წმიდა სვიმეონი, ტვერელი ეპისკოპოსი, პოლოცკელ მთავართა გვარის ჩამომავალი, პოლიცკის მეშვიდე და ტვერის ეპარქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. მეუფის კათედრა თავდაპირველად პოლიცკში იმყოფებოდა, მაგრამ ლიტველი მთავრის მტრულმა გამოხდომებმა და შფოთმა, 1263 წელს კი – პოლიცკის მთავრის ვერაგულმა მკვლელობამ წმიდანი აიძულა, რეზიდენცია ტვერში გადაეტანა (ტვერელი მთავარი იაროსლავ იაროსლავის ძე ამ დროს დიდი მთავარი გახდა და ტვერი თავის სატახტო ქალაქად აირჩია).
ნეტარი სვიმეონი, შემწყნარებელი და მოწყალე ხასიათის მღვდელმთავარი, უდიდესი სიმტკიცითა და სიმართლისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ისტორიამ შემოგვინახა წმიდანის საუბარი პოლოცკელ მთავარ კონსტანტინესთან. ამ უკანასკნელს თავისი მსაჯულის დაცინვა მოუნდომებია და სადილობის დროს მღვდელმთავრისთვის უკითხავს: „სად მოხვდებიან მსაჯულები იმქვეყნად?” სვიმეონს უპასუხნია: „მსაჯული თავისი მთავრის გვერდით მოხვდება”. კონსტანტინე არ მოსწონებია პასუხი: „მსაჯული არასწორად სჯის, ქრთამს იღებს, ხალხს ტანჯავს, მე კი რას ვაკეთებ ცუდს?” „თუ მთავარი კეთილი და ღვთისმოშიშია, სიმართლეც ეყვარება და მსაჯულად თავისსავე მსგავს, კეთილ და ღვთისმოშიშ, ბრძენ და სიმართლისმოყვარე ადამიანს დანიშნავს. მაშინ მთავარიც სამოთხეში მოხვდება და მსაჯულიც. თუ მთავარს ღვთის შიში არა აქვს, ქრისტიანები არ ებრალება და ობლებსა და ქვრივებზეც არ ფიქრობს, მოსამართლედ ბოროტ და განუსჯელ ადამიანს აირჩევს მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან სარგებელი მიიღოს. ასეთი მთავარიც ჯოჯოხეთში მოხვდება და მსაჯულიც“, _ განუმარტავს ღირს მამას.
წმიდა სვიმეონი გარდაიცვალა 1289 წლის 3 თებერვალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.