წმიდა ვლასი კესარიელი – ვუკოლი – წარმოშობით კაბადუკიის კესარიიდან (მცირე აზია) იყო და მწყემსობით ირჩენდა თავს („ვუკოლი” ბერძნულად მწყემსს ნიშნავს).
როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა ვლასი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ის საშინლად აწამეს, ხარის ძარღვებით სცემეს, მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ ღვთის ნებით, წმიდანი უვნებლად დარჩა. ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე. მმართველს უნდოდა შემოკრებილი ხალხი დაერწმუნებინა, რომ წყალი გაცივდა და ამიტომ ვერ ავნო უფლის რჩეულს, გონებადაკარგული ქვაბში გადაეშვა და მაშინვე აღესრულა.
წმიდა ვლასიმ მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და მშვიდობით მიიცვალა. მისი კომბალი მიწაში ჩაარჭვეს, მან ფესვები გაიდგა, უზარმაზარ ხედ იქცა და ტოტებით დაფარა იმ ტაძრის საკურთხეველი, რომელშიც მისი წმიდა ნაწილები იყო დასვენებული.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.