წმიდა მოწამე ტრიფონი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას უქადდა მთელს მოსავალს. ტრიფონმა ლოცვის ძალით გაასხნა ისინი და თანასოფლელები შიმშილობისაგან იხსნა; ამ დროს რომში მეფობდა გორდიანი, რომელსაც ეშმაკეული ასული ჰყავდა. ქალწულში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა, ღვთის ნებით, შესძახა: „ვერავინ განდევნის ტრიფონის გარდა”. როცა მეფის მსახურებმა მოძებნეს ყრმა და მასთან ერთად რომში ბრუნდებოდნენ, ეშმაკმა შესძახა: „არ შემიძლია აქ გაჩერება, ტრიფონი ახლოვდება!” და დატოვა ასული. გახარებულმა გორდიანმა სთხოვა წმიდანს ხილულად ეჩვენებინა მისთვის ეშმაკი. ტრიფონმა გააძლიერა ლოცვა, მეშვიდე დღეს კი სულიწმიდის მადლით აღვსილმა დემონს უბრძანა: „ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ხილულად ეჩვენე აქ მყოფთ, გამოაჩინე შენი საძაგელი, ურცხვი სახე და გვიჩვენე შენი უძლურება!” იმავ წამს გამოჩნდა ეშმაკი, ცეცხლოვანთვალებიანი შავი ლეკვის სახით, რომელიც თავს მიწაზე მოათრევდა. მეფე და მისი მხლებლები შეძრწუნდნენ. მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა; წმიდანი ყველა გაჭირვებულს უანგაროდ ეხმარებოდა. ერთადერთი, რასაც საზღაურად ითხოვდა, იესო ქრისტეს რწმენა იყო.
როცა ტახტზე ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი, დეკიუსი (249-251) ავიდა, ეპარქ აკილინეს მოახსენეს, ტრიფონი უშიშრად ქადაგებს ქრისტიანობას და მრავალს მოაქცევს თავის რჯულზეო. წმიდანი შეიპყრეს. დაკითხვაზე მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, მაგრამ მარტვილს ერთხელაც არ დაუკვნესია. ბოლოს მას თავის მოკვეთა მიუსაჯეს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინ წმიდა ტრიფონმა შესთხოვა უფალს, განსაკუთრებული მადლი მიენიჭებინა მათთვის, ვინც მის სახელს შემწედ მოუხმობდა. ქრისტეს ტარიგმა მანამ შეჰვედრა სული უფალს, სანამ ჯალათი აღმართულ მახვილს დაჰკრავდა. ეს მოხდა ნიკეაში 250 წელს. წმიდანის ნაწამები სხეული ქრისტიანებმა ტილოში შეგრაგნეს და სურდათ, იგი ნიკეაშივე დაეკრძალათ, მაგრამ ტრიფონი გამოცხადებით ეჩვენა მათ და ითხოვა, თავის მშობლიური სოფლის, კამპსადას მიწისთვის მიებარებინათ. ღვთისმოყვარე ადამიანები ასეც მოიქცნენ.
შემდგომში წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, იქიდან კი რომში წააბრძანეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.