ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და ქარტულარად (საეკლესიო საქმის მწარმოებელი) მსახურობდა. ნეტარის წმიდა ცხოვრება ერთმა უჩვეულო შემთხვევამ გამოააშკარავა. ორი მეგობარი, ვინმე ხუცესი და დიაკონი სოზონტი წაჩხუბდნენ. ხუცესი მოკვდა და დიაკონი ძლიერ წუხდა, რომ მათ შერიგება ვერ მოასწრეს. სინდისის ქენჯნით გატანჯულმა სოზონტმა თავისი ცოდვა ერთ დიდ მეუდაბნოე ბერს გაუმხილა. მოსაგრემ მას წერილი მისცა და უბრძანა, იგი იმისთვის გადაეცა, ვისაც შუაღამისას წმიდა სოფიას ტაძართან შეხვდებოდა. ეს აღმოჩნდა წმიდა ნიკიტა - ქარტულარი. წერილი რომ წაიკითხა, ნეტარი ატირდა - თქვა, ჩემს ძალებს აღმატებულ საქმეს მავალებენ, მაგრამ წმიდა მეუდაბნოის ლოცვით შევეცდები, იგი შევასრულოო. მან მუხლი მოიყარა ტაძრის ბჭეების წინაშე, მხურვალედ ღაღად-ჰყო: „მოწყალების კარი განგვიღე, უფალო“, - და კარები გაიღო. ნიკიტამ დიაკონი ზღურბლზე დატოვა, თვითონ კი ვედრებად დადგა და ლოცვის დროს საკვირველი ნათლით გაბრწყინდა. შემდეგ მათ დატოვეს ეკლესია და კარებიც დაიხურა. ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს რომ მიუახლოვდნენ, წმიდა ნიკიტას ლოცვით მათ წინ ისევ გაიღო ბჭეები, ტაძარი განათდა და საკურთხევლიდან ორ მწკრივად გამოვიდნენ ხუცესები, რომელთა შორის სოზონტმა თავისი გარდაცვლილი მეგობარიც შეიცნო. წმიდა ნიკიტამ ჩუმად წარმოთქვა: „მამაო, გაესაუბრე შენს ძმას და განაქარვეთ ურთიერთშორის მტრობა!“ ასე ახსნა ნეტარმა ცოდვა ცოცხალსაც და მიცვალებულსაც.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.