ღირსნი: ქსანთიპა და პოლიქსენია ღვიძლი დები იყვნენ და ესპანეთში ცხოვრობდნენ მოციქულთა დროს. ქრისტეს მაცხოვნებელი სწავლების შესახებ ნეტარებს პირველად წმიდა პავლესგან ესმათ. ღირსმა ქსანთიპამ მეუღლესთან, პროვოსთან ერთად მიიღო ქრისტიანობა, პოლიქსენია კი წარმართად დარჩა. მისი მშვენიერებით მოხიბლულმა ერთმა მამაკაცმა ძალით წაიყვანა იგი საბერძნეთში. უფალმა წმიდანი უვნებლად დაიცვა. ხომალდზე მან პეტრე მოციქულის ქადაგება მოისმინა და ირწმუნა ქრისტე. საბერძნეთში რომ ჩავიდა, პოლიქსენიამ ქრისტიანებს სთხოვა მფარველობა და დახმარება, მათაც აქაიის ოლქის ქალაქ პატრასში გადამალეს ნეტარი, სადაც მან თავად ანდრია პირველწოდებულის ხელით ნათელიღო. ღირსი დედა შეესწრო მოციქულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, მის წამებასაც დაესწრო და იხილა, თუ როგორი სიმშვიდით ითმენდა სასტიკ სატანჯველებს. ანდრია პირველწოდებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა დედა ესპანეთში დაბრუნდა და აქ დაახლოებით ორმოცი წელი ქადაგებდა. ნეტარს მხარში ედგა და - ქსანთიპაც, რომელიც ხალხმრავალ ქალაქ ტოლედოში ქადაგებდა. ღირსი პოლიქსენია დაახლოებით 109 წელს გავიდა ამსოფლიდან.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.