წმიდა მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის ეპისკოპოსი (ერობაში-ივანე დიმიტრის ძე კასტიკინი), 1836 წელს დაიბადა სმოლენსკის გუბერნიაში, დიაკვნის ოჯახში. იგი ხუთი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მომავალი წმიდანი, საფუძვლიანი სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, 1860 წელს ბერად აღიკვეცა ნიკოლოზის სახელით, მალე წმიდა ნიკოლოზი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და შემდეგ საკუთარი სურვილით იაპონიაში გაამწესეს, ქ. ხაკოდატის საკონსულო ტაძრის წინამძღვრად.
თავდაპირველად იაპონიაში სახარების ქადაგება წარმოუდგენელი ჩანდა. თავად მამა ნიკოლოზის სიტყვებით, „მაშინდელ იაპონელებს უცხოელები მხეცებად მიაჩნდათ, ქრისტიანობა კი – ავაზაკთა ეკლესიად, რომელშიც შეიძლება მხოლოდ ბოროტმოქმედები და მისნები იმყოფებოდნენ”. რვა წლის განმავლობაში წმიდანი ეცნობოდა უცხო ქვეყანას, ენას, იმ ხალხის ზნე-ჩვეულებებს, რომელთა შორისაც უწევდა ქადაგება. 1868 წელს მამა ნიკოლოზის სამწყსო უკვე ოცამდე იაპონელს ითვლიდა. 1869 წელს მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა პეტერბურგში სინოდს თავისი მოღვაწეობის შედეგები გააცნო. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: იაპონელებს შორის ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოყალიბდეს სპეციალური რუსული სასულიერო მისია”. მამა ნიკოლოზი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი და ამ მისიის ხელმძღვანელობა დაეკისრა. იაპონიაში დაბრუნებულმა წმიდანმა ხაკოდატის სამწყსო მღვდელმონაზონ ანატოლის ჩააბარა, თვითონ კი მისიის ცენტრი ტოკიოში გადაიტანა. 1871 წელს ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო. დევნულობის სიმწარე მრავალმა გამოსცადა საკუთარ თავზე (მათ შორის პირველმა მართლმადიდებელმა იაპონელმა, შემდეგში ცნობილმა მისიონერმა მღვდელმა პავლე სავაბემ). 1873 წელს წარმართთა ბობოქრობა დაცხრა და ქადაგება კვლავ შესაძლებელი შეიქნა.
იმავე წელს, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა ტოკიოში ტაძრის მშენებლობა დაიწყო, დააარსა სკოლაც, რომელიც შემდეგ სემინარიად გადაკეთდა.
1874 წელს ტოკიოში ჩამოვიდა კამჩატკელი ეპისკოპოსი პავლე, რომელმაც მღვდლად აკურთხა არქიმანდრიტ ნიკოლოზის მიერ რეკომენდირებული იაპონელი ქრისტიანები. 1877 წელს მისიამ დაიწყო ჟურნალ „საეკლესიო უწყებანის” რეგულარული გამოცემა. 1880 წლის 30 მარტს ალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძარში შედგა არქიმანდრიტ ნიკოლოზის ეპისკოპოსად კურთხევა. იაპონიაში დაბრუნებულმა მღვდელმთავარმა კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით განაგრძო მოციქულებრივი საქმიანობა: ტოკიოში დაასრულა ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, დაიწყო საღვთისმსახურო წიგნების ხელახალი თარგმნა და იაპონურ ენაზე შეადგინა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლექსიკონი.
დიდი განსაცდელი დაატყდა თავს მღვდელმთავარსა და მის სამწყსოს რუსეთ-იაპონიის ომის დროს. ამ მძიმე წლებში გაწეული ღვაწლისთვის წმიდა მამა მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი.
1911 წელს ნახევარი საუკუნე შეუსრულდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა პირველად დადგა ფეხი იაპონიის მიწაზე. ამ დროისათვის იაპონიის მართლმადიდებლური ეკლესიის 266 თემში 33000-ზე მეტი ქრისტიანი იყო.
1912 წელს 3 თებერვალს იაპონიის განმანათლებელი, მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი მშვიდობით მიიცვალა. 1970 წლის 10 აპრილს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღირსი მამა წმიდანად შერაცხა და მოციქულთასწორთა დასს მიაკუთვნა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.