ღირსი ალექსანდრე, „მღვიძარეთა“ სავანის დამაარსებელი დაიბადა აზიაში, განათლება კონსტანტინეპოლში მიიღო. ერისკაცობაში ის მხედრად მსახურობდა, მაგრამ მისი სული სხვა სარბიელს ითხოვდა, ამიტომ დატოვა ეს სოფელი, ანტიოქიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სავანეში მონაზვნობა შეიმოსა და იღუმენ ილიას ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას. წმიდანი თანდათან ამკაცრებდა ღვაწლს, ბოლოს კი მეუდაბნოეობაზეც მიიღო კურთხევა. ერთადერთი, რაც მან თან გაიყოლა უდაბნოში, წმიდა სახარება იყო, ამის შემდეგ უფალმა ალექსანდრეს წარმართებს შორის ქადაგებისკენ მოუწოდა. ღირსმა მამამ ქრისტიანობაზე მოაქცია ქალაქის თავი რაბულა, რომელმაც შემდგომ მღვდელმთავრის ხარისხიც მიიღო და მთელი 30 წლის განმავლობაში განაგებდა ედესის საეპისკოპოსო კათედრას.
ბოლოს ღირსი ალექსანდრე მდინარე ევფრატის მახლობლად დაემკვიდრა. მალე მის ირგვლივ ძმები შემოიკრიბნენ. ჩამოყალიბდა მონასტერი, რომელიც 400-მდე ბერს ითვლიდა. მაშინ საღვთო შურით ანთებულმა იღუმენმა გადაწყვიტა, სავანეში უფლის დაუდუმებელი დიდება განეწესებინა და სამი წელი შესთხოვდა უფალს, განეხორციელებინა, სათნოეყოფოდა თუ არა მას მისი განზრახვა. ბოლოს, ზეგარდამო კურთხევით, მან ძმები დაჰყო 24 ჯგუფად, რომლებიც დღე-ღამის ყოველი საათის განმავლობაში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და დაუსრულებლად აღუვლენდნენ ფსალმუნის გალობას მეუფეს. გამონაკლისს შეადგენდა ის საათები, როცა ტაძრებში ღვთისმსახურება აღესრულებოდა. სწორედ აქედან მოდის მონასტრის სახელიც - „მღვიძარეთა“.
20 წელი განაგებდა ღირსი ალექსანდრე ევფრატის სანაპიროზე მდებარე სავანეს. შემდეგ თავის მოწაფეს, გამოცდილ ბერს – ტროფიმეს გადააბარა წინამძღვრობა, თვით კი სპარსეთის მოსაზღვრე ქალაქები მოიარა სახარების ქადაგებით. ასე ჩააღწია ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლამდე, სადაც კიდევ ერთი მონასტერი დააარსა მისთვის მეტად საყვარელი „მღვიძარეთა“ ტიპიკონით. ღირსი მამა მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 430 წელს.
წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.