თეიმურაზი ვარაუდობდა, რომ ოსმალეთის ლაშქარი, რომელიც ალეპოს მიდამოებში იყო განლაგებული, შეტევას დაიწყებდა მაგრამ, მას იმედები არ გაუმართლდა, კახელმა თავადებმაც აღარ მოისურვეს შაჰ-აბასის უზარმაზარ არმიასთან შებმა, და თეიმურაზი იძულებული გახდა თავისი ამალით იმერეთს გადასულიყო. „გარნა გაჰყვნენ დიდნი და მცირედნი დედა-წულითურთ“.
ქვეყანა უდიდესი განსაცდელის წინაშე დადგა. ირანელ მოლაშქრეებს ნაბრძანები ჰქონდა ქართველთაგან არც ერთი ცოცხალი არ გაეშვათ, ქალები და ბავშვები ტყვედ წამოეყვანათ, ხოლო ქონება, რაც ხელში ჩაუვარდებოდათ, მუსლიმანთა დავლა იქნებოდა. ქართველები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ მრავალრიცხოვან მტერთან ვერას გახდნენ. ქალაქი ძაგემი (ზაგემი), რომელიც ჰერეთში, ახლანდელ საინგილოში, ზაქათალას მახლობლად მდებარეობდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო, სპარსელებმა სრულიად აღგავეს პირისაგან მიწისა. „მოსრა, მოსტყვენა, აჰყარნა და მოაოხრა ეკლესიანი, ხატნი და ჯვარნი შეჰმუსრნა და დაამტვრია, რაოდენი დაუშთა პირველ და წარმოიღო ნაცარცვი და ნატყუენავი მისი და სამკაულნი მათნი ჰყო ხარჭათა თვისთა აღსამკობელად“.
აღნიშნული ოთხი შემოსევის დროს (1614-1617) კახეთმა უდიდესი და გამოუსწორებელი ზარალი ნახა: თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, დარჩენილმა ნაწილმა „ტყეებსა და ჯაგებს“ შეაფარა თავი. ასი ათასამდე მტერს შეაკვდა, „რომელნიმე ლეკთა ამოსწყვიტეს და დაატყვევეს და რომელნიმე მორჩეს თუშეთს, ფშავს და ხევსურეთს“. ხუთასი ათასი შეიპყრეს, ცოლ-შვილიანად აჰყარეს, წაასხეს.... და ირანის შიდა პროვინციებში: საზანდარას, ხვარასანსა და ფერიას (ფერეიდანს) მიმოჰფანტეს.
XVII ს-ის ევროპელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე აგვიწერს ქართველთა ირანში გადასახლების ამბებს: „რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელ გადასახლებას, რამდენი სიკვდილი, საშინელი გაჭირვებისაგან, რამდენი წყვეტა-ჟლეტა... რა გახრწნა, რა ძალდატანება... რამდენი ბავშვი მოჰგლიჯეს დედის ძუძუს და დაჰყარეს გზებზედ მხეცების შესაჭმელად, ცხენებისა, აქლემებისა და ჯორების ფეხქვეშ სასსრესად. რამდენი დააშორეს მამა შვილს, ცოლი ქმარს, და ძმას და გაჰფანტეს ერთი ერთმანეთისაგან შორი შორს ქვეყნებში, ისე, რომ ეს საწყლები საუკუნოდ იყვნენ იმედგაწყვეტილნი, ენახათ კიდევ როდესმე ერთმანეთი. რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა პირუტყვზე უფრო იაფად. რამდენი სხვა ამისთანები ხდებოდა ღირსი სიბრალულისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლი“. კახეთი - საქართველოს ეს მდიდარი და აყვავებული კუთხე დაინგრა და მიწასთან იქნა გასწორებული“, კახეთის დაცარიელებამა და დასუსტებამ შესაძლებლობა მისცა ლეკებს მის ტერიტორიაზე ჩამოსახლებულიყვნენ. ასე ჩამოყალიბდა ჭარისა და ბელაქნის უბატონი თემები, რომელიც ირანელი დამპყრობლების ერთგვარ დასაყრდენს წარმოადგენდა საქართველოში.
შაჰ-აბასმა კახეთი ორად გაჰყო - ივრის აღმოსავლეთი მხარე განჯის მმართველს ფეიქარ-ხანს ჩააბარა, ხოლო დასავლეთი ქართლის განმგებელს - ბაგრატ-ხანს. დაცარიელებულ კახეთში თურქმანების ჩამოსახლება დაიწყეს. კახეთის გაუკაცრიელების შემდეგ შაჰ-აბასი ქართლში გადავიდა, თეიმურაზის მომხრე თავადთა მამულები დაარბია და ქართლის თავად-აზნაურთა შვილების დიდი უმრავლესობა თავის ჯარში გაიწვია, ტყვეებიც დიდი რაოდენობით იგდო ხელთ და გამარჯვებული ირანში დაბრუნდა.
თეიმურაზი კი არათუ შედრკა, არამედ ყიზილბაშთა წინააღმდეგ დიდ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა და შეეცადა ოსმალთა ჯარის დახმარებით მიეღწია თავისი მიზნისათვის. მან დახმარებისთვის რუსეთსაც არა ერთხელ მიმართა (1615, 1618, 1624 წ.წ.). რუსეთი შეეცადა დიპლომატიური გზებით ზეგავლენა მოეხდინა შაჰ-აბასზე, რათა მას თეიმურაზი და ლუარსაბი თავიანთ სამეფოებში დაებრუნებინა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, დრო კი არ ითმენდა. იმერეთის სამეფო კარზე მყოფმა შეჭირვებულმა თეიმურაზმა (იმერეთში დაწყებული შიმშილობის გამო) დახმარება სთხოვა ხონთქარს და მანაც გონია და ახალციხის რამდენიმე სოფელი უბოძა. თეიმურაზი ახალციხეში გადავიდა და თავის ნათესავს (დედის მამიდაშვილს), მანუჩარ ათაბაგს ეწვია . შემდეგ „განიზრახა სტამბოლში წასვლა, ვინაიდგან აღეთქვა ხონთქარს შეწევნა“ და აუწყა ათაბაგს, ხოლო ათაბაგმა მისცა მას ოლთისი. თეიმურაზმა დედოფალი ხორეშანი და დედაწულნი კახთა“ ოლთისში დააბინავა, მათ ნოდარ სახლთუხუცესი დაუტოვა და შვიდასი კაცით სტამბოლს გაემგზავრა.
როდესაც შაჰმა თეიმურაზის თურქეთში წასვლა შეიტყო, ძლიერ განრისხდა და 1618 წელს თეიმურაზის ვაჟები - ლევანი და ალექსანდრე, რომელთაც ტყვეობაში ქეთევან დედოფალი ზრდიდა, ისფაჰანს ჩააყვანინა და დაასაჭურისებინა, რის შედეგადაც უმცროსმა ვაჟმა ვერ გაუძლო ტანჯვას და გარდაიცვალა, ხოლო უფროსი ჭკუიდან შეიშალა. (არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, ისინი არ მომკვდარან, არამედ აღიზარდნენ მაჰმადიანურ წესზედ და მტკიცედ იცავდნენ მას). შაჰის მხრიდან თეიმურაზის შვილების მიმართ ჩადენილი მხეცობის შესახებ ქეთევან დედოფალმა არაფერი იცოდა, რადგან იმამ ყული ხანი უნდილაძე დიდი პატივით ეპყრობოდა და არ სურდა დაემძიმებინა მისთვის ისედაც მწუხარე გული. დედოფალთან შეხვედრის წინ პიეტო დელა ვალე გაუფრთხილებათ, რომ შვილიშვილების შესახებ არაფერი ეთქვა.
ამასაც არ დასჯერდა ცბიერი შაჰი და ერევნის ხანს, ამირ-გუნახანს უბრძანა ოლთისში მყოფი თეიმურაზის ოჯახი* (*თეიმურაზს ხორეშანთან შეეძინა ოთხი შვილი: დარეჯანი (ცოლი ზურაბ ერისთავისა, შემდეგ იმერთა მეფის გიორგის ძის ალექსანდრესი); დავითი იგივე დათუნა (1648 წ.ყიზილბაშებმა მოკლეს ს. მაღაროსთან); თინათინი (შაჰ-სეფის მეუღლე) და ქეთევანი (ჯერ ადილ-შაჰის, შემდეგ იბრაჰიმ-შაჰის მეუღლე)) ტყვედ აეყვანა და მისთვის გაეგზავნა. მაგრამ საბედნიეროდ დედოფალმა ხორეშანმა სიზმრისეული ხილვით შეიტყო განსაცდელის მოახლოების ამბავი და ციხეში გამაგრდა, „ხოლო განთიადს დაესხა ამირ გუნახანი სპითა და, ვითარ ვერღარა რაი პოვა, უკუნ-იქცა და წარვიდა“. შეიტყო ეს ამბავი ნოდარმა, რომელიც იმ დროს სხვაგან იმყოფებოდა, ერევნის ხანს დაეწია და სასტიკად დაამარცხა, ალაფი აიღო და გამარჯვებული დაბრუნდა დედოფალთან. ამ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს ქართველმა ებრაელებმაც.
სულთანმა მუსტაფამ დიდი პატივით მიიღო თეიმურაზი, ჯარით ვერ დაეხმარა, მაგრამ მოსცა სარჩოდ სანჯახები (ადმინისტრაციული ერთეულია) და მრავალი წყალობა უყო“. თეიმურაზი ცოლ-შვილთან დაბრუნდა, ხოლო ცოტა ხანში გონიოს გაემგზავრა.
1623 წელს შაჰ-აბასმა კვლავ განაახლა ომი თურქეთთან. მან დაიკავა ბაღდადი და მთელი არაბული ერაყი (სპარსეთის ერაყს ირანის ცენტრალურ ნაწილს უწოდებდნენ). მალე ირანის მფლობელობაში მოექცა ქალაქები: მოსული და ბასრა, შიიტების წმინდა ადგილები - ნეჯეფი და ქერბალა. მან აღმოსავლეთშიც გაილაშქრა და თავის ქვეყანას შემოუერთა ყანდაჰარი, რომელიც ინდოეთის „დიდი მოღოლების“ მფლობელობაში იყო მოქცეული.
1623 წელს თეიმურაზმა რუსთა მეფისაგან კვლავ ითხოვა დედის გამოხსნაში დახმარება. მანაც შაჰს ელჩობა აახლა და ქეთევან დედოფალის განთავისუფლება და ელჩებთან ერთად მოსკოვში გაგზავნა სთხოვა. შაჰი ელჩის საპასუხოდ ასე მოიქცა: ირანში არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც გამაჰმადიანებულ ქრისტიანს ნება არ ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებისა; ეს რელიგიური კანონი მკაცრად იცვებოდა. ქეთევანი თუ გამაჰმადიანდებოდა, მას ირანის კანონების თანახმად ირანიდან წასვლის ნება არ მიეცემოდა, ხოლო ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასჯიდნენ, შაჰი ელჩებს ეტყოდა, რომ იგი გარდაიცვალა. პიეტრო დელა ვალეს აზრით, შაჰმა საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვის ელჩების მასთან ჩამოსვლის შემდეგ მიიღო: ქეთევან დედოფალი ან უნდა გაემაჰმადიანებინა, ან უნდა მოეკლა. მან ელჩები პასუხის მოლოდინში თავისთან დაიტოვა, და ამავე დროს საიდუმლოდ და სასწრაფოდ სამი კაცი შირაზში გაგზავნა სპეციალური მისიით: ისინი უნდა მისულიყვნენ ქეთევან დედოფალთან და წინადადება მიეცათ მისთვის, უარეყო თავისი სარწმუნოება და მიეღო მაჰმადიანობა. მაგრამ, თუ იგი შაჰის ამ წინადადებას არ მიიღებდა, წამებით უნდა მოეკლათ. შაჰის ემისრები ისე სწრაფად გაემართნენ შირაზისკენ, რომ რვა დღის მანძილი ექვს დღეში დაფარეს.
ქეთევან დედოფალი ათი წელი იტანჯებოდა „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვითა და ხმელზე წოლით გაილია მისი სხეული, მაგრამ მაინც მხნედ იყო და დიდად ზრუნავდა მის განმგებლობაში მყოფ ქართველებზე. დედოფლის წამებამდე ხუთი წლით ადრე, სპარსელებმა მის მოძღვარს - მამა მოსეს ცილი დასწამეს და სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანეს, ხოლო დასჯის წინ შესთავაზეს განდგომოდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და მაჰმადიანობა მიეღო. მან ამაზე უარი განაცხადა და იგი საშინელი წამებით მოკლეს, „ქვებისა და დაშნების დარტყმით განგმირული ნაკუწ-ნაკუწ აქციეს“. თუმცა მისი მოკვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ, იგი წარმართავდა ორი ახალგაზრდა უფლისწულის, თეიმურაზ მეფის შვილების, ლევანისა და ალექსანდრეს ცხო-ვრებას. ზრდიდა მათ და ასწავლიდა ქრისტიანული სარწმუნოების წესებს. ამავე დროს დედოფალსაც განამტკიცებდა ქრისტიანობაში. მამა მოსეს სიკვდილის შემდეგ ქეთევანთან დარჩა მეორე მღვდელი - მამა გიორგი, რომელიც ასევე თავდადებულად ემსახურებოდა დედოფალს და სულიერად ამხნევებდა მის ამალას.
იმამ ყული ხანმა, როგორც კი მიიღო შაჰის ბრძანება ქეთევანის წამებით მოკვლის შესახებ, მოციქულის პირით შაჰს ასე შეუთვალა: წლოვანი დედაკაცი არის და ეხლა ეს აღარ გათათრდებაო, რაში გჭირდებათ ამის გათათრება, თავი დაანებეთ, თქვენთვის სირცხვილიც არის ამისი სიკვდილიო. იგი თავის საპატიო სტუმარს სამი თვე არ უმხელდა შაჰის ვერაგულ ჩანაფიქრს. შაჰ-აბასს ეწყინა და კვლავ შეუთვალა: მე რაც გიბრძანე, ის აღასრულეო. მაშინ იმამ ყული ხან უნდილაძემ აუწყა დედოფალს შაჰის სურვილი, რაც მდგომარეობდა შემდეგში: კახეთის სამეფოს კანონიერ დედოფალს ქრისტიანული სარწმუნოება უნდა უარეყო, მაჰმადიანობა მიეღო და შაჰ-აბასის ერთ-ერთი ცოლი გამხდარიყო, სამაგიეროდ მის შვილს - თეიმურაზს კვლავ კახეთის მეფედ სცნობდა. შაჰს ამ მოულოდნელი წინადადებით - წერს ამბროსიო დუშ ანჟუში - დედოფალი ერთ ხანს გაოგნებული დარჩა... მაგრამ მან გონება მოიკრიბა და იმამ ყული ხანს მოკლედ და გაბედულად უპასუხა: „რადგან დაბადებული ვარ ქრისტიანი დედმამისაგან და ქრისტეს სარწმუნოებაში ვარ აღზრდილი, ამიტომ მზად ვარ მოვკვდე ამ რწმენით...“ ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როდესაც წმინდა ქეთევანმა თავისი შვილიშვილების ამბავი შეიტყო.
ამის შემდეგ, არა ერთხელ მივიდა იმამ ყული ხანი ქეთევან დედოფალთან და შეახსენა შაჰის დაპირება, მაგრამ ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა. მან ჩვეულებრივზე მეტად თავი მისცა ლოცვას და ზიარებასაც ხშირად ღებულობდა. რამდენადაც უფრო ძალას ატანდნენ, იმდენად უფრო მტკიცე ხდებოდა დედოფლის გადაწყვეტილება. ამიტომ შაჰის ბრძანებით იგი ჩაამწყვდიეს ერთ ბნელ საკანში, შეუწყვიტეს მომსახურება, აუკრძალეს თანმხლებ პირებთან შეხვედრები და საუბარი... ხოლო როდესაც გაიგეს, რომ ქეთევანს გადაწყვეტილება არ შეუცვლია, ბოძზე მიაკრეს და წელამდე გაშიშვლებული სასტიკად ისე სცემეს, რომ სისხლი ღვარად სდიოდა. მიუხედავად ამისა ერთხელაც არ დაუკვნესია. არქანჯელო ლამბერტი წერს: „მას თვალწინ ედგა გამათრახებული ქრისტე და უფრო მეტი სურვილი აღეძრა, რომ მონაწილე გამხდარიყო მისი ტანჯვისა, ვიდრე სპარსელების სიმდიდრისა. იგი ჯალათს დამშვიდებით ეუბნებოდა, რომ ამაოდ ირჯებოდა, ცემის სა-შუალებით სარწმუნოების საკითხში მისგან ვერავითარ დათმობას ვერ მიიღებდნენ. ასეთი წამების მიუხედავად დედოფალი მზად იყო არა მხოლოდ ერთი, არამედ ათასი სიცოცხლეც რომ ჰქონოდა ქრისტესთვის დაეთმო“.
და აი, დადგა უკანასკნელი დღეც. დედოფალს მოახსენეს შაჰის ბრძანება: ან მიიღებს მაჰმადიანობას, თუ არადა მოემზადოს სასტიკი წამებისათვის, რაზეც ბრძანება უკვე გაცემულიაო. ქეთევან დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი მამა ამბროსიო დუშ ანჟუში წერს: „სპარსელები გააოცა ქეთევან დედოფლის დამშვიდებულმა გამომეტყველებამა და პასუხმა, რომ შეასრულონ მათი მბრძანებლის დავალება, რამდენადაც იგი მზადაა უფლის წყალობით აიტანოს ყოველგვარი მკაცრი წამება, მაგრამ შეინარჩუნოს სარწმუნოება, რომელსაც იგი ბუნებრივად სთვლის და არ სცნობს მაჰმადიანობას. შემდეგ დასძინა: შაჰს შეუძლია დაჭრას მისი სხეული, მაგრამ ვერ შეძლებს ზიანი მიაყენოს მის სულს, რასაც ჩვენ გვასწავლის სახარება, და წარმოსთქვა წმინდა მათე მოციქულის სიტყვები: „და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკლვად, არამედ გეშინოდეს მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“. „უპასუხა რა ასეთი მეფური ღირსებით, ქეთევან დედოფალმა მათ სთხოვა მისთვის მიეცათ საშუალება სამლოცველოში განმარტოებისა. ისინი დათანხმდნენ და იქ, თავის სამლოცველოში, ქეთევან დედოფალი დაეცა მუხლებზე, რათა მხურვალედ და მოკრძალებით, ცრემლებით ელოცა ღმერთზე, რათა უფალს მიეცა მისთვის ძალა და გამბედაობა მოწამეობრივისა სიკვდილისა... დაამთავრა ლოცვა, წამოდგა, შეხედა თავის სამლოცველოს კედლებზე განლაგებულ წმიდათა ხატებს, შესთხოვა მათ ყოფილიყვნენ მისი დამცველნი უფლის წინაშე... ამის შემდეგ პირში ჩაიდო ნაკურთხი პურის ნატეხი, სწრაფად გამოვიდა სამლოცველოდან და წავიდა ხალხით გაჭედილ მოედანზე შაჰის ემისრებისაკენ, რომლებიც მას უკვე ელოდებოდნენ“ - წერს ევროპელი მისიონერი.
წმინდა ქეთევანის სილამაზით დატყვევებული შაჰის ემისრები შეეცადნენ ტკბილი სიტყვებით დაერწმუნებინათ იგი შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება, თავი შეებრალებინა და მაჰმადიანობა მიეღო, მაგრამ ამაზე დედოფალმა მეტად დამაჯერებლად და მტკიცედ უპასუხა: ვერც დაპირებით, ვერც მუქარით, ვერც სიმდიდრითა და ვერც წამებით, „არა შესაძლებელ არსო მათგან, შეცვალებაი ჩუენისა კეთილმსახურებისა, რომელსაცა შევსწირავ ღმრთისადმი ჩუენისა“. ამის შემდეგ შაჰის ემისრებმა მოუხმეს ორ ჯალათს, რომლებიც იქვე, ქეთევან დედოფლის ბაღში იცდიდენ. ამბროსიო დუშ ანჟუში წერს: ისინი მოვიდნენ, მოიტანეს ორი მაყალი სავსე გავარვარებული ნახშირით, რომლებშიც ჩაყრილი იყო რკინის მარწუხები, და მოემზადნენ დედოფლის წამებისთვის. მათ უბრძანეს ყველას, სახლიდან გამოსულიყვნენ (რომლებიც იქ დასტიროდნენ დედოფლის ბედს), რათა ქეთევან დედოფლის საშინელი წამებისთვის ეყურებინათ და ისლამი ეღიარებინათ. მაშინ დედოფლის „მხევალთა მათ საწყალობელთა, მხილველთა საშინელთა მათ და ყოვლად საზარელთა სატანჯველთა რკინისა და ცეცხლისათა იწყეს გოდებად, თმათა მოფხურად და ღაწუთა დახოკვად“ და მაჰმადიანთა სასიხარულოდ უარყვეს ქრისტე. ქეთევანი კი ევედრებოდა მათ, რაითა მასთან ერთად ვნებულიყვნენ და ცათა სასუფეველშიც ერთად წასულიყვნენ. მაგრამ ისინი თვითონ სთხოვდნენ დედოფალს, „რაითა შეიწყალოსმცა ყოვლად მშუენიერ თავი თვისი და არა მიიღოს მწარენი იგი მძვინვარებანი ტანჯვათანი“. ამის შემდეგ მოედანზე დედოფლის მოძღვარი, მღვდელი გიორგი გამოიყვანეს და მანაც „სატანჯვე-ლთაგან მძრწოლარემან უარყო ქრისტე“. დედოფალმა ამხნევებდა შეშინებულ მღვდელს და ურჩევდა, მტკიცედ დაეცვა ქრისტეს სარწმუნოება - რისი გეშინია, მამაო, მრავალმა დაითმინა ასეთი სატანჯველნი, დრო ხომ ისე სწრაფად გარბის, რომ ვერავინ ამ ქვეყანაზე საუკუნოდ ვერ დარჩება, ამიტომ უმჯობესია ჩვენ თვითონ მივისწრაფოთ ყოველთა განსასუენებელისაკენ. არ გახსოვს „რაი უყვეს ძესა ღმრთისასა, ვითარ იგი წმიდანი ხელნი და ფერხნი მისნი ძელსა ზედა დამსჭვალნეს“. ჩვენც მოვითმინოთ ტანჯვანი, რათა ჩვენც ვეზიაროთ ქრისტეს ვნებებს. „მაშინ ყოველნი იძლინეს (ქრისტე უარყვეს) თანა მსახურნი და მხევალნი წმიდისანი და თვით საწყალობელიცა იგი ხუცესი“ - ასე მოგვითხრობს მეფე თეიმურაზიო, სწერს ანტონ კათალიკოსი და მისი მოთხრობილისა უფრო მჯერავსო.
ჯალათები ეცნენ წმინდა ქეთევანს და მუსულმანური კანონის მიხედვით მოინდომეს მისთვის ხელების უკან შეკვრა, მაგრამ დედოფალმა ამაზე წინააღმდეგობა გაუწია, და ითხოვა ხელები ქრისტიანული წესის თანახმად წინ შეეკრათ, რათა საჭიროების შემთხვევაში ზეცისკენ, უფლისკენ აღემართა. როდესაც მტანჯველნი ხელით შეეხნენ ლოცვად დამდგარ მოწამეს და ტანსაცმლის შემოძარცვა დაუპირეს, შეხედა მათ და უთხრა: თქვენც დედის ნაშობნი ხართ და სიშიშვლით ნუ შეურაცხმყოფთო. „სასტიკმა ჯალათებმა მაშინვე დაიწყეს უსათნოესი დედოფლის წამება. ჯერ მას თავზე დაადეს გავარვარებული სპილენძის ჭურჭელი, შემდეგ იგი ჩამოაცურეს მის ლამაზ სახეზე და გავარვარებული მარწუხებით ხორცს გლეჯდნენ სახიდან, ჯერ მარჯვენა ლოყიდან, ხოლო შემდეგ - მარცხენიდან. მათ იგი წელამდე გააშიშვლეს და გავარვარებული მარწუხებით უწვავდნენ მკერდს და ბოლოს ორივე ძუძუ მოჰგლიჯეს. წმინდა დედოფალს ტანჯავდა ისიც, რომ იგი წელს ზემოთ შიშველი იყო იმდენი დამსწრე მამაკაცის წინაშე და თუმცა მას ართმევდნენ სიცოცხლეს, მაგრამ ამავე დროს ფეხქვეშ თელავდნენ მის პატივს, რომელსაც იგი ყოველთვის ყველაზე მაღლა აყენებდა და წამების დროს მან ერთხელ ამოიოხრა. იგი სირცხვილისაგან იტანჯებოდა, რადგან ტანზე ეცვა მხოლოდ საწმერთული (რომელსაც მის სამშობლოში ქალები ტანისამოსის ქვეშ ატარებენ). ბოლოს დაიწყო ყველაზე საშინელი წამება: ჯალათები რკინის მარწუხებით წვავდნენ მთელ მის სხეულს. ასეთი წამებით დაუძლურებული დედოფალი დაეცა. დაინახეს რა მიწაზე დაგდებული, ჯალათებმა თოვლივით ქათქათა მის სხეულს მუგუზლები დააყარეს, ეს იყო ნამდვილი სავარდე, რომელიც ანგელოზებსაც კი შეშურდებოდათ. ერთხანს იწვოდა დედოფალი, რომელმაც ყველაფერი გადაიტანა გასაოცარი, გაუგონარი სიმტკიცით, მაგრამ რამდენადაც ქეთევან დედოფალი კიდევ სუნთქავდა, ჯალათები ეცნენ ყელში და ხელებით დაახრჩვეს (სხვა ვერსიის თანახმად საბლით მოაშთვეს). „მოკვდა დიდებული დედოფალი და წამებული ქეთევანი, რომელიც მიწიერი დედოფლიდან ციური დედოფალი გახდა“ - წერს ამბროსიო დუშ ანჟუში.
ქეთევან დედოფლის წამების შესახებ ბერი ეგნატაშვილი წერს: „გაუბეს ხელ-ფეხი და გააშიშვლეს წმიდა ქეთევან დედოფალი და განხურებული გაზებით დაგლიჯეს ძუძუები და გახურებული საჯები (ტაფები) ნაგლეჯს ხორცზედან შემოაწყვეს და დაგლიჯეს. გაახურვეს ლურსმნები და დაუყარეს ქუეშე და ზედ გაატარეს, დააწვინეს და შიშველზედ ზედ შემოაყარეს ლურსმა-ნი გახურვებული. მაშინ იპობოდაო ხორცი ლურსმანთაგან, რადგან ისეთი ბასრი თავები ჰქონდათ, ხორცში ესობოდაო - იტყვის მეფე თეიმურაზი და ხორცი სცვიოდაო). კუალად განხურვებული შამფურები გაავლეს მუცელსა და ძუძუ-მკერდშიგან (მკერდიდან ზურგამდე), განხურვებული ქვაბი დაარქვეს თავსა ზედან. კუალად განხურვებულს ქუაბსა შიგან შიგ ჩასვეს და თავსაც დაახურეს და შემოაწყვეს გახურებული ბარები შუბლსა ზედა და ახეთქა თავის კეფა. და უყვეს მრავალი სატანჯველი, და ესრეთ შევედრა წმიდა სული თვისი უფალსა და შეირაცხა წმიდათა ქალწულთა მოწამეთა კრებულთა თანა“.
როგორც კი დასრულდა წმინდა ქეთევან დედოფლის წამება, უფალმა განადიდა წმინდანის გვამი. ურიცხვი ხალხის თვალწინ, რომელიც შეკრებილი იყო მოედანზე, სამი ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა ციდან და წამებულის გვამს დაადგა. იმამ ყული ხანის ბრძანებით წმინდა ქეთევანის გვამი ტომრით ქალაქს გარეთ გაიტანეს და სადღაც, ერთ უწმინდურ ადგილზე წინასწარ ამოთხრილ ღრმა ორმოში დაფლეს.
პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერები დიდხანს ეძებდნენ ქეთევან დედოფლის საფლავს, მაგრამ ამაოდ. ერთხანს მისი პოვნის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. მისიონერები ამბობდნენ, ნეტავ ვინ იქნება ისეთი ბედნიერი, რომელიც მიაგნებს ქეთევან დედოფლის საფლავს, ამოიღებს მას საფლავიდან და ასეთი ძვირფასი საგანძურით გაამდიდრებს თავის მონასტერსო?.
ასეთი ბედნიერება წილად ხვდა ზემოხსენებულ მამა ამბროსიო დუშ ანჟუშს, 3 თვისა და 13 დღის შემდეგ, მიაგნო რა ქეთევან დედოფლის საფლავს, სპარსეთის ტყვეობაში მყოფ ორ პორტუგალიელთან ერთად დაიწყო ორმოს ამოთხრა, მაგრამ დედოფლის ნეშტი ისე ღრმად იყო ჩამარხული, რომ იმ ღამეს ორმო ბოლომდე ვერ ამოთხარეს. გათენებისას ისინი იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ თხრა, რომ ვინმეს არ შეენიშნა. ღამით კვლავ განაგრძეს მუშაობა, მიაღწიეს ქეთევან დედოფლის ნეშტამდე და ამოიღეს იგი. აქ მხოლოდ ძვლებიღა იყო შემონახული, ხორცი კი, თითქმის მთლიანად დამწვარა. „ხორცის მთელი ნაწილი შერჩენილი იყო მხოლოდ მარჯვენა მკლავზე და მარცხენა ფეხზე“ - შენიშნავს ამბროსიო დუშ ანჟუში, რომელსაც ეხმარებოდა მეორე პორტუგალიელი მორჩილი ძმა პედრო დუშ სანტოში. მათ გაწმინდეს ძვლები და ერთ ყუთში ჩააწყვეს. ყუთი წაიღეს და დაასვენეს ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერში შირაზში. „უქმნეს ლუსკუმაი და მრავალთა სულნელთა უკმევდნენ“. დედოფლის წმინდა ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მრავალ სნეულს ჰკურნავდა. მაგრამ იმის გამო, რომ შირაზში, სადაც მოხდა ქეთევან დედოფლის წამება, საშიში იყო მისი ნეშტის შენახვა, ამბროსიო დუშ ანჟუშმა ორი მისიონერის ხელით ეს ყუთი ისფაჰანში ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერში გაგზავნა. აქ იგი უფრო დიდ პატივში და უფრო საიმედოდ იქნებოდა შენახული. ეს ყუთი ისფაჰანში ინახებოდა 1626 წლის მარტამდე. ამ დროს შაჰის განკარგულებით ავგუსტინელ მისიონერებს მოღვაწეობა აეკრძალათ ისფაჰანში. ყველა ავგუსტინელი მისიონერი დააპატიმრეს და ქუდმოხდილნი და ხელებშეკრულნი შირაზის გზას ისე გაუყენეს, რომ თან არაფრის წაღების უფლება არ მისცეს. მხოლოდ მათ წინამძღვარს დართეს ნება ერთი რაიმე ბარგი წაეღო. მან კი აირჩია ის ყუთი, რომელშიც ქეთევან დედოფლის ნეშტი იყო და თან წაიღო შირაზში (რა თქმა უნდა სპარსელებმა არ იცოდნენ, რომ ყუთში წმინდა ქეთევანის ნეშტი ინახებოდა). თხუთმეტდღიანი მგზავრობის დროს გამყოლები ხანდახან სცემდნენ კიდეც მისიონერებს, შირაზში კი ათი თვე სასტიკი ზედამხედველობისა და დამცირების ქვეშ ჰყავდათ. 1627 წლის თებერვალში ავგუსტინელი მისიონერები შაჰის ნებართვით კვლავ ისფაჰანში დაბრუნდნენ, წმინდა ქეთევანის ნეშტი თან ჩამოიტანეს და ისევ ავგუსტინელთა მონასტერში შეინახეს.
წმ. ქეთევან დედოფლის ნეშტის რელიკვიების სხვადასხვა ადგილებში გაგზავნის შესახებ ლაპარაკია იმავე ამბროსიო დუშ ანჟუშის „ნამდვილ ცნობებში“. ამ ცნობების“ მიხედვით ქეთევან დედოფლის მკლავის ძვალი და მარჯვენა ხელის მტევანი ქ. გოაში (ინდოეთი) გაგზავნეს და იქ, პორტუგალიელ ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერ და გრასაში, შავი ქვის კუბოში ჩადებული საკურთხევლის უკან (კაპიტოლის მეორე ნიშში) დაასვენეს. წმინდა ქეთევანის ნეშტის რომელიმე ნაწილს დაჟინებით ითხოვდა პიეტრო დელა ვალე, რომლის მეორე ცოლი - მარიამი, (იგივე წიბა, მარუჩა), წარმოშობით ქართველი იყო, კახეთიდან. პიეტრო დელა ვალეს თხოვნის შესრულების მიზნით, თვითონ მანუელ და მადრე დე დეუსი წავიდა გოაში და თან წაიღო ნეშტის ნაწილი - მეორე მკლავის ძვალი. იგი გოაში ჩავიდა 1627 წლის 14 ოქტომბერს, მაგრამ პიეტრო დელა ვალე უკვე წასულიყო იტალიაში. მან მაშინვე წერილი მისწერა პიეტრო დელა ვალეს და შეატყობინა, რომ მისთვის განკუთვნილ სიწმინდე“ მან გოაში ჩამოიტანა. ამბობენ, რომ და გრასას მონასტერს“ ჩააბარაო. 1631 წლის თებერვალში დონ პიეტრო ავიტაბილესთან ერთად რომში ჩავიდა მისიონერი, მორჩილი ძმა ანტონიო, რომელმაც პიეტრო დელა ვალეს „დიდწამებულის სამუდამო სახსოვრად“ მიართვა შესანიშნავ ბუდეში ჩასმული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი, სახელდობრ: ზედა ყბა მთლიანად, კბილების გარეშე. ეს სიწმინდე ინახებოდა პიეტრო დელა ვალეს ოჯახში, ხოლო შემდგომ თვალს მიეფარა. ნეშტის ნაწილი ავგუსტინელმა ბერებმა საიდუმლოდ რომშიც გააგზავნეს და იქ ჩასვენებულ იქნა წმინდა პეტრეს საფლავში, სადაც დღემდე ინახება ეს წმინდა ნაწილნი („მწყემსი“ 1894 წელი).
1628 წ. 13 თებერვალს ავგუსტინელი მისიონერები: ამბროსიო დუშ ანჟუში და პედრო დუშ სანტოში საქართველოსაკენ გაემგზავრნენ, იმავე წლის 11 მაისს, ხუთშაბათ დღეს, გორში ჩავიდნენ და პირდაპირ მეფე თეიმურაზის საზაფხულო რეზიდენციაში მივიდნენ, სადაც იყო მეფე, მისი მეუღლე, მთელი მისი ოჯახი და სასახლის მსახურები. თეიმურაზ მეფემ მისიონერებს მო-სვლისთანავე ჰკითხა თუ რაიმე იციან მისი დედის - ქეთევან დედოფლის ცხედრის ბედის შესახებ და უთხრა, რომ მან ამის შესახებ სამჯერ გაგზავნა დესპანები შაჰ აბასთან, ხოლო შაჰ-აბასიდან ყოველთვის იყო ერთი და იგივე პასუხი: ქეთევან დედოფლის ნეშტი საფლავიდან ამოიღეს მისიონერებმა, მაგრამ მან არ იცის ვის გაუგზავნეს იგი. ამბროსიო დუშ ანჟუშმა მეფეს მოახსენა, რომ იგი საფლავიდან მან ამოიღო და აი, ქეთევან დედოფლის ნეშტის ერთი ნაწილი აქ ჩამოიტანა. მათ თეიმურაზ მეფეს გადასცეს: თავის ქალა და მარცხენა ფეხის ძვალი, რომელსაც ოდნავ ხორცი ჰქონდა შერჩენილი და ღმრთისმშობლის ხატი, რომელზეც დედოფალი ლოცულობდა. მოგვიანებით ეს ხატი რუსეთში ერთ-ერთ ლავრაში გამოჩნდა და იქაც იდუმალებით მოცულ ვითარებაში დაიკარგა. შემდეგ ირლანდიის სამეფო კარამდე მიაღწია, იქიდან კი სამხრეთ საფრანგეთში ქ. მონპელიეში მანუელ და ბარბარა ლუსტალიების კუთვნილება გახდა. 2003 წ. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ხატის საქართველოში დაბრუნება მოახერხა ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარმა - გიორგი რაზმაძემ და ტაძარში დააბრძანა.
თეიმურაზ მეფის ბრძანებით, მეორე დღესვე გორში მოეწყო საგანგებო წირვა, რომელსაც დაესწრო მეფე, სამეფო კარის ყველა წარმომადგენელი და დიდებულები. მეფემ „კეთილმსახურებისაებრ“ დიდი პატივისცემით, საკმეველის კმევით და ქართლ-კახეთის სამღვდელოების მიგებებით, „ვითა შუენოდა დედასა და დედოფალსა“ დაკრძალა წმ. მთავარმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში, ალავერდს, როგორც ამბობენ საღმრთო ტრაპეზის ქვეშ.
XVII ს-ის ოცდაათიან წლებში თეიმურაზ I-ს ქ. თელავში დედამისის - წმინდა ქეთევან დედოფლის სახელზე აუგია პატარა ბაზილიკა. გადმოცემის მიხედვით, ამ ტაძრის აშენება დაკავშირებულია შემდეგ სასწაულთან - წამების წინ წმინდა ქეთევანს ღმრთისმშობლის ხატთან ულოცია. დედოფალს ხატი ხელიდან გასხლტომია, ცაში აფრენილა და ოქროს ძაფებით ციდან ჩამოშვე-ბულა თელავში - იმ ადგილას, სადაც დღეს წმ. ქეთევანის სახელობის ტაძარი დგას და აქ დავანებულა. ამის შემდეგ ცხრა დღეში აუგიათ ხსენებული ტაძარი. მაშინ თელავში ჯერ კიდევ არ იყო აშენებული კახთ მეფეთა სასახლე.
მეფე გიორგი XII-ემ იოანე აფხაზს „თელავსა ორჯერ გაატანა სანთლები კელაპტრები, რათა დღესა ქეთევან დედოფლისასა დაესწროს წირვის ჟამს მცირესა ეკლესიასა შინა, აღშენებულსა მუნ თეიმურაზ მეფისაგან პირველისა. ესე ეკლესია არის პირველი ნაკურთხი ქეთევან დედოფლისა წამებულის სახელზედ“.
XIX ს-ის ცნობილი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის წიგნზე „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ დართული ცნობა გვამცნობს, რომ ანჩისხატის დეკანოზს, მწერალ-მწიგნობარ სოლომონს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ამ პატარა ტაძარში გაუხიზნია ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი: „1795 წელს ზურგით გადაიტანა ხატი პირიღმრთისას და ქალაქიდამ დაუდგა ურემსა მცხეთაში და აქედან გამოსულა არაგვსა, წავიდა თელავს და დახიზნვა მუნ იგი ქეთევან დედოფლის ეკლესიასა“.
სამშობლოსა და მართლმადიდებლობისათვის წამებული ქეთევან დედოფალი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იმთავითვე წმინდანად შერაცხა და უწოდა მას დიდი მოწამე. „აღვიდა წინაშე საყდართა ყოვლად წმიდისა სამებისათა წმიდაი დედოფალი და მოწამე სარწმუნოი ქრისტეისი წელსა განხორციელებიდგან სიტყვისა ღმრთისა 1624 წელსა, თუესა სეკდემბერსა ათცამეტსა (ახ სტ. 26/IX) - აღწერათა შინა კახეთისასა იტყვის ვახუშტი ბაგრატიონი“. სწორედ ამ დღეს დღესასწაულობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ქეთევან დედოფლის ხსენებას.
წმ. ქეთევანის შირაზში ცხოვრების, მისი მოწამეობრივი სიკვდილის, და მისი ნეშტის საბოლოო ბედის უშუალო მოწმე იყო პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი მამა ამბროსიო დუშ ანჟუში. მან თეიმურაზ მეფეს დეტალურად მოუთხრო იმის შესახებ, რაც დედოფალს სპარსეთში გადახდა და, რაც მან საკუთარი თვალით ნახა. მხოლოდ ამის შემდეგ დაწერა თეიმურაზმა პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“ (იხ. ქართული პოეზია ტ III ).
ქეთევანის მოწამეობის ამბავი, სარწმუნოებისათვის თავის დადება, იმდროინდელ საქრისტიანო სამყაროში სწრაფად გავრცელდა. მოკლე ხანში თერთმეტ ენაზე შეიქმნა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები წმინდა დედოფალზე. როგორც თანამედროვეთა ნაამბობიდან ჩანს, ქეთევანი მტკიცე მართლმადიდებელი იყო და ასევე გარდაიცვალა. რის გამოც, მიუხედავად კათოლიკე მისიონერების დიდი მცდელობისა „ქეთევან დედოფლის წმინდად აღიარებაზე რომის ეკლესიამ თავი შეიკავა“. ქეთევანს რწმენა რომ შეეცვალა და კათოლიკობა მიეღო, მაშინ აღარც რუსი ელჩები იქნებოდნენ ქეთევანის ბედით დაინტერესებულნი, რომელთაც სურდათ კახეთის დედოფალი მოსკოვში წაეყვანათ. შაჰი მათ ქეთევანის მიერ მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფის შესახებ აცნობებდა და რაც მთავარია, ევროპელთა გავლენით კათოლიკე ქეთევანს აღარ აწამებდა (ევროპა მისი პოლიტიკური მოკავშირე იყო ოსმალეთთან ომში). 1640 წელს ამბროსიო დუშ ანჟუშმა თავის მოხსენებით ბარათში აღიარა, რომ ქეთევან დედოფალი სამუდამოდ თავისი ეროვნული ეკლესიის ერთგული დარჩა.
მაჰმადიანებისაგან ქეთევან დედოფლის ხორციელ წამებასა და მოკვდინებას არანაკლები განსაცდელი უსწრებდა წინ - კათოლიკე მისიონერთა მცდელობა - ტკბილი სიტყვით განედრიკათ იგი ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან. თუმცა ისინი დედოფალს ადამიანურად თანაუგრძნობდნენ, დიდად პატივს სცემდენ, მისი წმინდა ნაწილების გადარჩენისათვისაც დიდი ამაგი გასწიეს და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ როგორ შეარყევდა ქართველი კაცის სარწმუნოებას, ქეთევან დედოფალი რომ მართლაც კათოლიკედ აღსრულებულიყო, რადგან ქართველი ერის ამ საშინელი განსაცდელის ჟამს, მართლმადიდებლობის შენარჩუნებისას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მაგალითის ძალას. მაღალი ფენები: მეფე-დედოფლები, მთავრები, თავად-აზნაურობა და მათი ოჯახის წევრები სამაგალითონი იყვნენ მოსახლეობის დაბალი, მრავალრიცხოვანი ფენებისთვის. თუ მაღალი ფენები ქრისტიანობას იცავდნენ, დაბალი ფენებიც ასევე იქცეოდნენ, მაღალი ფენების გამაჰმადიანე-ბას დაბალი ფენებიც გამაჰმადიანებით პასუხობდნენ. ასე მოხდა თურქთა მიერ დაპყრობილ სამცხე-საათაბაგოში, რომლის მმართველსაც უკვე ათაბაგი კი არა, ფაშა ეწოდებოდა: „მოკვდა უსუპ-ფაშა, მის ადგილზე დაჯდა მისი ძე როსტომ-ფაშა, ნაშობი მხევალისაგან. გამოგზავნა კაცი ხონთქარმან და მის მეუღლეს მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა. ქალი შეძრწუნდა და თავის მოკვლის მიზნით კლდეზე გადაჩეხვა დააპირა, მაგრამ არ დაანებეს. ამის შემდეგ საშინელი გადაწყვეტილება მიიღო და თურქებს უთხრა: „თუ მთელ საათაბაგოში ყველა ქალსა და კაცს გაათათრებთ, მეც თანახმა ვიქნებიო, ხოლო უკეთუ არა, თავს მოვიკლავო“. და როდესაც ყველა გაათათრეს (გაამაჰმადიანეს), მანაც შეიცვალა რჯული. მაშინ ღმრთის რისხვა დაატყდა სამცხე-საათაბაგოს: შებილწეს წმინდა ეკლესიები და მონასტრები და ბოსლებად აქციეს. სამღვდელო კრებულმა, ეპისკოპოსებმა და მოწესე კაცებმა დატოვეს თავისი სამყოფელი, წმინდა ჯვარ-ხატნი და ნაწილნი წამოიღეს და საცხოვრებლად ზოგი ქართლ-კახეთში, ზოგიც გურია-იმერეთში გადავიდნენ“.
წმინდა ქეთევან დედოფალმა კი თავისი მაგალითით იხსნა სრულიად საქართველო გამაჰმადიანებისაგან და თავისი მოწამეობრივი სიკვდილით გაამხნევა სასოწარკვეთილი ქართველობა. შეიძლება ითქვას, რომ მამული და ერი სულიერ-ხორციელად მოსპობისაგან და სხვა ხალხებში ასიმილაციისაგან წმ. ქეთევანის, წმინდა ლუარსაბ II-ის, სხვა წარჩინებულთა და საეკლესიო მოღვაწეთა თუ ერისკაცთა ქრისტესადმი თვითშეწირვამ გადაარჩინა. მათი შუამდგომლობით არ აღიგავა პირისაგან მიწისა მრავალწამებული ქართველი ერის სახსენებელი. მათ სისხლზე, მათ წმინდა ნაწილებზე არის დამყარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის სიდიადესა და სიქველეს განცვიფრებაში მოჰყავს ქრისტიანობის ისტორიის ყოველი მკვლევარი.
ქართველი ერისათვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში, მეფე თეიმურაზიც მსგავსად თავისი წმინდა დედის ქეთევანისა, ფარად და დარაჯად ედგა ეროვნულ სარწმუნოებასა და ქართველობას. იგი ღირსებითა და შეიძლება ითქვას, წარმატებითაც ებრძოდა ქრისტიანობის უსასტიკეს მტრებს, უზარმაზარი იმპერიის მმართველებს: შაჰ-აბას I-ს, შაჰ-სეფის და შაჰ-აბას II-ს. 1606 წლიდან 1663 წლამდე, თითქმის 60 წელი მისგან მოსვენება არა ჰქონდათ საქართველოს მტრებს. თეიმურაზი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და კარგად ესმოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მნიშვნელობა და ღირსება. იგი არა მარტო სპარსეთ-ოსმალეთის მმართველებს ებრძოდა, არამედ მათი პოლიტიკის გამტარებელ გადარჯულებულ ქართველებსაც, რომელნიც არანაკლები უბედურების მომტანნი იყვნენ საქართველოსათვის. იგი იყო ფრიად ტრაგიკული პიროვნება.
მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზს ქართლ-კახეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ემხრობოდა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა, რაც „ქართველობის“ დამარცხებას ნიშნავდა, რადგან ქართულმა სახელმწიფოებრიობამ თვისობრივად სულ სხვა სახე მიიღო. ძველქართული სახელმწიფოებრიობის ადგილას როსტომ-ხანის (დაუთ-ხანის უკანონო შვილი) მიერ დამყარებული არაეროვნული ქართულ-ყიზილბაშური სახე ქართლ-კახეთის მმართველობისა მთელი 112 წლის მანძილზე არსებობდა - 1632-1744 წლებში.
სქემოსან ბერად აღკვეცილი და ქრისტიანობის დაცვისათვის შაჰის მიერ დაპატიმრებული, 74 წლის თეიმურაზი 1663 წელს ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა. კახელებმა საყვარელი მეფის ნეშტი საქართველოში ჩამოაბრძანეს და ალავერდს დიდი პატივით დაკრძალეს. საქართველოს დაუძინებელი მტერი - შაჰ-აბასი კი გრიგოლ ხუცესმონაზონის სიტყვით, „რისხვითა ღმრთისაითა დასნეულდა და ჭირითა სასტიკითა განვიდა ცხოვრებისაგან და განსივნა და განსკდა საუნჯე იგი არაწმიდათაი, მუცელი მისი და დაეფლა ჯოჯოხეთს“.
ავგუსტინელ მისიონერთა მიერ გორში ჩამოტანილი ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილი ინახებოდა თეიმურაზ მეფის ოჯახში და მემკვიდრეობად გადადიოდა შთამომავლობაზე. არსებობს ასეთი ინფორმაციაც: „1723 წელს ოსმალებისა და ლეკების შემოსევების დროს კახეთის ბატონიშვილი თეიმურაზი, ქეთევან დედოფლის შვილთაშვილის შვილი ახლობლებთან და ეპისკოპოსებთან ერთად ანანურისკენ მიდიოდა, თან ქეთევანი წამებულის წმ. ნაწილები მიჰქონდა ცხენით. მდ. არაგვზე გადასვლისას ცხენმა წაიბორძიკა და მდინარეში ჩავარდა, წმინდა ნაწილი კი წყალმა წაიღო“.
როგორც რუსული საარქივო მასალებიდან ირკვევა, თეიმურაზ I-ს რუსეთის მეფის - ალექსი მიხეილის ძისთვის (1629-1676) თავისი „ქუეყანისა დასაუფლებლად“ ჯარი უთხოვია და პატივისცემის ნიშნად დედის ნეშტის მცირედი ნაწილი (ფეხის დიდი თითი) გაუგზავნია. რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს წმინდა ქეთევანის მართლმადიდებლობაში აღსრულებას - გაკათოლიკებული მოწამის სიწმიდეს მეფე თეიმურაზი ვერ გაგზავნიდა ისეთი მართლმადიდებლური ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც იმჟამინდელი რუსეთი იყო.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იმყოფებოდა ინდოეთში: გოა და - გრასის მონასტერში, ისფაჰანში, ბელგიაში - ნამიურის ტაძარში, რუსეთსა და ინგლისში. ისფაჰანსა და გოაში ზემოხსენებული მონასტრები უკვე კარგა ხანია აღარ არსებობენ. გოაში მონასტრის მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა, ხოლო ისფაჰანში მონასტრის ადგილის დადგენაც შეუძლებელია.
1893 წ. ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიაში - „ალავერ-დის ტაძარი და ქეთევან წამებული“ აღწერილია, რომ ლათინებმა ზოგიერთი ნაწილი მისი გვამისა: მარჯვენა ხელი და შედედებული სისხლი მიართვეს მეფე თეიმურაზს..., ხოლო ნაწილნი გაგზავნეს ევროპაში. ხოლო ეს ნაწილნი ეხლაც დაცულნი არიან ბელგიაში“. ბელგიის უძველეს ქალაქ ნამიურის „წმინდა ობენის“ კათედრალური ტაძარი, რომელშიც 1914 წელს გაზეთ „სახალხო ფურცელში“ გამოქვეყნებული ფოტოს თანახმად, ყოველი ქართველისთვის სათაყვანებელი ქეთევან წამებულის საძვალე ყოფილა, არქ. პიზონის პროექტით აუგიათ 1751-1764 წწ, იტალიური რენესანსის სტილში. აქვეა ეპარქიული მუზეუმი რელიგიური ხელოვნების ექსპოზიციით.
2001 წელს ქართული ექსპედიციის მიერ დაწყებული გათხრები ქალაქ გოაში, ნონსა სენიორა და გრასას ტაძარში (ავგუსტინელთა ორდენის ტაძარი), ინდოელმა არქეოლოგებმა 2006 წლის ზაფხულში წარმატებით დაასრულეს და მცირე ბაზილიკის ნანგრევებში იპოვეს დამსხვრეული შავი ყუთი, ხოლო იქვე აღმოაჩინეს ძვლის ნაწილები (ძვალი წინამხრის ნაწილს შეადგენს და ეკუთვნის მდედრობითი სქესის ადამიანს).
ლისაბონის და გრასას მონასტრის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ამჟამად ბავშვთა საგამოფენო დარბაზია, შემორჩენილია წმინდა ქეთევან დედოფლის სპარსეთში ცხოვრებისა და წამების ამსახველი პანო. 9 მ. სიგრძისა და 2 მ. სიმაღლის პანო შესრულებულია მოჭიქული მონანქრით და საკმაოდ დაზიანებულია (გადაწყვეტილია პანოს ზუსტი ასლის საქართველოში ჩამოტანა).
ზაგორსკის ლავრაში დღემდე ინახება ხატი, პანაღია ქეთევან დედოფლის გამოსახულებით, რაზეც მეტყველებს ასომთავრული წარწერაც. აღსანიშნავია, რომ დედოფლისადმი მიძღვნილი ხატებიდან იგი ყველაზე ადრინდელია. შექმნილია XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისში. შესრულებულია ქართველი ოსტატის მიერ, ვახტანგ VI-ის დაკვეთით, რომელმაც აღნიშნული ხატი თან წაიღო რუსეთში. ხატი რვასეგმენტიანია, შემკული წითელი და მწვანე ფერის ქვებით, რაც ხატს მეტ ელვარებასა და გამომსახველობას ანიჭებს. დედოფალი მთელ სიგრძეზეა გამოსახული ქართულ კაბაში, გვირგვინით, ხელში უჭირავს ჯვარი და ღმრთისმშობლის ხატი-სანაწილე, რომელშიც მისი წმინდა ნაწილებია ჩასვენებული.
ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში, მართლმადიდებლური სიწმინდეების განყოფილებაში გამოფენილია სანაწილე პატარა ხატი, რომლის წინა პირი წარმოადგენს ლამაზ მედალიონს, რომელზეც გამოსახულია წმინდა გიორგი, უკანა პირზე კი მხედრულად აწერია: „წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები“. აქვეა დიმიტრი თესალონიკელის მინანქრით შესრულებული გამოსახულება. მედალიონის შიგნით, პატარა უჯრებში ჩადებულია სიწმიდეები, ერთ-ერთი ქეთევან დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს.
წმ. დიდმოწამე ქეთევანის წმ. ნაწილი დავანებულია სამთავროს წმ. ნინოს წმინდანთა ნაწილებიან ხატში, აგრეთვე ქ. თბილისის სიონსა და ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის სახ. ტაძარში დაბრძანებულ წმ. ქეთევანის ხატებში (ხატმწერი: ქეთევან ხაჟომია).
უდიდესია მოწამე დედოფლის მეოხება თავისი ერისა და ქვეყნისათვის. ბედნიერია ერი, რომელსაც ჰყავს დიდმოწამე გვირგვინოსანი.
გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა