XVII საუკუნე, უმძიმესი იყო ქართველი ერის ისტორიაში. თუ წინა საუკუნეებში მტრები საქართველოს დაპყრობით ანდა დახარკვით კმაყოფილდებოდნენ, ამ დროს სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა ყველაფერი იღონეს ქართველი ერის გასანადგურებლად და მიწის პირისგან აღსაგველად. სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ დანაწილებულ ქვეყანას ყველა მხრიდან გაუთავებლად უტევდა მუსლიმანური სამყარო. აღმოსავლეთ საქართველოს ირანი თავის სახანოდ მიიჩნევდა, ხოლო ლიხსიქითა ივერიას თურქეთი თავის ვილაიეთად თვლიდა. მოდიოდნენ და სისხლის გუბეებს აყენებდნენ, აოხრებდნენ, წვავდნენ, ბილწავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს.
XVII ს-ის დასაწყისი ყველაზე მძიმე კახეთისთვის გამოდგა. ირანის ლომად წოდებულმა მრისხანე შაჰ-აბას I-მა ოთხჯერ დალაშქრა საქართველოს ეს მადლიანი კუთხე და თავის ნაკვალევზე ავლი და ნაცარიღა დატოვა. ნახევარ მილიონამდე კახელი ემსხვერპლა შაჰის სიმხეცეს. ზოგი დაუნობლად გაჟლიტეს, უმეტესი ტყვედ გაირეკეს გახრიოკებულ ფერეიდანში და ფეროჰაბადში.... კახეთი გააუკაცრიელეს და მომთაბარე თურქმანული ტომები ჩამოასახლეს. მესხეთში მკვიდრი ქართველობა იძულებით გაამაჰმადიანეს (გაათათრეს). დასავლეთ საქართველო კი უჩვეულო და ენით უთქმელმა ანარქიამ მოიცვა, დაიწყო ტყვეთა სყიდვა, ქართველები თუ არა ქართველები, მასობრივად ატყვევებდნენ ქართველებს და მონებად ჰყიდდნენ. ყოველივე ამას თან დაერთო ჩრდილოკავკასიელი ტომების ჩამოსახლება დასუსტებულ და გაუკაცრიელებულ საქართველოში. აღმოსავლეთ კახეთში (ე.წ. საინგილოში) დაღესტნელები არა მარტო ჩასახლდნენ, არამედ ისინი იმონებდნენ, არბევდნენ, ძარცვავდნენ და ტყვეებად ჰყიდდნენ მკვიდრ ქართველობას. შიდა ქართლის მთიანეთში გაოსებული დვალები ჩამოვიდნენ ჩრდილო კავკასიიდან. ადგილობრივ ქართველობასა და შემოსულთა შორის წინააღმდეგობა ქართველთა დამარცხებით და შემოსულ წარმართულ ტომთან მათი ასიმილაციით დამთავრდა. შიდა ქართლის მთიანეთი გაუცხოვდა, ანალოგიური ვითარება შეიქმნა ეგრის-აფხაზეთში, აქაც ჩრდილო კავკასიელები - ადიღეელები (აბაზები, აფსარები, ჩერქეზები) დამკვიდრნენ. ამიტომაც ერთაშორისი ომი რელიგიათა შორის ომად გადაიქცა. მაჰმადიანური სპარსეთ ოსმალეთი და კავკასიის მთიანეთი საქართველოში ქრისტიანობის მოსპობა-აღმოფხვრას ესწრაფოდნენ.
ღმრთის წყალობით სწორედ ამ უმძიმეს ჟამს მოევლინენ საქართველოს გმირები და წმინდანები, რომელთაც იომეს, სარწმუნოებისა და მამულისათვის თავი გაწირეს და შაჰებსა და სულთანებს ქვეყანა არ გადააშენებინეს.
მეფე თეიმურაზი ქართველი ერისათვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში, მსგავსად თავისი წმინდა დედის ქეთევანისა, ფარად და დარაჯად ედგა ეროვნულ სარწმუნოებასა და ქართველობას. იგი ღირსებითა და შეიძლება ითქვას, წარმატებითაც ებრძოდა ქრისტიანობის უსასტიკეს მტრებს, უზარმაზარი იმპერიის მმართველებს: შაჰ-აბას I-ს, შაჰ-სეფის და შაჰ-აბას II-ს. 1606 წლიდან 1663 წლამდე, თითქმის 60 წელი მისგან მოსვენება არა ჰქონდათ საქართველოს მტრებს. თეიმურაზი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და კარგად ესმოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მნიშვნელობა და ღირსება. იგი არა მარტო სპარსეთ-ოსმალეთის მმართველებს ებრძოდა, არამედ მათი პოლიტიკის გამტარებელ გადარჯულებულ ქართველებსაც, რომელნიც არანაკლები უბედურების მომტანნი იყვნენ საქართველოსათვის.
1629 წელს გარდაიცვალა შაჰ-აბას I (1587-1629 წ.წ) და ანდერძად დაიბარა: საქართველო დედაბუდიანად ამოაგდეთ და პირისაგან მიწისა აღგავეთო. გამეფდა მისი ძე შაჰ-სეფი (1629-1642). 1631 წელს თეიმურაზმა სპარსეთის მხრეებს შეუტია სპარსთა დედაქალაქიდან არცთუ დაშორებული (არეზამდე მდებარე) ვრცელი ქვეყნები დალაშქრა. შაჰ-სეფი ძლიერ განრისხდა და საქართველოსკენ 130. 000-იანი არმია გამოგზავნა, ყაენის კარზე აღზრდილი და ყიზილბაშთაგან დიდად პატივცემული სპასალარის როსტომ-ხან სააკაძის სარდლობით, რომელმაც თეიმურაზი გააძევა და მის ნაცვლად ქართლში დავით XI-ის (დაუდ-ხანის) უკანონო ძე, რომელიც ისპაჰანში შესძენია წილკნელი გლეხის ქალისაგან, ისპაანის ყულარაღასი და ტარუღა, 67 წლის გამაჰმადიანებული ხოსრო მირზა ანუ როსტომ-ხანი (1632-1658) გაამეფა. „და იყო მეფე როსტომ მორჩილი ყაენისა და მოყუარე სჯულისა მაჰმადისასა“, ხოლო კახეთში სალიმ-ხანი დასვა მმართველად, რომელმაც ორ წელიწადში აზერბაიჯანიდან კახეთს თურქმენთა ურდოები ჩამოასახლა. ამით ისარგებლეს ლეკებმა და კახეთის სოფლებზე აბრაგული შემოსევები განაახლეს.
მაშინ ააშენეს ყიზილბაშებმა გორის ციხე და შიგ მცველები დააყენეს, თავიანთი ციხიონი დააყენეს სურამის ციხეშიც. როსტომ-ხანს კი მაშველებლად“ მოსცეს ლორის ხანი, ყაზანის ხანი და შამშადილოს ხანი, ხოლო სელიმ ხანს მაშველებლად უჩინნეს“ განჯისა და ყაჯარის ჯარი.
„და იყო მეფე როსტომ დიდად მორჭმული და საქონლით სავსე ამისათვის, რომ დიდად მწყალობელი იყო ყაენი როსტომ მეფისა და უგზავნიდა მრავალსა“.
როსტომ მეფე კი ქართველ წარჩინებულებს აბრეშუმის კაბებსა და მცირე საჩუქრებს უძღვნიდა და ამით შემოიერთგულა მათი უმეტესობა, რადგან მაშინ ქართველები გულწრფელნი და გამოუცდელნი იყვნენ და ყიზილბაშური ვერაგობისა და ტყუილისა არაფერი გაეგებოდათ. როსტომ-ხანი კი იყო „ხერხიანი და ილათიანი და მცდელი საქმისა“, და თუ კი ვინმე ქართველი იყო ყიზილბაშების მიერ დატყვევებული და გათათრებული სპარსეთში, ყველა თან წამოიყვანა ქართლში და სურდა „გათათრება ქართლისა“. მან სამეფო კარზე ყიზილბაშური ცხოვრების წესი შემოიღო, ხოლო მოხელეებად და გამრიგეებად ძირითადად თათრები ან გათათრებული ქართველები დაადგინა. ქართლის მეფეთა სასახლეში მეჩეთი აშენა და სპარსი მოხელე დატოვა, თვითონ კი მტკვრის პირზე დასახლდა, ანჩისხატისა და სიონის ტაძრებს შუა ააშენა ყიზილბაშური, კოხტა სახლი, შემოიღო მოფენილობა (ნოხების), სმა-ჭამა, გამოჩვენება და კეკელაობა. „და მიიქცენ სრულიად წესსა ზედა ყიზილბაშისასა, და განმრავლდა სახლსა მისსა სიძვაი და არაწმიდებაი, ცოდვაი იგი სოდომ-გომორული და მეძაობაი და დედათა თანა აღრევაი“. მეორე მეჩეთი იქ, აბანოს მოპირადაპირე მხარეს ააგო და მესამე მეჩეთი კი ახლად აგებულ ბაღში.
როსტომმა დაარღვია სვიმონ II-ის შემოღებული კანონი, რომლის ძალითაც შაჰს მხოლოდ არაქრისტიანებსა და შესყიდულ ტყვეებს უგზავნიდნენ და ყაენისათვის საჩუქრად ქართველების გაგზავნა დაამკვიდრა, რაც შემდგომში ქართლის ყველა მაჰმადიანი მეფისათვის წესად იქცა.
მამულიშვილები ცდილობდნენ როსტომ მეფის მოკვლას, მაგრამ მას ერთგულად მოედგნენ რომელნიმე წვრილნი კაცნი ქართველნი, ციხეში იჯდა და ვერას უმტერებდნენ“. სამაგიეროდ სალიმ-ხანს მიუხდენ კახეთს, სადაც სახლს იშენებდა, თუმცა მან გაასწროთ, მისი ქვეშავრდომები კი ზოგი დახოცეს და ზოგიც დაიჭირეს. თეიმურაზი თავდაპირველად ჩავიდა კახეთში და გაბატონდა, მაგრამ კახეთი დამცრობილი და დაკნინებული იყო და როსტომის შიშით დიდხანს ვერ გაჩერა, ანანურს გადავიდა და იქიდან ქართლის დაუფლებას ცდილობდა.
სპარსთა ბატონობა (როსტომ-ხანის მმართველობა) ქართველი ხალხისათვის დამღუპველი გამოდგა. ეროვნული გადაგვარების საფრთხე ძლიერდებოდა, ამიტომაც სანამ თეიმურაზი კახეთში იყო, დასასრული არ უჩანდა მისი ინიციატივით მოწყობილ შეთქმულება-აჯანყებებს. როსტომ-ხანმა ქართლში შემოსვლისთანავე კათალიკოს ზაქარიას ტახტი წაართვა (კათალიკოსი იმერეთში გადავიდა) და მის მაგიერ ტახტზე ახალი კათალიკოსი ევდემოზ დიასამიძე (630-1643) აიყვანა, რომელიც, როგორც ამბობენ, უფრო მეომარს ჰგავდაო, ვიდრე ბერს. მაგრამ ახალ კათალიკოსს ქვეყნისა და სარწმუნოებისადმი დიდი სიყვარული გამოუმჟღავნებია და მათთვის თავი დაუდია კიდეც. ევდემოზ I კარგად ხედავდა ეროვნულ-სარწმუნოებრივი გადაგვარების საშინელებას. ამიტომაც 1642 წელს მისი მეთაურობით მომზადდა აჯანყება ქართული წეს-ჩვეულებათა მომშლელისა და ქრისტიანობის ძირის გამომთხრელის - როსტომის წინააღმდეგ, ქართლის ტახტზე თეიმურაზის აღსაღდგენად. ზაალ არაგვის ერისთავმა, იოთამ ამილახორმან, ნოდარ ციციშვილმა, გიორგი გოჩაშვილმა და კიდევ ზოგიერთმა ქართველმა პირობა შეკრეს, როსტომს განუდგნენ და ბატონი თეიმურაზი ქართლში დაიბარეს. აჯანყება გასცა სომხეთის მელიქმა“. როსტომ მეფემ შეიპყრა კათალიკოზი ევდემოზი, ჯერ თბილისის ციხეში ჩასვა, შემდეგ კი იქვე მოაშთობინა „გარდმოაგდო განჯის კარის კოშკიდან“ (ხს. 17/X). დანარჩენი შეთქმულებიც, ზაალ ერისთავისა და იოთამ ამილახორის გარდა, ზოგი დახოცა და ზოგიც დაახეიბრა. ამათ რომ გაუსწორდა, როსტომმა შემოიყარა ქართლელთა და სპარსთა ჯარები და კახეთში თეიმურაზთან საბრძოლველად გაემართა, მაგრამ დამარცხდა და თბილისში გამობრუნდა, თეიმურაზს კი დიდი ალაფი დარჩა.
დაქვრივებული როსტომ-ხანი ლევან დადიანს დაუმოყვრდა და ცოლად მისი ნახევარდა მარიამი (სვიმონ გურიელის ცოლ-ყოფილი) შეირთო. „დედოფალმან მარიამმა შეამკო ეკლესიანი შესამოსელითა, ხატითა, ჯუარითა და წირვის იარაღითა, ნაკერითა მარგალიტითა და თუალითა. და ედვა ამა დედოფალსა პატივი დიდი ყაენისაგან ყოველთა საქართველოსა და კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთაგან. იყო ყოვლითურთ შემკული კეთილითა...“. მარიამ დედოფალს მემატიანე თამარ მეფისაც კი ადარებს. როსტომსაც გაუკეთებია ქვეყნისთვის კარგი საქმეები, რათა ქართული მოსახლეობა ქრისტიან მეფეს არ მიმხრობოდა. „აღაშენა წმინდა კათოლიკე ეკლესია, მცხეთის გუმბათი და სხვანიცა რომელნიმე მოოხრებულნი ეკლესიანი აღაშენნა. და კუალად აღაშენა გატეხილი ხიდი“. მან ქვეყანა ეკონომიურად მოაღონიერა, მაგრამ სულიერად დააკნინა. ცბიერმა როსტომმა ეპისკოპოსები იმით გაიერთგულა, რომ ყველას ჯამაგირი დაუწესა, და თავდაბლად და ტკბილად ექცეოდა. ამასობაში თვით სამღვდელონი და მღვდელმთავრებიც მიდრკნენ კეთილისაგან, „აღირივეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიასა, რამეთუ იყუნეს მოყუარე ღვინისა და ზმისა და შუებისა და განცხრომისა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყვნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდენ სულიერსა საქმესა, ხორცთათვის ზრუნვიდენ ყოველნივე“.
როდესაც როსტომმა დაიმორჩილა და გაიერთგულა ქართველები, დიდი ლაშქრით კვლავ თეიმურაზთან საბრძოლველად, თიანეთს გაემართა. ამ ბრძოლაში თეიმურაზი დამარცხდა. ყიზილბაშებმი უმცროსი ვაჟი, დათუნაც მოუკლეს, ხოლო ლაშქარი ამოუწყვიტეს. როსტომი სრულიად დაეპატრონა ქართლსა და კახეთს, დათუნას თავი ყაენს გაუგზავნა, გამარჯვება მიულოცა და მიეცა ლხინსა და შუება-განცხრომას, მაგრამ იმის გამო, რომ შვილი არა ჰყავდა, ქართლის მეფის სვიმონ II-ის შვილის, ბაგრატის ძე, სჯულით მაჰმა-დიანი ლუარსაბი იშვილა. ერთ-ერთი ნადირობის დროს ლუარსაბს ტყვია მოხვდა და მოკვდა. დამწუხრებულ როსტომს ამ ჯერზე ვახტანგ მუხრან-ბატონი უშვილებია, და როდესაც როსტომი დაუძლურდა, ქართლისა ჯანიშინობა მას მისცა ყაენმა.
1658 წელს მოკვდა როსტომ-ხანი, წაიღეს და ყუმს დამარხეს. ცოტა ხანში შაჰ-სეფიც მოკვდა და მის ნაცვლად მისი ძე - შაჰ-აბას II, მცირე (1642-1666) დადგა, რომელიც სისასტიკითა და ქართველებისადმი სიძულვილით თავის პაპას - საქართველოს ამომგდებელ შაჰ-აბას I-ს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზს ქართლ-კახეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ემხრობოდა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა, რაც „ქართველობის“ დამარცხებას ნიშნავდა, რადგან ქართულმა სახელმწიფოებრიობამ თვისობრივად სულ სხვა სახე მიიღო. ძველქართული სახელმწიფოებრიობის ადგილას დამყარებული არაეროვნული ქართულ-ყიზილბაშური სახე ქართლ-კახეთის მმართველობისა მთელი 112 წლის მანძილზე არსებობდა - 1632-1744 წლებში. 74 წლის თეიმურაზი კი სქემოსან ბერად აღკვეცილი და ქრისტიანობის დაცვისათვის (მარხვაში ხორცი არ შეჭამა) შაჰის მიერ დაპატიმრებული, 1663 წელს ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა. კახელებმა საყვარელი მეფის ნეშტი კახეთში ჩამოაბრძანეს და ალავერდს დაკრძალეს.
როსტომ-ხანის სიკვდილის შემდეგ ქართლის მეფობა ყაენმა ვახტანგ V-ს (1658-1675) დაუმტკიცა, შაჰ-ნავაზი უწოდა და უბრძანა ცოლად როსტომ მეფის ქვრივი, მარიამი შეერთო. შაჰ-ნავაზს ძალიან გაუჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ცოლად ძალიან ღირსეული ქალი ჰყავდა - ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის ასული, როდამი „სრული სწავლითა საღმრთოითა და საეროთა, შუენიერი და პირის-წყალი დედათა“. მათ ჰყავდათ ექვსი ვაჟი: არჩილი, გიორგი (გიორგი XI), ლუარსაბი, ალექსანდრე, ლევანი (მამა ვახტანგ VI-ისა და იესესი) და სულეიმანი, და ორი ქალი: ანუკა (ყაენის ცოლი) და თამარი, რომელიც იყო ცოლი ზაალ არაგვის ერისთავის ვაჟის, ზურაბისა. ზაალ ერისთავის ქალიშვილი - თამარი კი მეუღლე იყო როდამის ძმის - ვახტანგ ბარათაშვილ-ორბელიანისა (დედა-მამა სულხან-საბასი).
მიუხედავად ასეთი მჭიდრო ნათესაური კავშირებისა, ზაალ არაგვის ერისთავი არ დაემორჩილა შაჰ-ნავაზს, გადაუდგა და არაგვის ხევში დაბრუნდა. „იყოფებოდა დუშეთსა, ეპყრა მტკიცედ საერისთავო (ერწო-თიანეთი) და განაგებდა კახეთსაცა“.
ყიზილბაშებმა სამი ციხე ააშენეს კახეთში: ბახტრიონის დიდი ციხე, ალავერდისა და ყარაღაჯის. ამისთვის ირანიდან გამოგზავნეს ხუროთმოძღვარი, კალატოზები და მშენებლები. სამივე ციხეში მათ ძლიერი ყიზილბაშური ციხიონები ჩააყენეს, რადგან ამ სამ ციხეს უნდა დაეცვა მომხდურები კახელი შურისმგებელი გუნდების თავდასხმებისაგან. ბახტრიონის დიდი ციხის (სიგრძით ას მეტრზე მეტი) მშენებლობა რომ დამთავრდა, სელიმ-ხანს კახეთი ჩამოართვეს და ორად გაჰყვეს: მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარე ყარაბაღის ბეგლარ-ბეგს მურთუზ-ყული-ხანს ჩააბარეს, ხოლო დანარჩენი კახეთი - ნახჭევანის ბეგლარბეგს ალი-ყული-ხან ქენ-გერლუს. ორივე ბეგლარბეგს შაჰისაგან საგანგებოდ ებრძანათ კახეთის მიწებზე თურქმენთა ჩასახლება-გავრცელების დაჩქარება. „მსწრაფლ იწყეს სპარსთა კუალად განზრახვაი ბოროტისა, და წარმოგზავნეს ურიცხვი ულუსი თათართა (80.000 ელ-თურქმენი) დედაწულითურთ მათითა, და ფალავნებითა მათითა, და ყოვლი-თა სიმდიდრითა მათითა, და თავად მათდა უჩინეს სულტანი არდალანისა და ისიც ყოვლით სახლეულით მისით, რაითა სრულიად აღხოცონ ქრისტეანობა. მყის აღიძრნეს და მოიწივნეს კახეთად და დაიბანაკეს მუნ და დაემკვიდრეს იგინი და აღივსო სრულიად მხარე კახეთისა. და ვერვინ შემძლებელ იყო წინა აღმდგომად მათდა, სიმრავლისათვის მათისა“. ისევ დადგა კახეთი ყოფნა-არყოფნის წინაშე, რადგან კალიასავით მოედო უცხო რჯულისა და ველური ბუნების ხალხი მთელ სამეფოს. ელვის უსწრაფესად მრავლდებოდნენ და მკვიდრდებოდნენ კახეთში, აქცევდნენ და აპარტახებდნენ ყოველივე ქართულს - მათთვის სრულიად უცხოსა და საძულველს. „უსჯულოთა აგარიანთა მოიმძლავრეს სრულიად კახეთი და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკვიდრთა კახეთისათა, მოაოხრეს და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი“. ალავერდის დიდებული მონასტერი შეაგინეს, მისი პატიოსანი ხატი კი შემუსრეს, რამეთუ ენებათ სრულიად კახეთი გასათათრებლად და ელის დასახლება“. ეტყობა სწორედ მაშინ აღმოსთქვა ქართველმა კაცმა ეს მწარე სიმღერა - ბახტრიონს სხედან თათრები, სიტყვას ამბობენ ძნელსაო, ახმეტას ჩავჭრით ვენახსა, შიგ ჩავასახლებთ ელსაო. ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და მთებში იხიზნებოდა. „ქართლის ცხოვრების“ მემატიანე მოგვითხრობს, „არღარა იხსენებოდა სახელი ქრისტეისი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის“.
იარაღი აისხეს კახელებმა, მეომრები მთას შეეხიზნენ, თუშ-ფშავ-ხევსურნი გვერდში ამოიყენეს და განუწყვეტელი თავდასხმებით სიცოცხლე გაუმწარეს მომხვდურებს, მაგრამ ცალკეულ შებრძოლებებს შვება არ მოჰქონდა, რადგან ერთიანი, ქართული ძალა იყო საჭირო ურიცხვი მტრის ასალაგმავად.
მაგრამ იდიდოს ღვთის სახელი! გაჭირვების დროს მორწმუნე ერს მხსნელი ყოველთვის გამოსჩენია. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, კახეთის მხსნელებად გამოჩნდნენ სამაგალითო მამულიშვილები: ზაალ არაგვის ერისთავი და მისი ვაჟი ზურაბი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და კახეთის სუფრაჯი ბიძინა ჩოლოყაშვილი. მოთმინების ფიალა აავსო ერთმა შემთხვევამ: „მაშინ მგზავრი ვინმე ერთი კახი ხუცესი მარტო მივიდოდა გზასა თვისსა კახეთში, ხოლო დამთხვევით შეემთხვივნეს გზაზედა მღდელსა მას თათარნი რაოდენნიმე. და შეიპყრეს უსჯულოთა მათ ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხვიეს საქმე სიბილწისა, რომელ არს ცოდვა სოდომური და განუტევეს“. მივიდა შეურაცხყოფილი მღვდელი დუშეთში, სადაც ისხდენ ზაალ ერისთავი და მისი ცოლი, დაუჩოქა და შესჩივლა: „შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის განმგებელიო, გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზე შემიპყრეს და შემამთხვიეს საქმე უშუერი... და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც... ვინაიდან შენდა რწმუნებულ არს კახეთი“. ამის მსმენელი ზაალ ერისთავი ძლიერ დამწუხრდა. „და იყო მას ჟამად ზაალ ერისთავი ყაენის მომდურავი“. მან დაიბარა თავისი სიძე შალვა (ქალიშვილის ქმარი), მისი ბიძა, ქსნის ერისთავი ელიზბარი (რომელსაც შვილი არა ჰყავდა და თავისი ძმისწული, შალვა უშვილებია), ბიძინა ჩოლოყაშვილი და ალავე-რდელი ეპისკოპოსი. ითათბირეს და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხედავდნენ ქართველთა შესაძლებლობებს, ღმრთის ნებას მინდობილებმა ასე გადაწყვიტეს: თუმცა დაცოტავებულნი ვართ და დაკნინებულნი ჩვენი ცოდვებისთვის, და არც მეფე (იგულისხმება კახთა მეფე) და წინამძღვარი გვყავს და არც ძვირფასი საჭურველი, საჭიროა წინ აღუდგეთ და ერთად შევებრძოლოთ ვერაგ და ძლიერ მტერს, და თუ ღმერთი ინებებს, გავიმარჯვებთ და გავათავისუფლებთ მამულს მათი ბატონობისაგან, ხოლო ერს გადაშენებისაგან გადავარჩენთო. საომარი განზრახვა კი იყო მარტივი, გაბედული და გამანადგურებელი: ნაშუაღამევს, ერთდროულად და ანაზდეულად, უნდა დასცემოდნენ თათართა ძლიერ და გამაგრებულ ციხეებს - ბახტრიონსა და ალავერდს (1615 წელსაც მოხდა კახეთში აჯანყება ყიზილბაშთა წინააღმდეგ, დავით ჯანდიერის მეთაურობით, რომელიც შაჰ-აბასის მიერ დანიშნული იყო კახეთის მმართველის ისახანის მოადგილედ. ალავერდობა დღეს ქართველებმა სადღესასწაულო მსახურების საბაბით ალავერდში შეშვება ითხოვეს და ალავერდის ეკლესიის გალავანში მყოფი სპარსელები სრულიად ამოწყვიტეს).
1659 წლის ერთ ბნელსა და უმთვარო ღამეს (დღე ცნობილი არ არის) „პატიოსანი ჯვრის წარმძღუანებით“ ორ ნაკადად დაიძრა ქართველთა ლაშქარი: კახელები ბიძინა ჩოლოყაშვილის სარდლობით ალავერდისკენ დაიძრნენ, შალვა და ელიზბარი ქსნისა, ხოლო ზურაბი არაგველთა ლაშქრით თიანეთს მივიდნენ (ზაალმ ერისთავმა სპარსელების თვალის ასახვევად თვითონ თავი შეიკავა ბრძოლაში მონაწილეობისაგან და არაგველთა რჩეულ, მაგრამ მცირე რაზმს თავისი ძე, ზურაბი ჩაუყენა სათავეში), იხმეს თუშნი და მთიულნი, მთა გადაიარეს, ახმეტას ჩავიდნენ და ბახტრიონის ციხეში უზრუნველად დაბანაკებულ ყიზილბაშებს მოულოდნელად თავს დაესხნენ. და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შეწევნითა და მთავარ-მოწამე გიორგის თანა-მბრძოლობით მოსრეს ბახტრიონის ციხეში მდგარნი თათარნი. არდალანის სულტანმა ძლივს მოასწრო ცხენზე შეჯდომა და გაქცევა. ამავე დროს ბიძინა ჩოლოყაშვილმა და მისმა კახელებმა ალავერდის ციხე აიღეს და იქ ჩაყენებული მეციხოვნეები სრულიად ამოწყვიტეს. შემდეგ თურქმენთა დასახლებებს მოედვნენ და დედაწულიანად გაჟლიტეს. „აღსწყვიდეს, ვიდრე სრულიად მოსპოლვადმდე, და აოტეს და განაბნიეს და მოსრეს პირითა მახვილისაითა“.
ძლევა-შემოსილმა მხედრებმა, როგორც კი მტრისაგან გაანთავისუფლეს კახეთი, ჯერ მათი ნადგომი ადგილები აკურთხეს, შემდეგ კი დანგრეული ტაძრების და მონასტრების აშენებას და განახლებას შეუდგნენ „შეამკუეს ეკლესიანი, და აღმართნეს წმიდანი უკვე ხატნი“. კახეთის განბნეული მოსახლეობაც თავის საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდა.
ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა უფალ იესო ქრისტესა და ერის მფარველ წმინდა გიორგის ჰმადლობდა, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებული ცხადად წინამბრძოლობდა მათ ლაშქარს. „და გარდაიხადეს დიდი დღესასწაულობაი სამადლობელითურთ პარაკლისით“.
ბახტრიონულმა ომმა“ მტერიცა და მოყუარეც დაარწმუნა ქართველი ერის გაუტეხელობასა და უძლეველობაში. კახეთის „თურქმენიზაცია“ შეწყდა.
მხოლოდ არდალანის სულტანმა და მცირეოდენმა თათრებმა ჩააღწიეს სპარსეთს. თავზარდაცემული სულტანი შაჰ-აბაზის წინაშე წარსდგა და „გოდებითა და ტირილითა დიდითა, საკვირველისა მოოხრებისა მათისა და ესეოდენთა სპარსთა ათასეულებისა, მეფესა მას თვისსა ყოველსავე თვითოეულად აუწყებდა, რაიცა იგი იქმნა მხედართაგან ქრისტეისთა“. განრისხებულმა შაჰ-აბასმა შაჰ-ნავაზსა და მურთუზალ-ყულიხანს ზაალ არაგვის ერისთავის მოკვლა უბრძანა, ხოლო აჯანყების დანარჩენი მოთავეების შეპყრობა და ისპაჰანში გაგზავნა მოსთხოვა. მართლაც სულ მალე ზაალ ერისთავი ღალატით მოკლეს, ხოლო მისი ვაჟები: ზურაბი და ნაბერალი სამცხეს გაიქცნენ, მაგრამ შაჰ-ნავაზმა მდევარი დაადევნათ, მიეწივნენ ტბის-ყურზე, შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. მან კი ყაენს გაუგზავნა. სამშობლოსთვის თავდადებული ზურაბი ისპაჰანის ციხეში მოკლეს, ხოლო მისი უმცროსი ძმა გაათათრეს და სასახლის კარზე დატოვეს.
კახეთის მხსნელ მამულიშვილებს არც კი უყოყმანიათ, ისე დადეს თავი სამშობლოს სამხვერპლოზე და თავისივე ნებით ეახლნენ ყარაღაჯში მურთუზალ-ყულიხანს, თუმცა იცოდნენ, რომ ყაენისაგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ მათ ისიც იცოდნენ, რომ დაყოვნება ქვეყნის საქმეს წაახდენდა: მრისხანე შაჰი საქართველოს თავისი რჩეული მხედრობის ამოჟლეტასა და საქვეყნოდ თავის მოჭრას არ აპატიებდა, ხოლო თუ აჯანყების მეთაურებს დასჯიდა, კახეთი ირანელთა შურისმაძიებელ რბევას გადაურჩებოდა. მართლაც მურთუზალ-ყული-ხანმა ბიძინა და შალვა და ელიზბარი სასწრაფოდ ირანში, შაჰის სამსჯავროზე წარგზავნა.
ცბიერმა შაჰმა დიდად გაიხარა, როდესაც სახელოვანი გმირები „აღბორკილებულნი ხელითა და ფერხითა“ იხილა, და მაშინვე არდალანის სულტანს გაუგზავნა, რადგან ასეთი წესი ჰქონდათ თათრებს, მკვლელს ხელში მისცემდნენ მის მოსისხლეს, და შეუთვალა: არა მსურს მაგათი სიკვდილი, რადგან გამოცდილი მხედრები არიანო. თუ უარყოფენ ქრისტიანობას და ისლამს მიიღებენ, დიდ პატივში და განცხრომაში გვეყოლებიან, ხოლო თუ გვეურჩებიან, „მწარითა და მძვინვარითა ტანჯვითა“ ამოხადეთ სულიო. როდესაც წმინდანები არდალანის სულტანს წარუდგინეს, მან ტკბილად მოიკითხა და ალერს-სიტყვაობით სცადა მათი დაყოლიება ყაენის პირობაზე, მაგრამ ქრისტეს დიდებულმა მხედრებმა მტკიცე უარით უპასუხეს და უყოყმანოდ, ქრისტიანობასა და ქართველობაზე ხელის აღებას სიკვდილი არჩიეს. ბიძინამ მშვიდად და მტკიცედ, ყველას სახელით განაცხადა: არა გვჭირდება თქვენი დაპირებული სიმდიდრე და პატივი, რადგან ჩვენ ზეციური მეუფის მონები ვართ და ქრისტეს მხედრებად განწესებულნი, რომელმაც ეს ბრძოლა საკვირველად მოგვაგებინა და „ნიჭთა უხრწნელთა და საფასეთა მოუკლებელთა“ მისგანვე მოველით. თქვენი სიმდიდრე კი ხრწნადი და მსწრაფლ წარმავალია: სიზმარივით დასრულდება და ყვავილივით დაჭკნება, ხოლო მას შემდეგ დარჩება „ცეცხლი უშრეტი და სხუანი სატანჯველნი ურიცხვნი დაუსრულებელნი“, რომელშიც დაისჯებით თქვენ და ქრისტეს ყველა უარისმყოფელი. ჩვენ კი ვერაფერი განგვაშორებს ქრისტეს, ვერც დიდება და პატივი და ვერც ტანჯვა და სიკვდილიო. როცა სულტანმა მათი მამაცობა და სიმტკიცე იხილა, გაუკვირდა და „კუალად აიძულებდა უარის ყოფად და აღუთქმიდა უდიდესთა ნიჭთა და პატივთა“. თან წარმომავლობასა და გარეგნულ მშვენიერებას შეახსენებდა და ეტყოდა: შეიცოდეთ თქუენი თავი და ნუ მოისწრაფებთ სიცოცხლეს, ნუ გამოეთხოვებით ტკბილსა ამას საწუთოსა ცხორებასა“. ხოლო წმინდანებმა მხნედ მიუგეს: ამაოდ ნუ სცდები, სულტანო, ჩვენ არ განვეყენებით ქრისტეს სჯულს და არც მის სახელს უარვჰყოფთ, რადგან არაფერია ქრისტესთვის სიკვდილზე უფრო ტკბილი. ჩუენ არასოდეს არ მივიღებთ თქვენ ცრუ სჯულსა და თქუენ კი რაც გნებავთ, ის გვიყავით, ვინაიდან არ გვეშინია ცეცხლის, მახვილისა და სხვა სატანჯველების, რომლებიც თქვენ ხელშიაო.
როდესაც არდალანის სულტანი მიხვდა რომ, ვერავითარი დაპირებებით ვერ მოხიბლავდა გულად ვაჟკაცებს, ჯალათებს უბრძანა „განძარცვაი და ტანჯვაი მათი ცემითა ურიდად“. მათაც გულსმოდგინედ აღასრულეს ბრძანება: სასტიკად სცემდნენ და მიწაზე ათრევდნენ „ვითარცა ძვირის მოქმედთა ვისმე, სახელოვანთა მათ კაცთა...“ და ქრისტეს უარყოფას აიძულებდნენ, „რომელთა სულნი თვისნი პირველვე დადეს ქრისტეისთვის და ჰსჯულისა მისისათვის და მერმე ძმათათვის“, როგორც წმინდა წერილი ამბობს: „ვითარმედ უფროის ამისა სიყუარული არა ვის აქუს, უკუეთუ ვინ დადვას სული თვისი მეგობართა თვისთათვის“. ხოლო მათ სული დასდეს არა ერთი და ორი კაცისათვის, არცა ათისა და ოცისათვის, ან ასისა და ათასისათვის, არამედ მსგავსად მხსნელისა ჩუენისა აურაცხელთა და ბევრეულთა ერთათვის, სრულიად საქართველოისა-თვის, თავნი თვისნი სიკუდილად განსცნეს და იხსნნეს იგინი“. რადგან ბახტრიონის აჯანყება რომ არ მომხდარიყო, კახეთში არა მარტო ქრისტიანობა აღიხოცებოდა, არამედ ქართველობა საერთოდ გადაშენდებოდა.
ბიძინა ჩოლოყაშვილსა და ქსნის ერისთავებს კი მიუხედავად იმისა, რომ საერო და სამხედრო აღზრდა ჰქონდათ მიღებული და არა სასულიერო განათლება, „ბაგენი მათნი არა დასცხრებოდეს, დიდებისმეტყუელებად ღმრთისა და დაუცხრომელად მეტყუელებდეს მრწამსსა საზღუარსა სარწმუნოე-ბისა ჩუენისასა“. ერთმანეთს ამხნევებდნენ და უფალს განმტკიცებას შესთხოვდნენ. თვით ის მცირედი რიცხვიც აზნაურებისა და მსახურებისა, რომლებიც თან ჰყავდათ წაყვანილი, ემუდარებოდენ, რომ დამორჩილებოდნენ შაჰის ბრძანებას და მომავალი ტანჯვისა და სიკვდილისაგან ეხსნათ თავი. მაგრამ მათ მკაცრად მიუგეს: თუ ჩვენი ერთგულები ხართ, ქრისტეს უარყოფასა როგორ გვირჩევთ, თქვენც გინდათ ჩვენი საუკუნო სატანჯველისათვის გაწირვაო?
როდესაც ყიზილბაშებმა მათი მოქცევის იმედი დაკარგეს, გააშიშვლეს და ხელ-ფეხ-შეკრულნი მწერთა დასაგესლად მხურვალე მზის ქვეშ დაყარეს. მშიერ-მწყურვალ, ბუზებისა და ბზიკებისაგან დაკბენილ და პაპანაქებისაგან დაუძლურებულ მოწამეებს კვლავ ქრისტეს უარყოფა შესთავაზეს, მაგრამ ისინი კვლავ იგივეს იმეორებდნენ და „სრულსა სიყუარულსა მეუფისასა“ ყველას აჩვენებდნენ. მაშინ უსჯულოებმა გადაწყვიტეს, რომ ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ მოეკვეთათ თავი ელიზბარისა და შალვასათვის. ამით სურდათ მისი სიმტკიცე გაეტეხათ და ქრისტესგან განეშორებინათ, მაგრამ იგი კი არ შეშინდა, არამედ ქსნის ერისთავებიც გაამხნევეა.
შალვამ და ელიზბარმა კი „დაიბეჭდეს გულსა ზედა ჯვარი ქრისტესი“ და მშვიდად დადრიკეს თავები, მაგრამ ჯალათებმა მახვილები ვერ შეაწვდინეს, რადგანაც ქსნის ერისთავები ახოვნებით დიდად აღემატებოდნენ სპარსელებს. მაშინ ჯერ წვივებში ჩასცეს მახვილები და როცა მუხლებზე დასცეს, მერე წარკვეთეს თავები ნეტარ ბიძა-ძმისწულს. „ესრეთ სანატრელი აღსასრული მიითუალეს და აღვიდეს ზეცისა დიდებისა წინაშე, ყოველთა მეუფისა გვირგვინ-შემოსილნი“.
თანამებრძოლთა სიკვდილს იოტისოდენადაც არ შეუშინებია წმინდა ბიძინა. იგი „ვითარცა მთაი შეუძრველი, ესრეთ ეგო ურყეველად. როცა სულტანმა მიზანს ვერ მიაღწია, გადაწყვიტა შეურაცხყოფით მოეტეხა ბიძინას სიმტკიცე და მისი ბრძანებით ქრისტეს ახოვან მხედარს დედაკაცის ჩადრი დაახურეს, ისე როგორც სერგისა და ბაქოს, და როგორც უფალ იესო ქრისტეს, ისე მოასხეს ქლამიდი მეწამული. ვირზე შესვეს, ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ და დასცინოდნენ, რადგან სპარსელებს შორის დიდ სირცხვილად ითვლებოდა მამაკაცთა, უფრო მეტად კი დიდგვაროვათა ვირზე შეჯდომა. ბიძინა კი ღმე-რთს მადლობდა, რომ უფლის მსგავსად, ისიც ვირზე მჯდომი შედიოდა ზეციურ იერუსალიმში, და თავის თავს ანუგეშებდა: ეჰა, ვითარ მექცნენ უღმერთო მტრები მოკეთეებად, ცოტაც და ამ ვირით შევალ სასუფეველშიო. თან ხმამაღლა დასცინოდა მათ სჯულს და ამით მტარვალებს კიდევ უფრო განარისხებდა.
შერცხვენილმა ჯალათებმა გადაწყვიტეს ცოცხლად აეჩეხათ ქრისტეს მხედარი: მოიტანეს მრავალნაირი ალესილი მახვილები და დანები და თან აფრთხილებდნენ: დაგვმორჩილდი, ბიძინა, დაგვმორჩილდი და უარჰყავ შენი სჯული და ის ქრისტე, რომელიც შენ ღმერთი გგონია, და ნუ ისწრაფვი საშინელი სიკვდილისკენო. მხნე და შეუდრეკელი მოწამე კი დაუცხრომელად მრწამსს ღაღადებდა და ზედაც საუფლო ლოცვას - მამაო ჩუენოს დაურთავდა. შეუბრალებელმა ჯალათებმა თავიდან მარჯვენა ხელის თითები მოჰკვეთეს სათითაოდ ბიძინას და მერე მარცხენა ხელის, და თან არიგებდნენ: ჯერ კიდევ არ არის გვიან, ამის განკურნება ადვილია, თუ ქრისტეს უარყოფო, ხოლო წმინდა მოწამე ფსალმუნებს აღმოიტყოდა და მათ ყურადღებას არ აქცევდა. შემდეგ მოჰკვეთეს ფეხის თითები სათითაოდ, ჯერ მარჯვენა, მერე მარცხენა, და კვლავ სთავაზობდნენ: თუ ქრისტეს უარყოფ, სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო, მაგრამ ნეტარი მათ პასუხსაც აღარ სცემდა და დაუცხრომელად ლოცულობდა. შემდეგ მოჰკვეთეს მარჯვენა და მარცხენა ხელები მაჯითურთ და ასევე ფეხები კოჭებამდე. და ასე მიჰყვნენ და სახსარ-სახსარ აჭრიდნენ, როგორც წმინდა დიდ-მოწამე იაკობ სპარსისთვის (ხს.27/XI) გვსმენია. ასე უწყალოდ ჭრიდნენ და აპობდნენ მის სხეულს და ჭრილობებს უხეშად ეხებოდნენ. ამას აკეთებდნენ იმის იმედით, რომ მისი გული ვეღარ გაუძლებდა ამდენ ტანჯვასა და ტკივილს და მისი სიმტკიცეც გატყდებოდა, მაგრამ დაუძლურებული ბიძინა ქრისტეს ადიდებდა და მისი სიყვარულით მწარესა და გაუსაძლის ტკივილებს იმსუბუქებდა, ხოლო მისგან მოთმინებას და გამძლეობას გამოითხოვდა. შემდეგ მოჰკვეთეს ორივე მკლავი იდაყვამდე და ორივე ფეხი მუხლმდე, მერე ხელები ბეჭამდე და ორივე „სხვილ-ბარკალი“ თეძომდე. გამხეცებული მტანჯველები „ქოჩრითა ითრევდეს დანაშთსა გუამსა მისსა“, ხოლო უმოწყალოდ მოჭრილ სხეულის პატიოსან ნაწილებს მიწაზე აქეთ-იქით დაა-თრევდნენ.
მთავარ მოწამე ბიძინას კი სხეულზე მხოლოდ თავიღა ჰქონდა უვნებელად დარჩენილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და გონებით განუწყვეტელად ფსალმუნებდა. „ბაგითა და თუალითა აჩუენებდეს ნიშსა ლოცვისასა და შემწედ ხადოდა შეწევნასა მას ყოველთასა“. ნახა ერთ-ერთმა მტარვალმა, რომ კიდევ ლოცულობდა და გაპობილ სხეულში ჩახედა, სადაც ცხადად ჩანდა მისი „უშინაგანესი ასონი და იხილა გული მისი, რამეთუ იძრვოდა ჩუეულებისაებრ და მიმოკრთებოდა და ეგონება თუ სიყუარულითა ღმრთისაითა, რომლითა ცეცხლებრ ეგზებოდა და ზეშთა ჰყოფდა ყოველთა მათ ტკივილთა“. და გაკვირვებულმა ხმა მაღლა იბღავლა: ნახეთ, მისი გული კვლავ ჩვეულებრივად ძგერს, ასეთმა სასტიკმა ტანჯვამ და ტკივილმა ვერ მოკლაო. განრისხებულმა აიღო ლახვარი და ჯერ გული გაუპო, შემდეგ კი თავი მოჰკვეთა.
წმინდა ბიძინას წვრილად დაჭრილი ნაწილებიც იქ მიმოფანტეს, სადაც წმინდა ელიზბარისა და შალვას თავ-მოკვეთილი სხეულები „უპატიოდ“ ეყარა ღია ცის ქვეშ და ვერვინ ბედავდა მიახლოებას უსჯულოთა შიშით. მაგრამ ღმერთმა განადიდა თავისი მადიდებლები და იმავე ღამეს „პატივად მოეფინა ნათელი ბრწყინვალე სამთავე მათ გუამთა ზედა წმიდათა, სახილველად ყოველთა მიერ“. და ისე ანათებდა, შორიდან გეგონებოდა ჩირაღდნები აანთესო, „სადა იგი მიცხებულ იყუნეს სისხლნი იგი ქრისტესთვის დათხეულნი მუნ თითოეულსა ადგილსა კამკამებდა ნათელი იგი. ხოლო რომელთა იხილეს ესე, ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა, რომლისათვის ესენი მოიკლნეს“. გათენებისას, როცა ნანახით განცვიფრებულმა ჯალათებმა და იქ მყოფმა სხვა სპარსელებმა იქაურობა დატოვეს, ფარულად მივიდნენ იქ მცხოვრები სომხები, მოწამეთა სხეულის ნაწილები შეაგროვეს და თავის ეკლესიაში დამარხეს, „სადა იგი ჰყოფდეს ნაწილნი იგი წმიდანი მრავალთა კურნებათა“.
წმინდა შალვას ღმრთისმოყვარე მეუღლემ - ქეთევანმა (ზაალ არაგვის ერისთავის ასულმან) და მათმა ძემ, დავითმა „სპარსეთს წარავლინეს სარწმუნო კაცნი მოხმად ნაწილთა მათ ქრისტესვნებულთა წმიდათასა“. მათ კი სამარხი გახსნეს და იხილეს, რომ სამივეს სხეული განუყოფელად და განუხრწნელად იყო შეერთებული, ხოლო მოწამეთა თავები ვეღარ იპოვეს, რადგან სომხებსა და ფრანგებს ერთმანეთში გაუყვიათ და სხვაგან დაუკრძალავთ. როდესაც წმინდა ნაწილები „საკურნებელად სნეულებათა ჩუენთა“ ქართლში ჩამოაბრძა-ნეს, წმინდა მოწამეთა ოჯახის წევრები, „მღვდელთმთავარნი კრებულითურთ“ და ერნი მრავალნი „გალობითა და კმევითა სურნელთაითა“ წინ მიეგებნენ, და „შეიტკბობდეს და ამბორს უყოფდეს“. ხოლო იმის გამო, რომ არცერთს თავი არა ჰქონდა, ერთმანეთისაგან ვერ გაარჩიეს. ამიტომ ერთად და განუყოფელად, ერთ სამარხში დაკრძალეს, ქსნის ერისთავთა საგვარეულო იკორთას, „დაბალსა მონასტერსა შინა მთავარანგელოზთასა, ჩრდილოთ კერძო, დამართებით წინაშე სუეტისა“.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა ბიძინა, შალვა და ელიზბარი და მათი ხსენების დღედ 18/IX ახ. 1/X დაადგინა.
იკორთა მდებარეობს გორიდან ჩრდილოეთით 25 კმ-ის დაშორებით, მდინარე მეჯუდასთან. იგი იყო ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია შიდა ქართლში. სოფლის განაპირას მთის კალთაზე აღმართული იკორთის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს მაღალი ოსტატობით და გამოირჩევა მრავალფეროვანი დეკორით. ე. თაყაიშვილის აზრით სამთავისიც კი ვერ შეედრება ამ მხრივ იკორთას. XIV ს-ში ტაძარი განუახლებია იოანე ერისთავს, ხოლო XVII ს-ში შეუკეთებია იესე ქსნის ერისთავს.
სამწუხაროდ ქართველ კაცს დღეს არა აქვს საშუალება თავისუფლად ილოცოს იკორთის დიდებულ ტაძარში, ვერც წმინდა მოწამეთა საფლავს მიეახლება, რადგან ტაძარი ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზეა და მასში წირვა-ლოცვა არ აღესრულება (თუმცა ქართველებიცა და ოსებიც ფარულად დადიან იკორთის ტაძარში და ლოცულობენ).
წმინდა და სანატრელი მოწამენი ბიძინა, შალვა და ელიზბარი, ვითარცა მიურულებელნი მცველნი და გუშაგნი მტრის ხრიკებითა და ჩვენი სიგლახაკითა და უძლურებით დაკარგული ძირ-ძველი ქართული მიწა-წყლისა, ცოცხალ მაგალითს გვაძლევენ ქრისტესადმი შეუდრეკელი სიყვარულისა, და სულ უფრო გვამტკიცებენ იმ რწმენაში, რომ თუ ქრისტეს ერთგულება გვექნება, ვერავითარი გარეგანი მტერი, რაგინდ უზომოდ მძლავრიც იყოს ჩვენთან შედარებით, ქართველებს ვერ მოგვისპობს ენასა და სარწმუნოებას, ვერ წაგვართმევს წინაპართა სისხლით გაპოხიერებულ მიწა-წყალს, ვერ მოგვწყვეტს ჩვენს სახელოვან წარსულს, ვერ დაგვიკარგავს მამა-პაპათა სულიერ სიმდიდრეს, ვერ გაგვანადგურებს, როგორც ერს, ვერ მოგვწყვეტს სამშობლოს გულ-მკერდიდან და ვერ დაგვაყენებს მოსპობისა და გადაგვარების გზაზე.
გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა