წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თამვირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. წმიდანს დედა აიძულებდა, გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, „დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ შჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა“. მოციქულთა თავი შებოჭეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა თეკლა ღამით გაიპარა სახლიდან, დილეგის მცველები მოისყიდა და პავლეს საკანში შეაღწია. სამი დღე იჯდა ქალწული წმიდანის ფეხებთან, უსმენდა „ყოვლისა თაფლისა და გოლისა უტკბილეს“ მის სწავლებას და სარწმუნოებაში აღორძინდებოდა. როცა თეკლას გაპარვა შენიშნეს, მშობლებმა ყველგან მსახურები დაგზავნეს მის საძებნელად. ბოლოს ნეტარს საპყრობილეში მიაკვლიეს და ძალით წაიყვანეს შინ.
მთავარმა პავლე „განშოლტვილი განჴადა ქალაქით“. თეკლას კიდევ დიდხანს შეაგონებდნენ, დათანხმებულიყო ქორწინებაზე, მაგრამ ვერც დედის ცრემლებმა და რისხვამ, ვერც მთავრის მუქარამ ვერ შეძლო ზეციური სიძის - უფალ იესო ქრისტეს სიყვარული მიენავლებინა მასში. მაშინ დედამ დაივიწყა ყველაფერი და, გააფთრებულმა, თავად მოსთხოვა მსაჯულს, სიკვდილით დაესაჯა მისი ასული. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილი პირჯვრის გადასახვით უშიშრად ავიდა კოცონზე. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც აკურთხა წმიდანის მომავალი ღვაწლი და მისი სული გამოუთქმელი სიხარულით აღივსო. ცეცხლის ალი მაღლა ავარდა, მაგრამ თეკლას არ შეხებია - რკალად შემოერტყა გარს. უეცრად ცამ იჭექა, სეტყვანარევმა კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. დამფრთხალი ჯალათები დაიფანტნენ, უვნებლად დაცულმა მოწამემ კი დატოვა ქალაქი და ერთი ჭაბუკი ქრისტიანის დახმარებით პავლე მოციქული მოძებნა. წმიდა პავლესა და მის თანამგზავრებს, მათ შორის მოციქულ ბარნაბას, ქალაქის მახლობლად, გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი და მხურვალედ ლოცულობდნენ, რომ უფალს ტანჯვათა შორის განემტკიცებინა თეკლა. წმიდა ქალწულმა ანტიოქიამდე მათთან ერთად იარა. აქ ერთი დიდებული, სახელად ალექსანდრე, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და მისი ხელში ჩაგდება მოისურვა. ჭაბუკი ვნებებს ვერ იოკებდა, „ურცხჳნოდ მოეხუეოდა მას და ესრეთ უბანთა ზედა ჰკოცნიდა“. თეკლა „გარემიაქცევდა მას და განაგდებდა“, ბოლოს კი მოსასხამი ჩამოახია, გვირგვინი მოჰხადა და „განქიქებულყო ყოველთა ზედა“. ალექსანდრემ ვერ აიტანა შერცხვენა და მთავარს მიჰგვარა წმიდანი. მტარვალებმა მას სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. ორჯერ მიუშვეს ნეტარზე დამშეული მხეცები, მაგრამ მათ არაფერი ავნეს წმიდანს. ბოლოს თეკლა ორ ხარზე დააკრეს, შემდეგ გახურებული რკინებით ნადირები გაახელეს, რომ სხვადასხვა მხარეს გაქცეულიყვნენ და ქალწული დაეგლიჯათ, მაგრამ, ღვთის ნებით, ხარები ადგილიდან არ დაიძრნენ, მაგარი ბაწრებიც ობობას ქსელივით გაწყდა და წმიდანს არაფერი დაშავებია. ხალხმა იხუვლა: „ერთ არს ღმერთი თეკლასი, ერთ არს ღმერთი: რომელმან განარინა თეკლა!“ თვითონ მმართველიც მიხვდა, რომ მარტვილს ყოვლადძლიერი ღმერთი მფარველობდა და ბრძანა, ქრისტეს მხევალი გაეთავისუფლებინათ. პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო აქ ღვთის სიტყვის ქადაგებით. თეკლამ ურიცხვი კერპთმსახური მოაქცია ქრისტეს სჯულზე - ეკლესია ღირსად უწოდებს მას მოციქულთასწორს.
თეკლას უფლისგან სასწაულებრივი კურნების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული და ყველას უსასყიდლოდ კურნავდა. ამის გამო წარმართი ქურუმები აღდგნენ მის წინააღმდეგ. უღმრთოები თვლიდნენ, რომ თეკლა „ღვთაება“ არტემიდემ შეიყვარა უბიწოების დაცვისათვის და საკვირველთქმედების ძალაც მისგან ჰქონდა მინიჭებული, ამიტომ „კაცნი ბილწნი ცხორებითა და ჭაბუკნი ჰასაკითა“ მოისყიდეს და გაგზავნეს წმიდანთან, რომ მასზე ძალა ეხმარათ. როცა „ძაღლებრ მრავალი“ უსჯულოები უკვე ძალზე ახლოს იყვნენ, ნეტარმა შემწეობა ითხოვა ღვთისგან. პასუხად ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, თეკლა, რამეთუ მე შენ თანა ვარ!“ კლდე გაიპო, ქრისტეს მხევალი შეიფარა და კვლავ დაიხშო. ასე შეჰვედრა სული უფალს მისმა რჩეულმა (I).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
წმიდა მოციქულები პავლე და ბარნაბა სახარების ქადაგებისას იკონიას [1] მიადგნენ
და ონისიფორეს სახლში დაიდეს ბინა. სწორედ ამ ონისიფორეს ახსენებს წმიდა პავლე
ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში: „მოეცინ უფალმან წყალობაი ონისიფორეს სახლსა, რამეთუ
მრავალგზის მე განმისუენა და ჯაჭვი ესე ჩემი არა სირცხვილ უჩნდა“ [2]. აქ
მოციქულები ხშირად დადიოდნენ სინაგოგაში და უშიშრად ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას,
ცხონების გზაზე აყენებდნენ იქაურებს და იესო ქრისტეს რწმენას უნერგავდნენ. მათი
სწავლა მრავალმა იღო ყურად, ქრისტე უფალი ირწმუნა მათ მიერ აღსრულებული
სასწაულებისა და ნიშების ხილვით. ასეა მოთხრობილი „საქმე მოციქულთაში“: „იყო
იკონიასა შინა მსგავსად წესისა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და სიტყუად ესრეთ,
ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართა მრავალსა სიმრავლესა... მრავალჟამ იქცეოდეს
იგინი განცხადებულად უფლისა მიმართ. რომელი ეწამებოდა მათ სიტყვითა მით მადლისა
მისისაითა და მოსცემდა სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ხელითა მათითა“ [3].
იმ დროს იკონიაში ერთი ქალწული ცხოვრობდა, სახელად თეკლა. დიდებული და წარჩინებული ოჯახიდან იყო. დედამისს თეოკლია ერქვა. თვრამეტი წლის უმშვენიერესი ასული ვინმე თამირზე იყო დაწინდული, ქალაქის ერთ-ერთ წარჩინებულ, სიმდიდრითა და სილამაზით გამორჩეულ ყმაწვილკაცზე. მოციქულების ხელით აღსრულებული სასწაულები თეკლამაც იხილა და ონისიფორეს სახლში ისიც სარკმელთან მჯდარი უსმენდა მათ ქადაგებას. გულისყური მიაპყრო მათ სიტყვას ქალწულმა.
კეთილ მიწაზე დაეცა უფლის სიტყვის თესლი, სული წმიდის მოქმედებით ღრმად გაიდგა ფესვები თეკლას გულში და აღორძინდა: ღვთის ძის რწმენა მიიღო, შეიყვარა უფალი და მთელი სულით მიემსჭვალა. სწორედ ამ დროს პავლე ღვთაებრივი ჩაგონებით ქალწულებასა და კრძალულებაზე ქადაგებდა. სხვათა შორის ისიც ახსენა, რომ თუ ყმაწვილი ქალი ქრისტეს სიყვარულისათვის ქალწულად დარჩება, ანგელოზს დაედარებაო, ქრისტეს ესძლება და უკვდავი სიძეც ზეციურ სასუფეველში შეაბრძანებსო მას. პავლემ იმდენი იქადაგა ამ თემაზე, რომ თეკლა ქალწულების დასამარხად აღძრა. წმიდა ქალწულმა მყისვე საქმროს დატევება არჩია ამაო სოფლის ყველა სიტკბოებას და აღთქმა დადო, სიცოცხლის აღსასრულამდე სიწმიდით ემსახურა ქრისტესთვის. ასე ესძლო ზეციურ სიძეს ბრძენი ქალწული და ცეცხლოვანი სიყვარულით ანთებული შეუდგა მას. უხრწნელ სიძესთან მიახლების სურვილით ცვილივით უდნებოდა გული, თითქოს მასზე ახდაო დავითის ნაგალობები: „იქმნა გული ჩემი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა“. თეკლა ისე გაიტაცა პავლეს ქადაგებამ, რომ სამი დღე-ღამე პირი არაფრისთვის დაუკარებია, აღარც ძილი ახსოვდა, არც სმა-ჭამა. როგორც ოდესღაც მარიამი, რომელიც „დაჯდა ფერხთა თანა იესუისთა და ისმენდა სიტყუათა მისთა“ [5] გონებით ოდენ ღმერთს მიმსჭვალული, ასევე თეკლაც ოდენ ღვთის სიტყვით საზრდოობდა, როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყВთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაი“ [6]. თეოკლიამ ეს ამბავი რომ შეიტყო, განრისხებული მაშინვე ონისიფორესთან მიიჭრა და შვილი ძალით განაშორა სულისსარგო საქმეს, წმიდა მოციქულებს კი კიცხევა-ლანძღვა დაატეხა თავს. ქრისტეს სამწყსოს გამოჰგლიჯა უკვე ქრისტესცხოვრადქმნილი ასული და სახლში წაიყვანა. იქ თეკლას საქმრო, თამირი დაიბარა და გაკიცხა: - ნუთუ აღარ განაღვლებს შენი საცოლე? ვერ ხედავ, რომ ჭკუაზე შეცდა? ნახე, როგორ მოხიბლეს თეკლა იმ მწირმა მატყუარებმა, მაღალფარდოვანი სიტყვებით უგნურ ხალხს რომ ურევენ გონებას! აი, უკვე სამი დღეა მათ არ მოსცილებია, სახლში შემოსვლაც აღარ უნდა.
თამირი სათუთად და ტკბილად მოესიყვარულა თეკლას, მაგრამ ქალწულს არაფრის გაგონება აღარ სურდა, საქმროს ცქერასაც კი ერიდებოდა. გული ხომ უკვე სხვა სიძისათვის მიეძღვნა, რომლის სახე კაცთა მჯობია [7]. მხოლოდ მას ჭვრეტდა სულიერი თვალებით, მას ესაუბრებოდა ფიქრით. ეს ხორციელი საქმრო კი მხოლოდ ზიზღსღა ჰგვრიდა. თამირი მიხვდა, აღარ ვუყვარვარო თეკლას და ძალზე დაღონდა. ბრაზისაგან გონდაკარგულმა თეოკლიამ ფეხქვეშ დაიგდო ასული, ცემდა და თმებს აგლეჯდა გამწარებული. ცემას რომ მორჩა, ოთახში ჩაკეტა შვილი და კარგა ხანს უსმელ-უჭმელი დატოვა. თვითონ კი ბუნებითი დედობრივი სიყვრულით გულდავსებული ჩუმად იგლოვდა ქალიშვილის ბედს. გული რომ მოულბა, გამოიყვანა თეკლა, გულში ჩაიკრა, კოცნიდა და ტირილით ევედრებოდა, ნუ დასტოვებო შენს ლამაზ, მდიდარ, კეთილშობილ და ყველასაგან პატივცემულ საქმროს. თამირი ისევ მოიყვანა და სუფრასთან გვერდით მიუსვა თეკლას. მდუმარედ იჯდა საქმროსადმი ზურგშექცეული ქალწული, თვალები ძირს დაეხარა, საჭმელს პირს არ აკარებდა და გულში სულ თავის ზეციურ სიძეზე ფიქრობდა. თამირმა ალერსიანად მოიზიდა და კოცნა მოუნდომა, თეკლამ იმწამსვე თვალებში შეანერწყვა და ჩიტი რომ მახეს თავს დააღწევს, ისე გამოუძვრა მკლავებიდან. შვილის საქციელმა თეოკლია ისე განარისხა, რომ ქალწულს ეცა და ცემით კინაღამ სული ამოჰხადა. მწარედ დანაღვლებული თამირი კი მოციქულ პავლეზე საჩივლელად მთავარს მიადგა.
- ჩვენს ქალაქში ერთი მწირი გამოჩნდა, - უთხრა თამირმა მთავარს, - თავისი გრძნეულებით ხალხი აცდუნა, ღმერთების თაყვანისცემისაგან მიაქცია და იუდეველებისგან ჯვარცმული ქრისტე არწმუნა. ჩემი საცოლე თეკლაც მან მოხიბლა. უწინდელი სიყვარული სიძულვილად უქცია ქალწულს. ჩემი დანახვაც კი აღარ სურს. კეთროვანივით ვეზიზღები და ისე მერიდება, თითქოს მხეცი ვიყო. აი, ამ ჯადოქარმა ჩაუქრო ჩემდამი სიყვარულის ცეცხლი.
მთავარმა პავლემ დაიბარა და გამოჰკითხა: ვინ ხარ, სადაური და ჩემს ქალაქში რა საქმე გაქვსო? აღაღო პავლემ მოციქულებრივი ბაგენი და ჩვეულებისამებრ ღვთის სიტყვის ქადაგებას მოჰყვა. მთავარმა რატომღაც აღარ მოისურვა ამ საქმის განხილვა და სამსჯავრო სხვა დროისათვის გადადო. ბორკილასხმული პავლე კი დილეგში ჩააგდებინა - იქ იყოს, სანამ მისი უფრო წვრილად დაკითხვის დრო არ მომეცემაო. თეკლამ რომ შეიტყო, პავლე ჩემი გულისათვის დაატყვევესო, ღამით ჩუმად გაიპარა სახლიდან და საპყრობილეში მივიდა. მცველს ოქროს სამკაულები შესთავაზა, ოღონდაც მოციქულთან შემიშვიო, აი, რას გვიამბობს წმიდა იოანე ოქროპირი: „ისმინე, რას მოგითხრობ წმიდა თეკლაზე: პავლე რომ მოენახულებინა, მცველს თავისი ოქროული მისცა, შენ კი ერთი ცატის8 გაღებაც არ გსურს, ქრისტე რომ იხილო“ [9]. საპყრობილის მცველმა სიხარულით აიღო ძვირფასეულობა და ქალწულს წმიდა პავლესთან შეუძღვა. მოციქულის დანახვაზე თეკლას სიხარულის ცრემლები წასკდა, ქრისტესთვის პყრობილის წინაშე მუხლი მოიყარა და ბორკილებზე ეამბორა. წმიდა პავლეს ჯერ ეჩოთირა ქალწულის დანახვა, მაგრამ როცა თეკლამ უამბო, თუ რა დაითმინა დედისა და საქმროსაგან ქალწულების დასამარხად აღძრულმა, დიდი სიხარულით განიხარა. სიმამაცე შეუქო ყმაწვილქალს, თავზე ეამბორა და აკურთხა, ქრისტეს სასძლო ხარო, - უთხრა, - და ჩემი პირველი ასული, რომელიც სახარების მიერ მეორედ გშობეო. დიდხანს დარჩა თეკლა საპყრობილეში. ქალი მამას რომ მიუჯდება ფერხთით და ყურს დაუგდებს, ისე მოკალათდა პავლეს გვერდით, მის მამობრივ დამოძღვრას უსმენდა და გულში ინახავდა, როგორც „მარგალიტსა მრავალსასყიდლისასა“. მოციქულიც დაუზარებლად განსწავლიდა ქრისტეს რწმენაში, ღვთის სიყვარულში წურთიდა, კეთილკრძალულების დაცვას შეაგონებდა. ასე განამტკიცა თეკლა ქრისტეს სწავლებაში. ამას წმიდა გრიგოლ ნოსელიც [10] მოგვითხრობს: „კეთილკრძალულების თეთრი შროშანით შემკული მირონი (ე. ი. სწავლება) ასხურა მოციქულმა ოდესღაც წმიდა ქალწულის ყურთ. გულის შროშანიდან გადმოღვრილი წვეთებით თეკლამ თავში გარეგანი კაცი მოაკვდინა - ყველა ამაო ზრახვა და გულისთქმა ჩააქრო“.
ამასვე მოწმობს წმიდა ეპიფანეც [11]: „თეკლას საქმრო ჰყავდა: ლამაზი, ქალაქში პირველი კაცი, საკმაოდ შეძლებული, პატივცემული და ჩინებული, მაგრამ მან პავლე მოიპოვა და მისმა სიტყვებმა მიატოვებინა დაწინდული საქმრო. ასე უარყო წმიდანმა ყველა მიწიერი სიკეთე ზეციურის მოსაპოვებლად“.
ამასობაში თეოკლიას სახლში თეკლას დაუწყეს ძებნა. ვერსად რომ ვერ იპოვეს, იწყეს ყვირილი და მოთქმა-გოდება. დედა შვილს ტიროდა, თამირი - საცოლეს, მონები - ქალბატონს. ხან აქეთ ეცნენ მსახურები, ხან იქით, ყველგან კითხულობდნენ თეკლას: ქუჩებში, სახლებში, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მიაკვლიეს, რომ საპყრობილეში იმყოფებოდა. მაშინვე გაეშურნენ მის მოსყვანად. საკანში რომ შევიდნენ, პავლეს ფეხებთან მჯდარი ნახეს თეკლა, თითქოს იმ ადგილს მიმსჭვალვოდა ქალწული და სულგანაბული უსმენდა მოციქულის დამოძღვრას. მაშინვე ხელი სტაცეს ასულს და სახლში წაიყვანეს, მომხდარი კი მყისვე მთავარს აცნობეს. მან მაშინვე სამსჯავრო გამართა და პავლეს მოყვანება ბრძანა. მოციქულის გამოჩენაზე ხალხმა იხუვლა:
- მთავარო, ეს კაცი მოგვია, სიკვდილით დასაჯე!
სასიკვდილო განაჩენს ყველაზე გააფთრებით თამირი ითხოვდა. ჩიოდა, პავლემ საცოლესთან დამაშორაო. მაშინ თეკლას უხმეს და ჰკითხეს:
- რად მოიძაგე ასე მშვენიერი და კეთილშობილი საქმრო? რად აღარ გსურს დაქორწინდე?
ქალწული უხმოდ უცქერდა პავლეს და პასუხს არ იძლეოდა. მაშინ კი დაკარგა თავი თეოკლიამ, ბუნებითი დედობრივი სიყვარულიც დაივიწყა, ძუ ლომივით გამძვინვარდა, გააფთრებულ დედა დათვს დაემსგავსა და გამხეცებულმა შეჰყვირა მთავარს:
- დაწვი ეს ბოროტი მხევალი, სიკვდილის ღირსი! ეს აღარაა ჩემი ასული, არაფერი ესმის ჩემი. სხვების სამაგალითოდ დააწვევინე! დაე, მთელი ქალაქის ასულებს შიში მოჰგვაროს ასეთი სასჯელის ხილვამ, ისე აღარ აღუდგნენ წინ დედების ნებას, როგორც ეს ბოროტი და ურჩი მოიქცა. არა, ეს ჩემი ნაშობი არაა, არაა ჩემი მუცლის ნაყოფი, წყეული შტო და ხმელი მორჩია. დაწვი იგი!
ასე დაჟინებით ითხოვდა დედა შვილის დაწვას, თამირი კი - პავლეს დასჯას. მთავარი დიდხანს იძიებდა წმიდა მოციქულის საქმეს, მაგრამ ბრალი ვერაფერი უპოვა ქრისტეს ქადაგების გარდა. სიკვდილით აღარ დასაჯა, მხოლოდ გააშოლტინა და ქალაქიდან გააძევა, რათა სხვა ქალწულებიც არ დაერწმუნებინა უქორწინებლობაში. პავლესთან ერთად ბარნაბაც გააგდეს და ონისიფორეც გააძევეს ვაჟიშვილებიანად. პავლე თავადაც ილტვოდა ამ ქალაქიდან, რადგან მთავრის, თეოკლიასა და თამირის გარდა მას ურწმუნო ხალხიც სდევნიდა ქრისტეს მოწმობისათვის. ამას ახსენებს წმიდა ლუკა „საქმე მოციქულთაში“: „ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინნეს და განაბოტნეს სულნი წარმართთანი ძმათა ზედა... მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისაი და რომელნიმე იყვნეს ჰურიათა თანა და რომელნიმე მოციქულთა თანა. და ვითარ შეითქუნეს ჰურიანი და წარმართნი მთავრებით მათითურთ ზედა მისლვად და გინებად და ქვისა დაკრებად მათდა, განეშორნეს და მიივლტოდეს ქალაქებსა ლუკაონიისასა - ლუსტრად და დერბედ და გარემო სოფლებსა“ [12] და იქიდან ანტიოქიას. თავიდან რამდენიმე დღე დაფნის [13] გზაზე მდებარე გამოქვაბულში დაჰყვეს იკონიის მახლობლად, თეკლას ამბავი სურდათ შეეტყოთ. მარხულობდნენ და გულითადად ლოცულობდნენ, რათა უფალს განემტკიცებინა ქალწული და წყალობა მიენიჭებინა. ასეც მოხდა:
დიდხანს ცდილობდა მთავარი, თეკლა საქმროსთან დაბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ თეოკლიას დაჟინებული მოთხოვნით ცეცხლში დაწვა მიუსაჯა ქალწულს. ხმელი შეშა, თივა და ფიჩხი მოზიდეს და დიდი კოცონი გააჩაღეს. მსახურებმა ხელი წაავლეს თეკლას და კოცონისაკენ წაყვანა დაუპირეს. მარტვილმა ხელი გააშვებინა, სწრაფი ნაბიჯით თავად გაემართა ცეცხლისაკენ, პირჯვარი გადაიწერა, ავიდა და კოცონის თავზე დადგა სასიკვდილოდ განმზადებული. ნივთიერი ცეცხლის შიში გაუქრა, რადგან თავად ღვთაებრივი სიყვარულის არანივთიერი ალი სწვავდა. ჯიქურ მომზირალს უფალი გამოეცხადა პავლეს სახით და უბრძანა, მტკიცედ იდექიო. ამიტომ ამბობს წმიდა კიპრიანე ლოცვისას: „გამოგვეცხადე, ვითარცა პავლეს პყრობილებაში, და ვითარცა თეკლას - ცეცხლში“ [14].
ამასობაში ცეცხლს შეუკეთეს და კოცონიც აბრიალდა. მაგრამ ყველას გასაკვირად ალი მაღლა აიჭრა და თეკლას გარს შემოერტყა. კიდევ მეტად გაოცდნენ, როცა უეცრად იჭექა და თავსხმა წვიმა წამოვიდა. კოცონი ჩაქრა. მთავარი მაცქერალ ხალხთან ერთად მსწრაფლ გაშორდა იქაურობას. ყველამ სახლებს შეაფარა თავი, ისე დაზაფრა ჭექა-ქუხილმა. თეკლა ძირს ჩამოვიდა. ცეცხლს ოდნავაც არაფერი ევნო მისთვის. დედამისის სახლში აღარც მიბრუნებულა, იკონიაშიც აღარ დაუხანებია, ქალაქს გასცილდა და თავისი სულიერი მამის - პავლეს საძებნელად გაეშურა. გზად პავლეს ერთი მოწაფე შემოხვდა, ონისიფორეს სახლში რომ ჰყავდა ნანახი, ქალაქისაკენ მიდიოდა პურის საშოვნელად. წმიდა ქალწულმა შეიცნო და ჰკითხა:
- სად იმყოფება იესო ქრისტეს მოციქული პავლე?
მოწაფემ თეკლა გამოქვაბულში მიიყვანა, სადაც პავლე და მასთან ერთად მყოფნი მარხვასა და ლოცვას ეძლეოდნენ წმიდა ქალწულისათვის. მთელი და უვნებელი თეკლა რომ დაინახეს, დიდი სიხარულით განიხარეს, თვალნი და ხელნი ზეცად აღაპყრეს და ღმერთს მადლი უძღვნეს თავისი მხევლის გადარჩენისათვის. თეკლას პური აჭამეს და თავადაც მცირედ წაიხემსეს. აქედან პავლემ და ბარნაბამ ლუსტრა და დერბე გაიარეს, სახარებას ქადაგებდნენ და სნეულებს განკურნებდნენ. თეკლა მათ ანტიოქიამდე გაჰყვა. ამ ქალაქს რომ მიადგნენ, გზად შემთხვევით ქალაქის თავი - ალექსანდრე შემოეყარათ. როგორც ჩვეულებრივ წარმართები, ისიც გულისთქმებს აყოლილი, უსჯულო საქმეებს მიცემული ჭაბუკი იყო. წმიდა ქალწულს თვალი რომ შეავლო, მოიხიბლა და უწმინდური გულისთქმით აღივსო. იფიქრა, თეკლა პავლეს ცოლიაო და მოციქულს ბევრი ოქრო შეაძლია, ამ საქმეში ხელს ნუ შემიშლიო. როცა შეიტყო, უქორწინებელი ქალწულიაო, ვნება უფრო მოემატა და თეკლას ცოლად შერთვა მოინდომა. ქალწულს არწმუნებდა, შემიყვარეო, მაგრამ თეკლა ისე ილტვოდა მისგან, „ვითარცა ლომისაგან მყვირალისა, რომელიც მიმოვალს და ეძიებს შთანთქმად“. ალექსანდრე მცდელობას არ აკლებდა თეკლას გულის მოსანადირებლად. ერთხელ, გზად მიმავალ ხალხში თეკლა დაინახა, ვეღარ შეიკავა ცეცხლმოდებული გული, თავი დაკარგა, სირცხვილიც დაივიწყა, ქალწულს ხელი სტაცა და ყელზე მოეხვია. წმიდანი ცრემლებით შესთხოვდა გონდაკარგულ ჭაბუკს:
- ნუ მაიძულებ, მწირი ვარ, ნუ მაძულებ, მხევალი ვარ ღვთისა. საქმრო მიმიტოვებია უფლისათვის. შემიძლია კი შენს სურვილს დავყვე?
ამის თქმა იყო და ხელიდან გამოეცალა ჭაბუკს, ტანსაცმელი შემოახია და ყველას თვალწინ სირცხვილი აჭამა. ქალაქის თავი რისხვამ აღავსო, თან მისი ქრისტიანობაც შეიტყო და მსწრაფლ მთავარს მიჰგვარა. როცა ქალწულს ჰკითხეს, ქორწინებას რატომ უარობო, უპასუხა:
- ჩემი სასიძო ქრისტეა - ძე ღვთისა. მასთან ვარ შეუღლებული სულიერი კავშირით.
მთავარი აიძულებდა, ქრისტეს განეშორე და გათხოვდიო. მტკიცე უარი რომ მიიღო, განაჩენი გამოუტანა - ქალწული მხეცებს დააჭმევინეთო. ორი ბრალი ედებოდა თეკლას: კეთილმსახურება და კეთილკრძალულება - ქრისტე რომ სწამდა და ქორწინებას რომ უარობდა ასე ყმაწვილი და ლამაზი ქალწული. სასჯელი დილამდე გადაიდო, მანამ კი თეკლა ერთმა ქალმა, ტრუფენამ წაიყვანა სახლში. ტრუფენა მეფის ჩამომავალი იყო და ქალაქში დიდი პატივით სარგებლობდა. შემდგომში მანაც ირწმუნა ქრისტე. სწორედ მას ახსენებს წმიდა პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „კითხვაი არქუთ ტროფენას და ტროფოსას“ [15].
მთელი ღამე სულიერ საუბარში გაატარეს ტრუფენამ და თეკლამ. დილა გათენდა. სანახაობას უამრავი ხალხი მოაწყდა. მთავარიც მოვიდა ხელქვეითებთან ერთად. დასაკლავი ცხვარივით გამოიყვანეს წმიდა თეკლა და მხეცების დასაგლეჯად დააყენეს. მიუშვეს მხეცები, მაგრამ მათ ოდენ წრე დაარტყეს მარტვილს, არ კი მიეკარნენ. როგორც ოდესღაც დანიელის თხრილში, ახლაც ღმერთმა აუკრა მათ პირი. ამ საკვირველებამ გააოცა მაყურებლები: სისხლისმსმელ ნადირებს სიშმაგე დაეტევებინათ და ცხვრებს მიმსგავსებოდნენ სიმშვიდით. ზოგი თეკლას ღმერთს ადიდებდა, სხვები კი გმობდნენ და ამბობდნენ:
- ჯადო აქვს სამოსში და მხეცებიც ამად არ ეკარებიანო.
მთავარსა და მის ხელქვეითებსაც იგივე დაეჟინებინათ: ჯადოქა¬რია და მხეცები მოაჯადოვაო. გადაწყვიტეს, მეორე დღეს უფრო მრავალრიცხოვანი და შიმშილით გამძვინვარებული ნადირები მოესხათ. თეკლა კი ისევ ტრუფენასთან დააბრუნეს. სასჯელის ადგილიდან უვნებლად დაბრუნებული თეკლას დანახვამ ძალზე გაახარა ტრუფენა.
მთელი ღამე აშიმშილა მთავარმა მხეცები, რათა მოშიებულებს მალევე დაეგლიჯათ ქალწული. და აი, მეორე დღეს წმიდანი ისევ სასჯელის აღსრულების ადგილზე მიიყვანეს. მოტირალი ტრუფენა უკან მიჰყვებოდა, ასეთი წმიდა ქალწულის უდანაშაულოდ მოკვდინებას დარდობდა. თეკლა შემაღლებულზე დააყენეს. უსირცხვილო მთავარმა ქალწულის გაშიშვლება ბრძანა.
- სამოსში ჯადო აქვს, - თქვა მან, - ამიტომაც არ ეკარებიან მხეცები. გააშიშვლეთ და ვნახოთ, თუ გადარჩება.
თეკლას
სამოსი შემოაძარცვეს და ხალხის თვალწინ დაყენეს. სირცხვილიღა ფარავდა კდემამოსილ
ქალწულს, დავითის სიტყვებს იმეორებდა: „სირცხვილმან პირისა ჩემისამან დამფარა მე“
[16]. გამოუშვეს შიმშილისაგან გააფთრებული ლომები და დათვები. გალიიდან გამოსულმა
მხეცებმა შიშველი ქალწულის დანახვაზე თავები მიწამდე დაუშვეს, თვალები ძირს
დახარეს, თითქოს ქალწულებრივი სიშიშვლის ცქერა სცხვენიათო და უკან დაიხიეს. საოცარი
სანახაობა იყო! მხეცებს შერცხვათ - თვალს ვერ უსწორებდნენ ტიტველ ქალწულს, კაცნი კი
უნამუსოდ შესცქეროდნენ. ამ სანახაობაზე უტყვი ცხოველები კაცთა მამხილებლად და
განმსჯელებად იქცნენ. ბუნებით სისხლისმსმელნი კეთილგონიერ ადამიანებს ემსგავსნენ,
გონიერი ადამიანები კი - ველურ მხეცებს. მიაღწიეს კი რაიმეს ამით? კდემამოსილი
ქალწული ყველას თვალწინ გააშიშვლეს, რათა უპატიო-ექმნათ, მაგრამ ამით უფრო გაზარდეს
მისი პატივი. აი, რას ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, როცა ორი ქალის გაშიშვლებაზე
გვესაუბრება - პენტეფრის ცოლზე და თეკლაზე: „რა სარგებელი მიიღო ვნებითაღძრულმა
ეგვიპტელმა ქალმა, საწოლში რომ გაიხადა ტანთ? რა ევნო პირველმოწამე თეკლას, მთელი
ქალაქის თვალწინ რომ გააშიშვლეს? სამოსშემოძარცვულ თეკლას არ შეუცოდავს, არც
უსჯულოებით აღვსებულა ეგვიპტელის მსგავსად. პირიქით, ამაღლდა კიდეც, როგორც
წმიდანი. გვირგვინოსან-იქმნა მისი მრავალთვალშევლებული სიშიშვლე, ბილწი ქალის
მიჩუმათებული გატიტვლება კი - სარცხვენელი“ [17].
გაშიშვლებულ წმიდანს ერთი ძუ ლომი მიუახლოვდა, ძირს გაუწვა და ფეხები აულოკა,
თითქოს პატივს მიაგებსო მის ქალწულებრივ კრძალულებას. ამას ახსენებს წმიდა ამბროსი
[18}: „შეგეძლოთ გეხილათ მხეცი, მიწაზე გართხმული ფეხებს რომ ულოკავდა წმიდანს,
უტყვად ამოწმებდა ამით, რომ ქალწულებრივ სხეულს ზიანს არ მიაყენებდა. მას დაეგო
ნადირი, ვინც შესაჭმელად მიუგდეს, ბუნებითი თვისებანი დაივიწყა და კაცთ რომ
დაკარგეს, ის ზნე შეითვისა“.
ხალხმა იხილა, რომ მხეცებმა წმიდა ქალწულის შეხებაც ვერ გაბედეს და ყვირილი მორთო:
- დიდია ღმერთი, რომელსაც თეკლა აღიარებს!
მტარვალმა ღვთიური ძალა მაინც ვერ შეიცნო და ახლა სხვაგვარად განიზრახა თეკლას მოკვდინება. ღრმა ორმო ამოათხრევინა, სხვადასხვაგვარი ქვეწარმავლით: გველებითა და იქედნეებით აავსებინა და ბრძანა, წმიდანი შიგ ჩაეგდოთ. მაგრამ მან, ვინაც პირი აუკრა მანამდე ლომებს, აწ გველთა ორკაპი ენა მოაჩლუნგა, მძვინვარება შეუშთო და გესლი გაუნადგურა. ყველასდაგასაოცრად ორმოდანაც საღსალამათი ამოვიდა მარტვილი. დიდხანს საგონებელში იყო ბოროტი მტარვალი, არ იცოდა, რაღა ეღონა, ბოლოს ორი ძლიერი ხარი მოაყვანინა, მათ შორის ფეხებით გააბმევინა თეკლა და ბრძანა, ხარები გავარვარებული წნელებით დაეჩხვლიტათ, რათა სხვადასხვა მხარეს გაქცეულიყვნენ და მარტვილი შუაზე გაეგლიჯათ. მაგრამ ამ სატანჯველითაც ვერაფერი ავნეს თეკლას, ის მაგარი თოკები, რომლებითაც ხარებზე მიაბეს, ობობას ქსელივით დაწყდა. ხარები აქეთ-იქით გაქანდნენ, წმიდანი კი იმავე ადგილას დარჩა მრთელი და უვნებელი. გაოგნებულმა მთავარმა მაშინ კი აღიარა, ქალწულში ღვთის ძალა მოქმედებსო. მოიხმო და ჰკითხა:
- ვინა ხარ? ასეთი რა ძალა გაქვს, ვერაფერმა რომ ვერ გავნო?
მან კი მიუგო:
- მხევალი ვარ ღვთისა ცხოველისა!
ამის მეტი არაფერი უთქვამს. მთავარს თეკლას მფარველი ღმერთის შეეშინდა, ბრძანა, პატივით შეემოსათ და გაეშვათ. თან დაადგინა: “თავისუფლებას ვანიჭებ ღვთის მხევალ თეკლას“.
წმიდანი ტრუფენას სახლში მივიდა. რა სიხარული ეწვია მთელს სახლეულს, თეკლას მშვიდობით გამოშვება რომ შეიტყვეს. ქალწულმა მცირე ხანი დაჰყო აქ, ღვთის სიტყვას ქადაგებდა და ქრისტეს რწმენაში მოძღვრიდა იქაურებს. თავისი სულიერი მამისა და მოძღვრის, პავლეს ნახვას მოწყურებულმა ბოლოს მაინც მოძებნა იგი, სურდა თან გაჰყოლოდა, მაგრამ მოციქულმა არ დაანება:
- საბრძოლველად სასძლოსთან ერთად არ მიდიანო.
თეკლამ მოციქულისაგან სელევკიაში [19] გადასვლის კურთხევა მიიღო. იქ სელევკიის მახლობელ უდაბნოში ერთ მთაზე დასახლდა. მარხვაში, ლოცვასა და ღვთისზრახვაში მოღვაწეობდა, უამრავ სასწაულს აღასრულებდა და ყოველგვარ სნეულებას კურნავდა. გარშემო მაცხოვრებლებს სნეულები მოჰყავდათ მასთან. თეკლა უფლის რწმენას უნერგავდა და კურნავდა. ერთხელ თეკლას საცხოვრებლის შორიახლოს წარმართმა ქურუმმა ჩაიარა ცხენით. თეკლა საზრდოდ ბალახს აგროვებდა. ქურუმი მისი მშვენებით მოიხიბლა და ბილწი გულისთქმით აღივსო. ცხენს დეზი ჰკრა და ქალწულისკენ გაექანა, თავისი ბოროტი გულისწადილი რომ აესრულებინა. ღვთის ძალით შეჭურვილმა წმიდანმა მსწრაფლ დაიჭირა მხედარი და ისე ძლიერად დასცა ქვე, რომ ქურუმი სამი დღე უგონოდ ეგდო. გამვლელ-გამომვლელნი მიწაზე მკვდარივით გაშხლართულ ქურუმს გაოცებით უცქერდნენ, ვერაფერი გაეგოთ, რა დამართნოდა. მესამე დღეს ამ ამბავმა ქალაქამდე მიაღწია. უამრავი ხალხი მოგროვდა. ქურუმი გონს მოეგო, ფეხზე დადგა და თქვა:
- ერთი ქალღმერთი ვიხილე და მან დამცა ძირსო.
ტკივილებით გათანგულმა სახლამდე ძლივს მიაღწია. მხატვარი მოიწვია და ყმაწვილი ქალი დაახატვინა. ღვთის განგებულებით მხატვარმა ნახატი წმიდა თეკლას მიამსგავსა, გამოსახულება ძალზე ცოცხალი გამოვიდა. დასრულებული ნახატი მხატვარმა დამკვეთს მიართქვა. ქურუმმა ასეთი მსგავსება რომ იხილა, წამოიძახა:
- აი, სწორედ ასეთი ქალწული ვიხილე!
ხატი აიღო, ემთხვია და მყისვე სრულიად განიკურნა. ამის შემდეგ პატივით შეინახა სახლში წმიდანის გამოსახულება. წმიდა ქალწულის ქადაგებით შემდგომში მან ქრისტე ირწმუნა თავის სახლეულთან ერთად. დიდი ხანი დაჰყო იმ ადგილებში მოციქულთასწორმა, ბევრი დააყენა ცხონების გზაზე, ბევრს შეეწია ჭირსა და სნეულებაში. სელევკიის ექიმებსა და ჯადოქრებს ხელი მოეცარათ და შემოსავალი მოაკლდათ, რადგან ყველა სნეული თეკლასთან მიჰყავდათ. ბოლო მოეღო მათ ეშმაკურ ხრიკებს. შეწუხნენ და განრისხდნენ უვერცხლოდ მკურნალ ქალწულზე. შურითა და ბოღმით აღვსილებმა თეკლას გასაუპატიურებლად ბილწი ჭაბუკების დაქირავება გადაწყვიტეს. მოძულენი ასე თათბირობდნენ:
- უბიწოა ქალწული თეკლა, ამიტომაც სთნდა დიდ ქალღმერთ არტემიდეს. მის თხოვნას ისმენს ქალღმერთი და სნეულთა საკურნებელ ძალას აძლევს. თუკი წავბილწავთ, არტემიდე განეშორება, კურნების ძალასაც დაკარგავს და მაშინ კი აყვავდება ჩვენი საექიმო ხელოვნება.
ბილწი ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად მართლაც მონახეს ნამუსდაკარგული
ყმაწვილები. დაათვრეს და თეკლასთვის ნამუსის ახდა დაავალეს. ამ საზიზღარი
საქმისათვის ბევრი ფული შეაძლიეს და უფრო მეტსაც დაჰპირდნენ, თუკი მათ დავალებას
შეასრულებდნენ. უგნურებმა და ურწმუნოებმა როდი უწყოდნენ, რომ თეკლას არტემიდე კი არ
აძლევდა კურნების ძალას, არამედ ქრისტეს მადლი!
გახრწნილი და მთვრალი ყმაწვილები წმიდა თეკლასაკენ გაეშურნენ. თეკლამ დაინახა თუ
არა, ჰკითხა:
- რა გინდათ, შვილებო?
პასუხად ბილწსიტყვაობა მიიღო, მყისვე მიუხვდა ბოროტ განზრახვას და გაიქცა. ველური მხეცების რომ არ შეშინებია, ახლა ივლტოდა უსირცხვილო კაცთაგან. მგლები რომ ცხვარს გაედევნებიან, ისე გაენთნენ ქალწულის კვალს ბილწ გულისთქმას აყოლილნი. ის იყო, უნდა დასწეოდნენ, რომ თეკლამ უფალს შესთხოვა, უსჯულოთა ხელებიდან მიხსენიო. ღვთის ბრძანებით მყისვე გაიხსნა იქვე მდებარე ქვის მთა და წმიდა ქალწული შეიფარა. ეს მთა იქცა მისი პატიოსანი სხეულის შესასვენებლად. იქ მიაბარა სული უფალს წმიდა თეკლამ. ოთხმოცდაათი წლის იყო მაშინ. აწ კი დაუსრულებელ ცხოვრებაში განადიდებს ცხოვრების მომცემელსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, მამისა და სულისა წმიდისა თანა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
შენიშვნები:
1. ეს ხდებოდა ქ.შ.-დან 45-46 წწ. წმ. პავლეს პირველი მოგზაურობისას. ქალაქი იკონია ლუკაონიაში მდებარეობდა, კაბადოკიიდან სამხრეთ-დასავლეთით, მცირე აზიის მხარეში. ამ მოგზაურობაზე მოთხრობილია „საქმე მოციქულთას~ მე-13 და მე-14 თავებში. წმ. მოციქული იკონიაში ანტიოქიიდან ჩავიდა.
2. 2 ტიმ, 1,16.
3. საქმე 14,1 და 3.
4. ფს. 21,14.
5. ლუკა, 10,39.
6. მათე 4,4.
7. შდრ. ესაია 52,14.
8. ცატა - მონეტა - მცირე. ღირებულების.
9. წმ. იოანე ოქროპირი - „საქმე მოციქულთა~-ს თარგმანები. - 25-ე სწავლა.
10. „ქებათა ქების~ მე-4 საუბარში.
11. წმ. ეპიფანე კვიპროსის ეპისკოპოსი იყო 36 წლის განმავლობაში. იყო იოანე ოქროპირის თანამედროვე.
12. „საქმე მოციქულთა~ 14,2,4-6.
13. ანტიოქიის მახლობელი ადგილი.
14. ეს სიტყვები წმ. კიპრიანეს მოწამეებზე საუბარში იკითხება.
15. რომ, 16,12.
16. ფს. 43,16.
17. ეს სიტყვები იკითხება სწავლანში ბრმადშობილის შესახებ.
18. წმ. ამბროსი მედიოდანელი ცნობილია არიოზის წინააღმდეგ ძლევაშემოსილი ბრძოლითა და თავის სამწყსოზე ზრუნვით. აღესრულა 397 წ. ხსენება 7 დეკემბერს. წმ. თეკლაზე თავის მე-2 წიგნში მოგვითხრობს „ქალწულების შესახებ“.
19. სელევკია - ქალაქი სირიაში ხმელთაშუა ზღვის ნაპირას.
„დედათა ცხოვრება“. თბილისი. 2006 წ.
გამომცემლობა - © „ორთოდოქსი“
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
წყარო: http://studieli.blogspot.com/2015/11/vi-27.html