მოვიდეს უკუე და თაყუანის-სცეს შიშით და ძრწოლით და შესწირეს ძღუენი იგი სამეუფოჲ მწირად შობილისა მის მეუფისა ყრმისა. და ვითარცა-ესე უკუე საცნაურ გუექმნა, იქმნა სიხარული დიდი პურიათა შორის ამისთჳს, რომელ არა მიეცა იერუსალიმი სპარსთა.

ხოლო შემდგომად ამისა ვითარ გარდაჴდა ოცდამეათე წელიწადი, მოწერა ჩუენდა მომართ მამის მამისა ჩემისა ელიოზისსა ანა მღდელმან იერუსალიმით, ვითარმედ:

- რომლისათჳს-იგი სპარსნი მეფენი ძღუნითა მოვიდეს, იგი უკუე ჰასაკსა სისრულისასა მოწევნულ არს და თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა იტყვს და სხუასა რასმე ახალსა შჯულსა გვიქადაგებს; მოვედით უკუე ყოველნივე მოსეს შჯულისა თანამდებნი, რაჲთა შჯული მამათა ჩუენთაჲ შეუცვალებელ ვყოთ და დავამტკიცოთ და მცნებაჲ მოსესი აღვასრულოთ, რაჲთა ახლითა მით შჯულითა, რომელ რაჲსმე გვიქადაგებს, არა შეაცთუნნეს უმარტივესნი ვინმე შჯულისა ჩუენისანი; ხოლო სიკუდილითაცა მისითა შური ვიძიოთ.

მაშინ უკუე წარვიდა აქაჲთ მამის მამა ჩემი ელიოზ, კაცი მოხუცებული; ხოლო ესვა მას დედაჲ ტომისაგან ელი მღდელისა და კუალად ერთი დაჲ. ხოლო წარმავალსა მას ევედრებოდა დედაჲ ძესა თჳსსა, ვითარმედ:

- წარვვდ უკუე, შვილო საყუარელო, წოდებასა მეუფისასა და წესსა შჯულისასა; გარნა ესე ხოლო, რომელსა გამცნებ, შენ დაიმარხე. ნუ უკუე შეერთვინ ცნობაი შენი განზრახვასა მას მათსა ბოროტსა და ნუცა ვიდრემე ეზიარები დათხევასა სისხლისა მის მისისასა. ნუ, შვილო ჩემო, გევედრები, ნუ, რამეთუ უეჭუელად უწყოდე, ვითარმედ იგი არს სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რომელსა პირველითგანეე მოასწავებდეს.

და წარვიდა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარნისელი; და მუნ დახუდეს ჯუარცუმასა უფლისასა; ხოლო რაჟამს-იგი იერუსალიმს დამსჭუალვიდეს უფალსა, ცემასა მას კუერისასა სამსჭუალთა ზედა, მყის მებრ მასვე ჟამსა შინა მცხეთას ჴმაჲ ესმა დედასა ელიოზისსა; ხოლო მან საშინელითა კრჩხიალებითა დაიზახნა და თქუა:

- მშვდობით, მეუფებაო ისრაიტელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ, უბადრუკნო და წარწყმედულნო, უფალი და მაცხოვარი ყოველთაჲ და იქმნენით ბოროტად მკლველ შემოქმედისა თქუენისა. ვაჲ თქუენდა, უბადრუკნო, ვინაჲმცა უკუე იპოა ეგევითარი გლოვაჲ, რომელსა თქუენ ღირსხართ; ხოლო უფროჲსღა ვაჲ ჩემდა, რამეთუ პირველ სიკუდილისა ჩემისა მსმენელ იქმნნეს ყურნი ჩემნი ყოვლისა სოფლისა მწუხარებისა სასმენელსა.

და მყის ამას სიტყუასა ზედა მეყსეულად შეისუენა დედაკაცმან მწუხარებასა და გლოვასა შინა ფრიადსა და მიუთხრობელსა.

ხოლო კუართსა მას ზედა უფლისასა წილ-იგდეს უღმრთოთა ჰურიათა ჯუარსცუმასა უფლისასა და განგებულებამან ღმრთისამან მიახუედრა მცხეთელთა ჰურიათა, არათუ კეთილთმოქმედებისა რაჲსათჳსმე ღირს იყვნეს უღირსნი იგი.

გარნა იგივე ღმერთი განგებულებით წინაჲსწარვე განაგებდა, რომელი ცხორებისათჳს ჩუენისა ქუეყანად გარდამოჴდა, რამეთუ წინაჲსწარვე განეგო სახიერსა მას ამისა სამეუფოჲსაჲ ერად საზეპუროდ შემზადებაჲ, და ვინათთგან ნაწილიცა იყო ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, ამისთჳს უფროჲსღა ღირს იქმნა ამას საშინელსა მადლსა ესე კედარი.

ამისთჳსცა უკუე წინაჲსწარვე წარმოავლინა მადლი ღმრთეებისა მისისაჲ, რაჲთა პირველადვე დაიწინდოს კუართითა მით და მადლითა ღმრთეებისა მისისაჲთა. ხოლო ამისთჳსცა უკუე ვიდრემე სათანადო არს თქუმაჲ, რაჲთა თჳთ მებრ ეშმაკნიცა მთავრისა მის და მამისა მათისა თანა ძარღუშეჭრილ და მობრყჳლებულ იქმნნენ; პირველვე უკუე ამისათჳს წარმოივლინა წმიდაჲ იგი კუართი ნათელი ნათელთა ყოველთა მფლობელისა ცეცხლისა მის ღმრთეებისაჲ გუამისა შემწუელი და დამფარველი, რაჲთა უკუე დედასა მას ქალაქთასა საშუალ მდებარეობითა, ვითარცა ცეცხლი მუცელსა შინა შთაგდებული, მძაფრად უწყალოდ დასწუვიდეს სამოელსა და წინაჲსწარმგრძნობელობით აუწყებდეს სრულიადსა სიკუდილისა მისისა მოწევნასა.

ნამდვილვე სამეუფო არს განზრახვაჲ ესე შენი, მეუფეო და ღმერთო ყოველთაო!

დიდებაჲ სახიერებასა შენსა, რამეთუ რაჟამს უკუე მეფენიცა ქუეყნიერნი მი-რაჲ-ვიდოდიან რომლისაცა სამეფოჲსა და ქუეყანისა დაპყრობად, წინაჲსწარვე წარავლენენ ძალსა ძლიერებისა მათისასა, რაჲთა წინააღმდგომნი იგი დაპყრობადნი ზარტეხილ და შეშინებულ ყვნენ, რაჲთა რაჟამს თჳთ თავადნი მივიდენ თჳნიერ ბრძოლისა და საჭურველთა ჴმარებისა, ანუ თუ ივლტოდიან, გინათუ შევრდომით დაემორჩილენ და დაემონნენ; ხოლო ეშმაკნი, ერთგზის განვრდომილნი და რისხვეულქმნილნი პირისაგან ღმრთისა ოდესმცაღა შეწყალებულ იქმნნეს იგინი, ვითარმცა შეინანეს შეუნანებელთა სრულიად წარწყმედულთა მათ; გარნა კუართისა მის საღმრთოჲსა პირველვე მოსლვამან ზარტეხილ და შეძრწუნებულ ყვნა უბადრუკნი იგი და წყეულნი. ხოლო რაჟამს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, თჳთ თავადი რომელ არს სახარებისა ქადაგებაჲ მოიღო მოციქულმან მისმან, სრულიად ლტოლვილ იქმნნეს და განიბნინეს და განქარდეს. ხოლო კუართი იგი წმიდაჲ ვითარცა მოიღო ელიოზ მცხეთას, მყის წინა-უკუე-მიეგება დაჲ მისი გოდებითა და ტირილითა საშინელითა, ცრემლით შესუარული, და მოეხჳა ყელსა სასურველისა მის ძმისასა. ხოლო ვითარცა იხილა უსასურეელესი იგი ყოველთა სასურველთაჲ - კუართი მჴსნელისა ჩუენისაჲ, მყის წადიერებით უკუე და სურვილით შეიტკბო მკერდსა თჳსსა და მეყსეულად სულნი წარჴდეს ნეტარსა მას დედაკაცსა სამ სახეთა ამათ მიზეზთათჳს: პირველად უკუე - უფლისა სიკუდილისა და ვნებისა მისისათჳს; მეორედ - რამეთუ ეზიარა ძმაჲ იგი მისი სისხლსა უფლისასა; ხოლო მესამედ - ვინაჲთგან მოეჴსენა დედისა თჳსისა იგი მწუხარებით სიკუდილი, ვინაითგან უკუე ყოველიეე მწუხარებაჲ ერთბამად შემოუკრბა. ამისთჳსცა ძლეულ იქმნა ბუნებისაგან კაცობრივისა და სიკუდილი დაესაჯა ლმობილსა მწუხარებათაგან ფრიადთა. მაშინ უკუე საკჳრველი იგი საქმე დიდი განისმა ესე ყოველსა მას ქალაქსა შინა და, ვითარცა საცნაურ ექმნა მეფესაცა და ყოველთა მთავართა და ყოველსა ერსა, ყოველთა ერთბამად დაუკვირდა საქმე იგი საშინელი.

ხოლო ვითარცა იხილა ადერკ მეფემან კუართი იგი, სთნდა უკუე ფრიად შუენიერებისათჳს მისისა, ხოლო საკჳრველებისა მისთჳს, რომელი-იგი იქმნა, არღარა უკუე ინება გამოძიებად მკერდისაგან მკუდრისა მის, ხოლო ელიოზ დამარხა დაჲ იგი მისი სანატრელითა დამარხვითა, რამეთუ ერთბამად ვითარცა აქუნდა მკერდსა თჳსსა ზედა კუართი იგი, ეგრეთვე დამარხნა. ხოლო არს ადგილი, სადაცა ღმერთმან უწყის მხოლოდ მხოლომან. ხოლო ესეცა განგებულებითა სათნო-იჩინა ღმერთმან ნეტარისა მის დედაკაცისა მკერდსა შეტკბობაჲ და ეგრეთ სიკუდილი, რამეთუ უკუეთუმცა ესე არა ქმნილ იყო, ვინაითგან მას უსჯულოსა მეფესა სთნდა სამოსელი იგი, უეჭუელადცა შეიმოსა წმიდაჲ იგი კუართი შეგინებულსა მას და არაწმიდასა გუამსა მისსა. ხოლო აწ, ვინაჲთგან ამით მიზეზითა ვერღარა მიემთხჳა სასურველსა თჳსსა, სიტყუაჲცა იგი მის ფილოსოფოსისაა სარწმუნო იქმნა, ვითარმედ, არაწმიდისაჲ შეხებაჲ ნუუკუე და არა-უცთომელებაჲ გგონიესო.

ხოლო აწ წმიდაჲ იგი კუართი, არაწმიდისა მის მეფისა გუამისა შეუხებელი, წმიდაჲვე უკუე დაშთა და წმიდადვე ჰგიეს, ვითარცა პირველვე მის საღმრთოჲსა გუამისაგან განწმედილი და წმიდაქმნილი ნეტარი იგი.

ხოლო შემდგომად წელიწადთა მრავალთა ესმა ძმისწულსა ადერკ მეფისასა საქმე ესე და ძიება ყო მეფემან ამაზაელ სამოსლისა მისთჳს ჰურიათა თანა და რაოდენიცა გულსმოდგინებაჲ აჩუენა ძიებისათჳს, გარნა ვერ შეუძლო პოვნად, რამეთუ დაუბრმეს თუალნი მათნი, რაჲთა ვერ ხედვიდენ, სიტყჳსაებრ წინაჲსწარმეტყუელისა. ხოლო ადგილი იგი არავინ ცნა მიერ ჟამითგან ვიდრე დღესამომდე ჩუენდა, სადა მდებარე არს წმიდაჲ იგი კუართი; გარნა მაშინ მათგან დაფარული აწ სადამე და ნუუკუე საცნაურ არს ჩუენდა, რაჲთა უეჭუელად ნათელნი ურთიერთას მეზობლობით მახლობელობდენ და ნათლისა კუართსა ნათლის სუეტი სამარადისოდ ბრწყინვალედ ზედა-ენთებოდის, რომელი-ესე უკუე ესრეთ უცილობელიცა არს სათქმელადცა და საგონებელად, უკუეთუმცა სხუაგან სადმე მდებარე იყო და არამცა სუეტსა ქუეშე.

ხოლო წმიდამან ნინო იხილა ჩუენებაჲ ესევითარი მას ჟამსა შინა მათვე მაყუალთა შინა, [რამეთუ ერთგზის მირულებასა შინა ღამისასა] რეცა მოვიდიან მფრინველნი ცისანი მუხლთა ზედა წმიდისა ნინოჲსთა, ფრთითა შავნი, და შთავიდიან მდინარესა მას შინა, განიბანიან და განსპეტაკნიან, და აღვიდიან სამოთხესა მას შინა, მოისთულებდიან და ყუავილსა ძოვდიან და რეცა წმიდისა ნინოჲსა მოწლედ შევრდომასა აჩუენებდიან და ჟღივილით გარემოადგიან და რეცა შესცხრებოდიან ნარნარითა რაჲთმე და მყუდროჲთა შეთქრომითა, ხოლო იგი სიტკბოებით და წადიერებით შეიწყნარებდა. ხოლო ჩუენებაჲ ესე მოასწავებდა ერისა მის შავისამ დაბნელებულისა, ნათლისღებისა მიერ ცოდვათაგან განსპეტაკებასა, რომელი-ესე მცირედთა დღეთა შემდგომად უფალმან საქმით გამოაცხადა, რამეთუ ყოველი იგი ერი წმიდისა ნინოჲს მიერ წყლისაგან აღმოშობითა განსპეტაკნეს და ჩუენებისა იგი მოსწავებაჲ სრულ-იქმმნა. ხოლო წმიდა ნინო, მათვე მაყუალთა შინა მყოფი, მით ნასხლევისა ჯუარითა იქმოდა სასწაულთა საკჳრველთა და განკურნებდა ყოველთავე უძლურებათა, რომლითაცა ვინ შეპყრობილ არნ სნეულებითა, და დღითი-დღე გამოაჩენდა ღმერთი წმიდისა ნინოჲს მიერ ჭეშმარიტებასა ქრისტიანობისა და მართლისა სარწმუნოებისასა და რამეთუ ჰყვეს მოწაფენიცა ფარულად შჳდნი დედანი ნათესავით ჰურიანი: სიდონია, ასული აბიათარისი, და კუალად სხუანი ექუსნი და სამოთხისა იგი მცველნი ცოლ-ქმარნი.

ხოლო აბიათარ მღდელი კადნიერ იყო, ვითარცა პავლე, და უშიშად ქადაგებდა და ყოველთა საცნაურ ჰყოფდა მართალსა სარწმუნოებასა ქრისტიანობისასა, ხოლო აბიათარს ეცადნენ ჰურიანი, რაჲთამცა ქვაჲ დაჰკრიბეს და მოკლეს მხილებისათჳს მათისა. ხოლო მეფემან განარინა იგი, რამეთუ არა უმეცარ იყო შჯულსა ქრისტესსა მირიან მეფე, ვინაჲთგან თჳთ მებრ აწღა საბერძნეთით მომავალ იყო და ასმიოდეს სასწაულნი ქრისტესმიერნი და თრდატისაცა იგი ასმიოდა-ვე ეშუად გარდაქცევაჲ და არათუ ოდენ არა აყენებდა, არამედ უფროჲსღა სურვიელცა იყო ქრისტჱსთჳს სასწაულთა ხილვად.

და არა ვიდრემე დააბრკოლებდა წმიდასა ნინოს და მოწაფეთა მისთა ქადაგებისათჳს, არამედ ფრიადი აქუნდა ფლობაჲ; ხოლო ნანა დედოფალი, ცოლი მირიანისი, გულფიცხელ იყო სასტიკად და შეურაცხ-ჰყოფდა ქადაგებასა მას ნინოჲსსა. ხოლო წმიდაჲ ნინო იყოფვოდა და განკრძალულ იყო ლოცვასა და მარხვასა შინა ფრიადსა და დაყო ესრეთ მაყუალთა მათ შინა ვითარ სამი ოდენ წელიწადი.

მას ჟამსა შინა უკუე იყო ვინმე ყრმაჲწული, სენითა მძიმითა შეპყრობილი, და მიმოაქუნდა იგი დედასა თჳსსა წიაღითა, რაჲთამცა პოვა ვინმე მეცნიერი და შემძლებელი კადნიერებისაჲ, ხოლო ყოველთა მკურნალთა წარუკუეთეს სასოებაჲ კურნებისაჲ და უკუეთუ ვინმე აუწყის მისლვად დედისა მის ჩუენისა სანატრელისა ნინოჲსსა, ყოვლადვე არა შეიწყნარებნ არცა თუ სმენად, რამეთუ წარმართი იყო ნათესავით და ფრიად ბოროტი გონებითა. ხოლო ვითარცა სრულიად სასოწარკუეთილ იქმნა მკურნალთაგან და მძჳნვარებისაგან სენისა, იძულებულ იქმნა. მაშინღა მოვიდა უკუე წმიდისა ნინოჲსა და დავარდა წინაშე მისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ, „ჭიმითა და აღვრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნენო“ (ფს. 31,9). ხოლო შიშით და შევრდომით ევედრებოდა მსწრაფლ კურნებად ძისა მის თჳსისა საწყალობელისა, რამეთუ ესე მხოლოჲ მივისო.

მაშინ ჰრქუა მას წმიდამან ნინო:

- ჵ დედაკაცო! კურნებაჲ კაცობრივი ჩემგან შეუძლებელ არს, ხოლო რომელი შესაძლებელ არს, ღმრთისა ჩემისა სახელისდებითა, იგი უკუე უშურველ ვყო.

და ვითარცა ესე თქუა წმიდამან, ცხედარსა მას ზედა მოღუაწებასა მისისასა მიაწვინა უძლური იგი და კნინღა მკუდრად საგონებელი. ხოლო იგი დადგა ვედრებად ღმრთისა მიმართ, ცრემლით ხადოდა სახელსა უფლისა იესუ ქრისტესსა. ხოლო მასვე ჟამსა ნეკტარითა მით ცრემლთაჲთა მოიზიდა მსწრაფლ შეწევნაჲ ღმრთისაჲ განკურნებად მის ყრმისა და განცოცხლებული მხიარულებით მისცა დედასა თჳსსა და ადიდებდა ღმერთსა. ხოლო დედამან ყრმისამან აღიარა ქრისტე ღმრთად ჭეშმარიტად და ძედ ღმრთისა ცხოველისად და თქუა, არა არს სხუაჲ ღმერთი თჳნიერ მისსა, რომელსა-ესე ქადაგებს უცხოჲ დედაკაცი. დაემოწაფა წმიდასა ნინოს მიერ დღითგან.

მას ჟამსა შინა უკუე დედოფალიცა ნანა შევარდა სენსა მძჳნვარესა და ფრიად სასტიკსა, რომლისა კურნებაა შეუძლებელ იყო ყოველთავე მკურნალთაგან, რამეთუ ყოველთავე ხელოვანთა და კურნების გამოცდილთა წარმოაცალიერნეს ყოველნივე ღონენი მეცნიერებისანი და უღონო და სასოწარკვეთილ იქმნეს. და არამცირედსა ურვასა შინა იყვნეს მეფე და ყოველი ერი ამის მიზეზისთჳს. ხოლო უკუანაჲსკნელთა აუწყეს დედოფალსა და ჰრქუეს, ვითარმედ: უცხოჲსა ამის დედაკაცისაგან ჰრომისა, რომელსა ეწოდების ნინო, მრავალნი უკუე განკურნებულ არიან, სენითა მძჳნვარითა და სასტიკითა შეპყრობილნი, რომლისასა უკუე ვჰგონებთ, ვითარმედ შენიცა ვიდრემე ადვილად შეუძლოს ლოცვითა მისითა.

მაშინ უკუე იძულებულმან სენისა მის მძჳნვარებისაგან, დაღაცათუ არა ენება, ეგრეთცა ბრძანა მსახურთა მიერ მოყვანებაა ნეტარისა მის. და ვითარცა მივიდეს მსახურნი იგი დედოფლისანი აღსრულებად ბრძანებულისა, პოეს უკუე წმიდაჲ ნინო მაყუალთა მათ შინა, რამეთუ ილოცვიდა ჟამსა მეექუსესა. ხოლო ვითარცა აუწყეს ბრძანებაჲ დედოფლისაჲ, ჰრქუა წმიდამან ნინო მოვლინებულთა მათ:

- არა ვიდრემე ბრძანებულ არს ჩემდა, რაჲთა აქაჲთ განვიდე ვინაჲვე. ხოლო უკუეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ არს, დედოფალი უკუე აქა მოვედინ, საყოფელად ჩემდა, და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტეს ღმრთისა ჩემისაჲთა.

ხოლო მსახურთა მათ მიუთხრეს დედოფალსა თქუმული იგი ნინოჲსი. მაშინ უკუე დედოფალმან ბრძანა შემზადებაჲ ცხედრისაჲ მიყვანებად მისსა, რამეთუ სენნი მეფეთაცა ვიდრემე დამამდაბლებელ ექმნებიან. მაშინ უკუე წარიყვანეს და თანა წარჰყვა ძეცა მისი რევი და სხუაჲ სიმრავლე ერისაჲ. და ვითარ მივიდეს საყოფელსა მას ნინოჲსსა, მასვე უკუე სარეცელსა მოღუაწებისა მისისასა მიაწვინა იგიცა, მსგავსად ჩუეულებისა მის, და მყოვარჟამ ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა და მოიღო ჯუარი იგი, რომელ აქუნდა, და შეახო თავსა და ფერჴთა და მჴართა, სახედ ჯუარისა, და მეყსეულად განიკურნა და აღდგა განცოცხლებული და ჰრწმენა ქრისტე ღმრთად ჭეშმარიტად.

და ყოველნივე იგი ერნი, დედოფლისა თანა და ძისა მისისა რევისა მოხარულნი, ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს:

- ჭეშმარიტად, არა არს სხუაჲ ღმერთი თჳნიერ მისა, რომელსა-ესე უცხოჲ დედაკაცი ქადაგებს; ნამდჳლვე უეჭუელად ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი.

მიერითგან უკუე შექმნა დედოფალმან ნანა წმიდაჲ ნინო მეგობრად თჳსად და შინაურად, და მარადის ჰკითხავნ და გამოიწულილავნ მჴურვალედ სჯულსა ქრისტესსა. და ასწავვბდეს უკუე წმიდაჲ ნინო, აბიათარ მღდელი და ასული მისი სიდონია, რამეთუ სთესვიდეს თესლსა მას ღმრთისმსახურებისასა ქუეყანასა კეთილსა. და იქმნა დედოფალი სრულიად მორწმუნე და იცნა ღმერთი ჭეშმარიტი.

ჰკითხვიდა უკუე დედოფალსა მეფე, თუ რომლითა სახითა გინა ვითარ ესრეთ მეყსა შინა განიკურნა. და მიუთხრობდა დედოფალიცა ჭეშმარიტსა და უფროჲსღა ერიცა იგი დაამტკიცებდა, რომელთა ეხილვა და რომელნი დამხუდარ იყვნეს ძისა მისისა თანა რევისსა. მაშინ უკუე მეფე განკჳრდა და იწყო გამოძიებად სჯულსა ქრისტესსა და მრავალგზის ჰკითხავნ ჰურიაყოფილსა მას აბიათარს ძუელთა და ახალთა წიგნთასა, ხოლო იგი ჴელოვნად აუწყებნ და განუმარტებნ ყოველსავე. და წიგნიცა, რომელი აქუნდა მირიან მეფესა ნებროთისგან, რომელი-იგი მაშინ აღწერა ნებროთ მეფემან, მის მიერცა უკუე მიიღებდა წამებასა.

რამეთუ ესრეთ წერილ იყო აღშენებასა მას გოდლისასა, ვითარმედ ჴმაი იყო ნებროთის მიმართ ზეცით, რომელი იტყოდა:

- მე ვარ მიქაელ, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავალისასა. განვედ უკუე ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი დაჰფარავს. ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთა მოვიდეს მეუფჱ იგი ზეცისაი, რომლისა შენ გნებავს ხილვაჲ. შეურაცხ-იქმნეს იგი ერისა შორის შეურაცხისაი და საძაგელისა. ხოლო შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი, მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მან გიხილოს ჭირსა შინა და გიჴსნეს შენ.

ამით უკუე გულისჴმა-ჰყოფდა მირიან მეფე, რამეთუ ძუელნი იგი წიგნნი ახლისა მის სჯულისა ქადაგებასა ეწამებოდეს და ნებროთის წიგნიცა დაამტკიცებდა, და ამისთჳსცა შეექმნა სიყუარული ქრისტეს სჯულისაჲ.

ხოლო მტერი იგი და მბრძოლი ნათესავისა ჩუენისაჲ დამაყენებელ ექმნებოდა აღსარებად ქრისტესა, და დაყო მეფემან დედოფლისა მოქცევითგან წელიწადი ერთი ორგულობასა შინა. ხოლო ვინაჲთგან მაცილობელ და წინააღმდგომ არცა ვინ ერთი იყო წმიდისა ნინოჲსსა და დაუცხრომელად ასწავებდა ერსა მას და კადნიერად ქადაგებდა. და არავის გამოუცხადებდა თავსა თჳსსა, თუ ვინაჲ ანუ სადაჲთ მოიწია, არამედ ტყუედ იტყოდა თავსა თჳსსა.

ხოლო შემდგომად ამისა იყო მთავარი ერთი ნათესავთაგანი მეფისათა, სახელით ხუარა. ესე უკუე იყო მოგჳ ჴელოანი და შეპყრობილ უკუე იქმნა იგი სულისა მიერ უკეთურისა და იგუემებოდა ბოროტად ესოდენ, რომელ მყის მახლობელობაჲ სიკუდილისაჲ მოესწავებოდა. და ამისთჳსცა არამცირედი ურვაჲ და მწუხარებაჲ იხილვებოდა მეფისაჲ და დედოფლისაჲ, რომლისათჳსცა ფრიად ევედრებოდეს წმიდასა ნინოს განკურნებისათჳს მისისა, უკუეთუ ყოვლად შესაძლებელ არს. ხოლო მეფე, ჯერეთცა ურწმუნოებითა შეპყრობილი, ეტყოდა წმიდასა ნინოს:

- მითხარ უკუე, ჵ ნინო, ჭეშმარიტი, თუ რომლისა ღმრთისა ძალითა იქმ ესევითართა კურნებათაჲ? ანუ ნუუკუე ხარ შენ ასული არმაზისი, გინათუ შვილი ზადენისი და მათ მიერ მიგენიჭა ძალი კურნებათა; ხოლო აწ გეტყჳ და განგაზრახებ შენ უმჯობესსა, ნინო, უკუეთუ კეთილად ისმინო და ყურად-იღო ჩემთა სიტყუათაჲ, ფრიადი უკუე და სანატრელი ცხორებაჲ და დიდებაჲ დაუუნჯო თავსა თჳსსა და დიდი პატივი მოატყუა, რამეთუ აჰა ღმერთნი დიდნი და საკჳრველნი სოფლისმპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳმისა უშურველად მომცემელნი, ქუეყანისა ნაყოფთაგან გამომზრდელნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებელნი, და ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი გაცი და გაიმ, იგი უკუე იყვნეს დასარწმუნებელად კაცთა მიმართ. ამისა თანა, უკუეთუ განჰკურნო მთავარი ესე, განგამდიდრო შენ უფროჲს ყოველთა პირველთა და შემდგომთა, და გყო შენ მკჳდრ მცხეთას შინა მსახურად პატიოსნად არმაზისა. დიდ არს უკუე არმაზ, დაღაცათუ ჰაერთა და სეტყუათაგან მოიწია შემუსრვაჲ მისი, რამითუ არმაზ ეგე და ღმერთი იგი ქალდეველთაჲ ითრუჯან ყოვლადვე მტერ არიან და ამან ზღუაი შემოადგინის მას ზედა და კუალად მან მის ზედა ესევითარი ბოროტი მოაწია, რომელი-ესე თჳთ თუალთაგანცა შენთა არავე უხილავ არს. რამეთუ ესე ჩუეულებაჲ ღმერთთაჲ სამარადისოდ ესრეთ არს და ესრეთ საკჳრველთმოქმედებენ, რამეთუ სოფლისმპყრობელნი არიან და არარაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ქველისმოქმედებენ. და ესე უკუე ჩემგან კმა გეყავნ. ხოლო შენ უკუე გონიერად და სიბრძნით მომიგებდ პასუხსა სიტყჳსასა.

ხოლო წმიდამან და ნეტარმან ნინო მიუგო და ჰრქუა:

- სახელითა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა დედისა მისისაჲთა და ყოველთა წმიდათა მისთაჲთა, ღმერთმან ყოვლისა დაბადებულისა - ცისა და ქუეყანისა, ხილულისა და არახილულისა შემოქმედმან და დამბადებელმან, ყოვლად დიდებულისა მის დიდისა და აურაცხელისა მრავალმოწყალებისაგან მოგივლინენ შენ, ჵ მეფეო, ვითარცა საჭმილისაგან მძაფრისა ნაბერწყალი მადლისა მისისაჲ, რაჲთა სცნა და გულისჴმაჰყო სიმაღლჱ ცისაჲ და ქუეყანისაჲ და ნათელი მზისაჲ, სიღრმე ზღჳსა საძირკუელისაჲ და სივრცე ქუეყანისაჲ და საფუძველი მისი, და რაჲთა საცნაურ იქმნეს და გამოცხადნეს შენ ზედა ჭეშმარიტად, თუ ვინ შემოსნის ცანი ღრუბლითა, ანუ ვინ გამოავლინის ელვაჲ ქუხილითა ჰაერთაგან, და იძრვინ ქუეყანაჲ სიმძაფრითა მისითა და სასტიკად რბიან მეხისტეხანი და სულსა შინა მათსა ეგზების ცეცხლი გულისწყრომითა მათითა, ანუ თუ რაჟამს უკუე შეიძრის ვეშაპი იგი დიდი ზღუათა შინა და შეიძრის ყოველი ქუეყანაჲ, ვითარცა ფურცელი ხისა მცირისაჲ, ვიდრემდის უკუე დაირღჳიან მთანი და კლდენი მყარნი ქვათა თანა, ამას ყოველსა ზედა უკუე მეცნიერ გყვნა შენ ღმერთმან მიწევნად და გულისჴმისყოფად, ვითარმედ ღმერთი ღმერთთაჲ უხილავი არს ცათა შინა, თავადი იგი ყოველთა დაბადებულთაჲ, და უფალი უფლებათაჲ, და რომელსა-ესე მე ვქადაგებ, იესუ ქრისტესა, ძე არს მისი, მისგან უკუე მხოლოდშობილი, უდედოდ შობილი მამისაგან და უმამოდ შობილი დედისაგან, რომელი-იგიცა თანადაუსაბამოჲ არს მამისა ღმრთეებითა, რომლისა მიერ შეიქმნნეს ყოველნივე არსნი, ხილულნი და არახილულნი, რომელი-იგი ქუეყანად გარდამოჴდა და ჴორცნი შეიმოსნა ესე ჩუენნი, რაჲთა ჩუენ ღმრთეებაჲ შეგუმოსოს, ვინაჲთგან ეშმაკისა დამონებულ ვიყვენით. თჳნიერ ამისსა, სხუებრ [არა] ეგებოდა განთავისუფლებაჲ ჩუენი, უკუეთუმცა თავი თჳსი არა დაემდაბლა. ხოლო ვინაჲთგან იგი წყეული მტერი ნათესავისა ჩუენისაჲ სამოელი სიამპარტავნითა და ზუაობითა ბოროტად დაეცა, ეგრეთვე უკუე ჩუენცა თავჴედობისა მიერ სიამპარტავნით განდგომილებითა ღმრთისა და შემოქმედისა ჩუენისათა დაგჳმონნა. ამისთჳსცა უკუე სიმდაბლით ბრძოლითა ჯერ-იყო დაცემაჲ სატანაისა, რაჲთა წინააღმდგომნი წინააღდგომითა განიკურნენ, სიტყვისაებრ წერილისა; ხოლო იგი ჩუენისა ცხორებისა და გამოჴსნისათჳს იგუემა, ინერწყუა, ყურიმალს-იცა; კიცხევაჲ და ბასრობაჲ თავს-იდვა უღმრთოთა მათ და უსჯულოთა კაცთაგან და ესე ყოველი ნებსით თჳსით. და დასასრულსა ჯუარს ეცუა და მოკუდა ჭეშმარიტად კაცობრივ ჴორცითა და არა ღმრთეებითა, შეუხებელ და უვნებელ არს. და მესამესა დღესა აღდგა და ზეცად ამაღლდა დიდებით, რომელი-იგი კუალად მოსლვად არს ქუეყანად განკითხვად ცხოველთა და მკუდართა, გარნა წიაღთაგან მამისათა ყოვლადვე განუშორებელ არს სამარადისოდ და ჩუენ შორის უხილავად მყოფ არსვე, დაღაცათუ მხოლოჲ იგი მაღალ არს, არამედ მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის. ჵ მეფეო ახლოს არს მიახლებაჲ შენი ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა შემდგომად მცირედისა თჳთ ვიდრემე სიტკბოებისა ჴმამაღლად მქადაგებელ იქმნე, დაღაცათუ ჯერეთ ყოველივე უცნაურ არს შენგან და ამას თანა, რომელი არს ამას ქალაქსა შინა, ჵ მეფეო, უცნაურ ხარ საუნჯესა მას ღმრთივბრწყინვალესა, ძალსა და საკჳრველებასა მისსა, რამეთუ ღმერთმან ყოვლისა სიბრძნით განმგებელმან, წინაჲსწარვე განგებულებით მოანიჭა სამოსელი ძისა მისისა ქალაქსა ამას და მეფობასა შენსა დაუმარხა, რაჲთა შენ მიერითა სათნოყოფითა შენთა დღეთა საცნაურქმნითა იქადაგოს. და ნუკუე ჰგონებ, ჵ მეფეო, თუმცა რაჲსმე ღმერთი ქალდეველთა ითრუჯან, გინათუ არმაზ, ღმერთი იგი შენი, ანუ თუ გაცი და გაიმ რაჲსმე შემძლებელ იყვნეს ურთიერთას ვნებად ანუ შეწევნად. ნუ იყოფინ! რამეთუ იგინი ქვანი და ძელნი არიან უსულონი და სხუანი - ნივთნი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, რვალისა და სპილენძისანი, ჴელითა კაცთაჲთა შემზადებულნი, რომელთა შორის დამკჳდრებულ არიან ბოროტნი ეშმაკნი, რომელთა უკუე თავისა თჳსისა შეწევნაჲცა და ჴელისაპყრობაჲ ვერ ძალ-უც. და აჰა, მეფეო, ამით უკუე ვიდრემე საცნაურ გეყავნ, რამეთუ რაჟამს ღმერთმან ჩუენმან, და ენებოს მას მხოლოჲსა, რომელ თჳთ შენმანცა იესუ ქრისტემან რაჟამს-იგი უკუე ღრუბელთა და სასტიკთა ჰაერთა მიერ მეხისტეხითა დასტეხნა და დაარღჳნა და განანქრინა ქარსა ბოროტსა და სასტიკსა, ვითარ უკუე არა შეეწინეს თავთა თჳსთა უბადრუკნი! და უკუეთუ რასა შემძლებელ არიან ნამდჳლვე ღმერთნი იგი შენნი, დიდად სიქადულნი შენი დიდებული არმაზ, გაცი და გაიმ, აწ უკუე ვიდრემე აღუპყრიან ჴელი თავთა თჳსთა, მეყვსეულად აღემართნენ და კუალად-აგნენ თჳსსავე მას დიდებასა და შუენიერებასა ტაძარნი მათნი, ვითარცა-იგი პირველ იყვნეს, და რამეთუ ესე უკუე არა ვიდრემე უცხო არს და არცა შეუძლებელ ღმრთისაგან ჭეშმარიტისა და უფროისღა ღმერთთაგან, ვინაჲთგან მრავალთამიერი უმეტეს საცნაურ არს შემძლებელობაჲ, ვიდრეღა რათ მხოლოდ ერთისათ, რამეთუ ნამდჳლვე ესევითართა საკჳრველებათა მოქმედებაჲ ჭეშმარიტისა ღმრთისა ოდენ არს, ვითარცა ღმერთმან ჩუენმან ჭეშმარიტმან იმოქმედა, რაჟამს-იგი ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნივე არსნი, ხილულნი და არახილულნი, წამისყოფით შექმნნა და დაბადნა, გინათუ ესრეთ გამოაჩინონ ძალი და ძლიერებაჲ ღმრთეებისა მათისაჲ. უკუეთუ ნამდჳლვე ჭეშმარიტნი ღმერთნი არიან და უკუეთუ ესე სადმე შეუძლებელ არს ზეშთა ბუნებისა საგონებლობით უსუსურობითა მათითა. აჰა ესერა მცირედცა, რომელი უკუე ადვილცა და სათანადოცა არს მათთჳს შესაძლებელობაჲ, ვინათთგან თქუენ შორის საცნაურქმნულად გამომაჩინებელნი და მადიდებელნი მათნი ეშმაკნი აშფოთებენ და ჰგუემენ სულსა ამის მთავრისასა, გამო-უკუე-იყვანონ და განკურნონ ესე ბრძანებით. ხოლო უკუეთუ ესე არა აღიარეთ ვიდრემე უკუე თქუენდა, ღმერთთა თქუენთა ძლეულებაჲ და უძლურებაჲ, და მე ხოლო უძლურმან დედაკაცმან განვკურნო სახელისდებითა ქრისტეს ღმრთისა ჩემისაჲთა და ჯუარითა ვნებისა მისისაჲთა, ვითარცა-იგი ნანა დედოფალიცა განიკურნა სენისა მისგან მძიმისა და მძჳნვარისა.

ხოლო მეფე, ვითარცა პირუტყჳ, დგა და ისმენდა სიტყუათა ნინოჲსთა ტკბილად და ლმობიერად, ხოლო იტყოდა ვერარას, ვინაჲთგან არა უწყოდა, რაჲმცა პასუხი-უგო მეტყუელებასა მას მისსა, არამედ ესე ხოლო მხოლოდ ოდენ თქუა ვედრებით ნეტარისა ნინოჲს მიმართ: ვინაჲთგან უკუე ჩუენ ვერ შეუძლეთ დიდთა და დიდებულთა საქმეთა ჴელყოფად ნამეტნაობისათჳს ძალისა ჩუენისა, ჟამისად უკუე დაუტევენ გრძელნი ეგე მოთხრობანი და განკურნე მთავარი ესე, ნინო, რამეთუ ფრიად გუელმის მისისა მის ჭირვეულობისათჳს.

ხოლო ეგრეთვე და უფროისღა დედოფალიცა ნანა ევედრებოდა-ვე და შეუძლებელობასა მათთა ღმერთთასა ჴმამაღლად აღიარებდა. ხოლო წმიდამან ნინო უბრძანა მოყვანებაჲ მის მთავრისაჲ წინაშე მისსა და მოიყვანეს სამოთხესა შინა ხეთა მათ დიდთა ნაძუთა ქუეშე. და დაადგინა იგი აღმოსავალით და მეფე და დედოფალი და ყოველი ერი შემსჭუალულ იყო ხედვასა მისსა, თუ რაი-ძი იქმნას, რამეთუ აღიპყრნა ჴელნი ზეცად წმიდამან ნინო და ტირილით ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა მყოვარჟამ. მერმე მოიქცა და ათქუმევინა კაცსა მას სამგზის ესრეთ:

- ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, და ყოველთა საცთურთა შენთაგან და შეუვრდები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა.

და მყის მასვე ჟამსა განვიდა ბოროტი იგი სული. ხოლო მთავარი იგი განცოცხლებული წარმოადგინა წინაშე ყოველთასა. და მეფე და დედოფალი ყოვლისა მის ერისა თანა აქებდეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: ჭეშმარიტად იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი, რომელსა ესე წმიდაჲ დედაკაცი ქადაგებს, და ამას ესევითარსა საკჳრველებასა სხუა ღმერთი ვერვინ შემძლებელ არს, რომლისა არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე.

 

უწყებაჲ სიდონიაჲს მიერ დედაკაცისა დაბნელებისათჳს და
მოქცევისა მირიან მეფისა და პატიოსნისა ჯუარისათჳს და სასწაულთათჳს,
რომელნი იქმნნეს ნინოჲს მიერ

იყო: უკუე დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა განვიდა მეფე მირიან ნადირობად მუხრანით კერძო. და მოუჴდა უჩინოჲ იგი, ზოგადი ყოველთა მტერი და მბრძოლი ბოროტი ეშმაკი და შთაუგდო გულსა მისსა სიყუარული კერპთაჲ და ცეცხლისაჲ, და იგონებდა ყოვლითურთ მსახურებასა მათსა და მოწყუედასა სატანჯველთა მიერ ყოველთა ქრისტიანეთასა. და ეტყოდა მეფე ოთხთა ვიეთმე თანამზრახველთა თჳსთა და ნებისმყოფელთა:

- ნამდჳლვე უკუე ღირს ვართ ჩუენ ღმერთთა ჩუენთაგან ბოროტისყოფასა ფრიადსა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებისაგან მათისა და ნიჭისმყოფელ ვიქმნენით ჩუენ ქრისტიანეთა ამათ გრძნეულთა სჯულსა ქადაგებად, რამეთუ უეჭუელად გრძნებითა ჰყოფენ, რაოდენსა რას იქმან საკჳრველებასა. აწ უკუე, ესე არს განზრახვაი ჩემი, რაჲთა ბოროტად წარვწყმიდნეთ ყოველნი მოსავნი ჯუარცუმულისანი და მცირედი ესე უდებებით ნაკლულევანებაჲ აწ კუალად ვიდრემე ფრიადითა გულსმოდგინებითა სრულ-ვყოთ ქველისმოქმედთა ჩუენთა ღმერთთა მიმართ, მპყრობელთა და შესავედრებელთა ქართლისათა, და მხილებით ვამხილო ცოლსა ჩემსა ნანასცა, რაჲთა შეინანოს აქამომდისი უგუნურებით ცთომილებაჲ, ხოლო უკუეთუ ურჩ მექმნეს, დავივიწყო უკუე მისიცა თანამდებიცა, მისიცა სიყუარული გამივჴადო პატიჟი, ღირსი ურჩებისაჲ, და მათ თანავე იგიცა ბოროტად წარვწყმიდო.

ხოლო განზრახვასა მას მისსა თანა-ეწამნეს და უფროჲსღა და უმეტეს და უმტკიცეს თანამზრახვალთა მათ მისთა, ვინაჲთგან თვით იგინი უფროჲს სურვიელ იყვნეს. ხოლო მეფემან მოვლო უკუე ყოველი იგი სანახები მუხრანისაჲ და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა. და განვიდა თხემსა მის მთისასა მოხილვად კერძოთა იმიერ და ამიერ. და შუა სამხრის ოდენ მყის ანაზდაჲთ დაბნელდა მზე მათ ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი და უკუნი. და დაიპყრნა ბნელმან არენი იგი და ადგილნი და განიბნინეს კაცად-კაცადი თჳსსა ადგილსა ჭირისა მისგან და ურვისა. და დაშთა მეფე მხოლოდ მარტოჲ და მიმოვიდოდა მთათა მათ ზედა, შეცთომილი, შეშინებული და შეძრწუნებული. ხოლო ვინაჲთგან უღონო იქმნა ვინათვე წარსლვისაგან გინათუ კაცთა მიერისა შეწევნისა და წინაძღომისა, დადგა უკუე ერთსა ადგილსა სასოწარკუეთილი და იგონებდა, თუ:

- რაჲ-მე მოიწია ჩემ ზედა, უბადრუკისა და საწყალობელისაჲ ამის! ნეტარ მე, ჩემ შორის ოდენ შემთხუეულ იქმნა ესე საშინელი საქმე უბადრუკისა, ანუ თუ ზოგად ყოველსა ქუეყანასა ზედა იქმნა, გინა აწ ესე ვინა მაუწყოს მე, ვინაჲთგან ყოვლითურთ უღონო ვარ, ვიეთცა მიმართ კითხვად და განზრახვად.

და ვითარცა იგონებდა ამას თავსა შორის თჳსსა, აჰა ესერა მოხედნა ღმერთმან წყალობით, ვითარცა პირველ პავლეს და მოეგო თავსა თჳსსა და იტყოდა და თქუა:

- ვინაჲთგან ესერა ვხადი ღმერთთა ჩემთა და ვერარას უკუე ლხინებასა ვპოებ და უფროჲსღა თვით მებრ მათისა პატივისა განზრახვასა და განგებასა შინა შემემთხჳა ესე ბოროტი და ესევითარი ჭირი, ნამდჳლვე უძლურ თურე არიან და ბოროტ და არარას კეთილისმოქმედ, ვითარცა-იგი უცხოჲ დედაკაცი ნინო განაქიქებს უძლურებასა მათსა, აწ უკუემ რომელსა-იგი ქადაგებს იესუს ჯუარცმულსა და სახელითა მისითა ჰყოფს საკჳრველთა კურნებათა, ვევედრო-ღა უკუე მეცა სახელსა მისსა, ნუუკუე და მეცა ვიდრემე მივემთხჳო საკჳრველებით ლხინებითა კურნებასა ამის მოწევნულისა პირისასა, რამეთუ ვარ მე, უბადრუკი ესე, ცოცხლივ ჯოჯოხეთს შინა, რომელსა უჴმარ მექმნა ყოველივე დიდებაჲ და ცხორებაჲ ჩემი, და ოჴერ ვიქმენ მონათა და ერისა ჩემისაგან, ქალაქთა და ციხეთაგან და თჳთ თავადისა მეფობისა ჩემისაგანცა, და ესე არარაჲვე უწყი, თუ ყოვლისა ქუეყანისათჳს იქმნა ესე მოსაწევარი, თუ ჩემთჳს ოდენ მხოლოდ უბადრუკისა.

და ვითარცა ესე თქუა, დადგა და ჴელნი აღიპყრნა და ტირილით და გოდებით იტყოდა ჴმითა მაღლითა:

- იესო ძეო ღმრთისაო, რომელსა დედაკაცი იგი ნინო ღმრთად ჭეშმარიტად გქადაგებს, უკუეთუ ნამდჳლვე ღმერთი ხარ ჭეშმარიტი და ძე ღმრთისაჲ, მიჩუენე მე ნათელი შენი ნათელსა მამისა თანა ზოგადსა ჩუეულებითსა და მახილვე მე საყოფელი ჩემი, რაჲთა ვცნა ჭეშმარიტი მეცა, ვითარმედ შენ ხარ ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფლებათაჲ და რაჲთა აუვარო სახელსა შენსა წმიდასა მეცა უკუნისამდე და გქადაგებდე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა. და უკუეთუ ისმინო ჴმისა ლოცვისაჲ ჩემისაჲ, აღვაშენო სახლი შენი წმიდაჲ და ვყო იგი სალოცველად ჩემდა და ერისა ჩემისა, რაჲთა იდიდებოდის და თაყუანის-იცემებოდის სახელი შენი წმიდაჲ მას შინა უკუნითი-უკუნისამდე. ჰე ძეო ღმრთისაო იესო ქრისტე, ნუ გარე-მიმაქცევ სირცხჳლეულსა, უკუეთუ ძალ-გიძს ჭეშმარიტად შეწევნად, მოიხილე ჩემ ზედა, საწყალობელსა ამას და უკუმძარცუვე მოხუეული ესე ჩემ ზედა მდებარე უკუნი სიბნელისაჲ.

ხოლო ვითარცა ესე ილოცა, მიმყოვრებულად წარმოთქუა მეყსა შინა, მყის უკუე ნათელი მოეფინა ყოველსა ქუეყანასა ჩუეულებისაებრი და მზე გამობრწყინდა დიდებითა თჳსითა, ხოლო მეფემან კუალადცა განიპყრნა ჴელნი თჳსნი ცად მიმართ და თქუა:

- უფალო ღმერთო, ცისა და ქუეყანისა შემოქმედო, რომელი უკუე უფლებ ზესკნელთა ცათა შინა და იპყრობ ქუეყანისათა, ნამდჳლვე შენ ხარ ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფლებათაჲ, რომელსა გაქუს ჴელმწიფებაჲ ნათელსა ზედა და ბნელსა და შენ ხარ, მეუფეო, რომელი მოავლენ კაცთა ზედა განსაცდელსა უმჯობესისათჳს. და აწ, მეუფეო ღმერთო ცისა და ქუეყანისაო, ვითარცა ვიყავ ჴორციელსა ბნელსა შინა, უფროჲსღა სულიერსა, და ვითარცა განმინათლენ ჴორციელნი თუალნი, ეგრეთვე განმინათლენ თუალნი სულისანიცა. და უკუეთუ მცირედსა ამას სიბნელესა ვერ უძლე აქავე დათმენად და ყოვლითურთ უღონო და სასოწარკუეთილ ვიქმენ, ვითარ უკუე დაუთმოთ და მოთმინე ვიქმნნეთ, უბადრუკნი ესე და საწყალობელნი, მის საუკუნოჲსასა მას და დაუსრულებელსა ბნელსა მას გარესკნელსა, ღრჭენასა კბილთასა და მატლსა მას დაუძინებელსა და ცეცხლსა უშრეტსა, რომელი განმზადებულ არს ჩუენ უბადრუკთა და ცოდვილთათჳს, რომელიცა გუექადაგების უცხოჲსა მის დედაკაცისა ნინოჲსაგან. შენ ხარ უკუე, უფალო და მეუფეო, ყოვლისა სიბრძნით განმგებელი. და ვითარ მესმის, არავისი გნებავს ნამდჳლვე სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ ყოველთა სინანული და ცხორებაჲ. და აწ მეუფეო, მეცა შემინდვენ ყოველნივე უსჯულოებანი ჩემნი, რომელნი აქამომდე ვცოდენ უგუნურებით, რამეთუ ამიერითგან მეცა შეუდგე ბრძანებათა და მცნებათა შენთა. და მორჩილ უკუე ვექმნე სიტყუათა ნინოჲსთა, რომელი გუასწავებს მცნებათა შენთა, რამეთუ ნამდჳლვე შენ ხარ ღმერთი მონანულთაა და შენი არს დიდებაჲ და ძლიერებაჲ უკუნითი-უკუნისამდე. ამენ.

ხოლო ადგილი, რომელთა ნათელი გამოუბრწყინდა, იყო მის მთისა მწუერვალსა ზედა და გულსა დაიდვა, რაჲთა ძელი ჯუარისაი აღმართოს მას ადგილსა. და წარმოუკუე-ემართა მით ადგილითა იხილა უკუე ყოველმან ერმან, რამეთუ მათცა გამოუბრწყინდა ნათელი ჭეშმარიტი და შეიერთნეს მეფენი და ყოველი იგი ერი განბნეულნი.

ხოლო მეფე ჴმითა მაღლითა ღაღადებდა:

- მიეცით უკუე დიდებაჲ ღმერთსა ნინოჲსსა, რამეთუ უეჭუელად ნამდჳლვე იგი არს ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფლებათაჲ.

ხოლო ყოველმან ერმან ხმა-ყვეს ზოგად:

- დიდებაჲ ღმერთსა ზეცათასა, რომელსა ნინო ჰქადაგებს, რამეთუ მას უკუე მხოლოდ მხოლოსა შუენის დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე. ამენ.

ხოლო ნანა დედოფალი და ყოველი ერი განვიდა მიგებებად მეფისა, რამეთუ ყოველთა ასმიოდა, რომელი-იგი იქმნა საკჳრველებაჲ მეფესა და ერსა ზედა. მაშინ უკუე ყოველი იგი ქალაქი ერთობით მიეგებნეს შორს ქალაქისაგან და ყოველი ერი იგი იხარებდეს საკჳრველსა მას სასწაულსა ზედა, და ერთბამად ადიდებდეს ღმერთსა. და უფროჲსღა ნანა დედოფალი იხარებდა, უწყოდა, განგებულებით ყო, რომელი-იგი ყო მეფესა ზედა ცხოვნებისათჳს მეფისა და ყოვლისა ამის სამეფოჲსა და ნამდჳლვე სიტყუაჲ იგი სარწმუნო იქმნა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ, საზღვარი განსაცდელისა შემეცნებაჲ იქმნა უაღრესისაჲ.

ხოლო ნეტარი ნინო მასვე უკუე საყოფელსა შინა მისსა მაყუალთა მათ შინა ლოცვასა განკრძალულ იყო ჩუეულებისაებრ. და ამის თანა იყო მისგან მოქცეული ორმეოცდაათი სული მებრ მას ჟამსა შინა. და იყო უკუე, ვითარცა მოვიდოდა მეფე, იძროდა ყოველი იგი ქალაქი და ჴმითა მაღლითა ღაღადებდა მეფე:

- სადა უკუე არს უცხოჲ იგი დედაკაცი დედაჲ ჩემი.

ვითარცა ეუწყა მაყუალთა მათ შორის ყოფაჲ, მიაქცია მეფემან ყოვლისა მის ერისა თანა და მყის გარდაჴდა უკუე მეფე ჰუნისაგან თჳსისა და ეტყოდა წმიდასა ნინოს:

- აწ უკუე ღირს ვარ, სანატრელო დედაო, თუ ღმერთსა ენების სახელისდებად სახელსა ღმრთისა შენისასა ნამდჳლვე მჴსნელისა ჩემისასა.

ხოლო წმიდაჲ ნინო ცრემლთა მჴურვალეთა დამოდინებითა ჰმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა და მეფესა წურთითა და სწავლითა საღმრთოჲთა განამტკიცებდა და საცნაურ-ჰყოფდა ჭეშმარიტებასა ქრისტეს ღმრთისასა, ვითარცა მისცემდა სული იგი წმიდაჲ, მის შორის მყოფი, რომელი დამკჳდრებულ იყო.

მაშინ უკუე იქმნა საკჳრველი და სახარულევანი ტირილი და ლმობიერებაჲ ყოვლისა მის ერისაჲ, რაჟამს ხედვიდეს მეფესა და დედოფალსა, ცრემლით ლმობიერად მგოდებელთა, რამეთუ ღირსნი ყოვლისა ნეტარებისანი ცრემლნი დამოსდიოდეს ყოველთა მიმყოვრებით განგრძელებასა მას სწავლისასა წმიდისა ნინოს მიერ.

ხოლო ვითარცა მოვიდეს ქალაქად, ხვალისა დღე, მყის წარავლინნა მოციქულნი მირიან მეფემან საბერძნეთად დიდისა კონსტანტინესსა, რამეთუ მას ჟამსა იგი იყო ნეტარებით მოჴსენებული და მიწერა წიგნი წმიდამან ნინო ელენე დედოფლისა მიმართ, ხოლო მირიან - მეფისა მიმართ. და აუწყეს ყოველი ესე სასწაული ქრისტეს ღმრთისა მიერი, რომელი იქმნა მცხეთას ქალაქსა შინა. ხოლო ძალი ებისტოლისა მის ესევითარი იყო, რომელ:

- უწყებულ არს ჩუენდა, ვითარცა შეჰგვანდა შესაბამობასა ჟამისა მის ახალნერგთაჲსა მაღალსა უკუე და ზეშთა ვიდრემე აღმატებულსა, ყოვლად ბრწყინვალესა და უფროჲსად დიდებულსა მეფესა მეფეთასა და ნათელსა ყოველისა ქრისტიანობისასა წმიდისა და ყოვლად უაღრესისა ყოველთა ქალაქთაჲსა, სახედ მზისა განმანათლებელსა ღმრთივბრწყინვალისა სამეფოჲსა კონსტანტინეპოლისა თვითმპყრობელსა მეფესა დიდსა კონსტანტინეს, აღმოსავალისა უკუე კერძოთაჲთ საქართველოჲსა ყოვლისა მეფე მირიან აწღა სადმე წყალობითა სახიერისა ღმრთისაჲთა ძლით უკუე განფრთხობილი სიმთრვალისაგან უმეცრებისა და ვითარცა საშოჲსაგან დედისა სიბნელისაგან ახლად ვიდრემე ნათლად გამოსრული, ქრისტეს მიერსა გიხაროდენსა მიგიძღუანებ. რამეთუ რომელსა-იგი არავისი ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ ყოველთა მოქცევაჲ, სინანული და ცხორებაჲ, ვითარცა მესმის, მან უკუე სახიერმან არცაღა ვიდრემე ჩემი სათნო-იჩინა უფსკრულსა შინა სიბნელისა და დავიწყებისასა დაშთომაჲ და ვითარცა-იგი ოდესმე შენ და კუალად შენსა უწინარეს-რე, ვითარ-იგი ქრისტიანეთა ქადაგი ცხორებისა ნეტარი პავლე მოგინადირა შენ, ვითარცა უწყებულ ვარ, ეგრეთვე უკუე მანვე სახიერმან და მეცა ღირს-მყო ნათელსა ღმრთეებისა მისისასა მსგავსად თქუენსავე და ნათლისა საღმრთოჲსა მომატყუებელითა ბნელითა განმანათლა და არაღირსნი წყალობისა ღირს-მყო ღირსთა თანა ქებისათა ღირსყოფად ჴსენებისა სახელსა ღმრთეებისა მისისასა, რომლისათჳსცა უკუე ვმოქენობ წმიდისა მეფობისა შენისა მიმართ, რათა ღირს-მყვნე სრულიადსა ნათელსა მიმთხუევად ყოვლისაგანვე უღონოქმნილნი, რომლითა გამოისახვის ჭეშმარიტი უცთომელი ქრისტიანობაჲ, ესე უკუე იგი არს, მღვდელი, საღმრთოჲ მსახური ქრისტესი, წმიდა და წმიდამყოფელი მირონი და რომელსა ზედა ჯუარს-ეცუა ცხორებისათჳს ჩუენისა ძელი ჭეშმარიტი, სახარებაჲ და სხუაჲ, რაოდენი რაჲ ხაჴმარ არს საჭიროდ ჩუენდა, რაჲთა ყოველთავე თანა შენ მიერ განათლებულთა, ჩუენცა უკუე ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ღმრთივგჳრგჳნოსანო ყოვლად ბრწყინვალეო თჳთმპყრობელო, წმიდაო მეფეო დიდო კონსტანტინე.

ხოლო წმიდაჲ ნინო და მოწაფენი მისნი ერსა მას შორის ქადაგებდეს დაუცხრომელად, და ასწავებდეს გზასა ჭეშმარიტებისასა, ვიდრე მოსლვადმდე მღვდელთა და მოციქულთა საბერძნეთით, და მჴურვალებაჲ ფრიადი იყო ყოველთაჲ საღმრთოჲსა შურისათჳს. ხოლო წმიდამან ნინო ჰრქუა მეფესა:

- მესწრაფების მე, ჵ მეფეო, აღშენებისათჳს ტაძრისა ღმრთისა.

ჰრქუა მას მეფემან:

- ესე ჭეშმარიტად უწყი, სანატრელო დედაო, რომელ რაჲცა ოდენ შენ სათნო გიჩნს, უეჭუელად ნებაჲ არს ღმრთისაჲ და ვითარცა განაგოს შენმან სიწმიდემან, ეგრეთცა ვყოთ.

ჰრქუა წმიდამან ნინო:

- სადა უკუე ჰნებავს მეფობასა შენსა?

ჰრქუა მას მეფემან:

- სადაცა ღმერთსა და შენ სათნო გიჩნს, ჭეშმარიტი ესე არს. ხოლო უკუეთუ ჩემსა ნებასა დაემორჩილებით, ფრიად უკუე საყუარელ არიან ჩემდა მაყუალნი, შენისა მოღუაწებისაგან განშუენებულნი, რომელნიცა ცრემლთა შენთა ნარწყაობისა მადლსა ჴმამაღლად ჰქადაგებენ, რომელნი-იგი უკუე უპატიოსნესად გამოაჩინეს ოქროქანდაკებულთა პალატთასა ღუაწლთა შენთა სიმრავლემან, მე უკუე მუნ მნებავს, გარნა არა ვიდრემე დავამტკიცო ნებაჲ ჩემი, კუალად უკუეთუ სათნოჲ არს შენდა და, უფროჲსღა ღმრთისა, არა ვჰრიდო ყოვლად სამოთხესა ამას ჩემსა სამეფოსა შუენიერებისათჳს მისისა და ფერად-ფერადობისათჳს ნერგთა და ყუავილთა სულნელთასა და სიმაღლისათჳს ნაძუთასა და ნაყოფიერებისათჳს ბაბილოთასა. ჭეშმარიტად სამოთხე ესე ჴორციელი და წარმავალი შეგუცვალოს ცხორებად საუკუნოდ და წარუვალად და მუნ აღვაშენოთ ტაძარი ესე ღმრთისაჲ სალოცველად ჩუენდა, ვიდრე მოსლვადმდე მღვდელთა საბერძნეთით.

და მეყსეულად მოიღეს ნივთი საგებელი და იწყეს შენებად სახელსა ზედა ღმრთისა და ასწავებდა ხუროთა, რამეთუ რომელმან-იგი ბესელიელ აღავსო სიბრძნითა, იგივე ღმერთი იყო ამის ნეტარისა განმაბრძნობელი. ხოლო ნაძუნი იგი დიდნი და საკჳრველნი მოჰკუეთნეს, რომლისაგანცა შემზადნეს შჳდნი სუეტნი ეკლესიისანი. ხოლო ექუსნი იგი უკუე სუეტნი აღმართნეს, სადაღა ინება ადგილმან თჳს-თჳსად, ხოლო უდიდესი იგი სუეტი, რომელი საზარელი იყო უფროის მათ სხუათასა, საშუალ ეკლესიისა აღსამართებელად განაწესეს. და ვითარ შემზადნეს ყოვლითურთ, აღმართებისათჳს ეცადნეს, გარნა ცუდ იყო შრომაჲ, ვინათთგან ყოვლად ვერ შეუძლეს.

აუწყეს უკუე მეფესა საკჳრველი ესე საქმე.

მაშინ უკუე მოვიდა სიმრავლითა ერისაჲთა და მოიხუნეს მრავალღონენი მანქანებანი და სიმრავლითა ერისაჲთა და სიმარჯვითა ძალისაითა ეცადნეს აღმართებად და ვერცა ვიდრემე ეგრეთ შეუძლეს, არამედ ეგრეთცა ცუდ და ამაო იქმნებოდა შრომაჲ მათი. და იყვნეს დაკჳრვებულ მეფე და ყოვლისა ერისაჲ სიმრავლე და იტყოდეს ურთიერთას ყოველნივე, თუ რაჲ-მე არს უცხოჲ ესე სახილავი.

და ვითარ შემწუხრდა, წარვიდა უკუე მეფე, ფრიად შეწუხებული, პალატად და ყოველი ერი სახიდ თჳსად. ხოლო სანატრელი ნინო და ათორმეტნი მოწაფენი მისნი დედანი დაადგრეს სუეტსა მას თანა ღამე ყოველ. ხოლო ნეტარი ნინო გოდებდა ფრიად და ნეტარსა[...] ცრემლთასა დამოადინებდა ღამე ყოველ.

და განზოგებასა ოდენ ღამისასა იქმნნეს ესევითარნი ოცნებანი, რამეთუ ორნივე ესე მთანი იმიერ და ამიერ, არმაზისა და ზადენისაი, რეცა თუ წარმოიქციეს და შთამოირღუეს და დააგუბეს ორთავე მთათა წყალი და გარდამოხეთქეს წყალთა მათ ქალაქსა ზედა და რეცა წარსარღუნელად და წარსაწყმედელად იხილვებოდა ქალაქი. და შეიქმნეს ჴმანი და ქუხილნი, ტირილნი და გრგჳნვანი ორთავე მათ მდინარეთა გარდამოხეთქასა ზედა. ხოლო მოწაფენი იგი დედანი შეშინდეს და შეძრწუნდეს და ლტოლვისათჳს განმზადებულ იყვნეს. ხოლო ნეტარი იგი ნუგეშინის-სცემდა მათ და ეტყოდა:

- ნუ შეძრწუნდებით, დანო ჩემნო საყუარელნო, არარაჲ არს ესე სხუაჲ, თჳნიერ საოცრებაჲ ეშმაკთა ბოროტთაჲ, რამეთუ მთანი უკუე ადგილთავე თჳსთა პჰიან და მდინარენი ეგრეთვე დიან და ერსა ყოველსა მშვდობით სძინავს. ხოლო საოცრებით ჩუენებული ესე ჭეშმარიტად უკუე დარღუევაჲ არს ურწმუნოებისაჲ, მთათა და წყალთა დინებისა დაყუდებაჲ გამომსახველ არს სისხლისა მის ყრმათაჲსა, რაჲთა დასცხრეს ამიერითგან დინებაჲ იგი დაკლულთა მათ ჩჩჳლთა ყრმათა სისხლისაჲ ორთქლთანი. ხოლო ჴმაჲ ესე ტყებისა ეშმაკთა სიმრავლისაჲ არს. და სამართლად ხოლო იგლოენ თავთა თჳსთა უბადრუკნი, ვინაჲთგან იოტებიან ამათ ადგილთაგან, რომელთა შინა იხარებდეს სისხლითა კაცთაჲთა, რამეთუ ეძჳნების სასტიკად თჳსთა საყოფელთაგან განსხმაჲ, ხოლო თქუენ, განძლიერებულნი ძალითა ქრისტესითა, მოიქეცით და ილოცევდით.

და ვითარცა ესე თქუა, დადგა ნეტარი ნინო აღმოსავალით კერძო, განიპყრნა ჴელნი ზეცად მიმართ და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა დაეხრწიოს საქმე ესე ეშმაკთა მიერ, რომელსა წარმართებულ არს მეფე და ყოველი ერი. და მეყუსეულად დასცხრეს ჴმანი იგი მასვე ჟამსა.

ხოლო ამისა შემდგომად ყოვლადვე არა ეყივლა ქათამსა, სამთავე კერძოთა ქალაქისათა ზარი შეექმნა ლაშქრისა ფრიადისა, დალეწნეს კარნი და აღივსო ქალაქი ლაშქრითა მბრძოლთაჲთა. და იქმნა ზარი და ჴმაჲ საშინელი და განსაკჳრვებელი. და იყო ზახილი და ჴოცაჲ კაცთაჲ, და აღივსო ყოველი იგი ადგილი სისხლითა და დადნებოდეს ყოველნი შიშისაგან და ზარისა. და ისმოდეს ჴმანი, რომელნი იზახოდეს ძლიერად, ვითარმედ: მეფე სპარსთაჲ ხუარა ბრძანებს და მეფეთა მეფე ხუარან-ხუარა: ყოველი ჰურიაჲ განარინეთ პირისაგან მახჳლისა.

ესე უკუე რაჲ ესმა დედათა მათ და მოახლებულ იყვნეს მახჳლოსანნი და რეცა გარემოჲს სრვიდეს და ჰკლვიდეს, მყის ისმა ჴმაი ძლიერი, ვითარმედ, მირიან მეფე შეიპყრესო. ხოლო წმიდამან ნინო თქუა:

- არარაჲ უკუე ებრალების უბადრუკთა იმათ, რომელ ესრეთ ჭირვეულად იზახიან, რამეთუ დიდად სჭირს, ვინაჲთგან მოახლებულ არს ჟამი წარწყმედისა მათისაჲ და ამათ ნათესავთა მათგან განთავისუფლებისა და ამის ადგილისა დიდებისაჲ.

და ნუგეშინის-ცემდა ნეტარი ნინო დედათა მათ, ვითარცა მჴნე მოღუაწე, მიექცა უკუე ერსა მას მომსრველსა და ეტყოდა:

- სადა არიან, წყეულნო, მეფენი სპარსნი ხუარა და ხუარან-ხუარა, ანუ საბასტინით მოვიდესა მეყსა შინა? წარგუალეთ ბნელთა და გარესკნელთა, თქუენთჳს განმზადებულთა.

ხოლო ვითარცა დასწერა ჯუარი ნეტარმან მან, მეყვსეულად უჩინო იქმნნეს ოცნებანი იგი ყოველნივე საეშმაკონი და დედანი იგი ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო მოახლებასა ოდენ ცისკრისასა მიერულა დედათა მათ. ხოლო მე, სიდონია, მღჳძარე ვიყავ და წმიდა ნინო ლოცვად დგა ჴელგანპყრობით. და აჰა, მყის ვითარცა ელვა გამობრწყინდა და ზედა-წარმოდგა ჭაბუკი, ყოვლად ნათლითა შემკობილი, შემოსილი ცეცხლისა ზეწრითა და ჰრქუა რაჲ სამნი სიტყუანი წმიდასა ნინოს, ხოლო იგი დაეცა პირსა ზედა თჳსსა საშინელებისა მისგან, რომლითა იხილვებოდა სახე მისი საკჳრველი. ხოლო ჭაბუკმან მან მიჰყო ხელი სუეტსა მას დიდსა და აღამაღლა სიმაღლესა შინა ზე ჰაერთა. ხოლო მე, ყოვლად განგრუნვებული და განცჳბრებული სიდონია, მივეახლე და ვარქუ ესრეთ შიშით:

- დედოფალო ჩემო, ღმრთისაჲ რაიმე არს ესე.

ხოლო მან მრქუა ესოდენ:

- მოიდრიკე თავი ქუეყანად და მდუმარედ იყავ. ხოლო იწყო ტირილად ფრიად ზარისაგან და საკჳრველებისა მის სახილავისა.

და შემდგომად მცირედისა აღდგა თვით იგი და აღმადგინა მეცა და განვეშორენით მის ადგილისაგან. ხოლო დედანი იგი ვითარ იყვნეს კიდე-რე, აჰა იხილეს მათცა, სუეტი იგი ცეცხლისსახედ შეცვალებულ იყო და შთამოვიდოდა რეცა ძრვით სიმაღლისაგან ზე ჰაერთასა. და შთამოეახლა ხარისხსა მას და დადგა აღშორებულად ქუეყანით ვითარ ათორმეტ წყრთა და ნელიად-ნელიად ჩამოიცვალებოდა ხარისხად თჳსად მონაკუეთსა ძირისა მის თჳსისასა დამართებით. ვითარ მოეახლა ვითარ ორ წყრთა ოდენ, დაადგრა უკუე ეგრე სახედ თჳნიერ მიახლებისა ვინაჲვე, რომელიცა ჰგიეს, ვიდრე უკუნისამდე და საცნაურ არს ყოველთა მიერ ვიდრე მოდღენდელად დღედმდე.

ხოლო რიჟურაჟუსა ოდენ ჟამსა განთიადისასა აღდგა უკუე მეფე, გულდებული ურვათაგან მწუხარებისათა, მიჰხედნა სამოთხისა კერძო დაწყებულსა მას ეკლესიასა და იხილა ნათელი, რამეთუ ჰკრთებოდა ვითარცა ელვაჲ, ხოლო აღწევნილ იყო ქუე სამოთხით ვიდრე ზეცადმდე. ხოლო ფრიადითა სიხარულითა იწყო მეფემან სრბით მისლვაჲ და მკჳრცხლ შეუდგა ყოველი სიმრავლჱ ერისაჲ ქალაქით და გარემოთა მისთაგან და ყოველნივე მორბიოდეს. ხოლო ვითარცა იხილეს მრჩობლ ორკერძოვე საკჳრველი და საშინელი უცხოჲ სახილავი, ნათელი უსაზღეროჲ და მიუწდომელი, თუალთშეუდგამი და სუეტი ცეცხლისა სახედ შეცვალებული და განბრწყინვებული და თჳნიერ ნივთთაჲსა ზე ჰაერთა საკჳრველად დამოკიდებული და ჴელთაგან კაცობრივთასა შეუხებელი, ვისნიმცა უკუე თუალნი არა ნეტარ იყვნეს მის ჟამისა ყოველთა მხედველთანი, რამეთუ მეფე და ყოველი იგი ერი და სპა, შიშითა და სიხარულითა აღვსებულნი, ჰმადლობდეს და ადიდებდეს ღმერთსა, მოქმედსა საკჳრველებათასა და დიოდეს ყოველთა შორის საკჳრველნი ცრემლთა ნეკტარებისა უფსკრულნი. და იყო სიხარული საკჳრველი და გამოუთქუმელი, რომლისა საცნაურყოფაჲ უღონო და შეუძლებელ არს ჩუენგან აღწერით. ხოლო იქმნნეს სასწაულნი დიდნი და საკჳრველნი მას დღესა შინა, რომელნიცა ფრიადისაგან კნინოდენნი რაიმე წარმოვაჩინენით, რეცა მიზეზითა სრულიად დაუვიწყებლობისაჲთა, რომელნიცა აჰა ესერა საცნაურ ვყვნეთ სასწაულნი სუეტისანი.

 

სასწაულნი სუეტისა ცხოველისანი

სასწაული პირველი. პირველად უკუე მოვიდა ვინმე ჰურიაჲ, შობითგან ბრმაჲ, მიეახლა უკუე სასოებით სუეტსა მას წინამძღურობითა კაცთაჲთა და თქუა ესრეთ:

- ღმერთო და ძეო ღმრთისაო იესუ ქრისტე, უკუეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ძე ღმრთისა, რომელსა-ესე დედაკაცი უცხოჲ გქადაგებს და წინასწარმეტყუელნი ჩუენნი წინაჲთვე მოგასწავებდეს და რომელმან გამოგჳჩინე სუეტი ესე წმიდაჲ ნათლისაჲ, რომელი იხილვების უცხოსახედ ყოველთა მიერ, დაღაცათუ მე მხოლოჲ ოდენ დაშთომილ ვარ უბადრუკი ხილვისაგან ნათლისა მზისა, მწუხარებისათჳს სიბრმისა ჩემისა, მომეც უკუე ნათელი, ნათელო მამისაო და ყოვლისა სოფლისაო, მომეც შობითგან ბრმასა ამას დაბნელებულსა, მწუხარებითა შეპყრობილსა, ვინაჲთგან ამას უცხოჲსა სახილავსა მზისა ბრწყინვალებისაგანცა უსაწადელესსა ზედა ყოველნივე იხარებდენ. მე უკუე, უბადრუკსა, რაჲ სიხარული მაქუნდეს, ვინაჲთგან უღონო ვარ განცდად ბრწყინვალებისა ნათლისა მისისასა, დაღაცათუ ყურთა მესმის, მეუფეო, ესე აწ გამოჩენილი შენმიერი საკჳრველი და უცხოჲ ახალი დიდებულებაჲ, გარნა ვერ სწორსა მიიღებენ გემოსა სიტკბოებისასა სასმენელნი და სახედველნი, რაჲ უკუე შეესწორების ხილვით განცდასა დაბადებულთა შენთასა. და უფროჲსღა, აწ ამის უცხოჲსა ახლისა ნათლისა სახილავისასა, ნუ დამაკლებ მე სხუათავე ყოველთა თანა ნუცა მე, მეუფეო და ღმერთო ყოველთაო, შეისმინე ვედრებაჲ ცოდვილისა ამის უბადრუკისა დაბნელებულისაჲ, უშურველ ყავ ჩემთჳსცა საწყალობელისა ხილვაჲ ამის ნათლისაჲ და უკუეთუ სადაცა უღირს ვარ მიღებად ნათლისა ცოდვათათჳს ჩემ ზედა მდებარეთა, ესოდენ ხოლო ღირს-მყავ, რაჲთა მებრ ამის საკჳრველისაჲ ნათლისა წუთ ერთ მიმხედველმან, მეცა ვადიდო ყოველთავე თანა ახალი ესე საკჳრველთმოქმედებაჲ ღმრთეებისა შენისაჲ. ხოლო შემდგომად ნებითვე ღმრთეებისა ყოვლისა იყვნენ თუალთა ჩემთა ზედა, ვითარცა პირველვე.

ხოლო ვითარცა ამას ევედრებოდა გოდებითა რაჲთამე საშინელითა და საწყალობვლითა ყოველთა მოიზიდვიდა გოდებად და წყალობად და ვითარ ყოველნი ხედვიდეს, მყის ანაზდაჲთ ნათელი გამოჰკრთა სუეტისა მისგან. და მასვე ჟამსა შინა მხედველ იქმნა და სიხარულითა ჰმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა, ვითარცა-იგი უკუე პირველვე ვაჴსენეთ, რაჟამს-იგი გამოვიდოდა მეფე მირიან საოცრებითა საშინელითა და ყოვლისა ერისა სიმრავლე მის თანა, რომელსა ჟამსა იხილეს სუეტი იგი ნათლისაჲ, მაშინ უკუე ვინ-მე შემძლებელ იყოს საცნაურყოფად, თუ ვითარ დაუტევნელ იყვნეს ყოველნი ადგილნი, გზანი და ფოლოცნი და სრულიად ყოველი იგი ქალაქი სიმრავლესა მას ერისასა, რომელნიცა სრბით მოვიდოდეს სახილავისა მის სურვილითა.

სასწაული მეორე ბ: მაშინ უკუე იქმნა საკჳრველი სასწაული: რამეთუ რაჟამს-იგი გამოვიდოდა ყოველი სიმრავლჱ ერისაჲ დიდსა მას ჴიდსა საზოგადოსა, რომელიცა იყო თავსა ქალაქისასა, იყო უკუე სიმრავლესა მას თანა ერისასა დედაკაცი ვინმე ჰურიაჲ, წარმართისა კაცისა კერპთმსახურისა მეუღლე, რომელსა ჰყვა ერთი მხოლოდშობილი ძე, ვითარ ოთხისა წლისაჲ, რომელიცა უკუე თჳთ მებრ მას ოდენ ჟამსა ჴელთა ეპყრა, რაჟამს-იგი გამოვიდოდა ერისა მის შორის ხილვად სასწაულისა მის. ხოლო რაჟამს-იგი ჴიდსა შესაკრებელსა ყოველთასა ჯარი შეიქმნა დედისა მის გლახ საწყალობელისა და მისა შორის შემოსთქრა ჯარი, მძლავრებითა სიმრავლითა მყის განაგდეს ძე იგი საწყალობელი უბადრუკისა დედისაგან და შთავარდა მდინარესა მას შინა, რომელი იქცეოდა კლდეთა მათ შორის უფსკრულის სახედ. ხოლო ამისსა შემდგომად რაჲღა სხუაჲ, გარნა თუ დედაჲ საწყალობელი საწყალობელისა შვილისაჲ მიეცემის ამის შვილსა თანა სიკუდილად ესრე სახედ, რამეთუ სასტიკად დაიზახნა ჴმითა სალმობიერითა და საზარელითა იხილვებოდა, ხოლო დედაჲ წყალსა მას ზედა ყოვლად ულმობელი მჯდომარე და მესავე თჳსსა თანა შთაიგდო თავი ამისმან ოდენ მხოლოდ მეტყუელმან, ვინათთგან ჟამი არღარა იყო სიტყუათა მრავლობისაჲ, ვითარმედ:

- ჵ უცხო და ახალო სახილავო, ვინაითგან სიხარულად მოგელოდე, აჰა უკუე მიითუალე უბადრუკებითი უცხოჲ სიკუდილი დედისაჲ ძითურთ.

ხოლო ვითარ შეჰგვანდა შესაბამობასა ჟამისასა, ყოველი იგი სიმრავლე ერისა აღშფოთნა და განცჳბრებული და განგრუნვებული მიხედვაჲ საშინელებასა მას საქმისასა. ხოლო იხილეს ყოველთა, რამეთუ რაჟამს შეაერთნა წყალმან დედაჲ და ძე ერთბამად, ეჰა უცხოჲ და განსაკვრვებელი ახალი სასწაული, გარნა კაცთაგან ოდენ და არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ძე უბადრუკებით შთავრდომილი, ხოლო დედაჲ ძისა მიმყოვრებულადღა შთამგდები თავისაჲ, მყის ერთბამად მსწრაფლ შეიერთნეს ორნივე ზოგად და ძე, წიაღთა მშობელისათა მჯდომარე, დაიკრჩხიალნა და ვითარცა მიჰყვანდეს მდინარესა მძჳნვარესა, ორნივე განსუენებით მავალობდეს, ვითარცა ნავითა რაჲთმე ყვანებულნი და თავსა მათ ორთასავე ნათელი რაჲმე ჩამოდგომილ იყო ილიკტრიონის სახედ და ესრეთ უკუე იყვანებდა ნათელი იგი, რომელ ღელვათაგანცა და კლდეთა მიახლებისაგან ყოვლად ყოვლითურთ უვნებელ და შეუხებელ იხილვებოდეს.

ხოლო ყოველნი იგი ერნი, მხილველნი მათნი, განკჳრვებასა შეეპყრნეს, რამეთუ დაღაცათუ, ფრიადნი მეცადინნი შეწევნისათჳს მათისა, შთამოვიდოდეს იმიერ და ამიერ, გარნა ყოველივე უკუე ცუდად იქმნებოდა შრომაჲ, ვიდრემდის მიიწინეს პირისპირ თჳთ თავადსა მას ადგილსა სამოთხისასა, სადა-იგი სუეტი და ეკლესიაჲ იყვნეს, რამეთუ მებრ მასღა ოდენ მხოლოდ ადგილსა ნაპირად განიყვანა განგებულებით მან ძალმან საღმრთომან. ხოლო ვითარცა განვიდეს დედაჲ ძითურთ, ყოვლისა უკუე ერისა თუალით მხედველობასა შინა ნათელი უკუე იგი, რომელი ილიკტრიონის სახედ იყვანებდა მათ საკჳრველებით, წარვიდა და სუეტსა მას ზედა აღმართებულსა ზედა დადგა, რომლისა ამის ხილვამან ყოველნი განკჳრვებამან შეიპყრნა.

ხოლო მოვიდა იგი ყოველი სიმრავლე და ჰკითხვიდეს დედაკაცსა მას, თუ ვითარ უკუე განერა ღელვათა მათ დანთქმისაგან, გინა კლდესა ნაპრალებსა ვითარ თანაწარჴდა ულმობელად. ხოლო იგი იტყოდა ცრემლითა და გოდებითა ესრეთ, ვითარმედ:

- მე რომელსამე ჟამსა თავი ჩამოვიგდე საწყალობელმან საწყალობელისა მისათჳს, მასვე უკუე ჟამსა ვიხილე ნათელი რაჲმე საკჳრველი, ვითარცა სუეტი ცეცხლისაჲ, რომელი გამოვიდა სამოთხისა ამისგან, სადა ეკლესიაჲ და სუეტი აღმართებულ არიან, და მე და ესე მხოლოდშობილი ჩემი ერთბამად შეგუაერთნა. და ვითარ წიაღთა ვიპყარ ყრმაჲ ესე, მიერითგან უკუე ყოვლითურთ ულმობელად ვიდოდეთ და არარაჲ უწყი, თუ ვითარ გჳყვანებდა სუეტი იგი. ესე ოდენ მხოლოდ უწყი, რომელ ვითარცა საჭე ნავსა, ეგრეთ გუმართვიდა და არცა ღელვათაგან რაჲ შეგუეხებოდა და არცა კლდეთა მიახლებად მიგჳშვებდა. ხოლო აქა რაჲ დამართებით პირისპირ მოვიწიენით, ვითარცა სჳფონმან, რომელმან მე რეცა კაცობრივითა ჴელითა ნათელმან მან აქა გამოგჳყუანნა და ნათელი იგი, სადაჲთ პირველივე გამოსრულ ვიხილე, აჰა ეგერა, კუალად მუნვე წარსრულსა თჳთ მებრ თუალნი თქუენნი ყოველთანიცა მხედველ არიან, რამეთუ სუეტსა ამას ცეცხლისასა შეერთებულ არს სუეტი იგიცა ნათლისაჲ წიაღმყვანებელი ჩუენი. და ჭეშმარიტად დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ,, რომელსა უცხოჲ ესე დედაკაცი წმიდაჲ ჰქადაგებს და მრწამს ქრისტე ღმერთი ღმრთად ჭეშმარიტად და ძედ ღმრთისა ცხოველისად ყოვლითა სულითა და გულითა ჩემითა.

ხოლო მეფე და დედოფალი და ყოველი იგი ერი ლმობიერ იქმნეს და ტიროდეს დიდებულებასა მას ზედა საკჳრველებისასა და განკჳრვებულნი სიხარულით ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო დედაკაცი იგი წარვიდა და მოწლედ ცრემლითა მჴურვალითა შეუვრდა და მოეხჳა სუეტსა მას და სურვილითა ამბორს-უყოფდა და ჰრწმენა და მოიქცა ყოვლით სახლეულით მისითურთ და ყოველნივე ზოგად მოხარულნი ადიდებდეს ღმერთსა.

სასწაული მესამე. კუალად უკუე სხუაჲ ვინმე ყრმაჲ სეფეწული ამაზასპანი ორკერძოჲსავე ცხორებისაგან განხუებული, სრულიადისა სიკუდილისაგანცა და ცხორებისაგანცა, იდვა რვისაჲ წელიწდისაჲ. მოიღო უკუე დედამან მისმან სარწმუნოებით და დადვა წინაშე სუეტსა მას ნათლისასა ცხედრითა და ევედრებოდა წმიდასა ნინოსა:

- მოხედე უკუე, დედოფალო ჩემო, ძესა ამას ჩემსა ზედა, საწყალობელთა კართა ზედა სიკუდილისათა მიწევნულსა, რამეთუ მიცნობიეს ჭეშმარიტად, ვითარმედ ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფლებათაჲ იგი არს, რომელსა შენ ჰმსახურებ და ჩუენ გჳქადაგებ. აწ უკუე განკურნენ სუეტმან ამან წმიდამან ძე ესე ჩემი უბადრუკი სიტყჳთა და ვედრებითა შენითა.

ხოლო წმიდასა ნინოს შეეწყალა ლმობიერი იგი ვედრებაჲ მისი და შეახო ჴელი სუეტსა მას ნათლისასა და დასდვა მას ზედა ყრმისა და ჰრქუა:

- გრწამსა იესუ ძე ღმრთისაჲ ცხორებისათჳს ყოვლისა სოფლისა ჴორცითა მოსრული?

ხოლო მან ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარმედ:

- მრწამს ჭეშმარიტად იესუ ძე ღმრთისაჲ.

ხოლო წმიდამან ნინო ჰრქუა მას:

- სარწმუნოებისა შენისაებრ გეყავნ შენ.

და მეყსეულად განიკურნა. აღდგა ზე და ხლდებოდა სიხარულითა და ადიდებდა ღმერთსა და შიში დიდი დაეცა მეფესა და ყოველსა ერსა.

სასწაული მეოთხე. და კუალად სხჳსა ვისმე მომკუდარ იყო ძე მხოლოდშობილი, ნათესავით ჰურიისაჲ, და ვითარცა ყოველნი მოვიდოდეს ხილვად სუეტისა მის წმიდისა და არავინ სადა დაშთა შინა, არცა ქალაქთა და არცა სოფელთა. მას უკუე ჟამსა შინა მხოლოდშობილსა მას ძესა ზედა იგი ოდენ მშობელნი გლახ დაშთომილ იყვნეს მხოლონი და ტიროდეს და გოდებდეს სალმობიერად ძესა მას ზედა საწყალობელსა, რაოდენ შეჰგავს მშობელთა საყუარელსა ძესა ზედა. და იტყოდეს ესრეთ:

- აჰა ესერა დავშთით ოჴრად და უკაცურად, ძეო ჩემო სასურველო და საყუარელო, არათუ ოდენ შენგან მხოლოდ დაკლებულნი - უბადრუკნი ესე, არამედ უკუე თანაზიართაცა და შემწეთაგან ჭირსა ზედა, ვითარცა არს ჩუეულებაჲ ზოგადი კაცთა ნათესავისა და არღარა ვინ არს ნუგეშინისმცემელ და ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა, უბადრუკთა და საწყალობელთა, რამეთუ არათუ ოდენ ხოლო გოდებისა თანაშემწეთა მეძიებელ ვართ უბადრუკნი ესე, გარნა თუ არცაღა ვინ თანაშემწე გუეპოების, რაჲთამცა მიწაჲ მიწასა მიგეცით, საყუარელო და სასურველო ძეო საწეალობელთა მშობელთაო, და ვაჲ, და ვაჲ, გლახ ჩუენ უბადრუკთა, რამეთუ მხოლონი ოდეს მივეცენით შენ ძლით სალმობიერსა ამას ცხორებასა; აჰა ესერა უკუე სხუანი ყოველნი იხარებენ ერთბამად უცხოჲსა მის სახილავისა ხილვასა და სურვილით და წადიერებით მირბიან ყოველნივე, შენ ვერა-ვე-უსწარ ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთაგან და ჩუენცა, შენ ძლით დაკლებულნი, აჰა ესერა ცოცხლივ ჯოჯოხეთად მიწევნულ ვიქმნენით საწყალობელნი ესე უბადრუკნი, არამედ აწ უკუე აღდეგ, მხოლოდშობილო ჩუენო, მივეახლნეთ ჩუენცა უცხოდ გამოჩენილსა მას სუეტსა ნათლისასა. აღდეგ, ჵ ნათელო თულთა ჩუენთაო და მივისწრაფოთ ნათლისა მის საკჳრველისა ხილვად, უკუეთუ ნამდჳლვე ესე ნათელი მისი ნათლისაჲ გამოჩენილ არს, რომელსა წინაჲსწარმეტყუელნი ჩუენნი მოასწავებდეს ძესა ღმრთისასა, მოგეცინ აწ უკუე შენცა ნათელი თუალთაჲ და სიცოცხლე გუამისაა, დაბნელებულსა სიკუდილისათა, რაჲთა ერთბამად ყოველთა თანა ზოგად ჩუენცა ვიხარებდეთ, აღდეგ უკუე, აღდეგ, ჵ უსაწყალობელესო ყოველთა მკუდართაო, ძნელბედითთა მშობელთა საგოდებელო, აღდეგ, თჳთ მას ნათელსა გაფუცებთ და ნათლისა მის მიზეზსა, თავადსა ყოველთა ნათელთასა.

ხოლო ვითარცა ამას და ამისსა უმრავლესსა სალმობიერად ტკივილითა ფრიადითა გოდებდეს, ეჰა ქრისტე ძეო ღმრთისაო, ნათელო ყოვლისა სოფლისაო, დიდება სახიერებასა შენსა! მყის უკუე მეყვსეულად, ვითარცა ძილისაგან განფრთხობილი, ზე წამოჯდა ყრმაჲ იგი მკუდარი და იწყო კითხვად საკჳრველებითა, თუ სადა უკუე არს სუეტი იგი ცეცხლისაჲ, რომელმან აღმომიყვანა მე უფსკრულთაგან ჯოჯოხეთისათა. ხოლო მშობელნი იგი მისნი განცჳბრებულ და განგრუნვებულ იქმნნეს მოულოდებელსა მას ანაზდაჲთსა გამოუთქუმელსა საკჳრველებასა ზედა და მყის კნინღა და უსულო იქმნნეს და მყოვარჟამ უტყუებითა შეპყრობილნი არარად შემძლებელ იყვნეს სიტყუად. ხოლო მიმყოვრებულად-რე, ვითარცა მოეგნეს გონებასა, მოეხუეოდეს ყელსა საყუარელსა მას ძესა თჳსსა და სურვილით და სიტკბოებით ამბორს-უყოფდეს და ეტყოდეს:

- სად უკუე იყავ ანუ ვინაჲ მოხუედ ესრვთ მეყსა შინა, ჵ სასურველო და საყუარელო ჩუენო ძეო და ვინ კუალად გაგო სიცოცხლედვე.

ხოლო იგი ამას ოდენ ღაღადებდა დაუცხრომელად ვითარმედ:

- სადა უკუე არს სუეტი იგი ნათლისაჲ, მუნვე ვიდრემე ხოლო მიმიყვანეთ-ღა, და ეგრეთ გამოცხადნეს ჩემ ზედა ქმნილი ესე საკჳრველებაჲ, აღდგეს უკუე და წარმოემართნეს სიხარულით ძითურთ თჳსით. ხოლო ვითარცა მოიწინეს, საცნაურ იქმნა ყოველთა შორის, რაჲ-იგი ქმნილ იყო ჰურიისაჲ მის ძესა ზედა. და მორბიოდეს ყოველნივე ხილვად საკჳრველებისა მის. ხოლო დაუტევეს ყოველთა სუეტისა მის საკჳრველებაჲ და მას ხოლო განიცდიდეს, აწღა მკუდრად ვიდრემე დატევებულსა და მეყსა შინა განცოცხლებულსა. და განკჳრვებულ იქმნნეს მეფე და დედოფალი და ყოველი იგი ერი, რომელთა იხილეს და რომელთა ესმა.

ხოლო იწყეს კუალადცა კითხვად ყრმისა მის, თუ ვითარ იქმნა საკჳრველი ესე და კაცთაგან უცხოჲ შეცვალებაჲ. ხოლო ყრმამან იწყო ძნიადღა სადამე სულთქუმით და ტირილით სიტყუად და ვერ შეუძლებდა ფრიადისაგან ურვისა და მწუხარებისა. და იყო ყრმაჲ იგი მოხუეულ სუეტისა მის საკჳრველებით და რაოდენ შემძლებელ იყო, იტყოდა ესრეთ:

- მე უკუე, ჵ ღმრთისმოყუარენო, რაჟამს მივეც სიკუდილსა, მო-ვინმე-ვიდეს სასტიკნი შავნი სახითა და უსაშინელესნი საქმითა და წარმომიყვანეს საწყალობელი ესე უბადრუკი და შთამიყვანეს სადმე ყოვლითა რისხჳთა ღრუთა სადმე ადგილთა ბნელთა მყრალთა და უფსკრულთა სადმე ჯოჯოხეთისათა შთამითრიეს ქუესკნელსა, სადა-იგი იყო რისხვაჲა ღმრთისაჲ მიუწდომელითა თითოფერითა სატანჯველითა შემზადებული, ცეცხლი იგი გეჰენიისაა, ბნელი იგი გარესკნელი, მატლი დაუძინებელი, ღრჭენაჲ კბილთაჲ, ტარტაროზი ყინელითა სასტიკთა, კუპრი, ფისი და სხუანი ნივთნი, რომელთა შინა იტანჯებიან ყოველნი ცოდვილნი და ყოველნი კერპთმსახურნი. და ამას ხოლო იტყჳან დაუცხრომელად, ვითარმედ, ვაჲ, ვაჲ და ვაგლახ ჩუენდა! ხოლო არღარა ვინ არს მსმენელ და გამომჴსნელ ჩუენდა. ხოლო მეცა საწყალობელი მუნვე უკუე მივეცი მათვე სატანჯველთა, რამეთუ ვიხილენ მე ყოველნივე ნათესავისა ჩუენისაგანნი, რომელნიცა ქრისტეს ჯუარცუმისა შემდგომად აღსრულებულ არიან უნათლავნი ჰურიაობასა შინა. ხოლო ვითარცა ვიტანჯებოდი მათ თანა მცირედ ჟამ, მყის ანაზდაჲთ ნათელი გამობრწყინდა უფსკრულთა მათ შინა ჯოჯოხეთისათა და სუეტი ნათლისაჲ შთამოდგა ვიდრე ჩუენდამდე, რომლისა თავი მისი მისწუთებოდა ცადმდე. და წუერისაჲ მის სუეტისასა მჯდომარე იყო იგი, რომელი მამათა ჩუენთა ჯუარს-აცუეს. ხოლო ორნი ვინმე შუენიერნი ჭაბუკნი, სპეტაკითა მოსილნი ცეცხლისფერნი, მოივლინნეს ჩემდა და მყის ჴმა გამოკრთა სუეტისა მისგან, ვითარცა ელვაჲ ჭაბუკთა მათ მიმართ, ვითარმედ:

- წარმოიყვანეთ ყრმაჲ ეგე მხოლოდშობილი გლახაკთა მშობელთაჲ, რამეთუ მელმის გულისტკივნეულობისაგან მათისა, და მიეცით ჴელთა მშობელთა მათთასა, რაჲთა ეგრეცა ადიდებდეს და იხარებდეს დღესა ამას ჩემსა ყოველთა სახარულევანსა.

და ვითარცა ესე ხოლო ითქუა, მყის მსწრაფლ აღმომიყვანეს და მომიყვანეს გუამადვე ჩემდა. და აჰა, აწ ესერა აქა მდგომარე ვარ, ვითარცა ხედვენ თუალნი თქუენნი ყოველთანი, და ვაჲ, ვაჲ და ვაჲ, გლახ მათთჳს, რომელნიცა იქი დამკჳდრებულ არიან და რომელთა იგი მიელის სასჯელი.

ხოლო ამისსა სმენასა ზედა მეფე და დედოფალი და ყოველი იგი ერი ცრემლითა იღურებოდეს და ფრიადი გოდებაი და ტირილი შეიქმნა ყოველთა შორის, და შიში და ძრწოლაა შეიქმნა საშინელი ყოველთა.

ხოლო მოქცევისა და სიბნელისაგან ჴსნისა მათისათჳს რაოდენი სიხარული იხილვებოდა, რომელმან ენამან გამოთქუას! და ყოველნი ზოგად ჰმადლობდეს და ადიდებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა.

სასწაული მეხუთე. ხოლო კუალად სხუაჲ ეშმაკეული კაცი მოიყვანეს, შეკრული ჯაჭუებითა ძლიერად, რომლისა ვერვის ეძლო პყრობაჲ ყოვლადვე, რამეთუ ფრიად სასტიკთა ეშმაკთაგან იგუემებოდა და ყოვლადვე რაჲ რაჲთ იჭირვიდეს. და ვითარცა მოიყვანეს იგი სუეტსა წინაშე, საზარელ იყო ხილვაჲ მისი ყოველთაგან, რამეთუ თუალნი გამოსჴნა სასტიკად ანაზდაჲთ, ვითარცა ზროხამან, დაიყჳრნა და დაეცა წინაშე სუეტსა და იდვა ყოვლად უსულოქმნილი, ვითარცა მკუდარი. ხოლო წმიდამან ნინო მოიღო წმიდაჲ ჭურჭელი და ევლოგიაჲ აღიღო სუეტისა ცხოვლისაგან ჭურჭელსა მას შინა წყლითა და მოაპკურა წყალი იგი ვნებულსა მას კაცსა, და მყის, მასვე ჟამსა შინა, ვითარცა ძილისაგან განიფრთხო და განიკურნა და სუეტსა მას წმიდასა მოეხჳა და ამბორს-უყოფდა.

ხოლო ყოველნი ერნი ერთობით ადიდებდეს ღმერთსა, მოქმედსა საკჳრველებათასა.

ხოლო თუ რაოდენნი და ურიცხუნი თითოსახენი სენნი განიკურნებოდეს და სასწაულნი იქმნებოდეს და იქმნესგანცა (?) მას ჟამსა შინა, ვინ-მე უკუე წარმოთქუნეს და აღრაცხუნეს რამეთუ ბრმანი ნათელსა მიიღებდეს, მკელობელნი ჴლდებოდეს, ეშმაკნი განიჴადებოდეს, კეთროვანნი განწმდებოდეს, უძლურნი განიკურნებოდეს, მკუდარნი აღდგებოდეს და შეცოდებულნი ცოდვათაგან ჴსნასა მიემთხუეოდვს, და ყოველნი ყოვლით კერძო ნუგეშინისცემასა მიიღებდეს და ჰპოებდეს. და მეფენი და მთავარნი და ყოველნი ერნი იყვნეს დიდსა სიხარულსა შინა და ყოველი იგი ერი სასოებით და სიხარულით მოვიდეს და მორბიოდეს შეხებად სუეტისა მის წმიდისა, ვიდრემდის ურთიერთას დასთრგუნვიდეს-ცა ფერჴითა. ხოლო ტრფიალებაჲ კვთილი საღმრთოჲსა შურისა ცეცხლსა მძაფრიად მოტყინარე ჰყოფდა.

ხოლო მეფემან განზრახვა-ყო წმიდისა ნინოჲს თანა, რაჲთა შეუქმნას სუეტსა მას წმიდასა გარე საბურველი, რაჲთა ყოვლისა ერისაჲ ესრეთ ურიდად შეჴდომით შეხებაჲ სახედ შეურაცხებისა საცნაურ იქმნებისო.

ხოლო ვითარცა ესე განიზრახა, სუეტი იგი გარეშემოსა და დაფარა ხედვისაგან და გარეთ შეემთხუეოდეს ყოველნი. ხოლო სასწაულნი ეგრეთვე იქმნებოდეს, რამეთუ სასოებასა კეთილსა ვერარაჲ დამაყენებელ ექმნების, ვინაჲთგან ეთერისაჲ განმკუეთელებით აღმწუერვალებული კადნიერებით ურცხუენელი წინაშე მეფესა წარმოუდგების.

ხოლო მეფემან სასოებითა კეთილითა და სარწმუნოებითა მტკიცითა განმლიერებულმან, იწყო მოსწრაფებით შენებად ეკლესიისა და მცირედთა დღეთა შინა სრულ-ყო ეკლესიაჲ, შესაბამად ჟამისა შემსგავსებული.

ხოლო ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი წინაშე მეფისა კონსტანტინესა და მიუთხრეს ყოველი იგი, რომელი იქმნა და წარიკითხეს ებისტოლჱ იგი მირიან მეფისაჲ, აღივსო მეფე კონსტანტინე და დედაჲ მისი ელენე სიხარულითა და ყოველი ერი ქრისტიანეთაჲ იხარებდა, რაჲთამცა ესმა, პირველად უკუე ამისთჳს, რამეთუ მადლი ღმრთისაჲ და სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი ქრისტიანობისაჲ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა ყოველსა სოფელსა შინა და მათ მიერ ნათლისღებასა მიემთხუეოდეს ნათესავნი ქართველთანი და მეორედ ამისთჳს, რამეთუ განეშორებოდა მირიან მეფე შეერთებისაგან და თანაშეწევნისა უსჯულოთა სპარსთასა და განმტკიცდებოდა სჯული ქართველთაჲ და ბერძენთაჲ ერთბამად. ხოლო ერთობაჲ იქმნებოდა ქრისტეს მიერ, და ამისთჳს მოხარულნი ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო კონსტანტინე მეფემან წარმო-უკუე-გზავნნა მოციქულნი სიყუარულითა ფრიადითა და თანა-წარმოატანა ეპისკოპოსი იოანე და მღვდელნი ორნი და დიაკონნი სამნი და წარმოუგზავნა ჯუარი, შეკაზმული ოქროჲთა და თუალითა და მარგალიტითა, და ხატი მაცხოვრისაჲ, ეგრეთვე შეკაზმული, და მის თანა სხუაჲ ნიჭი ფრიადი და ურიცხჳ და მოწერა ებისტოლჱ და სხუაჲ ესევითარი:

„დიდისა უკუე ახლისა ჭეშმარიტისა ჰრომისა, მთავრისა მიერ ქალაქთაჲსა დიდისა კონსტანტინეპოლისა და ყოვლისა საბერძნეთისა თვითმპყრობელი და მეფე აღჳსტოსი კონსტანტინე, ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა და მართლისა ქრისტიანობისა ებგურად ღირსქმნილი ერსა ზედა საზეპუროსა წყალობააურაცხელისა ღმრთისაგან, ამის თანა უკუე ფრიად ვიდრემე მოხარულცა მსმენელობასა ზედა საღმრთოთა სჯულთა მეცადინეთა ყოველთათჳს, ვითარცა ჩუენსახედვე შემრაცხველი სხუათა ღმრთისმსახურებისა შენსაცა უკუე და უფროჲსღა სხუათასა, მოხარულმან გულითა და ბრწყინვალემან სულითა, მადლობა შევსწირე ყოვლადსახიერსა ღმერთსა, რომელმან სათნო-გიჩინა შერთვად სამწყსოთა თჳსთა შორის, რამეთუ, ვინაჲთგან უკუე ფრიად მოხარულობს თჳთ თავადი იგი წმიდაჲა ანგელოზთა მისთა თანა მოქცევასა ზედა ერთისა სულისასა, რაოდენღა უფროჲს ესოდენისა სიმრავლისა, თუ რაბამნი და ურიცხუნი სულნი მიენიჭებიან შენ მიერ ღმერთსა, რომელსა უკუე ყოველთა მათ წილ აღურიცხველნივე სასყიდელნი განუმზადებიან შენთჳს ზეცათა შინა, რომლისათჳს უფროჲსღა ამისთჳს ვმოხარულობ, რაჲთა არვეობისა ჩუენ შორისასა არათუ ოდენ მგონებელ ვარ, არამედ უეჭუელად ფრიადცა დამამტკიცებელ. ხოლო ამასცა უკუე ძალ-გცემ სიტყჳთა ჩემ მიერითა რეცა განმამტკიცებელად, ვითარცა უმეცნიერესი, საღმრთოჲსა არვისა რეცა ახალსა ებგურსა, რაჲთა განმაძლიერებელმან განაძლიერნეს ახალნერგნი ერნი, უკუდავებისა საწადელად განმზადებულნი, ხოლო აწ შენ მიერ ბრანჯნი წარმოგჳვლენიან უსაზღუროჲთა მხიარულებითა გონებისაჲთა ეპისკოპოსი იოანე ორთა თანა მღვდელთა და სამთა დიაკონთა, ხატითა საუფლოჲთა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეს სახითა და ჯუარითა პატიოსნითა და სხჳთა, რომლითაცა აწ ვიდრემე სასწრაფოდ ჯერ-იჩინე თუ მყისობისათჳს ჟამის მოუთმენელობისა. და კუალადცა ნუ მოიწყენთ, რაოდენი რათ საჴმარ იყოს ჩუენ მიერ თქუენდა მომართ, ყოვლისა აღმოსავლეთისა დიდო კესაროსო და ქრისტეს მიერ ძმაო და ჩუენთანავე მეფეო მირიან, ცოცხლებით იყოფებოდე, სიყუარული შენი ქრისტეს მიერ ჩუენ შორის და ჩუენი შენ შორის, რომელიცა ჰგიეს უკუნითი-უკუნისამდე. ამინ“. 

ხოლო ვითარცა მოიწია ებისკოპოსი და მის თანა მღუდელნი და დიაკონნი და მოიყვანეს ხატი საუფლოჲ და ჯუარი, შეიქმნა უკუე სიხარული დიდი და გამოუთქუმელი ყოველსა ერსა შორის, ხოლო უფროისღა ნეტარი ნინო იხარებდა, რამეთუ სრულ-ყო ღმერთმან ყოვლითურთ საწადელი სანატრელისა მის.

წარიკითხა უკუე ებისტოლე მეფისა კონსტანტინესი მეფემან მირიან და ყოველნი ზოგად ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო პირველად ესე საცნაურ-ვყოთ, რომელი ღირს არს ძიებისა, რამეთუ ვითა გჳპოვნიეს ბერძულთა წერილთაგან გადმოღებული სულმცირედ გამოკრებული, ზოგს-რე წმიდისა ნინოჲს მიერ მოქცევაჲ ქართველთა ნათესავისაჲ ჭეშმარიტი და უცთომელი, თეოდორიტეს მიერ ანტიოქელ ფილოსოფოსისაგან აღწერილი, წარმოჩენილ არს წმიდათა მამათაგან, რამეთუ უკუე იგი თეოდორიტე მეფისა კონსტანტინესაგან წარმოვლენასა ებისკოპოსისასა თჳთ ევსტათი ანტიოქიელ პატრიარქისასა იტყჳს ქართლის განმართვისათჳს საღმრთოთა სჯულთა და საქმეთა განკმაზვისათჳს. ხოლო აქა იოანეს იტყჳს და თუ ვითარ წინააღმდგომ არს სიტყუაჲ სიტყჳსა, ფრიად საძიებელ არსა ესე უკუე უეჭუელ არს, რამეთუ თჳთ თავადი ევსტათი წარმოგზავნილ არს; თეოდორიტე ჭეშმარიტი უწყოდა, ვინაჲთგან იგიცა ანტიოქელი იყო, გარნა ევსტათის გუერდით უეჭუელად მაშინ იოანეცა ყოფილ არს, ევსტათი ამისთჳს, რაჲთა მეფე და ყოველი ერი გზასა ვიდრემე ჭეშმარიტებისასა დააყენნეს და ასწაოს და განმართნეს სჯულნი საღმრთონი და რაჟამს დაამტკიცნეს, თჳთ თავადი უკუე კუალად-იქცეს თჳსსავე მას საყდარსა. ხოლო იოანე - რაჲთა დაადგრეს და არა დაუტევნეს ვითარცა ახალნერგნი და უსწავლელნი და საზრდელისა მტკიცისაგან ჯერეთ უცხონი და ჯერეთცა სმის მოქენენი. და ესე უკუე საცნაურ არს, რომელ იოანე კუალადცა წარგზავნეს წინაშე მეფისა კონსტანტინესსა ჭეშმარიტისა ძელისათჳს, ვითარცა აჰა აწ ესერა წერილ არს, ვითარმედ მეფემან მირიან წარავლინა კუალადცა ებისკოპოსი იოანე კონსტანტინე მეფისა და მის თანა ერთი წარჩინებულთაგანი მთავარი თხოვად, რაჲთა მოანიჭოს ნაწილი ძელისა ცხორებისაჲ, რომელიცა უკუე თჳთ მებრ მას ოდენ ჟამსა გამოეჩინა ღმრთისმოყუარესა დედოფალსა ელენეს, და ითხოვნა მღვდელნიცა მრავლად, რაჲთა ყოველთა ადგილთა და ქალაქად მოსწრაფედ უკუე წარივლინნენ ნათლისცემად, რაჲთა არავისისა სულისა განჴუებაჲ იქმნას თჳნიერ ნათლისცემისა და ყოველმან ერმან ქართლისამან ნათელ-იღოს. და ითხოვნა ქვითხურონიცა აღშენებისათჳს ეკლესიისაჲ, ხოლო ღმრთისმსახურმან მეფემან და მჴურვალედ ტრფიალმან საღმრთოჲთა საქმეთამან სიხარულით უკუე მიანიჭა ნაწილი ძელისა ცხორებისაჲ და ფიცარნიცა იგი, რომელსა ზედა დამსჭუალნეს ფერჴნი უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსნი, და წარმო-უკუე-ატანნეს მღვდელნი და ხურონიცა და რაჲ ენება, ყოველივე უკუე სათხოვარი აღუსრულა ყოვლადსაღმრთომან მან დიდმან სანატრელმან მეფემან. და ვითარცა წარმოვიდა ებისკოპოსი იოანე და მის თანა მოციქული, მოიწინეს ადგილსა, რომელსა ჰქჳან ერუშეთი და მუნ დაუტევნა ქვითხურონი იგი საქმედ ეკლესიისა და სამსჭუალნიცა იგი უფლისანი და-ვე-უტევნა. და წარმოვიდა და მოვიდა მანგლისს და იწყო მუნცა ეკლესიისა შენებად და დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი.

ხოლო ვითარცა ცნა ესე მირიან მეფემან, ფრიად შეწუხნა, რომელ არა პირველად სამეფოსა ქალაქსა მოვიდეს, რაჲთამცა პირველად მუნ ეწყო შენებად ეკლესიათა. და უფროისღა ესე საჭიროდ აღუჩნდა, რომელ სამსჭუალნი და ფიცარნი მუნ დაეტევნეს, ხოლო წმიდამან ნინო ნუგეშინის-სცა ეხრეთ მეტყუელმან, ვითარმედ:

- ნუ უკუე მწუხარე ხარ, ჵ მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს, ვითარცა მოვიდოდიან, ეგრეთვე სთესვიდენ თესლთა ღმრთისმსახურებისათა, ხოლო ამას სამეფოსა ქალაქსა შინა, რომელ საუნჯენი მოუნიჭებიან ყოვლადსახიერსა ღმერთსა, ყოვლისა უკუე სოფლისა დიდებადცა და მცველად კმაჲ არიან-ვე, ესე იგი არიან კუართი უფლისა ღმრთისა, მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲ, და სუეტი ესე წმიდაჲ, განმანათლებელი და ნათელმყოფელი სულთა და გონებათა ჩუენთაჲ.

ხოლო ამას ზედა უკუე რეცა მცირედ აღშფოთებულ იქმნა მწუხარებისაგან მეფე. მაშინ უკუე მოიყვანა მეფემან აბიათარ მღვდელი და მის თანა სხუანიცა მრავალნი ჰურიანი და გამოიკითხა მათგან ჭეშმარიტი და ცნა ყოველივე ზედამიწევნით კუართისათჳს უფლისა, ვითარმედ უეჭუელად ჩუენ შორის მდებარე არს საუნჯჱ იგი ფასდაუდებელი. მაშინ უკუე მეფე აღივსო სიხარულითა გამოუთქუმელითა, აღიპყრნა ჴელნი ზეცად და თქუა:

- კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე, ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, რომელი წინაჲსწარ განაგებ ყოველსავე სიბრძნით, რამეთუ ნამდვლვე შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი ცხოველი, რომელმან გამოგვჴსნენ, ტყუექმნილნი ჴელთაგან ეშმაკისათა, და რომელმან ცხორებისათჳს ჩუენისა წინასწარვე განგებულებით წარმოავლინე წმიდაჲ და ყოვლად განათლებული ნათლითა უზეშთაესისა მის და მფლობელისა გუამისა შენისა წმიდისა დამფარველი წმიდაჲ სამოსელი შენი წმიდით ქალაქით იერუსალიმით, ქალაქსა ჩუენსა და სამეფოსა და ჩუენ მცველად უკუე, მჴსნელად და მაცხოვრად სულთა და ჴორცთა ჩუენთა მოგუანიჭენ, ამისთჳს უკუე მოხარულნი გმადლობთ შენ და გაკურთხევთ დიდებისმეტყუელებითა დაუცხრომელითა, რამეთუ წმიდა ხარ შენ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

ხოლო მეფე და ყოველი ერი უმეტესადღა განემტკიცნეს ჭეშმარიტსა ქრისტიანობასა ზედა და ვინცაღა დაშთომილ იყენეს, ყოველნივე ნათელს-იღებდეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, რამეთუ მეფემან და დედოფალმან და უმრავლესმან ქართველთა ნათესავმან პირველვე უკუე ნათელს-იღეს, რაჟამს-იგი პირველეპისკოპოზი მოვიდა და იყო სიხარული დიდი გამოუთქუმელი და ჰმადლობდეს ყოველნი ერთობით და ადიდებდეს ღმერთსა.

ხოლო იწყეს შენებად ეკლესიისა ქალაქისაგან გარეთ და ყოველთა მათ ზედა საყოფელთა წმიდისა ნინოჲსთა და ვითარცა სრულ-ყვეს ყოვლითა მოსწრაფებითა და გულისმოდგინებითა, იწყო წმიდამან ნინო ლოცვად ჴელგანპყრობილმან აღმოსავალით და თქუა:

- კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო, ძეო ღმრთისაო იესუ ქრისტე და მამაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსო, რომელმან მოავლინე სიტყუაჲ შენი ქუეყანად წყალობისათჳს და ცხორებისა ნათესავისა კაცთაჲსა და იშვა ქუეყანასა ზედა მსგავსებითა ჩუენითა, სიმდაბლისა უკუე ესე ჴორცნი შეიმოსნა, ღმერთი განკაცნა და კაცნი განაღმრთვნა ტყუექმნილნი და მონებით გამოგჳტაცნა ჴელთაგან ბოროტისა მის და უკეთურისა მთავრისათა და ზეცისა სიმაღლესა აღსლვად ღირს გუყუნა, უკუეთუ ოდენ ვიპოვნეთ მორჩილ ბრძანებათა მისთა, ესე უკუე ნათელი ჭეშმარიტი, ნათლისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არა ქმნილი, ვითარცა მაშინ ჩუენისა ცხორებისათჳს ივნებდა ნებსით თჳსით, ესრეთვე უკუე თანალმობით აწცა და მარადის მოურნეობს ჩუენისა წყალობისათჳს და მისა მხოლოჲსა მიმართ წარმართებულ არს ყოველი ცხორებაჲ ჩუენი, რამეთუ მისსა ჰშუენის ყოველივე დიდებაჲ და სიმტკიცეჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

სასწაულნი ჯუარისა ცხოველისანი

ხოლო ადგილსა ერთსა კლდესა ზედა სდგა ხე ერთი, ფრიად შუენიერი და საკჳრველებითა რაჲთმე მიუთხრობელითა სულნელი. და იქმნებოდა ხესა მას ზედა საქმე საკჳრველი, რამეთუ ისარცემული ნადირი, რომელიცა უკუე მივიდის და ჭამის ხისა მისგან ფურცელი გინათუ თესლი ჩამოცჳვნებული, მყის განერის სიკუდილისაგან, დაღაცათუ ფრიად სასიკუდინესა ადგილსა წყლულ იყვის.

ესე უკუე დიდად საკჳრველ უჩნდეს პირველთა მათ წარმართთა, რაოდენ ღირს იყვნეს-ცა საკჳრველებისა, ხოლო აუწყეს ებისკოპოსსა იოანეს ხისა მისთჳს, და ვითარცა მოვიდა ხილვად ებისკოპოსი იოანე, თქუა უკუე ესრეთ:

- ჭეშმარიტად ნამდჳლვე პირველითგან განგებულ არს ღმრთისა მიერ ამის სამეფოჲსა წინაჲსწარითა მოსწრაფებითა წყალობაჲ და ცხორებაჲ, რამეთუ პირველად ყოვლისა სოფლისა განმანათლებელისა კუართისა მისისა წარმოვლენითა და ამის ხისა სურნელისა აღმოცენებაჲ უკუე ვიდრემე საცნაურ-ჰყოფს და ნამდჳლვე უეჭუელად ჟამისა ამისთჳს დამარხულ არს, რამეთუ აწღა მოედინის მადლი ღმრთისაჲ ქართლისა სამეფოსა ზედა და ამის ხისაგან უეჭუელად ჯერ-არს შექმნად ჯუარი პატიოსანი, რომელსა თაყუანიხ-სცემდენ ყოველნი სიმრავლენი ერთა ღმრთისმსახურთა მორწმუნეთანი. ხოლო ამის ხისა ძალისა წარმოჩენად და ზოგს-რე სახისა გამოცხადებად საჭიროდ უკუე სათანადო არს ჩუენდა, რამეთუ იხილეთ-და უკუე საკჳრველი და გულისჴმაჰყავთ, რამეთუ რომელი-იგი სამოთხესა შინა დანერგულ იყო ხე, მისმან გემოჲსხილვამან ყოველი ნათესავი კაცთაჲ ერთობით სიკუდილსა მისცა, ხოლო ამის ხისა ჭამითა აქა, რომელნი იყვნენ სასიკუდინედცა წყლულნი, განიკურნებიან, არამედ რაჲ-მე უკუე იყოს ძალი საიდუმლოჲსა ამის, საყუარელნო? ხოლო უკუეთუ კეთილად გულისჴმა-ჰყოთ, ფრიადისა ვიდრემე ძიებასა ღირს ვიგონე, რამეთუ ვინაჲთგან ყოვლად სანატრელი და კურთხეული ესე ხე, ესევითარსა საძირკუელსა ზედა აღორძინებად ღირს იქმნა, რაჲ უკუე საკჳრველ არს, უკუეთუ რაოდენიცა და საკჳრველნი სასწაულნი იქმნებოდიან!

რამეთუ დაღაცათუ ხე იგი, ადამის შვილითურთ მომსპოლველი, სამოთხეს დანერგულ იყო, არამედ ესე უკუე მას ზედა დანერგულ იყო, რომელსა საცნაურ-ჰყოფს ნეტარი პავლე მოციქული, ვითარმედ, სულიერისა მისგან სუმიდეს კლდისა, რომელიცა შეუდგა, ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე (Iკორ. 10,4) უეჭუელი და ჭეშმარიტი არს სახჱ და ძალი ამის მადლისა მიმნიჭებელი ძალსა კურნებათა და სასწაულთასა, რომელი უკუე აჰა ესერა და შემდგომიცა ვიდრემე სრულ-ჰყოთ სასურველი ძიებისა, შეწევნითა ღმრთისაჲთა.

სასწაული პირველი. ხოლო უკუე რევ, ძე მეფისაა, და ებისკოპოსი იოანე და სიმრავლჱ ერისაჲ მის თანა წარვიდეს და მოჰკუეთეს ხჱ იგი და წარმოიღეს რტოჲთურთ თჳსით და მოაქუნდა იგი ათსა ათეულსა კაცთასა ზეტჳრთვით რტოჲთურთ და ფურცლეულითურთ განსაკჳრვებელი სიტურფესა ზედა შესახედაობისასა, რამეთუ რაჟამს უკუე ყოველი ხე ჴმელად და ნაყოფთაგან თჳსთა ობლად იხილვებოდა და იგი ოდენ ხოლო მხოლო მწუანოოდა და სიტურფითა მისითა და სურნელებისა ყნოსითა ყოველნივე იიძულებოდეს მისგან ნერგნი და მაღნარნი, ვისნიმცა უკუე სახედველნი არს შუენიერებისა მის შესახედავისასა. ხოლო აღმართეს ხე იგი კარსა ეკლესიისასა სამხრით კერძო, სადა-იგი ნიავი ჰბერვიდა ნელიად-ნელიად და შუენიერად შლიდა ფურცელთა ხისათა და ნარნარად ძრვიდა რტოთა მისთა, ხოლო იყო ხილვაჲ მისი მახარებელ სულებისა ყოველთა მხედველთასა.

ხოლო იქმნა მოკუეთაჲ ხისათ მის მარტსა ოცდახუთსა, დღესა პარასკევსა, და დაადგრა ხჱ იგი ეგრეთ შეუცვალებელად ფერსა ზედა თჳსსა და შუენიერებასა დღესა ოცდა ათშჳდმეტსა და ვითარმცა თჳსისა ძირისაგან ყოვლად არა შეცვალებულ იყო, ესრეთ ეგო სიტურფესა ზედა თჳსსა, ვიდრემდის ყოველნი ხენი მაღნარისანი შეიმოსნეს ფურცლითა და ყოველნი ხენი ნაყოფის გამომღებელნი შეიმოსნეს ყუავილითა ფერად-ფერადითა.

მაშინ უკუე მასვე შუენიერებასა ზედა გებული განკუეთეს ხჱ იგი თუესა მაისისა ერთსა და შექმნნეს ჯუარნი და შჳდსა მის თჳსასა აღემართნეს ფსალმუნითა და გალობითა. და იყო სიხარულსა დიდსა შინა მეფე და ყოველი ერი და ქალაქი, ამისსა შემდგომად უკუე იყო სხუაჲ ხილვაჲ საკჳრველებისაჲ, რამეთუ ყოველთა მათ დღეთა ხედვიდეს ყოველნი იგი ერნი და ქალაქი სრულიად, რამეთუ ჯუარი ცეცხლისაჲ ჩამოვიდის ზეცით და ეკლესიასა მას ზედა, რომელსა ჯუარნი იგი ესუენნეს, გჳრგჳნითა ვარსკულოვანითა დაადგრის ვიდრე განთიადადმდე და რიჟურაჟუს ოდენ გამოკრთიან შორის ორნი ვარსკულავნი, და ერთი წარვიდის აღმოსავლეთით, ხოლო ერთი დასავლით, და იგი თავადი ეგის თჳსსა მას ადგილსა ბრწყინვალედ და ნელიად-ნელიად განვიდის წყაროსა მას ზემო კერძო არაგჳსა, დაადგრის ბორცუსა მის კლდისასა, რომელი აღმოეცენეს ცრემლთა წმიდისა ნინოჲსთა და მუნით კუალად ზეცად ამაღლდის, ხოლო ესე მრავალგზის იხილვებოდა ყოველთაგან, მაშინ უკუე იწყეს კითხვად წმიდისა ნინოჲსსა:

- გუაუწყე უკუე, დედაო სანატრელო და მაცხოვარო ჩუენო, თუ რაჲ უკუე არს სახილავი ესე საკჳრველი, და თუ რასა მოასწავებენ ვარსკულავთა მათ განყოფანი აღმოსავალით და დასავალით და უმთავრესისა მის ზეცად ამაღლებაჲ.

ხოლო წმიდამან ნინო ჰრქუა მათ:

- განავლინენით უკუე კაცნი მთათა ზედა მაღალთა აღმოსავალით ვიდრე კახეთისა მთადმდე და დასავლეთით ვიდრე სანახებადმდე ამის ქალაქისა, რაჟამს გამობრწყინდენ მთიებნი იგი, იხილონ ადგილი იგი, თუ სადა ვიდრემე დაადგრებოდინ.

და ვითარცა თქუა ესე წმიდამან ნინო, მეფე უკუე შეუდგა საქმით აღსრულებასა სიტყჳსასა და შეცვნა თავნი მთათანი კაცთა მიერ, ხოლო დღჱ იგი იყო პარასკევი და შაბათად განთენდებოდა, ხოლო ეგრეთვე იქმნა იგივე სასწაული პირველ ხილული.

და ხვალისა დღე მოვიდეს ორკერძონივე იგი ებგურნი. მიუთხრეს მეფესა და წმიდასა ნინოს, რამეთუ ერთისაჲ მის - დასავლეთით თხოთისა მთისა მიწევნაჲ მიუთხრეს, ხოლო აღმოსავლეთისაჲ მის - ბოდს კუხეთისა ქუეყანასა მიწევნა მიუთხრეს, და ორთავე მათ [მიერ] ესრეთ უკუე საცნაურ იქმნა საზღვარი, მაშინ უკუე უბრძანა ნეტარმან ნინო წარჴუმაჲ ორთა ჯუართა, ერთისა აღმართება თხოთისა მთასა, ხოლო მეორისა უბრძანა სალომეს მჴევალსა ქრისტესსა, რაჲთა წარიღოს ერთი ჯუარი უჯარმოს ქალაქსა და მუნ აღმართოს, რამეთუ დაბისა მისთჳს, რომელსა ეწოდების ბოდი, შემდგომად უკუე საცნაურ იქმნეს ჟამსა თჳსსა განგებულებაი ღმრთისაჲ.

ხოლო ვითარცა უბრძანა წმიდამან ნინო, ეგრეთცა უკუე ჰყვეს, ხოლო თავადი ესე ჯუარი პატიოსანი მესამე უწყებითა ზეგარდამოჲთა აღმოიყვანეს ზე ბორცუსა მას ქუეშე წყაროსა მას ზედა, სადა დიდი იგი უმთავრესი ვარსკულავი აღმოვიდეს ნელად-ნელად, და ათიეს ღამჱ ლოცვითა და ვედრებითა ღმრთისაჲთა.

ხოლო წმიდაჲ და ნეტარი ნინო შეაზავებდა ნეკტარსა ცრემლთა წყაროსა მას თანა აღმომდინარესა და იქმნებოდეს კურნებანი, სასწაულნი ფრიადნი და ურიცხუნი.

ხვალისა დღე უკუე აღვიდეს კლდესა მას ზედა და მოვიდა ნეტარი ნინო ბორცუსა მას ზედა ზე და დავარდა პირსა ზედა თჳსსა ქუათა მათ ზედა და ტიროდა ლმობიერად, ვიდრემდის დაალტო ყოველი იგი იატაკი ცრემლითა, და ლმობიერ იქმნეს ფრიადსა მას ტირილსა ზედა ნეტარისა ნინოჲსსა ყოველნივე მეფენი და მთავარნი და ყოველნი ერი. და ტიროდეს ყოველნივე საშინელად, ვიდრემდის ქმა-სცემდეს მთანიცა ძლიერად ტირილსა მას ზედა მათსა, ხოლო რეცა ქუანიცა გოდებდეს-ვე, ესრეთ უკუე საგოდებელი იყო. ხოლო წმიდამან ნინო დასდვა ჴელი ერთსა ქუასა და ჰრქუა ებისკოპოსსა:

- მოვედ უკუე, ჵ მეუფეო, რამეთუ შენდავე ვიდრემე ჯერ-არს, რაჲთა დასწერო ჯუარი ქუასა ამას, რამეთუ მწყემსი ხარ ცხოვართა პირმეტყუელთაჲ.

ხოლო ებისკოპოსმან დასწერა ჯუარი და აღმართნეს ადგილსა მას ჯუარი იგი დიდებული დიდებით და მოდრკა სიმრავლჱ იგი ერისაჲ და თაყუანის-სცეს ჯუარსა მას და აღიარეს ჯუარცუმული ქრისტე ჭეშმარიტად ძედ ღმრთისად ცხოველისად და ღმრთად ჭეშმარიტად.

ხოლო დიდ-დიდნი იგი მთავარნი არა განეშორებოდეს ეკლესიასა წმიდასა, სუეტსა ნათლისასა და ჯუარსა მას პატიოსანსა, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა ურიცხუთა და კურნებათა.

ხოლო დღესა კჳრიაკესა შემდგომად აღვსებისა ყო მეფემან მირიან და ყოველთა მთავართა და ყოველმან ერმან დღესასწაული ჯუარისა პატიოსნისაჲ და იქმნა შესაწირავი დიდი ყოვლისა მის ერისაგან მას დღესა შინა და განაწესეს დღე იგი ზატიკად დღესასწაულად, მიერ ჟამითგან ვიდრემე დღენდელად დღედმდე,

და იჟო რაოდენსამე დღესა შემდგომად მარტჳლიისა იხილეს სხუაჲ სასწაული საშინელი და საკჳრველი დღესა ოთხშაბათსა, რამეთუ აჰა ესერა სუეტი ერთი ნათლისაჲ, სახედ ჯუარისა, დგა ჯუარსა მას ზედა და თორმეტნი ვარსკულავნი, სახედ გჳრგჳნისა გარემოჲს მისსა, ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ კუმოდა სულნელებასა გამოუთქუმელსა, რამეთუ ვითარცა ხედვიდეს სასწაულსა ამას ყოველნი, მრავალნი უკუე უღმრთოთა მათ წარმართთაგანნი მოიქცნეს და ნათელს-იღეს მას დღესა შინა ურიცხუმან სიმრავლემან. და შემდგომითი-შემდგომად დღითი-დღე ნათელ-იღებდეს. ხოლო მორწმუნენი განმტკიცნებოდეს უფროჲსად და უმეტესად და ყოველნივე მოხარულნი ადიდებდეს ღმერთსა.

სასწაული მესამე. კუალად უკუე სხუაჲ სასწაული იხილვა ჯუარისაჲვე, რამეთუ ვითარცა რაჲ ცეცხლი მზისაჲ, შჳდ წილ უბრწყინვალესი, დაადგრა თავსა ზედა მისსა და ვითარცა შანთნი ელვისსახენი კრთებოდეს, ხოლო ზეცით ნათელსა მას ზედა ანგელოზნი ღმრთისანი ნათლითა ბრწყინვალენი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაი იძროდეს ძლიერად და რეცა მთანიცა იგი საცნაურ-ჰყოფდეს სიხარულსა მას გამოუთქუმელსა, და უსულონი ჴმამაღლად ძნობით ჴმობდეს დავითის თანა საკჳრველისა, ვითარმედა „მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი“ (ფს. 113,6). ხოლო ვითარცა იხილეს სასწაული იგი და უკჳრდა ყოველთა და უფროჲსღა და უმეტეს ადიდებდეს ღმერთსა.

ხოლო ვითარცა იქმნებოდეს წლითი-წლად სასწაულნი იგი ურიცხუნი, ყოველი იგი ერი მოვიდოდეს შიშითა და სურვილით, და იყო სიხარული დიდ-დიდი და გამოუთქუმელი ყოველთა ზედა და თაყუანის-სცემდეს გულსმოდგინედ და იქმნნეს ყოველნივე სასოებაშემოსილ.

სასწაული მეოთხე. მაშინ უკუე რევს, ძესა მეფისასა, ესუა ყრმაჲ წული მცირე და იყო იგი შეპყრობილ სენითა სასიკუდინითა და ამის მიზეზისათჳს ფრიადსა გლოვასა და მწუხარებასა შინა იყვნეს, რამეთუ იგი ოდენ მხოლოჲ ესუა მათ, მოიღო იგი და მისცა წმიდასა ნინოს და ჰრქუა ძემან მეფისამან:

- უკუეთუ ლოცვითა შენითა განაცოცხლოს ძჱ ესე ჩემი მომკუდარი ამან ჯუარმან, შენ უკუე მიგცემ თავსდებად, სანატრელო დედაო, რაჲთა აღუშენო კუბოჲ, შემსგავსებული ძალისა ჩემისა.

და ვითარცა ესე თქუა, მოიღო ყრმაჲ იგი წმიდამან ნინო და დადვა წინაშე ჯუარსა და ცრემლითა ევედრებოდა და იტყოდა ესრეთ:

- შენ, უფალო, რომელმან დასაბამსავე მიწისაგან კაცი დაჰბადე, რომელი მოაკუდინებ და აცხოვნებ, რომელი შთაიყვანებ ჯოჯოხეთად და აღმოიყვანებ, რომელი მეორედ მოსლვითა შენითა დიდებულითა აღადგინებ ყოველთავე და უჩინოთა და უარსოთა მეყსა შინა ცხოველად წარმოადგინებ საკჳრველებით, შენვე უკუე, მეუფეო, თავად მიეც მხოლოდშობილი ყრმაჲ ესე მცირჱ ცოცხალი მშობელსა მას მისსა შეწევნითა და ძალითა წმიდისა ამის პატიოსნისა ჯუარისაითა.

და ვითარცა ესე ლოცვაჲ [წარმოთქუა], მყის განცოცხლდა ყრმაჲ იგი და ყოველნივე ერთობით ადიდებდეს ღმერთსა.

 

სასწაულნი ჯუარისანი

ამისსა შემდგომად უკუე მოვიდა ძე მეფისა რევ აღსრულებად აღნათქუემისა თჳსისა და სიხარულითა აღუშენა კუბოჲ შუენიერი, და დაუცადებელად მოვიდოდის მადლის მიცემად ღმრთისა და ჯუარისა პატიოსნისა. ხოლო მოვიდოდეს ყოველნივე უძლურნი და თითოფერითა სახითა შეპყრობილნი სნეულებითა და მყის განიკურნებოდეს და ყოველნი სიხარულით ჰმადლობდეს და ადიდებდეს ღმერთსა და ჯუარსა ქრისტესსა პატიოსანსა.

სასწაული პირველი. იყო ვინმე მამაკაცი ჭაბუკი და ორნივე თუალნი დასდგომოდეს. ჯდა უკუე იგი მწუხარე წინაშე ჯუარსა ქრისტჱსსა, ევედრებოდა დღე და ღამე და შჳდისა დღისა შემდგომად სცხეს ევლოგიაჲ ჯუარისაჲ თუალთა მისთა და მყის აღეხილნეს და, უმჯობეს პირველისა მხედველი, სიხარულით ადიდებდა ღმერთსა.

სასწაული მეორე. კუალად სხუაჲ ვინმე დედაკაცი იყო ფრიად გუემული სულთაგან არაწმიდათა, რამეთუ ფრიად ბოროტ იყო გუემულებაჲ იგი მისი, ესოდენ, ვიდრემდის გონებისაგანცა სრულიად შეცუალებაჲ შეემთხუეოდა და სამოსელსა თჳსსა დაიპებდა. და ვითარ მოიყვანეს წინაშე ჯუარისა პატიოსნისაჲ და შეამთხჳეს, სცხეს უკუე ევლოგიაჲ ჯუარისა პატიოსნისა და შემდგომად ათორმეტისა დღისა განიკურნა და ყოვლითურთ უვნებელი წარვიდა, თაყუანის-სცა მოხარულმან ჯუარსა პატიოსანსა და ადიდებდა ღმერთსა.

სასწაული მესამე. კუალად სხუა ყრმაჲ მცირჱ ცბიოდა უკუე ჩუეულებისაებრ ყრმათა თანა უჰასაკოთასა, ხოლო ეშმაკისა მანქანებითა შეუბრკუმა და დაეცა და მეყსა შინა მოკუდა. ხოლო დედამან მისმან საწყალობელმან ტყებითა სასტიკითა და გოდებითა მწარითა ყოველნი იგი ერნი გოდებად და წყალობად მოიზიდნა მისსა მიმართ და ყოველნი ტირილად აღძრნა, ვითარცა შეჰგავს უბადრუკსა დედასა, ძესა ზედა საყუარელსა საწყალობელად მგოდებელსა, და ესრეთ უკუე სალმობიერად გოდებდეს ყოველნი და ტკივნეულობდეს, ვითარცა თჳსსა ნაშობსა ზედა. ხოლო ვითარცა შემოკრებულ იყენეს ყოველნი მისსა, რომელნიმე გოდებისათჳს და ნუგეშინისცემისა, ხოლო რომელნიმე უცხოსა უცხოჲსა მის და საკჳრველისა გლოვისა ხილვად, მყის უკუე, ვითარცა განცოფებულმან, დედამან მისმან აღიტაცა ძჱ მისი მკუდარი, და რაოდენ ეძლო, სრბით მოვიდა და წინაშე ჯუარსა დააგდო, ხოლო თჳთ ჯუარსა პატიოსანსა, ხოლო ვითარცა მოკუდავი მოეხჳა საწყალობელად სალმობიერი, ერნი იგი ეტყოდეს, ვითარმედ:

- დედაკაცო, ნუ აწყენ აქა შემოკრებულთა ამათ ერთა, აღიღე ძჱ ეგე შენი მომკუდარი და დამარხე, ნუუკუე აყროლდეს.

ხოლო დედაკაცი იგი, დაღაცათუ გონებისაგან შეცთომილ იყო, გარნა ვითარცა ბრძენი ეტყოდა ესრეთ, ვითარმედ:

- უკუეთუ მე ძისა ჩემისთჳს ესრეთ მელმის და საწყალობელად ვიგუემები უბადრუკი, ხოლო არა უფროჲსღა მისსა ჯერ-არს თანალმობაჲ, რომლისა მიერ დადებულ იყო და ესეღა, რომელი-იგი კაცთმოყუარე და სახიერი არა ვიდრემე კაცობრივითა ბუნებითა არს, არამედ ღმრთეებრივითა სახიერებითა; აწ უკუე, უწყოდეთ ყოველთა, რამეთუ არა წარვიდე აქაჲთ, არამედ ძესავე ჩემსა თანა მოვკუდე აქა საწყალობელად და ერთბამად მწუხარებით მივეცნეთ ჯოჯოხეთად, რამეთუ დამბადებელსა უფროჲს ელმის დაბადებულთათჳს.

ხოლო ვითარცა ესე წართქუა დედაკაცმან მან სასოებაშემოსილმან, მყის უკუე ნათელი გამოკრთა ჯუარით, ვითარცა ელვაჲ, და ჴმაი რაჲმე გამოჰყვა ნათელსა მას თანა ტკბილი და ნამდჳლვე ნათლისა შესაბამი, ესრეთ მეტყუელი, ვითარმედ:

- ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ შენი. და მელმის ტკივნეულობასა მაგას შენსა ზედა, რამეთუ შენისა მაგის სასოებისათჳს მიგანიჭებ უკუე ძესა შენსა ცოცხალსა. ნურღარა უკუე ტკივნეულ არს გული შენი და ნუცაღა ვიდრემე აწყენ აქა შემოკრებულთა ამათ ერთა.

ხოლო ვითარცა ესე თქუა ჴმამან საღმრთომან, მეყსა შინა ზე წარმოჴლდნა ყრმაჲ იგი ყოვლად განცოცხლებული და ჯუარსა და დედასა სწორად მოეხჳა და ამბორსუყოფდა ჯუარსა მას წმიდასა, ხოლო დედაკაცი იგი გლახ საწყალობელი განკრთა ანაზდაჲთსა მას მისა მისისა შეცვალებასა ზედა და კნინღა უსულოქმნილი მყოვარ ჟამ განგრუნვებული ჯუარსა მას მოხუეული ვითარცა მკუდარი შემსჭუალულ იყო. ხოლო მეფე და ყოველი იგი ერი განკჳრვებულ იქმნნეს ერთბამად ორისავე საქმისათჳს, ერთად უკუე - დედაკაცისა მის სასოებისა და სარწმუნოებისათჳს, ხოლო მეორედ - ესოდენ უცხოჲსა და საკჳრველისა ანაზდაჲთისა განკურნებისათჳს. და ყოველნი ერთბამად სიხარულითა აღსავსენი ჰმადლობდეს და ადიდებდეს ღმერთსა. ამას უკუე ხილვასა ზედა უფროისღა შეექმნა ყოველთა სურვილი და ტრფიალებაჲ.

სხუანი სასწაულნი მისნივე. და მოვიდოდეს ყოველნივე ყოვლით კერძო, რამეთუ ყოველთა შორის იქმნა მჴურვალებაჲ საღმრთოჲსა შურისაჲ. მრავალნი უკუე უშვილონი მოვიდოდეს სასოებითა და შეეხუეწებოდეს და ყოველთა აღუსრულდებოდა სათხოველი მათი წადიერებით შვილის მიცემითა და ესრეთ, მოხარულნი და გულსავსე ქმნილნი, ადიდებდეს ღმერთსა, მოქმედსა საკჳრველებათასა და არა ხოლო იგინი ოდენ მიემთხუეოდეს საწადელსა, რომელნიცა მოვიდოდიან, არამედ რომელნიცა უკუე სასოებით ევედრებოდიან შორით, იგინიცა უკუე სწრაფით მიემთხუეოდენ შეწევნასა პატიოსნისა ჯუარისასა.

მრავალნი უკუე უღმრთონი და ქედფიცხელნი და უგლიმნი არა მოდრკებოდიან და სახიერმან მან მკურნალმან სულთა და ჴორცთამან, ჭიმითა და აღჳრითა უქცინის ღაწუნი მათნი, რომელნი მას არა მიეახლნეს (ფს. 31,9). და განსაცდელნი მოუვლინნის და ჭირისაგან იძულებულნი შეეხუეწნიან და ორკერძოვე, სულით და ჴორცით განკურნებულნი ჰმადლობდინ და ადიდებდინ ღმერთსა და ჯუარსა პატიოსანსა თაყუანის-სცემდეს. ესრეთ უკუე იყო სიხარული დიდი და გამოუთქუმელი ყოველსა შორის ნათესავსა ქართველთასა, რამეთუ უძლურნი და ჭირვეულნი კურნებასა მიემთხუეოდენ, რამეთუ ცოდვილნი ცოდვათაგან განთავისუფლდებოდეს, ხოლო უჭირველნი სიხარულით ადიდებდეს ღმერთსა და წარმართთაგანთა და უღმრთოთა, რომელნიცა სადა იყვნეს და ესმოდა, ყოველნი ერთბამად განკჳრვებულ იყვნეს და მრავალნი და ურიცხუნი მეცნიერებად ჭეშმარიტისა ღმრთისა მოვიდოდეს და ყოველნი ყოვლით კერძო ადიდებდეს ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ესე უკუე ვიდრემე აქა აღლაგმულ ვყო სიტყუაჲ მეტყუელებისა ჩემისაჲ და სიგრძესა მეტყუელებისასა აღჳრვ-ვასჴნე, რამეთუ სიხარული დღესასწაულისაჲ და ჟამი შეკრებისა ჩუენისაჲ სხჳსაცა რაჲსმე უახლესისა და სახარულევანისასა ჴელყოფად იძულებულ-გუყოფს ჩუენ, რამეთუ ვინაჲთგან უკუე დღესასწაულისათჳს არს სიტყუაჲ, სათანადო ვიდრემე ვგონე, ღმრთისმოყუარენო, კუალადცა საცნაურყოფად ზოგს-რე სასწაულთათჳს სუეტისა ცხოველისათა, რამეთუ პირველ მოჴსენებულნი იგი გამოჩენასა სუეტისა ცხოველისათა ითქუნეს, ზოგს-რე რეცა სრულიად დაუვიწყებელობისა მიზეზად, დაღაცათუ ვითარცა რაჲ პერულნი მონაკრებნი პირსა ზედა მდინარისასა სიმცირისათჳსცა და უმეცრებისაცა ჟამისა ამის, რომელსა შინა ქმნილ არიან, ხოლო რომელნიცა რაჲ შემდგომითი-შემდგომად აღსრულებულ არიან, არა ვიდრემე უჯერო ვგონე მათიცა მოჴსენებაჲ და სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სათანადოდ საცნაურ-ყოფათ, დაღაცათუ ყოველთავე ღმრთისა საკჳრველებათა მეძიებელსა იგივე უკუე და ერთა ცათა ზეცისათა გამოკულევისა კადნიერებაჲ დაესაჯების. და კუალად, რომელი ზღჳსა უფსკრულთა პევშითა წყვასა მეცადინეობდეს, მასცა ვიდრემე სახე ექმნებისა. გარნა ვიტყოდე პირველად უკუე ესე საცნაურ ვყო თქუენდამი, ჵ ღმრთისმოყუარენო, რომელიცა-ესე ნამდჳლვე ღირს არს თხრობისა, რამეთუ ვითარცა რაჲ ნათესავთა შორის კაცთასა მრავალნი რაჲ ჴელოვნებანი იპოვებიან და კაცად-კაცადთა თჳს-თჳსად მიუჩნს ყოველთავე თჳსი საჴმარობაჲ, რამეთუ რომელსამე იგი და რომელსამე ესე, ესრე სახედვე უკუე იხილვების და ნათესავთაცა შორის, რამეთუ რომელნიმე ნათესავნი ესევითარნი არიან ბუნებით, ხოლო რომელნიმე - ეგევითარნი, სიტყვსაებრ სამოციქულოჲსა, ნამდჳლვე განყოფანი არიან მადლთანი ყოველთავე შორის. რომელნიმე ნათესავნი ლბილ და დედალ არიან და ფრიად მოსწრაფე ენამჭევრობისა და ფილასოფოსობისათჳს და საკჳრველი რაჲმე გულსმოდგინებაჲ და ტრფიალებაჲ მოუგიეს გამოძიებათა რომელთათჳსმე საღმრთოთაცა და კაცობრივთაცა და ყოველთავე დაბადებულთათჳსცა. და ამით უკუე სახითა რეცა მძლეობენ ყოველთა ზედა სილაღითა გონებისაჲთა, ვითარცა ზეშთა ქმნილნი, და ენამჭევრობათა და სიბრძნეთა თჳსთა მიმართ მინდობილობენ, რაჲთა სიბრძნით მოჴელოვნებითა ენისაჲთა ნუგეშინის-სცემდენ სჳნიდისითა ცხორებისა თჳსისაჲთა, ვითარსახედ არნ ელინნი, ესე იგი ბერძენნი, ხოლო კუალად სხუანი არიან ბოროტებით სადაგნი და მარტივნი და გონებით წრფელნი სიმართლესა ცხორებისასა და უღელსა უმანკოებისასა მზიდველნი და მხოლოდ ღმრთისა ოდენ და მკლავისა თჳსისა მოსავნი, რომლითაცა უკუე გამოისახვის და საცნაურ იქმნების სიქველე ჭაბუკისაჲ, ვითარცა აჰა ესერა არნ ნათესავნი ჩუენ ქართველთანი, რამეთუ ვითარცა საცნაურ არს, ყოველთა მიერ უეჭუელად ესევითარი ბუნებაჲ პირველითგანვე უკუე დამცველობს ნათესავთა შორის ქართველთასა, რამეთუ არარაჲ უკუე ოდეს ჰქონებინ ჩუეულებაჲ ფილასოფოსობისაჲ და სწავლულობისაჲ გამოძიებათა და ენათა მჭევრობათა, ხოლო სხუანი უკუე ნათესავნი სხუათა რომელთამე მიმართ ღონისძიებათა და ჴელოვნებათა მინდობილობენ და სხუანი - სხუათა, რომელნიმე ამათ და ყოველთავე უკუე თჳს-თჳსად შეუცავს საზღვარი ტომებისა თჳსისაა და უკუეთუმცა არა ვიდრემე საჭირო გუექმნებოდა მიზეზი მოტყუებათაჲ განგრძობისა, თითოეულადმცა უკუე წარმოვაჩინე შემსგავსებულებაჲ ნათესავ-ტომებისა თჳთოეულისა, რამეთუ არა საჭირო ვიდრემე იყო ჩუენდა ესე წყალობითა ღმრთისაჲთა.

ხოლო აწ შეუდგინო, ცხადმყოფელად სახისა, საქმეცა მიზეზმყოფელი განგრძობისა ჩუენისა, რამეთუ მიზეზი მეტყუელებისა ჩემისაი ესე ვიდრემე არს, რამეთუ ვითარცა ეგერა პირველვე ვთქუ ზემორე ჩუეულებაჲ ვიდრემე და წურთილობაჲ გამომეტყუელებისაჲ და გამოძიებაჲ სამეცნიეროთა და საფილოსოფოსოთა საქმეთაჲ არარაჲ უკუე ჰქონებიან ნათესავთა ქართვვლთასა, ვითარცა ბრძენთა შორის დღესცა იხილვების ესევითარი საქმე, რამეთუ რაჲცა რაჲმე უცხოჲ და საკჳრველი საქმე საცნაურ იქმნეს, მყის მასვე ჟამსა შინა მეყვსეულად აღსწერენ და ესრეთ სიმტკიცედ და საჴსენებელად მამულთა ნათესავთათჳს ძეგლად წარუწყმედელად დაუტეობენ.

ხოლო უკუეთუ საღმრთოთა მოქმედებათათჳს გინათუ ხატთაგან იქმნეს რაჲ ანუ თუ ჯუარისაჲ, გინათუ ნაწილთაგან წმიდათასა, ანუ თუ სხეულსავე შორის მყოფთა წმიდათა კაცთაგან, რაოდენღა უკუე საჴმარ არს სათქუმელად, თუ ვითარ კნინდენდაცა არარას დაუტეობენ აღუწერელად და არცა ვიდრემე მისცემენ უფსკრულსა დავიწყებისასა, ხოლო ვითარცა მრავალგზის ვთქუ, ესევითარისა მოქმედებისაგან ყოვლად უცხონი და უმეცარნი არიან ნათესავნი ესე ქართველთანი, უკუეთუ არა ვითარმცა ვინ აღრიცხუნა, თუ რაოდენნი უკუე და რაბამნი სასწაულნი ქმნილ არიან სუეტისა ცხოველისაგან ჟამსა მას პირველ გამოჩენისა მისისასა და შემდგომითი-შემდგომად ესე უკუე უწყოდეთ ჭეშმარიტი, უკუეთუმცა ვის აღეწერნეს, ვითარცა არს ჩუეულებაჲ ბერძენთა ნათესავისა, არამცა უკუე დაიტია სოფელმან ყოველმან აღწერილი წიგნები, სიტყჳსაებრ წმიდისა სახარებისა (შდრ. იოანე, 21,25), და ესეღა რომელ თჳთ ჟამსა მას პირველ სუეტისა მის ცხოველისა გამოჩენისასა, რაჟამს აღურაცხველნი იგი სასწაულნი იქმნებოდეს ყოვლად ყოვლითურთ უღონოებდა, ესე ქუეყანა ესევითართა საქმეთა გამოცდილებისა და მეცნიერებისაგან, და ვითარმედ ყოვლად ველურნი რაიმე და მჴეცნი და ქსუდ მავალნი ლმობიერებითისა ცხორებისაგან.

ხოლო ვითარცა ზემო პირველვე აღვწერეთ, რაჟამს-იგი სუეტისა ცხოველისა დიდებულებანი საცნაურ იქმნებოდეს, მაშინ უკუე ვინაითგან ფრიადთა მათ სასწაულთა მოქმედებისათჳს ყოველნივე იძულებულნი სენთაგან თითოსახეთა სასოებით ურიდად შეეხებოდეს, წმიდისა შეურაცხებად ჰგონა მირიან მეფემან, ამისთჳსცა უკუე შეშისა ფიცართა მიერ დაფარა შიშულოებაჲ იგი სუეტისაჲ მის და თუალთაგან სახილველობაჲ მისი უჩინო ყო, ხოლო რომელნიცა უკუე უძლურებისაგან და ჴორცთა დაჴსნილებისა ვერ მოვიდოდიან, მათთჳს უკუე ფიცართა მათ მახჳლითა შეახებდინ და ესრეთ წარიპარვიდიან იდუმალ და სასოებით იდუმალ წარპარვითა მით ცხადად ვიდრემე ნათელსა კადნიერებისასა მოივაჭრებდა. ჵ კეთილსა მას უკუე და საღმრთოთსა სასოებითა ავაზაკობასა!

ხოლო უკუე შემდგომად მრავლისა ჟამისა მეფე იქმნა რაჲ რევ, ძე მირიან მეფისაჲ, შეშინდა უკუე მეფობასა შინა მისსა, ნუუკუე სრულიად განშიშვლდეს სუეტი იგი წმიდაჲ სამარადისოჲსაგან ფიცართა მათ და ნათლისა და წარპარვისა და ამის მიზეზისათჳს განიზრახა, რაჲთა სრულიად ქვითკირითა აღმოქმნას გარემო სუეტისაჲ მის, რომელიცა უკუე ესე საქმით შეუდგინა განზრახვასა და სრულ-ყო. და ესრეთ ვიდრემე ჰგიეს მოდღეინდელად დღედმდე, რამეთუ ურიცხუნი და უფროჲსღა სასწაულნი მაშინცა იქმნნეს, რაჟამს-იგი მოსდეს გუამსა მას სუეტისა ცხოველისასა და შემდგომითი-შემდგომად არაოდეს მოკლებულ არიან სასწაულნი და დიდებულებანი სუეტისა ცხოველისანი სამარადისონი, უკუეთუმცა რაჲ ვის ყოვლად ჰქონებოდა გულისჴმისყოფაჲ მგონებლობით აღწერა უმჯობესისათჳს სათანადოდ მრჩობლ ორკერძოთავე საცხორებელთა - სულ-სხეულობითთა, შემდგომისათჳს ჟამისა სახარულევანად სულთა სასუფეველისა ტრფიალთა, რაჲთა შემდგომნი ნათესავნი წარკითხვითა მათითა ნათელმყოფელსა სულისასა ნუგეშინისცემასა მოირეწდენ, ვითარცა უკუე არს სახე და ჩუეულებაჲ ბერძენთა ნათესავისაჲ, რამეთუ იგინი ესევითართა კნინოდენთაცა არა თანა-ვიდრემე-წარმჴდელნი რაჲსავე სასწაულთაგანისა ახარებნ გულთა და ანაყოფებენ სულთა ყოვლით კერძოვე მიმდემად მოსთულებითა სათანადოთა.

უსაჭიროეს უკუე და სათანადო ვიდრემე ვგონე ჵ საყუარელნო, საცნაურყოფისათჳს სადა მდებარეობასა კუართისათჳს ცხოველისა მის ღმრთეებისა გარეშემცველისა, რომელი-ესე უკუე მრავლით კერძო გუესწავების და საცნაურ არს, რამეთუ ჯეროვან და ჭეშმარიტ ესრეთ არს, რაჲთა სადაცა საღმრთოჲ საუნჯე მდებარეობდეს, მუნცა ზედა მიმდემად საღმრთოჲ ნათელი დაუვსებელად მნათობიერობდეს და ცეცხლისა სუეტი ელვისსახედ სამარადისოდ ზედა-ეგზებოდეს, ურწმუნოთა ვიდრემე გულებსა შემწუელად, ხოლო მორწმუნეთა ნათელმყოფელად, გამომცხადებელ სუეტისა ცხოველისა უეჭუელად ქვემდებარეობისათჳს, რამეთუ ნესტჳ იგი, რომელი ჩრდილოეთით ყოველთა მიერ სახილველ არს, მრავალგზის უკუე ცდილან უმეცრებით დაყოფისა მის ნესტჳსასა კირითა გინა ცარცით, რომელი უკუე მყის მასვე ჟამსა აღმოჰჴეთქის, რაჟამს ვინ ჴელ-ყვის დაყოფად, რამეთუ ესე საქმე უეჭუელსა და ცხადსა მუნ მდგომარეობასა მოასწავებს, უკუეთუ არა სხუაა რაჲმცა იყო მიზეზი ნესტჳსა მის დაყოფისა არ-თავსმდებელი.

ხოლო უკუეთუ სუეტისათჳს საეჭუელ ვგონოთ, მაშა სუეტი უკუე ზე ჰაერთა მოკიდებულობს, ვითარცა ყოველთა უწყით. ხოლო ესე სასწაული კუართისა მის საუფლოსაჲ არს უეჭუელი და უცთომელი. ხოლო ესეცა უკუე ვიდრემე სათანადო არს, რამეთუ უკუეთუ ვინმე მკლებიერობდეს სასწაულთათჳს კუართისა საღმრთოჲსათა, ესრეთ უკუე უწყოდენ ესევითარისა მეძიებელმან, რამეთუ ვითარცა მამაჲ და ძჱ ერთ არიან დიდებით და ყოველივე მოქმედებაა ძისაცა არს და ყოველივე მოქმედებაჲ ძისა მამისაჲცა არს, ესე სახედვე უკუე სუეტისა ცხოველისა უეჭუელად კუართისა საუფლოჲსად შეჰრაცხეთ და კუართისა ვიდრემე - სუეტისა ცხოველისად და ვითარცა იგი მამაჲ და ძჱ ერთ არიან განუყოფელად ღმრთეებითა, ეგრეთეე უკუე სუეტისა ცხოველისა და კუართისა საუფლოჲსა დიდებულებანი და საკჳრველებანი განუყოფელ და ერთ არიან. და თჳთ მებრ კუართი წმიდაჲ საუფლოჲსა საჩინოდ არავე ყოფილ არს, ესეცა არს მიზეზ, ნუუკუე და ამასცა ვინმე მეტყუელებდეს, თუ აწ ვითარ არღარა იქმნებიან სასწაულნიო, გონიერად უკუე ისმინეთ და განკრძალულად გულისჴმა-ყავთ ესევითარისა მეძიებელთა.

წერილ არს უკუე სასწაულნი ურწმუნოთათჳს არიან და არა მორწმუნეთათჳს.

 

სასწაულნი სუეტისა ცხოველისაჲ

და ნუცაღა უკუე ვიდრემე აქამდის დადგების სიტყუაჲ ჩუენი, არამედ თჳთ მებრ აწცა ჭეშმარიტად მრავალნი და ურიცხუნი სასწაულნი ფრიადნი საკჳრველებანი ქმნილ არიან და იქმნებიან ჟამთა ამათცა შემდგომთა ჩუენისა ნათესავისა ზე, რამეთუ არათუ საკჳრველებათა ღმრთისათა ოდესმე მოაკლდების გინათუ დასცხრებიან, გარნა სასოებათა ჩუენთა ნაკლულევანებაჲ და შემცირებაჲ და უფროის მდინარეობითსა პირსა სასწაულთასა. ხოლო უკუეთუ დღითი-დღედცა იქმნებოდინ, ვითარცა პირველცა და მრავალგზის მითქუამს, არავის უკუე ჰქონებიეს ამის გულსმოდგინებათ, რაჲთამცა საუნჯედ კეთილად მომავალთა ნათესავთათჳს დამარხა აღწერილად ძეგლად. ხოლო ჩუენ, ზოგს-რე სასოებით მეცადინთა სურვილითა წადიერებისაჲ თა ვიწყოთ მცირედ წარმოჩენად, რომელთამე უკუე თჳთ ჩუენ მიერ ხილულთა, ხოლო რომელთამე სმენილთა სარწმუნოთა და ჭეშმარიტთა კაცთა მიერ.

სასწაული პირველი. ხოლო პირველად ვიწყოთ პირველქმნულთავე და შემდგომითი-შემდგომად შეუდგინოთ შესაბამ ქმნილებისა, რამეთუ თქუმულ არს ესე ვითარმედ, პირველთავე მათ ჟამთა დედოფალი ვინმე ყოფილ არს, სახელით სუჯის, და ქუემოთა უკუე კახეთისა ქუეყანათ მომავალი ამის მდინარისა პირსა მოსრულ არს, რომელ არს არაგვი, და საკჳრველი რაჲმე განძჳნებაჲ ჰქონებია მას ჟამსა შინა უმეტეს ჩუეულებისა, და ერი და ჯალაბი მისი მრავალსახედ მრავლითა ღონისძიებითა ცდილა გამოსლვასა. ხოლო ვითარცა ქმნილ არს ყოველი გულსმოდგინებაჲ მათი, შემდგომად დედოფალი იგი ღმრთისმოყუარე სასოებითა კეთილითა ჰუნისაგან თჳსისა გარდამოსულ არს და ჴელმოყრით ცრემლითა მჴურვალითა ვედრებულ არს სუეტისა ცხოველისადა; ესრეთ უკუე სარწმუნოებითა მტკიცითა სასოებაშემოსილი წყალსა მას შთამოსრულ არს ჰუნესავე ზედა აღმჴედრებული.

და მსგავსად პირველისა მის ჩუეულებისა საკჳრევლებისა მასვე ღმერთსა აქაცა უკუე ნებიეს სუეტისა ცხოველისა მიერ, რომელ-იგი ძუელ-ოდესმე ისრაიტელთა ზედა საკჳრველთმოქმედებდა, რაჟამს-იგი მისვე სუეტისა წინამძღურობითა მოგზაურობდეს, რაჟამს-იგი ზღუასა მეწამულსა განვიდეს და წყალნი იგი ექმნნეს ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით, მაშინცა უკუე ესევე სუეტი ნათლისაი წინა-უძღოდა, რომლისა მიზეზითა და სასოებითა აწ ამან დედოფალმან, რაჟამს შთაჰჴდა ამას მდინარესა, საკჳრველად განცოფებულსა, იგივე უკუე შეკდემულებაჲ თავსიდვა და აქაცა ექმნა ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით, ვიდრემდის იგი თავადი და ყოველი ერი მისი წიაღჴდეს ამიერ დაულტოლველად და ყოველნი იგი ერნი და რომელთა ესმა და რომელთა იხილეს, დედოფლისა თანა ყოველნივე ადიდებდეს ღმერთსა და სუეტსა ცხოველსა.

ესე უკუე სასწაულნი, საყუარელნო, ისრაიტელთა მათ ზედა ქმნულისა სასწაულისა არარაჲთ უკუე უმცირეს არს, არამედ კნინღა და უმეტესცა ვგონე, ვინათთგან იგი მდოვრად მდგომი ზღუაჲ იყო, ხოლო ესე მქანარედ მავალი, ვითარცა მგელი განძჳნებული, ხოლო ორივე ღმრთისა მიერი იყო.

სასწაული მეორე. ხოლო უკუე ესე სასწაული, რომლისაჲ აწ მეგულების წარმოთქუმაჲ, კნინღა და ყოველთაგან საცნაურ არს, ვინაჲთგან ყოველთა შორის სმენილ არს, რაჟამს უკუე იგი მიშუებითა ღმრთისათა თურქნი შემოვიდეს ქუეყანასა ამას ჩუენსა მთავრისა მის მათისა სულთანის თანა, წინამძღურობითა ბელიარისაჲთა და ცოდვათა ჩუენთა გარდარეულებისა ძლით, მიეცა უკუე ნათესავი ესე ჩუენი მიშუებითა ღმრთისაჲთა და ვითარცა მოვიდეს, შემოჴდეს ამას კათოლიკესა ეკლესიასა შინა, ბარბაროზებრივითა მით, უფროჲსღა მჴეცებრივითა მძჳნვარებითა და შეპყრობილნი ჩუენთა ნათესავთაგანისა კაცთანი ჰკითხვიდეს უკუე, თუ რაჲ არს კონქსა ამას შეკრძალულსა შინა. ხოლო იგინი მიუგებდეს, ვითარცა უწყოდეს სუეტისა შესაბამად ჭეშმარიტებასა, ხოლო ვინაჲთგან დიდებულებანი ღმრთისანი ურწმუნოთა შორის ისაკჳრველთმოქმედებიან, ამისთჳსცა უკუე ზოგს-რე განიფრთხო სულტანმან მან და მოეგო ცნობასა მას და გულისჴმა-ყო უეჭუელი დიდებულებაჲ ღმრთისაჲ დაფარულსა მას შორის გოდელსა და ყოვლად შეუხებელად და მიუახლებელად ლტოლვილ იქმნა და მიჰმართა ზემო კერძო ქართლისა და არა უგუნურებით გულისჴმისმყოფელმან კაციცა დაუტევა მცუელად ეკლესიისა, რამეთუ ყოვლისავე შუენიერებაჲ რაი განიცადა ეკლესიისა და პალატისაჲ, არა თჳნიერად მოქმედებისა ღმრთისა შერაცხა. ხოლო ვითარცა წარვიდა სულტანი, შემდგომად მისსა მოვიდა მეუღლე სულტანისაჲ შაჰრი-ხათუნ, და შემო-რაჲ-ვიდა შორის ეკლესიისა, საცნაურ უყო ყოველივე დატევებულმან მან ებგურმან სულტანისამან შაჰრი-ხათუნს, ხოლო ვითარცა უწყით ყოველთა გლისპობაჲ დედათაჲ და უკადნიერესად ჴელყოფაჲ ყოველთავე მიმართ მოქმედებათა, ამისთჳსცა უკუე, ურწმუნოებით დაბრმობილმან მან ურწმუნოებად და სიჩქურად შერაცხა ყოველივე სიტყუათა მისთა მეტყუელებაჲ, რამეთუ ჰგონებდა უბადრუკი იგი საუნჯესა დიდძალსა დაფარულსა ნამდჳლვე საუნჯესა მას ფასდაუდებელსა.

ხოლო ვინაჲთგან ესრეთ მეჭუელობდა დრკუ იგი, მოსწრაფებით უბრძანა უბადრუკმან მან განხილვად საუნჯისაჲ მის, ზეცისა ძალთაგან ოდენ მისაახლებელსა, ხოლო სიტყუასავე თანა შემზადნეს კიბენი აღსავალნი განსახილველად და ვითარცა მეცადინეობდეს შესლვისათჳს, ეჰა სასწაული საკჳრველი რამეთუ მყის გარდამოკრთა ცეცხლი სუეტისა მისგან რისხჳსა ღმრთისაჲ, და რაოდენნიცა პოვნა ძირსა მის სუეტისასა ბარბაროზნი, უწყალოდ შეჭამნა უწყალონი იგი და სრულიად განხრწნნა, ხოლო ყოველნი იგი, რომელნიცა იყვნეს სირცხჳლეულნი და კდემულნი, მართლუკუნ-იქცეს, რამეთუ რომელთა იხილეს, შიში და ძრწოლაჲ შეედვა და ლტოლვილ იქმნნეს არღარას მკადრენი შეხებად რაჲსათჳსვე. ხოლო დედაკაცი იგი უკეთური უფროჲსღა განძჳნდა მხილებისა და სინანულისა წილ, ვითარცა ძუჲ ლომი.

ჵ სიმძჳნვარესა უბადრუკისა მის დედაკაცისასა, რამეთუ მყის მოიცვა შურმან უღმრთოებისამან და აღივსო გულისწყრომითა და უბრძანა ცეცხლისა წილ შურისგებაჲ ცეცხლითა. და კუალადცა დაწვისა წილ დაწვაჲ ტაძრისა მის პატიოსნისაჲ და წარწყმედაჲ შუენიერებასა მას მისსა საკჳრველსა, ვინაჲთგან განსახილველისა მისგან სასოებისა სირცხჳლეული ჴუებულ იქმნა.

ხოლო იხილეთ აქაცა ნაცვალისგებაჲ შურისგებითი ღმრთისა საბაოთისაჲ, თუ ვითარ არა ყოვნა სასჯელმან შურისმეძიებელსა მას ზედა ღმრთისა საკჳრველებათასა, რამეთუ მყის მასვე ჟამსა ეწია რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეგარდამო და შემკადრებელსა მას სუეტისა ცხოველისა და ნათლისასა ცეცხლი შეედვა ნაწლევთა, ყოველთავე შინაგანთა მისთა უწყალოდ შემჭამელი, და მყის ლტოლვილმან სპარსეთადვე მგზავრ მსრბოლობასა შინა, შეჰვედრა სული თჳსი მის მიერ სათნოყოფილსა სატანასა, რამეთუ ვერცა სულტანი მოესწრა ცოცხალსა მას უბადრუკსა და სულტანიცა და ლაშქარი მათი ყოველნი ლტოლვილ იქმნეს, ღმრთისა რისხვისაგან მეოტნი, რამეთუ, ვითარ მეცნიერ ვართ, მცირედნიღა განერნეს, რომელნი მიიწინეს თჳსსა ქუეყანასა. ხოლო ნათესავნი ჩუენნი დაშთომილნი სიხარულით ადიდებდეს ღმერთსა და სუეტსა ცხოველსა, რამეთუ ესე ყოველთა მიერ უეჭუელ და საცნაურ არს, რომელ მრავალთა და რიცხუთა და სმენილ არს გალობაჲ, საღმრთოჲთა რაჲთმე სიტკბოებითა შეზავებული ანგელოზთა მიერი უხილავად, და ეკლესიისა გუმბადი - განღებულიცა ხილულ არს.

სასწაული მესამე. რამეთუ ბერი ვინმე იყო მონაზონი, სახელით კოზმან, რომელი-იგი თჳთ მეცა ვიხილე, კაცი ყოვლად ჭეშმარიტი და ყოვლად უზაკუელი. იგი უკუე იტყოდა ჭეშმარიტებით ესრეთ, ვითარმედ ერთგზის უკუე, ვიყავ რაჲ ეკლესიასა შინა, მყის ანაზდაით გრგჳნვაჲ შეიქმნა და ქუეყანაჲ შეიძრა საკჳრველად, რომლისა საშინელებისა და ზარისა მისგან ლტოლვილი, რაოდენ მეძლო, გარე გამოვედ სრბითო. ხოლო ვითარცა გამოვედ, ვიხილე საკჳრველი, რამეთუ ნათლისა სუეტი ცეცხლისსახედ ცადმდე აღწევნული და ეკლესიისა გუმბადი სრულიად განღებული და ეკლესიასა შინა ჩამოდგომილი ვიხილე საშინელი იგი და საზარელი იგი სუეტი. ხოლო ვითარცა ვცან, რომელ არცა ძრვაჲ ყოფილ იყო და არცა რაჲ ვის ყოვლად გრძნობაჲ ჰქონებოდა კაცთაგანსა; მაშინღა უკუე მოვეგე გონებასა და გულიჴქმა-ვყავ ძალი დიდებულებისა ღმრთისაჲ და ჴელთა მიერ აღპყრობილთა ვადიდე ღმერთი და სუეტისა ცხოველისა საკჳრველებაჲ.

სასწაული მეოთხე. კუალად სხუაჲ ბერი იყო, მნათე ამის ეკლესიისაჲ, რომელსა მეორედად უკუე სახედ ეწოდებოდა კეთილი, რომელი-იგიცა ფრიად ჭეშმარიტებისა მეტყუელი იყო და კაცი სარწმუნო, რომელიცა იტყოდა ესრეთ, ვითარმედ, მოწმობითა ღმრთისაჲთა უტყუელსა ვიტყჳ, რამეთუ რიცხჳ ყოვლად არა უწყი, თუ რაოდენგზის ღამით მისრულ არს კართა ზედა ეკლესიისასა რეკისათჳს ჟამსა ლოცვისასა, შიგნით სუეტსა მას გარეშემო საკჳრველითა რაჲთმე სიტყჳთა შეწყობილი გალობაჲ, შემსგავსებული ანგელოზთა, ვითარცა შეჰგავს ნამდჳლვე ანგელოზთასა, მრავალგზის და უფროჲსღა ღამეთა მომისმენიესო, და თჳთ შინა ჩემსა კელინსაცა მასმიესო. და ესე ხოლო არა უკუე მას ოდენ, არამედ და სახეთაგანცა მრავალთა მოსმენილი ვისწავე უკუე, რომელთა მრავალგზის მოესმინა. ესე უკუე ჭეშმარიტი და უტყუელი გჳთქუამს.

სასწაული მეხუთე. ხოლო ერთგზის თჳთ რომელ მე შემემთხჳა, სათანადო უკუე ვგონე იგიცა არა დატევებად თჳნიერ მოჴსენებისა.

ჟამსა მას სიყრმისა ჩემისასა, რაჟამს-იგი ნეტარი მამის ძმაჲ ჩემი სჳმონ, პირველ პატრიარქობასა მისისა, მონასტერსა შინა იყო წმიდისა საბაჲსსა არმაზს, მაშინ უკუე მე კახეთით მოვიდოდე მის წინაშე და ერთი კაცი თანამყუანდა, ცხენისა თანა, ღჳნისა მიერ დატჳრთულისა. ხოლო კაცი იგი იყო ყოვლად საწყალი ადგილისა მათისა, რომელსა ყოვლადვე მდინარე წყალი არა განევლო ოდესცა. ხოლო ჟამი იგი იყო გაზაფხულისა, რომელსა შინა იქმნების მდინარებაჲ წყალთაჲ ფრიადი. და ვითარცა მოვიწიენით სოფელსა მას მახლობელსა არაგჳსასა წიწამურს, შემწუხრებულ იყო ესრეთ, რომელ ყოვლად არღარა ჩნდა, ხოლო ვითარცა პირსა მდინარისასა მოვიწიენით, მივხედენ კაცსა მას და მთოვარისა მიერ ვიხილე, რამეთუ თუალნი დაეწუხნეს და ყოვლად ბრმაჲ მჯდომარე იყო ცხენსა მას ზედა, და ვითარცა ვკითხე მიზეზი, მომიგო ესრეთ, ვითარმედ, რაჟამცა მდინარესა წყალსა ვიხილავ, მყის დაბრუებული ცხენისაგან გარდამოვიჭრები, უსასოქმნილი ცხორებისაგანო.

ხოლო მე, ვითარცა მესმა ესე, ფრიად შეშინებულ ვიქმენ, რამეთუ მდინარე იგი, ვითარცა ზღუაჲ, უფროჲს ზომისა გარდაცემულ და განმდიდრებულ იყო და მდიდროოდა საკჳრველად, გარნა ვინაჲთგან სადა-ვე ყოვლითურთ დგომისაგან უღონო ვიყავ, მოვმართე სასოებითა სუეტისა ცხოველისაჲა, ხოლო წყალსა ამიერით კაცნი მდგომარენი მთოვარისა მიერ მხედვიდენ და რაოდენ შეეძლო, მაყენებდეს ზახილითა ფრიადითა და ესრეთ ჴმა-გუცემდეს, ვითარმედ დღეს მრავალნი და ურიცხუნი მეცადინენი გამოსლვისათჳს უქმად შექცეულ არიან, და რამეთუ ცხორებისაგანცა ჴუებულ იქმნიანო.

ხოლო მე იძულებულმან ვინაჲვე დგომისაგან, ხოლო უფროჲსღა სასოებითა განმტკიცებულმან სუეტისა ცხოველისაჲთა, მოვმართე და ზე გარდასრულმან ცხენისაგან მუჴლნი მოვიდრიკენ და ცრემლით შეუვრდი სუეტსა ცხოველსა და ჯუარსა პატიოსანსა და წყალთა ზედა განვხედენ ნათელსა მთოვარისასა და სადა უკუე რეცა ერთპირად შეიყრებოდა წყალი, ცხენნი უკუე დავაუღლენ ურთიერთას და შთამოვჴედ სასოებითა და მინდობითა სუეტისა ცხოველისაჲთა, სხჳსა ყოვლისაგანვე უღონოქმნილი და არარაჲ უწყი, ჭეშმარიტებამან ღმრთისამან, თუ ვითარ გამოვედ, ესე ოდენ უწყი მხოლოდ, რომელ თუალნი და გონებაჲ ჩემი სუეტისა ცხოველისა და ჯუარისა პატიოსნისა შემსჭუალულ იყვნეს. და არა ვუწყი, ღმერთმან მხოლომან უწყის, თუ ვითარ გამოვედით, რამეთუ ყოვლად ვერარაჲს რაჲ ვაგრძნობდი, ვერცა ცურვასა ცხენთასა, ვერცა რებასა ფრჴივ, არცა დაბრკოლებულ არიან, არცაჲ გამრუდებულ არიან, ესე უწყი რომელ ყოვლად ყოვლისავე ურვისაგან ულმობელნი გამოვედით მშჳდობით და უგრძნობელად რაჲსავე ჭირისა ცნობისაგან, გარნა თუ ვითარ გამოვედით, კუალადცა ვთქუა, არარაჲ უწყი, ღმერთმან უწყის და ესეღა რომელ ცხენნი ესეზომ საწყალნი იყვნეს, რომელ ჴმელადცა დაუბრკოლებელად თითოეულსაცა ნაბიჯსა ზედა ვერ მავალობდიან, ხოლო ვინათთგან ჭეშმარიტისაჲ ჯერ არს თქუმაჲ, ვთქუა მიზეზიცა ულმობელად წიაღმყვანებელისა ჩემისა, რამეთუ ვიდრემდის წყალსა იმერით ვიყავ, ნათელსა მთოვარისასა ვხედევდი, ხოლო წყალსა რაჲ შთამოვჴედ, არღარა მთოვარისასა ვხედევდი, არამედ სხუასა რასმე ნათელსა ვხედევდ, ეკლესიასა ზედა მდგომარესა საკჳრველითა რაჲთმე და უცხოჲთა ბრწყინვალებითა აელვარებულსა ცეცხლისსახითა სხივითა, და ვიდრემდის წყალსა მას მდინარესა შინა ვმოგზაურობდით, ესრეთ იხილვებოდა. ხოლო ვითარცა გამოვედით, იგივე ჩუეულებისაებრი ნათელი მთოვარისავე იხილვებოდა.

ხოლო მე გულისჴმა-ვყავ ძალი ჩუენებისა უცხოჲსა ამის ნათლისაჲ, თუ რომელი იყო მიზეზი ნათლისა მის და ჩუენისა ულმობელად წიაღმყვანებელობისა და რაოდენ ჩემგან ჯერ-იყო შესაბამად ყოვლისა მის კუალადცა მე, გარდასრულმან, დავრდომით თაყუანისმცემელმან, სახიერებაჲ ღმრთისაჲ, სუეტი ცხოველი და ჯუარი პატიოსანი ვადიდე და ყოველნი, რომელთაცა უკუე ესმა, ადიდებდეს ღმერთსა.

ხოლო ამისიცა უკუე სათანადო არს საცნაურყოფაჲ და უფროჲსღა ყოვლისასა, რამეთუ ესე სუეტი წმიდაჲ და ცხოველი მრავალგზის უკუე ხილულ არს მრავალთაგან. გარნა თუ ვითარ სახედ, აჰა ესერა განვაცხადოთ, რამეთუ თჳთ ვითარ სახელ-იდების ყოველთაგან სუეტად ნათლისად და ცხოველისად, ესრეთ მრავალთაგან ხილულ არს და უფროჲსღა დასაბამითგანვე იხილვების, რაჟამს-იგი ძუელ-ოდესმე ისრაიტელთა წინა-უძღოდა, არამედ აწ აქა უფროჲსად სახედ ბერისა კაცისად იხილვების ყოველთაგან, ხოლო თუ რაჲ არს სახისა ამის წარმოჩენაჲ და გამოსახვაჲ, მალისაებრ ჩემისა საცნაურ-ვყოთ და გამოვაცხადოთ სიყუარულისა თქუენისა მომართ, უკუეთუ მისვე სუეტისა წმიდისა ნათელმან განაბრძნვნეს გონებანი ჩუენნი გულისჴმისყოფად, რამეთუ რომელნიცა ჭეშმარიტნი ქრისტიანენი ვართ, ყოველთავე უწყით სამებისა წმიდისაჲ ძალი, რამეთუ მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ დაღაცათუ სამ არს გუამოვნებითა, გარნა უეჭუელად ერთ არს ღმრთეებითა სამნივე იგი, ერთი ღმერთი, ერთი ძლიერებაჲ, ერთი ნათელი, სამი ნათელი, სამივე ესე ერთნათელი ერთითა მით ღმრთეებითა.

ესე სუეტი წმიდაჲ ნათლისაჲ ერთ ნათელად შეერთებული სამებისა წმიდისა სახედ, ერთ ნათლად გამომსახველად შემოკრბების უეჭუელად და სახედ ბერისა კაცისა ხილვაჲ ესრეთ გულისჴმა-ვყოთ, ვითარცა მოასწავებს და საცნაურ-ყოფს წინაჲსწარმეტყუელი დანიელ მეორედ მოსლვისათჳს ძუელისა დღეთაჲსა, ვითარცა მაშინ სამებისა წმიდისა ერთნათელი ძუელი დღეთაჲ მოვალს, ესრეთვე აწ სამებისა წმიდისა ერთნათელი ესე სუეტი ნათლისაჲ, ვითარცა ძუელი დღეთაჲ იხილვების და ეჩუენების მათ, რომელნიცა ღირს არიან ხილვისა მისისა და ვითარ მე ვგონებ, ესე არს ჭეშმარიტი და უეჭუელი გზაჲ საძიებელისაჲ, უკუეთუ არა მაშა რაჲმცა იყო, საყუარელნო, სხუაჲ სუეტისა ცხოველისა ხილვაჲ სახედ მოხუცებულისა, რომელთა მრავალგზის უხილავს, ვითარცა პირველადვე ვთქუ.

ხოლო აწ ესეცა წარმოვაჩინოთ, თუ ვითარ ანუ ვიეთგან განა ოდეს ხილულ არს ესრე სახედ ესე სუეტი წმიდაჲ, რამეთუ იგივე პირველჴსენებულნი ბერნიცა კათალიკოზმან და კეთილი იტყჳდეს მრავალგზის ხილვასა სახედ ძუელისა დღეთაჲსა რომელსამე ჟამსა თავსა სუეტისასა მჯდომარედ და ოდესმე ეკლესიასა შინა მყოფად და სხუასა ჟამსა - სუეტსა წინამჯდომარედ, გარნაჲ უფროჲს ხოლო - სუეტისა თავსა ზედა მჯდომარედ.

რამეთუ დიდი იგი მეფეთა შორის სანატრელი დავით სიტყუასა ყოველსა ზედა უფროჲს ყოველთა კაცთასა მსასოებელი ღმრთისაჲ და მჴურეალედ ტრფიალი ღმრთისმსახურებისაჲ, გარნა უკუე ხოლო ამის სუეტისა ცხოველისა მიმართ მხოლოდ განდრეკილობდა, რეცა გონებით და ესრეთ ორგულებით მეტყუელებდა, ვითარმედ, რაჲ უწყი, თუ რაჲ არს კონქსა ამას შინა ანუ რასა თაყუანის-ვცემთ.

და ესე იქმნა ბირებითა მისითა, რომელი-იგი მბრძოლი არს დაუცხრომელი ნათესავისა ჩუენისაჲ და უფროსღა წმიდათა და ღმრთისმსახუროა კაცთაჲ, ხოლო ერთგზის უკუე ქუემოჲთ კერძოთათ აღმომავალი ესე ღმრთისმოყუარე მეფე შემოვიდა ეკლესიად და თანა-წარჴდა სუეტისა ცხოველისა წინაშე ლოცვისა მითვე დაბრკოლებულითა გონებისა ქონებითა და ვითარცა ეკლესიაჲ მოილოცა, წარვიდა.

ხოლო მას ღამესა მირულებულსა ეჩუენა ესე სახედ, ვითარმცა ამას სუეტსა ზედა ზე თავსა მჯდომარე იყო მოხუცებული ვინმე სახედ ძუელისა დღეთაჲსა და ბრწყინვალებისაგან ნათლისა მის, რომელ შანთნი ცეცხლისანი ჰკრთებოდეს ელვისსახედ, თუალნი კაცობრივნი ვერ შემძლებელ იყვნეს განცდად პირსა მისსა ყოვლადვე, და ვითარ განკჳრვებულ იყო ხილვასა მისსა მეფე შეშინებული, ჴმა-უყო მან ზედაჲათ საშინელებით და ჰრქუა:

- დავით, დავით, არა უწყია, თუ ვინა ვარ აქა შინა, რომელსა-ესე მხედავ? და ესე უწყოდე შენ და ყოველთა, რამეთუ რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ჩემდა მომართ მტკიცე, არაოდეს სირცხჳლეულ იქმნეს და ნუ ურწმუნოებ ჩემდა მომართ ყოვლადვე, რამეთუ რომელნი ურწმუნოებდენ, მიიღონ თავისა თჳსისა სასჯელი.

ხოლო დავითს მეფესა ვითარცა განუკრთა ძილი, შეშინებულ იყო ფრიად და მეყვსეულად აღდგა ცხედრისაგან თჳსისა და აღმჴედრებული ჰუნესა ზედა თჳსსა ღამე ყოველ, მოიწია ცისკრისა ლოცვასა კათოლიკე ეკლესიად. ხოლო ვითარცა იხილა იოანე პატრიაქმან და ყოველთა მცხეთისა მოყუასთა უჟამოჲ იგი და უცხოსა ჟამსა მეფისა მოსლვაჲ, ყოველნი განკჳრდეს და შეძრწუნდეს. მოვიდა უკუე დავით მეფე წინაშე სუეტისა ცხოველისა. დავრდომილი პირსა ზედა თჳსსა ცრემლით იატაკსა დაალტობდა და ითხოვდა მჴურვალედ შენდობასა პირველთა ცთომათათჳს და ურწმუნოებისა. ხოლო იოანე პატრიაქი იკითხვიდა მეფისაგან, თუ რაჲ იხილეო, ხოლო მეფემან მიუთხრა ყოველივე იგი მისდა ჩუენებული ზედამიწევნით და მეფე პატრიაქისა თანა და ყოველი ერი ერთობით ადიდებდეს ღმერთსა და სუეტსა ცხოველსა.

ხოლო შეუდგინო ესეცა, რამეთუ დღეთა მათ პატრიაქობისა ჩუენისათა, რაჟამს ვიკითხე, მას ჟამსა შინა უკუე ვინებე ებისკოპოსთა სხუათაცა კურთხევაჲ, რომელნიცა უკურთხეველად ვჰპოვენ, ხოლო ერთი მათთანა ებისკოპოსი უკურთხებელი იყო რუისისა საყდრისაჲ, ხოლო საყდრისა მის ზრუნვაჲ და საურავი ჴელ-ეყო დედოფალსა ბურდუხანს. ხოლო ვითარცა არს წესი და ჩუეულებაჲ დასაბამითგან ამის კათოლიკე ეკლესიისა, არაჲვე მე ეგრეთ მომიჴდა მის მროვლისა ებისკოპოსისა ტიმოთეს კურთხევაჲ ზამთრისაცა სასტიკებისაგან და დედოფლისაცა იძულებითა, არამედ წინაუკუმო ვყავ, რამეთუ თჳთ თავისა საყდარსა შინა ვაკურთხე დედოფლისაცა ხუაიშნითა და მიზეზითა ზამთრის სიმძჳნვარისაჲთა, რამეთუ წესი და ჩუეულებაჲ ამის კათოლიკე ეკლესიისაჲ ესრეთ ყოფილ არს დასაბამითგან, რაჲთა კურთხევადნი ებისკოპოსნი წინაშე სუეტისა ცხოველისა მოვიდოდიან და აღთქუმასა ჰყოფდინ მრავლისა სარწმუნოებისათჳს და ერთგულებისათჳს კათოლიკე ეკლესიისა და თავისა და სულისა დადებისათჳს, ვიდრე სისხლთა დათხევადმდეცა პატრიაქისათჳს და საღმრთოთა წესთა დაცვისათჳს, და ესრეთღა კურთხევაჲ ამას თავადსა საყდარსა შინა. ხოლო ესე წესი მე უკუე დავჴსენ უმეცრებითა და იმით ზემოწერილითა იძულებითა.

რამეთუ ვითარცა თჳსსა საყდარსა შინა მყის მასვე ჟამსა ღმრთისმოყუარესა ვისმე სარწმუნოსა კაცსა, თავადისა საყდრის შვილსა, ეკლესიისა ქადაგსა მას ღამესა ძილსა შინა ეჩუენა სუეტი ცხოველი სახედ მოხუცებულისა ბერიკაცისა მიუთხრობელითა რაჲთმე ბრწყინვალებითა და ესრეთ ჰრქუა მას, ვითარმედ, აწ რომელი-ესე ყო ნიკოლაოზ ქართლისა კათალიკოზმან, თჳნიერ წესისა და ჩუეულებისა ქმნა ესე კურთხევაჲ, აწ სულგრძელებით თავს-მიც უმეცრებისათჳს თქუენისა და თანა-წარვჴდი კაცთმოყუარებით აწინდელსა ცთომასა, ხოლო კუალად ნუმცაღა ოდენ კადნიერებულ არს, რაჲთამცა ებისკოპოსი, თჳნიერ საყდრისა ჩემისა, გარეთ იკურთხა და დიდებაჲ სახელისა ჩემისაჲ კიდე-განგებულ იქმნა, ანუ ვითარ ჰგონებთ შეურაცხებასა საყდრისა ჩემისასა დუმილით თანაწარჴდასა, ესე უწყოდეთ, რომელ ამიერითგან არღარა ოდეს დავიდუმო და არცა თავს-ვიდვა ყოველთა ამის საქმისა მკადრებელთათჳს.

ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, შეშინებულნი ვადიდებდით ღმერთსა და სუეტსა ცხოველსა.

ესე უკუე, ვითარცა საცნაურმყოფელმან ზღჳსა ვითარებათამან, მცირედნი ვიდრემე წუეთნი აღმოვიღენ რეცა გამომსახველმან პელაგჳნისა ვრცელებისამან და უსაზღვრობისა მქონისა უფსკრულისაგან, რაბამობანი უკუე ვიდრემე სიმდიდრისა მისისანი კნინღა ცუარითა წარმოვაჩინენ, რაჲთა კეთილად მრწმუნებელთა გულსდაუწყუედელად ღუარებრ მოდენითა სამარადისოდ უშურველად ნეკტაროობდეს, ხოლო ურწმუნოთათჳს კაპან-ნაპრალობით კლდე უღაღ ექმნებოდის შემშთუართა სიცხისაგან ურწყულობათასა, რამეთუ საცნაურ უკუე ვიდრემე არს, ვითარმედ ყოველსა სულსა და გონებასა, ურწმუნოების მქონსა, ესევითარი სიყმილი შეემთხუევის, ორკერძოთავე კეთილთაგან მოკლებულსა და ჴუებულსა. აწ უკუე, საყუარელნო, კეთილ ვიდრემე არს და საყუარელ ღმრთისა კრთომაჲ ჯეროვანთა კეთილთათჳს, გარნა არავე უაღჳროდ რაჲ რა კაპანთა შორის შთაგუერდებულთა მრჩობლ ორკერძოვე დაჭირვებაჲ ზღვევის გამომსახველი შეგვემთხჳოს. რამეთუ სილაღჱ უკუე მეცადინთა რაჲსავე მოქმედებათათჳს უეჭუელი უაღჳროებაჲ საცნაურყოფით საბასრობელ-ჰყოფს, ხოლო სასოებით მეძიებელთა ტრფიალების მქონთათჳს ფრიადცა სამადლობელ, ვითარ ვჰგონებ, კეთილ მისათუალველობით ღმრთისა მიერ და ესე ოდენ ვიდრეღა თიხისაგან შენივთებული სხეული გონებისაა ტრფიალებითა სიყუარულით რაჲ მეცადინეობდეს, ეთერთა განმკუეთელობით აღმწუერვალებულობისა ღმრთისადმი სიტკბოებით უკუე განუხუამს წიაღთა წყალობისათა და თანალმობით მოცილეობითა სიყუარულთა მიერ ურცხჳნოებით სახარულევან ჰყოფს სულსა ყოვლად სახიერი იგი და უშურველად მაგემებლობით ზეციერთა კეთილთა შორის სამარადისოსა მკჳდრობასა მიანიჭებს. დიდება სახიერებასა მისსა!

ხოლო მე, უზომოჲსა უკუე სასოებისა მქონებელი, არა განუხილავად ვიდრემე ჴელმყოფვლი ვერ-შეძლებისა კადნიერ ვიქმენ და არცა ვიდრემე შემრეველობით განმხრწნელ ვიქმნები სასოებასა კეთილსა სილაღითა ბოროტებისაჲთა, არამედ უკუე ზეშთა ზომისაცა სასოებამან და ტრფიალებამან სიყუარულისამან აღმძრა კნინ სიტკბოებით ჴელყოფად უნივთოჲთა პეშჳთა რწყვად შუენიერებასა რაბამთა სამოთხეთასა და არა ვიდრემე აქამომდე დაყენებულ ვიქმნე კეთილსაგონებლობით ჯერეთცა ტრფიალებით მეცადინევე უსრულესისა შემმატებლობითა, არამედ კუალადცა მცირედ ვმეტყუელებდე-ვე, ვინაჲთგან უკუე სარგებელსა სიტყჳსა ჩუენისასა აღჳრ-ვასჴნეთ, უსუსურობითა მორბედობისათა.

მოვედით უკუე, კუალადცა შემოკერბით საკრველითა სიყუარულისაჲთა შეერთებულნი ქრისტეს მიერ წოვნილებითა წმიდისა მიჰრონისათა აღზრდილნი ეგე ერნი მორწმუნეთანი და სანოვაგისა მის წმიდისა, უკუდავმყოფელისა სულთა ჩუენთასა გემებისა წილ კნინოდენ რაჲმე ნაცვალვაგოთ ჩუენცა შესხმითა სიტყუათაჲთა მსგავსად ძალისა, რეცა შესანვლებელად სახედ სულნელთა მაშუენებლობით სულთა მაყნოსებელად, რამეთუ რაჲმცა ვინ ღირსი ჯეროვანი ქებისა ისიბრძნისმეტყუელა მეცადინებით ტრფიალმან შესჴმისათჳს სუეტისა ცხოველისა, საუფლოჲსა კუართისა და კათოლიკე ეკლესიისა, რამეთუ რომელი თჳთ თავადისა ღმრთისა ნათლით მფლობელისა მიერ ნათლითა უსაზღვროჲთა, ნათელცისკროვანებით ელვარედ განშუენებულობდეს და რომელი ცეცხლისა მის ღმრთეებისა გუამსა ნათლისა საგრაგნელ ქმნილ იყოს და რომელსა შინა თჳთ იგივე თავადი ღმერთი მარად მკჳდრობდის. რაღამცა ვინ უკუე სხუაჲ შესჴმაჲ მოიპოვა სხეულთაცა უაღრესობის მქონებელობით მზიდველმან სულისამან, ზეშთა გონებისაცა თუ ჰკრთებოდის-ვე, გარნა თუ ვინაჲთგან ძალისაებრსა სიყუარულ ყოფასა ღმრთისა მჭჳრვობლობით მსასოებელთ უკუე კაცთმოყუარისა აღვძრნეთ-ვე ორღანონი და საქანელნი მეტყუელებისანი და უხუებით უკუე წარმოაცენებდინ ნამუშაკევთა გულისათა ენაჲ ბაგეთა შორისობით მადინებელსა მას ნეკტარსა, მაგემებელსა სულ სასმენელთასა მხიარულებით და ვიტყოდით სიტყუათა შესხმითთა ესრეთ:

გიხაროდენ, ჵ კათოლიკე ეკლესიაო, რამეთუ პირველ უკუე შენდა მომართ იყო დაწყებაი სიტყჳსაჲ, ვინაჲთგან პირმშოებაჲ შენ შორის საცნაურ იქმნების მორწმუნეთა ერისაგან, რამეთუ შენ შორის შემმოსელ ვიქმნებით ნათელსა მას ქრისტეს მიერსა და ღმერთი მარადის შენ შორის მკჳდრ არს, ვითარცა იწოდები-ცა საყდარ ღმრთისა და წმიდა წმიდათა, რომელი მხოლოდ ესოდენ უკუე უეჭუელად ყოველთა მიერ კმა არს შესჴმად და ქებად დიდებისა შენისა სანატრელისა, რაჟამს უკუე ღმერთი შენ შორის განსუენებულობდეს, მიმდემო!

გიხაროდენ, ჵ სუეტო წმიდაო, ცხოველო და ცხოველსმყოფელო, რომელი ნათელმან უსაზღვრომან, ნათელმფლობელმან ძემან ღმრთისამან ნათლად ელვისად და სუეტად ცხოველისად აღგმართა, ნათელმყოფელად გულებსა ქართველთა ერისასა, დაბნელებულსა კერპთა საცთურისაგან. ხოლო ურწმუნოთა ცეცხლებრ უწყალოდ შემჭმელად ღირსად მისაგებელად ლტოლვისათჳს წმიდისა ნათლისა შენისა, ჵ სუეტო წმიდაო და ცხოველო!

გიხაროდენ, ჵ კუართო საღმრთოო, ნეტარებით შემცველო გუამსა ცეცხლისა მის ღმრთეებისასა, რომელი ყოველთა შორის ისაკჳრველების შენმიერი ეგე სასწაული, რაჟამს ცეცხლსა მას ღმრთეებისასა მობარდნილ იყავ და შეუხებელად გებული სასოდ და სიმტკიცედ ნათესავისა ჩუენისა, ჰგიე დღეინდელად დღედმდე და ვიდრე უკუნისამდეცა და უეჭუელად მისივე იყო ძალი, უცნაურად დამცველი სიწმიდისა შენისაა, ჵ სამგზის სანატრელო კუართო საღმრთოო!

გიხაროდენ, ჵ ეკლესიაო ღმრთისაო, რომლისა დამფუძნებელმან მან ყოველთამან ღმერთმან საფუძვლად შეუძრველად სიმტკიცისად წმიდანი მოციქულნი დაგისხნა ქუეშე სიტყჳსაებრ საუფლოჲსა, ვითარცა ჰრქუა თავსა მას მოციქულთასა პეტრეს, ვითარმედ: „შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, რომელსა ბჭენი ჯოჯოხეთისანა ვერ ერეოდიანო“ (მათე, 16,18). ხოლო მოწამენი ტაკუკად დაგკიდნა ვითარცა ძუძუნი, რომელთაგან ნეკტარსა სისხლთა მწოვნელნი, ოხჭანსა უკუდავებისასა მიმთხუეულნი, ვმოხარულობთ საუკუნოდ!

გიხაროდენ, ჵ სუეტო ნათელო, რომელი ნათელსა კუართსა ნათლისასა სახედ მზისთუალისა ზეით ჩამოუჭჳრობ, რომელსა შუქნი ელვისანი სხივთა მათ ცეცხლისათა და დაგიმართებიან, რომელნიცა უკუე მრჩობლობით საკჳრველად ჰკრთებიან, ვითარცა რაჲ მარჩბივნი ელვანი ცისკარსა შორის!

გიხაროდენ, ჵ კუართო საბლარდნელო ღმრთისაო, ჴელთაგან კაცობრივთა შეუმზადებელო, რომლისა უზეშთაესოებაჲ ყოველთაგან ზეით ქსოჲსა სახლმან საცნაურ-გჳყო; რომელსა კურთხეული იგი ყოვლადწმიდაჲ დედაჲ ღმრთისაჲ ოდენ მხოლოდ ღირს იქმნებოდა წმიდათა მათ მიერ ჴელთა მსახურებისათჳს შეხებად, რამეთუ შიშით რაჲ და მოწიწებით შთაგმოსის ძესა თჳსსა და ღმერთსა, მრჩობლ ორკერძოჲვე ნეტარებაჲ მოგეცემოდა - მისა და დედისა მისითა ორთავე შეხებისათჳს. ჵ სამგზის სანატრელო კუართო ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესო.

გიხაროდენ, ჵ კათოლიკე ეკლესიაო, ნამდჳლვე შესაკრებელო ყოვლისა კეთილისაო, ვინაჲთგან თავი იგი ყოველთა კეთილთაა და საუნჯეთაჲ, დამბადებელი და ღმერთი ყოველთაჲ შენ შორის მკვდროჲს; ამისთჳს უკუე ითარგმანები შესაკრებელ, რამეთუ ყოველნი მორწმუნენი შენ შორის შევიმოსთ ნათელსა ქრისტესმიერსა და შენ შორის ვითხოვთ გამოჴსნასა ცოდვათაგან და შენ შორისვე იქმნების საუკუნოჲ სამკჳდრებელი ჩუენი შემდგომად დაჴსნისა სხეულთა ამათგან კაცობრივთა სასოებითა კეთილითა, რაჲთა ურცხუენელნი მხიარულებით აღვდგეთ უკუანასკნელსა მას დღესა დიდსა განკითხვისასა.

გიხაროდენ, ჵ სუეტო ცხოველო და წმიდაო, პირველითგანვე შესწავებულო, სასწაულებითა და ნიშმრავლობითა ფერად-ფერადითა განშუენებულო! რაჟამს-იგი ისრაიტელთა ერსა წინა-უძღოდი და უცთომელად ავლინებდი, ვინათცა ენება შენ მიერ დამბადებელსა ყოველთა ნათელთასა და შენ მიერითა საკჳრველთმოქმედებითა იდიდებოდა ღმერთი უდაბნოსა მას ორმეოც წელ დიდისა მოსეს თანადობითა, ღუაწლმრავლობით ებგურქმნილო, შესაწევნელად ერისა ისრაიტელთასა, ხოლო მომსრველად უცხოთესლთა და ამალეკისა!

გიხაროდენ, ჵ კუართო ძისა ღმრთისაო, რომელი საკჳრველებით შემწუელ ექმენ მას, რომელსა ცანი ვერ შემძლებელ არიან დატევნად გარეშემოუწერელობითა შეუსაზღვრებელსა მას ბუნებასა ღმრთეებისასა და შენ საკჳრველებით დაიტიე ნათელცისკროვანი იგი გუამი ღმრთეებისაჲ, რომელი-იგი ელვისსახედ ჰკრთებოდა შენ შორის და მის მიერ გამომკრთალითა ნათლითა ყოველი სოფელი განათლდებოდა უშურველად!

გიხაროდენ, ჵ საყდარო ღმროისაო, რამეთუ შენ შორის შეიერთებიან ზეცისა და ქუეყანისანი, ზენი ქუენთა თანა დამდაბლებითა და ქუენნი ზეთა ამაღლებითა და ძნობით უპირობენ დამბადებელსა მათსა ღმერთსა დაუცხრომელად ნარნარითა მით დიდებისმეტყუელებითა, ვითარმედ: წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა, ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი და დამკჳდრებული შორის საყდრისა დიდებისა მისისასა ქუეყანასა ზედა, რომელი ჰგიეს უკუნითი-უკუნისამდე!

გიხაროდენ, ჵ სუეტო ცხოველო და ცხოველსმყოფელო, რომლისა შორის სულნი წმიდათანი მრავალგზის მოხარულობენ, რამეთუ ხილვითა შენითა ანაყოფებდი უკუდავებისა ცხოვრებასა, რაჟამს ჟამითი-ჟამად ეჩუენებოდი სულებსა წმიდათასა უდაბნოთა შინა და ნაპრალთა კლდისათა - მოღუაწექმნილთა და მოწამეთა ღუაწლმრავლობით განშუენებულთა, რომელნიცა ხილვითა შენითა განმტკიცებულობდეს მიმხედველნი სასოებითა მერმეთა მოსაგებელთაჲთა კეთილმჭჳრობლობით!

გიხაროდენ, მრჩობლნო ნათელნო და მარჩბივნო თუალნო, მზისა უნათლესნო, რომელნიცა მდიდრად უჭჳრობთ ურთიერთას და აკრთობთ ვითარ სახედელვაჲ ეთერსა და მზე ცეცხლსა და ცისკარი მთიებსა, რამეთუ სუეტი უჭჳრობდეს რაჲ ზეით-ჩამო კუართსა და კუართი ქუეით-ამოთ სუეტსა ურთიერთას შესთქრებოდიან მრჩობლნი იგი ნათელნი. ვისნიმცა უკუე არა მოხარულობდეს სულნი სანატრელსა მას სახილავსა, ნამუშაკევსა ღმრთისასა!

გიხაროდენ, ჵ ეკლესიაო წმიდაო, რომელსა შინაგან საშოსა გიპყრიეს ძუძუდ სუეტი წმიდაჲ ნათლისაჲ, მაწოვნებელი არა ვიდრემე სძესა, არამედ მიჰრონსა წმიდასა უკუდავმყოფელსა სულთასა, რომელიცა უშურველად უწყაროებს ნეკტარსა მას უკუდავებისასა მაგემებელსა ყოველთა ქრისტეშემოსილთა ერთა სულებისასა!

გიხაროდენ, ჵ გოდოლო, შემცუვლო ნათელსა მას თუალთშეუდგამსა, რომელი სახედ ალაბასტრისა გჳპყრიეს, რომელსა გიტჳრთავს შინაგან სულნელებაჲ წმიდაჲ და წმიდამყოფელი საყნოსებელი სულებსა წმიდათასა, რამეთუ წინაჲთვე უკუე მოგასწავებდა სანატრელი იგი დედაკაცი, რაჟამს შემმუსრველი ალაბასტრისაა ფერჴთა ვიდრემე უფლისაჲთა მცხებელი ნელსაცხებელისაჲ ღუაწლოოდა, რამეთუ აწინდელი უკუე ესე სახე გექმნების წარმოცემათ წმიდისა მიჰრონისაჲ, დაღაცათუ შენ შეუმუსრველად ჰგიე აწ და უკუნისამდე!

გიხაროდენ, ჵ კუართო საღმრთოო, რომელი მცველად და მფარველად მოენიჭე ნათესავსა ჩუენ ქართველთასა მისა ღმრთისაგან, დამფარველო და შემცველო არა ოდენ ვიდრემე გუამსა ღმრთეებისასა, არამედ უფროჲსღა შიშულოებასა სულთა ჩუენთასა ცოდვისა მიერ. რამეთუ საჴსრად და წინდად ცხოვნებისა ჩუენისა წინაჲსწარვე წარმოგავლინა ყოვლისა სიბრძნით განმგებელმან, რაჲთა კეთილითა მით და სანატრელითა ებგურ-ქმნითა კეთილმმართებელობით იყვანებდე სულთა ჩუენთა გზასა ჭეშმარიტებისასა.

გიხაროდენ, ჵ საყდარო ცათა მობაძავო, რამეთუ მუცელი შენი წმიდაჲ წმიდისასა ყოვლად უაღრესსა და უზეშთაესსა მტჳრთველ არს შუენიერებისა და ყუავილოენებისა აღმკულებითა მის შორის მყოფთა ნათელთაჲთა, რამეთუ რაჟამს სუეტი ცხოველი და კუართი საუფლოჲ ურთიერთას ჰჴდებოდიან კრთომითა სახედ მზისა და მთოვარისა, ხოლო მღდელნი და დიაკონნი ფერად-ფერადსა კრთომასა ნათელთასა და საცნაურ-ჰყოფდენ სახედ ვარსკულავთასა განწმენდილობით მსახურებითა უბიწოჲთა და ქერაბინ-სერაბინებრივთა რაჲ ბაგითა მსხუერპლსა საუფლოსა ზედა ნანარად მგალობელნი მოწიწებით ჭაშნაგირობდენ, რაჲთამცა უკუე შესწორებულობდა არსთაგანი ღირსებასა ნეტარებისა შენისასა, ჵ საყდარო ცათა მობაძავო!

გიხაროდენ, ჵ სუეტო ნათელო, რომელი ძისა ღმრთისა დიდებასა ღმრთეებისასა საკჳრველობით მწამებელ ექმენ, რაჟამს თაბორს ჰკრთებოდე, ნათელთმფლობელსა მას ზედა იესუ ღმერთ-კაცსა მეორედ მოსლვასა მაუწყებლობდა რაჲ, რამეთუ ჭჳრობამან დიდებისა შენისამან თავნი იგი მოციქულთანი ძესა ზედა ღმრთისასა უცხოსახედ მხილველნი რეცა უსულოქმნით მოუთმენლობდეს ზარგანჴდილნი ერთბამად ნათლისაგანცა დიდებისა შენისა და ოხრისაგანცა მოსეს და ელიაჲსასა და კუალად იორდანესცა, რაჟამს წყალთა შინა ცოდვასა კაცთასა დაანთქმიდა, ხოლო ყოველივე დიდვბათ მისვე ღმრთის მიერ იხილვებოდა!

გიხაროდენ, ჵ კუართო გამოუთქმელო ქებათა კაცობრივთა ენათაგან, რამეთუ უკუეთუ მონათა საგრაგნელნი ესრეთ იდიდებიან ვიდრემე, ვითარცა საცნაურ არს აჰრონის შესამოსელთათჳს, მოსეს პირის საბურველისათჳს, ელიაჲს და იოანეს ხალენისათჳს, პეტრეს და პავლეს სუდარ-ვარშამანგებისათჳს. ვინ-მე უკუე შეუძლოს შესხმად დიდებისა შენისა, რომელსა ცანიცა ვერ დაიტევენ, თჳთ ღმერთი იგი, დამბადებელი ყოველთაჲ, შენ შორის სათნოყოფით დატევნულობდა. ჵ სამგზის სანატრელო კუართო საღმრთოო, რამეთუ თჳთ მებრ ესე ოდენ კმა არს შენდა ქებად ღირსებით სახელისდებაჲ ოდენ ღმრთისა კუართობისაჲ შენ შორის, კუართო საღმრთოო და საუფლოო!

გიხაროდენ, ჵ საყდარო ღმრთისა მაღლისაო, რამეთუ აწ ვიდრემე უზეშთაესსა და უსანატრელესსა ქებასა ქებათასა ვიიძულები შესჴმად შენდა, რომელსა ვერარაჲ ესწორების ამას ნეტარებასა! ვაშა უკუე, ვაშა შენსა ქებასა და დიდებასა, რამეთუ ვინაჲთგან საყდარ წოდებითა ღმრთისათა სახე ექმნების უზეშთაესსა მას ყოველთა დაბადებულთასა უვაღრესობით აღმატებულსა ყოველთა ქებათასა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელსა და მარადის კურთხეულსა მარიამს, დედასა ღმრთისასა, რომლისა შორის დატევნულ იქმნა რაჲ უკუე დიდებადა. ვინ შეუძლოს ქებად შენდა, ჵ სამგზის სანატრელო, რამეთუ კმა არს შენდა ქებად და დიდებად მიმსგავსებაჲ მისი, რომლისა მიზეზითა ღმერთი ქუეყანად გარდამოჴდა და ზეცისა და ქუეყანისანი შეგუაერთნა ურთიერთას. ხოლო მგემებელნი სისხლსა და ჴორცსა ძისა მისისასა მის მიერ ვმოხარულობთ უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე!

გიხაროდენ, ჵ სუეტო ნათელო და ნათელსმყოფელო ყოველთა მსასოებელთა შენთაო, რამეთუ შენ შორის ვიდრემე უაღრესისა და უზეშთაესისა ქებისა და ნეტარებისა შესხმასა შევამზადებ ბოლოდ ყოველთა კეთილად - და უოხჭნოდ დასასრულისად, რამეთუ შენცა უკუე მსახეობლობით პატივ-გიპყრობ ყოვლად კურთხეულისა მის დედისა ღმრთისა, რამეთუ ჭეშმარიტად სუეტად ნათლისად მოსწავებულად უწყით წმიდათა წერილთაგან წოდებაჲ შენი, ქუყეანით ზეცად მიწევნულად, ქუეყანით ვიდრემე აღმოცენებულად, ხოლო ზეცას აღმწუერვალებულად, რომელი მის შორის მკჳდრქმნილისა ღმრთისა სამარადისოდ ჰგიეს და ღმერთი მის მიერ ჩუენ შორის. ამისთჳს უკუე რაბამ არს უაღრეს სიტყჳსა ჴსენებაჲ და ქებაჲ შესჴმისა შენისაჲ, სუეტო ნათელო, მსახეებელო ნათლისა უაღრესისა მის სუეტისა სანატრელისა ქალწულისაო!

გიხაროდენთა უკუე მრავალრიცხუედთა და უსაზღვროთა შენ შორისცა ვიდრე-მე ღმრთისმეტყუელებ, ჵ კუართო უსანატრელესო ყოველთა ნეტარებათასა, უკუეთუმცა ყოველნივემცა ღმრთისმეტყუელნი ვინ და რიტორნი და ფილოსოფოსობისა უზეშთაეს მქონებელნი შემოკრიბნა ვინ, რაჲღამცა ვინ შეუძლო ღირსებასა ნეტარებათა და შესჴმათა შენთასა, ვინაჲთგან უკუე მიუწთომელითა ქებისაჲთა მრჩობლთა ღირს იქმნნენ პატივთა, რაჟამს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ სხეულსა შორის მყოფი, შენ მიერ შემცველობდა და კუალად ყოვლადწმიდისა დედისა მისისა ყოვლად კურთხეული იგი და სანატრელნი თითნი ნარნარითა ტკბილ განრჩუნველობითა სურვილით და სიყუარულით მოწლედ მსახურ გექმნებოდეს. ჵ გამოუთქუმელი იგი და საკჳრველი ნეტარებაჲ შენი, საუფლოო და საღმრთოო ნათლისა საგრაგნელო, აელვებით ნათელცისკროვანო კუართო წმიდაო, ძისა ღმრთისა სხეულისა დამფარველო, დასასრულსა უკუე ზოგადსა და ერთობითსა გიხაროდენსა შეგითხზავ, სამნო განუყოფელნო, განყოფილად და განუყოფელად ერთნათელნო და ერთმნათობნო, მსახეებელნო წმიდისა სამებისანო!

გიხაროდენ უკუე, გიხაროდენ! და კუალადცა ვიტყჳ პატივად სამებისაა სახედ რიცხჳსა თქუენისა!

გიხაროდენ, საყდარო წმიდაო, სუეტო ნათელო და კუართო საღმრთოო, ვითარღა უქუე ნეტარ არს და სამგზის სანატრელ ჴსენებაჲ და ქებაჲ სიწმიდისა თქუენისაჲ, უმეტესადღა და უზეშთაეს ამისთჳს, რამეთუ მოსწავებაჲ თქუენი ყოვლითურთსა თანადობასა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა საცნაურ-ჰყოფს საყდარქმნილობით შენ შორის დამკჳდრებითა ღმრთისაჲთა, ეკლესიაო წმიდაო და სუეტად ნათლისად ეთერცისკროვანებით განმანათლებელად ნათესავისა კაცთაჲსა, სუეტო ნათელო და ღმრთეებისა ბუნებისა შემცველობით დამფარველად, კუართო საღმრთოო, გჳდინებდით უკუე მარადის, გჳდინებდით ოქრონეკტარსა და უშურველად წარმოცენებით გჳწყაროებდით მიჰრონსა წმიდასა უკუდავმყოფელად საგებელსა სულისასა და გჳწყაროებდით წმიდა უკუდავმყოფელად საგებელსა საღმრთოსა და მოგუანიჭებდით მადლთა საღმრთოთა უხუებით და შენდობასა ცოდვათასა შეწევნითა მისვე დედისა ღმრთისაჲთა სასოებით ტრფიალთა წყალობისა მისისა მეძიებელთა, რამეთუ ღირს არს მეძიებელი წყალობისა მისისაჲ, ვინაჲთგან უკუე მცნებაჲ არს ძისა მისისაჲ, ვითარმედ, „ირეკდით და განგეღოს, ეძიებდით და ჰპოოთ“ (მათე, 7,7; ლუკა, 11,9).

 

უკუეთუ რაჲ დავაკლოთ ჯერისაებრსა ღირსებასა, ვითარცა ჴორციელებრ სხეულსა შორის განფრდილობის მქონთა, სძლევდინ უკუე წყალობათ და კაცთმოყუარებითი სახიერებაჲ ძისა მისისაჲ უძლურებასა ჩუენსა, ვითარცა იტყვს, ვითარმედ, „რომელმან მოიდრიკოს ქედი მისი ჩემდა, არა გარე-მივაქციო პირი ჩემი მართლუკუნ წყალობითა ჩემითა, არამედ სძლევდინ სახიერებაჲ ჩემი უძლურებასა მისსა“. ამისთჳს უკუე ვითხოვ თქუენმიერსა შეწევნასა თანადობითა ყოვლადწმიდისა და კურთხეულისა დედისა ღმრთისაჲთა, ჵ სამნო სამნათელნო, მსახეებელნო წმიდისა სამებისანო, არამედ უკუე მეტყუელსა სიტყჳსასა კადნიერ-ქმნილობით არა ვიდრემე სილაღით, არამედ მსასოებელსა კეთილთა წადიერებისასა მომტევებელ მექმნენით ჴელყოფისათჳს, რამეთუ თქუენითა მინდობითა ვიწყე სიტყუად და შეკადრებად უმეტესსა ძალისასა, რამეთუ უწყი: კეთილად სრულყოფაჲ ღმრთისა სასოებით ნამეტნავსაცა ძალისაებრსა კეთილსაგონებელობით მეცადინობაჲ ვინაჲთგან ძალი მისი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების (II კორ. 12,9), სიტყჳსაებრ სამოციქულოჲსა, რამეთუ უეჭუელად ნამდჳლვე ყოველთა მსასოებელთა მისსა მიმართთა ყოვლადვე და მარადის ურცხუენელ-ჰყოფს ურცხუენელი იგი ყოველთავე მისა მიმართ მილტოლვილთა სახიერი იგი და კაცთმოყუარე ღმერთი ჩუენი, რომელსაცა ვაქებდეთ, ვაკურთხევდეთ და ვადიდებდეთ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სუეტო ცხოველო, ბრწყინვალეო, ღმრთივაღმართებულო, განანათლე მგალობელნი და მადიდებელნი შენნი.

ჩუენ, მეფეთ შარავანდედმან დავითიან-პანკრატოვანმან კათალიკოზმან პატრიაქმან დომენტი განვაახლეთ ცხორებაჲ ესე სუეტისა ცხოველისაჲ. ღმერთო და წმიდაო ღმრთისმშობელო, შეიწყალე და შეუნდევ ცოდვანი მისნი. სუეტისა ცხოვლისა ვინ გამოსწიროს, წყეულიმც იყოს, ვინ განხრწნას და დაჭრას. ქკს ტჟზ, ქრისტეს აქეთ ჩღთ. შეიწყალე პატრიაქი დომენტი, ამენ, უფალო.