ჩეხეთის მთავარი, წმიდა მოწამე ლუდმილა მთავარ ბორევოის ცოლი იყო. მეუღლეები მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ (ხს. 6 აპრილს და 11 მაისს). გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ ჭეშმარიტების ნათლით ქვეშევრდომთა გასანათლებლად. მთავარი ბორევოი ადრე, ოცდათექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ლუდმილა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი ძის, ბრატისლავის მმართველობის დროსაც განაგრძობდა ზრუნვას წმიდა ეკლესიაზე. ბრატისლავი დრაგომირაზე იყო დაქორწინებული და მისგან ჰყავდა ძე - ვიაჩესლავი. მამის ოცდაცამეტ წლიანი მმართველობის შემდეგ სწორედ თვრამეტი წლის ვიაჩესლავი ავიდა ტახტზე. დრაგომირამ ისარგებლა შვილის გამოუცდელობით და ქვეყანაში წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელება დაიწყო. წმიდა ლუდმილა წინ აღუდგა ამ უსჯულოებას. დრაგომირას შესძულდა დედამთილი და ცდილობდა, დაეღუპა იგი. ერთხელ, როცა ლუდმილა ქალაქ ტეჩინში იმყოფებოდა, უღმრთო სძალმა ორი ბოიარი გაგზავნა მის მოსაკლავად. როცა წმიდანი ლოცვად იდგა, მკვლელები სასახლეში შეიპარნენ და ნეტარი მხეცურად გამოასალმეს სიცოცხლეს (+927). წმიდა მოწამის, ლუდმილას საფლავთან მრავალი კურნება აღესრულებოდა. მოგვიანებით მთავარმა ვიაჩესლავმა დიდედის ნეშტი პრაღაში გადაასვენა და წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დააბრძანა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.