ღირსი პაფნუტი და ასული მისი ევფროსინე ალექსანდრიელები იყვნენ. ევფროსინია 18 წლის იყო, როცა დატოვა მშობლიური სახლი და მამათა სავანეში დაემკვიდრა საჭურის იზმარაგდის სახელით. იღუმენმა მამაკაცის სამოსლის ქვეშ ქალწული ვერ იცნო და მას განკრძალული კელია გამოუყო, სადაც წმიდა მოსაგრე ახოვნად ებრძოდა ბოროტ სულებს, კეთილგონიერებით და თავშეკავებით იგერიებდა მათ საცდურებს, თრგუნავდა ვნებებს და სათნოებებში წარემატებოდა. ნეტარი ქალწულის მამა, პაფნუტი ხშირად მოდიოდა ხოლმე იმ სავანის წინამძღვართან, სადაც ევფროსინია მოღვაწეობდა და ასულის დაკარგვით დამწუხრებული მასთან პოულობდა შვებას. იღუმენს არაერთხელ უნახავს პაფნუტი დაუცხრომელი ღამისთევებითა და შრომით გამორჩეულ „ბერ“ იზმარაგდთან მოსაუბრე. მამა სახეშეცვლილ, შუბლზე ბარტყულაჩამოფხატულ მოწესეში ვერ ცნობდა საკუთარ შვილს. ევფროსინიამ 38 წელი დაჰყო სავანეში და სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლებულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ მან მამას გაუმჟღავნა თავისი საიდუმლო. ამის შემდეგ პაფნუტიმ მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თავისი ასულის კელიაში დაემკვიდრა და აქ 20 (ზოგის ცნობით 28) წელი მოსაგრეობდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.