წმიდა მოწამე თეოდულია ქალაქ ანაზარვაში ცხოვრობდა რომაელი იმპერატორების, დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანეს (305-311) დროს. ქალაქის მმართველი, პელაგიუსი მეტისმეტი სისასტიკით გამორჩეოდა. მისი მსახურები მთელს ოლქში დაეძებდნენ ქრისტიანებს და სამსჯავროზე მიჰყავდათ, სადაც, მეფის ბრძანების მოსმენის შემდეგ, აიძულებდნენ კერპებისთვის ეცათ თაყვანი. ერთხელ, მმართველთან წარადგინეს ქრისტიანი ქალი თეოდულია. მან განაცხადა: „მე ქრისტიანი ვარ. ეს ჩემი საპატიო და მარადიული სახელია, ადამიანები კი თეოდულიას მეძახიან. მე ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვაღიარებ და არ ვაპირებ ქვას ვცე თაყვანი”.
პელაგიუსი გამძინვარდა, მხნე აღმსარებელი თმებით დაკიდეს და გახურებული რკინის კავებით ჯიჯგნეს, მაგრამ, ღვთის მადლით დაცული, ტკივილებს ვერ გრძნობდა. ქალაქის თავმა თქვა: „მოწყალენი არიან ჩვენი ღვთაებები, მათ იციან, რომ შენ მოექცევი, ამიტომაც გიფარავენ ტკივილებისაგან”. წმიდანმა უპასუხა: „სად არიან ჩემი მფარველი შენი ღმერთები? მაჩვენე ისინი, რომ პატივი მივაგო!” მოწამე მიიყვანეს ადრიანეს - ღვთაებად შერაცხილი გარდაცვლილი უსჯულო იმპერატორის სახელობის ტაძარში. თეოდულიამ ლოცვით ჰხადა ჭეშმარიტ ღმერთს, შემდეგ კი სული შეჰბერა ადრიანეს კერპს და ნამსხვრევებად აქცია. პელაგიუსს თავზარი დაეცა: თუ კერპის დამსხვრევის ამბავი იმპერატორამდე მიაღწევდა, მას სიკვდილი არ ასცდებოდა! ქალაქის თავი ფეხებში ჩაუვარდა მოწამეს და სთხოვა, აღედგინა ცრუ ღმერთის ქანდაკი, სანაცვლოდ კი ქრისტიანობის მიღება აღუთქვა. თეოდულიამ კვლავ ჰხადა უფალს და კერპიც, მისი ლოცვის ძალით, თავისსავე ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პელაგიუსმა არათუ შეასრულა თავისი სიტყვა, არამედ უფრო მეტი გამძვინვარებით დაუწყო ტანჯვა მარტვილს. წამების დროს მმართველთან მივიდა ვინმე ელადი, პატიმართა ზედამხედველი და ითხოვა, მისთვის მიენდოთ თეოდულიას მოქცევა - იმედი ჰქონდა, რომ სახელს გაითქვამდა და ქალაქის თავისგან პატივსაც მიიღებდა.
ელადიმ საშინელი სატანჯველები დაატეხა თავს ქრისტეს ნეტარ სასძლოს – თვით პელაგიუსსაც კი და გადააჭარბა სისასტიკით. თეოდულიამ მხურვალე ლოცვით მოთმინების ძალა გამოითხოვა ღვთისაგან. ღმერთმაც ისმინა თავისი რჩეულის ვედრება და წყლულებისაგან განკურნა იგი. მტარვალი შეძრწუნდა, თეოდულიამ კი მას ასე მიმართა: „გახდი ქრისტიანი, და საუკუნო პატივს მიიღებ ცხოველთა და მკვდართა განმკითხველი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფეველში!” ლოცვითა და შეგონებით წმიდანს ელადი ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებისაკენ მიჰყავდა. ბოლოს უსჯულომ ირწმუნა ქრისტე, ახოვნად აღიარა იგი მმართველის წინაშე და მოწამეობრივი გვირგვინიც მიიღო: უღმრთოებმა მას მახვილით მოჰკვეთეს თავი და სხეული ზღვაში ჩააგდეს.
წმიდა თეოდულია ქურაში დაგზნებულ ცეცხლში შეაგდეს, მაგრამ უვნებელი დარჩა, შემდეგ ტაფაზე დააწვინეს და ადუღებული ფისი, ცვილი და ზეთი გადაასხეს, მაგრამ გახურებული ტაფა ნამსხვრევებად იქცა და ცეცხლით შემუსრა ირგვლივ მყოფნი, მათ შორის ქალაქის თავი პელაგიუსიც, რომელიც საშინელი სიკვდილით აღესრულა, თვით თეოდულიას კი არც ახლა დაშავებია რამე.
ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე. მათ შორის იყვნენ დიდებულები მაკარი და ევაგრე. წარმართებმა კიდევ უფრო მეტი სისასტიკით განაგრძეს ქრისტიანთა წამება. მათ კვლავ გაახურეს ქურა და წმიდა თეოდულია, მაკარი, ევაგრე და მრავალი სხვა ქრისტიანი შეყარეს შიგ.
ნეტარი მარტვილები ლოცვაში აღესრულნენ და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდრეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.