წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი იერემია წინასწარმეტყველის (ხს. 1 მაისს) განუყრელი თანამგზავრი, მოწაფე, მეგობარი და მწერალი იყო. მან თავისი მოძღვრის წინასწარმეტყველებების მთელი გრაგნილი ჩაწერა და იერუსალიმის ტაძარში შეკრებილ ხალხს წაუკითხა. წმიდა ბარუქი იერემიასთან ერთად მწარედ გოდებდა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დანგრევის გამო, მოძღვრავდა და ამხელდა იუდეველებს და მოთმინებით იტანდა მათ სიძულვილსა და დევნას. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა იერემიას ჩაქოლვა და მისი წმიდა ცხედარი მიწას მიაბარა.
წინასწარმეტყველ იერემიას მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმინდა ბარუქს დიდხანს არ უცხოვრია. იგი ეგვიპტეში გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში. წმიდა ბარუქმა იწინასწარმეტყველა იუდეველთა დაბრუნება ბაბილონელთა ტყვეობიდან და ბაბილონის გაუდაბურება; ცხადად განჭვრიტა ძე ღვთისას განკაცებაც.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.