წმიდა კორნილიოს ასისთავი მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა. ამ დროისათვის იგი წარმართი იყო, მაგრამ „კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ. ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის“ (საქმე; 10,2). უფალმა არ დააგდო ჭეშმარიტების მაძიებელი მისი სული და ქრისტეს სარწმუნოების ნათლით გაანათლა.
ერთხელ, როცა კორნილიოსი საკუთარ სახლში ლოცულობდა, ანგელოზი წარდგა მის წინაშე, ახარა, უფალმა შენი ლოცვა შეისმინაო და უბრძანა, იოპიაში, სვიმონ მეპრატაკესთან გაეგზავნა კაცები სვიმონ-პეტრეს მოსაყვანად. კორნილიოსმა დაუყოვნებლივ შეასრულა ზეციური კურთხევა. როცა მისი წარგზავნილები ქალაქს მიუახლოვდნენ, „ჟამსა მეექუსესა“, პეტრე მოციქული ბანზე ავიდა და ლოცვად დადგა. უეცრად მან იხილა განხმული ციდან გარდამომავალი, ოთხივე კიდით „ზეცით ქუეყანად ზე-დამოკიდებული“ ტილოს მსგავსი ჭურჭელი, „რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი“. ზეგარდმო გაისმა ხმა, რომელიც მოციქულს უბრძანებდა, დაეკლა და ეჭამა ყველაფერი, რასაც ხედავდა. პეტრემ გაიოცა და იუარა, პასუხად კი მიიღო: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს“. ასე განმეორდა სამჯერ (საქმე, 10; 1-16). ამ ხილვით უფალმა თავის მოციქულს წარმართთა შორის ქადაგებისკენ მოუწოდა: ფრინველები და ქვეწარმავლები სწორედ წარმართთა სახე იყო, ტილოს სამგზის „შთამოსვლა“ კი „სამგზის შთაყოფასა მოასწავებდა წყალსა მას შინა ნათლისღებისასა“. მოციქული პეტრე წარმოგზავნილების თანხლებით კორნილიოსთან ჩავიდა. აქ მან შეიტყო, რომ სულიწმიდის მადლით კორნილიოსს ერწმუნა განკაცებული მესია და ახლობლებთან ერთად მონათლა იგი.
ამის შემდეგ წმიდანი თან გაჰყვა პეტრე მოციქულს სახარების საქადაგებლად და მისივე ხელით იკურთხა ეპისკოპოსად. როცა პეტრე წმიდა ტიმოთესა და კორნილიოსთან ერთად ეფესოში ჩავიდა, შეიტყო, რომ სკეფსეოსში განსაკუთრებით ძლიერი იყო კერპთაყვანისმცემლობა. წილი ჰყარეს, თუ ვის ექადაგა ამ ქალაქში. უფალმა კორნილიოსი გამოარჩია.
ქალაქ სკეფსეოსის მთავარი იყო ვინმე დიმიტრი, რომელიც ბერძნულ ფილოსოფიაში იყო განსწავლული, სძულდა ქრისტიანობა და წარმართულ ღვთაებებს, განსაკუთრებით კი აპოლონსა და დიოსს (ზევსს) სცემდა თაყვანს. როცა მან კორნილიოსის ჩამოსვლა შეიტყო, მსწრაფლ მოუწოდა თავისთან და ვინაობა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. ნეტარმა მიუგო: „მონაჲ ვარ ძისა ღმრთისა ცხოველისაჲ და მოვლინებულ ვარ აქა, რაჲთა აღმოგიყვანო შენ სიღრმით და სიბნელით უმეცრებისაჲთ და შეგაერთო ნათელსა ჭეშმარიტსა“. მთავარმა ვერ გაიგო მისი სიტყვების არსი და უბრძანა, გარკვეული პასუხი გაეცა შეკითხვებზე. მაშინ წმიდანმა მოუთხრო, ვინ იყო, როგორ შეუდგა უფალს და განუმარტა: შევიტყვე, რომ შენ და შენი სამთავრო „დიდსა საცთურსა შინა მყოფ ხართ და მოვედ, რაჲთა საცთურისაგან გიჴსნნე“ - ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი ვიქადაგოო. კადნიერმა პასუხმა დიმიტრი განარისხა და კორნილიოსს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეეწირა მსხვერპლი კერპებისთვის.
წარმართულ ტაძარში შეყვანილმა უფლის რჩეულმა აღმოსავლეთისკენ იბრუნა პირი, მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა. უეცრად საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ზევსის ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც ნამსხვრევებად იქცა. მომხდარი სასწაულის მხილველი ხალხი შეძრწუნებამ მოიცვა, მთავრის რისხვას კი რისხვა დაემატა. მან ახლობელ კარისკაცებთან დაიწყო თათბირი იმის შესახებ, თუ როგორ დაეღუპა კორნილიოსი. ხელფეხშებოჭილი წმიდანი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ამასობაში ერთ-ერთმა მსახურმა დიმიტრის აუწყა, რომ მისი მეუღლე ევანთია და ერთადერთი ძე დიმიტრიანე საკერპოს ნანგრევებში მოჰყვნენ. მთავარს ეს რომ ესმა, „დაიპო სამოსელი თჳსი და დიდი გლოვითა შეპყრობილ იქმნა“. აცრემლებულმა ბრძანა, ნანგრევები გაეთხარა და მისი უსაყვარლესი ადამიანების ძვლები ეპოვნათ. მთელი ქალაქი მწუხარებამ მოიცვა, მაგრამ მალე ქურუმთა თავმა ვარვატამ, რომელსაც დაევალა ტაძრის თხრა, სასიხარულო ამბავი ამცნო ყველას - ნანგრევებიდან ევანთიასა და მისი ძის ხმა ისმისო: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ, რომელმან მიჴსნნა ჩუენ მძჳნვარისა ამის განსაცდელისაგან თჳსისა მონისა კორნილიოსის მიერ“. საკვირველი ცნობით გახარებული დიმიტრი საპყრობილისკენ გაეშურა, რომ გაეთავისუფლებინა მისი ცოლ-შვილის მხსნელი, მაგრამ წმიდანი ანგელოზს უკვე დაეხსნა საკვრელთაგან - იგი წიგნით ხელში მიმოდიოდა საკანში და ადიდებდა უფალს. მთავარმა კორნილიოსის წინაშე ქრისტე აღიარა ჭეშმარიტ ღმერთად და სთხოვა, ნანგრევებიდან ამოეყვანა ევანთია და დიმიტრიანე. ამის შემდეგ მთავარმა დიმიტრიმ მთელი სახლეულითა და კარისკაცებითურთ ნათელიღო და სულ მალე ცოლ-შვილითურთ მოწამეობრივი აღსასრულიც ჰპოვა ქრისტესთვის (იხ. 11 სექტემბრის საკითხავი). კორნილიოსი დიდხანს ცხოვრობდა სკეფსეოსში, მრავალი სატანჯველი დაითმინა, ბოლოს კი მთელი ქალაქი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. მისი წმიდა ცხედარი დარღვეული საკერპოს მახლობლად დაკრძალეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.