წმიდა მოწამე დოროთეა კაბადოკიის კესარიაში ცხოვრობდა. იგი იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, 288 ან 300 წელს ეწამა წმიდა ქრისტინასთან, კალისტასთან და თეოფილესთან ერთად.
წმიდა დოროთეა კეთილმსახური ქრისტიანი ქალწული იყო და გამოირჩეოდა თავმდაბლობით, მორჩილებითა და კეთილგონიერებით. მმართველ საპროკიუსის ბრძანებით შეპყრობილმა წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინლად აწამეს. მოუდრეკელი ქალწული დებს – ქრისტინასა და კალისტას ჩააბარეს. ისინიც ადრე ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ წამების შიშით განუდგნენ ჭეშმარიტ ღმერთს და უსჯულო ცხოვრებას მიეცნენ. მმართველმა დებს დაავალა, დაეჯერებინათ დოროთეა, რომ წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მოხდა საპირისპირო, თავად დოროთეამ შეაჯერა განდგომილები, რომ ღვთის წყალობით ყველა მონანულს მიეტევება ცოდვები. წმიდანები კვლავ დაუბრუნდნენ ქრისტეს. ამისთვის მტარვალებმა ზურგებით მიაკრეს ისინი ერთმანეთს, ფისიან კასრში ჩასხეს და დაწვეს.
წმიდა დოროთეა კვლავ საწამებლად გადასცეს. იგი სიხარულით ითმენდა სატანჯველებს და სიხარულითვე შეხვდა სასიკვდილო განაჩენს. ერთმა სწავლულმა – სქოლასტიკოსმა თეოფილემ დაცინვით მიმართა ქალწულს: „ქრისტეს სასძლოვ, შენი სიძის ბაღიდან ვარდები და ვაშლები გამომიგზავნე”. წმიდანმა მშვიდად დახარა თავი. სიკვდილის წინ მან ლოცვისთვის დრო ითხოვა. როცა ლოცვა დაასრულა, მის წინაშე ანგელოსი წარსდგა მშვენიერი ჭაბუკის სახით და სპეტაკი ტილოთი სამი ვაშლი და სამი ვარდი მიართვა. ქრისტეს ტარიგმა ითხოვა, ეს ყველაფერი თეოფილესთვის გადაეცათ, რის შემდეგაც მას თავი მოჰკვეთეს. საოცარმა მოსაკითხმა თავზარი დასცა ქრისტიანთა მდევნელს, მან ირწმუნა მაცხოვარი და აღიარა ქრისტე. ამისთვის ისიც საშინლად აწამეს და მახვილით მოკლეს.
წმიდა დოროთეას უხრწნელი ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს, მისი თავიც რომშია დასვენებული, ტროსტევერის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.