წმიდა მოწამე სევერიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა. კეთილმსახურებით გამორჩეულ ქრისტიანს განსაკუთრებით უყვარდა მოწამეთა და ქრისტესთვის დევნილთა დახმარება. იგი მხედარი იყო და, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახერხებდა კიდეც ამას. ის ამხნევებდა და მარტვილებრივ ღვაწლში განამტკიცებდა ორმოცი სებასტიელ მოწამეს. უფლის რჩეულების აღსრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ ქრისტეს მხნე აღსარებისა და ქადაგებისათვის თავად სევერიანეც დაასმინეს მმართველ ლისიუსთან. მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღბორგებულმა მთავარმა განკარგულება გასცა, მსწრაფლ მოეგვარათ იგი მისთვის. მარტვილი „სატანჯველთა სიმძაფრესა შინა“ მტკიცედ აღიარებდა ქრისტეს და სიბრძნით ამხელდა უსჯულოთა ცდომილებას. წმიდანის მჭევრმეტყველებამ თვით ლისიუსიც გააკვირვა: „ვგონებდ, სევერიანე, ვითარმედ იყავ შენ კაცი მსოფლიოჲ და წერილთა უსწავლელი, რამეთუ სტრატიოტი იყავ და მარადის განმზადებულ წყობათა მიმართ. არამედ, ვითარ ვხედავ, ფრიად ძლიერი ხარ ენითა და მეტყუელი სიტყვითა რიტორებრითა“, - მიმართა მან სევერიანეს. წმიდანმა უპასუხა: „ღმერთი, რომელსა მე ვმსახურებ, ყოვლისავე შეცვალებად შემძლებელ არს: უკუეთუ მსოფლიოჲ პოოს, ბრძნად შესცვალებს; უკუეთუ მოშიში - ჭაბუკ-ჰყოფს; უკუეთუ ძნიად მეტყუელი და ენამძიმე - ჴმაკეთილად რიტორად და სიტყვაპოვნიერად გამოაჩინებს“, შემდეგ კი ილოცა და განუტევა სული.
წმიდა მარტვილის ცხედარი სებასტიელმა ქრისტიანებმა გალობით წაასვენეს მისსავე მამულში. წმიდა სევერიანეს ნეშტის თაყვანსაცემად მთელი დაბა შეიკრიბა, ამ დროს მკვდრეთით აღდგა წმიდანის ერთი გარდაცვლილი მონა, თაყვანი-სცა თავის უსაყვარლეს ბატონს და კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა ღვთის სადიდებლად და წმიდა სევერიანეს სიწმიდის უტყუარ მოწმედ.
როცა შემოკრებილნი ფიქრობდნენ, სად დაეფლათ წმიდა მოწამე, „მეყსეულად, ვითარცა წარმოგზავნილი რაჲმე, არწივი ზეით შთამოფრინდა“, ლუსკუმაზე დაბრძანებული გვირგვინი აიღო, „მყუდროებით განჰმარტნა ფრთენი“ და წინ წაუძღვა პროცესიას. ტყის მახლობლად, „შუენიერსა ზედა ადგილსა მთისასა“ მან გვირგვინი „შთამოუტევა“. სწორედ აქ მიაბარეს მიწას სევერიანეს ცხედარი. წმიდა საფლავზე მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.