ღირსმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი იყო და უდაბნოში მოსაგრეობდა. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას მმართველმა არიანემ ბრძანა, განდეგილი მისთვის მიეგვარათ, მაგრამ პაფნუტი არ დაელოდა წარმოგზავნილებს და თვითონ გამოცხადდა ხელისუფალთან. აქ ნეტარმა აშკარად აღიარა ქრისტე, რისთვისაც საწამებლად გადასცეს. მეომრებმა, დიონისემ და კალემაქემ, რომლებიც აწამებდნენ წმიდანს, იხილეს, თუ როგორ იცავდა მას ღვთის ძალა და ირწმუნეს ქრისტე მაცხოვარი. მმართველის ბრძანებით წმინდანები მაშინვე სიკვდილით დასაჯეს.
წამების შემდეგ საპყრობილეში ჩაგდებულმა პაფნუტიმ ორმოცი ტუსაღი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. უღმრთოებმა ყველა მათგანი დაწვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ნეტარი მეუდაბნოე გაათავისუფლეს. იგი კეთილად ისტუმრა ქრისტიანმა ნესტორმა, რის შემდეგაც მასპინძლის მთელი ოჯახი კიდევ უფრო განმტკიცდა ქრისტეს სჯულში და მოწამეობრივად აღესრულა. პაფნუტიმ კიდევ ბევრი მართლმორწმუნე გაამხნევა და მარტვილობის სურვილით აღანთო. წმინდა პაფნუტის ქადაგებით ხუთაოთხმოცდაექვსი ადამიანი მოექცა ქრისტიანობაზე და ყველანი მოწამეობრივად აღესრულნენ. თავად წმიდა პაფნუტი ყელზე ლოდგამობმული მდინარეში ჩააგდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, სასწაულებრივ გამოირიყა ნაპირზე. ბოლოს იგი იმპერატორ დიოკლეტიანესთან გაგზავნეს, რომლის ბრძანებითაც ფინიკის ხეზე გააკრეს და ასე ამოხადეს სული.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.