ღირსი მარიამ – მარინი და მამა მისი ღირსი ევგენი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ ბითვინიაში (მცირე აზიის ჩრდილო დასავლეთი ოლქი). დაქვრივების შემდეგ ღირსმა ევგენიმ გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო, მისმა ასულმა კი არ ისურვა მამასთან განშორება, მამაკაცის ტანსაცმელი გადაიცვა და თან გაჰყვა მშობელს. ისინი ერთად დამკვიდრდნენ ალექსანდრიის მახლობლად მდებარე სავანეში, სადაც მარიამი მარინის სახელით აღკვეცეს ბერად.
„ძმა“ მარინი მეტად წარემატებოდა სათნოებებში, თავმდაბლობით და მორჩილებით გამოირჩეოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მარიამის მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მან კიდევ უფრო გაიძლიერა ღვაწლი. უფალმა არაწმიდა სულების განსხმის ნიჭით დააჯილდოვა თავისი სათნომყოფელი.
ერთხელ, მარინი სხვა ძმებთან ერთად მონასტრის ბოსტანში გაგზავნეს სამუშაოდ. გზად ერთი ღამე მათ სასტუმროში გაათიეს. ერთ-ერთ მდგმურთან ცოდვით დაცემულმა სასტუმროს მეპატრონის ასულმა ცილი დასწამა „ბერ მარინს“ და თავის მაცდურად გამოაცხადა. მისმა მამამ მონასტრის იღუმენთან იჩივლა და წინამძღვარმაც სავანიდან განდევნა „შეცოდებული ძმა“. ღირს დედას ერთი სიტყვაც არ დასცდენია თავის გასამართლებლად და მონასტრის გალავანთან დაიწყო ცხოვრება. როცა მიდგომილმა ქალმა ვაჟი შვა, მისმა მამამ მარინთან მოიყვანა შვილიშვილი, უხმოდ მიუგდო და გაბრუნდა. წმიდანმა მიირქვა შვილი და მისი აღზრდა იტვირთა.
სამი წლის შემდეგ ძმებმა სთხოვეს იღუმენს, შერისხული „ძმა“ სავანეში დაებრუნებინა. წინამძღვარი დათანხმდა, მაგრამ ძალზე უხალისოდ. უკან მობრუნებულ მარინს ის ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს ავალებდა და „ბერიც“ მათ დიდი გულმოდგინებით ასრულებდა, თან ბავშვსაც ზრდიდა.
სამი წლის შემდეგ წმიდანმა მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. კელიაში შესულ ძმებს აღსრულებული მონაზონი და მის გვამთან მოქვითინე ბიჭუნა დაუხვდათ. როცა ნეტარი დედის ცხედრის დასაკრძალად შემოსვა დაიწყეს, მისი საიდუმლო გაცხადდა. აცრემლებულმა მონასტრის იღუმენმა პატიება სთხოვა მიცვალებულის სულს, მას მიჰბაძა სასტუმროს მეპატრონემაც. ღირსი მარიამის ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. ეშმაკეულქმნილმა მისმა ცილისმწამებელმა კუბოსთან საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვა და განიკურნა.
ღირსი მარიამ-მარინის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, იქიდან კი 113 წელს ვენეციაში იქნა გადაბრძანებული.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.