ღირსი იეროთეოსი 1686 წელს დაიბადა საბერძნეთში. იგი ცდილობდა, ღვთაებრივი სიბრძნე მოეძია მეცნიერებებშიც და მონაზვნურ ცხოვრებაშიც. გულისხმიერებითა და გულმოდგინებით გამორჩეული ჭაბუკი ღრმად დაეუფლა რომაულ და ბერძნულ ფილოსოფიას. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან ათონის მთას მიაშურა. თავდაპირველად ერთ განდეგილს დაემოწაფა წმიდა არტემის (ხს. 20 ოქტომბერს) სენაკის მახლობლად, შემდეგ კი ივერთა მონასტრის საძმოში დამკვიდრდა და ბერად აღიკვეცა. მალე იეროთეოსი მონასტრის საქმეებზე კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, შემდეგ ვლახეთში მოხვდა, სადაც, უფლის მითითებით, შეწყვეტილი განათლება განაგრძო. ნეტარმა თავისი ღვთისმოშიშებით სოფიელი მიტროპოლიტის, ავქსენტის კეთილგანწყობა მოიპოვა და დიაკვნად იქნა ხელდასხმული. შემდგომ მან ვენეციაში განაგრძო განათლება, ბოლოს კი კვლავ ათონის წმიდა მთას დაუბრუნდა. იეროთეოსი ივერთა მონასტრის მახლობლად, ჰაგის უდაბნოში დამკვიდრდა. თანამედროვეთა მოწმობით, ღირსი მამა საოცრად მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. ივერთა მონასტრის იღუმენის შუამდგომლობით წმიდანი სავანეში დასასვენებლად ჩასულმა ნეოკესარიელმა მიტროპოლიტმა იაკობმა ხუცესად აკურთხა.
მღვდელმსახურთა გარეშე დარჩენილ კუნძულ სკოპელის მკვიდრთა თხოვნით მოსაგრემ დატოვა განმარტოებული ცხოვრება, ღვთისმსახურებას აღასრულებდა მათ შორის და ბევრს ქადაგებდა.
წმიდა მამამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება და სამ მოწაფესთან ერთად მიაშურა კუნძულ იურას, რომელიც სამუდამო პატიმრობამისჯილი დამნაშავეებით იყო დასახლებული. ღირსმა იეროთეოსმა აქ შეჰვედრა სული უფალს 1745 წელს. მოწაფეებმა ნეტარის ნეშტი კუნძულზე დაკრძალეს, სამი წლის შემდეგ კი მისი პატიოსანი თავი ივერთა მონასტერში გადააბრძანეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.