წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი ქალაქ ნიკომიდიაში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულო მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. როცა ნიკომიდიაში ჩასულმა იმპერატორმა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, სხვა ქრისტიანებთან ერთად მოძღვარი ბაბილაც დაასმინეს, რომელიც ბავშვებს მაცხოვრის სიყვარულითა და კეთილმსახურებით ზრდიდა. წმიდა ბაბილამ უღმრთო ხელისუფლების წინაშე ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წამების დროს მარტვილი განუწყვეტლივ შეჰღაღადებდა ღმერთს: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ მე, მხცოვანი და უძლური, განმაჭაბუკე და განმამტკიცე“. ღვთისმოძულეებმა ქვები დაჰკრიბეს უფლის რჩეულს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ამის შემდეგ წმიდანის მოწაფეებიც წარადგინეს იმპერატორთან, მაგრამ ვერც ალერსიანმა შეგონებებმა, ვერც საჩუქრების აღთქმამ ვერ შეარყია ყრმების სარწმუნოება. ორმა მათგანმა, ამონიუსმა და დონატუსმა, მტკიცედ განაცხადა: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და დემონებს მსხვერპლს არ შევწირავთ!“ ბავშვებისგან მოულოდნელი პასუხით გააფთრებულმა თვითმპყრობელმა ბრძანა, ყველანი მოძღვართან ერთად თავების მოკვეთით დაესაჯათ. უკანასკნელ გზაზე მიმავალი ბაბილა გალობით მადლობას სწირავდა უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.