იდგა რა ვითარცა სანთელი სასანთლეზე, სიმეონი, ჩვენი წმიდა მამა, იყო ნათელი სამყაროსი, რომელიც კერპთმსახურების სიბნელეში მყოფ ხალხებს უნათებდა და ჭეშმარიტი ღვთის შეცნობის სინათლისაკენ მიუძღვებოდა. დიდება უფლის საკვირველ მადლს, რომელიც მასში მოქმედებდა. თუმცა ერთ ადგილზე იდგა, იმდენი მოაქცია, თითქოს მთელი სამყარო სწავლებითა და ქადაგებით შემოევლო. ვითარცა მზე, თავისი სათნო ცხოვრების სხივებს ისე ასხივებდა და ტკბილი მოძღვრებით იმ მხარის ქვეყნებს ანათლებდა. მის სვეტზე ნახავდით სპარსელებსა და სომხებს, რომელნიც წმინდა ნათლობას იღებდნენ, ხოლო ისმაილიტები ჯგუფ-ჯგუფად - ორას-ორასი ან სამას-სამასი, ზოგჯერ კი ათასობითაც მოდიოდნენ; ისინი ხმამაღლა უარყოფდნენ მამათა ცდომილებებს და კერპებს, რომელთაც ძველთაგანვე თაყვანს სცემდნენ, სვეტზე ამსხვრევდნენ და ფეხებით თელავდნენ. იღებდნენ რა ჭეშმარიტი სარწმუნოების სჯულს, რომელიც წმინდანის თაფლმდინარე ენიდან მოედინებოდა, ზიარების წმიდა საიდუმლოს მიღების ღირსნი ხდებოდნენ და წმიდა სახარების ნათლით განათლებულნი სამშობლოში დიდი სიხარულით ბრუნდებოდნენ.
ერთი სპარსელთა მხედართუფროსი, რომლის ნათესავიც სნეული იყო, წმინდანს შეევედრა სნეულისათვის განკურნება მიენიჭებინა. სიმეონმა ბრძანა სნეული სვეტთან მიეყვანათ და ჰკითხა:
- მამათა შენთა ბოროტმსახურებას უარყოფ?
მან თქვა:
- უარვყოფ.
- გრწამს მამა, ძე და სული წმიდა?
სნეულმა აღიარა, რომ ყოველივე ეჭვის გარეშე სწამდა. მაშინ წმიდანმა უთხრა: „აღსდექ“ და ჭაბუკიც მყისვე ჯანმრთელი წამოდგა, თითქოს ავად არც ყოფილიყო. მისი გამოჯანსაღება რომ უფრო თვალსაჩინო გაეხადა, ნეტარმა ჭაბუკს მხედართუფროსის, რომელიც მსუქანი იყო, მხრებზე შესმა და ბანაკში მიყვანა უბრძანა. იგი ასეც მოიქცა. ჭაბუკმა მხედართუფროსი მხრებზე, როგორც ძნა, ისე მოიგდო. ვინც ეს იხილა, ყველა ადიდებდა ღმერთს, რომელიც მისი წმინდანის მიერ ასეთ სასწაულებს სჩადიოდა.
სიმეონს წინასწარმეტყველების ნიჭიც ჰქონდა, რადგან გვალვა, შიმშილი და ჟამიანობა ორი წლით ადრე იწინასწარმეტყველა. ასევე ახდა მისი წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ოცდაათი დღის შემდეგ მკალი მოფრინდებოდა. ერთხელ მან ჩვენებაში ორი კვერთხი იხილა, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს დაეცა. ამ ჩვენების შესახებ წმინდანმა მასთან მყოფთ მოუთხრო და იწინასწარმეტყველა, რომ სპარსელები და სკვითები ბერძნულ-რომაულ ოლქებს დაესხმოდნენ თავს. წმიდა სიმეონი განუწყვეტლივ ლოცულობდა და ღმერთს ცრემლებით ევედრებოდა, ქრისტიანებისათვის მისი სამართლიანი რისხვა და სასჯელი აეცილებინა. უფალმა მისი ვედრება შეისმინა: სპარსულმა ლაშქარმა, რომელიც ბრძოლისათვის მზად იყო, ღვთის ნებით სალაშქროდ წასვლა დააგვიანა. ამ დროს თვითონ სპარსელებში დაიწყო შინაური განხეთქილება, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ თავიანთ განზრახვაზე ხელი აეღოთ.
ერთხელ წმინდანმა შეიტყო, რომ იმპერატორმა თეოდოსი მცირემ იუდეველებს სამლოცველო სახლი, რომელიც ქრისტიანებს ჰქონდათ გადაცემული, დაუბრუნა. მან მაშინვე წერილი გაუგზავნა მეფეს და ღვთის რისხვით დაემუქრა. წერილმა იმპერატორი შეაშინა და სამლოცველო სახლის ისევ ქრისტიანებისათვის გადაცემა ბრძანა, ხოლო ქალაქის თავი, რომელმაც ტაძრის იუდეველებისათვის დაბრუნება ურჩია, თანამდებობიდან გადააყენა. თეოდოსიმ წერილი გაუგზავნა წმიდანს, რომელშიც მას შენდობასა და ღვთის წინაშე მისთვის ლოცვას ევედრებოდა. მეფის მეუღლე, დედოფალი ევდოკია, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ ევტიქიანელთა ერესმა ჩაითრია, გონს წმიდანის წერილებმა მოიყვანა, რომელთაც მისგან მთელი ოთხი თვის მანძილზე იღებდა და ისევ ღვითსმოსაობის გზას დაადგა. მოქცევის შემდეგ მან კიდევ ოთხი წელი იცხოვრა სინანულით და ღირსი გახდა ნეტარი აღსასრულისა იერუსალიმში, სადაც იგი მის მიერვე დაარსებული პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს. თეოდოსი უმცროსის შემდეგ მეფობა მარკიანემ მიიღო, რომელიც ხშირად ფარულად ნახულობდა წმინდანს და მისგან სასარგებლო რჩევა-დარიგებას იღებდა.
ისმაილიტების დედოფალმა, რომელიც უშვილო იყო, წმიდა სიმეონს მოციქულები გაუგზავნა და სთხოვა მისთვის ელოცა. დედოფალი იმედოვნებდა, რომ მისი წმიდა ლოცვების წყალობით დედა გახდებოდა. მართლაც მას მალე ვაჟი შეეძინა. დედოფალი ჩვილთან ერთად წმინდანისაკენ მიმავალ გზას დაადგა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ ქალებს მისი ნახვის უფლება არ ჰქონდათ (სიმეონმა დედის ნახვაც კი არ ისურვა), ჩვილი მსახურებს გაატანა და დააბარა:
- აი მამაო, ნაყოფი შენი წმინდა ლოცვებისა, აკურთხე ჩვილი.
და რაღა ვთქვათ წმინდანის სხვა მრავალ მიუწვდომელ ღვაწლზე? მათი სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, რადგან ეს ადამიანურ ძალას აღემატება.
„ - მე, - ამბობს ნეტარი თეოდორიტე, - უწინარეს ყოვლისა, მისი მოთმინება მაოცებს: დღე და ღამე ყველას დასანახად დგას“. ერთხელ კარები და კედლის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი ჩამოინგრა და სანამ მათ ხელახლა გააკეთებდნენ, კარგა ხნის მანძილზე წმინდანის ხილვა ყველას შეეძლო. მაშინ ეს ახალი და საკვირველი სანახაობა ყველამ იხილა. იგი ხან უძრავად იდგა, ხან ღმერთს ევედრებოდა და მუხლმოდრეკილი თაყვანს სცემდა. ერთ-ერთი იმათგანი, რომელნიც სვეტთან იდგნენ, ჰყვებოდა, რომ სურდა დაეთვალა მეტანიები, რომელთაც მოღვაწე განუწყვეტლივ აღასრულებდა. როცა ათასორასორმოცდაოთხამდე მივიდა, ძალა გამოელია, მაღლა ყურება ვეღარ შეძლო და თვლა შეწყვიტა, წმინდანს კი არაფერი დატყობია. რადგანაც იგი საჭმელს კვირაში ერთხელ იღებდა და ისიც ძალიან ცოტასა და მსუბუქს, თვითონაც მსუბუქი იყო და მრავალი მეტანიის შესრულება შეეძლო. ხანგრძლივად ფეხზე დგომისაგან წმიდა სიმეონს მეორე ფეხზეც შეუხორცებელი წყლული გაეხსნა, საიდანაც სისხლი უხვად სდიოდა, მაგრამ ვერც ამ ტანჯვამ მოსწყვიტა იგი ღმერთზე ფიქრს.
ნებაყოფლობითმა მოწამემ ყოველივე მამაცურად დაითმინა, მაგრამ ერთხელ მაინც გახდა იძულებული თავისი წყლული ეჩვენებინა. მასთან არაბეთიდან ერთი მღვდელი მივიდა, კაცი კეთილი და ღვთივშთაგონებული და ჰკითხა:
- თავად ჭეშმარიტების სახელით გეკითხები, რომელმაც კაცთა მოდგმა თავისკენ მიიზიდა, ადამიანი ხარ თუ უხორცო არსება?
- რატომ მეკითხები? - ჰკითხა წმინდანმა.
- შენს შესახებ გამიგია, რომ არ ჭამ, არ სვამ და არ გძინავს, მაგრამ ეს ადამიანისათვის შეუფერებელია, კაცს ხომ საჭმელ-სასმელისა და ძილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.
მაშინ წმიდანმა მღვდელს სვეტზე ასვლა უბრძანა და ნება მისცა ენახა და შეხებოდა წყლულს, რომელიც ჩირქითა და მატლებით იყო დაფარული. მღვდელი, რომელმაც წყლული ნახა და გაიგო, რომ წმინდანი კვირაში მხოლოდ ერთხელ ჭამდა, მისი მოთმინებითა და ღვაწლით გაოცებული დარჩა.
მიუხედავად ამგვარი ღვაწლისა, მრავალრიცხოვანი სასწაულებისა და სათნოებით აღსავსე ცხოვრებისა, იგი ისეთი მშვიდი და თავმდაბალი იყო, თითქოს ადამიანთა შორის ყველაზე უარესი და უზნეო ყოფილიყო. მისი სახე ყველასათვის, როგორც დიდებულისა და მდიდრისათვის, ასევე მონისა, ღატაკისა და უკანასკნელი მტარვალისათვისაც კი, ნათელსა და სიყვარულს ასხივებდა, რადგან მიკერძოება რა იყო, არ იცოდა. ვერავინ ძღებოდა მისი წმიდა სახის ჭვრეტითა და ტკბილი საუბრის მოსმენით, რადგან პირი მისი სული წმიდის მადლით აღსავსე იყო. ჰქონდა რა უფლისაგან მინიჭებული სიბრძნე, იგი ყოველდღე მსმენელთა გულებს მოძღვრების მდინარით აღავსებდა. მრავალმა, მისი სწავლებით შთაგონებულმა, ყოველივე მიწიერი დათმო და ვითარცა ფრინველი, სიმაღლეზე აფრინდა, - ერთნი მონასტრებში წავიდნენ, მეორენი - უდაბნოში, ხოლო სხვანი საცხოვრებლად მასთან დარჩნენ.
წმიდა სიმეონის ცხოვრების წესი ასეთი იყო: მთელი ღამის განმავლობაში, დილის ცხრა საათამდე იგი ლოცვად იდგა, ცხრა საათის შემდეგ სვეტთან შეკრებილებს ასწავლიდა; შემდეგ მასთან მისულების გასაჭირსა და სათხოვარს ისმენდა; სნეულებს კურნავდა; ადამიანთა შორის შფოთსა და კამათს აწყნარებდა და მშვიდობას აღადგენდა, და ბოლოს, მზის ჩასვლისას, ისევ ლოცვას იწყებდა. მიუხედავად ამგვარი მძიმე ჯაფისა, მას ზრუნვა ეკლესიის სიმშვიდისათვის არ შეუწყვეტია: ანადგურებდა წარმართთა უსჯულოებას, ებრძოდა იუდეველთა მკრეხელობას, ამხელდა ერეტიკულ მოძღვრებებს; თავისი ბრძნული და სასარგებლო წერილებით მეფეებს, მთავრებსა და საერთოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს ღვთისმოშიშებისა, გულმოწყალებისა და სიყვარულისაკენ წარმართავდა, ღვთის ეკლესიის დაცვისაკენ მოუწოდებდა და სულისათვის მარგებელს ბევრს რამეს ასწავლიდა. ასე გაატარა საოცარი ცხოვრება, რომელიც კაცობრივი ბუნებისათვის აუტანელი ჩანდა და იყო რა ასზე მეტი წლისა, თავის აღსასრულს მიუახლოვდა. თავისი ხანგრძლივი ცხოვრებიდან ოთხმოცი წელი სვეტზე იდგა. წმიდა სიმეონმა სათნოებაში სრულყოფილებას მიაღწია, იგი ჭეშმარიტად იყო მიწისა ანგელოზი და ზეცისა კაცი.
წმინდანის ნეტარ აღსასრულზე მისი მოწაფე ანტონი ასე მოგვითხრობს: „ერთ დღეს, კერძოდ პარასკევს, ცხრა საათის შემდეგ, როცა ჩვენ მისგან ჩვეულებრივ დამოძღვრასა და კურთხევას ველოდებოდით, სვეტიდან არ გადმოგვხედა; იგივე განმეორდა შაბათსაც, ვერც კვირას მოვისმინეთ მისი მამობრივი ქადაგება.
მე შევშინდი, სვეტზე ავედი და დავინახე წმინდანი, რომელიც როგორც ლოცვისას თავდახრილი და გულზე ხელებდაკრეფილი იდგა. მეგონა რა რომ იგი ლოცულობდა, ჩუმად დავდექი, ხოლო შემდეგ მივუახლოვდი და ვუთხარი:
- მამაო, გვაკურთხე, რადგან ხალხი სამი დღე და ღამე სვეტთან დგას, შენს კურთხევას ელოდება.
მან არ მიპასუხა. მაშინ კვლავ გავუმეორე:
- მამაო, რატომ არ პასუხობ მწუხარებაში ჩავარდნილ შენს შვილს! ნუთუ რაიმეთი გაწყენინე? გამომიწოდე ხელი შენი, რათა გეამბორო.
პასუხი ისევ ვერ მივიღე. ასევ ვიდექი მის წინ ნახევარი საათი, ბოლოს შევეჭვდი და ვიფიქრე: ხომ არ წავიდა იგი უკვე უფალთან? ყური მივუგდე, სუნთქვა აღარ ისმოდა, ხოლო მისი სხეულისაგან, ვითარცა სხვადასხვა სურნელოვანი ყვავილისაგან, კეთილსურნელება იფრქვეოდა. მაშინ მივხვდი, რომ მან უფალში განისვენა, მწუხარებამ შემიპყრო და მწარედ ავტირდი. მივედი მასთან, დავაწვინე, მისი წმიდა გვამი შევსუდრე, თვალებს, წვერს, სახესა და ხელებს ვუკოცნიდი და ვამბობდი:
- ვისთან მტოვებ მამაო? შენი ტკბილი სწავლება სად მოვისმინო? შენი ანგელოსებრივი საუბრით სად გავძღე? ან რა პასუხი გავცე ხალხს, რომელიც შენს კურთხევას ელოდება? რა ვუთხრა სნეულებს, რომლებიც კურნების მისაღებად მოვლენ? ვინ იქნება, რომელიც ჩენს სვეტს დაცარიელებულს, ლამპრის გარეშე იხილავს და არ ატირდება? რომელი შორიდან მოსული არ აქვითინდება, როცა ვეღარ გიპოვის და აღარ დახვდები? ვაი ჩემდა!
ასე დავტიროდი სულში მწუხარებაჩამდგარი, ბოლოს ჩავთვლიმე და აი, წმინდანი, ვითარცა მზე, წარმომიდგა და მითხრა:
- მე ამ სვეტს, ამ ადგილს და ამ კურთხეულ მთას არ დავოტვებ. ჩადი და ხალხს კურთხევა მიეცი, რადგან მე უკვე განვისვენე. უფალმა ასე ინება. ნუ მოუყვები მათ ჩემს შესახებ, რათა ხმა არ გავარდეს, არამედ ჯერ ანტიოქიაში შეატყობინე. შენ ამ ადგილას უნდა იმსახურო და სამაგიეროს შენი ღვაწლისათვის ღმერთი მოგაგებს.
ძილისაგან გამოვფხიზლდი და ათრთოლებულმა ვუთხარი: „არ დამივიწყო მამაო, შენს წმინდა სავანეში“. მის წმინდა ფეხებთან დავემხე და ვეამბორე, მისი ხელი ავიღე, თვალებზე დავიდე და ვუთხარი: „მამაო, მაკურთხე“, და ისევ მწარედ ავტირდი. შემდეგ წამოვდექი, რათა მომხდარისს შესახებ არავის შეეტყო, ცრემლები შევიმშრალე, სვეტიდან ჩამოვედი და ერთი ერთგული ძმა წმინდანის გარდაცვალების შესატყობინებლად ანტიოქიაში, პატრიარქ მარტიტიოსთან გავაგზავნე. მალე მოვიდა პატრიარქი სამ ეპისკოპოსთან ერთად და ქალაქის თავი მეომრებითურთ. უამრავი ხალხი მოვიდა არა მხოლოდ ანტიოქიიდან, არამედ ახლო-მახლო ქალაქებიდან და სოფლებიდან. მონასტრებიდან სანთლებითა და საცეცხლურებით მოვიდნენ ბერები. მრავალრიცხოვანი სარაცინი მდინარესავით მოედინებოდა, რადგანაც ცნობა წმინდანის გარდაცვალების შესახებ, ვითარცა ქარით წაღებული, სწრაფად გავრცელდა.
პატრიარქი ეპისკოპოსებთან ერთად ავიდა სვეტზე და წმინდა ნეშტი დაბლა ჩამოასვენა. მთელი ხალხი ტიროდა; სვეტის გარშემო ყველას დასანახად ფრინველებიც კი გუნდ-გუნდად დაფინავდნენ, თითქოს სამყაროში ამგვარი ნათლის აღსასრულს დასტიროდნენ. ხალხის ერთობლივი ტირილის ხმა შვიდი სტადიონის მანძილზე ისმოდა. ჰაერი ისეთი ბნელით იყო მოცული და ისეთი შავი ღრუბლები ირეოდნენ, თითქოს ახლო-მახლო მთები, ველები და ხეებიც ადამიანებთან ერთად წუხდნენ და ტიროდნენ. მე წმინდანის ნეშტთან ანგელოზი ვიხილე, სახე მისი იყო ვითარცა ელვა, ხოლო სამოსელი - ვითარცა თოვლი. მას შვიდი ბერი ესაუბრებოდა; მათი ხმებიც მესმოდა, მაგრამ რას ამბობდნენ ვერ გავიგე, რადგან შიშმა და ძრწოლამ შემიპყრო“.
იმ დღეს, როცა წმიდა სიმეონი მიიცვალა, მისმა მოწაფემ და მისი წმიდა ცხოვრების მიმბაძველმა წმიდა დანიელმა (ხს. 11 დეკემბერს)(ეს მოხდა ცოტა ხნით ადრე მანამ, სანამ იგი შავი ზღვის სანაპიროზე, კონსტანტინეპოლის ახლოს სვეტზე ასვლას განიზრახავდა), იმ მხარეს, სადაც წმინდანის სვეტი იდგა, მრავალი ზეციური მხედარი იხილა, რომელთაც წმიდა სიმეონის სიხარულით გაცისკროვნებული სული მიწიდან ზეცაზე აჰყავდათ. იგივე იხილა ნეტარმა ავქსენტიმაც (ხს. 14 თებერვალს) (ეს ის ავქსენტია, რომელიც ქალკედონის კრებაზე უდაბნოდან იქნა გამოხმობილი), რომელიც იმ დროს ბეთანიაში (სოფელი იერუსალიმის ახლოს) იმყოფებოდა.
როცა წმიდა სიმეონის ნეშტი მომზადებულ საკაცეზე დააწვინეს, პატრიარქმა ხელი გაიწვდინა, რათა მისი კურთხეული ხსოვნისათვის წვერიდან რამდენიმე ღერი თმა ამოეღო, მაგრამ ხელი მყისვე შეახმა. იგი მხოლოდ ღვთისა და ღვთის სათნო კაცის წინაშე ყველას გულითადი ლოცვით განიკურნა. წმინდანის ნეშტის შესახვედრად, რომელიც ფსალმუნების გალობით ანტიოქიაში გადაასვენეს, მთელი ქალაქი გამოვიდა. მათ შორის იყო ერთი ყრუ-მუნჯიც, დაახლოებით ორმოცი წლისა, როგორც კი წმინდანის ნეშტი იხილა, მას სმენაც და ენაც მაშინვე აეხსნა, გახარებული მის წინაშე დაემხო და წარმოსთქვა:
- კეთილად მოხველ, მონავ ღვთისაო, რადგან შენი მოსვლით განვიკურნე.
ანტიოქიის მცხოვრებლებმა ოქროსა და ვერცხლზე ძვირფასი სხეული დიდი საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს, სადაც მან მრავალი სასწაული მოახდინა და ბევრი სნეული განკურნა. რამდენიმე წლის შემდეგ წმინდანის ნეშტი მის სახელზე აგებულ ეკლესიაში გადაასვენეს.
წმიდა სიმეონი ლეონ დიდის, კერძოდ, მისი მეფობის მე-3 ე.ი. 459 წელს მიიცვალა. მეფე ლეონმა ანტიოქიაში მოციქულები მიავლინა და წმინდანის ნეშტის კონსტანტინეპოლში გადასვენების ნებართვა ითხოვა, მაგრამ ანტიოქელებმა ამგვარი მფარველის დაკარგვა არ მოისურვეს და მეფის მოციქულებს მიუგეს:
- რადგან ჩვენს ქალაქს ქვის კედელი აღარა აქვს, რომელიც ნაწილობრივ მეფის რისხვისა და ნაწილობრივ დიდი მიწისძვრის გამო შეიმუსრა, წმიდა სვიმეონის ნეშტი იმიტომაც მოვასვენეთ, რომ იგი ჩვენს კედლად და მცველად გვყოლოდა.
|
ტაძარი, რომელიც 490 წელს ააგეს |
იმ ადგილას, სადაც წმიდა სიმეონის სვეტი იდგა, მის სახელზე ჯვრის ფორმის მშვენიერი ტაძარი აიგო და დიდი მონასტერი დაარსდა. წმინდანმა თავისი დაპირება, რომელიც თავის მოწაფეს, ანტონის უთხრა, აღასრულა: მას თავისი ადგილ-სამყოფელი არ დაუტოვებია, რადგან სასწაულებისა და სნეულთა კურნების მადლი ამ ადგილს არ მოჰკლებია. ყოველს წელს მისი ხსენების დღეს სვეტზე დიდი ვარსკვლავი ჩნდებოდა და მთელ ამ მხარეს ანათებდა. ამ ვარსკვლავის გამოჩენას მრავალი ისტორიკოსი, მათ შორის ევაგრე სქოლასტიკოსიც ადასტურებს, რომელმაც ყოველივე საკუთარი თვალებით იხილა. იგივე ევაგრე წერს, რომ ეს წმ. ადგილი ქალებისათვის მიუღწეველი იყო; ყოველმხრივ უფრთხილდებოდნენ, რომ ქალის ფეხი არ გაკადნიერებულიყო და ზღურბლს არ შეხებოდა, რომლის გადალახვის უფლება თვით წმინდანის დედასაც კი არ მიეცა. მოგვითხრობენ, რომ ერთმა ქალმა მამაკაცურად გადაიცვა და წმიდა სიმეონის ტაძარში შესვლა ასე მოინდომა, მაგრამ ტაძრის ზღურბლს შეეხო თუ არა, მყისვე მკვდარი დაეცა. თუ ქალები იქ მაინც მიდიოდნენ, როგორც ნიკიფორე კალისტი წერს, გალავანთან მიახლოებას ვერ ბედავდნენ, არამედ შორს დგებოდნენ და სვეტისაკენ მზერამიპყრობილნი ლოცულობდნენ.
ყველას, ვინც კი რწმენით მოდიოდა, წმინდანის მადლი არ მოჰკლებია. ისინი შემწეობასა და კურნებას იღებდნენ და უკან სიხარულით ბრუნდებოდნენ, ჰმადლობდნენ რა მამას, ძესა და სული წმიდას, ერთარსება სამება ღმერთს, რომლისა არს პატივი, დიდება და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
|
|
წმიდა სიმეონის საფლავი |
პატარა ტაძარი წმიდა სიმეონის საფლავზე |
გვითხრობდა ჩვენ გიორგი (6) ერთ ძმაზე, რომელსაც მინა ერქვა და რომელიც იქ დიაკონი იყო.
„გამოვიდა იგი მონასტრიდან და რა გადახდა თავს, არ ვიცი, მაგრამ მონაზვნობა დაუტევა და ერისკაცობას დაუბრუნდა. ამ ამბიდან მრავალი დღე გავიდა. ერთხელ იგი ღვთის ქალაქში, ანტიოქიაში (7) მიდიოდა. როცა სელევკიას გასცდა, შორიდან სიმეონ მესვეტის მონასტერი დაინახა და თავისთვის თქვა: „წავალ, დიდ სიმეონს ვნახავ, რადგან იგი არასოდეს მინახავს“. როცა სვეტს ისე მიუახლოვდა, რომ წმინდანმა დაინახა, სიმეონმა, რომელსაც ღვთისაგან ეცნობა, რომ მინა ბერი იყო და დიაკვნად მსახურობდა, მსახურს დაუძახა და უთხრა:
- მაკრატელი მომიტანე.
მსახურმა მოუტანა. სიმეონმა მას უთხრა:
- კურთხეულ არს უფალი, გაკრიჭე იგი და თითით მინაზე მიუთითა, რომელიც სვეტთან შეკრებილ მრავალ ადამიანთა შორის იდგა.
წმინდანის სიტყვების გაოცებულსა და უდიდესი შიშით შეპყრობილ მინას, წინააღმდეგობის გაწევა არც კი უფიქრია, რადგან მიხვდა, რომ ბერს მის შესახებ ღმერთმა აცნობა. როცა გაკრიჭეს, დიდმა სიმეონმა უთხრა: „ილოცე დიაკონო“, ხოლო ლოცვის შემდეგ წმინდანმა დაამატა: „დაბრუნდი რაითაში, საიდანაც წამოხვედი“.
მაშინ მინამ უპასუხა: „არ შემიძლია ავიტანო შერცხვენა მამებისაგან“.
სიმეონმა უთხრა:
- მერწმუნე, შვილო, იმაში, რაც ახლა მოხდა, არაფერია სამარცხვინო. მამებიც მშვიდობით მიგიღებენ და შენი დაბრუნება მათ სიხარულსა და მხიარულებას გამოიწვევს. იცოდე, ღმერთი ნიშანს გამოგიგზავნის, რომლითაც მიხვდები, რომ ცოდვა გაპატია, რადგან მისი მოწყალება გამოუთქმელია.
როცა მინა რაითაში მივიდა, მამება იგი გულში ჩაიკრეს და ხარისხიც შეუნარჩუნეს. ერთ კვირა დღეს, როცა მას ცხოველმყოფელი სისხლი მიჰქონდა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, უეცრად ერთი თვალი ამოუვარდა. ამ ნიშნით მამები მიხვდნენ, რომ, როგორც წმიდა სიმეონმა თქვა, უფალმა მას აპატია ცოდვა. (8)
ერთი ხუცესი ეკლესიის კარიბჭესთან იჯდა და წმიდა სახარებას კითხულობდა. და აი მასთან შავი და ბნელი ღრუბლის სახით ბოროტი სული მივიდა და ვითარცა ბარტყულა, თავზე შემოეხვია; და ჩაქრა მისთვის ნათელი და წაერთვა გონება, ყველა ძვალი მისი დაუძლურდა და ლაპარაკის უნარიც წაერთვა. ეკლესიაში მოსულებმა იგი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს; ცხრა წელი ისე გავიდა, რომ ვინმეს დახმარების გარეშე ხუცესს გვერდის მონაცვლებაც კი არ შეეძლო. წმიდა სიმეონის შესახებ რომ შეიტყვეს, შინაურებმა ავადმყოფი წმინდანთან სარეცლით წაიყვანეს. სანამ მონასტერთან მივიდოდნენ, გზად შეისვენეს. წმიდა სიმეონს, რომელიც ლოცვად იდგა, ხუცესის შესახებ უკვე ეუწყა. შუაღამისას მან ერთი მოწაფეთაგანი იხმო და უთხრა:
- აქედან წყალი აიღე და სასწრაფოდ გაეშურე. შენ ერთ ხუცესს იპოვნი, რომელიც სარეცლით მოჰყავთ. ეს წყალი ასხურე და უთხარი: „გეუბნება შენ ცოდვილი სიმეონი: სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი აღდექ, დატოვე სარეცელი შენი და ჩემთან შენი ფეხით მოდი“.
მოწაფე წავიდა და ისე მოიქცა, როგორც წმინდანმა დაარიგა. ხუცესი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა, წმიდა სიმეონთან თავისი ფეხით მივიდა და მის წინაშე დაემხო. წმინდანმა უთხრა:
- ადექი, ნუ გეშინია! თუმცა ეშმაკმა ცხრა წელი გაგტანჯა, მაგრამ შენი ბოლომდე დაღუპვა კაცთმოყვარე ღმერთმა არ ინება. იმის გამო, რომ წმიდა საკურთხეველთან სიწმინდეს ღვთის შიშის გარეშე, შეურაცხმყოფელადაც კი ექცეოდი, ცილისმწამებლებს, რომელნიც მახლობლებს ფარულად განსჯიდნენ, ჭეშმარიტების გარკვევამდე უსმენდი და უდანაშაულოებს, რომელთაც ცილს სწამებდნენ, წმიდა ზიარებისაგან განყენებით შეურაცხყოფდი და ყოველივე ამით კაცთმოყვარე ღმერთს წყენას აყენებდი, ხოლო ეშმაკს ფრიად ახარებდი - ამიტომ ეშმაკმა შენზე ძალა მოიპოვა. მაგრამ შენზე ღვთის კაცთმოყვარებაცა და მოწყალებაც განმრავლდა. ისინი, რომელნიც შენ განყენებით დაამწუხრე, ძლიერ ავად არიან და შენთვის ლოცულობენ, რომ გამოჯანმრთელებულმა მიუტევო; ისე მოწყალედ მოექეცი მათ, როგორც შენ უფალი მოგექცა. აქედან მიწა წაიღე და მათზე მიმოაბნიე.
მადლობდა რა ღმერთს, ხუცესი სიხარულით წავიდა და ისე მოიქცა, როგორც წმინდანმა უბრძანა. ავადმყოფებიც მყისვე განიკურნენ და ღმერთს ადიდებდნენ. (9)
სვეტ-მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველთა მამათა ღირსო, იობს ვნებათა შინა, და იოსებს განსაცდელსა, და უხორცოთა მოქალაქობასა, მყოფი ხორცთა შინა. მამაო წმიდა სვიმეონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ზენაითა ძიებითა, ზენათა შეერთებული, და ცად მეორედ სვეტისა აღმმართებელი, ამათ მიერ თანა მზრახველ ანგელოსთა იქმენ შენ, ნეტარო, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.